ტრიალი წრის გარშემო [1]
„არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა“ (გურამ დოჩანაშვილი, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა") *** რამდენიმე წამის განმავლობაში გასაღებს ნერვიულად ატრიალებდა, თუმცა კლიტეს ვერაფრით მოარგო. ბოლოს მიხვდა, რომ არასწორად უმიზნებდა. სახლში გამწარებული შევარდა და ჩანთა მთელი ძალით მოისროლა. ირგვლივ ისე მიმოიხედა, თითქოს იქ პირველად იყო. წამით კედელს თვალი მიაშტერა, შემდგომ კი მზერა ჩანთიდან გადმოვარდნილ პარიკსა და ტანსაცმელზე გადაიტანა. მაგიდის უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და ნაკუწებად აქცია. უნდოდა შვება ეგრძნო. რომ არა თანდაყოლილი ცივი გონების ნატამალი, ალბათ ყველაფერს გაანადგურებდა, რაც ხელში მოყვებოდა. ცრემლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სდიოდა, ახლაღა შეამჩნია. ხელის ზურგით მოიწმინდა და მაგიდას მიუჯდა. „ეს რა გავაკეთე?!“ - იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, სახე ხელებში ჩარგო და დახშული კვნესა ამოუშვა. ტელეფონმა რომ დარეკა, სავარძლიდან დაფეთებული წამოვარდა. -ელენე, ბარგი ჩამილაგე რა, ხვალ დილით პარიზში მივფრინავ. – ქმრის სიტყვები თანმიმდევრულად, საოცარი არაბუნებრივობით ჩაესმოდა ყურში. თითქოს სიზმარში იყო. -დიდი ხნით? - ტელეფონში ოდნავ ათრთოლებული ხმა გაისმა. ძლივს მოაბა თავი და 2 სიტყვა ერთმანეთს გადააბა. ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა, რომ წავიდოდა... -არ ვიცი, როგორც საქმეს დასჭირდება. სავარაუდოდ 1 კვირით. ეხლა ოფისში ვარ და ძალიან ბევრი საქმე მაქვს - სახე ოდნავ დამანჭა და თავი საჩვენებელი თითით მოიფხანა -კაი ჰო - ელენემ ტელეფონა გათიშა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა. გაოფლიანებული ხელისგულები მაგიდას მძიმედ დააყრდნო და თავი ჩაღუნა. ბოლომდე მოშვებული წყლის გამაყუებელმა ხმამ ვერ მოაშორა ფიქრებს, თუმცა ნიჟარიდან გადმოსულმა წყალმა ანაზდად გამოარკვია და ონკანი სასწრაფოდ დაკეტა. მიხვდა, რომ საკმაოდ შეტოპა იმისთვის, რომ გაჩერებულიყო. გაჩერება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მაშინ, როცა დასაკარგი თითქმის აღარაფერი გრჩება, ინერციით მიყვები მდინარეს, რომელიც თვითონვე აამღვრიე. ზანტად გადმოიღო ქმრის ჩემოდანი, რომელიც ასე ძალიან სძულდა. თუმცაღა ახლა ორმაგი მიზეზი ჰქონდა ამისთვის. დათო რამდენიმე სასტუმროს ფლობს და მცირე ბიზნესებიც აქვს, ამიტომ მოგზაურობა ხშირად უწევს. ცოლი რამდენჯერმე ჰყავდა თან წაყვანილი, მაგრამ მისთვის ვერასდროს იცლიდა, ისიც ამ ბოლო დროს აღარსად დაყვება. 2-წლიანი ცოლ-ქმრობა აკავშირებთ, თუმცა ბავშვი ჯერ არ ჰყავთ. ექიმთან არასდროს ყოფილან, რადგან დათოს ამისთვის, „დრო არ რჩება“. ეს ფაქტი მაინცდამაინც არც აწუხებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ალბათ ვერც ბავშვისთვის მიიცლის. ერთ დროს ელენე სიგიჟემდე უყვარდა. ახლა? ახლა ალბათ აღარ... ხშირად ფიქრობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, როგორ გაცივდა და გაუფასურდა მათი ურთიერთობა. სად გაქრა ის სითბო და სიყვარული, რომლითაც ოჯახი შექმნეს. როდის გაუჩინარდა... ბარგის ჩალაგებას რომ მორჩა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და კედელს მიაშტერდა. ცოლის ამოღამებული თვალები და დარდისგან ჩახრენწილი ხმა ამდენი დღის განმავლობაში დათოს არც კი შეუნიშნავს. -მოღალატე, როგორ გამირბის... აბა ვნახოთ, დღეს საღამოს როგორ დაიძვრენს თავს. - ფიქრობდა ხმამაღლა და ცრემლები გაუცნობიერებლად სდიოდა - არ ვაპატიებ, გავამწარებ! - იმუქრებოდა და მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. 1 კვირით ადრე -ელენე ყველაზე მაგარ როლებს სულ თაკოს აძლევს - იუმორით თქვა გიგიმ და დანარჩენ მსახიობებს თვალი ჩაუკრა -ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალიო, ჰა? თუ როგორ ამბობენ გიორგი - ეშმაკურად გადახედა ელენემ და ჩაი მოსვა. -აუ პროსტა არ მევასება რაა ეგ გოგო, მაგაზე უკეთ ოფელიას როლს მე ვითამაშებ - აღშფოთება ვერ დაფარა გიგიმ -არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი - დასერიოზულდა ელენე - თუმცა, რატომაც არა. მოდი ვცადოთ - სასაცილო იდეამ განწყობა მომენტალურად შეუცვალა -რა უნდა ვცადოთ? - გიგიმ ელენეს გაოცებული სახე მიაპყრო და მარცხენა ხელში დარჩენილი სიგარეტის ფერფლი ძირს გადმოუვარდა. -მიდი, ადი სცენაზე და ოფელია განასახიერე. -ბაზარი არაა. ოღონდ ერთი პირობით. -პირობას გააჩნია. - ელენემ მარჯვენა წარბი აწია და სერიოზული სახე მიიღო. -ესეიგი. თუ მე გამომივა ოფელიას როლი, თქვენ, ხვალ თეატრში სრულიად განსხვავებული იმიჯით მოხვალთ. -აბა განავრცე - ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელისგული ნიკაპქვეშ ამოიდო. დანარჩენებიც მიუახლოვდნენ, რათა ყველაფერი უკეთ გაეგონათ და არცერთი დეტალი არ გამორჩენოდათ. -თქვენ გაქვთ წაბლისფერი თმა და თავისუფალი სტილი. არასდროს იცმევთ კლასიკურ ტანსაცმელს და მაღალქუსლიანებს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 1 დღით უნდა შეიცვალოთ იმიჯი. თმის ფერი, ჩაცმის სტილი, მანქანა, მაკიაჟი და მოკლედ ისე უნდა გარდაიქმნათ, საკუთარი თავი რომ ვერ იცნოთ -შანსი არაა, არ დაგთანხმდება - გაისმა ერთ-ერთი მსახიობის ხმა. ელენე დააბნია ამ სიტუაციამ, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს კითხა: -და რომ ვერ შეასრულო კარგად? -მეც იგივეს გავაკეთებ. -ანუ? -ანუ ყველაფერს შევიცვლი რა-ჩაცმის სტილს, თმის ფერს, წვერს გავიპარსავ-თუ გინდათ შევიღებავ, მანქანა არ მყავს და თუ გნებავთ ავტობუსის მაგივრად მარშუტკით მოვალ - ბოლო წინადადების წარმოთქმისას ყველამ გადაიხარხარა. ელენეს ტუჩის მარჯვენა კუთხეში ჩაეღიმა -მე თქვენს ადგილას დავთანხმდებოდი - მხარი აუბა ლიკამ მეგობარს -ვერც მე ვხედავ ამაში რაიმე ცუდს - თქვა ელენემ და განაგრძო - აბა, საქმეს შევუდგეთ. - მაგრამ, მანამ 1-2 კოლეგას შემოვიყვან, რათა ყველაფერი ობიექტურად შეაფასონ. - დარწმუნებული იყო, რომ გიგი ოფელიას როლს ვერ მოირგებდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ერთხელაც არ შეშლია სიტყვა და ეს როლი სასაცილოდ, თუმცა პროფესიონალურად შეასრულა. ხარხარებდნენ და იატაკზე ხოხავდნენ დანარჩენები, როცა გიგი ოფელიას სიტყვას ამბობდა: „მე სახსოვრები რომ მაქვს თქვენგან, დიდი ხანია, მინდოდა უკან მომერთმია, აი ინებეთ“. -მოკლედ, ქალბატონო ელენე, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მოგიგეთ - სცენიდან ჩამოხტა გიგი - მიუხედავად დიდი დამცირებისა, დამეთანხმებიან პატივცემული რეჟისორებიც, რომ მე ეს შევძელი - გაიღიმა და თავი დაუკრა დანარჩენ მსახიობებს, რომლებსაც სიცილისგან ჯერ კიდევ ცრემლი სდიოდათ. სხვა გზა არ ჰქონდა ელენეს, თუმცა არც ისე ცუდად ჟღერდა ეს იდეა. პატარა ექსპერიმენტი გამოვიდოდა, რომელიც 23 წლის განმავლობაში არასდროს ჩაუტარებია. *** როცა 17 წლის ხარ, ვარდისფერი სათვალე შენი განუყრელი ატრიბუტია. გგონია, რომ ყველაფერი წინ გაქვს და რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო და უამრავი შანსი გაქვს. თამამად უშვებ შეცდომებს, რადგან მომავლის არ გეშინია. არ განიხილავ ვარიანტს, რომ ერთმა უბედურმა შემთხვევამ შესაძლოა შენი მთლიანი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. გაქვს სამომავლო გეგმები, რომლებშიც ყველაფერი კარგადაა. წარმოსახვაში გყავს მანქანა, სახლი, საყვარელი ადამიანი და სასურველი სამსახური. სწორედ ამ ასაკში იყო ელენე, როცა მოიტაცეს. ეს იმ მოტაცებაში არ აგერიოთ, სადაც „მოსახდენი მოხდება“ და ყველა „ბედნიერია.“ -არაფერი მახსოვს. თვალები ახვეული მქონდა. -რამდენი ადამიანი იყო? -მე მხოლოდ 2 კაცის ხმა მესმოდა. -როგორ გექცეოდნენ? -კარგად -რას ნიშნავს კარგად? -მაჭმევდნენ, არ მცემდნენ, არ მაუპატიურებდნენ. -შეგიძლიათ დეტალურად მომიყვეთ, როგორ მოხდა ყველაფერი? -პროფილში ვართ? - გამომძიებელმა ღრმად ამოისუნთქა. სიგარეტს მოუკიდა და მაგიდას მიუჯდა. ამ ჟესტით ბრაზის დაფარვა სცადა. -მომისმინე პატარა გოგო, მამაშენი - ნიკო მელიქიძე, თბილისის მერი და ქალაქში ყველაზე გავლენიანი კაცია. მისი ერთადერთი შვილი მოიტაცეს და ერთი კვირის განმავლობაში დამწყვდეული ყავდათ გაურკვეველი მიზეზით. მე პირადად ბატონმა ნიკომ დამავალა ამ საქმის გამოძიება და თუკი ხელს არ შემიწყობ, ვერც დამნაშავეებს დავიჭერთ და ჩემი კარიერაც დაინგრევა. - ნაფაზი დაარტყა და მცირედი პაუზის შემდეგ განარგრძო - ეხლა კი თავიდან დავიწყოთ - როგორ მოხდა ყველაფერი? -ჯერ ერთი, ჩემზე სულ 5 წლით უფროსი იქნები და ეს არ გაძლევს იმის უფლებას რომ „პატარა გოგოთი“ მომმართო. მეორე - 1 კვირა კი არა, 4 დღე ვიყავი და ბოლოს, მანამ სანამ ტონს არ შეიცვლი, შეგიძლია დაკითხვაზე აღარ დამიბარო. - ელენემ ჩანთას ხელი დაავლო და განყოფილება უკმაყოფილოდ დატოვა. მედლის მე-2 მხარე ანუ სიტუაციის ჭეშმარიტი ვერსია -იტოგში, მაგ მძღოლს მე მოვაყუმარებ - თქვა გოგამ და არაყი გადაკრა - დილით უმცროს მელიქიძეს რო დატოვებს სკოლაში, სახლში წავა, წერეთელზე. წესით 2-ის ნახევრისთვის უნდა გამოვიდეს და მაგ დროს დავესხმები თავს. -მე სად დაგხვდე? - იკითხა ზაზამ -სკოლასთან -და ვაბშე ბავშვი რა შუაშია ტო, რატო რევთ? - სიგარეტს მოუკიდა ვატომ -აუ სად ბანაობ შენ? ვაბშე აზრზე ხარ რას ვგეგმავთ? - გახედა გაბრაზებულმა გოგამ -ბიჭო რა გინდათ, პროსტა ვიკითხე ბავშვს რას ერჩით თქო, უნდა მოკლათ? თუ რა? -შევაშინოთ მისი საყვარელი მამიკო -და ეგ დაგვიბრუნებს რესტორნებს? -არა, მაგრამ რამდენიმე დღით მაინც დაფიქრდება თავის ცოდვებზე. დაიტანჯება. მეც ეგ მინდა. იგრძნობს, რომ ისეთივე უმოქმედოა ამ სიტუაციაში, როგორშიც მე და კიდევ ბევრი ჩააგდო. აბა მაგისი ფული არაფერში მჭირდება - გოგა წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო - ყველაფერი მშვიდად ჩაივლის -ხო, პროსტა ბავშვია ცოდო, შეეშინდება - სავარძელში მოკალათდა ვატო და სახელურზე საფერფლე დადო -ცოდო რატოა. ვაჭმევთ, არ ვცემთ და სკოლას გააცდენს რამდენიმე დღით - ხუმრობას შეეცადა ზაზა -შენი გადასაწყვეტია ბრატ - მიმართა გოგას - ხო იცი მე ყველაფერში მხარში გიდგავარ. ელენე გაკვეთლების შემდგომ ნატას დაემშვიდობა და მძღოლის მანქანას მიაშურა. წინ დაჯდომას შეჩვეულს, გაუკვირდა უცხო კაცს რომ დაეკავებინა მისი ადგილი. უკანა კარი რომ გააღო და კიდევ ერთი უცნობი დაინახა, რომელსაც ნიღაბი ჰქონდა აფარებული. ამრეზით შეხედა. -ილო, ვინაა ეს ხალხი? - იკითხა ჩაჯდომისთანავე. -ილო შვებულებაშია - გამოხედა გოგამ. - მე გამომიშვა. -ის ასე არასდროს იქცევა, გამაფრთხილებდა - დაბნეულობისგან ტელეფონი ამოიღო, რომელიც გვერდით მჯდომმა ვატომ სასწრაფოდ ააცალა. -რა უტაქტობაა, დამიბრუნე ჩემი ტელეფონი - გაბრაზებულმა გაუწოდა ხელი ვატოს, რაზეც პასუხად სიცილი მიიღო. -რა აცინებს ამას, ან საერთოდ ვინ ხართ? - ეს იყო პირველი სერიოზული შიში ელენეს ცხოვრებაში. ზოგადად, მხოლოდ გამოცდების წინ ნერვიულობს და როცა გუკა ზარნაძეს ელაპარაკება - უფროსკლასელ სიმპატიურ ბიჭს, რომელიც სკოლაში თითქმის ყველა გოგოს მოსწონს, ის კი ელენეს ხვდება. -ნუ ნერვიულობ პატარა, არაფერს დაგიშავებთ - თქვა ზაზამ. -სად მიგყავართ? ეს ჩემი სახლის გზა არ არის, მე ვერაზე ვცხოვრობ - ამოიკნავლა ელენემ. იგრძნო, რომ ფეხები უთრთოდა, ხელები გაეყინა და სახეზეც გაფითრდა. ვატომ ცალყბად გამოხედა და გულგრილად უთხრა: -გეუბნებით, არაფერს დაგიშავებთ - ელენეს სახეზე ნაცრისფერი დაედო, როცა დაინახა რომ მუხათწყაროში, რომელიღაც სახლს მიადგნენ. -არ გადმოვალ! - თვალებში ცრემლები ჩაუდგა და ხმა აუკანკალდა. -აუუ ეხლა ამის ისტერიკების თავი ნაღდად არ მაქვს რა - თქვა გოგამ და მანქანიდან გადმოვიდა. -შენი გადმოუსვლელობა არ იქნება - უთხრა მშვიდი ტონით ვატომ - კაცურ სიტყვას გაძლევ, თითს არცერთი არ დაგაკარებთ. უბრალოდ სიტუაციის გამძაფრება არ მინდა და შენი ძალით გადმოთრევა. ამიტომ ჯობს, ნებით გადმოხვიდე, ოქეი? - თვალი მეგობრულად ჩაუკრა და ხელი გაუწოდა. ელენემ ფეხი ძლივს გადმოდგა მანქანიდან. მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. კივილი როგორც კი დააპირა, ვატომ პირზე ხელი მიაფარა, ზურგზე გადაიკიდა და სახლში ისე შეიყვანა. -რა გინდათ ჩემგან? - ტირილით იკითხა ელენემ. -ეხლა თუ არ გინდა, რომ დაგაბათ და პირი აგიკრათ, დამშვიდდი, და მოგვისმინე - თქვა ზაზამ, სიგარეტს მოუკიდა და როცა მიხვდა, რომ ელენე კივილს აღარ აპირებდა, განაგრძო - მამაშენმა რაღაც შეცდომები დაუშვა და არასწორად მოიქცა ჩვენი „ბრატის“ მიმართ. ხოდა ეხლა ცოტათი უნდა შევაშინოთ. არც გამოსასყიდს ვითხოვთ და არც შენ მოგაყენებთ რაიმე ზიანს. უბრალოდ, რამდენიმე დღე აქ იქნები. ინტერნეტის და ტელეფონის გარდა, რაც გინდა ის გექნება. რომ გაგიშვებთ, თუკი ვინმესთან, თუნდაც ერთ ადამიანთან მაინც წამოგცდება ჩვენი სახელები, გარეგნობა ან საერთოდ რაიმე, რაც ამ ამბავს უკავშირდება, გავიგებთ, და მერე უკვე სხვანაირად ვილაპარაკებთ. ძალიან სერიოზული ხალხი ვართ და დამიჯერე, ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებ. უბრალოდ იტყვი, რომ გაგიტაცეს და თვალები აგიხვიეთ, აქედან გამომდინარე, არაფერი იცი. გასაგებია? -დიახ - ცრემლები მოიწმინდა ელენემ - საჭმელი შეიძლება? სკოლიდან მოვდივარ... -ყველაფერი შეიძლება - თქვა გოგამ, სამზარეულოსკენ მიუთითა და ხუმრობით დააყოლა - თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - ელენე სამზარეულოში გავიდა, მაცივარი გამოაღო და საჭმლის ძებნა დაიწყო. -ბიჭო მე და ზაზა უნდა გავიდეთ და ხო მიხედავ? - თხოვა გოგამ - ფრთხილად იყავი, არ გაგეგცეს -ბაზარი არაა - მხარზე დაადო ხელი ვატომ - აბა თქვენ იცით - სტუმრები გააცილა და სამზარეულოში შევიდა, სადაც ელენე მისკენ გამოშვერილი დანით დახვდა. -ე-ე შენ ხო არ უბერავ? - საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და მიახლოვება სცადა. -არ მომეკარო - თვალებიდან ნაპერკლებს ყრიდა ელენე -დანას ხელი გაუშვი თორე იარაღს ამოვიღებ და შეგეშინდება - გოგონამ დანა ხელისკანკალით დადო და გამტაცებელს დამფრთხალი თვალებით შეხედა. ვატო მაცივართან მივიდა და პროდუქტები გამოიღო: -აუ მეც მაგრად მშია. პიცა გიყვარს? - ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და ელენეს პასუხის მოლოდინში თვალებში ჩააშტერდა. -კი - გოგონამ მზერა ააცილა და თავი ჩაღუნა -მერე მიდი, ხელები დაიბანე და შევუდგეთ საქმეს. - უკვირდა გამტაცებლის უშუალობა და სილაღე. *მაგას რა უჭირს, მე მკითხოს* - ფიქრობდა თავისთვის და ძეხვს ჭრიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.