ვარდნა-თავი პირველი
ბნელ, ხმაურიან ქუჩაზე მშვიდად შეუხვია შავმა აუდმა. მძღოლი ისე თავდაჯერებულად და აუჩქარებლად ატარებდა, საერთოდ ვერ იფიქრებდით რომ აგვიანდებოდა, მითუმეტეს რბოლაზე. მანქანა საინტერესო მანევრით გააჩერა სასტარტო ხაზთან და რომ გადმოვიდა, მაშინვე სიგარეტს მოუკიდა. -გვეგონა აღარ მოხვიდოდი-ჩაიცინა წაბლისფერთმიანმა, დაკუნთულმა ტიპმა და ლუდის ქილა გაუწოდა. -ხუმრობ, ხო?-ცალყბა ღიმილით ჰკითხა ბიჭმა და ლუდზე უარი თქვა.-სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან რბოლას როგორ გამოვტოვებდი? -აჰჰ გეშინია და მაგიტომ არ სვამ? -დიტო, ხომ იცი, მთელი კასრიც რომ დამალევინო, მაინც ჩახდილს დაგტოვებ ტრასაზე!-ამჯერად გულიანად გადაიხარხარა, სიგარეტს ბოლოჯერ დაარტყა ნაპასი და ძირს დაგდებულ ღერს ფეხი დააბიჯა.-მოვიდნენ უკვე? -რა თქმა უნდა, ყველა შენნაირი უპასუხისმგებლო კი არაა. -ნუ წუწუნებ. ნახავ, დღევანდელი საღამო ჩვენი იქნება, აზლუქუნებულებს გავუშვებთ უკან. -გეფიცები, ან დებილი ხარ, ან ისეთი ოპტიმისტი, რომ საერთოდ არ შეგიძლია სიტუაციის შეფასება. შენი ჯართით აპირებ პორშესთან დადგომას? სერიოზულად? -ჩემს გოგოზე წესიერად ილაპარაკე იდიოტო და აგერ ნახავ რას ვუზამთ მე და პატარა იმ პორშეს!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა, შემდეგ კი, როდესაც ყვითელმა მანქანამ ძრავის გუგუნით შემოუხვია და სასტარტო ხაზთან დადგა, თვითონაც საჭეს მიუჯდა. -ცეცხლაძე, ცხვირსახოცი მოამზადე!-დაუძახა პორშეს მძღოლმა, სანდრომ კი მხოლოდ ცალი წარბი ასწია, არც გაუხედავს ისე დაანახა შუა თითი და ძრავა ააღრიალა. ირონიული ღიმილი მანამ არ მოუშორებია სახიდან, სანამ ტოპსა და ტყავის შორტში გამოწყობილმა გოგონამ სასტარტო ალამი არ ააფრიალა. ღელავდა, როგორ არ ღელავდა, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ აჩვენებდა მოწინააღმდეგეს. ეს ბუნებრივიც იყო და სიმართლე ითქვას, ადრენალინის გამოყოფა ემხარებოდა კიდეც. საჭეს ძლიერად უჭერდა მარცხენა ხელს, მარჯვენათი კი სიჩქარეების გადამრთველი ჩაებღუჯა. უყვარდა ის თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც მართვის დროს გრძნობდა და ამას არაფერზე არ გაცვლიდა. გამარჯვებაზე არ იყო იმდენად კონცენტრირებული, რამდენადაც სახელის შენარჩუნებაზე. რა თქმა უნდა, ხალხის გახარებული შეძახილები და გასქელებული ჯიბე სიამოვნებას გვრიდა, მაგრამ ამაზე მეტად ის მომენტი აგიჟებდა, ბოლო, გადამწყვეტ წამებზე რომ შეასრიალებდა უკანა საბურავებს ფინიშის ხაზზე. ის ყოველთვის უკანა საბურავებით შედიოდა, არასდროს გადაუკვეთია ფინიშის ხაზი ისე, როგორც ნორმალურ მძღოლს. ასე უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ხდებოდა მისი გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ გაუშვია ხელიდან... ამჯერად საქმე უფრო რთულად იყო. თუ ამ რბოლას ვერ მოიგებდა, თავის მანქანასაც კარგავდა და სახელსაც, მაგრამ მოგების შემთხვევაში, ახალთახალი პორშეს მფლობელი ხდებოდა და სახელსაც უცვლელად ინარჩუნებდა. იმის თქმა აღარ იქნება საჭირო, თუ როგორი თავგანწირვით იბრძოდა ორივე მხარე. სანდროს ყელზე ძარღვებიც კი დაეჭიმა ყვითელმა პორშემ წინ რომ ჩაუქროლა, მაგრამ სიჩქარისთვის ერთი ნიშნულითაც არ მოუმატია. სწორი ტაქტიკა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, ეს ზუსტად იცოდა. ამიტომ დაელოდა როდის მოაბრუნებდა მისი მოწინააღმდეგე მანქანას და თვითონ მოსახვევში გაორმაგებული სიჩქარით შევიდა. ამ ტრიუკს მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა საქმე მართლა ცუდად იყო. ფაქტიურად ყველაფერს რისკავდა. ან გამოუვიდოდა და გამარჯვებაც გარანტირებული იქნებოდა, ან ღმერთმა უწყის რომელ მორგში მოუწევდა დედამისს მისი სხეულის ამოცნობა. რა თქმა უნდა, გამოუვიდა და რამდენიმე წამში უკანა საბურავებით შესრიალდა თეთრად და ყვითლად დაშტრიხულ ზოლზე. მანქანიდან გადმოსვლა არ აცადეს ისევე შემოეხვივნენ გარშემო, დიტო კი კინაღამ შიგნით შეუხტა. -გიჟი ხარ ძმაო, ნამდვილი გიჟი!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და თმას უჩეჩავდა. სანდრო კი ისეთი სახით იდგა, თითქოს მას არ მოეგო რამდენიმე წუთის წინ პორშე და უამრავი ფული. ლუდის ბოთლი გამოართვა, მშვიდად მოსვა და მობილურის ღილაკს ხელი დააჭირა, რომ ტელეფონი ჩაერთო. -ჰეი ეგაძე -გვარით მიმართა დამარცხებულ მოწინიაღმდეგეს და ტელეფონიდან მზერა მასზე გადაიტანა. სწორედ ის ბიჭი, რომელიც რბოლის დაწყებამდე თვითკმაყოფილი ღიმილით მოძრაობდა, ახლა თვალებიდან ნაპერწკლების ყრით მიუახლოვდა გამარჯვებულს. სანდრომ აუღელვებლად ჯინსის უკანა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცალყბა ღიმილით სახედამშვენებულმა გაუწოდა. -აი ეს აიღე დაგჭირდება და გასაღები დიტოს ჩააბარე. ეგაძემ უხმოდ გაუწოდა დიტოს გასაღები და იქაურობას სასწრაფოდ მოშორდა. სანდრომ გამარჯვებულის ღიმილით ჩაიცინა და ცხვირსახოცი ჯიბეში დაიბრუნა. შემდეგ კი მზერა ისევ მის მობილურზე გადაიტანა. მისი სიმშვიდე მაშინვე დამთავრდა, როგორც კი დედასგან გამოტოვებული თორმეტი ზარი დაინახა. -ჯანდაბა!-თავში ხელი შემოირტყა, ბოთლი დიტოს მიაჩეჩა და სასწრაფოდ მანქანაში ჩახტა. -რა ხდება?-გაკვირვებული იყო მეგობარი. -დღეს დეიდაჩემთან ვახშამზე ვართ დაპატიჟებულები და დამავიწყდა.-უპასუხა სანამ მანქანას დაქოქავდა, შემდეგ კი ადგილს მოსწყდა და თან დიტოს სიცილი გაიყოლა. *** ზუსტად შვიდ წუთში, მანქანა დედამისის სახლის წინ მოასრიალა. კიბეებზე არბენისას უფრო ღელავდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ყვითელმა პორშემ რამდენიმე წამით გადაუსწრო. კარი რომ შეაღო, ანა დოინჯშემორტყმული ელოდა, -თორმეტი წუთი დაგვრჩა!-მოკლედ მოუჭრა ქალმა და ისეთი მომაკვდინებელი მზერით შეხედა, სანდრო მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო მისი საქმე. -კარგი რა დე, ადრეც კი მივალთ-თვალი ჩაუკრა და მოსალბობად ლოყაზეც აკოცა, მაგრამ ამანაც არ გაამართლა. მანქანაში რომ ჩასხდნენ, ეგონა უკვე ყველაფერი გადაგორებული ჰქონდა, მაგრამ თურმე ცდებოდა. -მოიცა, ეს რა არის? შენ რა ასეთ ფორმაში აპირებ ვახშამზე წამოსვლას?-წამოიყვირა ანამ და უბრალო, სპორტულ მაისურზე ანიშნა. -გამოვიცვლი!-მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა. -სანდრო ცეცხლაძე, გეფიცები, საკუთარი ხელებით დაგახრჩობ! -დე, საჭეს ხელები მოკიდე რა! -ამჯერად რაღა ჩაიფიქრე?-თვალები აატრიალა ქალმა, თუმცა შვილის ნებას დაყვა და საჭე დაიჭირა. იმან, რასაც სანდრო აკეთებდა, მისი სრული შოკი გამოიწვია. ბიჭმა მაისური გადაიძრო, უკნიდან პერანგი გადმოღო და ხელები გაუყარა და თან ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ წამითაც არ შეუნელებია სიჩქარე. -ვიცოდი, რომ მთლად ნორმალური არ იყავი, მაგრამ რა ჯანდაბას აკეთებ, სანდრო?-წამოიყვირა ქალმა, როგორც კი ხელების გათავისუფლების უფლება მისცეს. -დაიკიდე. -რა სიტყვებია!-ახლა კი სანდროც შეაძრწუნა მისი ხმის ტონმა და დანებების ნიშნად, ხელები მაღლა ასწია.-მოკიდე საჭეს ხელები! -ახლავე, ახლავე, ნუღა ყვირი, გთხოვ!-გაუცინა ბიჭმა და სუნამო შეისხა. დარჩენილი გზა ადამიანური მართვის მანერით გაიარა, მაგრამ არაადამიანური სიჩქარით. ცეცხლაძის მანქანა დეიდამისის სახლის წინ ზუსტად ხუთი წუთით ადრე გაჩერდა და ანა ისეთი სახით გადავიდა მანქანიდან, სანდრო მიხვდა, რომ მისთვის ხელი უნდა მოეკიდებინა და სახლში შესვლისთანავე, წყალი დაელევინებინა. კარზე დაკაკუნებაც ვერ მოასწრო, ისე გაიღო და მის მიღმა გაღიმებული, ქერა, გრძელთმიანი გოგონა გამოჩნდა, რომელიც სანდროს პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა და სახლში შეათრია. ამის დანახვაზე, ანამ უბრალოდ თვალები აატრიალა, ხელი ჩაიქნია და სამზარეულოსკენ გაემართა. -შენ კიდევ ვერ გაიზარდე, ხომ?-გაეცინა ბიჭს და დეიდაშვილს თმა მოუჩეჩა. -სანდრო, ამას შენ როგორ მეუბნები?-ენა გამოუყო გოგონამ, სანდრომ კი ზურგზე მოიგდო და მისი კივილის თანხლებით შეაბიჯა მისაღებში, რომელიც, მისდა გასაკვირად, სულაც არ აღმოჩნდა ცარიელი. ყველა იქ მყოფი გამოშტერებული უყურებდა ორ გიჟს, რომლებიც თავიანთ ასაკთან სრულიად შეუსაბამოდ იქცეოდნენ. სანდრომ გარშემო მიმოიხედა და მზერა უცნობ გოგოზე შეაჩერა. ეშმაკურად გაუღიმა მომხიბლავ უცნობს და ლიზის ხელი გაუშვა. -აჰჰ- კვნესა აღმოხდა გოგოს, როცა ეს უკანასკნელიც ძირს დაენარცხა. -ახლა გავალ, შემდეგ ახლიდან შემოვალ და წარმოვიდგინოთ, რომ არაფერი დაგინახავთ, კარგი?-ჩაილაპარაკა სრული სერიოზულობით სანდრომ, უცნობმა კი შეშინებულმა გახედა ძირს გართხმულ მეგობარს. -ყოველთვის ესეთი არაა!-აუხსნა გოგონამ, შემდეგ კი წამოდგა და ოთახში ახლად შემოსული სანდრო ისეთი სერიოზული სახით წარუდგინა სტუმარს, თითქოს აქამდე მართლა არაფერი მომხდარიყო. -სანდრო, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია, ელენე. ელე, იცნობდე და უფრთხილდე, გოგონების რისხვა, გამოუსწორებელი მექალთანე და უბრალოდ ჩემი იდიოტი დეიდაშვილი, სანდრო ცეცხლაძე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.