უმანკოებამდე (1)
,,დაბრუნება?" შიშველი ტკივილის ენები სხეულზე მომედო. პირში შემაწუხებელ რკინის გემოს ვგრძნობდი და რეალობის წაშლის მიზნით თვალები დახუჭული მქონდა. კიბე სწრაფი, შიშით გაჟღენთილი ნაბიჯების ხმამ მოიცვა. - საყვარელო... - მის მდიდარ ბარინტონში ტანჯვისა და უსასრულო სევდის ნოტმა გაიჟღერა. ნუგეშით დასველებული სიტყვები მეფერებოდნენ, თითქოს ცდილობნენ საზარელი წამება შეემსუბუქებინათ. ძლიერი მკლავები კი გულში მიკრავდნენ და ნაზად არწევდნენ ჩემს ნაგვემ სხეულს. ტკივილი არსად გამქრალა... თითოეული წამით იკვებებოდა და ცეცხლად ეხვეოდა გახურებულ კანს... სასწრაფო მანქანის წუილი... ექიმების სევდანარევი მზერა და ყრუ, დაუძლეველი მოლოდინი იდუმალი მომავლისა... - ნაია, ყველაფერი კარგად იქნება, - იისფერი თვალების სითბო ამოუცნობ ძრწოლას იწვევს და მსურს შორს გავექცე. დავიმალო და უბრალოდ დავივიწყო... ტრაგიკული აწმყო ირწყვება ჩრდილიანი სიყვარულითა და უსულდგმულო ზიზღით. - უბრალოდ წადი! - ვყვირივარ გამწარებით, სასოწარკვეთილების ჭაობში ჩაფლული ვცდილობ გავექცე წარსულს, - არ მჭირდები! წადი! - მკერდში ხელებს ვურტყამ და თან გულმხურვალედ ვსლუკუნებ. ცხელი ცრემლები თვალთახედვას მიბინდავენ და უკიდეგანო მწუხარების ნაპირზე სადაცაა გავგიჟდები. ის არ მიდის... ძლიერად მიხუტებს და რბილ ტუჩებს დასველებულ ლოყაზე მადებს. - დამშვიდდი! - ვედრებით სავსე ტონით მეუბნება, რაც უფრო მახელებს. განთავისუფლებას ვლამობ, მინდა მისი ალერსი გაქრეს... უბრალოდ გუშინდელ დღეში ჩაიფერფლოს... - ნაია, ძალიან გთხოვ, - ზაფხულის დაუნდობელი წვიმით სველი პარმაღზე დგას და დაღლილ, თუმცა კვლავინდებურად ლამაზ სახეზე, ჯოჯოხეთური დარდის დაღი ასვია. - ეს დასრულდა... მორჩა... - კარს ვხურავ და გაქვავებული ვუყურებ ოქროსფერ სახელურს... ვერც კი ვამჩნევ დრო ისე გადის, თითქოს თითებს შორის მისხლტებიან წამები, წუთები, საათები... ის სამუდამოდ წავიდა, მაგრამ უსასრულო ტკივილი არ მშორდება... * * * ჭერი გამაღიზიანებლად თეთრია. ნუთუ ჰგონიათ რომ თეთრი ფერი ამშვიდებს? სავარძელში ვიშმუშნები და ოთახის კონტურებს ვაკვირდები. აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ თითოეული დეტალი კარგად მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ მაღალჭერიან, შავი ტყავის ავეჯით დატვირთულ სივრცეში გამეტარებინოს. გულახდილი თუ ვიქნები ჩემი არსებობა მართლაც არ სცილდება თეთრი შენობების საგულდაგულოდ დავარცხნილ ეზოებს. - ის სიზმარი კიდევ გესიზმრება? - ლილე სათვალეს მიღმა მათვალიერებს და მუდამ თანმდევარ ყავისფერ რვეულში შენიშვნებს იწერს. ნეტავ ჩემზე რა უწერია? - იმ საღამოს შემდეგ... ყოველღამე შეიძლება ორჯერ, სამჯერაც დამესიზმროს... თავიდან უცნაურ ტკივილსა და უსაზღვრო მარტოსულობას ვგრძნობდი... მერე კი... მხოლოდ სიცარიელე დარჩა... სიცარიელე და უაზრო შიში. როცა ვიღვიძებ ვცახცახებ და თვალების გახელის მეშინია, თითქოს ყველაფერი რაც მესიზმრება ჩემი გონებიდან რეალობაში გარდაისახება... - ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, არა? თუმცა ამისი შეხსენება არ გჭირდება, - წამიერად გაჩუმდა და გამჭოლი შავი თვალები მომაპყრო. დარწმუნებული ვიყავი ცდილობდა ჩემი სულის სიღრმეში შეეღწია და ხარბად ამოეკითხა ყველა ფიქრი, გრძნობა თუ დარდი, - მაინტერესებს სიზმარში სულ ერთსა და იმავე სიტყვებს რატომ ამბობ? - კვლავ თეთრ ჭერს შევხედე და მონოტონური ხმით დავიწყე: - მაშინ ... ბევრი რამ ვუთხარი... ბევრი საშინელი რამ... ყველაფერი არ მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს. - შენ ბავშვის დაკარგვასთან ერთად მის წასვლასაც განიცდი, - ცივმა ღიმილმა ბაგე გამიპო. ბრტყელ მუცელზე თითები ნაზად გავისვი. ისევ უკიდეგანო სიცარიელე ვიგრძენი, რომელიც ჩემს არსებას ნელ-ნელა შთანთქავდა. - ვაიძულე რომ წასულიყო, - ვთქვი გამტყდარი ხმით და მაისურის თხელი ნაჭერი დავჭმუჭნე. - ამას ნანობ. - მასთან ბედნიერი ვიყავი. თქვენთვის არასდროს მომიყოლია... - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ბანალურად წარმოსთქვა და გამამხნევებლად გამიღიმა. - მასაც ჩემსავით რთული ბავშვობა ჰქონდა... ჩემი ესმოდა. ყველაზე მეტად ეს მომწონდა. შეეძლო სიტყვების გარეშე გაეგო რა მსურდა, რა მჭირდებოდა. ალბათ საყვარელ ადამიანთან სწორედ ეს უნდა გაკავშირებდეს, - ნოსტალგია მომაწვა და ყელში ბურთივით გამეჩხირა. - მას უყვარდი? - ჩამეკითხა ჩუმად. ტუჩზე ვიკბინე და მზერა გავუსწორე. - არასდროს უთქვამს, რომ ვუყვარდი, მაგრამ მხოლოდ სიყვარული აიძულებდა მისნაირ მამაკაცს ერთ ქალთან დიდხანს გაჩერებულიყო. ცდილობდა გავებედნიერებინე. ამით კი თვითონაც უსაზღვრო კმაყოფილებას იღებდა, თითქოს მხოლოდ ჩემთვის ცოცხლობდა... მეგონა რომ როგორც იქნა ვიპოვე ის რასაც ვეძებდი... - მაინც რას ეძებდი? - უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას. მართალია სანდრო მუდამ ჩემს გვერდით იყო, თუმცა დაუცველობის აბსურდულ გრძნობას ვერ ვიშორებდი. - რისგან გჭირდებოდა დაცვა? - დედაჩემი... გარეგნობით ვენერა მილოსელს ჰგავდა. ალბათ გგონიათ, რომ უაზრო შედარებაა, მაგრამ არ ვაჭარბებ. დახვეწილი, პოზიტიური და სპეციფიკური ქალი იყო. ყოველთვის იცოდა თუ რა ეთქვა. ალბათ წარმოსახვაში ჭკვიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი წარმოგიდგათ... არა... ის მუდამ რაღაცას ეძებდა, მგონი თვითონაც არ იცოდა რას... სიყვარულს? ფულს? ძალაუფლებას? არ ვიცი... მაგრამ ამ მარადიულ დევნაში ყველაფერი დაკარგა... ცოლიანი მამაკაცების საყვარელი იყო... "ტკბილი მამიკოების" ხარჯზე ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანი კი ჩვენი მამა გახდა. მარიტას ვუყვარდით... მაგრამ თავისებურად... ეგოისტურად... როცა სანდრომ სკოლა დაამთავრა იმ დროს ამერიკაში ვცხოვრობდით... დედა ფულიან მამაკაცებთან იჭერდა საქმეს... მამაჩემიც იქაური ნავთობ მაგნატი იყო. სანდრომ ვეღარ აიტანა მის ხარჯზე არსებობა... თუმცა სტუდენტისთვის ამერიკაში ცხოვრება ძალიან ძვირია... მით უმეტეს თუ უმცროსი დაც გყავს სარჩენი... ევროპაში გავემგზავრეთ... ორი წელი საფრანგეთში დავყავით... შემდეგ კი გერმანიაში დავსახლდით. იქ განათლების მიღება იაფია... უკეთესად გავძელით, - ლილე გაფართოებული თვალებით მისმენს. საკუთარ რვეულშიც კი აღარ იწერს უაზრო შენიშვნებს... - დედაშენი? - მამაჩემს არ სურდა ნაბიჭვრების გამოჩენა, მაგრამ მაინც ვუყვარდით... ჩვენმა გაქცევამ გააბრაზა და მარიტა მიატოვა... დედა რამდენიმე წელი იქაურ მეგობართან ცხოვრობდა... სანდროსთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ რთულია დედის შეცდომა დაივიწყო და უბრალოდ აპატიო... ის 10 წლის წინ გარდაიცვალა. ინტოქსიკაციისა და ნარკოტიკების ზედმეტი დოზით... ტრაგიკულ ცხოვრებას ყოველთვის კვალზე მიჰყვება ნაღვლიანი დასასრული... დედა სიამოვნების მონა იყო. ალბათ ესაა მისი ყველაზე დიდი ცოდვა... - სიჩუმე ჩამოწვა... ფანჯრიდან სუსტად შემოიჭრა ნარინჯისფერი დაისის მზის სხივი და თეთრი ოთახი თბილი ფერით შეღება. წამოვჯექი და საღამოს რიტმით აქოთქოთებულ ქალაქს გავხედე. აქედან ყველაფერი სულ სხვანაირი ჩანს, თითქოს არ ხარ მისი ნაწილი, აუღელვებელი მაყურებლის ნიღაბი მოირგე და თბილისის ცხოვრების მდინარის დინებას აკვირდები. სიმშვიდის ლიცლიცი სულს მინათებს და ღრუბლიანი ფიქრები მეფანტება. - წარსულს გაურბიხარ, ნაია! - აგრძელებს ლილე და დგება. პატარა მაგიდიდან თეფშს იღებს და გულისამრევად ტკბილ კანფეტებს მიწოდებს. ყოყმანით ვიღებ და გულგრილად ვპასუხობ: - წარსულს ჩემთვის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანია... ბუნებრივია რომ მისი დავიწყება მსურს. - წარსული განსაზღვრას იმას თუ რა ვართ დღეს და რა ვიქნებით ხვალ. მისი დავიწყებითა და დასამარებით მომავალი არ დაიბადება. - მაშინ აწმყო რაღაა? - არაფერი... წამი... წუთი... რომელიც ნელ-ნელა წარსულის განუყოფელი ნაწილი ხდება... აწმყო არარსებულია. დღევანდელობის ჩრდილია, რომელიც ხვალ გაქრება და ისტორიას ჩაბარდება, - ამოიოხრა და გვერდით დამიჯდა. გრძელი ნატიფი თითები ხელზე დამადო და ოდნავ მომიჭირა, - შენ ის არ უნდა დაივიწყო, არ უნდა გაექცე... რადგან ღამ-ღამობით წარსულის აჩრდილი სიზმრად მაინც გაცოცხლდება და გაგაწვალებს... უნდა გააცნობიერო რომ ის დასრულდა, შეეგუო ჩადენილ შეცდომებსა და უბედურებას. წარსულისა და მომავლის შერწყმით შეძლებ ცხოვრების გაგრძელებას. და თუ ოდესმე კვლავ ცუდად გახდები საკუთარ თავში არაფერი შეინახო, რადგან... - დამალული გრძნობები ქარიშხალს ჰგავს, რომელიც ერთ დღეს მძვინვარებით გაიღვიძებს და მძაფრ ქარტეხილს მოიტანს, - მისი სიტყვა დავასრულე და მუქ თვალებში ჩავხედე. - ახლა მთავარი კითხვა არ არის თუ რას გააკეთებ, არამედ მაინტერესებს აქ რა გინდა... - გერმანიის კლინიკიდან გამომწერეს... სანდრომ არ იცის აქ რომ ვარ... მის თანაშემწეს ვთხოვე ჩემი წამოსვლა დაემალა... - და რატომ? - არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მნახოს. მათ მითხრეს რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ამას არ ვგრძნობ. ვიცი ისევ ცუდად ვარ... - ამიტომ ჩემთან მოხვედი? - თქვენთან საუბარი მამშვიდებს... - ნაია, რაც გადაიტანე საშინელია, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ ქალს დაემართოს. ზოგიერთნი განსაცდელს მტკიცედ გაუძლებენ, როცა დანარჩენნი დაეცემიან. შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები? - მინდა რომ გავუძლო, - ვუპასუხე თავაწევით. ლილემ თბილად გაიღიმა და ხელი მომკიდა. - ჭრილობების მოშუშება მხოლოდ შენ შეგიძლია. შენ ხარ საკუთარი თავის ექიმი. ასე რომ უბრალოდ წამოდექი და იყავი ძლიერი. ყველაფერი გაივლის. - დიდი მადლობა, ქალბატონო ლილე! მივუყვები ლამპიონის ყვითელი შუქით განათებულ ქუჩას და მთვარის ვერცხლისფერ დისკოს ვაკვირდები. სახლთან ახლოს ვარ და თითოეული ნაბიჯი მიმძიმს. ფეხები უკან მრჩება და ამოუცნობი შიში მკარნახობს შევჩერდე. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი პარადოქსია. ყოველ შემთხვევაში დეპრესიულ წამებში ასე მეჩვენება, მაგრამ სახლში დაბრუნება შეცდომა ნამდვილად არ არის. ამაში დარწმუნებული ვარ. უცნაური სიმტკიცით აღსავსე მაღალ ჭიშკართან ვჩერდები და ორსართულიან განათებულ სახლს ვაშტერდები. ნაცნობი ადგილი თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენს შორის რამდენიმე წელია. რკინას ხელს ვუჭერ და წამიერად კონცენტრირება მიჭირს. წარსულის აჩრდილები კვლავ აცეკვდნენ და მოგონებების მორევში მითრევენ. შორეული ეიფორიიდან მანქანის დაბალმა ღმუილმა გამომიყვანა. ფარების სინათლემ თვალები მომიჭრა და ხელები გაუცნობიერებლად ავიფარე. ძრავა ერთხანს ღმუოდა, მაგრამ შემდეგ უეცრად გამოირთო. შავი სპორტული "მერსედესიდან" უზარმაზარი ფიგურა გადმოვიდა და დაბნეული მომაჩერდა. იმ წამს მსურდა ავხარხარებულიყავი, მაგრამ ყელში მოწოლილმა ემოციებმა დამადუმეს. ალექსანდრემ ოქროსფერ, მბზინავ თმაზე ხელი გადაისვა და მზისფერი თვალები სწრაფად დაახამხამა, თითქოს ილუზია ვეგონე. შემდეგ კი ლამაზ სახეზე ჩემთვის ნაცნობი ბრწყინვალე ღიმილი გადაეფინა და ხორბლისფერი ლოყები საყვარელი ფოსოებით დაუსერა. - ნაია! - ისევ ის ნაცნობი ხმა, რომელიც ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. უნებლიეთ გამეცინა და მისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ვერც კი მივხვდი ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში. სანდრომ ამიტაცა და ძლიერად ჩამეხუტა. - აქ... როგორ... - დაბნეულმა ჩაიბურტყუნა და თავი ჩემს თმაში ჩარგო. - გამომწერეს, - ჩავივურჩულე და იმ მომენტში გაცოცხლებულ სიმშვიდეს მივენდე. - საყვარელო, უნდა დაგერეკა, - მიწაზე დამსვა და ჩვეული მზერა მომაპყრო, რომელშიც ღელვა და სითბო ერთად გამოსჭვიოდა, - რამე ჰო არ მომხდარა? კარგად იმგზავრე? როდის ჩამოხვედი? ლილე ნახე არა? - ტუჩზე ვიკბინე და თავი დავხარე. - ჰო, მასთან ვიყავი, - ტყუილი ვერ ვუთხარი და ეს მაშინვე ვინანე. წამებიც არ დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი. სახეზე სერიოზულობის ღიმი გაეკრა. - ნაია, - ქალის ხმაზე მკვეთრად შევბრუნდი და ისევ სულელური ღიმილი მომეძალა. - ანა? აქ რა გინდა? - წამომცდა უტაქტო კითხვა და შეცდომოს გამოსასწორებლად ძლიერად მოვეხვიე, - იქნებ შევიდეთ? - სანდროს მივმართე, რომელიც ისევ ამოუცნობი სახით მათვალიერებდა. ხშირად მიფიქრია, რომ მისთვის დედისნაირი ტვირთი ვიყავი. პრობლემა, რომელსაც მუდამ უნდა გამკლავებოდა. ჩემი ეგოიზმის გამო მას ბევრ რამეზე უარის თქმა უწევდა. ჩემი ხანგრძლივი მკურნალობა და საზღვარგარეთ ცხოვრება ალბათ ძალიან ძვირი დაუჯდა. თუმცა ფულზე ჩემთან არასდროს ისაუბრებდა. ანა მალევე მიუხვდა სიტუაციას და უდარდელი საუბარი დაიწყო. თან სანდროს გახედავდა და მზერას ჩემზე აბრუნებდა. უსაზღვროდ შავი თვალები უციმციმებდა და თითქმის უელავდა. უკან გადაყრილი სრულყოფილი შავი კულულები კი უბზინავდა. ლამაზი ქალი იყო და ეს კარგად იცოდა. თავდაჯერებულობა კი ყველაზე მომხიბვლელია. თვალი ავარიდე და სანდროს შევხედე. უსაზღვრო სიამაყის გრძნობით აღვივსე. ანა მას არ იმსახურებდა. გავივლე გულში და კვლავ შევათვალიერე. ის ყოველთვის ძალიან მაღალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გრაციოზული მიმოხრა და მანერები ჰქონდა. ალბათ ამით დედას ჰგავდა, რომელიც არაბუნებრივი ელეგანტურობით გამოირჩეოდა. შეეძლო უბრალო ჯინსი და მაისური ისე მოეხდინა, თითქოს ძვირადღირებული კაბა ეცვა. სანდროსაც იგივე მიმზიდველობა გამოჰყოლოდა. მის ფართო, ოქროსფერ თვალებში ისევ ღელვა მძვინვარებდა. - სანდრო კომპანიის საქმე როგორ მიდის? - იცოდა არ მაინტერესებდა, ამიტომ გაიღიმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. - შესანიშნავად. თუმცა ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს, - თვალებში ქარვისფერი ნაპერწკლები აუთამაშდა. თავი კვლავ პატარა ბავშვივით დავხარე და ლოყები ამიწითლდა. - სამსახურს, რაც შეეხება სანდროს ახალი პარტნიორი ჰყავს. ახლახან კონტრაქტი გავაფორმეთ, - უდარდელად ჩაერთო ანა, მაგრამ ხმა დაეძაბა. ფრთხილად შევათვალიერე და ანთებულ მზერას გადავაწყდი. - ანა, - გამაფრთხილებლად თქვა სანდრომ და ამ დროის განმავლობაში პირველად გახედა. - მან უნდა იცოდეს, სანდრო! - მუქი თვალები ვედრებით აღევსო და დაბალი ტონით დაიწყო, - დემეტრე მაჩაბელი საქართველოში დაბრუნდა და ახლა ფირმის ერთ-ერთი პარტნიორია... - საუბარი განაგრძო, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. სმენადახშული ერთ წერტილს მივაშტერდი არ ვიცი რომელმა სიტყვამ უფრო ამაღელვა. მისმა დაბრუნებამ თუ ჩემს ძმასთან ურთიერთობამ. მხოლოდ ის ვიცი, რომ რეალობას მოვწყდი და წარსულის პარმაღზე აღმოვჩნდი. - ნაია, ძალიან გთხოვ! დრო მომეცი! საყვარელო, გთხოვ! - ტანჯვა... სევდანარევი სიყვარული და მწარე ცრემლები... კარებზე განუწყვეტელი ბრახუნი და სასოწარკვეთილი სიტყვები... - წადი... უბრალოდ წადი... - სახელურს მიშტერებული წავიქეცი. ის მთელი ღამე იქ იდგა... გამთენიისას ჩამეძინა და გაღვიძებულს სიცარიელე შემრჩა ხელთ... დემეტრე... რისთვის დაბრუნდა... რატომ... პასუხი არ ჩანდა... ............................................................... გამარჯობა!დიდი ხანია არ დამიწერია და ამ ისტორიით დაბრუნება გადავწყვიტე. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.