თვალები (9 თავი)
მეცხრე თავი მეფე-დედოფლის მაგიდასთან მჯდომმა მარიამმა ეტყობა დაინახა ჩემი სასოწარკვეთილი თვალები, წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა: - იმედია დედოფალს ცეკვაზე უარს არ მეტყვი! - ღიმილით უთხრა მან. შვებით ამოვისუნთქე, როგორც იქნა მისი მკლავებიდან გავთავისუფლდი. მაგიდასთან ვიჯექი და წასვლაზე ვფიქრობდი. თავზე ისევ თორნიკე დამადგა. - ლევანს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა? - იცინის ის. - დათვრა და შინაური და გარეული ერთმანეთში აურია! - მართლა გჯერა რასაც ამბობ? - როგორ არ მჯერა, საცოლე ყავს, რომ არ უყვარდეს, ხომ... - მორჩი! - უხეშად შემაწყვეტინა მან - მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ ფანატურად უყვარდი და ვერ გიმხელდა. - გათხოვილი ვარ! - მკაცრად ვამბობ - თუ რავიცი რაც მქვია! - თვალები ცრემლებით მევსება გიორგის გახსენებაზე - თუ გათხოვილი არა, ორი შვილის დედა. ორის თუ არა ერთის მაინც... - ავირიე საკუთარ აზრებში. - კიდევ ჩემზე ამბობ ბავშვი ხარო?! - ღიმილით მიყურებდა ის - ჩამოყალიბდი და ზუსტად გადაწყვიტე, უარის სათქმელი მიზეზი. ამოვიოხრე: - ჩემი წასვლის დრო ყოფილა! - წამოვდექი, როცა დავინახე, რომ ლევანმა და მარიამმა ცეკვა დაასრულეს. - არც გაბედო! მარიამი გაგიჟდება... ისეთი მუდარით მიმზერდა, რომ ისევ აბეზარი ლევანის ატანა გადავწყვიტე. ეს ერთი დღე როგორმე ავიტან, შემდეგ სადღა ვნახავ? როგორც აქამდე არ შევხვედრივარ, ისე მომავალშიც აღარ ვნახავ, მაგრამ ლევანს სასმელი უფრო ეკიდებოდა და შესაბამისად მისი მომეტებული ყურადღებაც სულ უფრო მომაბეზრებელი ხდებოდა. აშკარად ვხედავდი, მისი საცოლის დაძაბულ მზერას. ვგრძნობდი დანარჩენი სუფრის წევრებიც როგორ ხალისობდნენ ლევანის ცანცარზე. - თითქოს წლები არც გასულა! - ირონიით აღნიშნავს ნინო - მგონი უფრო გაგიჟდა შენზე. მისი თანმხლების შემდეგ არც მიკვირს. შენს გვერდზე სულ გაქრა. ვეღარავინ ამჩნევს! - მეგონა ვბერდებოდი, თუმცა შენი მამიდაშვილის შემხედვარე, ვფიქრობ ცუდ ფორმაში არ ვყოფილვარ! - ხუმრობას ვცდილობ მეც. ამ დროს იაკომ ვითომ შემთხვევით წვენის ჭიქას გაჰკრა ხელი, საბედნიეროდ სწრაფად გამოწევა მოვასწარი. წვენი ჩვენს შორის მჯდომ ლევანს დაესხა. - უკაცრავად! - თითქოს შეშფოთდა ის - ხომ არ დაგსვარეთ? - არა! - ირონიულად მეღიმება - ლევანმა მიიღო ფორთოხლის აბაზანა. - ჯანდაბა! - დუდღუნებდა ის და ცდილობდა შარვლისა და პიჯაკის გაწმენდას. - თუ საცოლეს არ ეცეკვები, ცოტა ხანში ბაჟეს ნიღაბსაც მიიღებ! - სარკასტულად ვეუბნები მას. - შენთან ცეკვა მირჩევნია! - არა! ჩვენ ჩვენი პარტია უკვე შევასრულეთ! - კარგი, რა თამრო! - დავიღალე, მორჩი. ჩვენი ამბავი არ იყო და არც არასოდეს იქნება. ეგ შენც იცი. ჩემზე დრო არ უნდა დაკარგო. ირგვლივ ქვეყანა ახალგაზრდა და ლამაზი გოგონაა. - ამას სერიოზულად მეუბნები? - თითქოს არ სჯერა მას - შენზე ლამაზს თუ იპოვი მეც მაჩვენე, კარგი? - ადრე ამ სიტყვებს ხუმრობად ჩავთვლიდი და მხიარულად გავიცინებდი. ამჯერად კი თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. - მორჩი, ლევან! ერთმანეთთან ურთიერთობა გვსიამოვნებდა, გვიხაროდა. გთხოვ, ყველაფერს ნუ გააფუჭებ. - კი, მაგრამ... - არ მაინტერესებს! - უხეშად შევაწყვეტინე - საკუთარ თავს პატივი ეცი და საცოლეს მიხედე. არ მინდა შენს გამო უხერხულად ვიგრძნო თავი. - შენთვის გრძნობების გამოხატვა უხერხულობას ნიშნავს? - ღიზიანდება ის - ფრიგიდული ხარ? - მკითხა უცებ. ისტერიული სიცილი წამსკდა. ასეთი უაზრო კითხვა ჩემთვის აქამდე არავის დაუსვამს. - გაგიჟდი?! - ბოდიში, დამავიწყდა, შენ ხომ ერთგულებას გიორგის უნახავ! - ღვარძლიანად მეუბნება ის. - არ მეგონა ასეთი ბოღმიანი თუ იყავი. ასე რამ გაგაბოროტა?! - გამიკვირდა მე. აღარ მაინტერესებდა ჩვენს საუბარს ვინმე გაიგონებდა თუ არა. თვითონ თუ არ აღელვებდა მე მით უმეტეს - რა გინდა ჩემგან იქნებ ამიხსნა? - მართლა ვერაფერს ხვდები? წლების განმავლობაში ველოდი იქნებ მიმხვდარიყავი, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, ავადმყოფურად. მეგონა დაგივიწყე და გულიდან ამოგიღე, მაგრამ დღეს რომ დაგინახე მივხვდი როგორ მომენატრე. - ბოდიში მქონია მოსახდელი ქორწილში მოსვლის გამო! - ირონიულად ავღნიშნავ. ტკივილით სავსე მზერით შემომხედა, როცა დაინახა, რომ მისმა სიტყვებმა შესაბამისი რეაქცია არ გამოიწვია, სიბრაზე ისევ მოერია. - ერთობი ჩემი გრძნობებით! გინდა გამომიყენო და მომისროლო?! - რით გიყენებ? - ამჯერად მეც გავბრაზდი. - ჩემი გრძნობებით ერთობი! - ჯიუტად იგივეს იმეორებდა ის. - დავიღალე ახსნით. მე და შენ მხოლოდ მეგობრები ვართ. ასე იყო და მეგონა ასე დარჩა. თურმე შევმცდარვარ. - მეგობრები?! - ისე შეიცხადა თითქოს არარეალური რაღაც ვახსენე. - მორჩი, ლევან, საკმარისია! - წამოვდექი და აივანზე მყოფ ნინოსთან გავედი. - მოხდა რამე? - თავით ლევანზე მანიშნა მან. - არაფერი, უგონოდ მთვრალია და მე ვგონივარ საცოლე! - მართლა? - გაუკვირდა მას- თვითონაც აქ მოდის, სულ გააგიჟებს მაგ გოგოს! - ნინო გახალისდა, მივხვდი სიამოვნებდა „მომავალი სარძლოს“ გაბრაზება. - აქ ხართ? - ისე გვკითხა ლევანმა თითქოს არ იცოდა იქ რომ ვიყავით. - დაგვცხა და ჰაერზე გამოვედით! - თბილად გაუღიმა ნინომ - რაღაც შემცივდა, ხომ არ შევიდეთ?! - ეშმაკურად მკითხა მან. - შენ შედი თუ გინდა. შენ კი დარჩი. არ გაიყინები ნუ გეშინია! - ირონიულად აღნიშნა მან. ნინომ ერთი კი შემომხედა კითხვა ნარევი თვალებით და შევიდა. ჯანდაბას