შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდნა-თავი მესამე


19-07-2015, 22:30
ავტორი Molko
ნანახია 1 534

სანდროს და ელენეს პირველი შეხვედრიდან ერთი თვე ისე გავიდა, ერთმანეთის შესახებ აღარაფერი სმენიათ. ორივე ისევე ცხოვრობდა, როგორც ერთმანეთის გაცნობამდე. სანდრო რბოლებზე დადიოდა, იმარჯვებდა, მოგებული ფულით ძმაკაცებთან ერთად ერთობოდა. ელენე კი... სწავლობდა და მუშაობდა. მის ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა არც სანდროსთან შეხვედრამდე და არც მას შემდეგ. ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც მეგობარს ქორწილის სამზადისში ეხმარებოდა. ლიზი და გოგა ორ კვირაში ქორწინდებოდნენ და ყველა დეტალი წუთებით უნდა ყოფილიყო გათვლილი. ამ დროს კი ჯერ პატარძლის კაბაც არ იყო შერჩეული, არამცთუ მეჯვარის. ბოლო დროს ელენე უფრო და უფრო ხშირად მიდიოდა ლიზის სახლში, ხან საყიდლებზე დადიოდნენ, ხან დიზაინერებთან, შემდეგ კი დაღლილებს საუბრის თავიც არ ჰქონდათ. გოგონას აინტერესებდა რატომ გაქრა ასე უკვალოდ ლიზის დეიდაშვილი, მაგრამ არაფერს კითხულობდა, არ უნდოდა ზედმეტი ყურადღების გამოჩენა.
იმ საღამოსაც ინტერიერის დიზაინერისგან იყვნენ ახალდაბრუნებულნი და ისეთი დაღლილები, ხმასაც ვეღარ იღებდნენ. მისაღებში მდგარ დივანში რომ ჩაესვენნენ, აღარც განძრეულან რამდენიმე წუთს. სწორედ ამ დროს გაისმა უცნაური დამუხრუჭების ხმა და ლიზისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო ვინც მოვიდა. უცნაური ღიმილით გადახედა გოგას შემდეგ კი ყელის გამოწევით სთხოვა, რომ კარის გასაღებად ის ამდგარიყო. ბიჭს ჩაეცინა მის საქციელზე, მსუბუქად აკოცა და ერთი ამიოხრა, როდესაც სანდრომ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და მანამ აღარ აუშვა, სანამ კარი არ გაუღო.
-კიდევ აქ არის?-იკითხა გამარჯობის ნაცვლად და სახლში ისეთი სახით შემოვიდა, თითქოს გასაიდუმლოებულ სპეცოპერაციაზე მიდიოდა.
-მეც კარგად, სანდრო, მადლობ მოკითხვისთვის!-გაუცინა გოგამ და თავში ხელი წამოარტყა.-და არაფრის, რა საჭიროა მადლობა!
-კარგი ხო, კარგი! მადლობ, რომ დამირეკე. აქ არის?
-კი, შედი. მაგრამ არ შეიმჩნიო არაფერი!
-ჰმ, ეს როგორ გამითამამდა! შენი სწავლება მჭირდება, ბიჭო?-გაუცინა სანდრომ და ოთახში შედარებით დასერიოზულებული სახით შევიდა.
-ვაჰ, სანდრო?!-გაეკრიჭა ლიზი დეიდაშვილს, სავარძელში გადაწოლილი ელენე კი სასწრაფოდ გასწორდა და გაუღიმა.
-რა სახეები გაქვთ, გაწამეს?-დასცინა ბიჭმა და ორივე გადაკოცნა. ელენე წამიერად კი შეკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია და თვითონაც შეახო ტუჩები სანდროს ლოყას.
-შენი დეიდაშვილი სადისტია. მე და ელენე დაგვხოცა!-ამოიოხრა გოგამ და თვითონაც დივანზე დაენარცხა.-კარგია რომ შემოგვიერთდი, ამის მერე შენ გადმოგაბარებ ამათი ტარების მისიას.
-მე? რატომ?-სანდრომ ისე ჭყიტა თვალები, თითქოს ეს დღეს გაიგონა პირველად და აქამდე მეგობართან არ იყო შეთანხმებული.
-იმიტომ რომ მეჯვარე ხარ! წესით შენ და ელენემ ყველაფერი ისე უნდა მოაგვაროთ, არც კი უნდა შეგვაწუხოთ, მაგრამ სად გაქვთ ამის ნამუსი?-აჰყვა ლიზიც და მეგობრის გაოგნებული მზერაც დაიმსახურა საჩუქრად. ოღონდ ელენე, სანდროსგან განსხვავებით, გულწრფელად იყო გაკვირვებული.
-ანუ კაბაც მე შეგირჩიო, თაიგულიც, რესტორნის დიზაინიც და ფეხსაცმელიც?! მე ხომ არ გავთხოვდე შენს ნაცვლად?!-როგორც იქნა ამოიღო ხმა და სანდრომ მის ბოლო სიტყვებზე შეუმჩნევლად ჩაიფხუკუნა.
-არა, მასეთი თავდადებაც არაა საჭირო! მაგრამ მეჯვარეობა ადვილი საქმე ნუ გგონიათ! გოგა, მომაწოდე სია!-გოგას გახედა და ამ უკანასკნელმაც ჯინსის ჯიბიდან მრავალჯერ გადაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა.
-სანდრო, გამომართვი, ეს თქვენ. ყველაფრის სიაა, რაც უნდა მოაგვაროთ ჩვენს გარეშე.
-მოიცა, სერიოზულად? ახლა მაღაზიებში და დიზაინერებთან უნდა მატარო?
-აბა შენ რა გეგონა, მეჯვარეობაზე რომ მთანხმდებოდი?!-გაეცინა გოგას.-მე რომ მეზარებოდა ამ ყველაფრის კეთება და შენ კიდევ არ იცოდი წინ რა გელოდა, მაგიტომაც აგირჩიე, სხვა რა მიზეზი უნდა მქონოდა?
-იუმორის მამა ხარ, გოგა!-ძალით გაუღიმა სანდრომ და შუა თითი აჩვენა, ლიზიმ კი ბალიში ესროლა და თვალები დაუბრიალა.
-ნუ ხარ უზრდელი! ვინმესი მაინც მოგერიდოს!
-კარგი რა ლიზი, ანასავით ნუ მელაპარაკები. მე და ელენეს ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე გვიშვებთ და უცხოებივით უნდა ვიქცეოდეთ?-ამოიოხრა და მის გვერდით მჯდარ გოგონას გახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია, შემდეგ კი ისევ ლიზის მიუბრუნდა:
-ამ სიაში ტორტი რომ გაქვს ჩაწერილი, სიცოცხლე მოგბეზრდა თუ ნიკასთან იჩხუბე?
-რატომ მეკითხები?-გაეცინა გოგონას, შემდეგ კი უცბად დააჭყიტა თვალები და შუბლში გაშლილი ხელისგული იტკიცა.-მომკლავს!
-და ღირსიც იქნები! ოჯახში ამხელა კულინარი გყავს და შენ ვიღაცეებთან დარბიხარ? არ გეპატიება, ლიზი!
-მოკეტე და მომეცი სია, ამოვშალო! იცოდეთ, ნიკასთან სიტყვაც არ წამოგცდეთ, თორემ დამახრჩობს.
-სახლშია?
-არა, სამსახურშია და სადაცაა დაბრუნდება. მართლა არ გაცოცხლებ რამე რომ წამოგცდეს.
-ნუ მემუქრები, ქორწილამდე გჭირდები და თითსაც ვერ დამაკარებ!-გაეკრიჭა სანდრო.
საღამომდე იქ იყვნენ და ათას თემაზე საუბრობდნენ. გეგმავდნენ რა და როგორ უნდა ყოფილიყო, ვისთან უნდა მისულიყვნენ ელენე და სანდრო, რამდენი ჰქონდათ ბიუჯეტი. ყველა წვრილმანს განიხილავდნენ. სანდრომ ნიკასთან მაინც ჩაუშვა და შემდეგ მომდევნო ნახევარი საათი უყურებდა როგორ დარბოდა ორი ზრდასრული ადამიანი სასტუმრო ოთახში მაგიდის გარშემო. ნიკა უფრო მეტად გაბრაზდა, ვიდრე ეწყინა, ლიზი კი გამწარებული იფიცებოდა, სანდროს პროვოკაციას არ აჰყვე, ჩვენი დაშორება უნდაო. ელენე სიცილისგან ვეღარ სულიერდებოდა, არც გოგა და სანდრო იყვნენ უკეთეს დღეში. კარგად გაერთნენ, საბოლოოდ კი მარათონი სახლში ლიკას დაბრუნებამ ჩაშალა.
-თქვენ სულ გაგიჟდით, ხო? სანამ სახლში შემოვიდოდი გული გამისკდა ისეთი ხმები გამოდიოდა.
-შენმა ძვირფასმა შვილმა საქორწინო საყიდლების სიაში ტორტიც ჩაწერა!-დაისისინა ნიკამ, ლიზის ცხვირი აუბზუა და აქოშინებული პირდაპირ ძირს დაჯდა.
-არაფერიც არ ჩამიწერია!-არ ტყდებოდა გოგონა.-სანდრო მაბრალებს რაღაცეებს.
-აჰა, ესეიგი გაბრალებ, ხო?-ჩაეცინა ბიჭს, ჯიბიდან სიის ფურცელი ამოაძვრინა და ის იყო ყველასთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ელენეს მეგობარი შეეცოდა და ფურცელი წაგლიჯა, შემდეგ კი ჰარის მიუბრუნდა ძალით გაღიმებული.
-ხვალ ანუ შენ გამომივლი?-ამ სიტყვების წარმოთქმისას ჭარხლის ფერი დაედო, მაგრამ ლიზის სახე რომ დაინახა, მიხვდა რომ ასე აჯობებდა.
-ამმ, გამოგივლი კი...-დაიბნა სანდროც, თუმცა არ შეიმჩნია და თავიც ძლივს შეიკავა რომ თვითკმაყოფილად არ ჩაღიმებოდა.
-ძალიან კარგი, ახლა კი ჩემი წასვლის დროა...-ამოიოხრა ელენემ და ფეხზე წამოდგა.
-გაგიყვან, თან ბარემ გავიგებ ხვალ სად უნდა მოგაკითხო!-ისეთი ჩვეულებრივი ტონით წარმოთქვა სანდრომ, წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ უტაქტობა იქნებოდა. გოგონამ თავი დაუქნია და სანამ ოთახიდან გავიდოდნენ, ლიზის მიუბრუნდა:
-თუ ორივე მეჯვარეს ერთდროულად დაკარგავთ, შენი დეიდაშვილის მართვის სტილს დააბრალე!-შემდეგ კი სანდროს გაჰყვა და ცოტა არ იყოს, აღელვებულმა უთხრა:
-იცოდე, მე უკან ვჯდები!-სანდროს მის სიტყვებზე უცნაურად ჩაეღიმა, კარგიო, თავი დაუქნია და სახლის კარი გაუღო. ელენე კი მაშინ მიხვდა მისი ღიმილის მიზეზს, როდესაც გარეთ გავიდნენ და ორადგილიანი აუდის წინ აღმოჩნდნენ.
-ნუ მიყურებ მასეთი სახით, არ შეგჭამ!-გაეცინა სანდროს, როდესაც ელენემ მისამართი უკარნახა მისი შეშინებული თვალები დაინახა.
გოგონას ხელებიც კი ისე უკანკალებდა, რომ ღვედიც ვერ შეიკრა თავისით. სანდრო სიცილით გადაიხარა მისკენ, ღვედი დაუმაგრა, შემდეგ თავი გადაიქნია და მანქანა დაძრა.
-გთხოვ, სწრაფად არ ატარო...-ამოილუღლუღა და ეცადა პანიკიორი ბავშვივით არ მოქცეულიყო. სანდრომაც შეატყო რომ არ ხუმრობდა და უარი თქვა თავისებურ სიჩქარეზე. ელენემაც, რომ შეატყო რომ საშიში არაფერი იყო, შედარებით მოეშვა.
-Radiohead?-თვალები დააჭყიტა, როდესაც ბიჭმა მუსიკა ჩართო.
-ნამდვილად-ჩაეღიმა სანდროს.-შენც უსმენ?
-ვგიჟდები ტომ იორკზე!-წამოიძახა აღფრთოვანებულმა.-ძალიან მაგარი სიმღერები აქვთ, თითქოს სამყაროს ვწყდები რომ ვუსმენ...
-რამდენიმე წლის წინ პირადად ვნახე ტომი...-ისე სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა სანდრომ, თითქოს რედიოჰედის სოლისტზე კი არა, მის მეზობლად მცხოვრებ შინაბერა ჭორიკანაზე საუბრობდა.
-და ამას ასე მშვიდად ამბობ?-ელენე მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ და ცოტა არ იყოს, გაოგნებულმა ჰკითხა.
-ჰო, რატომაც არა?-მხრები აიჩეჩა და მისი სახის დანახვისას გაეღიმა.-ისე მიყურებ, თითქოს ურწმუნო ვიყო.
-არა, ურწმუნო არა... მაგრამ თუ რედიოჰედი მოგწონს, ტომთან შეხვედრაზე ასე უბრალოდ რატომ ლაპარაკობ?
-იმიტომ, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა როგორი მუსიკაა და არა ის, ვინ ქმნის მას. რა თქმა უნდა პატივს ვცემ, მაგრამ მისი ცხოვრებითა და პიროვნებით ნაკლებად ვინტერესდები. ცუდი ადამიანი creep-ს ვერ შექმნიდა.
-საინტერესო ადამიანი ხარ...-გულწრფელად გაუღიმა ელენემ. მის წარმოსახვით სიაში სანდროს სახელის გასწვრივ კიდევ ერთი პლიუსი გაჩნდა.
-მიხარია თუ ასე ფიქრობ!-გაუღიმა ბიჭმა. ელენე მართლა მოხიბლული იყო სანდროს პიროვნებით.
ზედმეტად რომ არაფერი შესტყობოდა, ფანჯარაში გაიხედა გაღიმებულმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე მოშორდა, როდესაც გზის სავალ ნაწილთან ახლოს მწოლიარე გოგონა დაინახა.
-გააჩერა მანქანა!-წამოიყვირა შეშინებულმა.-სწრაფად, იქ ვიღაც არის! ცუდადაა!
სანდრომ დაუფიქრებლად გადაუხვია ელენეს მითითებული ადგილისკენ და მანქანა წესიერად გაჩერებულიც არ ჰქონდა, რომ გოგონა უკვე კარი გამოხსნა გადასასვლელად. სწრაფად მიირბინა და უცნობთან ჩაიმუხლა. 16-17წლის ბავშვი იყო, გულწასული.
-პულსი ესინჯება, მაგრამ ძალიან ნელა!-ჩურჩულით თქვა ელენემ, შემდეგ კი ორი თითის დახმარებით ქუთუთოები ერთმანეთს დააშორებინა და როდესაც ჩასისხლიანებული თვალები დაინახა, გაყინული სახით აუწია მოსაცმელი მკლავებზე. ის დახვდა, რასაც ელოდა_ნანემსრები. სანდრო ჯერ კიდევ გაოგნებული იყო, ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა. უცხოსავით იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.
-გადაჭარბებული დოზაა...-ახედა ელენემ და მის თვალებში ისეთი მწუხარება და თანაგრძნობა დაინახა, თითქოს ეს ბავშვი მისი ნათესავი ყოფილიყო.
-სასწრაფოში დავრეკავ!-სანდრო უკვე ნომერს კრეფდა, ელენემ რომ უთხრა:
-არა, არა, სასწრაფო პოლიციას მოიყოლებს, დააპატიმრებენ, ცოდოა...
-და რა იცი რომ ნარკოტიკის ბრალია?
-თვალები ჩასისხლიანებული აქვს, პულსი შენელებული, ვენაზე ნანემსრები, ერთიანად სველია...-მიაყარა ისე, თითქოს ეს ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი გოგონას ჯიბეები ამოუტრიალა.
-რას აკეთებ?
-ვცდილობ მობილური ვიპოვნო, აქ ვერ დავტოვებთ...-ელენე ისეთი მონდომებით ცდილობდა მის დახმარებას და ისე ღელავდა... სანდროს თვალში მისი პიროვნება კიდევ უფრო ამაღლდა. სხვა მის ადგილას არც მანქანის გაჩერებას მოითხოვდა, ან სულაც ფეხებზე დაიკიდებდა, პოლიციას გამოიძახებდა და დამშვიდებული სინდისით წავიდოდა სახლში. ელენე სხვებს არ ჰგავდა, სწორედ ამიტომ მოსწონდა უფრო და უფრო.
-ბოლოს ამ ნომერზე აქვს დარეკილი, ალბათ მეგობარია...-აღელვებულმა გაუწოდა მობილური და სანდრომაც სწრაფად გადაწერა ნომერი. მართლა მეგობარი გამოდგა. ელენემ მობილური გამოართვა და თვითონ გააგრძელა.
-გათიშულია, აშკარად რაღაც მძიმე აქვს მიღებული. ვენაშიც და აბიც. ელესდეს და სუბოტექსის ურთიერთქმედებას გავს. კუჭის ამორეცხვა სჭირდება. კარგი, ეცადე იჩქარო...-ამოისუნთქა და სანდროს გახედა.-უკვე მოდის, იმედია მოასწრებს...
სანამ კიდევ ერთ უცნობს ელოდებოდნენ, სანდრო წინ და უკან დადიოდა, ელენემ კი გოგონას თავი კალთაში ჩაიდო და საფეთქლების ზელვა დაუწყო.
-მისმინე, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ, კარგი?-მასთან ჩაიმუხლა სანდრომ, როდესაც დაინახა როგორ ევსებოდა ცრემლებით თვალები.
-ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის... -ლაპარაკის დროს ნიკაპი აუკანკალდა და რამდენიმე ცრემლიც ჩამოუგორდა. სანდრომ ვეღარ აიტანა მისი ცრემლების ყურება, ხელი მოხვია და მიიხუტა. საოცარი გოგო იყო! როგორ განიცდიდა სრულიად უცნობი ადამიანის ბედს.
-დამშვიდდი, არაფერი მოუვა...-ეჩურჩულებოდა, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ ფუჭი სიტყვები იყო.
რამდენიმე წუთში, მათ წინ ნაცრისფერი ფორდი გაჩერდა და იქიდან დაახლოებით სანდროს ასაკის ბიჭი გადმოვიდა. აჩქარებით მიუახლოვდა უცნობებს.
-გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა!
-ახლა ამის დრო არ არის,-ნაძალადევად გაუღიმა ელენემ და ცრემლები შეიმშრალა.-სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ და კუჭი ამოვურეცხოთ. იცი ეს როგორც კეთდება?
-მე, მე...-დაიბნა ბიჭი. აშკარა იყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მისი გოგო ნარკოტიკებს იღებდა.
-გასაგებია. აიყვანე და ჩასვი მანქანაში.
-საავადმყოფოში წავიყვანოთ?-დაიბნა სანდროც.
-არა, სახლში. მე თვითონ მივხედავ...
-ელენე, ამდენი საიდან იცი?-ეს უკვე იმდენად უცნაური ხდებოდა, სანდრომ ამ სიტუაციაშიც კი ვერ შეიკავა შეკითხვის დასმისგან თავი.
-სანდრო, მე მათ მანქანაში ჩავჯდები და შენ უკან გამოგვყევი!-სწრაფად შეცვალა თემა და შემდეგ მანქანის უკანა სავარძელზე ისე მოთავსდა, რომ გოგონას თავი ისევ კალთაში სდებოდა.
უცნობი გოგონას სახლში სწრაფადვე მივიდნენ. ელენე მაშინვე სამზარეულოში გავარდა, წყალში მარილი გახსნა, შემდეგ კი შპრიცი მოითხოვა.
-რას აკეთებ?-პირი დააღო სანდრომ, ბიჭი კი ჯერ ისევ ადგილზე მიყინულივით იდგა.
-ვცდილობ გონზე მოვიყვანო-უპასუხა სანდროს, შემდეგ კი მეორეს მიუბრუნდა.- მაგრამ თუ შპრიცს არ მომცემ, არაფერი გამომივა, ასე რომ გთხოვ, გამოფხიზლდი!
საბოლოოდმ სითხე შპრიცში ამოიღო და ისე მარტივად გაუკეთა ვენაში, გამოცდილ მედდასაც შეშურდებოდა. გოგონამ წამიერად გაახილა თვალები, შემდეგ კი სახეზე გამწვანდა და სანამ იქვე აღებინებდა, მისმა მეგობარმა სასწრაფოდ გაიყვანა სააბაზანოში.
ელენემ ახლა კი მოიხსნა ყოვლისმცნოდნისა და უშიშარის ნიღაბი და ისე ააკანკალა, იქვე დივანზე რომ არ ჩამომჯდარიყო, ალბათ ადგილზევე ჩაიკეცებოდა. იდაყვები მუხლებზე დააყრდნო, თავი კი ხელებში ჩარგო. თავს კონტროლს ვეღარ უწევდა. სანდრო გვერდით მიუჯდა, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა, ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა.
-დამშვიდდი...-ზურგზე ხელი მოუსვა.-გამოგივიდა, გადაარჩინე... ყველაფერი კარგადაა...
-მაგრამ, მხოლოდ დროებით...-სევდიანად გაუღიმა ელენემ, შემდეგ კი თავს ძალა დაატანა რომ კიდევ ერთხელ არ ეტირა და სანდროსთან ერთად გარეთ გავიდა.
ბიჭი უყურებდა მის აწყლიანებულ თვალებს, აკანკალებულ ხელებს და აცნობიერებდა, რომ ის კი არ იყო გმირობა, უკანა ბორბლებით რომ შესრიალდებოდა ხოლმე ფინიშის ხაზზე და შემდეგ გარშემომყოფები აღმერთებდნენ. არა, ის ყველაფერი იმასთან, რაც დღეს ელენემ გააკეთა, ახლოსაც კი ვერ მივიდოდა. და სანდროს უხაროდა, რომ ეს გოგონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ახლა მის გვერდით იყო და ასე უღიმოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent