შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების მოლოდინში *1*


1-07-2015, 13:49
ავტორი Masho 123
ნანახია 1 894

ხელისგულები გაუოფლიანდა, იგრძნო როგორ უკანკალებდა მთელი სხეული, მაგრამ
გაჩერებას ვერ ახერხებდა. ოღონდ ეხლა არ გამიძახოს... ოღონდ ეხლა არა...იმეორებდა
დაუსრულებლად და ისტორიის წიგნს უაზროდ ჩაშტერებოდა. არადა საერთოდ არ არის
ზარმაცი, რამდენიმე წლის წინ მედალოსნობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, მაგრამ ეს
სამი წლის წინ იყო... მერე ყველაფერი შეიცვალა... წიგნს უაზროდ უყურებდა და პარაგრაფის
წაკითხვასაც ვერ ახერხებდა, თავში არაფერი შედიოდა. როგორ არ უნდოდა დღესაც იმის
თქმა რომ გაკვეთილი არ იცოდა, რომ დავალება კიდევ არ შეუსრულებია. წიგნიდან თავს არ წევდა,
არ უნდოდა მასწავლებლისთვის შეეხედა, რადგან იცოდა, ყველაფერი სახეზე ეწერებოდა.
თოდუა გაკვეთილი, დაიძახა მასწავლებელმა და იგრძნო როგორ მოუდუნდა მთელი სხეული.
დღეს გადარჩა, შემდეგისთვის კი აუცილებლად ისწავლიდა, შეეცდებოდა მაინც. ზარის დარეკვა
და მისი კლასიდან გავარდნა ერთი იყო, ერთი სული ქონდა სახლში მისულიყო, ტასუნა
მარტო ყავდა დატოვებული, თანაც ბავშვი გაციებული იყო. იქამდე მაღაზიაში შეიარა,
მზა პროდუქტები იყიდა, ისეთი დაღლილი იყო არაფრის გაკეთების თავი არ ქონდა, არადა
ბავშვი დილის მერე უჭმელი იყო. სახლში, როგორც ყოველთვის მარტო მიდიოდა, თავის
კლასთან ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა, მაგრამ რა მისი ბრალია, რომ მათთან ერთად
პარკებში, წვეულებებზე და დაბადების დღეებზე სასიარულოდ არ სცალია? მე-7
სართულზე ძლივს აათრია სკოლის ჩანთა და პროდუქტები, კარები გასაღებით გააღო
და ტასუნას დაუძახა:
- ტააას, მოვედიი. სად ხარ ?
- აააქ, საძინებელში
- მანდ რა გინდა? გაკვირვებულმა შეიხედა საწოლის ქვეშ
შეშინებულმა პატარამ, თითით ფანჯარაზე ანიშნა
- იქ ბზიკი იყოო
- აქ არაფერი არ არის, ტას. ალბათ გაფრინდა. სიცილს ძლივს იკავებდა.
მიდი, ახლა გამოძვერი მაქედან. ჩემი ზღარბუნა, შოკოლადები მოგიტანე, ბევრი-ბევრი...
არ გასინჯავ?
პატარა ძლივს გამოძვრა საწოლიდან და სამზარეულოში გაიქცა. საჭმელი გაამზადა,
ტასუნას აჭამა, მერე მულტფილმები ჩაურთო და თვითონ სამეცადინოდ გამოვიდა.
თავში არაფერი შედიოდა,ისევ დედამისზე ფიქრობდა, კიდევ კარგი დღეს პარასკევი
მაინც იყო. დღეს დედამის 38-ე დაბადების დღე ქონდა. ტელეფონს მოუსვენრად
ატრიალებდა ხელში, რაღაცნაირად დარეკვის სურვილი არ ქონდა. 17 წლის იყო
და უკვე ყველაფრისგან დაიღალა... მამა უკვე მერამდენე წელია ციხეშია, წესიერად
აღარც კი ახსოვს. დედას თბილისში ძალიან მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ქონდა,
მაგრამ კიდევ უფრო დააწინაურეს და ამერიკაში გადავიდა სამუშაოდ. მაშინ ტასუნა
2 წლის იყო, ახლა კი უკვე ხუთისაა. ძალიან განიცადა, 2 წლის ბავშვისთვის დედაც
თვითონ უნდა ყოფილიყო, მამაც, დაც და მეგობარიც. თავიდან დედაზე ბრაზობდა,
მერე თითქოს გადაუარა, ალბათ რამე პრობლემები შეექმნა და ამიტომ წავიდა
ამერიკაში, აბა 2 წლის ბავშვს, ესე როგორ დატოვებდაო. თანაც ტასო ჩვეულებრივი
ბავშვი ხომ არ იყო, ეპილეფსია ქონდა, დედას წასვლამდე ერთი თვით ადრე ქონდა
შეტევა, იმ დღეს თუ არ მოკვდებოდა არ ეგონა. თავიდან, რომ წავიდა უთხრა ერთი
წლით მივდივარო, ეხლა კი უკვე მესამე წელია იქ არის... შარშან ზაფხულს, არდადეგებზე,
ტასოსთან ერთად წავიდა მის სანახავად და იმედები გაუცამტვერდა. დედამისი ისე
დახვდათ, თითქოს ორი წლის უნახავი შვილები კი არა, მეზობლის ბავშვები ჩამოვიდნენ
მის სანახავადო... ბოლოს ტასუნა ეხვეწებოდა, სახლში დავბრუნდეთ, აქ აღარ მინდაო.
დედამისი საკმაოდ დიდ თანხას უგზავნიდათ ყოველთვიურად, მაგრამ განა ეს იყო
საკმარისი? თვითონ კიდე ჯანდაბას, მაგრამ ტასუნა დედასთან ლაპარაკის სურვილსაც
აღარ გამოთქვამდა, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ხომ საერთოდ, კიდევ უფრო მიეკედლა
თავის დას, რომლის მეტი არავინ ყავდა. ორი კვირის უკან ტასუნას ისევ შეტევა ქონდა,
ორი დღე რეანიმაციაში გაატარა, თვითონაც თუ არ მოკვდებოდა იქ არ ეგონა. ექიმებიც
ვერაფრით აიმედებდნენ, თანაც სულ მარტო იყო საავადმყოფოში. დედამის დაურეკა,
ეხვეწა, ემუდარა ჩამოდიო, მაგრამ ვერაო, სამსახურს ვერ გავაცდენო, მხოლოდ ფული
გამოუგზავნა. ერთი კვირის უკან გამოიყვანა ტასუნა სახლში, ეხლა კარგადაა, ექიმებიც
ეუბნებიან საშიში აღარაფერიაო, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდება. საკმარისია ბავშვმა
ოდნავ წამოახველოს, რომ უკვე გიჟს გავს. ამის მერე დედამისთან აღარც ულაპარაკია,
მხოლოდ ტასუნას მდგომარეობას ატყობინებდა. დღეს კი დაბადების დღე აქვს და არ იცის
დაურეკოს თუ არა... სურვილი არ აქვს... ბოლოს ტელეფონს დასწვდა და მესიჯი
გაუგზავნა: დე, გილოცავთ. ამ ორი სიტყვის მეტის დაწერა ვერ მოახერხა, ვერ შეძლო
და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო. ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და თვალი
სკოლის ჩანთისკენ გააპარა. ისტორია ორშაბათისთვის აუცილებლად უნდა ესწავლა.
წიგნი გადაშალა და როგორც იქნა პარაგრაფის კითხვა დაიწყო, ტასუნამ არ აცალა.
- გეხვეწები ეზოში ჩავიდეთ რაა, თუ ჩემი დაიკო ხარ, საქანელებზე წავიდეთ რაა, ძალიან
გთხოვ. ნახე დღეს რა კარგი ამინდია, გეხვეწები რაა...
როგორ ეთქვა ამ პატარასთვის უარი, ჩაიცვიო დაუძახა და ისტორიის წიგნი ვინ იცის
მერამდენეჯერ დახურა. არაუშავს, პარკში წავიკითხავ, გაიფიქრა და ჯინსებში გამოწყობილი
პატარა აათვალიერა.
- ზღარბუნა, მაიკა რომ უკუღმა გაცვია? მოდი ჯერ ფეხზე შევიკრათ და მერე თმებს გაგიკეთებ
კარგი? სულ გაწეწილი ხარ...
პატარა მოაწესრიგა, მერე თვითონაც ქურთუკი მოიცვა, ხელი ჩაკიდა და პარკში წაიყვანა...
- ტას, შორს არ წახვიდე კარგი? მე აი იქ, სკამზე ვიჯდები და დაგელოდები. პატარამ თავი
დაუქნია და თვალებგაბრწყინებული საქანელებისკენ გაიქცა. თვითონ კომფორტულად
მოკალათდა სკამზე, ერთი ამოიხვნეშა და ვინ იცის უკვე მერამდენეჯერ სცადა გაკვეთილის
წაკითხვა...

.......................................................................................................................................
აბა რას ფიქრობთ? ძალიან საშინელებაა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent