შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [7]


4-08-2015, 01:12
ავტორი ann tichy
ნანახია 3 341

***
„ვატო, იცი, გადავიღალე.
ჩემი ცხოვრება რუტინად იქცა.
ოჯახი - მოვალეობად.
სიყვარული - ჩვევად.
ურთიერთგაგება - პირობად.
ზრდილობა კიდევ - პირფერობად.
ყველაფერს აქვს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო.
მე გადავაბიჯე და მგონი ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებ.
ხომ იცი, მხოლოდ მაშინ გწერ, როცა ძალიან მიჭირს.
არ ვიცი რატომ დამჩემდა ამ უმისამართო წერილების ფეხსაცმლის ყუთში შენახვა.
ან რატომ ვწერ.
ან რატომ ვინახავ.
ვერ ვხვდები.
ლექსივით წერილის დაწერაც არ გამიგია.
რატომ ავიკვიატე.
ალბათ იმიტომ, რომ ასე უკეთ გამოვხატავ ჩემს ემოციებს.
პაუზებით.
ამდენი ხნის შემდეგაც კი...
სადღაც ...
ძალიან გულის სიღრმეში...
არსებობს იმედის ნაპერწკალი
შენთან შეხვედრის.
მე ვიცი, რომ ბედნიერი ვიქნები შენთან.
ვერ გადანაშაულებ, მაგრამ ვერც გპატიობ.
კონკრეტულად იმას, რომ ჩემში ეჭვი შეიტანე.
სხვა თვალით არ შემომხედე.
სერიოზულად არ აღმიქვი.
ხანდახან...
არა, ძალიან ხანდახან...
უფრო სწორად, ხშირად...
ვფიქრობ,
რას აკეთებ ამ მომენტში.
ხარ თუ არა ბედნიერი.
ან საერთოდ, ცოცხალი მაინც თუ ხარ.
იცი, როგორ მინდება შენი ხმის გახსენება?
ძალას ვატან ხოლმე საკუთარ თავს.
მაგრამ ამაოდ.
მე ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ადამიანმა ისურვოს.
იმაზე მეტიც.
შეიძლება ითქვას, ზედმეტიც.
დედოფალს ვგავარ.
მდიდარს და ძლიერს.
მაგრამ არა - საყვარელს.
ქალისთვის ხომ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ უყვარდეთ.
მე ვუყვარვარ დათოს.
მეც მიყვარს.
მაგრამ შენზე ფიქრს ამდენი წლის განმავლობაში თავიდან ვერ ვიგდებ.
ვიცი, რომ არ ხარ რეალური.
ილუზია ხარ.
ასეთი იყავი ყოველთვის.
ახლა ვხვდები, რატომ არ უნდოდა პიტერ პენს, გაზრდილიყო.
ყველაფერი ბინძურდება.
ირევა.
უფასურდება.
იარები შუშდება.
მაგრამ ზოგიერთი ღრმავდება კიდეც.
უფრო ადვილად ვთმობთ.
მარტივად ვგუობთ ერთფეროვნებას.
მარტოობას.
ვსწავლობთ მეგობრების გარეშე ცხოვრებას.
ცრემლების გარეშე ტანჯვას.
ახლობლების გარეშე სიხარულს.
ყველაფერს გულში ვიკლავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ზედმეტია.
უსაფუძვლოა გამოხატვა.
აღარ ვენდობით ადამიანებს.
დისტანციას ვიჭერთ.
ურთიერთობებს სახელებს ვარქმევთ.
სახელები ხომ ყოველთვის აუფერულებს შეგრძნებებს.
მე შევტოპე და ამ ჭაობიდან არც კი ვიცი, როგორ ამოვიდე.
ალბათ,
თუკი ოდესმე შეგხვდები და მიცნობ (მე ნამდვილად ვერ გიცნობ),
მართლა დავიჯერებ, რომ სასწაულები ხდება.
ყველა,
სულ ყველა წერილს წაგაკითხებ.
1572-ივეს.
1572...  რამდენჯერ ვყოფილვარ ცუდად...
რამდენჯერ მომნატრებიხარ...
იცი, ძალიან მაინტერესებს, გიფიქრია თუ არა ჩემზე.
ვიცი, რომ გიფიქრია.
დავიჯერო, ძილის წინ არასდროს გაგხსენებია ის ღამე, ერთად რომ გვეძინა?
ერთად რომ გვეძინა...
სასაცილოა პირდაპირ 
მაშინ ვკანკალებდი.
სიკვდილივით არ მინდოდა შემოსვლა.
მაგრამ მარტო დაძინების უფრო მეშინოდა.
ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ იმ 4 დღეს.
სევდანარევი სიხარულით.
აქ თამამი ვარ.
გამბედავი.
მაგრამ ზუსტად ვიცი,
რომ შემხვდე და მიცნო,
ხმას ვერ ამოვიღებ.
დავმუნჯდები ისე, რომ მიჩურინის ვაშლი მონაგონი იქნება.
თუმცა მიღირს.
მგონი მართლა ვერ გავიზარდე.
17 წლის ასაკში დავრჩი მაინც.
დათო რომ არ იყოს ასეთ მზრუნველი, რა მეშველებოდა.
მე კი რას ვაკეთებ?
უაზრობას.
იცი, ყოველთვის მეგონა, რომ ძალიან სიმპატიური იქნებოდი 
ისე როგორ მოვკვდე, რომ ეგ არ გავიგო.
სულ მაგაზე მეფიქრება.
არა, გადავიფიქრე.
წერილებს არ წაგაკითხებ.
ჩათვლი, რომ გიჟი ვარ და ისევ მიმატოვებ. 
დათოს ეხლა შია და მელოდება საჭმელს როდის გავუცხელებ, მე კიდევ ვზივარ აქ და ვწერ ჩემს გამოგონილ შეყვარებულს.
ეხლა.
ამ მომენტში.
მინდა, გავიდე და ყველაფერი ვუთხრა.
გაცნობის დღიდან მინდა.
მერე ვიბღავლო.
მთელი გულით.
და ჩავეხუტო.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მინდა, რომ დათოს მაგივრად იმ სავარძელში შენ იჯდე.
თუნდაც მასკით.
მაგრამ შენ 
სიყვარულით,
უმცროსი მელიქიძე!“
***
„ამბობენ, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. ამბობენ, რომ დრო კურნავს ყველაფერს, რომ ადამიანები იცვლებიან. ამბობენ, რომ რაც არ გამოდის, უკეთესობისკენაა. მოკლედ, ბევრ რამეს ამბობენ. ეს ყველაფერი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის. რადგან, როცა 80 წლის ხარ შენ არ შეგიძლია მიხვიდე გოგონასთან ბარში და სასმელზე დაპატიჟო. არ შეგიძლია გაერთო გონების დაკარგვამდე და მოწყდე. არ შეგიძლია არ იფიქრო სიკვდილზე.
ტყუილია, რომ დრო ყველაფერს კურნავს. ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კიბოსავითაა. გკლავს ნელ-ნელა და ტანჯვით. ქიმიოთერაპიებით, ისევე როგორც სხვა ადამიანების დახმარებით, მისი შემსუბუქება შეიძლება, სიცოცხლის ცოტა ხნით გახანგრძლივება, მაგრამ იცი, რომ ბოლომდე ვერ განიკურნები. იცი, რომ ამ ტკივილით მოგიწევს ცხოვრება. იცი, რომ ამის წამალი არ არსებობს.
ტყუილია ისიც, რომ ადამიანები იცვლებიან. ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა იძულებული გახდა რაღაც საკუთარი ნების წინააღმდეგ გაეკეთებინა, დაეთმო პრინციპები, ღირებულებები ანუ ყველაფერი ის, რითიც აქამდე ცხოვრობდა. ჩვენ ეგოისტები ვართ და ბევრს ვითხოვთ ერთმანეთისგან. კითხვაზე „რატომ?“ კი პასუხი ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივეა. „იმიტომ, რომ მიყვარხარ“. ჰო, ჩვენ სიყვარულს ვიმიზეზებთ და ჩვენს ეგოიზმს ამით ვამართლებთ. თავიდან, ვინტერესდებით ადამიანით, გვიზიდავს, გვართობს და გვეხმარება. ჰო, გვეხმარება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. გვგონია, რომ ის „ის ერთადერთია“, იდეალური... დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი ისეთივე კარგი იქნება, როგორც აწმყო. ვაცნობთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრება აეწყო. ძილის წინ, თვალების დახუჭვისას ვგეგმავთ მომავალს, ოჯახს, შვილებს... ჩვენ გვგონია, რომ ის ისეთი გვიყვარს, როგორიცაა და არ გვინდა, შეიცვალოს, დაემსგავსოს სხვებს, რადგან ვთვლით, რომ გამორჩეულია. ძალიან ხშირად ვუმეორებთ ამას მათაც და საკუთარ თავსაც. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ვხედავთ თვისებებს, რომლებიც არ მოგვწონს ან სულაც გვაღიზიანებს. გვჯერა, რომ ეს ელემენტარულია და მათი მოგვარება მარტივი დიალოგითაა შესაძლებელი. ხშირ შემთხვევაში, მართლაც ასეა. თუმცა, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ადამიანს, მით უფრო მეტი რამ არ მოგვწონს მასში. ყველა სხვადასხვანაირია. დედამიწაზე ხომ ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი. ამიტომ, ვიცით, რომ სიყვარულის გამო ბევრი რამ უნდა დავთმოთ. ეს გონივრული ფიქრებია. მაგრამ იცით რა არ არის გონივრული? მოთხოვო საყვარელ ადამიანს შვილების ყოლა, როცა იცი, რომ ბავშვების ატანა არ აქვს. მოთხოვო მას, რომ შეიყვაროს მუსიკა, რომელსაც არ უსმენს. მოთხოვო, რომ იაროს შენთან ერთად იოგაზე, როცა იცი, რომ საერთოდ არ აინტერესებს. არ მიკვირს, რადგან მეც, და ყველას ჩემ გარშემო, ჰქონია ეს მომენტი ურთიერთობაში. ეს არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს ადამიანი, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე. ჩვენ ვართმევთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს იმ მცირე, პატარ-პატარა ნაწილებს, რაც ხდის მათ ადამიანებად. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ცდილობენ შეცვლას, მაგრამ ჩვენ არც ეს მოგვწონს, რადგან ხელოვნურად გამოსდით. შეცვლის მცდელობა უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან შედეგია არაბუნებრივი. ორი დეტალი ხომ ვერასდროს მოერგება ერთმანეთს, თუკი მხოლოდ ერთი ცდილობს? სიყვარული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანთან დარჩე. ჩვენ ვცდილობთ გადავაკეთოთ ერთმანეთი, მერე კი ვტოვებთ, რადგან ასეთი აღარ მოგვწონს. და როცა მივდივართ მათგან, ისინი იცვლებიან. ოღონდ, გარკვეული პერიოდით. ცარიელდებიან და ცოტა ხნით ტკივათ, ან სულაც, ვერაფერს გრძნობენ. მოქმედებენ მექანიკურად. მაგრამ მაშინ, როცა კვლავ უყვარდებათ, ისინი ზუსტად ისეთები ხდებიან, როგორებიც იყვნენ ადრე. ფიქრობენ, რომ ამჯერად მაინც გამოუვათ. ამიტომ ჰო, არ მჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან.
ერთი თხოვნა მაქვს მასთან, ვინც პირველად თქვა, რომ „რაც არ გამოდის, ყველაფერი უკეთესობისკენაა“. მინდა ვთხოვო, აუხსნას ეს 9 წლის გოგონას, რომ დედა, რომელიც რამდენიმე წელი ებრძოდა კიბოს, დამარცხდა. აუხსნას სტუდენტს, რომელმაც წელი დაკარგა, მხოლოდ იმიტომ რომ 1 ქულა დააკლდა. აუხსნას ეს ფრაზა ნარკომანს, რომელმაც სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და ვერ განიკურნა. აუხსნას სპორტსმენს, რომ ავარიის შემდეგ ის გადარჩა, მაგრამ ვეღარასდროს შეძლებს თამაშს.
ჩვენ ვიგონებთ ფრაზებს, რომლებიც დაგვამშვიდებს კრიტიკულ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, რომ იცი - როცა კიბო გაქვს, ყველაფერი კარგად ვერ იქნება. თუკი გარისკავ და 200 კილომეტრი სიჩქარით წახვალ, მორგში შამპანურს ვერ დალევ. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი გეუბნებოდეს, რომ მარტო არ ხარ, მაინც მარტო ხარ საკუთარ ტკივილთან, რადგან ვერავინ განიცდის ამას ისე, როგორც შენ. თუკი გადარჩი, მთავარი არაა, რომ ცოცხალი ხარ, რადგან ვერასდროს დაივიწყებ იმის თვალებს, ვინც შენს თვალწინ მოკლეს. და ბოლოს, თუკი მიგატოვეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესს იმსახურებ.
მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს დოგმები. ჩვენ გვჭირდება რაიმე, რასაც ხელს ჩავჭიდებთ. ისინი გვიმარტივებენ ცხოვრებას. ცოტა ხნით მაინც გვეხმარებიან წინსვლაში, გარკვეული ნაბიჯების გადადგმაში და ეს მნიშვნელოვანია. დაე გვეგონოს, რომ ადამიანები იცვლებიან, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. რომ რაც არ გამოდის, ყველაფერი უკეთესობისკენაა... გვეგონოს, თუკი ეს დაგვეხმარება სიცოცხლის გაგრძელებაში, წარმატებასა და სიყვარულში. გვჯეროდეს, რომ ადამიანები იცვლებიან. რადგან ქვეყნად უამრავი დაუჯერებელი რამ ხდება მათ მიერ, ვისაც სჯერა. ჯიუტად, თუმცა მყარად. და ბოლოს, თუკი თავს ბედნიერად ვიგრძნობთ, თუკი ეს დაგვეხმარება გამოჯანმრთელებასა და განკურნებაში, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს საშუალებას, როცა მიზანი მიღწეულია.“
-ეს თვითონ დაწერე? - დათო გაკვირვებასა და გაოცებას შორის მოქცეულიყო და ვერ ხვდებოდა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა.
-აჰაა - ფართოდ გაიღიმა ელენემ - რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა... მშვენიერია - მაინც გაკვირვება არჩია
-როგორ ფიქრობ, ამირჩევენ სკოლის გაზეთის რედაქტორად?
-არ ვიცი
-რანაირი გამომძიებელი ხარ შენ, არაფერი არ იცი - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ელენემ და ფანჯარაში გაიხედა.
-დილის 9 საათზეც საცობები ვის გაუგია, არ გახადეს ეს სკოლა კემბრიჯის უნივერსიტეტი? - აჰა, მოვედით - ელენემ კარი გააღო და გადასვლა დააპირა. გამომძიებელმა მხარზე ხელი მოკიდა და შეაჩერა, თვალებში ჩახედა და ღიმილით უთხრა
-თუ არ აგირჩევენ, ესე იგი დებილები არიან - გოგონას გაეღიმა და კარი ხალისიანად დახურა
-ეჭვი მაქვს მელიქიძე გამომძიებელს ეპრანჭება - ხმამაღლა თქვა ნატამ, რომელიც კიბეებთან ელოდებოდა
-რა სისულელეა, მამაჩემის ტოლია - ღიმილი მოიშორა სახიდან ელენემ
-ეს თუ მამაშენის ტოლია, მამაშენი მუმიაა
-ნატა გეყოფა რა, ვაგვიანებთ - ხელი მოკიდა მეგობარს და ძალით წაათრია.
-როგორ დიდი ქალივით ლაპარაკობდა გესმოდა, დაკი? - პატარა ლაბრადორი საბარგულიდან გადმოხტა და წინა სიდენიაზე მოკალათდა. დათო ძაღლს მოეფერა და გზა განაგრძო.



№1  offline წევრი ann tichy

თავები ამერია და მე-7 დავაწერე მე-8ს ნაცვლად. წესით, უნდა ასწორებდეს მსგავს შეცდომებს ადმინისტრაცია, ან ავტორს უნდა აძლევდეს ამის საშუალებას. მაგრამ 1 კვირის წინ მიწერილ წერილზეც კი არ მპასუხობენ ))))))))

 


№2  offline მოდერი D-roni

udzaalianmagresia ❤❤❤ ar minda cudad ro. dasruldes :(
ratomgac datoc momwons da vatoc :\
mgonia rom es ori ia ertia ai is vinc elenes chiirdeba ❤
imedia cudad ar daasruleb torem movkvdebibgavilit ❤❤❤

 


№3  offline წევრი ann tichy

D-roni
udzaalianmagresia ❤❤❤ ar minda cudad ro. dasruldes :(
ratomgac datoc momwons da vatoc :\
mgonia rom es ori ia ertia ai is vinc elenes chiirdeba ❤
imedia cudad ar daasruleb torem movkvdebibgavilit ❤❤❤

როგორც ვთქვი, უკვე დასრულებულია და თქენ თვითონ შეაფასებთ დანარჩენს :) მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent