შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (3 თავი)


11-10-2015, 12:11
ავტორი murachashvili
ნანახია 4 874

თავი მესამე
- ალბათ, ძალიან პატარები იყავით, როცა ოჯახი შექმენით?
- კი, ძალიან...
- ბოდიშით, რომ გეკითხებით, გიყვარდათ?
იგი დაფიქრდა, თითქოს წონიდა რა ეპასუხა.
- არა, არ მიყვარდა. ალბათ, უცნაურია იცხოვრო მამაკაცთან ამდენი წელი და ბოლოს თქვა, რომ არ გიყვარდა. თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა გივიკომ მომიტაცა. იმ დღემდე არც კი ვიცნობდი, რამოდენიმეჯერ ქუჩაში მყავდა დანახული. წარმოდგენაც არ შემეძლო, თუ მოვწონდი, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომი იყო. ჩაბნელებული, მოქუფრული ქალაქები და ცივი სახლები, მაღაზიაში გვიანობამდე პურის რიგში დგომით. არასოდეს დამავიწყდება ის შიში, როცა რამდენიმე ბიჭმა ავტომობილში ხანგრძლივი ძიძგილაობის შემდეგ, შემტენეს, ვკიოდი, ვიკაწრებოდი, ვტიროდი, შველას ვითხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. როცა გივიკომ მითხრა, რომ ვუყვარდი და მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, ისტერიული სიცილი ამიტყდა. მეგონა მეხუმრებოდა. თუმცა იმ ღამით ნასვამი ოთახში შემომივარდა და არ ვიცი როგორ გითხრათ, უცნობ მამაკაცთან ამაზე საუბარი ძნელია და უხერხულიც, მოკლედ იმ ღამით ჩემთან იცხოვრა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, გივიკოც და საერთოდ ყველა, ვინც ამ საქმეში იყო გარეული. თუმცა ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ისტერიულად ვიბანდი ტანს და ვიხეხავდი სხეულს. მეგონა ამ სიბინძურეს ჩამოვირეცხდი, მაგრამ აზრი არაფერს ქონდა. ჩემმა მშობლებმა მეორე დღეს მოგვაკითხეს. არ დამავიწყდება მამაჩემის სახე, როცა გაიგო, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი. მე ვტიროდი, ვეხვეწებოდი, რომ შინ წავეყვანე, ამ ცხოველთან არ დავეტოვე, მაგრამ დედაჩემმა გამომიცხადა, რომ მონატაცებსა და ქალიშვილობა დაკარგულს სახლში ვერ დამაბრუნებდნენ. იმ დღეს თითქოს მოვკვდი. მე და გივიკო სასწრაფოდ დაგვაქორწინეს, ადამიანი ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევა. გივიკო არ იყო ცუდი ქმარი. თუმცა რამდენჯერაც ჩემთან მოდიოდა, იმდენჯერ ის საძულველი ღამე მახსენდებოდა. რამოდენიმე თვეში აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. გივიკოსადმი სიძულვილის ადგილი აღარ დამრჩა, რადგან ეს ადგილი ჩემი შვილის სიყვარულმა დაიკავა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ გოგო გამჩენოდა, რომელიც მამასავით მოძალადე არ იქნებოდა. თითქოს ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინა, ძალიან ლამაზი გოგონა შეგვეძინა. მისმა დაბადებამ ჩვენი ურთიერთობა თითქოს მოაწესრიგა. ბავშვზე ორივენი ვგიჟდებოდით. თითქოს გივიკოც უკეთესი გახდა. ბავშვის გათბობა, მისი გამოკვება, ეს ყველაზე პრიორიტეტული საკითხები იყო ჩვენს ოჯახში. მისი კბილის ამოსვლა ორივეს ერთად გვიხაროდა. რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ნელ-ნელა შეიძლება ქმარიც შემყვარებოდა და ჩვენთვის მისაღები, იდეალური ოჯახიც შეგვექმნა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობამდე მივიდა. მე მას ცუდისთვის ვერ გავიმეტებდი, მიუხედავად ამდენი წყენისა, დღესაც ვერ ვიტყვი, რომ მძულს, უფრო მეცოდება. თითქოს დაიკარგა და გამოსავალს ვეღარ პოულობს. მე უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ - ფინანსურიც. მუშაობაც დავიწყე. დილით გავდიოდი და სახლში ღამით შევდიოდი. გივიკოც მუშაობდა, ჩვენი გოგონა ნელ-ნელა იზრდებოდა, თავიდან ბებოებთან, ცოტა რომ წამოიზარდა ძიძებთან. გარედან ნორმალური, ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ შეყვარებულ წყვილს მართლა ვჯობდით. ჩვენს ოჯახში არ იყო ჩხუბი, სკანდალები, თუმცა არც ვნებიანი შერიგებები არ გვქონია. - გაეღიმა მას - ერთი წყნარი ოჯახი ვიყავით. საკმაოდ ხშირი მივლინებები მქონდა. ჩვენი გოგონა უკვე ათი წლის იყო, როცა კვლავ მივლინებაში წავედი, მხოლოდ ერთი კვირით, თბილისში ჩამოსულს ზამთრის ცივი, სუსხიანი ღამე დამხვდა. ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი. ბავშვს სკოლაში არდედეგები ქონდა და ბებოებთან ერთად ბაკურიანში ისვენებდა. სახლში მხოლოდ გივი უნდა ყოფილიყო. ჩემოდანი შემოსასვლელში დავდევი და საძინებლისკენ გავეშურე. მინდა გითხრათ, რომ „ძვირფასი“ გივიკო მარტო არ იყო. მისი პარტნიორი არც მეტი და არც ნაკლები ჩემი შვილის ძიძა გახლდათ, რომელიც ძალიან კომფურტულად გრძნობდა თავს ჩემ თეთრეულშიც და ჩემ ლოგინში. არ ვიცი ამ ემოციას რა ერქვა. ალბათ, უფრო თავმოყვარეობის შელახვა. ვინც გინდა ყოფილიყო, ოღონდ ის ქალი -არა, ვისაც საკუთარ შვილს ვანდობდი. თუმცა ალბათ ცუდი არ უნდა ყოფილიყო, თუ თავისუფალ დროს ჩემს ქმარსაც მიხედავდა! - ცინიკურად აღნიშნა მან -ოღონდ მე ასეთი კეთილი ცოლი არ აღმოვჩნდი და ჩემს მეუღლეს იმედი გავიცრუე. ხელი მოვკიდე ჩემს ჩემოდანს და სახლიდან წამოვედი. აი, ასე დავშორდით მე და გივიკო ერთმანეთს ხუთი წლის წინ. ამჟამად ჩვენი გოგონა უკვე თხუთმეტი წლისაა და ლონდონში სწავლობს. გივიკომ მისი საყვარელი ძიძა ჩვენი დაშორებიდან რამოდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. ქალბატონი ორსულად იყო და სასწრაფოდ მეუღლეს საჭიროებდა. სულ ეს იყო ჩვენი ისტორია. დღეს- დღეობით ჩემთვის საკმაოდ გაუგებარია მისი ასეთი ეჭვიანობის სცენები და შეურაწყოფილი ქმრის იმიჯის მორგება.
- ცუდად ნუ გამიგებთ რასაც გკითხავთ, თქვენი მეუღლის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში იყო ვინმე?
- ამ კითხვაზე წესით არც უნდა გპასუხობდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ არავინ არ ყოფილა და ალბათ არც იქნება.
- რატომ? - გამიკვირდა მე.
- ჩემს გავლილ ცხოვრებას როცა ვუყურებ, მგონია რომ სიყვარულისა და მამაკაცის ადგილი არ არის. ალბათ, სურვილიც აღარ დამრჩა ვინმეს დავუჯერო. - მოწყენილი სახით მითხრა მან.
ვუმზერდი მას და ვფიქრობდი, თუ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი იგი ჩემი მეუღლე რომ ყოფილიყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის გვერდით უცნაური სიმშვიდე მიპყრობდა, თითქოს გარშემო აღარავინ იყო და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. რამოდენიმეჯერ საუბარში შემთხვევით შემეხო. ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, თითქოს ელექტროდით შემეხნენ. გამოუცდელი ბიჭი არ ვიყავი, ქალებში ყოველთვის დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი, მაგრამ ასეთი შეგრძნება პირველად მქონდა.
- როგორ ფიქრობ, ჩვენ როგორი წყვილი ვიქნებოდით? - ვკითხე მოულოდნელად მე. მას გაეღიმა ჩემს კითხვაზე.
- იცით, დღეს კაფეში ყოფნისას, რატომღაც ვიფიქრე, თხუთმეტი წლის ასაკში რომ შეგხვედროდით ჩვენგან მართლაც გამოვიდოდა ბედნიერი წყვილი. ისეთი იქ, სანაპიროზე რომ ვერ დავინახეთ.
- ეხლა შეუძლებელია? - გული დამწყდა მე.
- ალბათ, შეუძლებელია! - ნაღვლიანად მიპასუხა მან და წამოდგა - იმედია თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე. მართალია უკვე გათენდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსვენებას გისურვებთ. - დამემშვიდობა იგი და კაბის შრიალით ბარიდან გავიდა. მისი წასვლის გამო, რატომღაც გული დამწყდა. წვენი ბოლომდე გამოვწრუპე და ოთახში ავედი.
უკვე შუადღე იყო, როცა გამეღვიძა. დამსვენებლები ეზოში იყვნენ გამოშლილი. მათი საუბრის ხმა ოთახში მესმოდა. ვიღაც იცინოდა, ვიღაც ნარდს აჭახუნებდა.
- როგორი უტიფარი ყოფილა! - ამბობდა ვიღაც ქალი - უცებ კი გამოჩნდა რა ჩიტიც ბრძანებულა, მაგრამ რად გინდა? ჩვენი კაცები მასეთ ქალებს უფრო სცემენ პატივს, ერთს გაგივლის ს ქნევით და ეგაა... შენ კი მთელი დღე რეცხავ და ალაგებ. შეხედე, რა თვალებით უყურებენ! ეს კიდევ ვითომც არაფერი, თითქოს მე მლანძღავდნენ წუხელის. - აივნიდან გადავიხედე, ეზოში მაია დავინახე საბანაო კოსტიუმზე თხელი პლედივით შემოსაცმელი შემოეხვია და ბასეინისკენ მიემართებოდა. - დაგაგვიანდა ძვრფასო, - ცინიკური ტონით გასძახა ქალმა - რუჯის მიღებისთვის უკვე გვიანია, ფრთხილად იყავით, მზემ არ შეგაწუხოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი მამაკაცებიდან მოჩრდილვაზე უარს არავინ გეტყვით. - მაიამ გაოცებულმა გამოხედა ქალს. რამდენიმე წამით აკვირდებოდა, ეტყობა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ აივანზე მე რომ დამინახა გადაიფიქრა. მისთვის ჩვეული ამაყი ნაბიჯით მიმართულება შეიცვალა და ქუჩისკენ დაიძრა. - გათახსირებული, დავიჯერო პლიაჟამდე ასე ნახევრად შიშველი ივლის? - აღშფოთდა ჭორიკანა ქალი.
მე სასწრაფოდ ოთახიდან გამოვვარდი და გასულ მაიკოს ავტომობილით გავყევი. მას მეზობელ ქუჩაზე წამოვეწიე. ტანზე პირსახოცი შემოეკრა და ისე მიაბიჯებდა.
