მედალიონი (სრულად)
6 წლის გახდა მამამ ის მედალიონი, რომ აჩუქა დაბადების დღეზე... უზარმაზარი, გულის ფორმის მედალიონი... დიდი სამკაულები არ უყვარდა, უფრო სწორად სამკაულებს საერთოდ არ წყალობდა, მაგრამ იმ მედალიონზე გიჟდებოდა, ჭკუა ეკეტებოდა... მერედა როგორი ლამაზი მედალიონი იყო... პატარა, თეთრი, მბრწყინავი ქვებით გაწყობილი... მედალიონი იხსნებოდა კიდევაც... თავიდან ცარიელი იყო მედალიონი, შემდეგ კი ეს სიცარიელე პატარა გოგონას სურათმა დაფარა... მედალიონს,რომ გახსნიდა იქედან პატარა გოგონა უყურებდა უზარმაზარი, ოკეანისფერი უძირო თვალებით, უყურებდა და უღიმოდა... ბავშვის დანახვაზე თვითონაც ეღიმებოდა, სურათს ფრთხილად და ნაზად აკოცებდა, მედალიონს დახურავდა და ისევ კისერზე ჩამოიკიდებდა... იმ დღესაც, რა თქმა უნდა, ეკეთა ეს მედალიონი... სულ ეკეთა... არასდროს არ იხსნიდა... იმ დღეს როცა გახსნეს ეს მედალიონი, ოკეანისფერთვალება გოგონას სურათზე დადებული წერილიც იპოვეს... რვეულიდან ამონახევ ფურცელზე, ბავშვური ხელით დაწერილი პატარა წერილი... *** თუ შეძლებთ მაპატიეთ, შეეცადეთ მაინც რომ მაპატიოთ და გამიგოთ... ვიცი არასწორად მოვიქეცი, ვიცი ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო.... მაპატიეთ რაა... - ასე იწყებოდა წერილი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ზოგმა სიბრალული იგრძნო, ზოგმა სითბო, ზოგმა პატივისცემა, ზოგმა სევდა, ზოგმა სიყვარული, ზოგმა კი არაფერი, საერთოდ არაფერი... *** მახსოვს ზამთარი იდგა, თებერვალი, ციოდა, უფრო სწორად ყინავდა, როცა დედამ პირველად მომიყვანა შენს სანახავად... მახსოვს იმ საღამოსაც თოვლი, წვიმა და ქარი ერთმანეთში ირეოდა... მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო აღარ ვიყავი, დედამ მაინც თვალებამდე ჩამომაფხატა ზანზალაკებიანი ქუდი, ცხვირამდე კაშნი ამომიწია და თვალების გარდა აღარაფერი მიჩანდა... კიდევ კარგი ახლოს ცხოვრობდით... სულ რაღაც თხუთმეტ წუთში, უკვე თქვენს სახლში ვიყავი და სიცივისაგან აწითლებული ქურთუკსა და ქუდს ვიხდიდი... მაშინ ჩემი თოჯინების ხელა არც იქნებოდი, პატარა საწოლში იწექი და იღიმოდი, სივრცეს უღიმოდი... პაწაწუნა ხელები ჩემსკენ გამოიშვირე, მეც გამიხარდა და ხელში აგიყვანე... ხელში მეჭირე და შეშინებული გიყურებდი, ვფიქრობდი რამე არ ვატკინო-თქო... ტირილი დაიწყე... მაშინ უფრო მაღლა აგწიე და ხელებში შეგათამაშე... გამიცინე... მეც გამეღიმა... მერე ჩემს ხელებში თვალები რომ მილულე, ისევ საწოლში ჩაგაწვინე... მახსოვს შენს პატარა ხელს, ნეკა თითზე მთელი ძალით რომ მიჭერდი... მაშინ შემიყვარდი... მძინარეს ლოყაზე ფრთხილად გაკოცე და სახლში წამოვედით... ეხლაც მახსოვს ის კოცნა, საოცრად რბილი და ნაზი კანი გქონდა... ბავშვური სურნელით... ბაჯბაჯი და ტიტინი რომ დაიწყე, მაშინ კი არ მიყვარდი, უკვე გაღმერთებდი... დღეებს ვითვლიდი, როდის მოვიდოდი შენს სანახავად... სკოლის გამო ხშირად ვერ გნახულობდი, თან მეეჭვება შენს მშობლებსაც ყოველდღე სახლში ავეტანე... რომ მომენატრებოდი მობილურის ეკრანზე დაყენებულ შენს ფოტოს დავხედავდი და ვაკოცებდი... მერე სუპერმარკეტში შევიდოდი და შენთვის შოკოლადებს ვიყიდიდი, ვიცოდი რომ ძალიან გიყვარდა... იმ დღეს, როცა შენთან მოვდიოდი, ზუსტად ვიცოდი რომ ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ არ დააბიჯებდა... სულმოუთქმელად ამოვირბენდი მეექვსე სართულზე და კარებზე ზარს დავრეკავდი... მახსოვს გაღიმებული რომ გამობანცალდებოდი ჩემს სანახავად და პატარა ხელებს მაღლა აწევდი, ხელში რომ ამეყვანე... თავს მხარზე ჩამომადებდი და ქერა კულულებს სახეზე დამაყრიდი... აბრეშუმივით რბილი თმა გქონდა, შენი სურნელით გაჟღენთილი... გაბრწყინებული თვალებით გამომართმევდი ხოლმე შოკოლადებიან პარკს და იატაკზე ამოაპირქვავებდი... შოკოლადებზე გიჟდებოდი, სამაგიეროდ საჭმელი არ გიყვარდა... გეტყობოდა კიდევაც, სიფრიფანა ქაღალდის წონა გქონდა... მახსოვს როგორ აწვალებდი დედიკოს კარაქიანი პურების ჭამისას. რამდენჯერმე მეც ვცადე რომ მეჭმია, მაგრამ იმდენჯერ პირიდან გადმომიყარე ლუკმები... შენგან ესეც კი მსიამოვნებდა...პაწაწუნა კი იყავი, მაგრამ უზარმაზარი გული გქონდა... ყველა გიყვარდა, ყველაფერი გაბედნიერედა და ადვილად გწყინდა. მახსოვს ატირებული რომ ჩამეხუტებოდი და მე თმებზე გეფერებოდი ხოლმე. სხვა ბავშვების ტირილს და ჭირვეულობას თუ ჭკუიდან გადავყავდი, შენ იმის ნებასაც კი გაძლევდი რომ ჩემი ოთახი ყირაზე დაგეყენებინა და ჩემი სასკოლო რვეულები გაგეფუჭებინა. ხმაურის რომ შეგეშინდებოდა, ჩამეხუტებოდი და პატარა ხელებს მთელი ძალით მომიჭერდი... ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ არსებობდი და მაბედნიერებდი... პატარა ვარდისფერ ტუჩებს ლოყაზე მომადებდი, მაკოცებდი და გამიღიმებდი... მერე ერთი კვირა პირდაუბანელი დავდიოდი... მიყვარხარო, პირველად რომ მითხარი დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. მაშინ ალბათ ორი წლის იქნებოდი. იმ წამს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, თუმცა რატომ იმ წამს? მთელი თვე მყოფნიდა შენი ეს სიტყვები ბედნიერებისთვის...სახელს არ მეძახდი.. ვერ მეძახდი.. "გოგოს" მეძახდი და საოცრად მსიამოვნებდა ეს სახელი. ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ შენ მეძახდი და მეორეც იმიტომ რომ მარტო შენ მომმართავდი ასე... ისეთი თბილი იყო შენი ეს ერთი სიტყვა, რომ საერთოდ არ გავდა სხვების მიერ წარმოთქმულ ჩემს სახელს... ხშირად ცივდებოდი და ავადმყოფობდი. შენს ცუდად ყოფნას ვერ ვიტანდი. ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ ვნერვიულობდი, მეორე კი იმიტომ რომ ეგოისტი ვიყავი. ვიცოდი მაშინ ვერ გნახავდი, ვერ გეთამაშებოდი, შოკოლადებს ვერ გაჭმევდი... მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდი, ერთხელ მაინც ჩუმად გაჭამე ქინდერის შოკოლადი. მერე კი მოთხუპნული ტუჩები სალფეთქით გაგიწმინდე, დედიკო რომ ვერაფერს მიმხვდარიყო. მაშინაც ავად იყავი, საავადმყოფოში დაგაწვინეს. მახსოვს, სკოლიდან მოვედით მე და დედა შენს სანახავად. გეძინა... ვარდისფერი ზედა გეცვა და დათუნიებიანი საბანი გეფარა... შენი საყვარელი თოჯინა გყავდა გულში ჩახუტებული... შემშურდა შენი თოჯინასი. მინდოდა გაგღვიძებოდა და შენი ოკეანისფერი თვალებით შემოგეხედა, გაგეღიმა ან თუნდაც გეტირა... არ გაიღვიძე... შუბლზე გაკოცე და სახლში წამოვედით... ცხელი იყავი... მთელი დღე შენი სურნელით გაბრუებული ვიყავი, ვერც ვიმეცადინე და ვერც დავიძინე წესიერად... გამთენიას დედას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა... შენები იყვნენ... დაგვირეკეს და გვითხრეს რომ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა გვითხრეს? იცი, მე დღესაც გიგროვებ შოკოლადებს... უკვე იმდენია, რომ მაცივარში ვეღარ ვატევ... გუშინ ჩემი პატარა დეიდაშვილი იყო მოსული, შოკოლადი მთხოვაა... ჩავედი მაღაზიაში და ამოვუტანე... გეფიცები, შენი შოკოლადებიდან ერთი ცალიც არ მიმიცია... შენს მონატრებას ტელეფონის გაყინული ეკრანის კოცნა აღარ შველის...აღარც შენი სათამაშოების გულში ჩაკვრა... სულ მესიზმრები... ისევ ის ვარდისფერი ზედა გაცვია...მიღიმი, მინდა შეგეხო, ჩაგეხუტო, მაგრამ მიცინი და გარბიხარ...გამირბიხარ... გაღვიძებულს შენი სურათის ჩახუტება აღარ მშველის... ეს სურათიც ჩემსავით გაყინულია, და არა შენსავით თბილი, თუმცა შენი სურნელი კიდევ აქვს შერჩენილი... შენმა მონატრებამ უკვე პიკს მიაღწია... ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერ გადავყლაპე, მახრჩობდა... ტირილი კი უკვე დიდი ხანია აღარ შემიძლია... ყელში გაჩხერილი ბურთი უფრო და უფრო მახრჩობდა...რომ არ მენახე ჭკუიდან გადავიდოდი, ისედაც ბოლო ერთი თვეა ნორმალურად აღარ მთვლიან... იმ საღამოსაც თებერვალი იყო და წვიმა, თოვლი და ქარი ისევ ერთმანეთში ირეოდა...შენი შოკოლადები კალათაში ჩავაწყვე და ხელები მაგრად მოვუჭირე... ვიცი გაგიხარდებოდა...ნეტავ ეხლაც ისევ ისე გაგიხარდება ჩემი ნახვა? ისევ გამობანცალდები და ხელებს მაღლა აწევ რომ აგიყვანო? ალბათ, ხო. ალბათ ისევ გამიღიმებ, მეც ისევ ძველებურად აგიყვან ხელში, ძალიან მაგრად ჩაგიხუტებ, ისევ ამევსება ფილტვები შენი სურნელით და... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.