კაცი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა უნდოდა (სრულად)
-ყველაფერი უნდა შეიცვალოს. - აღელვებული სიტყვები გაისმა და ნაწილი ქარს გაჰყვა. ხალხი წრეზე ერთ ადამიანს გარს ახვევია და ყურადღებით, გაოცებული სახეებით აკვირდება. მოლაპარაკის სახელი არ ვიცი. თავს „მხსნელს“ უწოდებს, თუმცა ალბათ უფრო იმას ჰგავს, ვისაც აქეთ უნდა უშველონ და ძალიან უნდა, რომ იყოს „მხსნელი“. როცა ხალხის ჯგუფი დავინახე შორიდან, მეც მათ მხარეს წავედი და ხალხის მასას შევერიე, როგორც საღებავები ერევიან ერთმანეთს და ულამაზეს კონტრასტს ქმნიან. ადამიანები ისე დგანან თითქოს შიგნით ჩახატულია წრე და იმას არ უნდა გადასცდნენო. ქუჩურ რინგს ჰგავს აქაურობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ წრეში ერთი თეთრებში ჩაცმული ახალგაზრდა ყმაწვილი დგას და მთელ ძალისხმევას იყენებს იმისთვის, რომ მისგან ძალიან შორით მდგართაც მისწვდეთ მისი ხმა. ოცდაათი წლის თუ იქნება, შეიძლება მეტისაც, ან ნაკლების, რადგან გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება. ხშირი წვერი მისი სახის მეტ წილს მალავს, ერთი შეხედვით მღვდელს ჰგავს და მიკვირს კიდეც მასთან ვინ უნდა იჩხუბოს. გრძელი თმა კისრამდე ლამაზად ჩამოშლია. ამდენ ხალხს შორის კი ისეთი ტონით ლაპარაკობს თითქოს ჩვენზე მეტი იყოს და ჭკუას გვარიგებდეს. საიდან ამხელა ამბიცია? -რა უნდა შეიცვალოს? - ყვირის ჩემს უკან ერთი ბერიკაცი, რომელსაც თმა გასჭაღარავებია და ხელჯოხით ინარჩუნებს წონასწორობას. კბილები საშინლად აქვს გაყვითლებული, ბევრი არც აქვს შერჩენილი და ჩლიფინებს. სიტყვებს ძლივს გამოთქვამს. თუმცა როგორც ვამჩნევ მაინც გაიგონა წრეში უცნობმა კაცმა და ვერ ვიტყვი, რომ გაუხარდა. -რა უნდა შეიცვალოს? - გაიმეორა თეთრებში მოსილმა. - მეკითხებით კიდეც? - აშკარად გაოცებულია. კისერს ვაგრძელებ. ბიჭი იღიმის, საოცარი ღიმილი აქვს. ამას ვხედავ, მაგრამ რატომღაც არ მსიამოვნებს. - თქვენ! - ერთ სიტყვით ამთავრებს. შემდეგ ჩუმდება. ხელს იშვერს ზეცისკენ და კვლავ რაღაცის თქმა სურს. ამას ვგრძნობ. - შეხედეთ ამ ულამაზეს ცას, უსმინეთ მშვენიერ ჰანგებს ბუნებისას, დააკვირდით ცხოველების გამჭრიახობას და საქციელს, თვალი გაახილეთ ბუნების სიმწვანის დასანახად და მისი სურნელის შესაგრძნობად და მიხვდებით რაც უნდა შეიცვალოს. -ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვინდა. გვაქვს სამუშაო, ხელფასი, გვყავს შვილები, ვარჩენთ ოჯახებს. ჩვენ მათთვის ვცხოვრობთ, რომ გავზარდოთ ბავშვები და სწორ გზაზე დავაყენოთ... რა უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში? - წამოიძახა ვიღაცამ ჩემს წინ. „მხსნელს“ სახე ეცვლება. იმაზე გაოცებული უყურებს, ვიდრე ვინც კითხვა დასვა იმას შეეტყობოდა. თავს კიდევ უფრო მაღლა ვწევ, კისერს ვიგრძელებ, მაგრამ მიჭირს მაინც რამის გარჩევა. ჩემს წინ ჩემზე მაღალი, ახმახი და დაკუნთული ტიბი დგას და ხელს მიშლის ყურებაში. გაწევას ვერ ვთხოვ, ვეგუები, რომ ვერ ვხედავ. ხელებს ჯიბეში ვიყოფ და მხოლოდ სმენით ვკმაყოფილდები. საშინლად ცივა „მხსნელს“ კი თხელი ნაჭერი აქვს მოხვეული, პირსახოცის მსგავსი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აბაზანიდან გიჟივით არის გამოვარდნილი, ან ვინმემ გამოაგდო და ახლა ქუჩაში ხალხს იტყუებს, წრეს კრავს, რომ გათბეს. ჭკვიანურია, თუმცა მაინც მის სიტყვებზე ფიქრს ვუბრუნდები. მაინც რატომ გაუკვირდა ასე მისი კითხვა? რატომ უნდა შევიცვალოთ. -აი, სწორედ ესაა პასუხიც. თვითონვე თქვით რისთვისაც ცხოვრობთ მხოლოდ. - ყურებს იქავებს და ნერვები ეშლება ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, რომ უწევს თუმცა ისეთი სახე აქვს თითქოს ფიქრობს, რომ სხვა გზა არც აქვს. - ადამიანი, თავისი მოდგმით ყველაზე პრიმიტიული არსებაა, - აგრძელებს ის. - რომელსაც მხოლოდ მცირედით დაკმაყოფილებაც კი არ ეჩვენება მწირად და ეჩვევა, ეგუება. ადამიანის ყოფა, რასაც ის სჩადის ავისმომასწავებელია, რადგან თქვეეეენ.... ხო, თქვენ... არ გაგაჩნიათ ღირსებები. არ გიყვართ საკუთარი თავი, არ გიყვართ სხვა, არ გსურთ დაეხმაროთ მას, ვინც კვამლით სავსე ოთახში ხვდება და როცა ის კვამლი გარეთ გამოდის, თქვენც რომ გაწუხებთ მაშინღა იწყებთ ხელების ქნევას გასანიავებლად. -საკუთარი თავი ვის არ უყვარს? - ირონიულად იკითხა ქალმა, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. პატარა კი სულ აქეთ-იქით წრიალებს, ვხედავ როგორ იკავებს ცრემლებს და არ უნდა აქ ამ წრეში დარჩენა, დედამისი კი წინა ხაზზე დგას, წრის მეორე მხარეს და თვალებით ჭამს ახალგაზრდა მამაკაცს. მას კი თვალები უბზინავდა, მიტრიალდა მისკენ და თავი დაუხარა. -რეებს ბოდავ შვილო. რა კვამლი. - ამ დროს კი სადღაც სამოც წელს გადაცილებული ჭაღარა ქალის ჩლიფინი ისმის და ახლა ხალხში იმ ქალს ეძებს, ვინც ეს თქვა. პოულობს, ხელს იშვერს და თბილი ღიმილით აკვირდება. ისეთი მზრუნველი სახით უყურებს თითქოს მისი შვილი ყოფილიყოს მართლა. -აი, თქვენ ახლა კვამლის სუნს ვერ გრძნობთ? მე ვგრძნობ, მაწუხებს და სანამ თქვეცნ არ შეგაწუხებთ მანამდე არაფერს მოიმოქმედებთ, იმიტომ რომ გიცნობთ. ადამიანებს ვიცნობ კარგად. მახრჩობს ეს სუნი და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ვერ გრძნობთ? - ხრჩობის იმიტაციას აკეთებს. ხველება უტყდება და თავს დაბლა ხრის. ახლა მოხუცს აკვირდება, მოხუცი კი თავის გაქნევით უარობს. კაცს ხველება უფრო უტყდება. ახლა ყველა შეშინებული უყურებს, მაგრამ მაინც უკვირთ, რადგან აქ ხომ კვამლი არ არის. ნეტავ რომელმა ღმერთმა დააჯილდოვა სისულელეების ლაპარაკის ნიჭით? ერთ წუთში იმდენი სისულელე თქვა, რას წარმოვიდგენდი აქ მოყრილ ხალხს თუ ამის მოსმენა სიამოვნებდათ. თუმცა არც მათ ეტყობათ სიამოვნების არაფერი. მაშინ რაშია საქმე? ვაკვირდები. არ მინდა ერთი სიტყვაც, რომ გამომეპაროს და თან ვცდილობ უფრო წინ წავიწიო, მაგრამ... დღეს ძალიან ცუდ ფეხზე ავდექი. ჯერ იყო და უნივერსიტეტში კიბეზე დავეცი და ჩავგორდი. შემდეგ ლამის მანქანამ დამარტყა გზაზე გადასვლისას, მერე ის იყო ფეხი ამიცურდა ყინულზე და რამდენიმე წუთით თვალთაც დამიბნელდა, როცა გამოვფხიზლდი დაცემის ადგილი საშინლად მტკიოდა, ვვარაუდობ ტვინის შერყევასაც მივიღებდი, ახლა კი ეს ორი მთა კაცი წინ დამდგარა და ყველაფერს ფარავს. თითქოს ერთმანეთი მიიზიდეს, ერთი არ მეყოფოდა ახლა მეორე მიემატა. მხოლოდ მათ შორის პატარა ნაპრალიდან ვიყურები და რაღაცას ძლივს ვამჩნევ. ყურები კი ისე მაქვს დაძაბული არაფერი გამომეპარება. -სისულელეა. - ყვირის მაღალი, მსუქანი კაცი და მუჯლუგუნის კვრას იწყებს. - გამატარეთ. ამის მოსმენას აღარ ვაპირებ. ვინ გკითხავს შენ როგორ მოვიქცევით? რა უფლება გაქვს რომ გვიკარნახო როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვიქცეთ? მიპასუხე? - მაგრამ პასუხს არ დალოდებია ისე გადის წრიდან. გულივერებიც მიდიან, რა ბედნიერებაა. ახლა კისერს აღარ მოვიტეხ და ყველაფერს კარგად შევხედავ. ოდნავ წინ ვიწევი და ვამჩნევ ისევ იმ ნათელსახიან კაცს, რომელსაც სახეზე ღიმილი აქვს აკერებული. იმ თხელ სამოსში არ სცივა და ეს მაკვირვებს. -სულელსა და ჭკვიანს შორის არსებობს ზღვარი, განსხვავება. - იწყებს ის და ღიმილი ოდნავადაც არ ეცვლება. მისი სახე ერთს ამბობს მხოლოდ: „მე ყველაფერს გავაკეთებ, მაინც დაგანახებთ როგორ უნდა მოიქცეთ ეს გინდათ თუ არა. - ადამიანთა ზიზღი, სიბოროტე, სიავე, სიძულვილი და ამპარტავნება სულელების, ხოლო სიკეთე, სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, მეგობრობა კი ჭკვიანთა ხვედრია. შეცვლაში კი ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. შეიცვალოს სისტემა, რაც ადამიანების სისუსტეზეა დამყარებული და მათ უგუნურებაზე. ვითომ დემოკრატია, რომელიც ისევ ტირანიაა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გეგონოთ დემოკრატია, მაგრამ ასე არ არის. ქამელეონს ყოველთვის შეუძლია დაიმალოს და იმ ლანდშაპდის, ან ბალახის ფერი მიიღოს, სადაც ის არის. პარტიები გვმართავენ ჩვენ, მათი ნება სურვილით, დემოკრატია ჰქვია, მაგრამ სიტყვა ტირანია ჩრდილშია მიმალული და კარგად ახერხებენ ქამელეონებივით ამის დამალვას, არგებენ ზუსტად ამ ყველაფერს და ჩვენ ისე გვაჩვენებენ, რომ ვითომ ყველაფერი ჩვენთვის კეთდება. მე, მინდა შევცვალო სამყარო, მაგრამ სამყაროს ერთი კაცი ვერ შეცვლის, ის რამდენიმე ადამიანის მიზანმიმართული შედეგია, რომელიც ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. უნდა შეიცვალოს ხალხის სურვილები, მათი ამბიციები და გაუჩნდეთ უფრო მეტი სიყვარული მოყვასის მიმართ, მაშინ შეიცვლება სამყაროც. - მცირე ხნით ჩუმდება. ალბათ ფიქრის დროს გვაძლევს, ან თვითონ დაიღალა ამდენი საუბრისგან. რასაც ამბობს ხანდახან მგონია, რომ ამის მართლა სჯერა ან ჩვენ გვატყუებს. სამყაროს შეცვლა ადვილი ჰგონია? სულაც არა. ზოგი სერიული მკვლელია, ზოგი მოსიყვარულე მამა, ამას ვერ შეცვლი როგორც არ უნდა ეცადო. ძალიან მეოცნებე ვინმეა და სისულელეებს ლაპარაკობს... ნამდვილად! -ერთმანეთს ხოცავთ ფულის გულისთვის, ჭამთ და ძღებით, სხვაზე კი არ ფიქრობთ. - მგონი მართალს ამბობს. - გადაცემებში მხოლოდ გასართობი შოუები გადის და სისასტიკე, გარყვნილება უკვე მოდად იქცა. გარყვნილებით ცდილობენ ადამიანთა გასულელებას და ყველას ცოცხლად კლავენ. უსპობენ აზროვნების უნას. უქრობენ ოცნებებს, მიზნებს. - მშვიდია. გაოცებული შევყურებ და მინდა მეც რაღაც ვთქვა, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ. ასპარეზს ისევ მას ვუთმობ, ან სხვას ვინც მას შეეპასუხება. - ნუთუ ვერ ატყობთ ამას? ყველაფერი გამზადებული გირჩევნიათ მიიღოთ და არ ფიქრობთ საიდან? ტელევიზია კი ადამიანს ზომბად აქცევს, ცოცხალ ზომბად, რომელსაც მხოლოდ ყურება და ჭამა ევალება, რომლის სულიერ „მეს“ სძინავს და გამოფხიზლებას არც ფიქრობს. -ახალგაზრდავ... ახალგაზრდავ... ხო, თქვენ გეუბნებით. ახლოს მოდით. შემოდით წრეში, ნუ მორცხვობთ. არ შეგჭამთ შემოდით. - თან თითით ანიშნებს შავთმიან ბიჭს. მას ხელში მობილური უჭირავს, შავი სქელი ქურთუკი აცვია და ჯაჭვებით არის დამშვენებული. კისერზე ტატუც კი აქვს. შავად რაღაც იალქნის მსგავსი რამ ახატია. უკან ვიღაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაგრამ ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ის კაცია, ვინც მოახერხა და ასობით ადამიანის ყურადღება ერთიანად მიიპყრო, ოღონდ უარყოფითი კუთხით. ბიჭი წრეში ნელ-ნელა შედის, თითქოს დარწმუნებული არ არის, რომ ესე უნდა მოიქცეს და საკუთარ თავს ეკითხება სწორად ვიქცევი თუ არაო. მობილურს ოდნავ უჭერს ხელს, მარჯვენა თავისუფალი ხელით კი მუშტი შეუკრია, ფრთხილია მაინც. „მხსნელი“ ჩუმად არის და ელოდება, როდის შევლენ მისი აკანკალებული და ნელა მოსიარულე ფეხები წრეში. აი, შევიდა კიდეც და... ღმერთო ჩემო, კაცი თეთრებში სახეში ურტყამს ხელს. გალაწუნების ხმა ზარივით წკრიალებს. წარმომიდგენია მის ყურში რა ზრიალი იქნება ახლა. ალბათ მტკივნეულია, მეც კი მეტკინა მის მაგივრად. წრეში შესულს სახეზე გაბრაზება უვლის. ვფიქრობ სიკვდილი მოსდმებია ალბათ, და დაიმსახურა კიდეც. დაე მოკვდეს! ბიჭი მუშტს უქნევს და ცხვირში ხვდება. სახეაწითლებული და ესკიმოსივით სულ თეთრი ძირს ეცემა, ბიჭი ზედ ახტება და კიდევ აგრძელებს სახეში მუშტების მოქნევას. -მოგკლავ შენი. - ყვირის და კიდევ ურტყამს. კიდევ... ხალხი გონზე მოსვლას ასწრებს და რამდენიმე ზორბა, მაგრამ დაბალი ტიპი მის მოცილებას ცდილობს. სანამ გამოათრევენ წრიდან მანამდე კიდევ ორჯერ ახერხებს სწრაფად მისთვის მუშტის დარტყმას. თეთრსამოსიანი კაცი წევს, შემდეგ დგება და სისხლს მკლავით იწმენდს. თეთრ სამოსზე სისხლის კვალი ჩნდება. გაბრაზებული და გაგიჟებული მოჩხუბარი კი რიგიდან გაჰყავთ კიდევ, რომ არ მივარდეს. თეთრსამოსიანი კაცი მშვიდად დგას, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. მთვრალივით იქცევა, მაგრამ ისეთი სახით იყურება თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჩალურჯებები კი რომელიც ეტყობა ამას ეწინააღმდეგება. -აი. - ხელებს შლის, რომ არ დაეცეს. - აი, რას ვამბობ და რას ვგულისხმობ. მის გონებაში სიძულვილი ჭარბობდა სიყვარულს. სიყვარულით ყველაფრის მპყრობელია, მას შეუძლია განკურნოს სნეული, გააცოცხლოს მკვდარი, შეუხორცოს ჭრილობები გულის შიგნითაც. მას ყველაფერი შეუძლია და ეს მინდა, რომ დაინახოთ. შეიგრძნოთ. -ყველას თვალწინ დაამცირე და დარტყი. - ბოხი ხმით გზავნის სიტყვებს კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც მასთან ახლოს დგას და ისიც ნერვიულად ხელების ქნევით საუბრობს. - გუშინ გაჩნდი ამ ქვეყანაზე? გეგონა მოგითმენდა? -დამცირება? აქ ამას ასე ეძახით? ხალხო, თვალი გაახილეთ. როგორ გინდათ, რომ იცხოვროთ სიბრიყვესა და სიბნელეში. როგორ უნდა იყოთ დღემდე ამ ჭაობში, მუხლებამდე, რომ ჩაგიდგამთ ფეხი. - დაბლა ვიხედები და ხმაურის მიხედვით ვხვდები, რომ ყველა ჩემსავით იქცევა. - აი რას ნიშნავს განათლება! - აყოლებს შემდეგ. ჯერ შუადღის ხუთი საათია, რა დროს სიბნელეა?! იდიოტი. -ვის სძინავს? - ყვირიან ერთხმად და მათი ყვირილი ერთი კაცის ყვირილად მეჩვენება, თუმცა ხმა სხვადასხვა ადგილიდან მოდის. არეულობა ისადგურებს ქალაქის ცენტრში. - რას ვიკლავ თავს, ვიყინები და ეგღა მაკლია ამის ლაპარაკს ვუსმინო. აქამდე უნდა წავსულიყავი, როგორც სხვები. - ჩვენი რაოდენობა ერთით იკლებს. კვლავ ორი კაცი აკლდება ჯგუფს, მაგრამ უკან რომ ვიხედები მგონი უფრო მეტი ინტერესდება იმით, თუ რა ხდება აქ და მოდიან. -ჰმ.... - რა უნდა ამ კაცს ვერ ვხვდები. - ბრბო ხართ. თქვენ ადამიანები ხართ ერთიანი გრძნობებით, ერთიანი სურვილებით და ემოციებით, მაგრამ იმ გრძნობებში სიყვარული არ შედის. - ჩერდება, თუმცა პასუხის მოლოდინით არა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ რეაქცია აინტერესებს ხალხის და მათ თვალებში ცეცხლოვან მზერას ესვრის. ერთი მეც დავიმსახურე, მაგრამ იმის გამო, რასაც მასზე ვფიქრობდი თვალი ვერ გავუსწორე და თავი დავხარე. - სიყვარული, ადამიანის დაუოკებელი ვნებებისა და ქალის ლოგინში ჩაგორების მცდელობების ერთობლიობა როდია. სიყვარული იმართება გულით, გული კი ტვინზე ძლიერია სწორედ სიყვარულის დახმარებით. სიყვარული თავად ღმერთია. ის ყოველ ჩვენგანშია მეტ-ნაკლებად და ჩვენ ვგრძნობთ მას. თქვენ კი ეს არ გაგაჩნიათ და სწორედ ეს არის ამდენი უბედურებების მიზეზი. მშიერი ხალხი, კაცის კვლა ყოველდღიურად, ფულის გამოძალვა, ქურდობა, გაუპატიურება, ეკლესიების წაბილწვა, გინება, ერთმანეთის ცემა და უდიერად მოპყრობა საგნებისთვის, ცხოველებისთვის, ბუნებისთვის. - ხალხის ემოციების დაუოკებელი ტალღა მძლავრდება და მისკენ მიმართულს თეთრსამოსიანი კაცის ჩაყლაპვა სურს. - სიყვარულის ნაკლებობის გამო თქვენი ტვინი არასწორედ მუშაობს, გული ვერ მართავს მას და ცალკე ტვინი კი სისულელეებს სჩადის. სიკეთე გულისა და გონეის ერთად მუშაობით იმარჯვებს, ამ დროს კი ღმერთი თქვენს გულშია, მაგრამ როცა არ უშვებთ მას მაშინ გული ღვარძლით გევსებათ. ზიზღით და სიბოროტით. -რეებს ბოდავ ბიჭო. - ღრიალებს კუნთებ დაბერილი, ოცდათხუთმეტ წლამდე კაცი, რომელსაც ბუნებრიობის არაფერი ეტყობა. ასე მგონია ვიღაცამ ხელოვნურად გამოძერწა და შემდეგ სული შთაბერა გასაცოცხლებლად. დანის გაშლის ხმა მესმის. მზეზე ბრწყინავს და მის მფლობელს კარგად ვხედავ.წინ მიიწევს. სწრაფად ექანება და დანას იქნევს. საიდან გაჩნდა უცებ ის მოხუცი კაცი? დანა ვიღაც თეთრთმიანს ხვდება მუცელში და ძირს ეცემა. მან გადაარჩინა „მხსნელი“. ვითომდა „მხსნელი“. რა უდროო დროს იდგა იქ, ან რატომ გადაეფარა. ყველა შეშდება. დანის დამრტყმელიც კი, თავს სწევს, დანას აძრობს და მთავარი მიზნისკენ გაშმაგებით იყურება. მის არაადამიანობას არ აქვს საზღვარი. კიდევ იწევს იმ კაცისკენ და სახეზე მხოლოდ გაღიზიანება კი არა, ალბათ მთელი მსოფლიოს ხალხების გაბრაზების ჯამი აწევს. ჰოი საოცრებავ, რომ უშიშარის როლს თამაშობს. უნებურად წინ წავიწიე, ვიფიქრე იქნებ დავეხმარო რაიმეში ან იმ კუნთებმაგარ ტიპს წავართვა დანა-მეთქი, მაგრამ ვხედავ, რომ რამდენიმეს გაუკავებია და დანაც უკვე წაურთმევიათ. ღმერთო ჩემო, არასდროს მინახავს კაცი როგორ კვდება. ხელები მიკანკალებს, ფეხზე ძლივს ვდგები. ალბათ ამაზე საუბრობდა თეთრსამოსიანი კაციც, ამ ბოროტებაზე, მაგრამ არავინ უსმენდა, თუმცა მაინც მის მოკვლას ალბათ ყველა გმირობად ჩაუთვლიდა უდანაშაულო კაცი, რომ არ შეეწირა. ახლა კი ის უნდა დაისაჯოს, როგორც წესია. საერთოდ რატომ არ ჩანს აქ პოლიციის მანქანები? როცა საჭიროა მაშინ არ არიან ხოლმე და ჯარიმის დასაწერად კი ეგრევე მზად არიან... -სასწრაფოში დარეკეთ. - ქალი მკივანი ხმით გაიძახის. ამ სცენამ ბევრზე ცუდად იმოქმედა. ზოგს გულიც კი წაუვიდა, სხვები კი შარის თავის ასაცილებლად გავიდნენ და თავის გზას გაუყვნენ. ხალხის რაოდენობა შეცოტავდა, ქერა თმიანი ლამაზმანი, რომელსაც ლოყასთან პატარა შავი წერტილი აქვს, სასწრაფოში რეკავს და მისამართს ეუბნება. ისეთი ლამაზია, მისი ვარდისფერი ლოყები, მისი თმა, თვალს ვერ ვწყვეტ მის ცისფერ, უძირო თვალებს და ძალიან მინდა ჩემთან საწოლში როგორმე მოხვდეს, იქ კი მე მივხედავდი. -მკვდარია. - მოხუცთან ჩამუხლული ახალგაზრდა ბიჭის ნათქვამი მაფხიზლებს და ისევ საწყის წერტილს ვაკვირდები. თეთრსამოსიანი კაცი ისევ არაბუნებრივად მშვიდია, როცა ყველა ღელავს და პანიკას მართავს. ის დაბლა იხრება და შეშინებულ ბიჭს განზე სწევს, ხელები სისხლით აქვს დასვრილი, მაგრამ იმ ხელებისკენ დახედვაც კი არ უნდა. ალბათ არც ესმის ქალების კივილი და კაცების ნერვიული მოთქმა. სასწრაფოც გზაში ყოფილა, მაგრამ ის ვეღარაფერს უშველიდა. ექიმებს არ შეუძლიათ მკვდრის გაცოცხლება, როგორც ყოველთვის ისინი ყველგან აგვიანებენ. „მხსნელი „ ჭრილობაზე ხელს ადებს, მეორეს შუბლზე ჰკიდებს. ლიდერობას ჩვეული მამაკაცები მის წრიდან გამოყვანას მოითხოვენ, მაგრამ არავინ უსმენს, ყველა პანიკაშია. მეც ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი შიში სიკვდილისა, ასე მგონია ის დანა მე მომხვდა. რა საშინელებაა, ღმერთო. როგორ უშვებ ამ ყველაფერს? ის მაინც არ ცილდება გვამს. თვალებს ხუჭავს და პირს ამოძრავებს. მისი ხელები უეცრად ნათებას იწყებენ და ეს უფრო მეტად მაგდებს შოკში. წარმოუდგენელია, როგორ... რო... როგორ აკეთებს ამას. რასაც ვხედავ სიზმრის ნაწილი მგონია, ალბათ მძინავს და ეს ყველაფერი მესიზმრება. არარეალურია. მოხუცს სინათლე ეფინება მთლიანად და მთელი სხეულით ანათებს. ყველა ისე უყურებს თითქოს ავი სული იყოს და ახლა კაცის გვამით ერთობა. კაცი თვალებს ახელს. ამას უფრო დიდი ალიაქოთი მოჰყვება. ჩვენს უკან სასწრაფოს მანქანა ჩერდება და წრეში შესვლას ლამობს, არ უშვებენ თითქოს, თუმცა ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ვერც აზროვნებენ. ასეთ სისასტიკეს და საოცარ, ამოუხსნელ რამეს, რომ შეესწრები როგორ გინდა დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა? -სიბნელეს თვალს, რომ შეაჩვევ სინათლეზე გასვლა აღარ გინდება. სინათლე უკვე თვალს გჭრის და გაწუხებს. - ამბობს ხმამაღლა და ფეხზე დგება. კაცსაც აყენებს, ამასობაში ფორმებში ჩაცმული ექთანი ქალებიც წრეში შემოდიან და სახეზე დაბნეულობა ემჩნევათ. ერთ-ერთი უმალ კაცთან მივიდა გასასინჯად და სწრაფად დააწვინა ისევ, მიუხედავად მოხუცის პროტესტისა, რომ კარგად იყო. -როგორც კი გაუნათლებლობას გემოს გაუგებ განათლებისკენ გახედვა სიკვდილის ტოლფასად გეჩვენება. თუმცა მხოლოდ თავიდან. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, ფუფუნებას კი ყველაზე მეტად, საიდანაც გამოსვლა ჭირს და სწორედ სიბნელიდან სინათლეში გადასვლას ჰგავს. - ექიმების საუბრებისა და ხალხის პანიკის პარალელურად კვლავ აგრძელებს. სიმშვიდეს ინარჩუნებს მისი დაბეჟილი და დასიებული სახე. - ლაჩრები ხართ! - ოდნავ ხმას უწევს. -ამას თავ-პირს გავუერთიანებ ახლა. - თქვა თხისწვერა ბიჭმა, რომელიც გვერდზე მიდგას. ხალხს თითქოს სულ დავიწყებია ის, რომ ახლახანს მან მკვდარი გააცოცხლა და ცემის ნაცვლად ეს სასწაულად უნდა ჩაეთვალათ. -მოიცა. - ვაჩერებ. - დაფიქრდი რას ამბობ. მან მკვდარი გააცოცხლა. გგონია ეს შემთხვევით მოხდა? ის ღვთის რჩეულია. -ღვთის რჩეული კი არა ვიღაცა ლენჩია. - განზე მწევს შეგნებულად და გამეტებით მაგდებს ძირს. -ბრბო, რომელსაც ფეხის წინ წადგმა ეზარება წინამძღოლის გარეშე. მე გაგიძღვებით სინათლისაკენ და ამ სიბნელიდან გაგიყვანთ. - სად გვეპატიჟება? მის სიტყვებზე ვფიქრობ, მის ქმედებებზეც და წეღანდელ აბსურდს თავიდან ვერ ვიგდებ. შეიძლება მას ვუთხარი „ღვთის რჩეულია“-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში რატომღაც ეჭვები მღრღნის. ის ისეთი ცოცხალი იყო... არც ჭრილობა, არც ტკივილი სახეზე და ფერიც კი მოუვიდა. თითქოს გაახალგაზრდავდა კიდეც. ექიმები დასტრიალებენ, მაგრამ ამაოდ. შემდეგ განრისხებული დგება და ხალხში უჩინარდება. -ცხოვრება... - პაუზა. და კვლავ აგრძელებს. - ერთი დიდი ილუზიაა. თავს ატყუებთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა და სამოთხეში ცხოვრობთ, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებით... დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებით ასე არაა. თქვენი შეცვლა კი ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა. გინდა გაიგოთ რა ხდება ზევით? - ეს კაცი გიჟია. ნამდვილად. წვერებზე ხელს იკიდებს და სახეს მისი ნათელი ღიმილი ფარავს. ჩემი დასკვნა სწორია. ხალხი დუმს. -გაიხსენეთ ის ბრძოლები, რომელიც გადავიტანეთ. გაიხსენეთ ჩვენი გმირები. გაანძირეთ ეგ დაჭაობებული გონება. - თავს ვერ იკავებს და ყვირის. - როგორ გინდათ ამ ქვეყანაზე იცხოვროთ, როცა არ ცხოვრობთ და მხოლოდ დადიხართ, ჭამთ, სვამთ. -ომი დამთავრდა ვაჟკაც. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. - ხმა გარკვევით ისმის. -ომი არ დამთავრებულა, არც დამთავრდება არასდროს, სანამ კაცობრიობა არსებობს. ახლა ის თქვენს თავებში მიმდინარეობს, ჩემს თავში მძვინვარებს ომი. „მხსნელი“ (ყოველშემთხვევაში სხვა სახელი არ ვიცი, რითიც ის მოვიხსენიო) ხელებს თავზე იდებს და იმედგაცრუებული სახით გვიყურებს. ახლა აღარ იღიმის. სახეზე სიმშვიდე აწერია, მაგრამ ვატყობ მაინც აფორიაქებულია. ის გვიყურებს. ტრიალდება და თითოეულ ჩვენგანს გვიყურებს. თვალებით ჭამს უკლებლივ ყველას და წამით მზერას თითოეულზე აჩერებს. -ერთ მარტივ კითხვას დავსვამ. - თქვა და მისი მზერა ჩემზე ჩერდება. განძრევას ვერ ვახერხებ, თითქოს დამაჰიპნოზა. - რა არის სიყვარული? -ყელში ამოვიდა უკვე ყველაფერი. - ღრიალებენ და მისკენ იწევენ. -რა არის სიყვარული? - კითხულობს თითქმის ღრიალით, რომ ხალხის დაუოკებელი ხმა გადაფაროს. თვალებით მჭამს. -სიყვარულია, რაც ადამიანებს ერთმანეთს აყვარეს. ამის ახსნა შეუძლებელია, გიყვარს და მორჩა, როგორც მე მიყვარს ჩემი თეა. ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შევძლებ. - ყველა პირს აღებს და მაჩერდება. რა ვთქვი ასეთი? -სიყვარული მძღნერობაა, აი რა არის. - ესპანელს ჰგავს, ვინც ამას ამბობს. მეც მასთან ერთად შუაში ვექცევი და მისი მუშტი ცხვირში მხვდება. მე წონასწორობას ვკარგავ, ვეცემი. ტკივილისგან სახე მიხურს. ცხვირიდან თბილი სისხლის ნაკადს ვგრძნობ. წვეთ-წვეთად მომდის და ნაკადულივით ჩამოედინება და ასფალტზე გორდება. ამდენი ხანი ვუსმენდი და მისგან ვერაფერი ვერ გავიგე, მის გამო კი მეც ცხვირში მომხვდა მუშტი. რას ვლაპარაკობდი საერთოდ. რატომ ვერ გავჩუმდი? რაც ვთქვი ის, თითქოს ჩემგან არ მოდიოდა, რაღაც გაუაზრებლად ვთქვი, მაგრამ თან მეგონა რომ სრულიად ბუნებრივი პასუხი იყო. ძირს ვგდივარ და ვერ ვინძრევი, ხომ ვთქვი დღეს ცუდ ფეხზე ავდექი-მეთქი. ბრბო წინ მიიწევს. ვიღაცის ფეხი კვლავ მხვდება ცხვირში, მე კი გონებას ვკარგავ. თვალთ მიბნელდება, მაგრამ მაშინვე ნათდება. სიბნელიდან ვიღაც ნათელში მოსილი კაცი მოაბიჯებს. ისიც თეთრებშია და ძალიან ჰგავს „მხსნელს“. ოღონდ ახლა, არც სისხლიანი ტანსაცმელი აცვია და არც გატეხილი ცხვირი აქვს, სახეც ახალივით აქვს. ნელ-ნელა სიბნელე სულ ნათდება და ახლა ვხვდები რა სიბნელესაც გულისხმობდა. სიბნელეს უმეცრებისას, მე გონება მინათდება, როგორც ის სიბნელე ნათდება და ის ხელს მადებს. მაყენებს და მეუბნება: - სიყვარულის გარეშე კაცობრიობა ბრბოა. სიყვარული ქარივითაა. ვერ ამჩნევ, მაგრამ გრძნობ... შენ გრძნობ.... მთავარი ესაა.... იგრძენი! - ხმა წყვეტილად ჩამესმის. შუბლზე მკოცნის და ქრება. თვალს ვახელ. თურმე სიზმარი ყოფილა მე კი ეს ცხადი მგონებია, მაგრამ ამჯერად დაბეჟილი სახე აღარ მტკივა. ხელს ვიდებ და საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. წინ იმ ხალხს ვხედავ, სწორედ ეს მაბრუნებს რეალობაში და ჩემს ბალიშს რომ ვერ ვგრძნობ ვხვდები ის თეთრსამოსიანი კაცი ნამდვილი იყო. ისინი ყვირიან და ყიჟინას სცემენ. ქუჩის მთავარ მოედანზე მანქანების მოძრაობას აფერხებენ. ვგრძნობ გულში სითბოს, თან რაღაც მეწვის. თავი მტკივა შიგნიდან. -სიყვარული ყველგან არის. გიყვარდეს ადამიანები. - ჩამესმის თავში. არ ვიცი რა ვთქვა, რა ვიფიქრო, რა ვაკეთო. პირველ რიგში ისევ ბრბოს ტალღას ვეწევი, რომელიც აქეთ-იქით მართლა ტალღასავით ირწევა და ჩემს წინ საშინელი სურათი იშლება. ვკეცავ ფეხებს, მუხლებში ძალა მერთმევა. სახეზე ხელებს ვიფარებ, ვტირი, ვღრიალებ. თუმცა ვფიქრობ ეს არავის ესმის. ჩემი მოთქმა-გოდება არავის აინტერესებს. მათი მთავარი ობიექტი მათ წინ არის. მის დანახვაზე გული შემეკუმშა. -ბრბოოოო! ბრბოოო! დაუნდობელი ბრბო. - ვყვირი. - თქვენ არ აზროვნებთ. მხოლოდ ინსტიქტებს და გონებას მიყვებით, რომელიც მალე უფსკრულში გადაგჩეხავთ. - ხალხისადმი მაინც ზიზღი მეპარება, თუმცა რაც მითხრა მისგან განსხვავდება. „გიყვარდეს ადამიანებიო“, მაგრამ როგორ გინდა ისინი შეიყვარო. - რამ გაგაბოროტათ, ხალხო, ასე. - მიკვირს ჩემი საუბარი, რადგან ასე არასდროს მილაპარაკია. მიზეზს ვერ ვხვდები. რა მოუვიდა ჩემს გონებას? თუმცა ახლაღა ვხვდები ყველაფერს. რა უვიცი და გონებაჩლუნგი ვიყავი, რომ არ მესმოდა არაფერი. ახლა კი თითქოს სამყარო ტრიალს წყვეტს და მზადაა ყველა გადაყაროს კოსმოსში, უჰაერობაში. დედამიწაც, ხომ დაიღალა ამდენი ბოროტებით. ვღრიალებ, ოღონდ ტირილისგან, ხმას კი მათ ვერ ვაწვდენ. ცრემლებს ვმალავ და ვიწმენდ. ვდგები, ვცდილობ კიდევ ერთხელ შევხედო, მაგრამ ისევ თვალს ვარიდებ ამ საშინელ სურატს. წამითაც ვერ ვუყურებ. სიყვარული? სიყვარული ახსენა იმ უცნობმა, „მხსნელმა“. რა არის სიყვარული? ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო და არც არაფრის შემეშინდება. სიყვარული ეს უმაღლესი გონია, სიყვარული ყოვლისმპყრობელი და ყოვლის შემმეცნებელია. ის აძლევს ძალას ადამიანს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, უყვარდეს ისინიც, ვისაც არ უყვარს და სიყვარულით აკეთოს ყოველი საქმე. კაცი სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც ნეხვის ტომარა. კაცი სიყვარულის გარეშე გარშემომყოფთათვის სიძულვილს, ზიზღს, ბოროტებას თესავს. მისი საზღვრები კი უკიდეგანოა. ახლაც ბოროტების მხილველი ვხდები ჩემდა უნებურად. არა. შემაძრწუნებელია. ეს უნდა დამთავრდეს. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად ყველაფერი. მხოლოდ ეს თუ გვიხსნის და ეს თუ გაგვივანს ჩაკეტილი და ბნელი გვირაბიდან. მათ გონებაში ვიჭვრიტები. მხსნელისადმი ზიზღით არიან განმსჭვალულნი.... პატიება კი ერთადერთია, რაც ახლა შემიძლია. მათ ზიზღითვე ვერ ვუპასუხებ, ამას ვერ ვიზამ. კაცი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა უნდოდა - ჩამოახრჩვეს. შუქნიშანზე დაკიდებულს სახე სულ სისხლიანი, ტანსაცმელიც სისხლიანი აქვს. მას შეეძლო შველა, შეეძლო შევეცვალეთ და გამოვესწორებინეთ. ჩემ თავს ვერ ვცნობ და არ ვიცი, რამ იმოქმედა ასე, მაგრამ მთავარია იმოქმედა და ახლა სიმართლის დანახვა შევძელი. ის იყო ჩვენი მხსნელი, ნამდვილად მხსნელი და ჩვენ კი ის გავწირეთ, მოვსპეთ ერთადერთი შანსი, რაც გაგვაჩნდა. მალე ყველაფერი შეიცვლება. მე ყველაფერს შევცვლი - შევცვლი ადამიანებს. გონებაში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს, რომელიც გულის კარნახით გადაეცა მას. მესია! _____________________ ნამდვილად არ ვიცი როგორ გაიგებთ ამ ნაწარმოებს, როგორ ჩაწვდებით, ან რას გამოიტანთ ამ მოთხრობისგან, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ რაც სათქმელი მქონდა ყველაფერი ჩავდე. მთელი ჩემი სული ჩავდე, ჩემი ფიქრები და ოცნებები, რასაც განხორციელება ნამდვილად არ უწერია. ვერაფრით შეიცვლება სამყარო და ვერ გახდება სულ სიყვარულით სავსე, თუმცა კი ძალიან მინდოდა. მოკლედ, იმედი მაქვს წაიკითხავთ, ჩემო საყვარლებო და ტკბილებო, წაიკითხავთ და შეაფასებთ. მეც გაფასებთ თითოეულ თქვენგანს და ძალიან მიყვარხართ. იცით ეს ხომ? მაინც გეუბნებით! ხო და იმედია სწორად გაიგებთ ამ ნაწარმოებს და არ დამწამებთ ღვთის გმობას, ღმერთის შეურაცხყოფას ან რაიმე ამგვარს, კიდევ უარესს :დ მადლობთ ყურადღებისთვის... თქვენი ერკე. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.