შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთს უხდება რითმა ( მეოთხე თავი)


23-06-2015, 18:12
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 1 713

ყველაფერი რაც ახლაა ოდესღაც არ იყო და ოდესმე აღარ იქნება ყველაფერი ის, რაც ახლაა. მიდის ცხოვრება ვისთვის ფეხაკრეფით და ვისთვის სირბილით, სხვისთვის შეიძლება მიფრინავდეს წუთები, დღეები, წლები. ენაცვლება დღე და ღამე ერთმანეთს. სინდისისგან შეწუხებულ ქურდს ჰგავს ცხოვრება, გვპარავს და გვიბრუნებს სინათლეს, მოაქვს და გვართმევს იმედს, სიხარულს, დარდს, ოცნებებს... წელიწადის დროებივით ვიცვლებით,ვცივდებით და ვთბებით. ვისთვის გაზაფხულია სითბო და ვისთვის ზამთარი. თუმცა გაზაფხულის სამი თვისთვის ზამთარი რომ დაგვერქმია, იქნებოდა კი სიტყვა მაისი ასე თბილი? ერთი კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, მარტს ისევ შემოაცმევდნენ თეთრ ხალათს, დაადანაშაულებდნენ, გაასამართლებდნენ და დახვრეტით კი ისევ მარტის წვიმა დახვრეტდა გათოშილ, სულამოცლილ დედამიწას. სულ რომ სუნთქვა შევწყვიტოთ, სულ რომ გულამომჯდარმა დავიტიროთ გასული დღეები თუ წლები, უკან აღარაფერი ბრუნდება თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველების გარდა... მოდიან და მოაქვთ პატარა ფრთებქვეშ შემოკეცილი გაზაფხულის იმედი. გუშინაც ერთი მუჭა სიკეთე გადავუყარე ჩემს აივანზე ჩამომჯდარ ერთი ციცქნა, გულაფანცქალებულ არსებებს, რომლებისაც ყოველთვის მშურდა. შავი შურით, თეთრი თითქმის აღარაფერი არსებობს ჩემს წინ ატუზულ კორპუსში მცხოვრები მტრედების გარდა, თუმცა ისინიც კი ამოისვრებიან ხოლმე ქალაქის მტვერში.
ჰო და იყო და არ იყო რა, ვიყავით მე, შენ, სხვა... სწორედ ამ თანმიმდევრობით. სხვები ყოველთვის ბოლოს, რადგან სიცოცხლე მიდის სწორედ ასე, ჯერ ვიყავი მე, ხარ შენ და არიან სხვებიც, რომლებიც მისდევენ და გაურბიან დროს. არიან ისეთებიც თითებზე, რომ ითვლიან წუთებს, დღეებსა და წლებს, რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში. არიან სხვებიც, რომელიმე საუკუნის შესახვევთან რომ ატუზულან და მისჩერებიან სამყაროს და ვართ ჩვენ. ჩვენ, რომლებსაც მოგვდევს დრო და ჩვენს ნაბიჯზე სწრაფად დაგვიდის სისხლი მკლავებში. ადამიანები, რომელთა თვალებში ჩახედვისას სიკვდილს ეშინია და ვისი სიბნელეც გაცილებით ფერადია სხვის სიჭრელეზე. მე და შენ ვართ ისინი, ჩვენში რომ ვეძებთ ყველას და არასდროს მოგვიძებნია ერთმანეთი სხვებში. შენ შენი სამყარო გეტევა თითებში, რომლებიც ახლა ძლიერად ეყრდნობა კალამს და ხაზავს ჩემს სიტყვებს, წარმოთქმისას უკვე წარსული რომ ჰქვიათ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს სამყაროს მიღმა, მზერის მიღმა. სამყარო, რომელიც ისეთივე ნათელია, როგორც ბავშვობაში დახატული სხივებგაფარჩხული მზე.
ჰო, მიდის დღეები ერთმანეთზე მიჯარული, ერთმანეთს ფეხაწყობით მიჰყვება ერთმანეთით თუ უერთმანეთობით, გამთბარი თუ შეციებული ფიქრები. შენ ყოველ დილით მიმზადებ ყავას ორი კოვზი ოცნებით და მე იქამდე ვურევ, სანამ დედამიწასაც არ დავახვევ თაბრუს. მე და შენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ. ჩვენი ცხოვრება არც ტრაგედიაა, არც რომელიმე საბავშვო წიგნში ამოკითხულ სიყვარულის ისტორიას ჰგავს დღეები, კომედია კი ის იქნება ამ ყოფას კომედია რომ ვუწოდოთ. უბრალოდ ვთქვათ, რომ მე და შენ ვცოცხლობთ და თუ ვიღაცამ არ იცის, რა განასხვავებაა ცხოვრებასა და სიცოცხლეს, არსებობას შორის გადამშალოს მე, გადაგვფურცლოს, გადაგვათვალიეროს . მიხვდება რას ნიშნავს ყოველ დღე სწავლობდე სიარულს, ყოველ დილით უცდიდე ადამიანს, რომელიც გეტყვის, რომ გათენდა და წერდე ცხოვრების სიყვარულით, ცხოვრების, რომელიც არ გაგაჩნია.
ჩემს ეზოში მწრივად ჩამდგარი ატმის ხეებიც ყვავიან ახლა, შენ ასე მითხარი. მე მახსოვს რა ფერია გაზაფხული, თუმცა ჩემი თვალის ფერი კი დამავიწყდა.
სხვებისთვის გარბის დრო, ჩვენ კი დრო მოგვდევს, რადგან დროს არც აქვს აზრი. სამყარო ჩემს ყელში გაჩხერილი ცრემლის ბურთივით მრგვალია, ტრიალებს და გვახრჩობს. სამყარო ჩემშია, შენშია, სხვაშია...
ეს ერთი დიდი ფერადი სიზმარი არაა, ეს ცხოვრებაა, რომელიც უნდა ვისწავლოთ, რომელმაც უნდა გვისწავლოს, დაგვიზეპიროს, ყოველ დღე გაგვიმეოროს...
-დღეისთვის საკმარისია, დაიღლებოდი ალბათ ამდენი წერით
არაფერი მიპასუხა, ნაბიჯის ხმა გავიგონე.
-ალექსანდრე მიდიხარ?
- აღარასდროს მთხოვო ჩაწერა, გთხოვ,- ჩაილუღლუღა და ცრემლის ბურთი გადაყლაპა.
ჩქარი ნაბიჯით მომშორდა. კარმა ძლიერად გაიჭრიალა, თითქოს ძვლებმაც.
მხოლოდ მე და გალაკტიონი დავრჩით სახლში.

"ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. "

დილის ლოდინით შემომადნა ღამე, ადრე ვიტყოდი თეთრად-თქო, თუმცა ახლა შავად. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, სულში ატანდა ნესტი და ქარიც იყო იმაზე მკაცრი, ვიდრე გაზაფხულს სჩვევია ხოლმე. არც სიზმარს შემოუმტვრევია ჩემი ოთახის კარი, არც ოცნებები შემძრალან ჩემი ბალიშის ქვეშ. მხოლოდ იყვნენ ფიქრები, დუღდა და გადმოდიოდა ცხოვრება აზრად, გრძნობად, ფიქრად, ტკივილად, თუმცა მხოლოდ ჩემში, მხოლოდ ჩემს შიგნით.



№1  offline წევრი marisa

აქამდე ვერ მოვბოდიალდი ამის წასაკითხად. არადა, ერთი სიამოვნება. სამაგიეროდ, წინ ერთი, ვიმედოვნებ ვეებერთელა თავი მელის. ძალიან მომწონს შენში ეს მეტაფორები და საერთოდ, როგორც წერ. არ არის მხოლოდ დიალოგები. უფროსწორად, არ არის კი არა, ძალიან იშვიათად არის. იცოდე, რომ მე მომწონხართ შენ და შენი ნაწერები ძალიან და თუ ვერ დავწერე კომენტარი რაღაც მიზეზების გამო, არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობ.. წავედი ახლა, მეხუთე თავი მელის :)

 


№2  offline წევრი Dare Gogashvili

მადლობა მარისა ასეთი შეფასებისთვის <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent