ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე (ნაწილი III)
სოფი მადლიერად შევიდა შავ კარში. ახლოდან ციხე-სიმაგრე კიდევ უფრო უშნო აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა. სიბნელეში, როგორც სოფიმ შეათვალიერა იქაურობა, ციხე-სიმაგრე დიდი ქვებისაგან იყო აშენებული; შავი, ნახშირისფერი, სხვადასხვა ზომის ქვებისაგან. როდესაც სოფი კედლებს მიუახლოვდა, სივიცე იგრძნო, მაგრამ ამას სოფი არ შეუშინებია. უცბად ბუხარი და სავარძელი გაახსენდა, ამიტომ მოუთმენლად წაიღო ხელი კიდევ სხვა კარისაკენ, თუმცა ვერ შეეხო. რაღაც უხილავმა საზღვარმა შეაჩერა, თითქმის ერთი ფუტის დაშორებით. გაღიზიანებულმა სოფიმ ახლა თითი სცადა შეხება, მაგრამ როცა მაინც არაფერი გამოუვიდა, ჯოხისაკენ წაიღო ხელი. როგორც ჩანდა, საზღვარი ჭერიდან ზღურბლამდე იყო. - გაიღე! - დაიკრუხუნა სოფიმ. მაგრამ ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია საზღვარზე. - კარგი, - თქვა მაშინ სოფიმ. - ვიპოვი შენში შავ შემოსასვლელს. - სოფი ციხე-სიმაგრის მარცხენა მხარეს გაუყვა, სადაც კიდევ ერთი კარგი ჩანდა. მაგრამ ეგრეც ვერ მიაღწია ბოლომდე. უხილავმა საზღვარმა კვლავ შეაჩერა. ამ მომენტში სოფიმ მართასგან ნასწავლი სიტყვა წარმორთქვა, რაც, წესით, არც მოხუცებმა უნდა იცოდნენ, არც ახალგაზრდა გოგონებმა და ციხე-სიმაგრის მარჯვენა მხარეს გაუყვა. საზღვარი მანდ უკვე შედარებით სუსტად მოქმედებდა. სოფი გაბრაზებით ჩააშტერდა კარს. - ჩემი აზრით, ეს საშინელი უსტუმართმოყვარეობაა, - გამოთქვა აზრი მან. ჭუჭრუტანიანი კარიდან შავი კვამლი გამოდიოდა მთავარი შესასვლელის ჰოლში. სოფიმ ჩაახველა. ახლა ის ნამდვილად გამწარდა. სოფი მოხუცი და სუსტი იყო, გაიყინა და ყველაფერი სტკიოდა. დაღამდა, ციხე-სიმაგრე კი ისევ კვამლს უშვებდა მისკენ. - ყველაფერს ჰაულს ვეტყვი! - განაცხადა სოფიმ და გააფთრებული, მესამე შესახვევისკენ წავიდა. იქ საზღვარი კიდევ უფრო სუსტად მოქმედებდა. ალბათ, ციხე-სიმაგრეში საათის ისტრის საწინააღმდეგო მხრიდან უნდა გევლო. თუმცა, სოფის მზერას არ გამოპარვია კიდევ ერთი კარი, ოღონდ პატარა ზომის და დაბალი. - ძლივს შავი შესასვლელი! - ამოსუნთქა სოფიმ. მაგრამ საკმარისი იყო კარს მიახლოებოდა და ციხე-სიმაგრემაც გეზი აიღო. მიწა შეზანზარდა. კედლებმა ჭრაჭუნი ატეხეს. და კარგიც, უნებურად, იხურებოდა. - არ გაბედო! - იყვირა სოფიმ. კართან მიირბინა და გამეტებით დაუწყო ჯოხის ბრახუნი. - გაიღე! კარი შიდა მხრიდან გაიღო. სოფი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ კარი ყოველ ჯერზე გაურბოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ციხე-სიმაგრე ქვებიან დაღმართზე ეშვებოდა. სოფის უკვირდა კიდეც, როგორ დგას ფეხზეო. სოფიმ ჯოხი ურდულს გამოსდო და როდესაც ცოტა სული მოითქვა, შეამჩნია, რომ ვიღაცა ზევიდან დაჰყურებდა. სოფიმ აიხედა. ეს ბავშვი იყო და მგონი, მას სოფის გაგდება უნდოდა ცივ, სუსხიან ღამეში, ისეთი თბილი, ნათელი და გასაოცარი ოთახიდან, როგორიც ბავშვის უკანა მხრიდან მოჩანდა. - აბა, გაბედე ჩემი გაგდება, ბიჭო! ეს რა სინაგლეა! - უყვირა სოფიმ. - არ ვაპირებდი თქვენს გაგდებას, - გააპროტესტა მან. - უბრალოდ კარს ასე ვერ დავხურავდი! რა გნებავთ საერთოდ? სოფიმ ოთახი შორიდან მოათვალიერა. კედლებზე სხვადასხვა ნივთები ეკიდა, შესაძლოა, ჯადოსნურიც ყოფილიყო: ნათურები, მშვილდ-ისრები, ბალახები, ტყავის ყდიანი წიგნები; სხვადასხვა ფრად, შიგნიდან განათებული შუშის ბოთლები; და ძველი, გამომშრალი და გამხმარი ადამიანის თავისქალა. სხვა მხარეს კი კერა მოჩანდა, რომელზეც ცეცხლი გიზგიზებდა. ცეცხლი მოვარდისფრო-ცისფერში გარდამავალ ფერად იქცა, გვერდით კი სოფის ნანატრი ბალიშიანი სავარძელი იდგა. სოფიმ ბავშვი გზიდან ჩამოიცილა და სავარძელში ჩაეფლო. - აი, ეს არის ბედნიერება! - თქვა სოფიმ და სავარძელში მოკალათდა. ნამდვილი ნეტარება. ცეცხლმა გაყინული ფეხები თითქმის მომენტალურად გაუთბო, სავარძლის მისაყუდებელი რბილი იყო, ამიტომ ზურგმაც დაისვენა. ბიჭმა კარი მიხურა. შემდეგ სოფის ჯოხი აიღო და სავარძელს გამაფრთხილებლად მიაყუდა. სოფიმ შეატყო, რომ ციხე-სიმაგრის უსწორ-მასწორო გზებზე სიარული შიგნით არ იგრძნობოდა. - უთხარი ჯადოქარ ჰაულს, - უბრძანა მან ბავშვს, - რომ ამ ციხე-სიმაგრით მოგზაურობა სამომავლოდ საშიშია - იქნებ დაინგრეს! - ციხე-სიმაგრე მოჯადოვებულია, არ დაინგრევა, - დაარწმუნა ბიჭმა. - ბოდიშით, ჰაული ამჯერად სახლში არ იმყოფება. სოფი ამ ამბავმა გაახარა. - როდის დაბრუნდება? - ცოტა აღელვებით იკითხა მან. - ხვალ დილამდე ადრე - არა, - უპასუხა ბავშვმა. - და რა გნებავთ? იქნებ მე დაგეხმაროთ? მე ჰაულის დამხმარე ვარ, მარკლი მქვია. - ძალიანაც კარგი! ვშიშობ, რომ ჩემი დახმარება მხოლოდ ჯადოქარ ჰაულს შეუძლია, - სწრაფად და თავდაჯერებულად დაამატა მან. ეს ასეც იყო. - დაველოდები, თუ წინააღმდეგი არ იქნები. ისედაც გასაგები იყო, რომ მარკლი წინააღმდეგი იყო. ის უიმედოდ დაიარებოდა აქეთ-იქით. ერთხელ და სამუდამოდ რომ გაეგო - სოფის ჰაულის ერთი ჩვეულებრივი დამხმარე ვერ გააგდებდა, თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. - გადაეცი, რომ სოფი მქვია, - წაიბუტბუტა და დაამატა: - მოხუცი სოფი. - თქვენ ხომ ღამეც მოგიწევთ ლოდინი, - დაიბნა მარკლი. სოფის ზუსტად ამის გაგონება უნდოდა, ამიტომ თავი ისე დაიჭირა, ვითომ აღარ ესმოდა. ისე, მას მართლაც ჩასთვლიმა. ის ხომ ასე დაღალა ამდენმა სიარულმა მაშინ მარკლი შეეშვა და მაგიდისაკენ წავიდა, რომელზეც ლამფა ენთო. კიდევ კარგი, ღამის გასათევი ადგილი აქვს, - მძინარედ გაიფიქრა სოფიმ. რადგანაც ჰაული ასეთი არამზადაა, მისი მოტყუება ცოდვაში არ ჩაეთვლებოდა, მაგრამ როცა ჰაული უარდზე დადგება, სოფის სურვილი შეიპყრობდა, სადმე სხვაგან გადახვეწილიყო იმ მომენტში. სოფიმ მიწებებული ქუთუთოები ოდნავ დააცილა ერთმანეთს და ჩუმად გახედა დამხმარეს. გასაოცარია! როგორი ზრდილობიანი და საყვარელი ბავშვია. სოფი ხომ ასე უხეშად შეიჭრა ოთახში, მას კი ერთი ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია. ალბათ, ჰაული მკაცრად ექცევა და ჯაჭვითაც აბამს ხოლმე, თუმცა მონობის კი არაფერი ეტყობოდა. ეს ყავისფერთმიანი, ნათელი სახის, კარგად ჩაცმული ბავშვი იყო. სოფის საკუთარი თვალით რომ არ ენახა, როგორ ყრიდა ბიჭი მწვანე სითხეში შავ ფხვნილს, იფიქრებდა, ფერმერის შვილიაო. უცნაურია! რას გაიგებ, რა ხდება ჯადოქრების თავს, გაიფიქრა სოფიმ. ამ სამზარეულოსა თუ სახელოსნოში ძალიან დიდი სიმყუდროვე სუფევდა. სოფის, როგორც იქნა, ჩაეძინა. მაშინაც არ გაღვიძებია, როდესაც მაგიდაზე ბრახუნის, მარკლის თქმული ბილწი სიტყვა და რაღაცა ნივთის დაგდების ხმა გაისმა. მარკლმა დამწვარი თითები აილოკა, გადაწყვიტა, ჯადოქრობა ცოტახნით გვერდზე გადაედო და კარადიდან ყველიანი პური გამოიღო. სოფის კვლავ ეძინა. მარკლმა შემთხვევით დააგდო იატაკზე მისი ჯოხი, როდესაც შეშის აღება უნდოდა და მაშინაც კი, როდესაც მარკლმა სოფის დაღებულ პირში ჩახედა, კერას მიმართა: - კბილები წესრიგში აქვს. ესეიგი, ჭაობის ალქაჯი არ არის? - იმას აქ კი არ შემოვუშვებდი, - გაღიზიანდა კერა. მარკლმა მხრები აიჩეჩა, სოფის ჯოხი აიღო და ისევ გამაფრთხილებლად მიაყუდა სავარძელს. შემდეგ შეშა შეუკეთა კერას და ზევით დასაძინებლად ავიდა. ღამე სოფის ვიღაცის ხვრინვამ გააღვიძა, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ ხვრინვა თვით მას ეკუთვნოდა. სოფის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მარტო ერთი წამით ჩასძინებოდა, მაგრამ ამ ეგრეთწოდებული "ერთი წამის" განმავლობაში, მარკლს ლამფის აღება და სადღაც გაუჩინარება მოესწრო. კერაში ცეცხლი თითქმის ჩამქრალიყო. შეშა უკვე გამაღიზიანებლად ტკაცუნობდა. სოფიმ უკნიდან რაღაცა სიცივე იგრძნო და უცბად გაახსენდა, რომ ბოროტი ჯადოქრის სახლში იმყოფებოდა და ასევე, სადღაც ახლოში, ადამიანის თავისქალაც ეკიდა. - ცეცხლი ხომ არ დამენთო?... - წარმოთქვა მან. მისი ხმა შეშის ტკაცუნისას გაუსწორდა. სოფიმ გაიკვირვა. ეგონა, რომ ციხე-სიმაგრეში მისი ხმა ექოსავით გაისმოდა. გვერდით მან შეშა აღმოაჩინა. შეშის აღებისას მისმა ხელმა გაიტკაცუნა და როდესაც ცეცხლს მიუგდო, მოლურჯო-მომწვანო ნაპერწკლები წამოიყარა. სოფიმ კიდევ ერთი შეშა შეუკეთა და სავარძელს მიეყუდა, მაგრამ სანამ ამას იზავდა, არ დავიწყებია თავისქალისკენ ნერვიულად გახედვა. ოთახი პატარა იყო და მასში სოფის და თავისქალას მეტი არავინ იყო. - მას ორივე ფეხი სამარეში აქვს, მე კი მხოლოდ ერთი, - თავი დაიმშვიდა სოფიმ. ის კერას მიუბრუნდა, რომელშიც ღია მოლურჯო-მომწვანო ცეცხლი ანათებდა. - ალბათ, ხეში რაღაც მარილი იყო, - წაიბუტბუტა სოფიმ. ის მოკალათდა და თითქმის მოახლოებულ დილაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ ეს ნაკლებად გამოუვიდა, რადგან ცეცხლში სახე მოეჩვენა. - მრგვალი წითელი სახე, - ჩურჩულებდა სოფი, - მრგვალი და ოდნავ პუტკუნა. ეს ზევით ოდნავ ამაღლებული ცეცხლის ალი კი ალბათ თმაა. წასვლა რომ ვერ მოვასწრო, როცა ჰაული დაუბრუნდება? ჯადოქრებს ხომ შეუძლიათ ჯადოების მოხსნა. ის პატარა ცეცხლის ალი - პირს ჰგავს. როგორი კბილები გქონია, მეგობარო. მეორე მხრიდან, - აგრძელებდა ბუინს სოფი, - როგორც კი ჯადოს მომხსნის, ჩემს გულს შეჭამს! - ნუთუ არ გინდა, რომ შენი გული შეჭამონ? - დაინტერესდა ცეცხლი. ჰო, ზუსტადაც რომ ცეცხლი ლაპარაკობდა. სოფიმ თავისი თვალით შენიშნა, როგორ ამოძრავდა მისი პირი. - რა თქმა უნდა, არა, - გაიკვირვა სოფიმ. - შენ ვინ ხარ? - ცეცხლის დემონი, - პასუხი გასცა მონარინჯისფრო პირმა. შემდეგ კი საწყალი ხმით მოახსენა, - სამუდამოდ ვარ მიკერებული ამ კერას ხელშეკრულების პირობებით. აქედან ვერსადაც ვერ წავალ. - აქ კი ხმა ნაგლურ ინტონაციაში გადაიყვანა. - როგორც ჩანს, შენც მოჯადოვებული ხარ. ამან სოფი საბოლოოდ გამოაფხიზლა. - ყველაფერს ხედავ! - წამოიძახა მან. - შეგიძლია ჯადოს მოხსნა? სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. შავმა თვალებმა სოფი ქვევიდან ზევით აათვალიერეს. - ძლიერი ჯადოა, - როგორც იქნა, თქვა დემონმა. - ეს ჭაობის ალქაჯის ნამოქმედარია, არა? - კი, - თავი დაუქნია სოფიმ. - მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის, - ნაპერწკლები გადმოყარა დემონმა. - ვერავის ვერ მოუყვები ამის შესახებ. - დემონი კიდევ წამით ჩააჩერდა სოფის. - ყველაფრის კარგად გამოძიებაა საჭირო, - დაასკვნა ბოლოს მან. - რამდენი ხანი დასჭირდება? - იკითხა სოფიმ. - რაღაცა დრო დასჭირდება, - უპასუხა დემონმა. შემდეგ რბილი და შემპარავი ხმით, ეშმაკურად აციმციმებულმა დაამატა: - არ გინდა ჩემთან ხელშეკრულების დადება? ჯადოს მოგხსნი, თუ ჩემს ხელშეკრულებას გააუქმებ. სოფი ფრთხილად დააკვირდა წითელ სახეს. ის ახლა პატარა მავნე არსებას ჰგავდა, თუმცა, ალბათ, ეგ ეგრეც იყო. თითქმის ყველა წიგნში, რაც კი სოფის ჰქონდა წაკითხული, ეწერა, თუ რა საშიშროება ახლდა თან დემონთან ხელშეკრულების დადებას. ასევე, ეჭვი არავის შეეპარებოდა, რომ ეს დემონი - ძალიან ბოროტი დემონი იყო. - არ მატყუებ? ზუსტად იცი, რომ არ გამაცრუებ? - დააზუსტა მან. - აბა, რა გითხრა, - გამოუტყდა დემონი. - დავიჯერო, მთელი ცხოვრება მოხუცის ტყავში გინდა გაატარო? ეგ ხომ მერეც გეყოფა. ამ ჯადომ შენი სიცოცხლე სამოცი წლით შეამოკლა. - ის ხელშეკრულება ჯადოქარ ჰაულთანაა დადებული, ჰო? - იკითხა სოფიმ. - რასაკვირველია, - დათანხმდა დემონი. და ისევ საწყლად დაიწყო ლაპარაკი. - ამ კერაზე ვარ მიკერებული და შემიძლია, მხოლოდ ერთი ფუტით დავცილდე. ციხე-სიმაგრეს თვალ-ყური უნდა ვადევნო, მოვაწყო სხვადასხვა ფეიერვერკები, რათა მნახველები დავაშინო და საერთოდ, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რასაც ჰაული ისურვებს. იცი, ჰაული ძალიან უგულოა. სოფისთვის დემონს არ უნდა შეეხსენებინა, რომ ჰაული უგულო იყო. მაგრამ მეორე მხრივ, არც ეს დემონი იყო დიდი საჩუქარი. - გხვდება რაიმე წილად? - დაინტერესდა სოფი. - როგორ გითხრა? აბა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ დავდებდი, - უპასუხა მოწყენილმა დემონმა. - მაგრამ რომ მცოდნოდა, წინ რა მელოდა, არ დავთანხმდებოდი. მე მიყენებენ. მიუხედავად მისი სიეშმაკისა, სოფიმ მაინც უთანაგრძნო დემონს. მას გაახსენდა, როგორ კერავდა ცილინდრებს ფანისთვის, ფანი კი იმ დროისთვის სად აღარ დასეირნობდა. - კარგი, - თქვა მან. - გამაცანი ხელშეკრულების პირობები. როგორ უნდა გავაუქმო? დემონის წითელი სახე მოუთმენელმა ღიმილმა გადაფარა. - ესეიგი, თანახმა ხარ? - თუ შენც თანახმა ხარ - ჯადო მომხსნა, - უპასუხა სოფიმ ისეთი გამბედაობით, თითქოს რაღაცა საბედისწერო გადაეწყვიტოს. - თანახმა ვარ! - იყვირა დემონმა. - იმ მომენტშივე მოგხსნი ჯადოს, როგორც კი ხელშეკრულებას გააუქმებ! - ჰოდა, მომიყევი, როგორ გავაუქმო, - მოითხოვა სოფიმ. დემონმა თვალები მოწკურა, შემდეგ კი მზერა გადაიტანა. - არ შემიძლია. ხელშეკრულების თანახმად არც მე, არც ჯადოქარ ჰაულს არ გვაქვს უფლება ეს საიდუმლო გავთქვათ. სოფი მიხვდა, რომ უკვე გააცრუეს. უკვე პირი ჰქონდა ღია, რათა ეთქვა, მაშინ საუკუნის ბოლომდე აქ იქნებიო, როცა დემონი მიხვდა, საითკენაც მიდიოდა ლაპარაკი. - არ იჩქარო! - გამოსცრა მან. - ყველაფერს გაიგებ, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყო! გთხოვ, შეეცადე! დრომ მიჩვენა, რომ ერთმანეთს ვგავართ და ხელშეკრულება ორივეს გადაგვარჩენს! სიტყვას კი არ გავტეხ! მე ხომ, ბოლოსდაბოლოს, სულ აქ ვარ, - ესეიგი, პირობას არ დავარღვევ! დემონი სრული სერიოზულობით საუბრობდა და შეშაზე აღელვებით ხტუნავდა. სოფიმ კვლავ უთანაგრძნო. - თუ ყურადღებით მომიწევს ყოფნა, ესეიგი აქ უნდა დავრჩე, ჰაულის ციხე-სიმაგრეში, - წინააღმდეგობით თქვა მან. - სულ რაღაც ერთი თვით! და არ დაივიწყო - ბოლომდე უნდა გამოვიძიო შენი ჯადო! - თითქოს ხვეწნა-მუდარით თქვა მან. - რა ვუთხრა ჰაულს, რატომ გადავწყვიტე აქ ცხოვრება? - იკითხა სოფიმ. - რამეს მოვიფიქრებთ! ჰაული ხომ ასეთი უსარგებლოა... იცი, - დაამატა მან და მოშხამული ქირქილით წარმოთქვა, - ისეა თავის თავზე შეყვარებული, რომ საკუთარი ცხვირის იქით არაფერს არ ხედავს. შევძლებთ მის გაცრუებას, თუკი აქ დარჩები საცხოვრებლად. - მშვენიერია, - წამოიძახა სოფიმ. - დავრჩები. ახლა დანარჩენი მოიფიქრე. სოფი სავარძელში მოკალათდა, დემონმა კი ფიქრი დაიწყო. ხანდახან ხმამაღლა ფიქრობდა, ხანდახან რაღაცას ჩურჩულებდა, ნაპერწკლებს ისვროდა, ციმციმებდა და ამ სცენამ სოფის გაახსენა, როგორ ელაპარაკებოდა გზაში თავის ჯოხს. ამდენი ფიქრისგან ცეცხლი უფრო მხურვალედ აგიზგიზდა და სოფის ისევ ჩაეძინა. დემონმა, ალბათ, ბევრი ვარიანტი შესთავაზა და ნახევრად მძინარე, თვალებდაბინდული სოფიც, ასევე ბევრ რამეზე უქნევდა თავს. მაგალითად, იმაზე დათანხმდა, ვითომ ჰაულის მამის დაკარგული დეიდაა. ბოლოს დემონმა რაღაც წყნარი მელოდიის ღიღინი დაიწყო. სოფის ეს ენა არასდროს მოესმინა - ან ფიქრობდა, რომ არ მოესმინა, სანამ სიტყვა "ქვაბი" არ გაიგონა რამდენიმეჯერმე. ეჭვქვეშ მყოფ სოფის ღრმად ჩაეძინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გაცრუების გარდა, კიდევ ერთი ჯადო დაედოთ მასზე, მაგრამ ამჯერად ეს ნაკლებად ადარდებდა, რადგან მალე ჯადოს ბოლო მოეღებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.