კატათაგვობანა –6–
[თავი 6] სასტუმროში იოანესთან შეხვედრა საშინლად მაბნევს. გულში ლიკუნას ვეძახი, ყოველთვის რაღაც სჭირდება და ახლა რატომ არ გამოდის იმ წყეული ოთახიდან. ანთაური წარბშეუხრელად მიმზერს, მაგრამ არ იღიმის. მგონია რომ გუშინდელის მერე მასშიც შეიცვალა რაღაც, თუმცა ის ამაზე სიტყვასაც არ სძრავს. უფრო სწორად საერთოდ არ იღებს ხმას. მიკვირს. იქნებ ახალი ხაფანგი დამიგო და ამიტომაც აღარ მკბენს. ჩემს თავში ერთი დიდი აურზაურია. მახსენდება ის კოცნა... დახორკლილი კანი... მოფუსფუსე ჭიანჭველები და ვფიქრობ, ეს სიმპტომები რისი მომასწავებელია. ხო, მომწონს! სიჟიჟემდე მომწონს! იმის იქითაც! მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ ეს ყველანაირად მოწესრიგებული ფიგურა როგორმე დავანგრიო, ნერვები დავაწყვიტო, ჩემი მოუხერხებლობით ისიც დავაზიანო... მერე რა, რომ ხევსურია! თურმე აქამდე მეც არ ვიცოდი, როგორები იყვნენ ხევსურნი! თურმე მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ღრუბლიან ცაზე უარესები არიან, პატარა ძვრა სჭირდებათ და საშინელ ქარიშხალს დაატრიალებენო... ეს ქარიშხალი მე გავაღვიძე... მან კი ჩემში გააღვიძა ქალური ინსტიქტები... ჩემი სუსტი წერტილები იპოვა და ახლა ჰგონია, რომ არაფერი უჭირს? მე მაინც ვაგრძელებ კატა–თაგვობანას და რაც შეეხება იმ აღუწერელ, ფარულ ლტოლვას, ვერაფრით აღმოვფხვრი და არც კი ვიცი, მინდა თუ არა ამ სასიამოვნო გრძნობების გარეშე ცხოვრება. თავადაც ვერ გავრკვეულვარ... სანამ მე საკუთარ თავს ''აჩოტებს'' ვაბარებ, იოანე გვერდს მივლის და სასტუმროდან გადის. ასეთი გამოჩერჩეტებული როდიდან გავხდი! რაიმე უნდა მომეფიქრებინა და ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ან ფეხი უნდა დამედგა მისთვის ძლიერად, ანდაც ახალი ''ტრიუკი'' ჩამეტარებინა. არა უშავს... იმედია ძველებურად არ გადაიკარგება და საღამოს ჩემს ხელთ იქნება. შუადღისას გამოტოვებულ ზარებს ვაწყდები მობილურში. მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ხმა გამორთული მაქვს და არავისთან სალაპარაკოდ არ მცალია, თუმცაა ნიცა ამ ''არავის'' არ მიეკუთვნება. მაშინვე ვურეკავ და ბოდიშების მოხდით შემოვიფარგლები. ნიცა პირობას მიყენებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში მაპატიებს ამ უყურადღებობას და გულმავიწყობას, თუ დღეს ლაშას გავეთავისუფლები და საბავშო ატრაქციოებზე წავალთ, ბავშვობა რომ გავიხსენოთ. ალბათ უკვე ხვდებით, რომ უარის თქმა მიწევს. ზუმერის ხმა მამცნობს, რომ ნიცა ისე გაბრაზდა, თავისი საყვარელი მობილური სადღაც მიაგდო და ახლა გამწარებული ამსხვრევს სერვანდში დაწყობილ ძვირფას ჭურჭელს. მაგიდაზე გაფანტულ, ერთმანეთში არეულ–დარეულ ფურცლების ერთ დასტას ვიღებ და განაცხადებს ვავსებ. ბოლოს გადაღლილი ვშლი ფეხებს და მიხარია, რომ ვერავინ შეამჩნევს ჩემს ლამაზ ტრუსს, რადგან მაგიდას წინა მხარე დაფარული აქვს. სად არის იოანე? უკვე ერთი საათია გავიდა! გესმით? მთელი ერთი საათი! დაღლილობა მაშინვე მივლის და ენერგიით ვივსები. მისტერ აისბერგი როგორმე უნდა გავალღვო. ასე თუ ისე, უნდა გავალღვო! ამისთვის კი გეგმა''–გ''ზე უნდა გადავიდე. გეგმის ეს ნაწილი ჩემს განსაკუთრებულ კულინარიულ ნიჭს მოითხოვს. რატომ განსაკუთრებულს? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირაა. რას ვგულისხმობ და... ანუ იოანე ჩემი ნახელავით კი არ უნდა მოიხიბლოს, არამედ ისე ძალიან არ უნდა მოეწონოს, რომ მეტჯერ ჩემს გაკეთებულ საჭმელს თუ სასმელს, ახლოსაც არ მიეკაროს. ვფიქრობ რითი ''გავახარო'', ყავით, ჩაით თუ ნამცხვრით. აი, იქნებ სუპი გვეცადა. როგორც ვიცი, ხევსურებს უყვართ. ოჰ, კიდევ ეს ხევსური! მაშო, ამოიგდე თავიდან! ეს კაცი არ შეგეფერება! არა! შენ ნამდვილად უკეთესს იმსახურებ! უკეთეს კოცნას, უკეთეს ტანს და უკეთეს თვალებს კი არა, უკეთეს ქმარს! ნოუთბუქში შეტყობინება მომდის. ვიღაც ''ლელა999''–ს ინფორმაციის მიღება უნდა ჩვენი სასტუმროს შესახებ. დაწვრილებით ცნობებს ვაწვდი და თან დამამტკიცებელ სტატიასაც ვუთითებ. ნოუთბუქი! სურათი! იოანე! ვაიმე, მართლაც როგორი გულმავიწყი ვარ... მე ახლა სასტუმროში კი არა, იოანეს პრეზენტაციაზე უნდა ვიყო. ნეტავ, რომელ საათზე იწყება? მაგვიანდება თუ არა? უნდა ვიჩქარო თუ არა? ნამდვილ ობობის ქსელში ვეხვევი და იქიდან ვეღარ ვაღწევ. ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას ვიღებ და უჩანთოდ, გაუფრთხილებლად გავდივარ შენობიდან. ცალი ხელით ფეხსაცმელს ვიცმევ, რადგან გახდილი მქონდა, დასვენების მიზნით. ახლა მივირბინო ჩემს მანქანასთან თუ არა? ტაბლოს შევცქერი და ვხედავ, რომ ერთი სამი ავტობუსი მაინც ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე წუთში მოვა. არა, რა დროს ავტობუსია! მე ისიც არ ვიცი, ეს სარეკლამო სააგენტო სად მდებარეობს. გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდა გოგონას ვეკითხები და საბედნიეროდ ის მაინც არის ჩემზე ''განათლებული''. იოანეს სამსახურის მისამართს გონებაში ვიმახსოვრებ. მადლობის გადახდა მოგვიანებით მახსენდება და უკვე მანქანისკენ მიმავალი ვბურტყუნებ: –მადლობა! მძღოლის სავარძელზე ვჯდები, ძრავას ვქოქავ და სასტუმროს ეზოში სიჩქარისგან წრეებს ვარტყამ. ვიღაც–ვიღაცეები ხელებს მიშლიან, თუმცა სულ არ მადარდებს... ერთი შესანიშნავი სანახაობა მელის წინ! * * * ვაჰ, თუ ასეთი ცნობილი სააგენტო იყო, მე რატომ არ ვიცოდი? შესასვლელთან ორი დაცვა დგას. ეზოში უამრავი ავტომობილი. ალბათ თანამშრომლების კუთვნილებაა და თუ თანამშრომლების კუთილებაა, ესე იგი მაღალი ხელფასი აქვთ, მაქანის ყიდვა რომ შეძლეს. აი, ეს ვერცხლისფერი ჯიპი იოანეს ეკუთვნის. მასაც მივაყენებდი ზიანს, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. კომპანიაში შევდივარ და შესასვლელში მჯდომ ქალს ღიმილით ვუახლოვდები. –ბატონ იოანეს ვეძებ... –იოანე ანთაური ხომ?–აკონკრეტებს ის. –დიახ, ანთაური! ხევსური!–თვალს ვუპაჭუნებ მას. –სამწუხაროდ ახლა არ სცალია. რამდენიმე წუთში პრეზენტაცია უნდა წარადგინოს. –რომ დავესწრო...–ტუჩს ვიკვნეტ. რომ კი არა, აუცილებლად უნდა დავესწრო! –არა, ეს შეუძლებელია! ფანჯრიდან თუ შეხედავთ და ესეც რა თქმა უნდა შეუძლებელია!–ეცინება ქალს. მე კი მისი სიტყვები ჭკუაში მიჯდება და გარეთ გავდივარ. ცოტა ხანში ისევ უკან ვბრუნდები. რაღაცის კითხვა დამავიწყდა. –და რომელ სართულზე აქვს პრეზენტაცია? რომელ ოთახში? რომ გამოვა, უნდა დავხვდე.–ჩემი ღიმილი აშკარად მშველის. ქალიც ღიმილითვე მპასუხობს და მეუბნება: –მეორე სართული, მარჯვენა მხარეს, მეორე ოთახი.–მიხსნის ის და მეც რამდენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები ჩემს მიზანს. მეორე სართულზე ასვლა რთული არ უნდა იყოს. ამ ''წკაპუნებს'' თუ გავიხდი, კედლის ოდნავ წინ გამოწეულ ადგილებზე ფეხის დადგმა არ გამიჭირდება. მთავარია დაცვამ ვერ შემამჩნიოს. ამისთვის კი გეგმა ''დ''–ა საჭირო. შენობას მეორე მხრიდან ვუვლი და დაცვის ბიჭებთან სულ ახლოს ვკივი: –მიშველეეთ! ჩანთა წამართვეს!–თავი ჩახრილი მაქვს, რომ ვერ დამიმახსოვრონ. იქვე ვიღაც მამაკაცი გარბის და სამწუხაროდ მისთვის მიწევს გადაბრალება.–აი, იმან წამართვა! იმან! ბიჭები კისრისტეხით გარბიან, მე კი ძვლივსძვლივობით მივძვრები კედელზე. კედლის წინ გაშენებული ხეები მშველიან და შესამჩნევი არ ვარ. როგორც იქნა იმ ფანჯარას ვწვდები, სადაც პრეზენტაცია ტარდება. ჟალუზი სულ ოდნავაა ჩამოფარებული, რაც იოანესა და მაგიდასთან მსხდომების დანახვაში ხელს არ მიშლის. მართალია საუბარი არ მესმის, თუმცა სახის მიმიკებით მაინც მივხვდები, რა ემოციას გამოიწვევს ჩემი საყვერელი მულტფილმის და იოანეს წამოწყებული თამაშის ფოტო დამსწრეებში. იოანე სლაიდ–შოუს რთავს და უკან იხევს. სწორედ ამიტომ ვერ ხედავს ერთმანეთში ათქვეფილ ფოტოებს. წინ მსხდომებს სახე ეღრიცებათ. აშკარად კარგად აქვს იოანეს დალაგებული აზრები და კარგ რეკლამასაც სთავაზობს მათ, მაგრამ ეს შოუ რომ სულ სხვა რაღაცაზე მეტყველებს? ოოო, რა იციან, რომ მათგან რამდენიმე ნაბიჯში მე ვდგავარ და ბოროტულად ვფხუკუნებ. შურისძიების დრო დადგა, ჩემო აისბერგო! მაინტერესებს დამსწრეების რეაქციაც არ დაგადნობს თუ ესეც არ გადარდებს... ვნახოთ, ვნახოთ! და ბოლო ფოტო! სიცილს ვერავინ ვერ იკავებს. ამ სერიოზული ხალხის ასეთი ქცევა აოცებს ანთაურს. შეცდომით არაფერი უთქვამს და აბა, ვის, რას დასცინიან? შემთხვევით სლაიდ–შოუს ჰკრავს თვალს და შეშდება. წითლდება... ლურჯდება... მწვანდება... აშკარად ნანობს გუშინ კარადაში შემძვრალი რომ მნახა და უვნებლად გამიშვა. რაღაცას ამბობს... ალბათ ბოდიშს იხდის ამ ხარვეზისთვის. სხვა შოუ ნამდვილად არ ეგულება, ამიტომ პრეზენტაცია იშლება. ესეც ასე! მთლად ასეთი უეშმაკო და მიამიტი კი არ ვარ! მგონი უკვე იოანეც დარწმუნდა ამაში. სიხარულისგან ცეკვას ვიწყებ და წონასწორობას ვკარგავ. ფეხი მიცდება და რომ არა ჩემი გრძელი ხელები, ნამდვილად ჩავვარდებოდი. ჩემი წივილ–კივილის ხმა ოთახშიც აღწევს. მე ხომ ხელი ფანჯრის სახელურზე მაქვს ჩაჭიდული. ხოდა იოანე სწორედ ამ ფანჯარას აღებს და მე დაბლა მთელი სიჩქარით ვეშვები... ჩემი ყვირილის ექო ჩიტებსაც აფრთხობს... არა, რად მინდოდა ასეთი გამარჯვება?! ^^^ ტარამ, ტარაამ! ჩემო თბილო მკითხველებო, აი, ასეთი სახალისო თავით შემოგიერთდით მე, მაშიკო და იოანე! მე თქვენს შეფასებებს ველი, თქვენ კი დასასრულს ელოდეთ... დასასრულს, რომელიც ჩვენი პერსონაჟების ბედს საბოლოოდ გადაწყვეტს! თქვენი სოფო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.