შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსი (სრულად)


26-06-2015, 17:51
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 10 093

მოკლედ, ეს არის ჩემი აწ უკვე ძველი პატარა მოთხრობა, რომელიც ადრე აქაც მედო, მაგრამ მაინცდამაინც ბევრს არ წაუკითხავს. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ.


მე და ალექსი არ ვცხოვრობდით ზღვის პირას. არც „მე და ალექს“-ს უარსებია სინამდვილეში ოდესმე. ჩვენ ქალაქის ერთ ჭრელ ქუჩაზე ვცხოვრობდით სადაც ყველაფერს უმეცარი, უვიცი ბედნიერების ფერი ედო და ყველა უფერული სიხარულით იყო გაჟღენთილი. საკუთარი ცხოვრება რომ არ ჰქონდათ, სხვისას იპარავდნენ და იქ ცხოვრობდნენ, თუმცა ეს სულაც არ მიაჩნდათ ტრაგედიად. მე და ალექსი კი მოპირდაპირე სახლებში ვცხოვრობდით და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არ გვეთქვა ერთმანეთისთვის, სწორედ ალექსი მაძლევდა ძალას, ამ ჭყეტელა ქუჩაზე მეცხოვრა. ალექსი, რომელიც ჩემზე მეტად არ ეკუთვნოდა იქაურობას.
ალექსი მაღალი იყო. შავი თმა და ულამაზესი თითები ჰქონდა.
არ უყვარდათ ჩვენს ქუჩაზე ალექსი. ალბათ არც მე ვუყვარდი ვინმეს, მაგრამ პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ. აი ალექსზე კი მთელი გულმოდგინებით თხზავდნენ ფერად-ფერად ჭორებს. სალამს ვერავინ ასწრებდა, მაგრამ რატმღაც ეჭვი მეპარება, ამ გამარჯობის ავტორი თავად ალექსი ყოფილიყო. ყოველთვის მეგონა, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ალექსი მოძრაობდა, რომელიც ზრუნავდა, რომ აბსოლუტურ გიჟად არ ჩაეთვალათ ისედაც მრავალი ეჭვისა და მითქმა-მოთქმის ობიექტი ალექსი. ამიტომ ვამბობ, მე და ალექსს ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის-მეთქი.
ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა საიდანღაც და ქუჩის კუთხეში ერთსადაიმავე მაღაზიაში ყიდულობდა რძეს, შავ პურს და ერთ ყუთ შვრიის ნამცხვარს. ყოველთვის ერთსა და იმავე მოლარესთან იხდიდა და თუ ზოგჯერ იქ სხვა ვინმე დახვდებოდა, უცნაურად იბნეოდა და იღუშებოდა. მისი ბავშვური ბუნების ბრალი იყო, ასე რომ უყვარდა განმეორებადი მოვლენები თუ რაღაც სხვა რამის, არ ვიცი.. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რაღაცას გაურბოდა, რაღაცის ეშინოდა, ჩარჩოში აქცევდა თავს, რომ არაფრი შეცვლილიყო. მის წარსულზე არაფერი ვიცოდით, გარდა იმისა, რომ მშობლები დიდი ხნის წინ დაეღუპა. ჩვენთან მარტო ცხოვრობდა.
არ ეწეოდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იყო, ალბათ, დედამიწის ზურგზე, რომელზეც ვფიქრობდი, რომ საშინლად მოუხდებოდა სიგარეტი, როცა ფანჯარასთან იდგა და ფიქრობდა. აი მაშინ, მგონი, ამ პლანეტაზეც აღარ იყო ხოლმე, არათუ ჩვენს ქუჩაზე. მიყვარდა მისი ყურება ამ დროს. არ ვიცი, მხედავდა თუ არა. პრინციპში, გამორიცხულია, არ შევემჩნიე, მაგრამ იმდენად შორს იყო მაშინ, რომც შემოეხედა, ვერ დამინახავდა. სულ მუშაობდა. გვიანობამდე. ხან კითხულობდა, ხანაც წერდა. მერე გვიან, ძალიან გვიან იცვამდა ხოლმე ქურთუკს და სადღაც მიდიოდა. ამ დროს ვისხამდი მესამე ჭიქა ყავას და ჩემს საქმეს ვაგრძელებდი.
ყოველთვის ღამით მერჩივნა მუშაობა. სახლში მეც მარტო ვცხოვრობდი (ალბათ ეს ერთადერთი საერთო იყო ჩემსა და ალექსს შორის) და დღეც არავინ მაწუხებდა მაინცდამაინც, მაგრამ ღამით ჩვენს ფერად, ჭუჭყიან ქალაქს ეძინა და უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. სამწუხაროდ, მე დამოკიდებული ვიყავი ქალაქზე, ალექსი - არა. მაოცებდა მისი სიმშვიდე. მყარი სიმშვიდე და მინდოდა ეს ყველაფერი მესწავლა მისგან. მაგრამ შორს იყო. ძალიან შორს.
რამდენჯერმე შევეჩეხეთ ერთმანეთს, მაღაზიის რიგშიც ვმდგარვართ გვერდიგვერდ, მაგრამ ცივი ზრდილობიანობის გარდა მისგან არაფერი მიმიღია. მისთვის არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, მის გაცემულ ემოციას ვინმე მიიღებდა თუ არა საერთოდ. ამიტომაც არ ანაღვლებდა, რას იტყოდნენ მასზე ჭრელა-ჭრულა მეზობლები. მისთვის მთავარი იყო, რძე და შვრიის ნამცხვარი ყოველთვის ყოფილიყო მაღაზიაში და უკეთესი იქნებოდა, თუ ყოველ დღე შავთმიანი მოლარე დახვდებოდა, რომელსაც ბეიჯზე 'გრეისი' ეწერა, თუმცა ალექსს მისთვისაც არასდროს მიუმართავს სახელით. დანარჩენი ყველაფერი თან ჰქონდა, შიგნით.
ზოგჯერ ძალიან ვბრაზდებოდი. ეგოიზმში ვუთვლიდი ასეთ ჩაკეტილობას. ძალიან მინდოდა, ერთხელ რამე ეთქვა. თუნდაც ის, რომ მშვენიერი ამინდი იყო, ან ის, რომ სულაც არ იყო მშვენიერი ამინდი. ეს ზედმეტი რუტინულობაც საშინელ თვისებად მიმაჩნდა და რაღაც ნაწილი ჩემში ფიქრობდა, რომ საერთოდაც საძაგელი ადამიანი იყო, თუმცა იმ ნაწილს ვერაფრით ვეთანხმებოდი. სასაცილო თავგანწირვით ვეძებდი მასში დადებით თვისებებს, რომ ამ ნაწილისთვის დამეპირისპირებინა. ვხედავდი, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო ძლიერი იყო, მაგრამ მაინც ვერ ვთმობდი. მერე თავის დროზე ფსიქოლოგიის ლექციაზე მოსმენილი მახსენდებოდა, რომ ჩვენ არ ვიცით, რატომ მოგვწონს ან რატომ არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანები, რადგან ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად, არაცნობიერში ხდება და გამარჯვებული ღიმილით ვხვდებოდი ჩემს ოპონენტ ნაწილს. ის ფაქტი, რომ ალექსს ჩემში ცნობიერს მიღმა შეეღწია, შეიძლება სულაც არ იყო სახარბიელო, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ის იყო, რომ მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა.
ჩემი სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან იდგა, საიდანაც პირდაპირ მისი ფანჯარა მოჩანდა. შემოდგომა იყო და წვიმდა. ალექსი მაშინ იქ არ წასულა, სადაც ყოველ დღე მიდიოდა ხოლმე. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მთელი დღე სახლში იყო და რაღაცას წერდა. ყავის მოსატანად დავაპირე ადგომა და თავი როგორც კი ავწიე, მის მზერას გადავაწყდი. ერთ ადგილას გავშეშდი, მაგრამ თვალი არ მომიცილებია მისთვის. არც ის აპირებდა დანებებას და მე გამეცინა. რეტდასხმულივით გავემართე სამზარეულოსკენ, მაგრამ ამის შემდეგ მთელი დღე ჩემთვის მისი თვალების გარდა არაფერი მომხდარა. ფილმის კადრივით მიტრიალებდა გონებაში ის რამდენიმე წამი. განუწყვეტლივ. მისი ფანჯრისკენ ვეღარ ვიხედებოდი. სულ მეგონა, რომ მიყურებდა. არ ვიცი, მაშინ რა ვიგრძენი. არ ვიცი, ამას სახელი აქვს თუ არა. და საერთოდ, ასეთი მნიშვნელოვანი გრძნობების გადმოსაცემად ადამიანებს არაფრისმთქმელი სიტყვები არასდროს გვყოფნის.
მეორე დღეს არანორმალური გადაწყვეტილება მივიღე. სუპერმარკეტში შევედი და კალათაში სხვა პროდუქტებთან ერთად რძე და ერთი ყუთი შვრიის ნამცხვარიც მოვათავსე. მაინცდამაინც იმ დღეს ზურგიდან ნაცნობი „გამარჯობა“ მომესმა. სალამი რომ დავუბრუნე, ჩემს კალათს დახედა და გაეცინა. იქამდე მისი სიცილი არაასდროს მინახავს. გაოცება დაეტყო სახეზე გრეისსაც, თუმცა ვერაფერს მიხვდა. ის კი არა, მეც ვერ ვხვდებოდი, იმ წუთას რა ხდებოდა ჩემს თავს. იმ დღის მერე ყავის სმა შევწყვიტე. არა, ეს ხმამაღალი ნათქვამია. იმ დღის მერე მხოლოდ რძიან ყავას ვსვამდი. რომ წარმოვიდგენდი, როგორ სვამდა ალექსი რძეს შვრიის ნამცხვართან ერთად, სულ სანტა კლაუსი მახსენდებოდა, რომელსაც ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა დაახვედრო სახლში რძე და შვრიის ნამცხვარი. ამბობენ, სწორედ ამიტომაა სანტა ასეთი მსუქანიო. თუმცა, ალექსი არც ისეთი მსუქანი ყოფილა, როგორიც სანტაა და არც „ჰოუ, ჰოუ, ჰოუ“ გამიგია მისგან არასდროს.
დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ჩვენს ფერად ქუჩაზე არაფერი იცვლებოდა. არ იცვლებოდა ალექსი. არ იცვლებოდა ჩემი დამოკიდებულება ალექსის მიმართ, თუ ალექსზე დამოკიდებულება. ზოგჯერ ძალიან მეშინოდა ხოლმე ყველაფრის, რასაც ვგრძნობდი. ზოგჯერ მეგონა, რომ მეც ჩემი მეზობლებივით სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მაგრამ ეს ასე არ იყო. მე ალექსის არსებობა მაძლევდა ძალას. და ეს სულ სხვა რაღაცაა. სამწუხაროდ, ჩვენ ცალ-ცალკე ვარსებობდით, მაგრამ მე მაინც ერთადერთ იმედს მასში ვხედავდი. ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა ალექსის არსებობა იყო ჩვენს ქუჩაზე. მე, ალბათ, უფრო ვცოცხლობდი მისით. მიყვარდა? მიყვარდა და შეიძლება, კიდევ უფრო მეტიც. მე არასდროს მწამდა ცალმხრივი სიყვარულის და ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე. ვბრაზდებოდი იმის გამო, რომ ზედმეტს ვგრძნობდი. განვიცდიდი იმდენს, რამდენსაც უკან ვერასოდეს მივიღებდი და ვცდილობდი, მასზე აღარ მეფიქრა. ამის საკმაო საფუძველი მქონდა. მისთვის ხომ მეც ისევე არ ვარსებობდი, როგორც სხვა დანარჩენი მეზობლები. ყოველთვის ვამბობდი, რომ მარტო ყოფნა საბოლოო ჯამში, ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ალექსს იმაზე მეტად არ სჭირდებოდა ადამიანები, ვიდრე - მე. მასთან ლაპარაკი მინდოდა. მინდოდა, რაღაცით გამოემჟღავნებინა, რომ ისიც ადამიანი იყო, რომ ისიც გრძნობდა რაღაცას. საშინლად ვბრაზდებოდი. ერთხელ ასე გაბრაზებულმა ფანჯარას ფარდა ჩამოვაფარე და მთელი არსებით გადავეშვი საქმეში. ნაშრომს კიდევ ბევრი აკლდა დასრულებამდე. რამდენიმე დღე თითქმის შეუსვენებლად ვიმუშავე. არც ფარდა გადამიწევია და არც გარეთ გავსულვარ. თითქმის დავამთავრე და ლოგინში შევძვერი. თვრამეტი საათი გაუნძრევლად მეძინა. შუადღისას გამეღვიძა და გარეთ შემოდგომის მზიფერი ამინდი დამხვდა. მსუბუქი ჟაკეტი ჩავიცვი თმა გავიშალე და სახლიდან გავედი. ჭიშკართან ალექსი შემხვდა, თუმცა თავისი საფირმო „გამარჯობა“ არ უთქვამს. გულწრფელად გამიკვირდა და გზა გავაგრძელე. უეცრად ზურგიდან მომესმა:
- იცი, სოფი, შენ მზეს დაატარებ თმებით.
დავიბენი. ძლივს მივტრიალდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. იდგა და მიყურებდა. ინსტინქტურად თმას ჩავბღუჯე და დავხედე. მთელი გულით ვეძებდი ჩემს წაბლისფერ თმებში მზეს.
- მე? - ვიკითხე თავგზააბნეულმა.
- ჰო, შენ. - მითხრა, გაბრუნდა და წავიდა.
ვერაფრით ვხვდებოდი რა კავშირი იყო ჩემს თმასა და მზეს შორის. მერე.. მერე გავიაზრე, რომ ეს ალექსი იყო. ერთი წუთის წინ მე ალექსი დამელაპარაკა. ვერაფრით ვიჯერებდი მომხდარს. ექოსავით ჩამესმოდა მისი სიტყვები. „იცი, სოფი, შენ მზეს დაატარებ თმებით“.. მზეს დაატარებ თმებით. ღმერთო. თავში ყველაფერი გადამიტრიალდა. ისევ ვერაფერს ვარქმევდი სახელს. ალბათ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ალექსი იყო. ალექსი ჩემს შიგნით. ნიშნავდა კი ეს რაიმე განსაკუთრებულს? შეიცვალა რამე? აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, მხოლოდ მისი ხმა მესმოდა. იქვე ბორდიულზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. რამდენიმე წუთი არაფერზე უნდა მეფიქრა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ერთადერთი რაც შემეძლო, ლოდინი იყო. უნდა დავლოდებოდი, რა მოხდებოდა.
როგორღაც მივაღწიე სახლამდე და ყავისთვის წყალი დავადგი. მაცივარი რომ გამოვაღე რძისთვის მივხვდი, რომ ალექსი საშინლად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, რომ ის დაშვებულზე მეტად მაფორიაქებდა, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. ასე არა. ავტირდი. ერთად მეტკინა ყველა ნერვი, უეცრად დავიღალე და ავტირდი. უნებურად, თავისთავად მოდიოდა ცრემლები და ყველაზე მეტად ჩემი სისუსტე მაღიზიანებდა. შეგრძნება იმისა, რომ მისი არსება ჩემი სულის ყველა კუნჭულში იყო გამჯდარი და რომ მე ამას ვერაფერს ვუხერხებდი, რომ უძლური ვიყავი ამ გრძნობის მიმართ და რომ საპასუხოდ არაფერს ვიღებდი. მზეს რომ დაატარებ თმებით? - შემახსენეს საიდანღაც. ჰო, მზეს დავატარებ. ეს კიდევ უარესია. კიდევ უფრო ამაფორიაქა. მინდოდა დამლაპარაკებოდა, მაგრამ ასე თუ დამანგრევდა, ვერ წარმოვიდგენდი.
უცებ ერთიანად მომიცვა უცნაურმა ბედნიერების ეიფორიამ. მზად ვიყავი, მივსულიყავი და მეთქვა, რომ ყველაფერი იყო ჩემთვის, რომ მენატრებოდა, რომ.. მერე დავენარცხე. იმდენად რეალურად ვიგრძენი მისი "გამარჯობასავით" ცივი პასუხი, რომ წამიერად მოვკვდი.
დავიძინე. ამჯერად უფრო ღრმად. ერთად ჩაიფარცხა ყველა გრძნობა და ემოცია, ყველაფერი დაინგრა და, უბრალოდ, გავითიშე. საოცრად კარგია, როცა არაფერს გრძნობ. საერთოდ არაფერს და გძინავს. ღრმად და მშვიდად.
რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ გაციებული ვიყავი. ყველა ასპექტში, ყველა ჭრილში, ყველაფრის მიმართ. გარეთ თოვდა. თოვდა ჩვენს ჭრელ ქალაქში. ბავშვები ჩვეული უფერო ბედნიერებით ხვდებოდნენ თეთრ ფიფქებს. დედები ძველებურად უემოციო მზრუნველობით ტუქსავდნენ ქუდისა და კაშნის გარეშე მოგუნდავე შვილებს.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო ჩვენს ფერად-ფერად ქუჩაზე. თუმცა არა. გრეისი გათხოვილიყო და ახლა ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა. ახალი წელი მოდიოდა.
უნებურად მაგარი შავი ყავა გავიკეთე და მაცივრისკენ არც კი გამიხედავს. ნაშრომი საბოლოოდ დავამთავრე, უკანასკნელი შესწორებები შევიტანე და წასაღებად გავამზადე. ყველაფერი კარგად იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცხადად ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგად იყო. თბილად ჩავიცვი, სიცივე ჩემიც მყოფნიდა. თმები, რომლითაც ოდესღაც მზეს დავატარებდი, კეფაზე დავიკოსე და სახლიდან გავედი. ნაშრომი ჩავაბარე. ეს ყველაფერი სრულიად ავტომატურად გავაკეთე. მე არ ვმონაწილეობდი ამ პროცესში. ჩემმა რაღაც ნაწილმა ზუსტად იცოდა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა და ყველაფერი თავის დროზე მოგვარდა. სახლში წამოვედი.
ახალი წელი მოდიოდა.
როგორც კი ჩვენს ქუჩაზე შევუხვიე, მაღაზიიდან გამოსული ალექსი დავინახე ჩვეული საყიდლებითურთ. ჩემი ალექსი. ალექსი, რომელიც მიყვარდა, ალექსი, რომელიც მაცოცხლებდა და ის ალექსიც, რომელმაც მოახერხა, რომ აღარაფერი მეგრძნო.არაფერი, ყრუ სიცარიელის გარდა. არ მესმოდა, რატომ ალექსი. რატომ ვადანაშაულებდი ამ ყველაფერში ალექსს, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩემს წაბლისფერ თმებში როგორღაც მზე თავსდებოდა. მე ისევ მიყვარდა ალექსი და ვიცოდი, რომ სულ მეყვარებოდა. სხვანაირად შეუძლებელი იყო. უბრალოდ, მე ამას ვეღარ ვგრძნობდი. როდიდან? იმ წამიდან, როცა ნამდვილი ალექსი დამელაპარაკა. ალექსი არაფერში იყო დამნაშავე. უბრალოდ, სიტყვები ვერასდროს ნიშნავენ იმას, რასაც უნდა ნიშნავდნენ და ეს ყველაფერს აფუჭებს. ალექსი უდანაშაულო იყო.
ახალი წელი მოდიოდა.
31 თენდებოდა. თვალი არ მომიხუჭავს. სადღაც რაღაც იცვლებოდა. სადღაც ვიღაც კვდებოდა, ვიღაც ბავშვის დაბადებას ზეიმობდა, ვიღაცას ენატრებოდა, ვიღაცას ეზიზღებოდა. ჩვენი ფერადი ქალაქის მიღმა გრძნობებს ნამდვილი ფერი ჰქონდა.
თორმეტი საათი რომ დაიწყო, მე ისევ ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ალექსის ფანჯარაში ვიყურებოდი. პირველად ამდენი ხნის შემდეგ. მშვიდი იყო ალექსი. უცნაურად მშვიდი. უეცრად ადგა და რძესა და შვრიის ნამცხვარს სანაგვეში ჩაუძახა. მერე მაგიდიდან ფურცლები აკრიფა და ბუხარში ცეცხლს მიანდო. პირველი სპილოს პატარა ნაცრისფერი ქანდაკება დაენარცხა იატაკს. მერე ერთი მაღალი ტორშერი გადმოყირავდა. სკამი წიხლის ერთი მოქნევით დაამტვრია. მერე ჯერი კედლებზე მიდგა. ჩამოხსნა და გაანადგურა ყველა ნახატი თუ ფოტოსურათი, ჩამოგლიჯა ფარდები. სამზარეულოსკენ გაემართა და იქიდან ახლა ჭურჭელმა დაიწყო ფრენა. ხელი გაიჭრა. მე გული შემეკუმშა და წამით თვალები დავხუჭე. ალექსი თავის თავდაყირა დაყენებულ ბინაში იატაკზე იჯდა მუხლებმოხრილი და თავი ხელებში ჩაერგო. თორმეტს ათი წუთი აკლდა.
ავდექი და წამოვედი.
საახალწლო მაგიდაზე რძე და შვრიის ნამცხვარი სანტას დავუტოვე. კარი არ ჩამიკეტავს.
ასეა. ვიღაც ყოველთვის მიდის.



№1  offline წევრი varduka

ვერ გავიგე რაა ბოლოს იქნებ გააგრძელო და გაგვაგებიო რახდრბა

 


№2  offline წევრი lamazmani

ბოლოში ცოტა გაუგებარი იყო და გააგრძელე რა

 


№3  offline წევრი Khaleesi

შენს ნიკს რომ ვხედავ ხოლმე სულ მიხარია იმიტომ რომ ვიცი რაღაც კარგი მელის წინ. 505-ით შემაყვარე თავი

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

თქვენზეა, ჩემო კარგებო, დამოკიდებული, რას დაინახავთ მანდ ბოლოში. ამის გაგრძელებას აზრი არ აქვს და რომც ქონდეს, უბრალოდ ვერ შევძლებ ამას.

 


№5  offline წევრი damnashave

kidev gagijeba mindoda :D. dzaliankargiaa. ragac axali shemmata am istoriam,ragac gaugebari.

 


№6  offline მოდერი malena

რატომ გვიჭირს ასე ადამიანებს?
ძალიან მგრძნობიარე რამე იყო.

 


№7  offline ადმინი შამანი

ძალიან მგრძნობიარე იყო.უნდა ვაღიარო,ბოლოში დავიბენი...
შენ სასწაული ხარ თეო! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8 სტუმარი mariana777

shemiyvardaa aleqsii <3

 


№9 სტუმარი Სალომე

Ძალიან კარგი გოგო ხარ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent