ბედისწერის საჩუქარი (სრულად)
ბედისწერის საჩუქარი (სრულად) * * * წიგნის კითხვას მოვრჩი თუ არა,მაშინვე კედები ამოვიცვი ფეხზე და ეზოდან ველოსიპედი ქუჩაში გავიყვანე. ზაფხულია და მთელმა უბანმა გარეთ მოიყარა თავი. მოსაღამოვებული იყო, შესაბამისად ზედმეტად აღარ ცხელოდა, პირიქით, გრილი სიოც კი ქროდა. ბავშვების ჟრიამულს, მზესუმზირის კნატუნს და ჩიტების ჭიკჭიკს, მხოლოდ ამ დროს თუ მოისმენს ადამიანი.. როდესაც ყველა მოწყვეტილია თანამედროვე ტექნიკას და მისთვის სასიამოვნო საქმით ერთობა. ჩემი საყვარელი საქმე კი ველოსიპედით აქეთ-იქეთ ნავარდობაა. ამ საგანს ბოლო სამი წლის განმავლობაში იმდენად მივეჩვიე, რომ ხშირად ზამთარშიც კი ვერთობი მისით. პედლები დავატრიალე თუ არა, მაშინვე დავიძარი ადგილიდან და რამოდენიმე წუთში, სულაც მოეფარა ჩემი უბანი თვალს. თითქოს ხელხახლა შევიგრძენი ბედნიერება და ნეტარებაში წასულს ყურებამდე გამეღიმა. რამოდენიმე წუთში ჩავუქროლე ჩემს საყვარელ სკოლასაც და მაღაზიასაც, ხელის დაქნევით მივესალმე გამყიდველს და მარჯვნივ გადავუხვიე. ახლა პირდაპირ პარკისაკენ მივდიოდი, იმედს ვიტოვებდი, რომ გაფუჭებული გზის ღრმულებში წყალს არ დაედო ბინა, თორემ ტალახიან წყალში მომიწევდა ბანაობა.. ტუმცა იმედები გამიცრუვდა! რაც შეიძლებოდა წვრილ ბილიკს გავუყევი, მაგრამ ხელები წამიბორძიკდა და პირდაპირ ყავისფერ წყალში გავტოპე. რამდენიმე წუთში კი გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე შეასკდა ველოსიპედის წინა ბორბალი ტალახში ჩაგდებულ ქვას და მასთან ერთად ბურთივით გავგორდი წყალში. ვიგრძენი, როგორ გამისველა თმა ჭუჭყიანმა სითხემ, თუმცა წუწუნის მაგივრად, ჩუმი კისკისი აღმომხდა და სულ არ მახსოვდა ის ფაქტი, რომ ველოსიპედის საჭე ჩემს ფეხს ერთი სანტიმეტრით აცდა. ქვემოდან დავინახე, იქვე მდგარი ჯიხურიდან როგორ გამოვიდა ვიღაც და ჩემსკენ წამოვიდა. სიკვდილი მერჩია იმას, რომ ვინმეს ასეთ მდგომარეობაში დავენახე, მაგრამ ბედმა არც ახლა გამიღიმა და შავგრემანი, მაღალი ბიჭი, ისეთი სახით დამაჩერდა ზემოდან, თითქოს ტალახში ამოსვრილი ადამიანი პირველად ენახოსო. მალევე დაეტყო სახეზე, რომ ღიმილის შეკავებას ცდილობდა. -გაიცინე, ნუ გრცხვენია, -ამოივიბუზღუნე ჯერ კიდევ ლაფში მწოლიარემ, -ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ხილვა მართლაც რომ სასაცილოა! -ნეტა, შენს თავს შეგახედა. -სასიამოვნო ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა და მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა, -სასაცილოდ ხარ მოთხუპნული. ჩემს დაცინვას რომ მორჩა, დახმარების ნიშნად ხელი გამომიწოდა და მეც მაშინვე გამიელვა თავში ეშმაკურმა აზრმა. ჯერ მის ხელს შევხედე, მერე მის სახეს, წამით შემეცოდა კიდეც მისი თეთრი მაისური და ცისფერი პერანგი, მაგრამ სურვილმა მძლია და მთელი ძალით მოვქაჩე გამოწვდილ ხელში. წამიც არ იყო გასული, ჩემ გვერდით ადგილი რომ დაიკავა, ერთი თავით მაღალმა სილუეტმა. სახის მიმიკა ყოველ წუთში ეცვლებოდა და მეც ყოველ წამს მეგონა, რომ ერთი მაგრად მითაქებდა ცხვირ-პირში, მაგრამ შევცდი. ჩუმად დაწყებული სიცილი ხარხარში გადაეზარდა და მეც მალევე ამიყოლია. ორი ტალახში ამოგვარგნული ახმახი, გიჟებივით ვიცინოდით და გამვლელების გაკვირვებულ მზერას არ ვიმჩნევდით. -არ ველოდი შენგან ამას! -სიცილს რომ მორჩა, ცრემლები ტალახიანი თითებით მოიწმინდა და სახე კიდევ უფრო გაისვარა. -ახლა დედაჩემის საფირმო ფრაზა გაიმეორე, -აღვნიშნე სიცილით, -ის ყოველთვის ასე მეუბნება, როდესაც ჩემს ძმას ვეჩხუბები. -ჩხუბობ კიდეც? -გაკვირვებულმა აზიდა წარბები მაღლა და ისეთი საყვარელი მიმიკა მიიღო, დიდი ხნის ნაცნობი რომ ყოფილიყო, სიამოვნებით ჩავეხუტებოდი. -როგორც ჩანს, შენ არ გყავს ველური, ტლიკინა და თანაც უმცროსი ძმა! -ნიშნისმოგებით ვუპასუხე კითხვაზე და ტალახიანი ხელები ფეხებზე გავიტყაპუნე. -ამდენი ხანია ჭუჭყიან წყალში ვსხედვართ და ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცით, -ამჯერად თეთრი კბილები გამოაჩინა და მიწისგან გაშავებული ხელი გამომიწოდა, -ირაკლი. -ბელა! -არც კი დავფიქრებულვარ ისე გავუწოდე მეც ხელი და ყურებამდე გავუღიმე. -ლამაზი სახელია, -აღნიშნა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა, მერე კი ისევ გამომიწოდა ხელი. მის ხელის გულებს ჩემი თითები შევაგებე ტალახიდან ამოვედი, შემდეგ კი ველოსიპედი წამოვაყენე, რომელსაც წითელი თუ იყო, საერთოდ არ ეტყობოდა. -დედაშენი არ გეჩხუბება სახლში ტალახიანი რომ მიხვალ? - მკითხა, როდესაც წესიერ გზაზე გავედით. -არა, ასეთ რაღაცებზე არ მეჩხუბება ხოლმე, -ვეცადე გამეღიმა, თუმცა ჭუჭყი სახეზე უკვე მიმშრობოდა და კანი დაჭიმული მქონდა. -ე.ი კარგი გოგო ხარ და შენიშვნებს იშვიათად ღებულობ ხოლმე. -მისი მიმიკიდან გამომდინარე, ირაკლის საერთოდ არ უჭირდა გაღიმება. -მთლად მასეც ვერ ვიტყვით, -თავი გადავაქნიე და ერთი თვალი მოვჭუტე, -შენიშვნებს ნამდვილად ვღებულობ. ფეხდაფეხ მივდიოდით, მე ველოსიპედი ხელით მიმყავდა, ის კი ჯიბეებში ხელჩაწყობილი მომყვებოდა. -რა გვარი ხარ, ირაკლი? -პირველად მივმართე მას სახელით და ისევ გავუღიმე. -გვალია, -მიპასუხა ასევე ღიმილით და თაფლისფერი თვალებით კიდევ ერთხელ შემომხედა. -მეგრელი ხარ ბიჭო შენ? -ვკითხე მეგრული კილოთი და გავიღიმე. მას კი ხმამაღლა გაეცინა და ორი თითით მიჩმიტა მარჯვენა ღაწვზე. -რა მხიარული ხარ, -შენიშნა სიცილით. არაფერი მითქვამს. მალევე დავინახე ჩემი ჩიხი და რატომღაც გული დამწყდა. მოწყენა ირაკლიმაც შემატყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჭიშკრამდე მომაცილა, მეც ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა, მან უბრალოდ ღიმილით დამიკრა თავი და გზა განაგრძო. მეზობლებმა ჯერ მე შემომხედეს, შემდეგ გვალიას გააყოლეს თვალი და ისევ განაგრძეს საუბარი რაღაც თემაზე. გამიკვირდა, არც ერთს არაფერი რომ არ უთქვამს ჩემთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, დედაჩემს ჩემი სააბაზანოდან გამოსვლისთანავე ეცოდინებოდა ჩემი ამბავი უფრო შელამაზებულად. ისე ავედი ჩემ ოთახში, არავის გადავყრილვარ გზად. საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. დაახლოებით, ერთი საათი ვიბანდი ტალახიან სხეულს და მომხდარის გახსენებისას სულელივით მეღიმებოდა. გულის სიღრმეში კი, გული ძალიან მწყდებოდა, ირაკლის მეორედ ნახვის საშუალება რომ არ მომეცემოდა. სასიამოვნო ადამიანი ჩანდა, მისნაირებს კი იშვიათად თუ შევხვდებოდი. ფიზიკურადაც სიმპათიური ბიჭია შესაბამისად, შესაძლოა შეყვარებულიც კი ჰყავდეს.. * * * სააბაზანოდან ისეთი სუფთა და თეთრი გამოვედი, როგორიც სინამდვილეში ვარ. პირსახოცი თმაზე შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათი საათი ხდებოდა, მაინც მგელივით შევექეცი ჩემს დაგვიანებულ ვახშამს და თითქმის გამშრალი თმა ჩავიბწენი. გამიკვირდა, ამ დრომდე არავინ რომ არ გამოჩენილა სახლში, თუმცა მესიამოვნა კიდეც მარტოობა. ჭურჭელი ამოვრეცხე თუ არა, ისევ დილით დაწყებულ წიგნს მივუბრუნდი და ამჯერად ამით გავიყვანე დრო. იდილია ფეხის ხმამ დამირღვია. მივხვდი, ჩემი ძმა რომ იქნებოდა, ამიტომაც არც კი გავნძრეულვარ. -ბელა, მშია! -ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე შეყო თავი მაცივარში. -დაიბანე და გაგიცხელებ საჭმელს. -მობეზრებული სახით ჩავდე გამხმარი გვირილა შეჩერებულ ადგილას და წიგნი დავხურე. უსიტყვოდ დამემორჩილა თომა და სულ მალე გავიგონე სააბაზანოდან წამოსული წყლის ჭავლის ხმა. მამა მივლინებაშია და რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნდება. დედა, სავარაუდოდ მეზობელთან იქნება, ან ბიცოლასთან, რომელიც ჩვენ სახლთან ახლოს ცხოვრობს, ამიტომ მასთან ახლო კონტაქტი გვაქვს. მყავს უსაყვარლესი ბიძაშვილი - სანდრო, რომელთანაც ძალიან მიყვარს დროის გატარება და ხშირად ვსეირნობთ ხოლმე ერთად. ასევე მყავს საუკეთესო მეგობარი რიტა. ძალიან მხიარული და საყვარელი გოგოა, რაც მთავარია - თბილი და გამგები, სწორედ ამის გამო მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა. დედაჩემი - ნუნუკა, ჩემი პირველი საუკეთესო მეგობარია. არ არსებობს რაიმე სერიოზული, რაც მე მისთვის დამემალოს, სწორედ ამიტომ მისი ნდობა მოპოვებული მაქვს და თვალდახუჭული მენდობა. თომა ჯერ კიდევ არ იყო სააბაზანოდან გამოსული, დედა რომ დაბრუნდა შინ და ლოყაზე კოცნით შემატყობინა რომ სახლშია. რა თქმა უნდა, ეცოდინება ის ამბავი, რომ ირაკლიმ მომაცილა, თუმცა თავად არასოდეს დაუძალებია რაიმე მომეყოლა. -ნეტავ იცოდე, დღეს რა დამემართა, -დავიწყე დღევანდელი ამბის თხრობა და დედაც გაბრწყინებული სახით მომაჩერდა, -ველოსიპედით სასეირნოდ გავედი მურმანის ჯიხურის გვერდით და უეცრად ტალახში ჩავვარდი, ჩემი ველოსიპედითურთ. მერე ერთი ბიჭი მოვიდა დასახმარებლად, ირაკლი, ხელი გამომიწოდა მე კიდევ, სწრაფად ვიმოქმედე და ისიც ჩემ გვერდით აღმოჩნდა, ჭუჭყიან წყალში ამოსვრილი. ძალიან სასიამოვნო ბიჭი აღმოჩნდა, ბევრი ვიხალისეთ გზაში ხალხის სახეებზე, მერე სახლამდეც მომყვა და წავიდა. -ეს უცხო ბიჭი, ტალახში როგორ ამოაგორე, დედა? -შეიცხადა ნუნუკამ უცებ და წარბები შეკრა. -რა მოხდა, ვის არ უბანავია ჭუჭყიან წყალში? -უდარდელად ავიჩეჩე მხრები და დედაჩემის გამომეტყველებაზე ხმამაღლა გავიცინე. -მეზობლებმა კიდევ შენ შეყვარებულად შერაცხეს ის ბიჭი! -გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -ასეც ვიცოდი, მაგრამ ეგ არაფერი.. არამგონია, ირაკლის მეორედ შევხვდე. -ამოვილაპარაკე ნაწყენმა და ჩემი ოთახისაკენ წავედი, როდესაც თომას საჭმელი გავუმზადე. ჩემი საწოლი ისედაც ფანჯარასთან იდგა, რაც ხელს მიწყობდა იმაში, რომ ღამ-ღამობით ვარსკვლავებისთვის მეთვალთვალა. დიდი იმედი არ მქონდა, რომ კიდევ ვნახავდი მას, მაგრამ გულის რაღაც ნაწილს მაინც სურდა ირაკლი ოდესმე მაინც შემხვედროდა. ერთი ღრმად დავამთქნარე და თვალებიც მივლულე. დაღლილ გონებაზე, ძილი ადვილად მეკიდება და არც ახლა გამჭირვებია ღრმად წასვლა ბურანში. * * * მეორე დღეს ავდექი თუ არა, დედამ იმდენი საქმე დამავალა გარეთ გასასვლელად დროც კი არ მქონდა. მამა მეორე დღეს ჩამოდიოდა ესპანეთიდან და სახლი დასალაგებელი იყო, კერძები - გასაკეთებელი. ასე რომ, დღეს ირაკლის ნახვის ყველა შესაძლებლობას გადაესვა ხაზი. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ახლა მთავარი დედაჩემის დახმარება და მამაჩემის დახვედრა იყო. მახსოვს, დამპირდა, აქსესუარებს ჩამოგიტანო მადრიდიდან. აღფრთოვანებულმა ჯერ კიდევ არ ვიცი, მამაჩემის ჩამოსვლა უფრო მიხარია თუ მადრიდიდან ჩამოტანილი აქსესუარებით ოთახის, ან საკუთარი თავის გაფორმება. რა თქმა უნდა, უფრო პირველი. სახლის დალაგებაში ისე სწრაფად გავიდა დრო, რომ ვერც კი გავიგე. საღამოს ექვსი საათისათვის უკვე გასავათებული ვეგდე დივანზე და თვალის გახელისთვისაც არ მყოფნიდა ძალა. კიდევ კარგი, კერძების გაკეთება დედაჩემმა იკისრა, თორემ მამაჩემს ნამდვილად აღარ დავხვდებოდი სახლში. უკვე საკმაოდ გვიანი იყო გარეთ გასასვლელად, ამიტომ რიტას დავურეკე და ვთხოვე, ჩემთან გადმოსულიყო. მისთვის ჯერ კიდევ სათქმელი მქონდა ცხელ-ცხელი, გუშინდელი ამბები. უკვე წარმომედგინა როგორ დაიწყებდა უმისამართოდ ხეტიალს ჩემს ოთახში და ხელების ქნევით საქმის რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ მანამდე უნდა მეთქვა ყველაფერი. დავურეკე თუ არა, მაშინვე ჩემთან გაჩნდა საოცრად მობეზრებული სახით და ჩემს წინ ისე უემოციოდ დაჯდა, ეჭვი შემეპარა მის ჯანმრთელობაში. -კაკაბაძეების ასულო, რა ხდება შენს თავს? -შუბლზე ხელი მივადე სიცხის გასაზომად, მან კი ჩემი ხელი ისევე უემოციოდ მოიცილა, როგორი სახითაც მოთავსდა ჩემს წინ წეღან. -რა ხდება და ის, რომ ჩემი დაქალი გუშინ ვიღაც ირაკლი გვალიასთან ერთად ტალახში ბანაობდა და მე არ ვიცოდი! -წარბები კუშტად შეკრა, მე კი გაკვირვებისგან პირი დავაღე. -საიდან გაიგე? ვინ გითხრა? -მივაყარე კითხვები და დაღლილ-დაქანცული საწოლზე დავწექი. -ჩემს ძმას არ იცნობ? -ცალი წარბი მაღლა აზიდა და შევამჩნიე, როგორ იკავებდა სიცილს. -ოო, დიდო და ყოვლისშემძლე სანდრო, -ხელები მაღლა აღვაპყრე და სანდროს „დიდებას“ მოვყევი. -მაგან რა იცოდა? -რამდენიმე წამში ქება-დიდებას რომ მოვრჩი, ვკითხე სერიოზულად. -მითხარი ერთი კაცი, რომელიც მას არ იცნობს, ან მისი ძმაკაცი არ არის! -ო, არავინ, მაგრამ ირაკლის საიდან იცნობდა? -მობეზრებულად გავაკანტურე თავი. -ირაკლი შენ არ გინახავს არასდროს თორემ... -ტუჩები გაწელა და თვალები დააწვრილა, იცის, როგორ მიშლის ეს გამომეტყველება ნერვებს. -მართლა პირველად ვნახე, თან როგორ მომენტში! -წარბები ავზიდე მაღლა და ეშმაკურად გავიცინე. -დღეს დილით ჩვენთან იყო მოსული და სიცილით ღოღავდა იატაკზე, შენთან შეხვედრას რომ გვიღწერდა! -წინადადება რომ დაასრულა, ტაში შემოჰკრა რიტამ და ისიც ჩემ გვერდით დაჯდა საწოლზე. -აბა რას იზამდა, გზაში რომ მოვდიოდით, ხალხი როგორ უცხოპლანეტელებს ისე გვიყურებდა, თითქოს მანამდე ტალახში გასვრილი ადამიანები არ ენახოთ. -თავის მართლება ვცადე და რიტასკენ გადავტრიალდი. ახლა პირისპირ ვიწექით და პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. -კიდევ რა თქვა? -კიდევ ის თქვა, რომ ძალიან მხიარული და ლამაზი ხარ.. თან ეს ყველაფერი ისე ხმადაბლა და საყვარელი თვალებით წარმოთქვა, გულგრილი არ უნდა იყოს შენს მიმართ. -რომელ გულგრილობაზე ლაპარაკობ, რიტა. ერთი დღეა რაც გავიცანი, თუ ამას გაცნობა ჰქვია. -ამოვიბუზღუნე მე. -ო, შენი პესიმიზმი და შენი თავი, რა! -ხელი აიქნია და ამჯერად ჭერს მიაშტერდა. -ჩემთან წამოდი, ყავა დავლიოთ,- ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა. -კარგი, კარგი.. -თავი გავაკანტურე და ფეხზე წამოვდექი. -გარეთ გრილა? -ვკითხე და ტანსაცმლის კარადაში დავიწყე ქექვა. -არა, გეცვას ეგ კაბა, ლამაზია. -მომანიშნა ცისფერ სარაფანზე და სულ ძალით გამათრია გარეთ. რიტა მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა, ამიტომ ძალიან მალე მვედით მასთან. ეზოში უამრავი ბიჭი იჯდა, ხის გრძელ სკამზე, ზოგსაც ჰამაკში დაეკავებინა ადგილი. აქედან სანდროს გარდა, მხოლოდ ერთ ბიჭს ვიცნობდი და მათ მივესალმე, შემდეგ კი ირაკლის მოვკარი თვალი და სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე. გუშინდელისგან განსხვავებით, ახლა უკეთ ვხედავდი მის ულამაზეს სახის ფორმებს და უცხო ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ისეთი სიმპათიური და არაჩვეულებრივი იყო, ალბათ, ნებისმიერი გოგო ჩაუვარდებოდა კალთაში. დამინახა თუ არა, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და მეც სახე გამებადრა. მოდიოდა ნელა და დინჯი ნაბიჯებით, თითქოს თან მოჰქონდა ის სიგრილე, ზაფხული რომ გვანატრებს თავისი სიცხეებით. თეთრი კბილები კიდევ ერთხელ დამანახა და კარგი ნაცნობივით გადამკოცნა. -არ ველოდი შენს აქ ნახვას, -ვუთხარი მე და გავუღიმე. -მე მეტ-ნაკლებად ველოდი.. -ცალი თვალი მოჭუტა და ერთ ადგილას ატუზულ რიტას შეავლო მზერა, -რიტამ მითხრა, რომ მისი დაქალი იყავი და.. -კარგით, მორჩით ახლა. -ჩაგვერია კაკაბაძე და ჩვენს შორის ჩადგა, -წამოდი შენ ჩემთან! -მაჯაში ხელი ჩამავლო და ისე შემიყვანა სახლში, რომ დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. -ჩართე კომპიუტერი, მე ყავას მოვამზადებ და მოვალ. -ლეპტოპთან პატარა ბავშვივით დამსვა და „ჭკუა დამარიგა“. -კარგი, -დავეთანხმე და ფილმებს დავუწყე ძებნა. სულ მალე ჩავრთე ერთ-ერთი, ჩემი საყვარელი ფილმი A walk to remember და გაბრწყინებული თვალებით მივაჩერდი უკვე მილიონჯერ ნანახს. -აუ, კარგი, რა.. კარგი, რა! -აბუზღუნდა რიტა, როგორც კი ეკრანზე უკვე მობეზრებულ კადრებს შეავლო თვალი. -ნეტა დაზეპირებული თუ არ გაქვს რა! -ამ ერთხელ ვუყუროთ რა, -თვალები ავაციმციმე და ცივი ყავა ხელიდან გამოვართვი. თითქმის ნახევარ ფილმს ვუყურეთ, ვიღაცამ რომ შემოგლიჯა კარები და მოულოდნელობისგან შევკრთი. სანდროს უკან მოყვა, გიორგი, ნიკა, რეზი და ირაკლი. -ღმერთოო, მერამდენედ ოდიშელიძის ასულო, მითხარი მერამდენედ უნდა უყურო ამ სისულელეს? -სწრაფად გამორთო ფილმი სანდრომ. -სულაც არ არის სისულელე და ჩამირთე ახლავე, -გავკაპასდი და მწყრალი სახით შევხედე. -არ ჩაგირთავ. -აუ, რიტა უთხარი რა, ჩამირთოს. -ახლა დაქალს ვთხოვე დახმარება, თუმცა მისგანაც უარი რომ მივიღე, ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და თავისუფალ სავარძელზე მოვთავსდი. ფხუკუნით გადმომხედა ირაკლიმ, მე კიდევ ისე შევუბღვირე, დანებების ნიშნად ხელები მაღლა აღაპყრო და ბიჭებს მიუბრუნდა. მერე რაღაც საშინელება ჩართეს, ჩუმ-ჩუმად ვაპარებდი თვალს, თუმცა იმდენად მეშინოდა, რომ ადგილზე ვხტუნავდი. შუა ფილმის დროს, ფეხზე წამოვდექი და განვაცხადე რომ ჩემი წასვლის დრო იყო. რიტა მეხვეწა, ცოტა ხნით დავრჩენილიყავი, მაგრამ იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ სულ არ მეხალისებოდა იქ ყოფნა. ირაკლიმაც იგივე არგუმენტები მოიყვანა საძმაკაცოსგან თავის დასახსნელად და ჩემთან ერთად დატოვა სახლი. -გრძელი გზით წავიდეთ, თუ გინდა და ცოტა ვილაპარაკოთ, -შემომთავაზა მან და მეც მის ნებას დავყევი. -როგორ მოხდა, შენი ველოსიპედი თან რომ არ წამოიყვანე? -გასარეცხი იყო, თან დღეს ძალიან დავიღალე და.. -შეძლებისდაგვარად გავუღიმე. -გული დაგწყდა ფილმი რომ გამოგირთეს? -არა, მაგაზე არ დამწყვეტია გული, უბრალოდ, ხასიათზე ვერ ვიყავი. -ახლავე მოგიყვან ხასიათზე, წამოდი. ხელი მაჯაზე ჩამკიდა და სწრაფად გამაქანა მრავალსართულიანი ბინებისაკენ. -სად მივდივართ? -ისე სწრაფად მივდიოდით, სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს და ფეხების ტკივილიც მზღუდავდა იმაში, რომ მას დავწეოდი. ბინების წინ, მანქანის სადგომები იყო ჩამწკრივებული. ირაკლიმ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ერთ-ერთი მათგანი გააღო. იქიდან კი შავი, პრიალა მოტოციკლი გამოიყვანა, ისეთი, როგორიც მე მიყვარს! -აბა, რას იტყვი მოტოციკლით გასეირნებაზე? -ჩაფხუტი გამომიწოდა და დავინახე, როგორ ჩაიღიმა. -კი მაგრამ, ჩემი კაბა? -წარბები მაღლა ავზიდე. -არაუშავს. -უდარდელად ჩაილაპარაკა. ჩაფხუტი თავზე დავიხურე და ირაკლის უკან დავიკავე ადგილი, თან ფეხები ერთ მხარეს მქონდა გადმოლაგებული. -მასე თუ აპირებ ჯდომას, 99%-ით ვარ დარწმუნებული რომ ასფალტს მიეხატები, ასე რომ, თავისუფლად დაჯექი რა! -აწუწუნდა. მეც მის ნებას დავჯექი და სულ მალე, გვალიას წელზე ხელები მქონდა შემოხვეული, ზურგზე კი თავი მედო. ისე ახლოს ვიყავი მასთან, რომ ცივმა ოფლმა დამასხა შუბლზე და ხელისგულები სულ დამეცვარა. დავიფიცებდი, რომ იმ წამს საკუთარი გულისცემის გარდა, არაფერი მესმოდა. მალევე დავინახე, როგორ მოვწყდი ადგილს და როგორ მომეძალა ადრენალინი. რეალური საგნები ისე აირია ერთმანეთში, რომ ირგვლივ აბსტრაქციის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ვამჩნევდი, როგორ ენაცვლებოდა ფერები ფერებს, მხოლოდ ცა და ვარსკვლავები არ იცვლიდნენ ფორმას. რაღაც ზედაპირზე მოსიარულე არსებები კი საოცრად გაცრეცილიყვნენ და მათ სახეს საერთოდ ვერ ვამჩნევდი. ვგრძნობდი ჰაერი როგორ მეხეთქებოდა სახეზე და მომინდა, რომ ჩაფხუტი მომეხსნა, რათა თმებსაც ეგრძნოთ ის თავისუფლება, რასაც მე იმ წამს ვგრძნობდი. -ირაკლი, შეიძლება ჩაფხუტი მოვიხსნა? -დავიყვირე მაღალ ხმაზე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ვერ გაიგებდა. -ცალი ხელი არ გამიშვა, -გამაფრთხილა მკაცრი ტონით. მეც მარჯვენა ხელი მის წელს მოვაცილე და ქამარი შევხსენი, ჩაფხუტი კი ცალი ხელით დავიჭირე და ხმამაღლა გადავიკისკისე როდესაც დახუთული თმები გრილმა სიომ ირგვლივ გაფანტა. მეორე ხელის გაშვების მეშინოდა, თან არც მინდოდა. იმდენად ახლოს ვიყავი მასთან, რომ გაშვების ყველანაირი სურვილი მოსპობილი მქონდა. ერთადერთი, რაც გულით მინდოდა ის იყო, რომ ეს წამები არასოდეს დასრულებულიყო. მთელი დღის დაღლილობა მომიხსნა ამ გასეირნებამ და ირაკლის გვერდით ყოფნამ. ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, მინდოდა ეს წამები დაუვიწყარი და დაუსრულებელი ყოფილიყო. დაახლოებით, ნახევარი საათი იყო გასული, რაც მოტოციკლი გაჩერებული ჰყავდა, ჩვენ კიდევ ისევ ისე ვიჯექით და მთელს თბილისს ვუცქერდით. გრილი სიო სახეზე გველამუნებოდა და თმებს უკან გვიყრიდა, თუმცა არც ერთი გამოვთქვამდით პრეტენზიას. -რა ლამაზია, არა? -მკითხა უეცრად. ხმის ამოღება არ მინდოდა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე. -რამდენი ხანია მოტოციკლით აქ არ ვყოფილვარ. -მე კიდევ, საერთოდ არ ვყოფილვარ მოტოციკლით. ძალიან, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო! ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეს ჩემს თავს მოხდა. -აღფრთოვანებისგან ვბლუყუნებდი და ეჭვი მქონდა, რამე გაეგო ჩემი ნათქვამიდან. -კიდევ წამოგიყვან, თუ მოგეწონა. -ამის შემდეგ ჩემს გარეშე აქ წამოსვლას არ გაბედავ! -გავაფრთხილე კატეგორიული ტონით. -გპირდები! -მითხრა და ჩემსკენ შემობრუნდა. -ტალახის და გაბრაზების გარეშე უფრო ლამაზი ხარ! -მითხრა და თვალი ჩამიკრა. -შევიფერებ ახლავე, -გადავიკისკისე და წამწამები ავაფახულე. -აგრილდა, არ გაცივდე. -მითხრა და თავისი პერანგი გაიძრო, თითქოს ის გამათბობდა. -არ მცივა, მართლა. -ვუთხარი და უკან დაბრუნება ვცადე. -მინდა რომ ჩაიცვა. -გაჯიუტდა ისიც და თავისი ხელით სულ ძალით ჩამაცვა პერანგი. თავად კი დარჩა თეთრი მაისურის ამარა. საოცრად არომატული სუნამოს სუნი ასდიოდა პერანგს, ტანზე მაგრად მოვიხვიე, მეც რომ გადმომსვლოდა მისი სურნელი. -წავიდეთ? -მკითხა და ფრთხილად მომხვია წელზე ხელი. -აუ, ვიყოთ რა. -ამოვიწუწუნე, რადგან სახლში მისვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. -იცი ახლა რა გამახსენდა? -მკითხა და ისევ მე მომიბრუნდა. -რა? -ვკითხე და თვალებში ჩავაჩერდი. -„იყო და არა,ჩვენ ვიყავით,აქაც და იქაც და შორი - ახლოს თუ უკრავდა ფორტეპიანო, საზიზღრობაა მთელი გულით გიცდიდეს ვიღაც და შენ კი ადგე და უბრალოდ დაიგვიანო.“ -ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ჩემი საყვარელი თანამედროვე პოეტი! -წამოვიყვირე თვალებგაბრწყინებულმა, -ისე საუბრობ, თითქოს ვინმემ გული გატკინა. -დავსერიოზულდი უცებ. -თითქოს არა- მართლა მატკინა, -ჩაილაპარაკა ღვარძლიანად, -მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. -კარგი. -ვუთხარი. ძალიან არ დავინტერესებულვარ თუ რა მოხდა მის წარსულში.. მთავარი ჩემთვის ის იყო, რომ მას გული ატკინეს. ეს და მეტი არაფერი! -მაგრამ იცი რა? -ვუთხარი უეცრად და ჩემსკენ მოვაბრუნე. –„ნუ გეშინიათ ვინმეს დაკარგვის. თქვენ არ დაკარგავთ იმას, ვინც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის. იკარგებიან ისინი, რომლებიც გამოგზავნილნი არიან თქვენთვის, როგორც გამოცდილება. რჩებიან ისინი, რომლებიც გამოგზავნილნი არიან ბედისწერით.“ ეს თქვა შეშლილმა გენიოსმა ნიცშემ, მაგრამ სულაც არ ჰგავს ის შეშლილის სიტყვებს, არა? -იქნები ჩემი ბედისწერის საჩუქარი? -მკითხა უეცრად. -ეს ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ირაკლი.. ეს ბედისწერას უნდა მივანდოთ! -ვუპასუხე მე. -ჩაგეხუტები რა. -მითხრა ისეთი თვალებითა და ხმით, შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე, თუმცა ამის სურვილი არც მქონია. მაგრად შემოვხვიე ხელები წელზე და გულზე დავადე თავი. „რაღაც ისეთი მჭირდება ღმერთო, რაღაც კი არა ვინმე ისეთის ჩახუტება რომ დიდი ხნის სევდა ხასიათივით გამომიკეთოს.“ გულმა დაიწყო ხტუნვა და სალტოების კეთება ჰაერში, მე კი არაფერი მახსოვდა ახლა მის მეტი. ვიყავით ორნი დედამიწაზე, მე და ირაკლი!.. *** -ირაკლი, ხომ გთხოვე, შოკოლადიან ნაყინს ნუ მყიდულობ, პირი მეთხუპნება-მეთქი? -ავბუზღუნდი, როდესაც მაღაზიიდან შოკოლადის ნაყინით ხელდამშვენებული გამოვიდა. -მაგრამ შენ ხომ გიყვარს? -ეშმაკურად აზიდა წარბები მაღლა. -მე შენც მიყვარხარ, მაგრამ როცა სასაცილოდ გამოიყურები, არ დაგცინი ხოლმე. -არ ვწყვეტდი ბუზღუნს, რაც გვალიას უფროდაუფრო ახალისებდა. -როგორ არ დაგცინო, როცა პატარა ბავშვივით ბანაობ შოკოლადში, ბელა? -აჰა, ე.ი მარტო მე ვბანაობ, ხომ? -ამოვიბუზღუნე უცებ და ნაყინი მთელი მონდომებით წავუსვი სახეზე. -ესეც ასე, გვალია! სამაგიერო გადახდილია! -გადავიკისკისე და სწრაფად მოვწყდი ადგილს, რადგან არც მე მელოდა კარგი დღე. -შე ეშმაკო! ახლავე გიჩვენებ სეირს. -მომდევდა უკან და მუქარას არ წყვეტდა. -დამეწიე, აბა! -ვქოშინებდი, მაგრამ მაინც არ ვწყვეტდი კისკისს. -ისე მარტო ყოფნის შიში რა გითხრა და შენ რომ არ მენახე, ალბათ გავაფრენდი. -მითხრა როცა დამიჭირა და ნაყინით მოთხუპნული სახე ჩემ ყელში ჩარგო, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობდი... *** -ჩავირიცხე, ირაკლი! ჯავახიშვილში ჩავირიცხე! -გახარებული გავკიოდი და ერთ ადგილას ვხტუნავდი. -სრული სტიპენდია დავიმსახურე, გესმის? -ვყვიროდი და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. -მე ყოველთვის მჯეროდა შენი.. -მითხრა ჩუმად და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა, იმაზე ღრმად ვიდრე ადრე იცოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველი ახალი გულში ჩაკვრისას რეკორდს მოხსნიდა. -შენ არ ხარ ჩემი მეორე ნახევარი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. შენ ხარ ჩემი სულის ის ნაწილი, რომელსაც ჩემ სხეულში ჩასახლებული სულის ნახევარი გამუდმებით ეძებდა. *** მე ეგ თვალები შემიყვარდა ღამეზე უფრო, შენს თმას ფერება შეუყვარდა, ნიავზე მეტად, მე ჩემს სხეულში შეგინახე თბილად და მყუდროდ, შენ კი ძარღვებში, სისხლისათვის სავალ გზას კეტავ. (ნ.ტოტოღაშვილი) .............................. ესეც სრული ისტორია.. მთელი გულით ვეცადე კარგი გამოსულიყო, აბა შემიფასეთ! გუშინ დენი არ მქონდა, მერე ინტერნეტიც და ვერც „დაუპატიჟებელი სტუმრის“ ახალი თავი დავდე.. ამიტომ მიიღეთ ეს სრული ისტორია საჩუქრად! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.