სიჩუმე (სრულად)
უკვე მერამდენედ მიუყვებოდა ამ აღმართს. მარტო ამას? მთაწმინდის თითქმის ყველა ქუჩა ზეპირად იცოდა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ დაუფიქსირებია მის ობიექტივს თუნდაც ის მოსახვევი?! ძველი შენობის კუთხის ფანჯარაში მცხოვრები ქალბატონი ნელიც, რომელიც მუდამ სიამოვნებით პოზირებდა მისთვის. შეუძლებელი იყო ისე ჩაეარა ამ ქუჩაზე ქალბატონი ნელის გულითადი სალამი არ მოესმინა და თან აუცილებლად შეახსენებდა წინა „ფოტოსესიიდან“ ჯერ კიდევ მოუტანელ ფოტოებს. ნოე აღფრთოვანებაში მოჰყავდა მის ჩაცმულობას, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისის საფრანგეთს მოგაგონებდათ. თავზე მუდმივად ბუმბულებიანი თხელი ქუდი ეხურა და ერთხელ ამაყად მოუყვა, როგორ უსახსოვრა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ზემოთხსენებული აქსესუარი. ქალაქის კოლორიტი იყო ქალბატონი ნელი, ნოე კი ამ ყველაფრის დამფასებელი. ძალიან პატარა იყო ნოე პირველად ფოტოკამერა რომ აიღო ხელში. სხვებისთვის იყო პატარა, თორემ თვითონ ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული, რომ არც არასდროს გაუშვებდა ხელს. პირველი თამარა ბებო იყო, რომელიც მის ობიექტივში მოხვდა. ფანჯარასთამ მიმდგარი, მონდომებით რომ უყრიდა ნემსის ყუნწში ძაფს. მისი პირველი შეფასებაც „ბებო გენაცვალოს“ იყო. ახლა კი უკვე 25 წლის ნოე თითქმის არასდროს უნახავთ ფოტო კამერის გარეშე. დღესაც კმაყოფილი იყო, რამდენიმე ისეთი კადრის დაჭერა შეძლო, რომელიც აუცილებლად შევიდოდა, მისი პირველი პერსონალუი გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების რიცხვში. საკმაო რაოდენობის ფოტო ჰქონდა უკვე, მაგრამ ეძებდა რაღაც სხვას. აი, ისეთს გამორჩეული რომ იქნებოდა, რაზეც ააგებდა მთელ ხაზს. სახლში ბრუნდებოდა. შეამჩნია რუსთაველის თეატრის წინ შეგროვილ ხალხს შორის, სამი ახალგაზრდა უკრავდა და გარს შემოხვეულთა აღტაცებას იწვევდა. ნოემ გზა გადაკვეთა. არაფრით დააკლდებოდა ამ სანახაობას. აუცილებლად უნდა აღებეჭდა ფირზე. ამ დროს ყველაზე გულწრფელ ემოციას იჭერდა. მართლაც შესანიშნავად უკრავდნენ და მღეროდნენ ახალგაზრდები. ნოემ ფოტო აპარტი მოიმარჯვა და მომღერლებთან ერთად რამდენიმე ფოტო მაყურებლის აღფრთოვანებულ ემოციასაც გადაუღო. ცოტა ხნით თვითონაც შუერთდა მაყურებელთა ჯგუფს, არც გულწრფელი ოვაცია დაუშურებია, ერთი-ორი შეუსტვინა კიდეც, ბოლოს ყველა რომ დაიშალა, გზა გაგრძელა და თაბუკაშვილის ქუჩისკენ ჩაუხვია. -გამარჯობა, ძია გაბო. - ხმამაღლა მიესალმა ქუჩის გადასწვრისვ „მეჩექმე“ გაბოს. ეს სახელი ძველი დროიდან მოჰყვებოდა მოხუცს. ძველად მეწაღეს, ახლა კი პროფესიით ხარაზს. თავის პატარა სახელოსნოს დილაუთენია აღებდა და საღამოს საკმაოდ გვიან კეტავდა. ამდენი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებდა. -ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს. - დალოცა ნოე. - ბევრი გადაიღე? - ფოტოაპარატზე ანიშნა. -კი, ძია გაბო. -აბა, შენ იცი, არ დაიკარგო. - დამშვიდობებისას ყველას ამას ეუბნებოდა. თითქოს მართლა ეშინოდა არ დაკარგულიყვნენ. ნოემ გზა გააგრძელა და ეზოში შევიდა. ხის დახვეული კიბეებით მეორე სართულზე ავიდა და კარს გასაღები მოარგო. უყვარდა სახლში დაბრუნება და საკუთარი შრომის დათვალიერება. მაშინვე კომპიუტერი ჩართო და ფოტოების ფაილი გახსნა. თავიდან გადაათვალიერა, სათითაო ემოციას აკვირდებოდა. ახლიდან იხსენებდა მომენტებს და ზოგჯერ ღიმილიც გადაჰკრავდა სახეზე. განსაკუთრებული ინტერესით ჩაათვალიერა ბოლოს გადაღებული ფოტოები, ხალხში გოგონა შეამჩნია, რაღაც სხვანაირი ღიმილით. მაშინვე მიიქცია ნოეს ყურადღება. თეთრი, კოჭებამდე სარაფანი ეცვა. შავი, სქელი და გრძელი თმა მკერდზე და ბეჭებზე დალალებად დაჰყროდა. რაღაც არაამქვეყნიურს ჰგავდა, თეთრი სახე და საოცარი ღიმილიანი თვალები. გაუკვირდა კიდეც, იქვე როგორ ვერ შევამჩნიეო, ასეთ მომენტებში ობიექტივი ეხმარებოდა, აუცილებლად აფიქსირებდა ასეთ მარგალიტებს. გარდა იმისა რომ ლამაზი იყო, თითქოს ხალხის ტალღაში გამოირჩეოდა, რაღაც ძალიან ნათელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აი, ისეთის მთელი დღე რომ არ მოგბეზრდება ყურება. რაღაცით მიიზიდა ნოე, რაღაც დაემართა, თვითონ ვერ ხსნიდა ისეთი. ერთხანს უყურა და შემდეგ სურათზე გადვიდა. გადაარჩია, დაახარისხა. ასე იცოდა, ცალკე დააწყობდა იმ ფოტოებს, რაც გამოფენისთვის გამოადგებოდა. დღევანდელი დღით კმაყოფილი იყო. წამოდგა, აივანზე გავიდა და ღრმად ჩაისუნთქა ღამის თბილისის ჯანსაღი ჰაერი. აქ სუნთქვაც სხვანაირად შეიძლებოდა. აი, რაღაც თავისუფლად. ეზოში შუა ხნის კაცი ონკანიდან ეზოს რწყავდა. -გამარჯობა, ძია ვასო. -აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო ნოე. -ოჰ, ნოე, გამარჯობა შენი. - ქვემოდან ამოხედა ძაი ვასომ. -დავიწვი კაცო, ძაან ცხელოდა დღეს. -რა ჰქენით ძია ვასო, აიღეთ რევანში? რა ანგარიში იყო დღეს? -უჰ, რა თქმა უნდა ავიღე. სადაა ჯემალას მოსაგები ნარდი?! გამანადგურებელი ანგარიში იყო დღეს. იმიტომაა სახლიდან რომ აღარ გამოდის. ზის ახლა ალბათ და ციცო წნევას უზომავს.- კმაყოფილს ჩაეღიმა და თვალი პირველი სართულის ფანჯრისკენ გააპარა. - შენ რა ჰქენი ნოე, გადაიღე რამე დღეს? -კი, ძია ვასო, რაღაცეები გადავიღე. -კარგია. მალე უნდა გააკეთო ეგ გამოფენა, ერთი სახელგანთქმული კაცი ჩვენც გვჭირდება ეზოში. შენი იმედი გვაქვს. აბა, მე და ჯემალა ნარდის თამაშის მეტს არაფერს ვაკეთებთ და მთელი ეზოს იმედები შენზეა. -გაიხარე, ძია ვასო. -ღმერთმა სულ გახარებული გატაროს. - როგორც ყოველთვის დალოცა და ნოეც სახლში შევიდა. ისევ ნოუთბუქს მიუჯდა. უნებურად ისევ ის ფაილი გახსნა, სადაც იმ გოგონას სურათი შეინახა. გაშალა. გაადიდა და მისი კადრი ამოჭრა. დააკორექტირა და ძალიან დიდი ხანი უყურებდა. თვალს ვერ წყვეტდა. ვერ გეტყოდათ რა სჭირდა, რამ მიიზიდა. ათასი ლამაზი ქალი უნახავს, მათი უმეტესობა ფირზეც აღუბეჭდავს, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული იყო. თითქოს ძალიან მეტყველი თვალები ჰქონდა. სურათის შესწავლას რომ მორჩა, გაუცნობიერებლად დააჭირა ბეჭდვის ღილაკს და სურათმა ნელ-ნელა დაიწყო ფოტოპრინტერზე ამობეჭდვა. დაუმუშავებელ ფოტოებს არასდროს ბეჭდავდა, მაგრამ ეს რატომღაც ამობეჭდა. პრინტერიდან არც ამოუღია. მერე სხვა სურათებს მიუბრუნდა და თითქოს დაავიწყდა კიდეც ფოტოპრინტერში ჩარჩენილი სურათი. გვიანობამდე შემორჩა. ბევრი სურათი დაარედაქტირა. ქალბატონი ნელისთვის მისატანი ფოტოებიც არ დავიწყებია. ცალკე ჩადო. საათის ისრები ღამის ორ საათს უჩვენებდა, დასაძინებლად რომ დაწვა. **** დილით ტრადიციულად ადრე ადგა. ფართხა-ფურთხით მოემზადა. კიდევ კარგი დღეს ლექციები დილიდანვე არ ჰქონდა. თერთმეტზე უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ფოტოხელოვნებას ასწავლიდა მომავალ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ფოტო აპარატს ხელი წამოავლო, იქვე მაგიდაზე დადებული, ქალბატონი ნელის სურათებიც არ დავიწყებია და თან გაუცნობიერებლად წაიღო ხელი, ჯერ ისევ ფოტო პრინტერში ჩარჩენილი ფოტოსკენ და ჯიბეში ჩაიდო. ისე სწრაფად გააკეთა ეს ყველაფერი, თითქოს ვერც მიხვდაო, მაგრამ გზაში, ჯიბეში რამდენჯერმე მოსინჯული ფოტოსურათი, საკუთარი თავის მოტყუების უფლებას არ აძლევდა. კაფეში, ფინჯან ყავაზე დამჯდარმაც რამდენჯერმე გაიხსენა და ბოლოს გაბედა, ამოიღო და საშაქრეზე მიაყუდა, ისე რომ მთელი ის პერიოდი, რაც სურნელოვანი სითხით ტკბებოდა, თვალი არ მოუშორებია. რაც მეტს აკვირდებოდა უფრო რეალური ეჩვენებოდა გამოსახულება. თითქოს იპოვა ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდა. მისი გამოფენის მთავარი ფოტო იპოვა. -ძალიან ლამაზია, ნოე. - ფიქრებიდან მიმტანის ხმამ გამოარკვია. - ესეც გამოფენისთვისაა? -ეჰ, მარიკუნა, კარგი იქნებოდა რომ მცოდნოდა ვინ არის. - ფოტოს თვალი მოსწყვიტა და გოგონას გაუღიმა. -უცნაური ადამიანი ხარ, ნოე. შენი გადაღებული არ არის ეს ფოტო? როგორ არ იცი ვინ არის? - წინ ჩამოუჯდა და ნიკაპი ხელზე ჩამოაყრდნო. საერთოდ ეკრძალებოდა კლიენტებთან ჩამოჯდომა და საუბარის გაბმა, მაგრამ ნოე სხვა იყო. -არ გაინძრე ერთი წუთით. - ნოემ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და მარიკუნას სურათი გადაუღო. - ხვალ მოგიტან დაბეჭდილს. - გაუღიმა და ობიექტივს ხუფი მოარგო. -ხომ ვამბობ უცნაური კაცი ხარ-მეთქი. - გაუღიმა მარიკუნამ და წამოდგა. -ისე, არსად გინახავს? - სურათზე ანიშნა ნოემ. - თეატრალურის წინ იყო გუშინ და შეიძლება აქ ხშირად არის ხოლმე. არ გეცნობა? -ასეთ სილამაზეს აუცილებლად შევამჩნევდი. - კიდევც ერთხელ ყურადღებით შეავლო ფოტოს თვალი. - მე შენი გამკვირებია, შენ როგორ ვერ შეამჩნიე? ხომ არ ბერდები ნოე? - თბილად გაუღიმა და წავიდა. ჩაეღიმა ნოეს. მისთვის ყოველი დილა ამ კაფით იწყებოდა და ყოველ დილას მარიკუნას პოზიტიური განწყობა აძლევდა იმის საშუალებას, რომ თვითონაც დადებითად დამუხტულიყო და სასიამოვნოდ დაწყებული დღე, ასევე სასიამოვნოდ გაეგრძელებინა. **** -გამარჯობა, ბავშვებო. - მიესალმა აუდიტორიაში შესვლისთანავე. -გამარჯობა, პატივცენულო ნოე. ამ მიმართვაზე ყოველთვის ეღიმებოდა. საკუთარი პირველი სამუშაო დღე ახსენდებოდა. მისთვისაც პირველი ლექცია იყო და სტუდენტებზე ნაკლებად არ ნერვიულობდა. ბავშვებმა ახალგაზრდა, მათზე რამდენიმე წლით უფროსი ლექტორი რომ დაინახეს, ცოტა მოეშვნენ. სტანდარტული გაცნობის მერე იმაზე დაიწყეს მსჯელობა, როგორ შეიძლებოდა მიემართათ ნოესთვის. „ბატონო ნოე“ - არ ჯდებოდა... „ნოე მასწ“ - სკოლაში დატოვეს... „ნოე ლექტორ“ - სერიული მკვლელივით ჟღერდა. ბოლოს გადაწყვიტეს „პატივცემულო ნოე“ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა. საბოლოო ჯამში მაინც ნოეს ეძახდნენ, მაგრამ მისალმებისას ისევ ძველ ტრადიციად რჩებოდა „პატივცემულო ნოე“. მაგიდასთან მივიდა. ფოტოაპარატი დადო და ვიდეოპროექტორი ჩართო. -მოდით, დღეს შემთხვევით კადრზე ვისაუბროთ. - აუდიტორიას თვალი მოავლო, ყველა ყურადღებით უსმენდა. ასე იყო ყოველთვის, ამდენი ინტერესიანი გამოხედვა, მისთვის დამატებითი სტიმული იყო. ყოველთვის სიხარულით შემოდიოდა აუდიტორიაში, როცა იცოდა რომ აქაც მოუთმენლად ელოდნენ. - რა არის შემთხვევითი კადრი? -კვლავ აუდიტორიას გადახედა. -დგახარ ფოტოს გადასაღებად, - წამოიწყო მეორე რიგში მჯდარმა მაღალმა, შავგვრემანა ბიჭმა. - ამ დროს უკნიდან ვიღაც მთელი სისწრაფით გეჯახება და იმის მაგივრად რომ ფოტოზე ფეხზე იდგე, მდელოზე ხარ წამოწოლილი და თან ვიღაცასთან ერთად. - აუდიტორიას სიცილმა გადაუარა. -მადლობა, დიტო, მართალი ხარ. - ღიმილი ვერ შეიკავა ნოემაც. - ანუ, გადაიღო ისეთი კარგი ფოტო, რის გადაღებასაც არ გეგმავდი. ასეთი ფოტოები ძალიან გამოგადგებათ შემდგომში მომავალ ოპერატორებს. ნოე მაგიდასთან მივიდა. ფოტოაპარატი ვიდეოპროექტორს შეუერთა და წინა დღით გადაღებული ფოტოების სლაიდშოუ გაუშვა. სტუდენტები ყურადღებით ათვალიერებდნენ თითოეულ ფოტოს. ნოე კი მათ რეაქციას აკვირდებოდა. -აბა, ვისთვის რომელი ფოტო იყო შემთხვევითი კადრი? - მაგიდის კიდეს მსუბუქად ჩამოეყრდნო ნოე და ხელები გულმკერდზე გადაიჯვარედინა. -ჩემთვის არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, თქვენი შემთხვევითი კადრი ვიპოვე, პატივცემულო. -გისმენ, სანდრო. - პირველ რიგში მჯდომ სტუდენტს შეხედა ნოემ. -ჯგუფური სურათიდან ერთი გოგოს სურათი გაქვთ ამოღებული და ცალკე ფოტოდ ინახავთ. -მართალი ხარ. - ჩაეღიმა ნოეს, ზურგსუკან მაგიდიდან ფოტოაპარატი აიღო და ის ფოტო მონახა. -აუ, რა ლამაზია, პატივცემილო?! ვინ არის? -სამწუხაროდ არ ვიცი, გიგა. გუშინ გადავიღე და სახლში ფოტოების დახარისხებისას შევამჩნიე. -ისევ მაგიდაზე ჩამოყრდნობილი ყურადღებით ათვალიერებდა ბავშვების რეაქციას. -არადა რა ლამაზია?! მეც გამიჩნდა მისთვის ფოტოს გადაღების სურვილი. - ვიდეოპროექტორის ეკრანზე გამოსახულ გოგონას ღიმილს თვალს არ აშორებდა გიგა. -რამდენი ადამიანი სხედხართ აქ. თითოეულს დარწმუნებული ვარ სოციალურ ქსელში 150 მეგობარზე ნაკლები არ გყავთ და დავიჯერო, არც ერთს არ გეცნობათ? - ისევ სანდრომ წამოიწყო და ნოესკენ გააპარა მზერა. ნოე ისევ მაგიდაზე მიყრდნობილი იდგა, ისე რომ ორივე ხელი კიდეებისთვის ჩაეჭიდა, თავი ოდნავ დაეხარა და ძლივსშესამჩნევად იღიმებოდა. ზუსტად მიუხვდა სანდრო. დღევანდელი ლექციის მიზანი, სწორედ ეს იყო. გაუცნობიერებლად ან შეგნებულად ნოეს ამ გოგონას პოვნის დაუძლეველი სურვილი ჰკლავდა. ლექცია დასრულდა. უნივერსიტეტიდან გამოვიდა და გზას ლაღიძის ქუჩისკენ გაუყვა. ქალბატონი ნელი უნდა ენახა და ფოტოები გადაეცა. როგორც ყოველთვის ახლაც ფანჯარაში დახვდა და ტრადიციულად მეეზოვის უკმაყოფილო იყო. -დილა მშვიდობის, ქალბატონო ნელი. - ღიმილით მიესალმა და ფანჯრის წინ შეჩერდა. -დილა მშვიდობის, ნოე. ეს დღე თუ მშვიდობიანია?! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი. - ვერაფრით გავაგებინე ამ ხალხს, რომ ეზოს დასუფთავება არ ნიშნავს ნაგვის სხვა ადგილზე გადატანას. ეზოდან თუ გაიტანს და ფანჯრის წინ დამიყრის, ამით შეიცვლება რამე? არა, უნდა დავრეკო და გავარკვიო. ნოე იდგა და ღიმილით უყურებდა. ვინ იცის მერამდენედ ისმენდა ამ საუბარს. ქალბატონ ნელის სრულყოფილება უყვარდა ყველაფერში. რამდენჯერ დაუწუნებია ნოეს მოტანილი ფოტოებიც - „რაღაც ისეთი ვერ არისო.“ ასეთებს არც იტოვებდა. -შენ რა ჰქენი? მოიტანე? ნოემ ფოტოები გაუწოდა და მის კრიტიკას დაელოდა. ყურადღებით ათვალიერებდა თითოეულ სურათს. ბოლოს უცნობი გოგონას ფოტოს გადააწყდა, ეტყობა ნოემ შემთხვევით ქალბატონი ნელის ფოტოებთან ერთად ჩადო. -ეს მე არ მგავს რაღაც. - ღიმილით შეხედა. - რა ლამაზი გოგოა?! ვინ არის ნოე? - ფოტოს თვალს არ აშორებდა. ქალბატონმა ნელიმაც აღიარა მისი სილამაზე, ნუთუ მართლა სრულყოფილება იპოვა? -არ ვიცი, ქალბატონო ნელი, შემთხვევით გადავიღე და ვეღარ ვპოულობ. - პირველად თითქოს ახლა გააჟღერა ხმამაღლა, რომ მისი პოვნის დაუძლეველი სურვილი ჰკლავდა. -მთავარია კაცმა მოინდომოს, თორემ... ბოლოს და ბოლოს ომის დროს პოულობდა ხალხი ერთმანეთს, მაშინ როცა ეს თანამედროვე აპარატურა არც კი არსებობდა. ახლა კიდევ, შენ მარტო გაიფიქრე და ის თვითონ გიპოვნის. ჰოდა ნოემაც დაიჯერა, რომ იპოვიდა. ოღონდ საიდან დაეწყო ეს არ იცოდა. თითქმის მთელი დღე ამაზე ფიქრობდა. რა ჰქონდა?! მხოლოდ ერთი ფოტო. საღამოს, სახლში მიმავალმა ტრადიციული სალამი არ დაიშურა ძია გაბოსთვის და საპასუხო დალოცვა მიიღო. ნოემ ქუჩა გადაჭრა და სახელოსნოსთან ახლოს მივიდა. -მოდი, ნოეს ვენაცვალე. - დაფაცურდა მოხუცი და სკამი გამოუწია. -ძია გაბო, ამ ქუჩაზე ბევრი ადამიანი დადის არა? - მაინც კარებში გაჩერდა ნოე. -მაშ, გენაცვალე. - ამაყად მიუგო მოხუცმა. თითქოს მისი დამსახურება ყოფილიყოს ეს. -ყველას იმახსოვრებ სახეზე? -ეეჰ, დავბერდი შვილო, სადღა მაქვს ისეთი მეხსიერება, მაგრამ ადრე ყველა ვიცოდი. ვინ სად ცხოვრობდა ამ ქუჩაზე. -ძია გაბო, აბა ეს გოგო ხომ არ გინახავს სადმე? - ფოტო გაუწოდა. მოხუცმა გამოართვა და სინათლეზე ყურადღებით დააკვირდა. -ვაა, რა ლამაზია?! - აღმოხდა და ეშმაკურად შეხედა ნოეს. - შენ რად გინდა ნოე ეს გოგო? იფ, მართლა ლამაზია. არაა, ასეთი სილამაზე დამამხსოვრდებოდა. არ მინახავს, მაგრამ თუ ვნახე, ვეტყვი ჩვენი ნოე გეძებდა-თქო. - ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი. -მადლობა, ძია გაბო, თქვენი იმედი მაქვს. - თვითონაც ღიმილით ჩაუკრა თვალი და გამოემშვიდობა. უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, უნდა მოეძებნა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეპოვნა. ხვდებოდა, რომ მთელი მისი არსება მოეცვა ამ ფოტოს. ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. არასდროს მანამდე ასეთი არაფერი განუცდია. ალბათ ეს ზუსტად ის უცნაურობაა, ხელოვან ხალხს რომ მიაწერენ ხოლმე. ჩაეღიმა, ეგონა რომ მას მსგავსი არაფერი დაემართებოდა და აჰა, ფოტოზე აღბეჭდილ ილუზიას ეძებს. თან ისე ეძებს გეგონება მისი განძი ყოფილიყოს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა და ახლა დიდი ხნის დაკარგულის პოვნის სურვილი ჰკლავდა. ეზოში შესული ჭერმის ხის ქვეშ გამართულ მაგიდა და სკამზე მჯდარი ჯემალასა და ვასოსკენ გაემართა. -ვა, ნოეც მოსულა. - ხალისიანდ შეეგებნენ. - მოდი ჩამოჯექი. ნოე მათკენ გაემართა. -როგორ შეიძლება ადამიანი ვიპოვო, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვრი, არც საცხოვრებელი ადგილი და არც ასაკი? - მოკითხვის შემდებ მეზობლებს გადახედა ნოემ. -ის მაინც თუ იცი კაცია თუ ქალი? - გადაიროხროხა ჯემალიმ. -ეგ კი ვიცი, -გაეღიმა ნოეს. - სურათიც მაქვს. - მაგიდაზე ფოტო დადო. ვასომ სათვალე მოირგო და ფოტოს მზის სინათლეზე გახედა. -ვაა, სად იპოვე ეს ანგელოზი, ნოე? - სურათი ჯემალის მიაწოდა ვასომ. -ჯერ არ მიპოვნია, ვეძებ. -ციცო! - ჯემალიმ ცოლს გასძახა. - ციცო, გამოდი ერთი გარეთ. - ხმა უფრო აიმაღლა და ნოეს გადახედა. - ეგ თუ დაგეხმარება შენ. აქ მცხოვრები კი არა, ტრანზიტულად მოძრავიც ყველა იცის მაგან. ეზოში წინსაფარიანი შუახნის საკმაოდ ჩასუქებული ქალი გამოჩნდა და ფქვილიანი ხელების წმენდით მათკენ წამოვიდა. -გამარჯობა, ნოე შვილო. - თბილად მიესალმა და ქმარს გადახედა. - რა გაყვირებს, კაცო? მთელი მთაწმინდის ჩიტები დაფრთხნენ. -მოდი, ციცო, შენ თუ უშველი ამას. - ვასომ ხელი მსუბუქად დაჰკრა ნოეს მხარზე. - აბა, ეს ნახე. არ გეცნობა? ციცო მაგიდაზე დადებულ ვასოს სათვალეს დასწვდა, ცხვირზე მოირგო და სურათს ინტერესით დახედა. -ანგელოზივით გოგოა, იფ... ვინაა ნოე? -ეგ რომ ვიცოდეთ, შენ კი არ გამოგიძახებდით?! -არც მე მეცნობა, აქაურია? -არ ვიცი, ციცო დეიდა. გუშინ გადავიღე შემთხვევით. - ღიმილით უთხრა ნოემ და