აივნიდან ხომ არ გადავხტები? არადა კარებში თვითონ იყო გაჩხერილი. - ჩემი გეშინია? - არა, არ ვიცოდი ასეთი უთავმოყვარეო თუ იყავი! - მართალი ხარ! - ისე უცებ დამეთანხმა, რომ გამიკვირდა - თავმოყვარეობა რომ მქონოდა ამას უფრო ადრე ვიზავდი. - ჩემსკენ მოიწია მან. ინსტიქტურად უკან დავიხიე და აივნის მოაჯირს მივეყუდე. მისი ვნებისგან ამღვრეული თვალები რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო. - „რა ჯანდაბა ვქნა? როგორ მოვიშორო?“ - სულ რამდენიმე წამში გამიელვა ან ფეხს ამოვარტყამ, ან ვიყვირებ მეთქი, მაგრამ შიშისგან თუ დაბნეულობისგან ადგილზე გავშეშდი. ხმა ყელში გამეჩხირა და ვერაფერი მოვახერხე. სწორედ ამ დროს კარებზე შიგნიდან თორნიკემ მოგვიკაკუნა. - ჩვენც მიგვიღებთ, თუ აივანი მხოლოდ თქვენ ორს გეკუთვნით? - ყურებამდე იკრიჭებოდა ის. - მადლობა ღმერთს! - შვებით ამოვისუნთქე მე. - გვერდიდან აღარ მომშორდე! - ჩუმად გადმომილაპარაკა - ნინომ მითხრა ზედმეტად აწუხებსო და აქეთ წამოვედით! თორნიკემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩვენთვის შეყვარებულის გაცნობა უნდოდა, მისი მადლიერი ვიყავი, გვერდიდან მართლა არ მოვშორებივარ. როგორც კი ლევანი საცეკვაოდ მიმიწვევდა, მაშინვე თორნიკეს ვკიდებდი ხელს. მასთან უნდა ვიცეკვო მეთქი. ისიც სიცილით მომყვებოდა. - ოღონდ დღეს მიხსენი და გპირდები, ამიერიდან სადაც ლევანთან ერთად ჩემი ფეხი აღარ იქნება. რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა. - ძნელია ალბათ ამდენი წლები გრძნობების მალვა. ყველაფერი ერთ დღეს ამოაფრქვია. - გგონია მე ვიწვევდი? რამით იმედი მივეცი? თორნიკეს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ რომ დაინახა რამდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, გაჩუმდა. - ვფიქრობ ხვდებოდი და რადგან საწინააღმდეგოს არაფერს ეუბნებოდი, ნაწილობრივ იმედსაც აძლევდი. - კარგი რა... რა იმედს ვაძლევდი, ვერ ხედავ საცოლეც კი ყავს. - ვიუარე მე. - ასეთი საცოლეები ბევრი ეყოლება, ეგ არაფერს ნიშნავს. ფაქტია შენს დანახვაზე თვალზე ლიბრი ეკვრის. ვეღარავის და ვერაფერს ხედავს. ცოტას თუ არ გაუღიმებ, ამაღამ მომკლავს! - სიცილით ჩვენკენ მტრულად მომზირალ ლევანზე მანიშნა. - ერთი ღიმილი კიდევ ახალი იმედი იქნება. - ამოვიოხრე მე. - გიორგის დაბრუნების იმედი გაქვს? - მოულოდნელად მკითხა მან. თვალები ცრემლებით ამევსო. გული შემეკუმშა. - ამდენი წლების შემდეგ არა მგონია დაბრუნდეს. არც მე ვაპირებ მასთან წასვლას. პრინციპში ეს არც არასოდეს უთხოვია, მაგრამ მაინც სხვას ვერ ვიღებ. ალბათ ესეც ავადმყოფობაა.. - არ მინდოდა გული გტკენოდა. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ შენ და ლევანი ცუდი წყვილი არ იქნებოდით. უყვარხარ, შეიძლება ისე არ გიყვარს, როგორც გიორგი, მაგრამ მთლად ბოლომდე გულგრილი არც შენ ჩანდი. - მართლა?! - გამიკვირდა მე. - კი, ჩვენ ასე გვეგონა. - უხერხულად შეიშმუშნა ის - ლევანსაც სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან გიორგის დაგავიწყებდა. - გიორგის დავიწყება რომ შემძლებოდა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. - ტკივილით ვუპასუხე მე. - ის ავადმყოფობასავითაა, ჩემი ტკივილია, შეუხორცებელ, ღია ჭრილობად დამრჩა. - ლევანი მოდის ჩვენთან. იქნებ ეცეკვო? - შემეხვეწა თორნიკე- თუ არ გინდა, მოვიმიზეზებ რამეს. - არა, იყოს, არა მგონია, ისევ სიყვარულზე ილაპარაკოს. - შეიძლება? - დაძაბული ხმით იკითხა მან. თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ხმა არ ამომიღია ისე დავაწყვე ხელები მხრებზე. წრეზე ვმოძრაობდით. ორივენი ჩუმად ვიყავით. მხოლოდ მუსიკას ვუსმენდით. - იცანი? - მკითხა მან. - რა? - ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა. - ამ მელოდიაზე მე და შენ ყოველთვის ვცეკვავდით. ეს ჩვენი მელოდია იყო. - გაღიზიანდა ის. - მართლა? არ ვიცოდი, თუ ჩვენი სიმღერაც გვქონდა! - გულწრფელად გამიკვირდა მე. - ეს პატარა ეშმაკობა იყო ჩემი მხრიდან. ასე შენთან ახლო ყოფნას, ჩახუტებას ვახერხებდი. მეგონა ეს შენთვისაც რაღაცას ნიშნავდა. - ტკივილით მითხრა მან. - მაპატიე, ლევან. დედას გეფიცები არ ვიცოდი, მართლა ვერ ვხვდებოდი, თუ ამხელა ტკივილს გაყენებდი. - გულწრფელად შემეცოდა. - გაჩუმდი! შენი შეცოდება არ მჭირდება! მოწყალება არ მჭირდება. გამომწვევად ჩაცმა გიყვარდა. - გამომწვევად? - გამიკვირდა მე. - ხო, სულ რომ გრძელი სამოსი გცმოდა შენზე მაინც სხვანაირად ჩანდა. მე რომ მომწონდი ამიტომ მეჩვენებოდა ასე? მაგრამ არა. - საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა - მე ვხედავდი სხვა მამაკაცების გამოხედვას. ეს დღესაც ვიგრძენი და დავინახე. გავლისას ყველა თავს აბრუნებს. ქალები შურით გიმზერენ. შენ კი ამის დანახვა არ გსურს. - მან ძლიერად მიმიკრა გულში - მინდა გიგრძნო. შენი სხეულის სითბო ვიგრძნო. თუნდაც სულ ორი წუთით. სანამ ეს სიმღერა დასრულდება, ვიფიქრო რომ ჩემი ხარ და ჩემი მოკარებისგან შენც ისევე გივლის ჟრუანტელი როგორც მე. მის ტკივილით სავსე დიდ თაფლისფერ თვალებს ვუმზერდი. გულში ძლიერად მიკრავდა. ვხვდებოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ რატომღაც მისგან გაქცევას აღარ ვცდილობდი. - მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. უიმედოდ, მაგრამ მაინც თავდავიწყებით. - ჩუმად ჩურჩულებდა ის. ვნებისგან ხმა ჩაეხანწა, ვიგრძენი ცხელი ტუჩებით როგორ მიკოცნიდა თითებს. მე კი ძალა აღარ მყოფნიდა გასაქცევად. - გაჩერდი ლევან, შემდეგ ინანებ!. - მუდარით ვეუბნებოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მისი შეჩერება გამიჭირდებოდა. უკვე შეუძლებელი იყო. ჩემ თავზე ვბრაზდები. ამდენის თქმის უფლება როგორ მივეცი? ჩემი ხელი თითებში ქონდა მოქცეული. მიუხედავად იმისა რომ მუსიკოსები გაჩერდნენ, ხელს მაინც არ მიშვებდა. მოცეკვავე წყვილები მაგიდებისკენ დაიძრნენ. ჩვენ კი ასე სულელებივით ვიდექით. - სირცხვილია, დავჯდეთ. ყველა ჩვენ გვიყურებს. - ხელი, რომ გაგიშვა გამექცევი! - ჯიუტი ხმით მეუბნებოდა ის. - ასე ხომ არ ვიქნებით? დავჯდეთ! - მისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ სიბრაზის ახალი შეტევა დაეწყო - წამოდი, დავჯდეთ! - თბილად ვეუბნები, ეჭვით შემომხედა. ხელი არ გამიშვა, ჩვენი მაგიდისკენ ისე წამიყვანა. - იქნებ ხელი გამიშვა? - ჩუმად ვუჩურჩულე როცა დავჯექით. გაბრაზებულმა წარბი აწია - მომშივდა! - საპატიო მიზეზი ვიპოვე უცებ. გაეცინა და ხელი როგორც იქნა გამიშვა - ჩემი საქმე ცუდადაა, ისე ჯიქურ მიტევს, ცოტაც და წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ! - ისე მაგ მათხოჯს შენი რძლობა მირჩევნია! - ეშმაკურად იცინის ნინო. - შენ რა გიჭირს. ზოგი მე მკითხე. კიდევ კარგი მანქანით ვარ და სახლში გაცილებას არ მომინდომებს. - მამიდაშვილი არ დამიწუნო იცოდე! - იცინის ის. - როცა გამოფხიზლდება აღარც ვემახსოვრები! - თავს ვიიმედებ. - კი, როგორ არა! - იცინის ნინო - ტორტი უნდა დაჭრან, ფრთხილად იყავი, სახის ნიღბად არ გამიყენოს იმ ქაჯმა. - თავით ვითომ საცოლეზე მანიშნა ნინომ. სიცილით ერთმანეთს მივასკდით. თითქოს ისევ ბავშვები ვართ. ყველაფერზე სულელებივით გვეცინებოდა. იმედები, რომ ლევანის გამოფხიზლებით ყველაფერი დასრულდებოდა არ გამართლდა. მარიამის ქორწილი მხოლოდ დასაწყისი იყო. მისი გრძნობების შემოტევა თურმე ჯერ კიდევ წინ მელოდა. მეორე დღეს სამსახურში მისულმა ჩემი ფეისბუქის გვერდი გავხსენი თუ არა, მეგობრობის მოთხოვნით ლევანი შემოხტა. დილიდან მის განწყობაზე არ ვიყავი და მოთხოვნა „გადავდევი“. თუმცა არც „იგნორი“ გამიკეთებია, რა იცი რა ხდება?! - გავიფიქრე, იმედი მქონდა, რომ ჩემი წუთიერი სისუსტეები მომავალში სანანაბელი არ გამიხდებოდა. სკაიპში გიორგი ანათებდა. კარგა ხანია მასთან არ მილაპარაკია. გიგას წამოყვანის შემდეგ, რაღაც პერიოდი, ჩვენი ურთიერთობა ძალიან ფორმალური გახდა. გაცივდა. თითქოს ჩემზე ბრაზობდა. მის დანაშაულს ვერ იაზრებდა, თუ შეგნებულად არ უნდოდა გააზრება ვერ ვიგებდი. ამ წუთში ძალიან მომინდა მისი ხმის გაგონება. ლევანი კვლავ ჯიუტად აგზავნიდა მეგობრობის თხოვნას. მე კი კვლავ გიოს სკაიპს მივჩერებოდი. - მანდ ხარ? - მივწერე მე. - მოხდა რამე? - რამდენიმე წუთში მივიღე მისი პასუხიც. - არა, უბრალოდ... - ალბათ, ჩემი მინაწერი ეუცხოვა. როგორც წესი თუ საქმე არ მქონდა არ ვწერდი. - მშვიდობა გაქვს? - გაისმა მისი ხმა მიკროფონში, ჩამეღიმა. - „ვიდეო ზარი არ ჩართო. ალბათ მარტო არ არის!“ - დავასკვენი მე. მხოლოდ ეხლა გავიაზრე. რომ დროის ცვლილების გამო მასთან ღამე იყო. ალბათ ეძინა და გავაღვიძე. - არაფერია. კი, მშვიდობა მაქვს! - ჩუმად ვუპასუხე, საკუთარი ეჭვები იმდენად მტკივნეული იყო, ცოტაც და ავტირდებოდი - ალბათ გეძინა. მაპატიე. დროის ცვლა სულ დამავიწყდა. - არაფერია, არ მეძინა! - მისი ხალისიანი, ოდნავ შეშფოთებული ხმა მამშვიდებდა. - მაინც არ ამბობ რა მოხდა? - უკვე მერამდენედ მეკითხებოდა. - შენი ხმის გაგონება მომინდა! - მოწყენილმა ვუპასუხე. - ხმის?! - მან ვიდეო თვალი ჩართო და მისი გამოსახულებაც დავინახე. წელს ზემოთ შიშველი იყო, ჩანდა არეული ლოგინიც. საბედნიეროდ მარტო იყო. ჩემი ეჭვები არ გამართლდა და შვებით ამოვისუბთქე - მოწყენილი ჩანხარ! - კამერას ხელი დაადო და მივხვდი, ჩემს გამოსახულებას მოეფერა. - მოწყენილი არა, უფრო დაღლილი! - რამ დაგღალა? - ინტერესით მეკითხება ის. - გუშინ მარიამის ქორწილი იყო... - ოოო, მოგიწყვიათ დაქალებს ფართი. - ხელოვნურად მხიარული ხმით მეუბნება ის. ვგრძნობ, უნდა კიდევ რაღაც მკითხოს, თუმცა ჩუმადაა. ყურადღებით მაკვირდება. უნდა დაუსმელი კითხვის პასუხი ჩემს სახეზე ამოიკითხოს, არ ვიცი იქ რას ხედავს. ან რისი დანახვა სურს. მე კი ამ დროს საოცრად მტკივა. გული მეწურება. თითქოს წვეთავს ტკივილი გულიდან და სისხლად ვიცლები - იქ მოხდა რამე? - დუმილს არღვევს ის. - არა, სევდა შემომაწვა და შენი ხმის გაგონება მომინდა! - ხვდება სიმართლეს რომ ვმალავ. - მაპატიე, შენთან რომ არ ვარ! - ჩუმად, მოგუდული ხმით მეუბნება ის. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ვტირივარ. ოღონდ ზუსტად ვერ ვხვდები რა მატირებს, მონატრება თუ სასოწარკვეთილება? - კარგად ხარ? - ისიც აღელდა იქ, იტალიაში. - გადამივლის, მაპატიე, ვერ ვიყავი ხასიათზე და შეგაშინე! - ვცდილობ გავიღიმო, თუმცა არ გამომდის - ქორწილის ბრალია, ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. - ხუმრობას ვცდილობ. - ბავშვები როგორ არიან? გაბრაზებენ? - თემას ცვლის ის. - კარგად რა უჭირთ. დადიან სკოლაში, ცელქობენ. გიგა შენ გგავს. - ადრე გიგას ხსენების უფლებას არ მაძლევდა, ამ ბოლო დროს ხმას აღარ იღებდა. ათას სისულელეს ვუყვებოდი. რაც გამახსენდებოდა, ერთი ამბიდან მეორეზე ვხტებოდი. ის კი მისმენდა. - ყველაფერი თქვი, გარდა იმისა რაც გაწუხებდა. - მსუბუქად მისაყვედურა ბოლოს - თუ ასე იდეალურადაა საქმე, ასეთი წარმატებული ხარ, რატომ არ ამბობ რა გტკივა? - ვიდეო თვალში მის სახეს დავაკვირდი, მიუხედავად ჭაღარისა ისევ ის გიორგი იყო მე რომ მიყვარდა. ვუმზერდი და ჩუმად ვიყავი, რა მეთქვა? რომ უზომოდ მენატრებოდა? რომ ტკივილამდე მინდოდა ეხლა მის გვერდით ყოფნა? მინდოდა ეს სიტყვები მეთქვა, მაგრამ ჩუმად ვიყავი, ცრემლები ისევ ურჩად მოდიოდნენ თვალებიდან. არც ის მეუბნებოდა რამეს. ჩუმად მიმზერდა. ამ წუთას ყველაზე მეტად მასთან ყოფნა მსურდა. ერთი სიტყვაც რომ დასცდენოდა, ყველაფერს მივატოვებდი, ალბათ შვილსაც კი და მასთან გავიქცეოდი, მაგრამ ის ჯიუტად დუმდა. იქნებ უნდოდა კიდეც ჩემთვის თქმა?! მაგრამ მაინც არაფერი მითხრა. მიყურებდა მისი ლურჯი თვალებით და ჩემს გამოსახულებას ეფერებოდა. ბრაზი მომერია, თავმოყვარეობამ შემახსენა, რომ მიმატოვა და ამ ტკივილისთვის გამიმეტა. გავღიზიანდი, ალბათ ნორმალური არ ვიყავი, ყველაფერზე ვბრაზობდი, განსაკუთრებით კი საკუთარ თავზე, რომ დავურეკე და ცდუნებას ვერ გავუძელი. ალბათ, იგრძნო ჩემი ხასიათის ცვლილება: - მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს მინდა ეს გახსოვდეს. - ბოდიში, რომ შეგაწუხე! - კბილებში გამოვცარი. - დაგირეკო?..... -აღარ დაასრულა მან. ისეთი სახე ქონდა, მივხვდი ფიქრობდა, ცუდად ვიყავი. - კარგად ვარ! - გამეცინა მე, როცა გავიაზრე, რომ „გიჟი“ ვეგონე - უბრალოდ დეპრესიის შეტევა მქონდა. მეგონა შენი ხმის გაგონება მიშველიდა... - ესიამოვნა ჩემი სიტყვები. - მერე გიშველა?! - ალბათ უნდოდა ისევ რამე სასიამოვნო მეთქვა. გამეღიმა. მისი გახარება ძალიან იოლი იყო. ყოველთვის მცირედი ყოფნიდა - გამიხარდა რომ დამირეკე, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ეს სიხარული რამდენიმე თვესაც კი გამყვება! - ხალისიანი, ბედნიერი ხმით მეუბნება ის. აღაფერი მითქვამს. არ მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება. ლევანთან დაკავშირებით ხმაც არ ამომიღია. ვხედავდი ჩემი ზარით როგორი ბედნიერი იყო. ასეთ ემოციას სხვა ადამიანებში ვერ ვამჩნევდი. სამწუხაროდ ვერც ლევანში. ჩემთვის რთული იქნებოდა გიორგისთვის განკუთვნილი ადგილის სხვისთვის დათმობა. ჩვენ ორს შორის იყო ისეთი რაღაც რაც ალოგიკური იყო. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? ერთად არ ვიყავით, წლები გადიოდა და მაინც ერთმანეთს არ ვეშვებოდით, არ ვუშვებდით. რა უნდა მექნა იმ არეულ ლოგინში ქალი რომ ყოფილიყო?! ამის გაფიქრებაზეც კი გამაცია. შემდეგ გამეღიმა. არ იფიქროთ, თითქოს მჯეროდა, რომ ეს წლები ქალის გარეშე იქნებოდა. უბრალოდ ამის დანახვა არ მინდოდა. - კარგი, გიო, წავედი, მადლობა რომ მომისმინე! - სწრაფად დავემშვიდობე და კამერა გამოვრთე. პატარა წითელი გული გამომიგზავნა და თვითონაც გათიშა. ეს იყო და ეს, ალბათ გიორგისგან მეტი სითბოს გამოვლენის იმედი არც უნდა მქონოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.