შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი (7-8 თავები)


16-11-2015, 00:05
ავტორი murachashvili
ნანახია 3 618

მეშვიდე თავი
ადრე დისტანციური ურთიერთობის, მით უმეტეს სიყვარულის არ მჯეროდა. ახლა? ტკივილამდე მენატრებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, შენი გრძნობები არარეალურია და სალომეს არ უყვარხარო, ჩემი ხელით გავისტუმრებდი იმ ქვეყნად. სასტიკი ვიყავი? ალბათ, ან უბრალოდ შეყვარებული ვიყავი.
ასეა თუ ისე, როგორც იქნა დასრულდა. ოფიციალურად ყველა დაგვითხოვეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, კურს დამთავრებულებისგან საუკეთესოებს დაასაქმებდნენ თავდაცვის სამინისტროში, დანარჩენებს კი დაემშვიდობებოდნენ.
გადმოგვცეს თბილისში, შტაბში მისატანი დალუქული დოკუმენტებიც. წესით არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ საბუთების შინაარსი მეთაური გამაცნო, მომილოცა სპეც-დანიშნულების ჯგუფში შერჩევა.
გაოცებული ვუმზერდი, ასეთი გაერთიანების არსებობა იმ დღეს პირველად გავიგე. ჯგუფის, რომელიც ოფიციალურად არ არსებობდა, მისი წევრები საზოგადოებისთვის როგორც რიგითი ჯარისკაცები, ასეულის მეთაურები ისე იყვნენ ცნობილნი, მათი ვინაობის გამომჟღავნება მხოლოდ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული საფრთხის არსებობისას იყო დასაშვები. ამ ჯგუფში ბევრი ვართ? ზუსტად არ ვიცი. თუმცა ვვარაუდობ, რომ ჩვენი გამოშვებიდან მინიმუმ სამნი მაინც. ამასაც მხოლოდ იმით ვხვდები, რომ სამივეს ერთმანეთის მსგავსი კონვერტები გადმოგვცეს. სამი ახმახი გვერდი - გვერდ ვდგევართ და ვერ ვხვდებით როგორ მოვიქცეთ, მივულოცოთ ერთმანეთს თუ... ბედნიერებისგან გვეღიმება. მწყობრში გაჯგიმულები ვდგევართ და საკუთარი გამარჯვებით ვტკბებით. ჩვენ გამოგვივიდა, ათასიდან მხოლოდ სამს. ცოტაა? ალბათ. იმედი მაქვს შემდგომ გამოშვებაშიც შეარჩევენ საუკეთესოებს, ამის დიდი იმედი მაქვს.
- აბა შენ იცი. იმედია კიდევ შევხვდებით. თუ გაგიჭირდეს ამ ნომერზე დარეკე. ოღონდ იცოდე, მხოლოდ მაშინ გამოიყენებ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იქნება, გესმის? - მეკითხება მეთაური და ჯიუტად მიმზერს. თითქოს უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ნათქვამი ზედმიწევნით გავიგე.
- გასაგებია. ვეცდები ამ ნომრის გამოყენება არ დამჭირდეს.
- იმედი მაქვს. ისეთი მომზადება გაიარე, თავის გატანა არ გაგიჭირდება. ფრთხილად იმოქმედე, ძალის კონსტროლი არ დაგავიწყდეს. - უკანასკნელ სიტყვებს განსაკუთრებული ხაზგასმით ამბობს.
ვხვდები რასაც გულისხმობს. ყოველთვის მსაყვედურობდა, რომ ფიცხი ვიყავი. ძალა კი „მხეცის“ მქონდა. ეს კარგი იყო ჩემთვის და სხვისთვის კი სახიფათო. პირადად მე ამაში უარყოფითს ვერაფერს ვხედავდი.
- ფრთხილად იყავი, შენი გამოზრდა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. შრომა წყალში არ ჩამიყარო! - იცინოდა, მეგობრულად მეხვეოდა და მხრებზე ხელს მიტყაპუნებდა - მომენატრები, შე მამაძაღლო!
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეც. - ყურებამდე ვიკრიჭებოდი - თუ ოდესმე დაგჭირდეთ თქვენს გვერდით მიგულეთ!. - ამაყად დავპირდი.
ჩემს სიტყვებზე გულიანად ეცინებოდა: - იმედი მაქვს!
ერთმანეთს კიდევ ერთხელ მოვეხვიეთ და მანქანაშიც შევხტი.

გრძელი, დაუსრულებელი, მტვრიანი გზა. სამხედრო ფორმას ფერი არაღ ეტყობა. მანქანაში ძილისგან კისერი მაქვს გაშეშებული. ცხელი აბაზანა მენატრება. სწრაფი ტემპით ვერტ-მფრენში გადავჯექი და როგორც იქნა ჩემი თბილისიც.
ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.
თუმცა მეთაურის სიტყვები მახსენდება: - ჩასვლისთანავე შტაბში კონვერტი მიიტანე!
ავაზაზე აეროდრომთან მძღოლი დაგვხვდა სამხედრო პიკაპით. ჯიპში უკანა სავარძლებზე ვჯდები, დაღლილობისგან თავს ვდებ და მკვდარივით მეძინება. ძილბურანში მესმის მძღოლი რაღაცას მეკითხება, მინდა პასუხი გავცე, მაგრამ არ შემიძლია. თვალებს ვერ ვახელ.
ზესტად არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა. ალბათ ნახევარ საათამდე მაინც, თუმცა დასასვენებლად ეს დროც მყოფნის. თითქმის გავიღვიძე, თუმცა თვალები ისევ დახუჭული მაქვს, ჩემსდა გასაკვირად ქალის ხმა მესმის:
- დიდი მადლობა, რომ გამიჩერეთ. - მეჩვენება? თვალს სასწრაფოდ ვახელ, გაოცებული აქეთ - იქით ვიყურები. მძღოლს გვერდზე ასე ოცდახუთ წლამდე გოგონა უზის. სახეს ვერ ვხედავ, ტალღოვანი გრძელი შავი თმა აქვს.
- არაფრის. - პასუხობს მძღოლი. - ამ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ფეხით დიდხანს მოგიწევდათ სიარული. ავტომობილი არ გყავთ?
- მყავს მაგრამ შესაკეთებლად მივიყვანე და დავრჩი ასე... თქვენი ვალიდან ვერ ამოვალ! - ხალისიანად საუბრობდა ის.
ვინ არის ეს გოგო? ხმა რატომღაც მეცნო, სალომე?! შეუძლებელია.
- ამ გზაზე სალომეს რა უნდა? იმდენად მომენატრა, რომ უცნობი გოგონაც კი ის მგონია. - ვბურტყუნებ ჩემთვის.

მართალია სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ტანი შევათვალიერე. თხელი ჭრელა-ჭრულა მუხლებამდე სარაფანი ეცვა. თხელი, გრძელი ფეხები. რუჯიც ძალიან უხდებოდა, თითქოს ჩემი მზერა იგრძნო. უხერხულად შეიშმუშნა.
- თქვენისთანა გოგონამ ამ გზაზე მარტომ არ უნდა იაროთ. - არიგებს მძღოლი.
- სად ვართ? - საუბარში ჩართვას ვცდილობ მე. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. ძილისგან დამბოხებია.
- რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილზე ვიქნებით.- მპასუხობს მძღოლი.
- თქვენც ჩვენთან მობრძანდებით? - ამჯერად გოგონას მივმართავ. გვერდულად გამომხედა და სწრაფადვე მიბრუნდა. დამბურძგლა, მისგან ისეთი უცნაური მუხტი მოდიოდა. ვერ მივხვდი რა დამემართა. კითხვაზე ისევ მძღოლმა მიპასუხა:
- გზად ლიმონათების ქარხანას გავივლით და გოგონა იქ ჩამოვა. აქეთ დასახლებული პუნქტი არაა. მხოლოდ სამხედრო ნაწილი და ეს ახლად აშენებული ქარხანა. ფეხით მოუწევდა ამხელა გზის გავლა. - მძღოლი თითქოს ბოდიშს მიხდიდა უცხო მგზავრის წამოყვანის გამო. ალბათ ეშინოდა, საყვედური არ მეთქვა. ოფიციალურად დავალებაზე იყო გამოსული, განაწესით ასეთ დროს უცნობი თანამგზავრის აყვანა არ შეიძლებოდა.
- უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ! - შეიშმუშნა გოგო.
- არაფერია! - რაც შეიძლება თბილად ვამბობ მე. არ მინდა მონსტრად ჩამთვალონ. ვგრძნობ, გოგონა სარკიდან მაკვირდება. ვერ ვხვდები რას ფიქრობს. მის მზერაში არც მოწონება დამინავს და არც იმედგაცრუება. აშკარად უცნაურად კი მიყურებდა. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ცოტა სევდიანი იყო ჩვენი თანამგზავრი. აღარაფერი გვითქვამს, რამდენიმე წუთში დიდ, ვერცხლისფერ გალავანთან გავჩერდით, რომელზეც დიდი ლათინური აბრევიატურით კომპანიის დასახელება იყო ამოტვიფრული.
- კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! - ოდნავ გაგვიღიმა და ავტომობილიდან ჩავიდა. მაინც იყო რაღაც ამ გოგოში ისეთი სალომეს რომ მახსენებდა.
- ნახვამდის! - ორ ხმაში მივაძახეთ მე და მძღოლმა.
დავინახე კარებში მიწოწებით როგორ დაუხარა თავი დაცვის თანამშრომელმა. ვიღაცას გაუცინა, ხელი დაუქნია და თვალსაც მიეფარა.
- იშვიათია ასეთი გოგონები! - აღნიშნავს მძღოლი.
- კარგად იცნობთ? - მიკვირს მე.
- ჩემი ასაკის როცა გახდებით, ქალის ღირსების დასანახად გაცნობა არ დაგჭირდებათ! - იცინის ის. - ეგ გოგნა კი გამორჩეულია, თბილი და ლამაზი.
- ლამაზი ნამდვილად იყო, აი თბილის კი რა მოგახსენოთ! - ირონიულად ავღნიშნე მე.
თითქოს ჩემი ტონი ვერ შენიშნაო, ისე ამბობს: - ეგ იმიტომ რომ „სხვანაირად“ შეხედეთ.
- როგორ „სხვანაირად“?! - აშკარად გავღიზიანდი მე.
- როგორც ქალს. - მიკონკრეტებს ის.
- შენ ასე არ უყურებდი? - ისევ ცინიკურად ვეკითხები მე.
მძღოლმა სარკიდან გამომხედა. ალბათ ასე ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა თუ მეტის არა, ჯმუხი აგებულების.
- მაგ ასაკის შვილი მყავდა, ქალიშვილი.
- გყავდა? რატომ წარსულში?
- მშობიარობისას გარდაიცვალა. - მომიჭრა მან.
გამაცია. მივხვდი რა სულელურად მომივიდა. ხმა ვერ ამოვიღე. ისევ თვითონ გააგრძელა: - ახალგაზრდები ცხოვრებას სხვა ჭრილში ხედავთ. ეგ გოგონა ხშირად შემინიშნავს. ჩემს შვილს მაგონებს. რათქმა უნდა მისთვის არ მითქვამს. თითქოს ისევ ჩემს გოგონას ვხედავ. მართალია აკრძალულია გამოძახების დროს ავტომობილში მგზავრის ჩასმა, მაგრამ გულმა არ მომითმინა. გზაზე ვერ დავტოვებდი. სულ რომ სამსახურის ფასი დამიჯდეს მაინც. - საჭეს ძლიერად უჭერდა ხელების კანკალი რომ დაეფარა.
- ნუ ღელავთ. არაფრის თქმას არ ვაპირებ. - ისევ სალომეზე ვფიქრობდი. ნეტა ეხლა სად იყო? რას აკეთებდა? ჩემზე ფიქრობდა? ეს გოგონაც როგორ გავდა.
ერთი სული მქონდა შტაბიდან სახლში დროულად წავსულიყავი.
მისვლისთანავე გზავნილი უფროსს გადავეცი. ყურადღებით გაეცნო დოკუმენტებს.
- კეთილი, როდის აპირებთ სამსახურში გამოსვლას?
- რამდენიმე დღით დასვენების უფლებას თუ მომცემთ, შემდეგ კვირაში სამსახურში მიგულეთ!
- ერთი კვირა გეყოფათ?
- ვიმყოფინებ! - გამეღიმა მე.
- მაშინ გელოდებით ერთ კვირაში! - ხელი ძლიერად ჩამომართვა მან.


როგორც იქნა სახლშიც მივედი. ოჯახში არ იცოდნენ ჩემი დაბრუნების შესახებ. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა დედაჩემის ემოცია, როცა კარები გახსნა და მე დამინახა. დაბნეულობისგან ვეღარ მიხვდა ეტირა, თუ ეცინა. თავიდან გაოცებული მიმზერდა. ქალის კვალობაზე ყოველთვის მაღალი იყო, სკოლა როცა დავამთავრე მეც მისი სიმაღლის ვიყავი, გვერდი-გვერდ და-ძმას უფრო ვგავდით ვიდრე დედა-შვილს. ამით ყოველთვის ვამაყობდი. ახალგაზრდა და ლამაზი დედა მყავდა. ის ისეთივე ლამაზი იყო, ოღონდ მე ვიყავი გაზრდილი, ამჯერად ზემოდან დავყურებდი.
- როგორც დავაჟკაცებულხარ! - მეფერებოდა ის.
თურმე როგორ მომნატრებია მისი სითბო და ალერსი. ხელში ავიტაცე დედა და დიდხანს მყავდა პატარა ბავშვივით გულში ჩაკრული. მამა როხროხით გამოვიდა. იყო დიდი ხვევნა, ფერება, სიხარულის ცრემლები. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყავი. ისე მეალერსებოდნენ. საკუთარი ემოციების გამოსახატად სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. მეფესავით ვიყავი. ოღონდ რამე მენატრა და მყისვე ერთმენეთს ასწრებდნენ ჩემი სურვილის შესრულებას.

სამწუხაროდ წინ თურმე ბევრი „სიურპრიზიც“ მელოდა. წლებთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა.

მერვე თავი
ჩემი მამუკა ცოცხალი აღარ იყო.
- საბრალომ თავი მოიკლა! - ცრემლებს იწმენდდა დედა, მეტყველების უნარი დავკარგე.
- გვანცამ რა ქნა?
- რა უნდა ექნა? ბავშვი მშობლებს დაუტოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა.
- კოროშინაძეები როგორ არიან? - შორიდან დავიწყე სალომეს ამბის მოკითხვა.
მათი ხსენება არ ესიამოვნა დედას. არაფერი შევიმჩნიე, მინდოდა ბოლომდე ეთქვა სათქმელი.
- სალომე ხომ გახსოვს? ლამაზი ბავშვი იყო და ქალიშვილობაშიც კარგი დადგა, მაგრამ რათ გინდა? ქალს რომ თავში ტვინი არ ექნება...- დავიძაბე მე. გულმა რეჩხი მიყო. დედამ ალბათ ვერ შეამჩნია ჩემი რეაქცია ისე გააგრძელა- მამალაძეების ბიჭთან დაუჭერია საქმე.
- შეუძლებელია, მამალაძე და სალომე? ვერასოდეს დავიჯერებ, ზღაპარია, ამას როგორ ამბობ, სალომე დასანახად ვერ იტანდა...
- იტანდა თუ ვერ იტანდა. ფაქტი ფაქტად დარჩა. ეს ამბავი მთელ უბანს მოედო. ვისაც არ ეზარებოდა ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. გოგონა რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ხალხის ამბავი ხომ იცი? ეს ამბავი ოჯახის წევრებამდეც მივიდა. სახელგატეხილი ქალიშვილისთვის ნამუსი რომ მოეწმინდათ, გადაწყვიტეს წყვილი დაქორწინებულიყო.
- რას ამბობ? - ყურებს არ ვუჯერებდი მე.
- გოგონა წინააღმდეგი იყო. როგორც ამბობდნენ, არასასურველი ქორწინების ასაცილებლად თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ ვახომ მიუსწრო, გოგონა რეანიმობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიდი რაოდენობით ტაბლეტები ქონდა მიღებული. გაღიზიანებული ვახო საავადმყოფოდან გვიან წამოვიდა. უბანში მამალაძის ბიჭი მოძებნა და გოგონას ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო შური იძია, რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. ამბობენ: დღემდე რუსეთში იმალებაო. რას გაიგებ? სალომე საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ისევ მძიმე მდგომარებაში აღმოჩნდა. მომხდარში მას ადანაშაულებდნენ: ბიჭი შეაცდინაო, თავბრუ დაახვიაო. მისი ცანცარის გამო სასიკვდილოდ გაიმეტესო. ტრაგედიაში ერთად - ერთ დამნაშავედ მას თვლიდნენ. მამალაძეებიც არ ასვენებდნენ, სულ კახპას ეძახდნენ. არც ვახოს ზუსტი ასავალ-დასავალი იცოდნენ. სიტუაციას რომ გარიდებოდნენ, საბოლოოდ სახლი გაყიდეს და გადავიდნენ.
- ჭირების შენც გჯეროდა? - ტკივილით, სასოწარკვეთილმა ვკითხე დედას. ყურადღებით მაკვირდებოდა.
- მაგ გოგონას მიმართ შენი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ყოველთვის ვიცოდი. სალომეც მომწონდა და მისი ოჯახიც. უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად მითქმა-მოთქმისა ამ სისულელის არ მჯეროდა.
- ანუ?
- წყვილმა როგორც არ უნდა მალოს, თუ ერთმანეთის მიმართ გრძნობა აქვთ, მაინც ეტყობათ. თავისდა უნებურად, გაუაზრებლად ეტყობათ გამოხედვაზე, მოქმედებაზე. მამალაძე არ ვიცი რას გრძნობდა, სალომეს კი ნამდვილად არ უყვარდა, უფრო სძულდა. მაგრამ...
- რა მაგრამ? - დავინტერესდი მე.
- ჭორები რომც არ დაიჯერო და ის გოგო მოძებნო, გაგიჭირდება საზოგადოების აზრისთვის იგნორის გაკეთება. მის სახელთან დაკავშირებული იქნება ის გარდაცვლილი ბიჭი. მკვდრები როგორც წესი, ჩუმად არიან და სიმართლეს ვერ იტყვიან. ჩემი აზრი სალომესაც გავუზიარე.
- ვერ გავიგე? - კბილებში მუქარით გამოვცარი. დედა ჯიქურ მიმზერდა, თვალი არ აურიდებია.
- წასვლის წინ მნახა. ვისაუბრეთ. ჩემი შვილი ხარ, უცხო ხომ არა? წერილის დატოვება უნდოდა. მე კი არ გამოვართვი. თითქოს ამას ელოდა. არაფერი უთქვამს. თვალები ცრემლებით აევსო. ხელები უკანკალებდა.
- მხოლოდ ერთს გთხოვთ, თუ დაბრუნდება, სთხოვეთ არ მომძებნოს.
- ფიქრობ, ამის სურვილი ექნება? - ალბათ, სასტიკად მოგეჩვენება, მაგრამ სწორედ ეს ვკითხე.
- ის მიხვდება. ვიცი, თემო არ დაიჯერებს. მან სიმართლე იცის. - გოგონა ამაყად, მტკიცე ხმით საუბრობდა.
მისი როგორც ქალს მჯეროდა, როგორც დედას მეცოდებოდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ მისთვის ხმამაღლა არ მითქვამს. ალბათ, არც იყო საჭირო. რადგან თვითონვე მითხრა: - სთხოვეთ, ნუ ეცდება ჩემს მოძებნას. მობილურის ნომერს შევიცვლი. არც ჩვენს საერთო ნაცნობებთან მექნება კონტაქტი. მე მეტი არაფერი შემიძლია!
- სალომე, მე მჯერა შენი. -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე - მაგრამ მხოლოდ ჩემი კეთილგანწყობა ბევრს ვერაფერს შეცვლის.
მწარედ გაეღიმა: - ალბათ. - ვეღარ მოვითმინე და გულში ჩავიკარი. ასე მეგონა იმ წუთში შენ გკარგავდი. შენ მიდიოდი, მაგრამ შენგან განსხვავებით, ზუსტად ვიცოდი, რომ მას ვეღარ ვნახავდი. ისე მტკიოდა, თითქოს ისიც ჩემი ნაწილი იყო და გულიდან მომგლიჯეს. - მადლობელი ვარ! - მითხრა მან და წავიდა.
ეს იყო და ეს. პირობას ასრულებს. აგერ უკვე მეორე წელია მის შესახებ არაფერი გამიგია. ერთხელ, შემთხვევით დედამისი შემხვდა. მოვიკითხე სალომე. მისი ხსენება დიდად არ ესიამოვნა.
ცივად მიპასუხა: - იმ ამბის შემდეგ შვილად აღარ ვთვლიო. - თურმე გოგონა მათთან აღარ ცხოვრობდა - მამამისმა ერთ ოთახიანი ბინა უყიდა და სამუდამოდ დავემშვიდობეთო.
გაოგნებული ვუსმენდი, როგორ შეეძლო საკუთარი შვილის დათმობა? მე სრულიად უცნობს მჯეროდა მისი სიმართლის, ის კი... აღარაფერი მითქვამს, აზრი არ ქონდა. საკუთარი ამპარტავნებით დაბრმავებული იყო.
- უნდა გაყოლოდა მამალაძეს, იმ ოჯახს არც ფული აკლდა და არც საზოგადოების პატივისცემა. ის ბიჭიც ცოცხალი იქნებოდა და აღარც ვახოს დავკარგავდით. მატერიალური კეთილდღეობაც საჭიროა, მით უმეტეს როცა კომფორტსა და კეთილდღეობას ხარ მიჩვეული. ეს ყველაფერი კი იმ ვაჟბატონთანაც თავზესაყრელად ექნებოდაო.
- მათი ქორწინების მომხრე იყო?
- ასე გამოდის. რამდენიმეჯერ ყოფილან მისი ხელის სათხოვნელად. სალომეს კი ქვა აუგდია და თავი შეუშვერია. მამალაძის გაგონებაც კი არ სურდა. სულ გაბერილსა და გასიებულს ეძახდაო.
დედას მეტი ვეღარაფერი ვკითხე. ამ ამბით ისე დავმძიმდი მეტყველების უნარი დავკარგე. რა უნდა მექნა? ვისგან გამეგო სალომეს ამბავი? იქნებ გვანცა დამხმარებოდა? სალომე მას ვერ შეელეოდა. როგორ მჭირებოდა ეხლა მამუკა. მისი ოპტიმიზმი და სიმხნევე მაკლდა. გოგონა აუცილებლად უნა ვნახო, როგორ შეიძლება ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი სიცოცხლე და სუნთქვა ასე უაზროდ წასულიყო?
- ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი! - ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ვამჩნევდი, რომ გული იმედით მევსებოდა. მჯეროდა, ღმერთი არ გამწირავდა.



№1  offline მოდერი ლილიანა

გამანადგურე :(:(:(:(:(:(:(:(
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე გული დამწყდა ძალიან

 


№3  offline წევრი გვირილა ♡

სევდიანი თავი იყო..
თუმცა მაინც გამახარე ♡ ორი თავისწ წაკითხვა დიდი ბედნიერება იყო დღეს ჩემთვის..
ასე მგონია ის გოგო სალომეა..
ველი გაგრძელებას.. ♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ამას არ ველოდი ნამდვიპად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent