მთვარის ბნელი მხარე - I თავი
-ნიცა, არ აპირებ ადგომას?- ოთახში დედა შემოვიდა. ცუდია რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მესმის და ვერ ვხედავ. -ვდგები დე,- ვუთხარი და ფეხებით ოდნავ შევეხე თბილ იატაკს. დედა მოვიდა ჩემთან და ჩამაცვა ფეხზე,- არ გინდა დე,- მაშინვე გავწითლდი. -ნუ სულელობ ნიცა,- მაკოცა თავზე წამომდგარმა დედამ,- აბაზანაში შედი და მალე ჩამოდი საუზმეზე. დღეს მამაც ჩვენთან ერთად ისაუზმებს. -მართლა?- გამიხარდა და უცებ წამოვდექი. აბაზანამდე 14 ნაბიჯია. დუშამდე 6. ვიბანავე და გამოვედი აბაზანის ხალათით. უკან საწოლამდე ისევ 14 ნაბიჯი. ჩავიცვი დედიკოს გამზადებული კაბა და 5 ნაბიჯში კარამდე მივედი. 8 ნაბიჯი კიბემდე და 12 კიბე. მაგიდამდე 9 ნაბიჯი. ესაა ჩემი ცხოვრება. დათვლილი ნაბიჯები, ჯოხი და არავითარი დამოუკიდებლობა. მე ტვირთი ვარ მშობლებისთვის და გამოუსადეგარი საზოგადოებისათვის. 8 წლის ასაკში ტვინის სიმსივნე დამიდგინეს. მას ვაჯობე, მაგრამ სამაგიერო გადამიხადა ავადმყოფობამ და მხედველობა წამართვა. დედას დღემდე ეშინია რეციდივის, მაგრამ უკვე 19 წლის გავხდი და ჯერ არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამ რთული ყოფისა და ჩემი პესიმისტური აზრებისა, სიცოცხლე ყოველთვის მინდოდა. მიყვარდა სიცოცხლე, დილის სიგრილე, ღამის სიჩუმე, ზამთრის სუსხი, გაზაფხულის სურნელი, ზაფხულის სიცხე და შემოდგომის წვიმები. მშობლებთან ერთად ვისაუზმე და მერე დედასთან ერთად სპეციალიზირებულ სკოლაში წავედი. იქ ყველა ბავშვი მე მგავს, ამიტომ ძალიან ადვილია ყოფა. ვკითხულობთ წიგნებს, ვარჩევთ წაკითხულ მასალებს და ვთამაშობთ. ჩვენნაირებსაც აქვთ თავიანთი თამაშები, ნუ გაიკვირვებთ. ჩვენც ისეთები ვართ, როგორიც თქვენ, უბრალოდ ნაკლებს ვხედავთ, მაგრამ მეტს ვგრძნობთ. სკოლაში მიმავალი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღე რომელიც ასე მშვიდად დაიწყო, ჩემს მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლაში შესულს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაცნობა, რომ დირექტორი მეძებდა. როგორც აღმოჩნდა ჩვენი მასწავლებელი გაციებულა და მე მთხოვეს გაკვეთილის ჩატარება, რადგან კლასში ყველაზე უფროსი ვიყავი. 2 საათი ვკითხულობდით და ვსაუბრობდით, ამასობაში უმეტესობას მშობლებმა ან უბრალოდ მზრუნველებმა მოიკითხეს, მხოლოდ დედაჩემს ვერ დაუკავშირდნენ. ეს ყველაფერი უცნაური იყო. დედა ტელეფონს არასოდეს რთავდა. -ნონა მას, ჩემით წავალ,- ვუთხარი დირექტორს. -არც იფიქრო,- მითხრა მკაცრად. -ნონა მას, სულ 20 წუთის სავალზეა ჩემი სახლი. გზა არ მაქვს გადასაჭრელი. თან მე და დედა სულ ფეხით დავდივართ, გზა კარგად ვიცი,- ვუთხარი მტკიცე ხმით. ეს ჩემი ერთადერთი შანსი იყო დამოუკიდებლად გამეკეთებინა რაღაც. -დარწმუნებული ხარ?- მკითხა ეჭვით ქალმა. -ნუთუ სულ არ დავიმსახურე ნდობა, მას?- დავბერე ტუჩები. -კარგი, კარგი,- მის ხმაში უკვე ღიმილი ისმოდა. არის! ჩემით წავალ სახლში. მადლობა დედიკო ტელეფონის გათიშვისთვის. დირექტორმა გამიყვანა გარეთ და მიმართულება მომცა. მე ჯოხი მოვიმარჯვე და გზას გავუდექი. რამდენიმე წუთი ვგრძნობდი ქალის გამჭოლ მზერას, მერე კი მოვდუნდი. ისიც სავარაუდოდ შებრუნდა სკოლაში. შეგნებულად ნელა მივდიოდი. მომწონდა თავისუფლების შეგრძნება. საბედნიეროდ არავინ დამჯახებია, არც გეზი შემიცვლია. უეცრად რაღაც სველი ვიგრძენი ლოყაზე. კიდევ. და კიდევ. აი ეს კარგი არ იყო, წვიმა დაიწყო. რამდენიმე წუთში კი ისე დასცხო, თითქოს ონკანიდან მთელი ძალით მოუშვეს წყალიო. ერთიანად გავილუმპე. რამდენჯერმე დამეჯახნენ და ორიენტაცია დავკარგე. ამ ბოლო შეჯახება ფატალური აღმოჩნდა და წავიქეცი. -თვალებში ვერ იყურები, რას გაშტერდი ერთ ადგილას,- გავიგე კაცის ბოხი ხმა. -უკაცრავად,- ჩავიბუტბუტე მე და წამოდგომა ვცადე. სველ ასფალტზე და უსინათლოდ ადგომა შეუძლებელი იყო. მე ხომ ხელს ვერაფერს ვკიდებდი. უეცრად ვიღაც ჩაიმუხლა ჩემს წინ. -შენ რა... ბრმა ხარ?- ამ სიტყვებზე გამეცინა. უტაქტო. -კი. ბრმა ვარ,- შევცინე ირონიულად. ალბათ მიხვდა, რომ გულზე მომხვდა მისი სიტყვები და რამდენიმე წამი გაჩუმდა, მერე კი ერთი ხელის მოსმით წამომაყენა. -მადლობა,- ვუთხარი ხმამაღლა, რადგან ასეთ წვიმაში ძნელი იყო ამის გარჩევა. -სად ცხოვრობ?- მკითხა იგივე ბოხმა ხმამ. ანუ მას შევეჯახე. -მნიშვნელობა არ აქვს,- ვუთხარი და ხელი ავიქნიე. -სად?- მითხრა ისეთი ტონით, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ის გაღიზიანებული იყო. გაბრაზებული... ამას კარგად ვგრძნობდი, რადგან ხელს იმაზე მეტად მიჭერდა, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. -ორი გადასასვლელის მერე, პირველივე სახლში. -შენ რა...- რატომღაც ხმა ჩაუწყდა,- მამუკა გასვიანის გოგო ხარ? -თქვენ რა, იცნობთ მამას?- ვკითხე გაოცებულმა. რატომღაც ხელზე კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი. -აიჰ,- შევყვირე და ხელის წართმევა ვცადე. -ბოდიში,- მითხრა გულწრფელად,- წავიდეთ?- მაიძულა გავყოლოდი მას. -დიახ,- ვუთხარი და ვცადე ნაბიჯი ამეწყო მისთვის,- არ გითქვამთ მამას საიდან იცნობთ,- ვცადე წვიმის ხმის გადაფარვა. -არ ვიცნობ,- მითხრა ხმამაღლა,- უბრალოდ გამიგია,- ისევ დაიძაბა მთელი სხეულით. მამაჩემი ექიმია, ამიტომ შეიძლება ვინმე მისი ახლობელი ვერ გადაარჩინა... აბა სხვა რა უნდა მომხდარიყო? მამა ხომ ასეთი კეთილია, თბილი და ყურადღებიანი. ჩემი მამიკო... -რას უღიმი?- გავიგე ბოხი ხმა. ვიღიმი? ალბათ. არ მიკვირს. მამა ჩემი გმირია. -ისე,- ვუთხარი და თავი ავწიე. წვიმა სახეში მცემდა და ვგრძნობდი როგორ ვცოცხლდებოდი შიგნიდან. თითქოს უდაბნოში მიტოვებული და მერე ოაზისში გადარგული ყვავილი. -მალე მივალთ,- მითხრა და უეცრად ძლიერად დამქაჩა. ლამის წავიქეცი, მაგრამ მისმა ძლიერმა ხელებმა დამიჭირეს. შოკისგან გამოფხიზლებულმა კი გავიგე სასწრაფო დახმარების, სახანძროს და პოლიციის მანქანების სირენები. თავიდან შევკრთი, მერე კი... -მამა... დედა,- ვიყვირე და ვცადე ხელიდან გავსხლტომოდი მოულოდნელ ნაცნობს, მაგრამ მან ძლიერად მიმიხუტა,- გამიშვი!- ვკიოდი მთელს ხმაზე, მაგრამ მას არც უფიქრია ჩემი გაშვება, პირიქით, უფრო ძლიერად მიმიხუტა. -გაიგეთ? დაიღუპნენო,- გავიგე ჩვენს გვერდით გაჩერებული ქალის ხმა. არა! შეუძლებელია! -ვინ?- მივბრუნდი იქით, საიდანაც ხმა მომესმა. რამდენიმე წამი სიჩუმე, მერე კი პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მომენტალურად თავდაყირა დააყენა. -ექიმი და მისი ოჯახის წევრები. მგონი მათი უსინათლო ქალიშვილიცო, ასე თქვეს... კიდევ რაღაცას იძახდა, მაგრამ უცნობმა ხელში ამიყვანა და სწრაფად მოშორდა იმ ადგილს. გული გამალებით უცემდა, მე კი თავი მხარზე დავადევი და გავითიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.