- სეირნობთ, მაიკო? - მხიარულად ვკითხე მე.
- ამბობენ შუადღისით მზეზე სეირნობა ჯანმრთელობსთვის სასარგებლოა. - ირონიულად აღნიშნა მან.
- მეც ასე გამიგია, მაგრამ თუ ნებას მოცემთ, მაინც ჩემი ავტომობილით სეირნობას შემოგთავაზებდით. მე მგონი უფრო უსაფრთხო იქნებოდა! - თავით ჩვენს უკან გაჩერებულ ტაქსზე მივანიშნე. სადაც სასტუმროდან გამოსვლისას გივიკო შევნიშნე. – „მაგრად მუშაობს დაცვის სამსახური“ - გავიფიქრე მე - „სასტუმროსთან ახლოს არ მოვიდეს მეთქი და ტაქსით მითვალთვალებს.“
ალბათ გივიკო მაიამაც შეამჩნია და ავტომობილში უსიტყვოდ ჩაჯდა.
- მაინც ვერ ვიგებ, ასე რამ გადარია? - გაოცდა იგი - ცოლი ყავს, თან უკვე მეორე შვილს ელოდება, პრინციპში ჩვენს შვილსაც თუ მივამატებ - მესამეს! არ მესმის, როგორ შეუძლია ასეთი უტიფარი იყოს, ორსული ცოლი მიატოვოს და ყოფილ ცოლს სდიოს კუდში.
- წესით, როგორც ქალს უნდა გსიამოვნებდეთ მამაკაცის ასეთი ყურადღება! - ღიმილით ავღნიშნე მე.
- თვენის აზრით, მისი მეუღლის გამწარება მესიამოვნება? - გაუკვირდა მას - მე ბევრი ვიფიქრე ჩვენს დაშორებაზე და მივხვდი, რომ კარგი მეუღლე არ ვყოფილვარ. კარგი ცოლი ჩემთვის ბევრად სხვა რამ არის, ბევრად განსხვავებილი ჩემგან. სამწუხაროდ გივიკოს მიმართ არასოდეს გამომიხატავს სიყვარული, სითბო. შეიძლება ამით ვუბიძგე კიდევაც სხვა ქალისკენ, მე ზუსტად ვიცი, რომ გივიკოს ქმრად არ მივიღებ, მით უმეტეს გუშინდელი დღის შემდეგ. ასე რომ მისი ყურადღება ამ შემთხვევაში ზედმეტია და უადგილოც კი. თქვენზეც არ უნდა იეჭვიანოს.
მე ცოტა არ იყოს მეწყინა მისი სიტყვები.
- რატომ? მე კაცი არ ვარ? - ხუმრობის ტონი შევურიე კითხვაში წყენა რომ არ შემტყობოდა.
- არა, ეგ არ მიგულისხმია. - მხიარულად გადაიკისკისა მან, ღმერთო როგორ უხდებოდა სიცილი - თქვენთან უცნაური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. არ ვიცი ამას რა ქვია, ისე ვგრძნობ თავს, თითქოს დიდი ხანია გიცნობთ. ცუდად ნუ გამიგებთ, რასაც გეტყვით. ასე გულღიად არავისთან მისაუბრია. დაქალებთანაც - კი, თქვენთან როგორც მამაკაცთან არ ვგრძნობ თავს, მიჭირს ზუსტი სიტყვების მოძებნა, ასეთი რამ აქამდე არ მიგრძვნია, თითქოს უახლოესი მეგობარი ხართ.
მისმა სიტყვებმა ძალიან გამაოცა.
- უცნაურია, ჯერ ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს. კაცი კი არა, მეგობარი ხარო! - გამეცინა მე. მასაც გაეცინა.
- არ ვიცი, რამდენად სწორად აგიხსენით რასაც ვფიქრონდი. თქვენთან ძალიან მშვიდად ვარ. თითქოს ვდუნდები და ისეთი მაია ვხდები, რომელიც მეგონა ღრმა ბავშვობაში დავტოვე, თქვენთან არც მე ვარ ქალი, მე ოცნებებში დაბრუნებულ პატარა გოგოს ვგევარ! - იგი უცებ გაჩუმდა, თითქოს ინანა ზედმეტი ხომ არ წამომცდაო და მე შემომხედა. მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა. დავინახე ოდნავ როგორ შეეფაკლა მათი წარმოთქმისას სახე და მყის თვალი მოვარიდე. არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო. მისი მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. უცნაური ის იყო, რომ მართალია მასთან ყოფნის დროს მუდმივად შარში ვეხვეოდი, მაგრამ თავს მეც ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. სიხარულით ვიყავი შეპყრობილი, ოღონდ რა მიხაროდა ვერ ვხვდებოდი.
- კარგით მაიკო, როგორც თქვენი ნათქვამიდან გავარკვიე, მე და თქვენ ყოვლად გაურკვეველი სქესის ადამიანები ვყოფილვართ. - გავიღიმე მე - ოღონს ეხლა ის მაინტერესებს, ეს უსქესო ადამიანები სად მივდივართ?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ მაგაზე არ მიფიქრია, სასტუმროდან გამოსვლისას მხოლოდ ის მინდოდა, რომ იმ ჭორიკანა, საზიზღარი ქალისგან შორს წავსულიყავი. ეხლა კი არ ვიცი, მთავარია ისეთ ადგილზე ვიყო, ზედმეტი ხმაური რომ არ იყოს.
მის სახეს მივჩერებოდი, მხიარული გამომეტყველება შეცვლოდა და მოწყენილი სახით მომჩერებოდა.
- მოდით, მე შემოგთავაზებთ ასეთ ადგილს, ოღონდ ჩემი საზოგადოების ატანა მოგიწევთ.
- ასეთი რა ადგილია?
- ჩემი იახტა. - იგი დაფიქრდა, კარგა ხანს წონიდა ჩემ ნათქვამს, მის მზერაში ეჭვი შევნიშნე. - იახტის შემოთავაზების შემდეგ კვლავ კაცი გავხდი? - გამეღიმა მე - გპირდებით არ შეგაწუხებთ, თუ რა თქმა უნდა თუ თქვენ არ დამიძახებთ.
მას გაეღიმა: - კარგით, იყოს თქვენებურად, იახტაზე წავიდეთ.



№1  offline მოდერი nicol

ახლა წავიკითხე სამივე თავი და მომეწონა.
პირველ რიგში რამაც დამაინტერსა მამაკაცის ენით მოთხრობილი ისტორია იყო. ჩემი აზრით ეს ძალიან რთულია და შენ ნამდვილად გამოგივიდა. ზომიერი იყო ყველაფერი, მისტერ კლოდის შეგრძნებებიც და მაიკოს ქმედებაც. ქალი, რომელსაც ცხოვრებამ ასე გაუცრუა იმედი, მხოლოდ მეგობარს შეიძლება ენდოს და არავითარ შემთხვევაში არ გადაუშლის გულს იმ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მამაკაცად აღიქვამს. მაინტერესებს როგორ გადავა ეს „მეგობრობა“ რაღაც უფრო მეტში... ძალიან წვრილი ძაფი გააბი და ამ ძაფზე გავლა საფრთხილო და საინტერესო იქნება.
დიდი ინტერესით დაველოდები შემდეგ თავს.

პატივისცემით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2 სტუმარი LoNdA DM

magaria, ragac gansxvavebuli dzalian sainteresoa . velodebi shemdeg tavs

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სასიამოვნოა თქვენი კომენტარების კითხვა. იმედია დანარჩენი თავებიც მოგეწონებათ. ველოდები შენიშვნებს

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა კარგია....
სქსიამოვნო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent