გარდამავალი წუთი (4)
ბარში ნელი რიტმის მუსიკა მიჰქროდა. წვრილად დაკოპლილი ნათურები ანათებდნენ ღამის წყვდიადის მიერ შთანთქმულ ბარს. ისევ მიქროდა მუსიკის ნელი ჰანგები და ჭიქები იცლებოდა. პირველად მოუნდა იმ საღამოს, იმ დაწყევლილ საღამოს აბაშიძეს დალევა. ვინ იცის, ეს სისულელე ახირებად რომ არ ჩასჯდომოდა გონებაში, იქნებ არც როდის გადაჰყროდა ნიკოლოზს და არ გაენადგურებინა მომავალი... სვავდა თავგამეტებით. ისე, თითქოს ვინმე ძალზედ ახლობელი დაკარგა ან საყვარელ ადამიანს დაშორდაო. სვამდა ვისკის, რომელიც უწვავდა გულ–მუცელს, თუმცა მაინც იყო ბედნიერი... ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ასეთი უბედურიც კი ბედნიერი იყო. წყნარი მუსიკის ბგერები ნაზად ეხებოდნენ მის სმენას და ფიქრების მორევში უფროდაუფრო ითრევდნენ. ჭაობი იყო... ფიქრების ჭაობი. არადა, ეგონა სასმელი მაინც მოსწყვეტდა ფიქრებს, სულ ცოტა ხნით, თუნდაც... სათვალავი უკვე არეული ჰქონდა სასმლის, როცა ვიღაცის ცხელი ხელი შეეხო მის კისერს და ნიკაპამდე სინაზით დაუარა. ნელა შეტრიალდა სხეულისკენ, რომელიც ეხებოდა და რომლის სითბოს მოშორებაც არ სურდა. გაუღიმა. მამაკაციც კარგად შეზარხოშებული ჩანდა. ხელს არ იღებდა ქალის ნაზი კანიდან და ჯიქურად ჩაშტერებოდა თვალებში. თვალებში, რომელიც უდიდეს ტკივილს იტევდა და მაინც ასეთი ნაზი, სათუთი და გამოუცდელი იყო. ქალი უღიმოდა და ხვდებოდა, რომ მალე შეაყვარებდა ეს უმანკო თვალები და ღიმილი თავს. ხელი ასწია და გვერდით მიუჯდა. ვისკი შეუკვეთა და, ერთი ჭიქის უსიტყვოდ ჩამოცლის შემდეგ, ქალს შეხედა, რომელიც ისევ ისევ უყურებდა და უღიმოდა. – ლამაზი ხარ, – უნდოდა ეთქვა გიჟი ხარო ან რამე მსგავსი, მაგრამ არ გამოუვიდა. უნებურად წამოსცდა. – გმადლობ, – ღიმილს არ წყვეტდა ქალი. – მეცეკვები? – ჰკითხა და პასუხს არ დალოდებია, ფეხზე წამოიჭრა, ქალიც ნაზი მოძრაობით გადმოიყვანა სკამიდან, მის თითებში თავისი ახლართა, გამოყვანილ წელზე მეორე, თავისუფალი ხელი მოათავსა, კისერში ცხვირი ჩარგო და ქალის ნაზი სურნელით გაბრუებული აჰყვა ურითმოდ მუსიკას. იმ საღამოს ძალიან ბევრი იცეკვეს და ერთმანეთზე უამრავი იცინეს. მოსწონდათ და ეწყობოდნენ ერთმანეთს. ალბათ, ლილე რომ მთვრალი არ ყოფილიყო, შემოდგომის წვიმაში, შუა ღამით, უცხო მამაკაცთან ერთად არ გავიდოდა, არ იცეკვებდა ტანგოს და ხმამაღალი სიცილით არ გააბრუებდა არემარეს. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ახლაა, მაგრამ... წყეული ღამე იყო! შეხვედრები გრძელდებოდა. ნიკოლოზი მდიდარი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი იყო, ამიტომ ვერ ჩერდებოდა და სურდა, რომ ოფიციალური სახე მიეღო მათ ერთად ყოფნას, ლილე კი არ ჩქარობდა, არ უნდოდა სიჩქარეში გადადგმული ნაბიჯი შემდეგ სანანებელი გახდომოდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ყოველ წამს წინაზე მეტად უყვარდა მამაკაცი და ვერ დაუშვებდა, რომ რაიმე სისულელეს, თუნდაც შიშს, დაენგრია და გაეთელა მათი ურთიერთობა. ჰოდა, დასთანხმდა. ქორწილი იყო დიდი და ხმაურიანი. აბსოლიტურ უმრავლესობაში იყვნენ ნიკოლოზის ახლობლები და მეგობრები, ლილეს კი არავინ ჰყავდა. თუმცა მაშინ მხოლოდ ის უნდოდა, რომ დედა ჰყოლოდა, თუნდაც მარტო დედა და მას გაემხნევებინა, სხვას არავის, თუნდაც... მაგრამ არც ის ჰყავდა და ათას ბოროტ თვალში უწევდა დღის გადაგორება. დღის, რომელიც ასეთი ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუმცა, რატომღაც, ყველა მხრიდან სიყალბეს გრძნობდა და ეს წვავდა. ქორწილის განმავლობაში ორჯერ გადაიკარგა ნიკოლოზი. ერთხელ მთელი საათით და მეორედ ორნახევრით. სტუმრები კითხულობდნენ, ლილეს კი უწევდა ათასი ტყუილის შეთხზა, აბა, იმას ხომ არ ეტყოდა, ქმარმა საკუთარ ქორწილზე მიმატოვაო? გულს ეჭვი უღრღნიდა, თუმც არ უნდოდა პირველივე დღეიდან ეჭვიანობით აევსო თანაცხოვრების ტომარა. პირველი ღამე არ ჰქონიათ. ნიკოლოზი უბრალოდ გაქრა და შუადღისას დაბრუნდა. – რა ხდება, ნიკოლოზ? – აკანკალებული ხმა ჰქონდა ლილეს. – რა უნდა ხდებოდეს? – ზიზღი ჩანდა მის ხმაში. – სად გაქრი წუხელ? – ცდილობდა აცრემლებული თვალები დაემალა მამაკაცის ჯიქური თვალებისგან. – არ გინდა ეს სცენები რა... საქმე მქონდა და წავედი... ხომ იცი, რომ მიყვარხარ! – მამაკაცის ცალი ყბა ღიმილმა მოიცვა. ქალისკენ გადაიხარა და შეეცადა ეკოცნა, მაგრამ მხოლოდ ლოყას დაჯერდიო, მოიფიქრა ლილემ. თითქოს თავიდან სხვა იყო... ნიკოლოზის თვალები სხვანაირად მოციმციმე ეჩვენებოდა თავიდან, ქორწინების შემდეგ კი... გაქრა, ყველა ნათება ჩაქვრა და აღარც კი ბჟუტავდა. ღამე გაქრებოდა ხოლმე მამაკაცი და დილით მოდიოდა ან საღამოს, ხან კი გადაბმულად რამდენიმე დღეს არ ბრუნდებოდა შინ. როგორც ჩანდა, ნიკოლოზის მშობლები მიჩვეულნი იყვნენ ასეთებს, მაგრამ ლილე ვერაფრით ვერ ეგუებოდა. ეჭვი ჭამდა, მაგრამ ვერაფერს ბედავდა, ეგონა ცას დაიმხობდა თავზე... რამდენიმე დღეში თითქოს შუქები აინთო თეატრში და კიდევ რამდენიმე დღეში ფარდა საბოლოოდ გაიწია. ნათელი მოეფინა ნიკოლოზის ყველა გაუჩინარების მიზეზს. აღმოჩნდა, რომ შავ საქმეში იყო ჩართული. ეტკინა. მაშინ პირველად განიცადა რა იყო ტკივილი. თითქოს გულ–მუცელი მოსწყდა თავის ადგილსო და მოიკრუნჩხა. ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს, რომ ნიკოლოზი გადამტანი იქნებოდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ ისიც თანამონაწილე და თანამოწილე იქნებოდა ადამიანების, მათი ოჯახების უბედურების. ყველაფერში ნარკოტიკი იყო დამნაშავე, მათი გამსაღებლები და, ლილესთვის, ნიკოლოზი. ყველაზე მეტად მას ადანაშაულებდა, თუმცა არ დაუშვა, რომ სხვისთვის მიენდო სასამართლო პროცესი და თავად დაიცვა მეუღლე, რისი უფლებაც ძალიან ბევრი ნაცნობის ჩარევით მოიპოვა. გაათავისუფლა. ეს ყველაზე მეტად არ სურდა, მაგრამ გისოსებს მიღმა საყვარელი ადამიანის ყურება არ შეეძლო. ჯერ ახალბედა ადვოკატი იყო, მაგრამ წაგებაუნახავი. ეს პროცესიც მოიგო და დამნაშავე უდანაშაულოდ შერაცხა. ასეც ხდება, როცა გიყვარს. შეიძლება ითქვას, ეს წუთი გარდამავალი იყო... წელიწადი იცხოვრეს ერთად და წელიწადი უწევდა ლილეს მისი არაფრისმთქმელი თვალების ატანა. მისი არაფრისმთქმელი მზერის გაძლება. მისი უგრძნობი შეხება. მისი მოფერება, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო გრძნობის მატარებელი. ვერ იტანდა ამ ყველაფერს, ვერ იტანდა ფერიცვალებულ ნიკოლოზს, მაგრამ არც ოჯახს ანგრევდა და მომავლის მბჟუტავ წერტილს ებღაუჯებოდა. მეორე ახალ წელს უნდა შეხვედროდენ ერთად. დიდი მოლოდინი ჰქონდა ლილეს. უზარმაზარი ნაძვის ხე და უამრავი კაშკაშა, ლამაზი მოსართავი იყიდა. საჩუქარიც იყიდა საყვარელი კაცისთვის და საგულდაგულოდ გადამალა. ჯერ კიდევ ოცდაცხრა იყო. ჯერაც სამი დღე ჰქონდა გასამზადებლად. სასამართლო ამ მშვენიერ დღეებშიც არ ასვენებდა. ერთი პროცესი ჰქონდა ჩასატარებელი, ოცდაათში, შუადღისას. ნიკოლოზს დაემშვიდობა და წავიდა. უჩვეულოდ მალე დასრულდა პროცესი. ბრალდებულმა მაშინვე აღიარა დანაშაული. ლაჩარი კაცი იყო. გახარებულმა შეაღო კარი. გახარებულმა იმით, რომ წინა საახალწლო სამზადისში მიიღებდა მონაწილეობას. დედამთილსაც დაეხმარებოდა და საყვარელ მამაკაცსაც გაახარებდა. მაღაზიაში გაიარა გზაზე და საახალწლო განწყობის ასამაღლებლად დეკორაციული მაისურები და ქუდები იყიდა. სახლში კი არ შევიდა,შეიპარა. გახარებული იყო, სიურპრიზს უმზადებდა მეუღლეს, მაგრამ, რას წარმოიდგენდა, რომ აქეთ დაახვედრებდა მამაკაცი სიურპრიზს? მისაღებიდან მოისმოდა ნიკოლოზის ხმა. იქით წავიდა. ის იყო უნდა შეებიჯებინა კარში, ქალთან ახლოს მჯდარი მამაკაცი შენიშნა, რომელსაც იდაყვი სავარძლის საზურგეზე მოეთავსებინა, თითებით თავზე ეფერებოდა, სახე კი ახლოს მიეტანა ყურთან და ჩურჩულებდა. ჩურჩულებდა, მაგრამ არასდროს შეეძლო ეს. – ყოველთვის ეგონა, რომ სასწაულები ხდება, – ჩაიცინა მამაკაცმა. – ელის, რომ თბილი გავხდები... უნდა, რომ მიყვარდეს. ვერც კი ხვდება, რომ ეს სიყვარული არ არის. რომ მჭირდებოდა მისი პროფესიის და შესაძლებლობის მქონე ადამიანი... ვერ ხვდება, რომ გამოვიყენე, – საშინლად ხრიალებდა მამაკაცი და დროდადრო ქალის ნაზ სიცილს ყვებოდა. რაღაცას პასუხობდა ქერა, რომელსაც ეალერსებოდა და, ფაქტია, ლილეზე უყვებოდა, მაგრამ არ ესმოდა ლილეს. ზიზღისგან ღებინების შეგრძნება ჰქონდა და აღებინა კიდეც. იქვე, იატაკზე. ყველა იმ შეხებამ აუწვა სხეული, რომელიც ქმრის ალერსი ეგონა. აეწვა ყველა კუნჭული, სადაც მისი ბინძური ხელები ეხებოდნენ. აეწვა გული. თითქოს გაიხლიჩაო და ორნაწილად გაყოფილნი, საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთსო. ისტერიკებს ვერ მოაწყობდა. უნდა გაეცნობიერებინა ყველაფერი და ისე მოქცეულიყო, თუმცა არც ფიქრის დრო ჰქონდა. უბრალოდ კარი გააღო და ამაყი ნაბიჯებით, ტკივილიანი, მაგრამ მაინც ცინიკური ღიმილით მიუახლოვდა გულის ამრევ წყვილს და ღიმილითვე უთხრა: – აქაც გაგიმართლა, მე მოვაწესრიგებ საბუთებს და ხვალვე გავეყრებით! თუმცა შენ, საყვარელო, – მიუტრიალდა ქალს ირონიული ღიმილით, – გგონია უყვარხარ? კარგად დაფიქრდი, შენთან რომ ცოლზე საუბრობს, სხვასთან რას ისაუბრებს შენზე? გამოტრიალდა და პირდაღებული წყვილი მოიტოვა. მიდიოდა ამაყი ნაბიჯებით, გაუტეხლად მაშინ, როცა ყველა კუნთი უთრთოდა და სიკვდილი უნდოდა. არ ტყდებოდა მათ წინაშე მაშინ, როცა მთელი მისი არსება გატეხილი იყო. შემდეგ კი, ოთახში, ბალიშში სახეჩარგული ხმამაღლა ბღაოდა. ნაჩქარევ ნაბიჯს, სისუსტეს და წართმეულ მომავალს მისტიროდა. აი, ეს კი ნამდვილად იყო გარდამავალი წუთი. *** წყალი გადაკეტა და საშხაპედან გამოვიდა. იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა წარსულის გახსენება დეტალებში, ვიდრე ელოდა. ის ლილე სტკიოდა, რომელიც ნიკოლოზის წყალობით გაქრა, აორთქლდა. ის სიყვარული სწყუროდა, რომელიც ამოიწურა და ვეღარ აღდგებოდა... *** ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... არ მინდოდა, მაგრამ ცუდი პერიოდი მქონდა და ვერაფრით დავიჭირე მუზა. ამის გადაკითხვაც ვერ მოვახერხე, ვდებ ისე... ესეც მომიტევეთ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ აღარ დავაგვიანო... მიყვარხართ მე თქვენ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.