წამოდგა. - სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. წავალ, წავიმუშავებ. -მოიცა ნოე, ხაჭაპურს გამოვიღებ ახლა ღუმელიდან და გამისინჯე. -სხვა დროს იყოს, ციცო დეიდა. ისედაც დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება. - უკვე კიბეს მიუყვებოდა ნოე. მაინც დააგემოვნა იმ საღამოს ციცოს ხაჭაპურები ნოემ, თვითონ ციცომ მიართვა სახლში. ყოველთვის ასე იყო. ამ ეზოს თითოეული ოჯახი, ერთი ცხოვრებით ცხოვრობდა. **** -როგორც ყოველთვის? - თავზე წამომდგარი მარიკუნა მომაჯადოვებლად უღიმოდა. -როგორც ყოველთვის. - დაეთანხმა ნოეც. ხუთ წუთში უკვე მაგიდაზე ედო სურნელოვანი სითხე. -მოიცადე, მარიკუნა. რაღაც დაგავიწყდა. - მაგიდაზე ფოტო დაუდო ნოემ და გაუღიმა. -მე კი არა, მეგონა შენ დაგავიწყდა. - სიხარული ვერ დაფარა გოგონამ და ფოტო ხელში აიღო. - კარგად გამოვსულვარ. - კმაყოფილმა ჩაიღიმა და სურათი გადმოატრიალა. ფოტოს უკანა მხარეს შავი ფლომასტრით ფინჯანი ყავა და იქიდან ამოსული ოხშივარი იყო მიხატული. - ვაიმე ნოე, ხატვის ნიჭიც გქონია?! რას დაგაქვს ეგ ფოტოკამერა და ეძებ შესაფერის კადრებს, არ ჯობია უბრალოდ დახატო? -როცა მივხვდები, რომ გადასაღები აღარაფერია, მერე დავიწყებ ხატვას. - თვალი ჩაუკრა და თბილად გაუღიმა. -ანუ, სანამ შენს ხელში ფოტოკამერას დავინახავ, მანამ არ ვინერვიულო ხომ სამყაროს ფერებზე? ესე იგი ჯერ კიდევ არსებობს რაღაც მშვენიერი არა? -არა მარიკუნა, რომც ვერ დამინახო ფოტოკამერით, არ შეწყვიტო სამყაროს ფერებით აღქმა. იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ მე ვეღარ ვხედავდე, მაგრამ არსებობდეს. შენ კიდევ, დარწმუნებული ვარ ყოველთვის იპოვი სამყაროს ფერებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი კაშკაშა ფერი ხარ. -გამოდის, სანამ მე დამინახავ, არც შენ შეწყვეტ დანახვას? -ოჰ, რა ეშმაკუნა ხარ?! - ზედმეტად თბილად უყურებდა ნოე გოგონას. - მართლა ასეა მარიკუნა, შენ ჩემვის სინათლის სხივთან ასოცირდები. -ძალიან კარგია შენთან მუსაიფი, მაგრამ მოვალეობა მიხმობს და ის ოთხი წყვილი თვალი რომ მომშტერებია მტრულად, უნდა გავათბო ჩემი სხივებით. - სიცილით გაემართა კაფის სტუმრებისკენ მარიკუნა. ესეც დილის პოზიტივი. მარიკუნასთან საუბარში კი ფინჯანიც დაეცარიელებინა უკვე. წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. -ნოე, - კარებთან წამოეწია მარიკუნას ხმა. მობრუნდა. -სურათი აქ გაქვს? - სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა. -რომელ სურათზე მეკითხები? - ღიმილმა გადაჰკრა ტუჩებზე. -მშვენივრად ხვდები რომელზეც. ნოემ შარვლის ჯიბიდან უკვე საკმაოდ შელახული ფოტო ამოიღო და გაუწოდა. მარიკუნამ ჩამოართვა და იქვე დაფაზე, სადაც კაფის მენიუ ჰქონდათ მიწერილი ჭიკარტით მიამაგრა. მერე ცარცი აიღო და ქვეშ მიაწერა: „სამყაროს კიდევ ერთი ნათელი ფერი. იქნებ გვაპოვნინოთ?!“ -საოცრება ხარ, მარიკუნა. - მხარზე ხელი მოჰხვია ნოემ და მიიზიდა. მარიკუნა თითისწვერებზე აიწია და ოდნავწამოზრდილ წვერზე შეახო თავისი მაყვლისფერი ტუჩები. **** არაფერი შეცვლილა ნოეს ცხოვრებაში. დილა ისევ მარიკუნას ყავით იწყებოდა. ლექციებით გრძელდებოდა და ბოლოს აუცილებლად ჯემალას და ვასოს იმდღევანდელი ნარდის შედეგის გაგებით სრულდებოდა. მანამ სანამ ერთხელაც დილით კაფეში შესულს მარიკუნას სალამმა არ დააგვიანა. საერთოდ დარბაზშიც კი არ ჩანდა. ცოტა შეშფოთდა. იცოდა, რა საქმეც არ უნდა ჰქონოდა მარიკუნას ნოეს მოსვლის დროს ყოველთვის აქ ხვდებოდა. მაგიდასთან დაჯდა და ელოდა. ბოლოს დარბაზში მიმავალ მიმტანს დაუძახა. -მარიკუნა არ მუშაობს დღეს? -ცოტა ხნით გავიდა. -მალე მობრუნდება? -იმედი მაქვს, თორემ უკვე მეხუთე ადამიანი ხართ ვინც კითხულობს. - უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა მაღალმა გამხდამა გოგომ. - რამეს შეუკვეთავთ? -მხოლოდ წყალს. - დღეს ლექცია არ ჰქონდა და შეეძლო მშვიდად დალოდებოდა. არ უნდოდა მის გრეშე წასულიყო. სკამზე მოხერხებულად მოეწყო და ხელსახოცზე ხატვა დაიწყო. ასე იცოდა ყოველთვის, თავისუფალ დროს მარტივ ჩანახატებს აკეთებდა, განსაკუთრებით ხელსახოცზე ხატვა უყვარდა, ადვილად იცრიცებოდა. წყალი მოუტანეს. თავი არ აუწევია, უბრალოდ წამით შეავლო მაგიდაზე დადგმულ ჭიქას თვალი და მზერა გაუშტერდა. ჭიქაზე შემოვლებულმა ხელებმა მიიქცია მისი ყურადღება, საოცრად ნატიფმა, ნაზმა და მგრძნობიარე ხელებმა. „შეუძლებელია ეს ხელები იმ ცივ და უსიცოცხლო მიმტანს ეკუთვნოდეს“ - წამის მეასედში გაივლო გუნებაში და მზერა ააყოლა მარმარილოს მკლავებს, რომელიც უკვე მოშორებოდა მაგიდაზე მდგარ ჭიქას და ახლა ნაძერწი წელისა და ოვალური მკერდის ახლოს განლაგებულიყვნენ. ოდნავ დახრილი მხრები, ბროლის ყელი და მათზე დაყრილი გიშერივით შავი თმა. სიფერმკრთალეში გადასული სახის კანი, რომელიც მის იერს კიდევ უფრო არისტოკრატულ შეხედულებას აძლევდა. ის იყო... მისი ბოლოდროინდელი ილუზია ფოტოდან. ყველაზე რეალური... იდგა მის წინ და არაამქვეყნიური სითბოთი უღიმოდა. ხმაც ვერ ამოიღო, ხმა კი არა, წამოდგომაც ვერ მოახერხა, უბრალოდ იჯდა და უყურებდა. ბოლოს თვითონ გოგონა ჩამოჯდა მის წინ, ისე რომ მომხიბვლელი ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ნოემ უნებურად გააყოლა თვალი და ახლა პირდაპირ თვალებში უყურებდა, ისევ უხმოდ. გოგონამ ნოეს წინ დადებულ ნახატზე გადაიტანა მზერა და ჩაეღიმა, საკუთარი თავი ამოიცნო. გაგიკვირდებათ და პირველად დახატა მისი პორტრეტი. ნოემ შეამჩნია მისი მზერა და ნახატს უნებურად ხელი დააფარა. გოგონამ თვალებში შეხედა, მარჯვენა ხელი სახესთან მიიტანა და ღაწვებზე ჩამოისვა, ნიკაპთან თითები შეაერთა და მერე საჩვენებელი თითით ნოეს მტევნის ქვეშ დამალულ სურათზე ანიშნა. გაოგებული უყურებდა ბიჭი. ბოლომდე ვერ აღიქვამდა მომხდარს. გოგონა თავის ტელეფონს დასწვდა რაღაც აკრიფა და მერე ნოეს დაუდო წინ. „ლამაზია“ - მხოლოდ ეს სიტყვა ეწერა ანთებულ ეკრანზე. წამის მეასედში გაიაზრა ყველაფერი ნოემ, მიხვდა გოგონა ჟესტების ენაზე ესაუბრებოდა. მიხვდა, რომ სრული იდიოტივით იქცეოდა და ცოტა გამოფხიზლდა. მაშინვე დასწვდა ტელეფონს და შეეცადა, რამე დაეწერა მისთვის, მაგრამ გოგონამ ფრთხილად გამოართვა და თვითონ აკრიფა ტექსტი: „შეგიძლია ისე მითხრა სათქმელი, ტუჩის მოძრაობით კითხვა შემიძლია, ოღონდ საუბრისას პირდაპირ მიყურე, გარჩევა რომ შევძლო.“ ნოემ ჩაახველა: -მიხარია ჩემი აკანკალებული ხმის ტემბრის მოსმენა რომ არ გიწევს. შემრცხვებოდა. - მღელვარების დაფარვა სცადა. „არ მესმის, მაგრამ ემოციას ვგრძნობ.“ -ახლა ჩემს ემოციას გრძნობ? გოგონამ თავი დაუქნია, -შეგიძლია აღმიწერო? გოგონამ მაგიდაზე მდგარ წყლიან ჭიქაში საწრუპი ჩაჰყო და მოურია. ორი წუთი დაელოდა. ჭიქაში წარმოქმნილი მორევი მალე ჩაწყნარდა. „ახლა უკვე შენც მშვიდად ხარ, როგორც ეს წყალი.“ ზუსტად გამოიცნო. უკვე აღარ ღელავდა ნოე. უბრალოდ დაჯერება უჭირდა. იმდენად მიუწვდომელი ეჩვენებოდა, რომ რთული დასაჯერებელი იყო მასთან ასე ახლოს ჯდომა და ეს უტყვი მუსაიფი. -აქ, როგორ აღმოჩნდი? გოგონამ თავი მიაბრუნა და მის უკან, დახლთან მდგარ მარიკუნას გაუღიმა. ნოემ ახლაღა შეამჩნია მარიკუნა. გოგონამ მზერა მენიუს დაფაზე გამოკრულ თავის სურათზე გადაიტანა, ნოე წამოდგა და ჩამოხსნა. -უკვე გიპოვე. „წარწერამ მომხიბლა“ -მარიკუნამ მიაწერა. -თითქოს თავი გაიმართლა ნოემ. - შეიძლება რაღაც გკითხო? თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -იმ დღეს, როცა ეს ფოტოა გადაღებული, მუსიკას „უსმენდი“. „გიკვირს არა? როგორ შეიძლება მუსიკას უსმენდეს სმენადაქვეითებული.“ ნოე უხერხულად შეიშმუშნა. „წამოდი.“ - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. ნოე გაუცნობიერებლად დაჰყვა მის სურვილს. წამოდგა და გაჰყვა. გარეთ გავიდნენ და ქუჩას გაუყვნენ. დაახლოებით ხუთი წუთი იარეს და კინოთეატრთან შეჩერდნენ. გოგონამ აბრას ახედა, შენობას უკნიდან შემოუარა და პატარა კარით შევიდა შიგნით. გაიარეს ჩაბნელებული დერეფანი და ერთ-ერთ კართან შეჩერდნენ. გოგონამ შეაღო. ოთახის სიღრმიდნ მათკენ ასე 20-21 წლის ბიჭი წამოვიდა და გოგონას გადაეხვია. ჟესტების ენაზე რაღაც უთხრა გოგონამ. ბიჭმა ნოეს გადმოხედა და წავიდა. -სად ვართ? - ცოტა დაბნეული იყო ნოე. გოგონა მხოლოდ უღიმოდა. ცოტა ხანში დაბრუნდა ბიჭი. გოგონამ ნოეს ანიშნა და კარებში გაუჩინარებულ ბიჭს გაჰყვნენ უკან. -იმედი მაქვს სერიული მკვლელის ხაფანგში არ გავბმულვარ. - თავისთვის ჩაილაპარაკა ნოემ. -მე მესმის. - უკან არ მოუხედავს ისე უთხრა წინ მინავალმა ბიჭმა. -გამიმართლა. - ჩაიღიმა ნოემ. -რამდენი ხანია იცნობ? - არც ამჯერად მობრუნებულა ბიჭი, ალბათ არ უნდოდა მის უკან მიმავალი მიმხვდარიყო რას ამბობდა. -ნახევარი საათია. - ბიჭი შემობრუნდა და გაგოგნებული მზერა მიანათა ნოეს. მერე ისევ მიბრუნდა და სიარული განაგრძო. - პირველი ხარ ვინც აქ მოიყვანა. გაგიმართლა, გენდობა. -შენ? -მე აქ გავიცანი. ვიწრო კიბით ზედა სართულზე ავიდნენ და ხის კარი გააღო ბიჭმა. ნოე და მისი თანამგზავრი პატარა დარბაზის მსგავს ოთახში შევიდნენ. ბიჭი წავიდა და ცოტა ხანში ყურსასმენით ხელში დაბრუნდა. გოგონამ ჩამოართვა და ბიჭიც გავიდა. ნელა მიუახლოვდა, ნოეს წინ დაუდგა და ყურსასმენი გაუწოდა. ცოტა გაოცებული უყურებდა ნოე. თვითონ მოარგო ყურსასმენები. ნოეს მოეჩვენა, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა. აბსოლუტურად არანაირ ბგერას არ ატარებდა ყურსასმენი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ის და გოგონა თანაბარ პირობებში იყვნენ. ფრთხილად მოჰკიდა ხელი და თვალით ანიშნა დაჯექიო. ნოემ ხელებზე იგრძნო მისი მგრძნობიარე ბალიშები და ჟრუანტელმა დაუარა. -ადვილი სათქმელია დაჯექი... - თავი გვერდზე მიაბრუნა და ისე ჩაიბუტბუტა. გოგონამ ხელები მისი სახისკენ წაიღო და ახლა ყელის ოდნავ ზევით ლოყებთან იგრძნო მისი მგრძნობიარე თითები ნოემ და საბოლოოდ დაკარგა ფეხზე მყარად დგომის უნარი. გოგონამ თავი მოაბრუნებინა და ბაგეებზე დააკვირდა. უნდოდა გაერჩია რა ჩაილაპარაკა წეღან ნოემ. ერთადერთი ისღა მოიფიქრა ბიჭმა, რომ მის სურვილს დაჰყვა და ჩაჯდა. გოგონაც მიჰყვა. ნოემ ვიბრაცია იგრძნო იატაკიდან. სავარაუდოდ აკუსტიკური სისტემის ახლოს იმყოფებოდნენ და შექმნილი ვიბრაცით სულ თავისუფლად შეგეძლო შეგეგრძნო რიტმი. თვალებში უყურებდა და ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა. გოგონა იატაკზე გულაღმა დაწვა. ნოემაც მას მიბაძა. ახლა მთელი სხეულით გრძნობდა რიტმს და შეეძლო დაეფიცა, რომ კარგად ნაცნობ მელოდიას უსმენდა. ერთმანეთის გვერდით იწვნენ, არ უყურებდნენ თვალებში არ ესმოდათ ერთმანეთს, სამაგიეროდ გრძნობდნენ მუსიკას. ვერც კი მიხვდნენ, როდის აიხლართა მათი თითები ერთმანეთში. არ ახსოვს რამდენი ხანი იყვნენ ასე, დროის შეგრძნება დაკარგეს. მანამ იყვნენ ჩაძირული რიტმების ტალღებში სანამ არ დამთავრდა მუსიკა. არ იცოდა რას უსმენდა ნოე, მაგრამ იცოდა რომ რაღაც ნაცნობს. პირველი გოგონა წამოდგა, ისე რომ ნოესთვის არ გაუშვია ხელი და ისიც აიყოლა. ფრთხილად მოხსნა ყურსასმენები. ნოეს ყურები დაუგუბდა და მიხვდა, რამდენად ხმაურიან სამყაროში ვცხოვრობთ. -იდეალური იყო. - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. „მე მუსიკა არ მესმის, ვგრძნობ.“ ხელი მოჰკიდა და წავიდეთო, ანიშნა ნოეს. შენობიდან გავიდნენ. -ქალაქს გადმოვხედოთ? გოგონამ მსუბუქად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. საბაგირო გზისკენ წავიდნენ და თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე ავიდნენ. ისეთ ადგილზე მოთავსდნენ, საიდანაც ქალაქი მართლაც ხელისგულივით ჩანდა. ნოე ისე დაჯდა, რომ გოგონასთვის მარტივი ყოფილიყო მისი ტუჩების დანახვა. -რა გქვია? - ამდენი ხნის მერე ახლა დასვა ნოემ ეს კითხვა. მას მხოლოდ ჩაეღიმა. „რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია? სახელს იმიტომ არქმევენ ადამიანს, რომ მიმართონ. მე თითქმის არასდროს მომმართავენ სახელით.“ ნოე უხერხულად შეიშმუშნა. „ამას დიდი ხანია შევეჩვიე. მე თვითო ათი წლის ასაკში გავიგე რა მერქვა და საერთოდ ადამიანებს სახელებით თუ ანსხვავებდნენ. ჩემთვის არსებობდა მხოლოდ დედა და მამა, სახელებით არასდროს მიმიმართავს მათთვის.“ სივრცეს გახედა და ისევ მიაწოდა ნოეს ტელეფონი წასაკითხად. „საფრანგეთში დავიბადე. დედა ფრანგია, მამა ქართველი. ამასაც ძალიან გვიან მივხვდი. ხალხს ჟესტების ენაზე ვეკონტაქტებოდი ეს კი ნებისმიერ ენაზე ერთიდაიგივეა. წერას მამა მასწავლიდა და ისე გამოვიდა, რომ წერა და სიტყვები ქართულად ვისწავლე. სკოლაში არასდროს მივლია.“ -აქ დიდი ხანია რაც დაბრუნდით? „მარტო ჩამოვედი. მამა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. დედა ახლაც ვერ ეგუება. ვერაფრით დავითანხმე ჩამოსვლაზე.“ - თვალები აუწყლიანდა. - „არ შემეძლო არ მენახა ქვეყანა, რომელზეც მამა ამდენს მიყვებოდა.“ -მერე, როგორია ეს ქვეყანა? „მამას ქვეყანაა, ჩემთვის ესეც საკმარისია.“ -იმ დღეს, სურათი რომ გადაგიღე, იმ მუსიკასაც გრძნობდი? არამგონია იმხელა ვიბრაცია ჰქონოდა... „თუ ვიბრაცია არასაკმარისია, ვცდილობ მსმენელების რიტმს დავაკვირდე და კიდევ შემსრულებლის მოძრაობებით აღვიქვამ.“ -საოცარია, სიჩუმეში მუსიკას გრძნობდე. „პატარა ვიყავი, დედა იავნანას რომ მიმღეროდა. რა თქმა უნდა არ მესმოდა. ტუჩის მოძრაობით ზეპირად ვიცოდი სიტყვები, მაგრამ ვერაფრით აღვიქვამდი. ერთხელაც ჩავეხუტე და შუბლი ყელზე მივადე, იქ სადაც ხმის იოგები ვიბრირებენ. პირველად მაშინ ვიგრძენი მელოდია. ვერც კი წარმოიდგენ, როგორი გახარებული ვიყავი ჩემი აღმოჩენით. სრულყოფილად შევიგრძენი დედის იავნანა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი ადამიანია დედა, რომლის ხმის ვიბრაციები მაქვს მოსმენილი. მამასიც კი ვერ მოვასწარი.“ - თვალები კვლავ აუწყლიანდა. - „მამა არასდროს მღეროდა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ყოველთვის მოვასწრებდი.“ ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ნოე დაკვირვებით სწავლობდა მის ნაკვთებს, რატომღაც ეგონა, რომ ცოტა დრო ჰქონდა და მალე გაქრებოდა მის წინ მჯდომი ილუზია. რაღაც საოცარს გრძნობდა. ხვდებოდა, რომ ისეთი ადამიანი იპოვა, როგორიც მანამდე არასდროს შეხვედრია. ადამიანი, რომელსაც იმაზე გაცილებით მეტი „ესმოდა“, ვიდრე ნებისმიერს. ხვდებოდა, რატომაც მიიქცია თავიდანვე მისი ყურადღება, ფოტოზევე იგრძნო მისი მზერა, ისეთი რომელიც გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავი. ახლა მის წინ იჯდა და არც კი იცოდა რა უნდა ექნა. „საოცარი ტუჩები გაქვს.“ - შეაკრთო კიდეც ნოე წაკითხულმა. უნებლიეთ შიგ თვალებში ჩახედა. ის მხოლოდ უღიმოდა. ტელეფონი გამოართვა და ღიმილით აკრიფა ისევ ტექსტი. „გაცნობისას პირველად ადამიანს ტუჩებზე ვაკვირდები და უფრო ხშირად ბაგეებით ვიმახსოვრებ. ავტობუსში გვერდით მჯდომი მგზავრის სახე შეიძლება საერთოდ არ მახსოვდეს, სამაგიეროდ მახსოვს მისი ტუჩები. შენ იდეალური ტუჩები გაქვს.“ -იმედი მაქვს ახლა მხოლოდ ტუჩებზე მიყურებ და საერთოდ ვერ ხედავ ჩემს აწითლებულ სახეს. - ღიმილმა გადაჰკრა ნოეს. „ღიმილიც გიხდება.“ -ვინმეს უთქვამს შენთვის, იმდენად კარგი ხარ, რომ ხანდახან ილუზია ჰგონიხარ? „შენ პირველი ხარ.“ - ისევ ეს მომაჯადოებელი ღიმილი. ნოე დაიხარა და მის ხელებს დასწვდა. როგორც იქნა გაბედა და შეეხო. ხელებში მოიქცია და დიდი ხანი არ გაუშვია. -შეიძლება გადაგიღო? - თითქმის ერთსაათიანი დუმილი დაარღვია ნოემ. თავი დაუქნია და წამოდგა. ნოემ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ვინ იცის რამდენი ფოტო გადაუღო. აბსოლუტურად ყველა კადრი იდეალური იყო, თითქმის სრულყოფილი. საღამოვდებოდა, წასვლა რომ დააპირეს. საბაგიროსთან იდგნენ და ვაგონის მოსვლას ელოდნენ. ოდნავ გრილი ნიავი უბერავდა. ის კიდევ თხელი სარაფნით იდგა. -გცივა? გოგონამ თავი გააქნია უარის ნიშნად. ნოემ მაინც გაიხადა მაისურზე მოცმული პერანგი და გოგონას მოახურა. „ბედისწერის გჯერა?“ -მე შენ გიპოვე ან პირიქით. მთავარი ისაა რომ ის რაც ცოტა ხნის წინ არარეალურად მეჩვენებოდა ახლა ჩემს წინ დგას. თვალმოუშორებლად უყურებდა ნოეს, მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. თითქოს იმახსოვრებდა. მერე ხელები მისი სახისკენ წაიღო და ფრთხილად გადაუწია თმები შუბლზე. იგრძნო, როგორ შეკრთა ვაჟი და როგორ დაეჭიმა მთელი სხეული. თითებით დაბლა დაუყვა და მთელ სახეზე ჩამოატარა. ნოემ ვეღარ შეძლო თავის შეკავება და ხელები მის თხელ თითებს დაადო, ბაგეებისკენ წაიღო და ორივე ხელის თითებზე დაუტოვა ცხელი კოცნის კვალი. გოგონამ თითისწვერებზე აიწია და ძალიან ახლოს მიუტანა სახე. ნოემ წელზე მოჰხვია ხელი და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. მისი ტუჩების შეხება რომ იგრძნო ნოემ, საბოლოოდ დაკარგა აზროვნების უნარი და თვითონაც აჰყვა კოცნაში. იმაზე მეტად ამაღელვებელი იყო ეს სიახლოვე ვიდრე ნოეს წარმოედგინა. რეალურად მისი სხეულის ასე ახლოს შეგრძნება თავს აკარგვინებდა ამხელა კაცს. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ეიფორია, ვერც ნოე გეტყოდათ, დროს შეგრძნება დაკარგა. ბოლოს გოგონა მოშორდა ვაჟის სხეულს, ნოემ გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე შევიდა ახლადმოსულ ვაგონში და სანამ ვაჟი გონს მოეგო, ის უკვე დაკეტილი კარის მიღმა იდგა და თანდათან შორდებოდა მას. გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ცემა. არ უნდოდა ბოლომდე გაეანალიზებინა რა მოხდა. ხვდეობოდა, რომ მეორე ვაგონსაც რომ გაჰყოლოდა, ის იქ აღარ დახვდებოდა. უყურებდა თანდათან როგორ შორდებოდა და სახეც ბუნდოვანდებოდა, მაგრამ თითქოს მაინც შეამჩნია მის თვალზე მომდგარი ცრემლი. რა თქმა უნდა არ დახვდა საბაგირო გზის ბოლოს ის. **** -არ ვიცი მარიკუნა, რა ვიფიქრო. ორი დღეა ადამიანს არ ვგავარ. ხანდახან მართლა სიზმარი მგონია, ან უფრო ილუზია. -უნდა იპოვო ნოე. -სახელიც კი არ ვიცი. -ერთხელ ხომ გამოგივიდა? -მე კი არა, შენ გამოგივიდა. -მაშინ ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა, ეგ გოგო სანაპიროზეა ხშირადო და ყოველდღე დავდიოდი, სანამ არ ვიპოვე. -სად? -იმ საღამოს მერე, ყოველდღე დავდივარ, მაგრამ არ მინახავს. მეთევზეებმაც მითხრეს რამდენიმე დღეა არ გამოჩენილაო. -მე მაინც ყოველდღე ვივილი. -შეუძლებელია ასე წასულიყო. - ნიკაპი ხელზე ჩამოაყრდნო მარიკუნამ. - შენგან წასვლა არც ისე ადვილია. აი, მე მაგალითად, ერთი დღეც რომ გავიდეს, ისე რომ არ გნახო, გავგიჟდები. - გაუღიმა. -ცდილობ გამამხნევო? **** კინოთეატირს აბრას ახედა, შენობას უკნიდან შემოუარა და პატარა კარით შიგნით შევიდა. ბიჭი დერეფანში შეხვდა. -გამარჯობა. - ნოესკენ წამოვიდა მაშინვე. -სად ცხოვრობს? - მისალმება დაამთავრა თუ არა მაშინვე ეს ჰკითხა. -ვინ? - მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ბიჭმა და მზერა გაუსწორა. -ის... -სახელი არც შენთვის უთქვამს? - ჩაეღიმა ბიჭს. - არც მიკვირს. -რა იცი მის შესახებ? - ნოე უკვე მოთმინებას კარგავდა. -ბევრი არაფერი, ამ კედლების იქით არც მინახავს. ერთხელ მოვიდა და შიგნით შეშვება ითხოვა, რა თქმა უნდა ჟესტების ენაზე. გამიკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ეს ენა ვიცოდი?! მითხრა, რამდენიმე დღეა გაკვირდები და შევამჩნიე პატარა გოგონას, რომ ელაპარაკებოდიო. მართლაც აქ ხშირად მოდის ჩემი და, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს. მივხვდი რაც უნდოდა და რა თქმა უნდა შევუშვი. მას მერე თვითონ მოდის. რამდენჯერმე შევეცადე გამერკვია მის შესახებ რაღაცეები, მაგრამ დელიკატურად გაურბის ამაზე საუბარს და მეც შევეშვი. ჩემთვის ისიც საკმარისია, ხანდახან თუ შემომივლის. შენ ერთადერთი ხარ, ვინც აქ მოიყვანა. უნდა ვაღიარო, ვიეჭვიანე. - ქვევიდან ახედა ნოეს. - თუმცა სისულელეა. ისეთები, როგორიც ის არის შეუძლებელია შენ ან მე გვეკუთვნოდეს. -მცირე დუმილის შემდეგ დაამატა. - იმ დღის მერე არც აქ გამოჩენილა. ნოე უსმენდა და ხვდებოდა, როგორ ერთმეოდა ის ერთადერთი იმედიც მისი ნახვისა. ბიჭს დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა. -გიყვარს? - დერეფანში ნათქვამი ეს სიტყვა ექოსავით გაისმა, მთელი დარბაზი მოიარა და ნოესთან გაჩერდა. ეს ის კითხვა იყო, რომელზე პასუხს, საკუთარ თავთანაც კი ვერ აღიარებდა. როგორ შეეძლო ჰყვარებოდა ილუზია?! მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ყველაზე მეტად ახლა მისი პოვნა უნდოდა. **** გვიანობამდე იჯდა და ფოტოებს ათვალიერებდა, მის ფოტოებს. უკვე მერამდენედ. შეუძლებელი იყო, ასე ახლოს ჰყოლოდა და ასე უკვალოდ დაეკარგა. უკვე მერამდენედ ათვალიერებდა თითქმის ორმოცდაათ კადრს და თითოეული შეუდარებელი იყო. არასდროს არ გადაუღია ამდენი იდეალური კადრი ერთი ფოტოსესიიდან. ამობეჭდვა დაიწყო. ყველას სათითაოდ ბეჭდავდა, რედაქტირების გარეშე, არც ერთი დეტალი არ უნდოდა შეეცვალა. ფოტოპრინტერში ქაღალდი გათავდა, ახალი შეკვრა გახსნა და ბეჭდვა განაგრძო. ფოტოები თანმიმდევრობით დააწყო მაგიდაზე. დაკვირვებით ათვალიერენბდა, თითქოს რაღაცის აღმოჩენა უნდოდა. აღმოაჩინა... რამდენიმე სურათზე რაღაც ნიშნებს აჩვენებდა გოგონა, თითქოს ჟესტებით ცდილობდა რაღაც ეთვქა. ორი წუთი თვალმოუშორებლად უყურებდა ცდილობდა დაეჯერებინა. რაღაცის თქმას ცდილობდა ამ ფოტოსესიით. საათს ახედა დილის ხუთი საათი სრულდებოდა. ფოტოაპარატს ხელი წამოავლო და კარი გაიხურა. ფარეხიდან მანქანა გამოიყვანა. იშვიათად დადიოდა მანქანით, ფეხით სიარული ბევრად მოსწონდა, ასე ბევრ საჭირო კადრს იჭერდა, მანქანით მარტო მაშინ სარგებლობდა, როცა ეჩქარებოდა. ახლა კი ეჩქარებოდა. -ოღონდ ახლა დაიქოქე, მეგობარო და გპირდები ასე დიდხანს აღარ მიგატოვებ. - ჩუმად ბუტბუტებდა და ძრავის დაქოქვას ცდილობდა. მანქანამ რამდენჯერმე დაიფრუტუნა და საბოლოოდ აგუგუნდა ძრავი. ეზოდან გავიდა და კინოთეატრის ალაყაფის კარებს მიადგა. დაკეტილი დახვდა, რა გასაკვირა, ასე ადრე შენობაში არავინ იქნებოდა. ადგილიდან არ დაძრულა. მანქანა ჩააქრო და სავარძელზე მოხერხებულად მოეწყო. შვიდი საათი სრულდებოდა ბიჭი რომ დაინახა. მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ გაემართა. -აქ რა გინდა ამ დილაადრიან? - გაოცებული სახით უყურებდა ნოეს. -რაღც მინდა განახო. -მოცა, შენ რა მთელი ღამე აქ იყავი? - ნოეს უძილო თვალებზე დააკვირდა. -არა, ერთი საათის წინ მოვედი. - საათს დახედა. ბიჭმა თავი გადააქნია. -აბა, რისი ჩვენება გინდოდა? ნოემ ფოტოაპარატი გაუწოდა. ბიჭმა სურათს დახედა, მერე ნოეზე გადაიტანა მზერა. -ლამაზია. ამის გულისთვის არ გეძინა მთელი ღამე? -ფოტოზე ვერაფერს ამჩნევ? - სხვა ფოტოებზე გადავიდა ნოე. -მოიცა... ჟესტები. - თავიდან გადაათვალიერა ბიჭმა სურათები. - რაღაცას ამბობს. -შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს? -რაღაც ასოებია, თანმიმდევრობას თუ მივყვებით... ლეონიძის 18. - ბუტბუტით წარმოსთქვა ბიჭმა დ მხრები აიჩეჩა. -მისამართი. - ისე დაუმძიმდა სუთქვა ნოეს, წამით ისიც კი იფიქრა, რომ ვეღარ სუნთქავდა. -მართალია, ალბათ მისამართია. - გაეღიმა ბიჭს და მხარზე ხელი დაჰკრა. - გაგიმართლა ძმაო, ძალიან ახლოს მიგიშვა. ნოეს აღარაფერი გაუგია, უკვე მანქანას ქოქავდა და წამის მეასედში მოსწყდა ადგილს. იქვე იყო ლეონიძის ქუჩა, ნუთუ ასე ახლოს ცხოვრობს და... დილა იყო, ქუჩები არ იყო გადატვირთული და მალე მივიდა ლეონიძის ქუჩაზე, თვრამეტი ნომრის პოვნაც არ გაძნელებია, მაგრამ ეს სულაც არ იყო საცხოვრებელი სახლი. რაღაც დაწესებულება უნდა ყოფილიყო. დიდი ბეტონის გალავანით იყო შემოსაზღვრული და ალაყაფის კარსაც დიდი ბოქლომი ედო. სავარაუდოდ უფუნქციო შენობა უნდა ყოფილიყო. მანქანიდან გადმოვიდა და იქვე მეეზოვეს მიმართა: -დილა მშვიდობის, რა დაწესებულებაა აქ ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ? -ეგა? აბა რა ვიცი, თავის დღეში ეგრეა დაკეტილი და. - ცოცხს ჩამოეყრდნო ხანშიშესული ჩია ბერიკაცი. -დიდი ხანია დაკეტილია? არასდროს აღებენ? - ერთი ორი წლია აქა ვარ ყოველ დილას და ჯერ გაღებული არ მინახავს. კარებიც როგორაა ჩაჟანგული, მაგის გაღება ეგრე ადვილი არაა. - სიგარეტს მოუკიდა ბერიკაცმა. -მადლობა. - ნოე მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან არ იძვროდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ლეონიძის 18 არაფერს ნიშნავდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ისევ იქ დაბრუნდა საიდანაც დაიწყო. ერთხანს უყურა, როგორ გვიდა ფოთლებს მეეზოვე და ბოლოს დაქოქა ძრავი. **** -რა გავაკეთო მარიკუნა? - ნაღვლიანად გადახედა ნოემ. - ყველაზე რთული ბოლო იმედის დაკარგვაა. დავიჯერო, უბრალოდ ცუდად მეხუმრა? -იქნებ რამე გამოგრჩა? იქნებ... აღარ ვიცი, ნოე, მართლა აღარ ვიცი. -შეიძლება ჩემთვის ბევრად მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს, ვიდრე მისთვის? ბოლოსდაბოლოს თვითონ გადაწყვიტა წასულიყო. -ყავას დალევ? - შეეცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი მარიკუნას. ნოეს თბილად გაეღიმა და თავი დაუქნია. მარიკუნა წამოდგა და წავიდა. დაახლოებით ორ წუთში მობრუნდა სურნელოვანი სითხით ხელში. ფინჯანი მაგიდაზე დადგა და თვითონაც ჩამოჯდა. -ნოე, დარწმუნებული ხარ, რომ სხვაგან არ არის ლეონიძის ქუჩა? იქნებ არასწორად მიხვედი? -რა ვიცი, თბილისში სხვა ლეონი... - სიტყვა გაუწყდა. - იქნებ სულაც არ არის თბილისში? იქნებ სხვა ქალაქშიც არის ლეონიძის ქუჩა? - ტელეფონს დასწვდა და საძიებო სისტემაში ჩაწერა ლეონიძის 18. - ოთხი ქალაქია: თბილისი, რუსთავი, გორი და ბათუმი. -ყველა ქალაქის მოვლას აპირებ? ნოემ არაფერი უპასუხა. წამოდგა, მანქანის გასაღებს დასწვდა. -მოიცადე, მთელი ღამის უძილო ხარ. ასე აპირებ საჭესთან დაჯდომას? - მაგრამ იცოდა მარიკუნამ, რომ აუცილებლად ახლავე წავიდოდა ნოე. - სულ ერთი წუთით დამელოდე. მალე მობრუნდა, ხელში ქაღალდის ჭიქით ყავა ეჭირა. -გზაში დალიე, აქ ვერ მოასწარი... ცოტა გმოგაფხიზლებს. ნოემ გამოართვა ხელები მოჰხვია მეგობარს და თავზე აკოცა. **** რუსთავიდან დაიწყო. არ გასჭირვებია ლეონიძის ქუჩის პოვნა. საცხოვრებელი სახლი იყო. საკუთარი გულისცემა ესმოდა. ორი წუთი არ გადმოსულა მანქანიდან. ბოლოს შეძლო. ეზოდან გამოსული ასე 16-18 წლის ბიჭი დაინახა. -გამარჯობა. - მიესალმა. ბიჭმა უკან მიიხედა. არ ეგონა მას თუ მიმართავდნენ, რომ დარწმუნდა მის გარდა არავინ იყო, ნოესკენ წამოვიდა. -გაგიმარჯოს. - დაბნეულობა იგრძნობოდა მის ხმაში. -აქ ცხოვრობ? - შენობაზე ანიშნა ნოემ. -კი. -ამ გოგოს ხომ არ იცნობ? - ფოტოაპარატი გაუწოდა ნოემ. -ამას? აქ ცხოვრობს? რაღაც არ მეცნობა. -დარწმუნებული ხარ? -ძალიან ლამაზია საიმისოდ დარწმუნებული რომ ვიყო. - ჩაეღიმა ბიჭს. - ასეთი რომ მენახა, არ დამავიწყდებოდა. ნოემ ფოტოაპარატი გამორთო და მაქანის კარებს მიეყრდნო. -შენი ვინ არის? - ბიჭიც გვერდით ამოუდგა ნოეს. აშკარად საქმე რაფერი ჰქონდა და დროის გაყვანას ცდილობდა. -მეგობარი. -სიგარეტი გაქვს? - გვერდულად გახედა ბიჭმა. -არ ვეწევი. -კარგია, მეც ვერაფრით დავანებე თავი. - გამოცდილი ადამიანივით უთხრა ნოეს და დაემშვიდობა. ნოე მანქანაში დაბრუნდა და გეზი გორისკენ აიღო. შუადღისკენ შევიდა ქალაქში, მაგრამ ვერც იქ მოისმინა ვერაფერი სანუგეშო. არც იქ ენახათ გოგონა ფოტოდან. ბოლო იმედი რჩებოდა, ბათუმი... სხვა შეიძლება დიდი ხნის წინ დანებებოდა, ხელი ჩაექნია, მაგრამ არა ნოე. უბრალოდ ვერ ხვდებოდა სხვანაირად როგორ ეცხოვრა, თითქოს ამდენი წელი ამას ელოდა, თითქოს ამისთვის ცხოვრობდა აქამდე. ბევრი ვერ გაუგებდა, არც ესმოდათ ალბათ, მაგრამ მთავარი იყო მას ესმოდა. ეს სავსებით საკმარისი იყო და ღირდა ნამდვილად გამოვლილ ამდენ კილომეტრად. ერთადერთი რისიც ეშინოდა, იმ ბოლო იმედის გაცრუება იყო. მერე მართლა აღარ იცოდა რა უნდა ექნა. ალბათ მერე უბრალოდ დაელოდებოდა, მთელი ცხოვრება დაელოდებოდა. საღამოვდებოდა ბათუმში რომ შევიდა. საოცარი იყო, საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლას. ძილზეც კი არ უფიქრია ამხელა გზის განმავლობაში. არ გასჭირვებია ლეონიძის ქუჩის პოვნა. ბათუმსაც ხუთი თითივით იცნობდა. არაერთხელ უბოდიალია მის ქუჩებში თავის ფოტოკამერასთან ერთად. მანქანა მოშორებით გააჩერა და ფეხით გაუყვა ქუჩას. რაც უფრო უახლოვდებოდა 18 ნომერს, გული გამალებით უცემდა. ფოტოკამერაც არ წამოუღია, მანქანაში დატოვა. თითქოს გრძნობდა რომ აქ კითხვა არ დასჭირდებოდა. თითქოს იცოდა, რომ აქ თვითონ მას ნახავდა. თითქოს იცოდა, რომ აქ ისიც ელოდა. დაინახა... იქ იდგა... ის იყო... ისევ ის თეთრი სარაფანი ეცვა, ისევ ისე უფრიალებდა ქარი თმას, ისევ ისეთი არამქვეყნიური ეჩვენებოდა ნოეს, ისევ ისეთი მზერით უყურებდა, ისევ ისე უცემდა გული ნოეს. ნელ-ნელა მცირდებოდა მანძილი, როგორც იქნა მიუახლოვდა, უკვე მის წინ იდგა და მისი თმების საოცარ სურნელს გრძნობდა. გოგონას თვალში ცრემლი შეამჩნია ნოემ. ის იყო ხელი უნდა წაეღო მისკენ და მოჰხვეოდა, რომ გოგონამ ტელეფონი გაუწოდა უკვე დიდი ხნის წინ აკრეფილი ტექსტით. ნოემ გამოართვა და დახედა: „ნიკოლი მქვია, გელოდებოდი.“ ორივე ხელი მოჰხვია ნოემ და გულში ჩაიკრა. გოგონამ თავი მის ყელში ჩარგო და ორივე ხელი ბეჭებზე შემოჰხვია. -გეძებდი ნიკოლ, მიყვარხარ. გაიგო ნიკოლმა მისი სიტყვები, ზუსტად იქ ედო თავი, სადაც ხმის იოგები ვიბრირებენ. ახლა მას ნოეს ხმაც ესმოდა. --------------------------------------------------------------- მომენატრეთ და დავბრუნდი, მინდოდა ამ წელს კიდევ ერთი ისტორია დამედო :love: ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ :love: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.