შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (10 თავი)


5-11-2015, 11:12
ავტორი murachashvili
ნანახია 3 122

მეათე თავი
- რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? - კვლავ ვფიქრობდი მე - წლები-წლებს მისდევს. ჩვენ კი ასე ვირტუალურად ვკონტაქტობთ. ეს საუბარი მშვიდ და წყნარ ვითარებაში დავასრულეთ. ალბათ ჩემი დეპრესიული განწყობის გამო. სხვა დროს როგორც წესი რაღაცაზე ვდაობდით, ვკამათობდით. შემდეგ გიორგი იბუტებოდა და რამდენიმე თვით იკარგებოდა.
ვცდილობდი ბავშვებს კარგი განათლება მიეღოთ. საუკეთესო სკოლაში ევლოთ. ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში კერძო სკოლები იქმნებოდა. გიორგი საკმარისზე მეტ თანხას მიგზავნიდა, ამიტომ არც მე მენანებოდა ამ თანხის ბავშვებში დაბანდება. მათი შემდგომი წარმატებებით, თუ ვიმსჯელებთ ეს „ინვესტიცია“ ნამდვილად საუკეთესო გამოდგა. საბოლოოდ მოწყინდა გიორგისაც მუდამ კამათი და ჯიჯღინი. ის მაინც შორს იყო, გადაწყვეტილებებს საქართველოში მე ვიღებდი. სასაცილოც კი იყო, იქიდან რაიმე ბრძანების გაცემა. ერთად-ერთი ის შეეძლო, რომ ჩემთვის ფინანსური დახმარება შეეწყვიტა. თუმცა იცოდა, რომ მეც კარგი შემოსავალი მქონდა და თუ მოვინდომებდი არც ბავშვების სწავლის თანხის გადახდა გამიჭირდებოდა. უბრალოდ ჩემი სურვილი იყო, ბავშვებს სცოდნოდათ, რომ მათ განათლებაზე მამა ზრუნავდა. ამიტომ, გიორგი წესით მადლიერიც უნდა ყოფილიყო, შვილების ცხოვრებაში ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა?!
- არ მინდა რამე გაკლდეთ! - მითხრა ერთხელ მან.
- მთავარი მაკლია! - ოდნავ ირონიით ავღნიშნე - რომ დამხმარებოდი არ იქნებოდა ცუდი! - ეშმაკურად ვიღიმებოდი. ამ საკითხს წაუყრუებდა ხოლმე, ვითომ ჩემი სიტყვები არც ესმოდა - ვბერდებით! - სიცილით ვეუბნები მე.
- მაგით რისი თქმა გსურს? - გაუკვირდა მას - ჯერ მხოლოდ ორმოცდახუთი წლის ვარ, სიბერემდე ბევრი მაკლია! - ოდნავ ცერად იღიმება ვიდეო თვალში.
- მე ოცდათხუთმეტის. წლები გარბის. ადრე ამ ასაკის ქალი ბებია მეგონა...
- ეგ როდის? თხუთმეტის როცა იყავი?- ვითომ მისი ირონია არ მესმის პასუხს არ ვცემ.
- ბავშვები უკვე დიდები არიან. სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეიძლება ოჯახებიც შექმნან. - სახე დაუსერიოზულდა. აღარ მაიმუნობდა - მეშინია, ჩემმა შვილმაც ივიგე რომ გადაიტანოს, ვერ გავუძლებ!
- საკუთარ ცხოვრებაში რა არ მოგწონს? - კვლავ ეშმაკურად იღიმება, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მეცინება.
- ჩემს ცხოვრებას კაცის თვალით უმზერ, მე კი .. - გავჩუმდი.
- ვინმე გამოჩნდა? - გაფითრდა ის და ხმა აუკანკალდა. თავი დახარა. ალბათ, მისი ემოციები რომ არ დამენახა - ამის თქმას ცდილობ?
გამეღიმა: - ვიღაც ყოველთვის არის! - თავი აწია და თვალებში შემომხედა, ეჭვიანობდა, მაგრამ ხმა არ მოუღია.
- შენი გადასაწყვეტია, ვერაფერს გეტყვი! - გაღიზიანებული მეუბნება ის.
- დავიჯერო შენს ცხოვრებაში არავინ არის? - გამიკვირდა მე.
- კი, მაგრამ...
- მაგრამ, შენ კაცი ხარ! ასე ხსნი ხომ?
- არაფერს ვამბობ, ეგ შენი გადასაწყვეტია, ჩემით როგორ გითხრა სხვასთან წადი მეთქი? - ტკივილმა ხმა გაუბზარა.
- მაგისთვის შენი ნებართვა არ მჭიდება! - გამეცინა მე- სხვა სიტყვების მოსმენა მსურდა...
- სხვა სიტყვების?! -გაუკვირდა მას.
- ველოდი, მეტყოდი, ჩემთან წამოდიო! - ისეთმა სასოწარკვეთილმა ვუთხარი, რომ სიცილი აუტყდა. ძალიან გამხიარულდა. მე კი გული დამწყდა. ისე მეტკინა, კინაღამ ავტირდი. ჩემი სიტყვები სასაცილოდაც არ ყოფნიდა, მიხვდა რომ მეწყინა, მაგრამ მაინც არაფერი მითხრა.
- ეგ დროც მოვა! - იცინის ის. თავი ძალიან შეურაწყოფილად ვიგრძენი.
- შენი საქმის შენ იცი, ელოდე მაგ დროს, მე კი ჩემს ცხოვრებას ავიწყობ! - დავემუქრე მე.
- მაგით რისი თქმა გსურს? - მივხვდა რომ გავბრაზდი.
- არაფრის, მე ჩემს გზას ვნახავ, სულელი ვიყავი აქამდეც რომ გელოდებოდი!.
- ისევ ჩხუბს იწყებ?!
- არა, უბრალოდ გეუბნები, შენთვის „ეგ დროც რომ მოვა“, ძალიან გვიანი არ იყოს. სანამ ახალგაზრდა ვარ მაშინ მჭირდები! - საბოლოოდ გავყიდე საკუთარი თავი, არ მესიამოვნა ჩემი გრძნობები რომ გავამჟღავნე, მაგრამ უკან დასახევი მაინც აღარ მქონდა.
- ამით ამბობ, რომ შენს ცხოვრებაში არავინაა? - გაოცდა ის. მისმა კითხვამ გამაღიზიანა. სიბრაზისგან ცრემლები წამომცვივდა. ისეთი გაოცებული მიმზერდა, თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთა - ამდენი წლების შემდეგ არ მეგონა...
- მორჩი! - ვუყვირე მე - დიდი ხანია ევროპულად აზროვნება დაიწყე?
- ევროპულად? ეგ რა შუაშია! - გაცხარდა ისიც - უბრალოდ მეგონა ვინმე გყავდა. საქართველოში რაც ხდება მეც ვიგებ, შენ კი ტრადიციების მიმდევარი დიდად არც ადრე ყოფილხარ!
- მაგით რისი თქმა გსურს? რადგან შენთან ქორწინების გარეშე ვიყავი, ტრადიციული არ ვარ? - ასეთი დამცირებული არასოდეს ვყოფილვარ. სხვას რაც უნდა ის ეფიქრა. გიორგისგან კი ასეთ დამცირებას ვერ ავიტანდი.
- თამრო, მომისმინე, არ მინდა ჩემი ნათქვამი გეწყინოს. ჩემთვის მაგ საკითხზე ფიქრი მტკივნეული იყო. შენს გვერდით ვინმე რომ დამენახა, ალბათ იმ დღესვე მოვკვდებოდი. მაგრამ ვერც იმას გეტყვი, რომ მთელი ცხოვრება მელოდე მეთქი. ჩემი ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი. როგორც იქნა ფეხზე დავდექი. ჯერჯერობით, სანამ მყარად არ მოვიკიდებ ფეხს, სანამ უსაფრთხოდ არ ვიქნები, შენი ადგილი აქ არ იქნება. არც შენი და არც ჩვენი შვილის, შვილების! - უცებ შეასწორა ნათქვამი, როცა დაინახა, რომ შესწორებას ვაპირებდი.
- როგორც გინდა ისე მოიქეცი! ილუზიებით ცხოვრებას, ალბათ ასე სჯობია. ის მაინც ვიცი, რომ შენთვის ზედმეტი ვარ. შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ ყოფილა....
- შენ ისე იგებ როგორც გსურს. ასე არ მითქვამს.
- სწორედ ის გავიგე, რაც მითხარი, საკმარისია... როგორც ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი. ჩემზე დარდობდი და ამიტომაც ხარ ასე შორს. იყავი იმათთან ვინც შენთვის ასე ძვირფასია.
- აი, ისევ იბუტები, მე კი მხოლოდ სიმართლე გითხარი. - გაოცებული მიყურებს ის.
თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა: - სულელი ვარ, უთავმოყვარეო! - ვბრაზდები მე- ამდენი წლების შემდეგაც კი ვერ ვისწავლე ჭკუა! შეიძლება სულ სიყვარულს ვიხვეწებოდე? კარგი, ამიერიდან აღარ შეგაწუხებ. მეგობრებივით ვიყოთ! - ირონიულად ავღნიშნავ მე.
- მაგაში რას გულისხმობ?
- არაფერს, დაგირეკავ ხოლმე და მოგიკითხავ. მოგიყვები ჩვენს ამბებს, შენც ანალოგიურად, როგორც აქამდე. იქნებ ჩემს მეგობარ მამაკაცებზეც მოგიყვე ხოლმე. მამაკაცის ფსიქოლოგიას ჩემზე უკეთესად იცნობ, რჩევებსაც მომცემ, არც მე დაგზარდები, ქალებთან დაკავშირებით!
- მეგობარი მამაკაცების ეტაპს თუ გამოტოვებ, მადლობელი ვიქნები! - კბილებში გამოცრა ნერვიულად მან.
- აბა, როგორ მოვიქცე? - გამეცინა მე, როგორც იქნა გავაბრაზე.
- მაზოხისტი ხარ? - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან - ჩემი წამება მოგწონს? იმიტომ მირეკავ, რომ ეჭვიანობისგან გამაგიჟო?
- არა, მაგიტომ არა! მინდა ვხედავდე, რომ მიუხედავად ამდენი წლებისა ისევ ღელავ ჩემზე, ისევ გინდა ჩემთან...
- ამას თქმა ჭირდება? - გაოცდა ის - ამდენი წლების შემდეგ შენით ვერ ხვდები რა დღეში ვარ? იმის გააზრებაც კი, რომ შეიძლება ვინმესთან წახვიდე მაგიჟებს. მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა. შენ ვერაფერს გაიძულებ! ეს სიტყვები გინდოდა მოგესმინა?! - ისეთი გაცხარებული და გაბრაზებული იყო, რომ სიცილი ვერ შევიკავე. მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი - არანორმალური ხარ! - მეჩხუბებოდა ის - მწამლავ და ეს სიამოვნებას განიჭებს.
- მაპატიე. - სიცილისგან მომდგარ ცრემლებს ვიწმენდდი - უბრალოდ მე ვეჭვიანობდი, რა ვიცი რაღაცამ მომიარა, მაინტერესებდა შენც ასე იყავი თუ არა.
ისეთი სახით მაკვირდებოდა, მივხვდი ფიქრობდა, ალბათ ხუმრობსო: - ამით შვებას ნახულობ, თუ გეცოდინება, რომ ყოველ ქალში შენს სახეს ვხედავ, ძილში შენ გეძახი, შვებას მოგცემს?!
თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა: - ძალიან დიდს! - ყრუდ ვუპასუხე.
- მე თუ ჩემით მიგატოვე, წამოვედი აქ და ახალი ცხოვრება დავიწყე, ახალ მეგობრებსა და ახალ საყვარლებთან, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში შენი ადგილი ვერავის დავუთმე, ეგ ეგოიზმი არ არის, განა შენთან მიმართებით უკანასკნელი ნაძირალა არ ვარ? თუ მიხარია იმის მოსმენა, რომ მარტო ხარ და შენს ცხოვრებაში არავინაა, მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვაპირებ იქ ყოფნას, ეგ ბოროტება არაა?! - მის სახეზე ტკივილს ვხედავ.
- იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ შენი სიტყვების მოსმენა მსიამოვნებს! - მეღიმება მე - ნუ ფიქრობ თითქოს ამის გამო რამეზე აუარს ვიტყვი, ვნახოთ რა მოხდება.
- მაგით რისი თქმა გსურს?! - ვიგრძენი ეჭვმა როგორ დაუბინდა გონება.
- არაფრის, მეცოდინება შენი აზრი და თუ ჩემს ცხოვრებაში, ვინმე სერიოზული გამოჩნდება, აღარ დაგელოდები!
მართალია ტკივილისგან სახე მოეღრიცა, მაგრამ პასუხი მაინც „სწორი“ გამცა:
- მასე უნდა მოიქცე, მე არ უნდა მელოდო!
- კარგი, იყოს შენებურად! - დავეთანხმე მე, თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი, დიდი რამე ცოტას თუ იეჭვიანებდა. იცოდეს, რომ მეც ქალი ვარ და როგორც ამბობდნენ არც თუ უშნო, ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე, თუ პრაქტიკულად არა, ვირტუალურად მაინც.

- გამარჯობა თამარ! - მწერს ლევანი facebook-ში.
- გაგიმარჯოს!
- ჩემი გეშინია, თუ მეჩვენება?
- მეშინია?! - გამიკვირდა - საიდან დაასკვენი?
- რამდენიმეჯერ მეგობრობის თხოვნა გამოვგზავნე და „იგნორი“ გამიკეთე! - გამეცინა, მისი გზავნილები აღარც მახსოვდა.
- იგნორი შიშს ნიშნავს?!
- თავს მარიდებ?- არ ჩერდება ის.
- არა. - მისი ტონი უკვე მაღიზიანებს.
- გამოგიგზავნი მოთხოვნას და დამეთანხმე. - ვხვდები, რომ თუ „დასტურს“ არ დავაჭერ მთელი დღე ვერ მოვიშორებ.
- მიდი, გამოგზავნე! - ჯანდაბას იყოს მეგობრებში, რას დამიშავებს?
ფინანსური სამსახურის მიერ გამოგზავნილ ანგარიშს ვათვალიერებ. ამდენი შეჯამებით თავი ამტკივდა, კომპიუტერში წარა-მარა მესენჯერი ანათებს. ლევანი რაღაცას მწერს. მე კი არ მცალია. წლის ანგარიშია შესამოწმებელი და მომავალი წლისთვის ბიუჯეტი შესადგენი.
- ერთი ჭიქა ყავა არ მაწყენდა! - ვფიქრობ და მდივანთან ვრეკავ - ეკო, ძვირფასო თუ არ შეწუხდები, იქნებ ყავა შემომიტანო?
- ეხლავე, ქალბატონო თამარ, თქვენთან სტუმარია! - მეუბნება ის.
- შეხვედრა დანიშნული გვქონდა? - გამიკვირდა და ჩემს მაგიდაზე დაწყობილ ქაღალდების დასტას დავხედე - ხომ გთხოვე არავინ დაგებარებინა?
- ჩაწერილი არ იყო. - თავს იმართლებს მდივანი - ამბობს ახლობელი ვარო.
ასეთი გამოხტომების ატანა არ მქონდა. მით უმეტეს, როცა სერიოზულ საქმეს ვაკეთებდი.
- შემოდი ორი წუთით ჩემთან! - მდივანი დამნაშავე ბავშვივით მიმზერს - დღეს ვინც არ უნდა მოვიდეს არავისთვის არ ვარ! - მკაცრი ხმით ვეუბნები მე.
- მესმის, მაგრამ მიმღებიდან ხომ ვერ გავაგდებ? დაველოდებიო თქვა და ზის.
- ვინაა ასეთი „ნაგლი“?!- გამიკვირდა - ხვალისთვის დაიბარე!
- დღესვე უნდა ვნახოო - კომპიუტერში კამერა ჩავრთე და მიმღებს დავხედე. მოსაცდელში ლევანი იყო წამოსკუპებული, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. მისი გამოგზავნილი მესიჯები წავიკითხე:
- შენთან რომ მოვიდე შეიძლება? - ასე ორი საათის წინ მოუწერია.
- დუმილი თანხმობის ნიშანია?! - თხუთმეტ წუთში.
- ოქეი, მოვდივარ! -ნახევარი საათის წინ.
- აქ დიდხანს უნდა ვიჯდე? - ბოლო.
გავბრაზდი. თავხედი, შეიძლება სამსახურში ასე მიადგე ადამიანს?
- ესღა მაკლდა, ეს ბიჭი გინდა მთვრალი იყოს და გინდა ფხიზელი! - სიბრაზისგან მაცახცახებდა.
- რა ვქნა, თამარ! დედას გეფიცები ვეცადე, მაგრამ არ დამიჯერა! - ისევ ბოდიშს მიხდის მდივანი.
- კარგი, რაც არის არის, უთხარი შემოვიდეს. ჩემი ყავაც მომიტანე, ყავის გარეშე მაგის გაძლება გამიჭირდება! - ხუმრობას ვცდილობ მე. ლევანი კმაყოფილი, გაბღენძილი სახით შემოვიდა.
- აი, მესმის. - უცერემონიოდ ათვალიერებდა ჩემს კაბინეტს - ქალებს თავის დაფასება რომ გიყვართ ვიცოდი. ოღონდ არ მეგონა, ამდენ ხანს თუ უნდა მეცადა.
- დღეს მიღება არ მაქვს! - ცივად მოვუჭერი და ჩემს წინ მდგომ სკამზე მივუთითე. მაგიდაზე იმდენი გაშლილი საქაღალდე მედო, წესით თვითონაც უნდა მიმხვდარიყო უდროო დროს რომ მოვიდა, თუმცა ის ან ვერაფერს ხვდებოდა ან შეგნებულად არ იმჩნევდა.
- მესიჯებზე არ მპასუხობ, ტელეფონს არ იღებ. მეგობრობში მბლოკავ.
- უკვე აღარ. - სარკაზმით ვპასუხობ.
- მართალია უკვე აღარ! შენი ნახვა შეუძლებელია, თუ წინასწარ არ ჩაეწერე, ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა ხარ?! - მის კითხვაში ცინიკურ დამოკიდებულებას ვგრძნობ.
- მეგონა კახეთში იყავი. - ვცდილობ საუბრის თემა შევცვალო - შენ ხომ იქ მუშაობ?
- გუშინ ჩამოვედი რამდენიმე დღით. შენი ნახვა მსურდა.
ბოლო სიტყვებს წავუყრუე: - როგორ მიდის საქმე, ბიზნესი ვითარდება?
- არ ვემდური, იმედი მაქვს უკეთესადაც განვითარდება. მხოლოდ სასტუმროებისა და ღვინის ბიზნესი არ მაკმაყოფილებს. საბანკო სისტემაშიც მინდა ვცადო ბედი. - ჩემს წინ საკმაოდ ამბიციური ადამიანი იჯდა - თუ შენი კაბინეტით ვიმსჯელებ, ამ სფეროში ნამდვილად ღირს ფეხის მოკიდება.
- საკუთარი ინვესტიციით აპირებ, თუ გყავს შერჩეული ჯგუფი?!
- არა, ინვესტორი სხვა იქნება, ალბათ უცხოელი ...
- შენ წარმომადგენლობას მიეჩვიე?! - მსუბუქად გავკენწლე.
- საკუთარი ფულის ხარჯვას სხვისი არ ჯობია? -ირონიით აღნიშნავს ის.
- ალბათ, ოღონდ არ დაგავიწყდეს, მოგებასაც სხვა რომ იღებს, მუდმივად შემსრულებლობა კარგი არ იქნება, ჩემს სიტყვებზე ისე გაეცინა, თითქოს დიდი სისულელე ვთქვი.
- ყველაფერში სარგებლის მიღებას ნიჭი უნდა! - თვალი ჩამიკრა. გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. გული დამწყდა. იმ მხიარული ლევანისგან ერთი ამბიციური და ხარბი ადამიანი დარჩენილიყო.
- წარმატებას გისურვებ! - ირონიით ვეუბნები, თუმცა ვხედავ, იმდენადაა საკუთარი ხიბლით შეპყრობილი, რომ ჩემს ტონს ვერ ამჩნევს - დღეს ცოტა მძიმე დღე მაქვს. იქნებ მითხრა მოსვლით რატომ შეწუხდი?
- მეგონა გაგიხარდებოდა! - ეშმაკური, მაცდური ღიმილით მეუბნება, მე ისევ გულისრევის შეგრძნება მიჩნდება.
- საკუთარი თავი ასეთი მაგარი გგონია?! - გულწრფელად გამიკვირდა. ჩემი სიტყვები არ მოეწონა, თუმცა არაფერი უთქვამს. მივხვდი ტაქტიკას ცვლიდა. უხეში და ამპარტავანი ლევანი უცებ თბილ და მხიარულ ბიჭად იქცა.
- მომენატრე. შენი ნახვა მინდოდა. მარიამის ქორწილის შემდეგ თავიდან ვერ ამოგიგდე! ეტყობა უდროო დროს მოვედი! - ვითომ მაშინ შეამჩნია გაშლილი საბუთები - არ გინდა დაისვენო? სადმე გავისეირნოთ!
- არა, არ შემიძლია, საქმე მაქვს, ვერ მოვიცლი! - უარზე ვარ.
- საღამოს?! - არ ნებდება ლევანი - წამოდი, სადმე ვისადილოთ. სასიამოვნო მუსიკას მოვუსმინოთ.
როცა გავიაზრე მასთან ერთად მუსიკის მოსმენას შეიძლება ცეკვაც მოჰყოლოდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე ხისტად ვურთხარი:
- არ შემიძლია, სახლში ადრე უნდა მივიდე.
ეშმაკურად ჩაეღიმა: - მიზეზს ეძებ, რომ არ დამთანხმდე? ჩემი გეშინია? თუ იმის, რომ ჩემს ხიბლს ვერ გაუძლებ? - ეშმაკური თვალებით მიმზერს და იღიმება.
- თავი ძალიან მაგარი გგონია? - გამიკვირდა მე.
- გეხვეწები, რა! - მემუდარება ის - ყველაფერს ცუდად იგებ. უბრალოდ შენ რომ გხედავ. თითქოს ბავშვობაშიც ვბრუნდები, ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა, პატარა! - წაიღიღინა მან - გეხვეწები, ერთი სადილი რა არის? - მთხოვდა ის, როცა ხედავდა რომ ვყოყმანობდი.
- თუ დამტოვებ და მომცემ საშუალებას ვიმუშაო, რვა საათისთვის გავთავისუფლდები... - ვეუბნები მე.
- ძალიან კარგი. საღამოს მოგაკითხავ.
- იცოდე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე! - ვაფრთხილებ მე.
მხიარულად გაიცინა: - გეუბნები, ჩემი გეშინია! - მისი სიცილის ხმა შემოსასვლელიდანაც კი მესმოდა. უცნაური განცდა მიჩნდებოდა მის შემხედვარეს, რაღაც მიზიდავდა. თან მაღიზიანებდა. მომენტებში ისევ ძველი, მხიარული ბიჭი იყო, ხოლო მომენტებში საკუთარ ამბიციებში აღზევებული, კარიერაზე გაგიჟებული ტიპი.
- იქნებ არ ღირდა დათანხმება? - ვფიქრობდი მე - რაც არის, არის. იქნებ ნელ-ნელა როგორმე დაწყნარდეს. ერთი სადილი არაფერს ნიშნავს.

რა თქა უნდა, საღამოს დროულად მოვიდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს მხოლოდ მეგობრულ სადილზე მეპატიჟებოდა. ასეთი დამოკიდებულება რა თქმა უნდა მაწყობდა. იმედი მქონდა შემდგომი ურთიერთობაც ასეთ ფორმატში გაგრძელდებოდა. ცოტა არ იყოს, მთელი დღე ციფრებში ყურებით დაღლილიც ვიყავი. სახლში წასვლისა და ძილის გარდა არაფერი მინდოდა.
სანაპიროზე სასიამოვნო რესტორანი შეარჩია. ძველ სტილში გაწყობილი, ძველი თბილისის ფოტოებით. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. წკაპ-წკუპ.... წკაპ-წკუპ.... ტკაცუნობდა შეშა, სითბომ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში.
- მოგწონს? - მკითხა მან.
- სასიამოვნო გარემოა!
მიკიტნების ფორმაში გამოწყობილები ოფიციანტები დარბიან.
- ბუხარი და შავი ღვინო ... - ჩავილაპარაკე.
- შავი ღვინოც იქნება. არც ეგაა პრობლემა! - იცინის ის. არაფერი მითქვამს. ბავშვობაში გადავერთე. გიორგისთან ერთად სოფელში, ჩემ სახლში ბუხარი და მაყვლის ღვინო, ცრემლები მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე - მოხდა რამე? - შეშფოთებული მეკითხებოდა ლევანი.
- არა, რაღაც გამახსენდა.
- იცი, დღეს ვიჯექი და მეც ბავშვობას ვიხსენებდი. - მხიარულად მეუბნება ის.
- მართლა?
- მარიამთან გატარებული დღეები გამახსენდა, როგორ გელოდებოდი, ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდი. რაღაცნაირი იყავი...
- როგორი? - დამაინტერესდა მე.
- შენს ირგვლივ ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. ცოცხალი იყავი, ადამიანს სიცოცხლეს ანდომებდი. იმდენად დადებით ემოციებს აფრქვევდი. როგორი უბედურიც არ უნდა ვყოფილიყავი, მაინც კარგ ხასიათზე ვდგებოდი.
მისმა ნათქვამმა გულწრფელად გამაოცა. ვერც კი ვიფიქრებდი სხვისი თვალით, ასეთი ბედნიერი თუ ვჩანდი. ალბათ მიხვდა, რომ არ ველოდი ასეთ სიტყვებს, თითქოს თვითონვე მიპასუხა: - ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ იყო, ყველანი აღნიშნავდნენ, ბიჭებიც და გოგოებიც.
- თქვენთან მოსვლა მიყვარდა, თითქოს ჩემ ოჯახში ვიყავი. ეს იყო ადგილი, სადაც თამაში არ მჭირდებოდა. ის ვიყავი, რაც ყოველთვის, სამწუხაროა... - ამოვიოხრე მე.
- რა არის სამწუხარო?
- შევიცვალეთ! ისეთი ხალისიანი აღარ ვარ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი. ასე მგონია სხვა ვარ, შენც შეცვლილხარ. ადრე უფრო სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა. - მსუბუქად გავკენწლე მას.
თითქოს არ გაუგონია ჩემი სიტყვები. ყოველ შემთხვევაში არ შეიმჩნია: - ამ ასაკში ყველაფერს ლამაზ ფერებში ხედავ. ცხოვრება გემარტივება.
- ვითომ? - გამიკვირდა მე - არა მგონია ჩვენი ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი - არა. თუმცა წუწუნი არასოდეს მიყვარდა.
- ჩემთვის სამაგალითო იყავი, ვსწავლობდი ცხოვრებისთვის ბრძოლას. ისე, რომ მისგან მაქსიმალურად დიდი სიამოვნებაც მიმეღო. შენში იყო რაღაც ისეთი რაც ადამიანს აცდუნებდა. თავს აკარგვინებდა. ის დღე გახსოვს, მარიამთან თქვენმა სამეგობრომ „ფეშენ“ ჩვენება რომ მოაწყვეთ?
- კი, მახსოვს. - სიცილი ამიტყდა ამბის გახსენებისგან. შავი ღვინო ნელ-ნელა მოქმედებდა და აღარც ლევანთან საუბარი მაღიზიანებდა. ამ ამბის ხსენებაზე, თითქოს ისევ ოცი წლის გოგო გავხდი.
- მარიამთან მოხვედით. მაიმუნობდით, იცინოდით. ცოტა დალიეთ კიდეც. შემომიჩნდი, მითხარი ამ გოგოებიდან ვინ მოგწონს და გაგირიგებო. რას გეტყოდი? ვერაფერი გიპასუხე. გეხვეწებოდი: თავი დამანებე მეთქი. მაიმუნობაში მარიამმაც დაგიჭირა მხარი. უცებ თავში დაგარტყა, მოდი ჩვენება გავმრთოთ. ვნახოთ ლევანს ვინ მოეწონებაო. მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ არ მომეშვი, ჟიურიში შენ უნდა დაჯდეო. გახსოვს? - ღიმილით მეკითხებოდა ის.
- მახსოვს! -სიცილისგან ცრემლები მომდიოდა თვალებიდან - როგორ არ ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით გათქმევინეთ რომელი მოგწონდა. არადა რა გოგოები იყვნენ? - ეშმაკურად ვუმზერ მე.
- არ უარვყოფ. ლამაზი გოგონები იყვნენ. - მეთანხმება ისიც.
ცუდი ჩვევა მქონდა, სასმელს როცა ვსვამდი, სიცილს ვიწყებდი. ვატყობდი, რომ ამ შემთხვევაშიც ასე ვიყავი. დაღლილობა მომეხსნა. თავს მსუბუქად და ხალისიანად ვგრძნობდი.
- შენი ღიმილი განსაკუთრებით მიყვარდა, როცა იცინოდი, თვალები გიციმციმებდა ხოლმე. ეხლაც ასე ხარ! - დაშაქრული ხმით მეუბნება. ღიმილი სახეზე შემეყინა.
- ღიმილი ყველას უხდება, უჟმური ადამიანი არავის უყვარს.
- თამარ! - სახეზე მოუნდა მომფერებოდა, უკან გავიწიე.
- სასიამოვნო საღამოა, ჩაშხამება არ გინდა! - კბილებში გამოვცარი.
- ჩემთან ყოფნა არ გსიამოვნებს? - თითქოს შეურაწყოფა მივაყენე, ნაწყენი ტონით მკითხა მან.
- შენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - დაძაბული სახით მიმზერს ის - მიზიდავ, ისე როგორც კაცს შეიძლება იზიდავდეს ქალი. იმ ცანცარა, ცუნდრუკა გოგოებს ვერ ვუყურებდი, იმდებად გამორჩეული იყავი. დაქალება უფრო მოგხდენია. მარიამის ქორწილის შემდეგ თავიდან ვერ გიგდებ...

ვისმენდი რასაც მეუბნებოდა, მაგრამ... ალბათ უნდა გამხარებოდა მისი სიტყვების მოსმენა. მე კი რატომღაც არ მსიამოვნებდა, ვუმზერდი და ვფიქრობდი, რა იყო მიზეზი. რა მაფრთხობდა. ის, რომ არ მიყვარდა ვიცოდი, დიდ სიყვარულს ვერც მისგან ვხედავდი. არ ტყუოდა. ალბათ ვიზიდავდი, რატომაც არა?! ლამაზი ვიყავი და ამის გასაცნობიერებლად მისი სიტყვები არ მჭიდებოდა. ბრმა არ ვიყავი, ვხედავდი უცხო მამაკაცების მზერას, თუმცა არც ის იყო ფიზიკურად ცუდი. მაშინ რა არ მომწონდა?! ამას ზუსტად ვერ გეტყოდით, მაგრამ იყო ისეთი რაღაცა, რაც მაფრთხობდა. მის შეხებაზეც კი უსიამოვნოდ მბურძგლავდა. ის კი პირიქით. უფრო და უფრო ახლოს ცდილობდა მოსვლას.
- წასვლის დროა! - ავჩქარდი მე, ირონიულად ჩაეღიმა.
- კარგი, წავიდეთ! თანხას გადავიხდი და წაგიყვან.
მასთან ავტომობილშიც არ მინდოდა მარტო დარჩენა.
- ტაქსით წავიდეთ, ავტომობილი აქ დატოვე, ხვალ ფხიზელი წაიყვან!. - მინდა ცოტა ეშმაკობა გამოვიყენო.
ხმამაღლა გააეცინა: - მთვრალი გგონივარ, ფიქრობ ღვინო მალაპარაკებს? ნუ გეშინია, ძალადობას არ ვაპირებ! - ირონიულად მეუბნება ის.
ჩემი აზრების შემრცხვა. ალბათ მე ვაფორმებდი და მეჩვენებოდა. სახლში მშვიდად მიმიყვანა. აღარაფერი უთქვამს, ორივენი ჩუმად ვიჯექით. მხოლოდ დამშვიდობებისას დაარღვია დუმილი:
- არ ვიცი რა იქნება და როგორ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ბავშვობიდან მიყვარდი, თავდავიწყებით, უგონოდ, შენ კი ამას ვერასოდეს ამჩნევდი, შენთვის მხოლოდ გიორგი არსებობდა, ეხლაც ის დგას ლანდივით ჩვენს შორის...
- გიორგი არაფერ შუაშია. არ მიყვარდი, როგორც კაცს არ გიყურებდი, ჩემთვის ძმასავით იყავი...
- გაჩუმდი, გთხოვ! ჩემთვის შხამივით ხარ. ნარკოტიკი, შენი ეშხით მაბრუებდი. მაგიჟებდი და ახლოს არ მიშვებდი. დღემდე ასე ხარ... - მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა, რომ შემეცოდა, ინსტიქტურად მისკენ დავიხარე.
- ლევან მე არ ... - სიტყვის დასრულება არ მაცალა, ისე მიმიზიდა, ტუჩებში მკოცნიდა. გავღიზიანდი, გავბრაზდი. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, როგორც კი ხელი გამიშვა, ჩემი მოქნეული სილაც მოხვდა სახეში. ირონიულად გაეღიმა.
- მოვა დრო და ჩოქვით შემეხვეწები, რომ მიყვარდე! - უხეშად გამოცრა მან - იცოდე, შენს ცხოვრებაში თუ არ ვიქნები, არც სხვა იქნება. ასე უკაცოდ დაბერდები...
მისი მუქარა სერიოზულად არ მივიღე, ირონიულად გამეცინა:
- შენთან ყოფნას, უკაცოდ დარჩენა ჯობს!. - მივაძახე და მანქანიდან გადმოვედი. კარები ძლიერად მივაჯახუნე და სადარბაზოში შევედი. რაღაცას მეძახდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა. ვცახცახებდი, სიბრაზისგან ცრემლები მომდიოდა.



№1  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სასიამოვნოა როცა შექმნილ პერსონაჟებს, გიორგის და თამარს ასე რომ გულშემატკივრობთ. თუმცა ვფიქრობ მათი მსგავსი წყვილები ჩვენს გარშემო ბევრია. მოვლენებს წინასწარ არ გავუსწრებ. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს. ძალიან მსიამოვნებს თქვენი მოსაზრებების კითხვა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი რააა...
ასეთი სიყვარული...
გიორგი...
ლევანი...
კარგი რა
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent