წერტილი [1]
"კატია" -ის ბიჭი, კუთხეში, მაგიდასთან .. აქ პირველადაა? - ყვავილებიანი სარაფნით შემოფარფატებული ქერა სკამზე მთელი სხეულით დაესვენა და ორივე ხელი ბარის "სტოიკას" ჩამოადო. ნათელი, მომღიმარი სახე კიდევ უფრო განათებოდა. იღიმოდა მთელი გულით და მთელი სულით. -კარგად, კატო, შენ? - მისმა გულუბრყვილობამ გააღიმა ბარმენი. -მეც კარგად, - გაუცინა მანაც, - მითხარი, რა.. -რამდენიმე დღეა შემოდის. -აქამდე აქ არასდროს მინახავს. - ისევ მას უყურებდა კატო. ტუჩის კუთხეებში ყურებამდე აეტანა და პირი ეხეოდა ღიმილისგან. -სხვაგან, გინახავს? -არსად. - თვალს ცოცხალი თავით არ აშორებდა ქერა, - რომ მენახა, არ მგონია, დამვიწყებოდა. -მიდი, დაელაპარაკე. - წააქეზა ბარმენმა. -შენ ელაპარაკები ხოლმე? -არა, - თავი გააქნია მან, - მე აქ სამუშაოდ ვარ კატო, ხალხთან სასაუბროდ კი არა. თან, მგონი ცოტა მკაცრია. -მუდოა? - მოიღუშა ქერა. -არ ვიცი, რამდენჯერმე ბიჭებთან ერთად ვნახე და მგონი, მშვენივრად ერთობოდა, - კატოს მოთხოვნილებები ბოლომდე დააკმაყოფილა მან, - მაგრამ ძირითადად მარტო მოდის და სულ იმ მაგიდასთან ჯდება. მგონი ძალიან მოგეწონა, ხო? -უბრალოდ მაინტერესებს. - არ დანებდა ქერა, - სახელს გამიგებ? -უბრალოდ გაინტერესებს, ხო? -ძალიან მაგარი ბიჭი როა, რა ჩემი ბრალია? - ეცინებოდა კატოს, - მე კიდევ გემოვნებიანი გოგო ვარ. რა პრობლემაა? -კატო, კატო ... - თავი გააქნია ბარმენმა. ასეთი იყო "ქერა". ძალიან თამამი, გულახდილი, ემოციური, მხიარული, თბილი და ბუნებრივი. ანგელოზი იყო კატო. არაფერს მალავდა. თუ ვინმე მოსწონდა, მოსწონდა და მორჩა ... რა იყო ამაში სასირცხვილო, ან დასამალი? და თუ ვინმე სიმპათური გამოჩნდებოდა ამ ქალაქში, რატომ არ უნდა მოსწონებოდა? შუშის კარს გახედა კატომ, სწრაფად რომ გაიღო და ბარში ნაცნობი სახე შემოვიდა. -ეს გოგო აქ ისევ დადის? - ძალიან მაღალ, მოხდენილ სხეულს თვალი ბოლომდე გააყოლა ქერამ. -სულ. ოღონდ დადის არა, კატუს, შემორბის და გარბის. -ლიზა, არა?! - კოპები შეკრა კატომ, - მე რატომ ვეღარ ვხედავ ხოლმე? -იმიტომ, რომ შენ აქაურობისთვის მხოლოდ საღამოობით იცლი, - უსაყვედურა ბარმენმა, - ის შუადღით შემოდის, სადილობს და ისევ სადღაც მიდის. -ლამაზია, არა? -გემოვნებიანი ხარ, კატო ... - უღიმოდა ბარმენი. კლიენტები ჯერ არ ჰყავდა, ამიტომ ჰქონდა დრო მთელ მსოფლიოში ყველაზე მხიარულ, ცანცარა და საყვარელ გოგოსთან სალაპარაკოდ. -დიახაც, გემოვნებიანი ვარ. - გაიჯგიმა ქერა. -ძალიან ლამაზია, - თავი გააქნია ბარმენმა, - მაგრამ ხასიათში ის რაღაცებიც აქვს, სილამაზეს რომ მოსდევს ხოლმე თან. - ლიზას გახედა მან. ამოჩემებულ მაგიდასთა იჯდა. გვერდით ისევ მიეგდო სპორტული ჩანთა და ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის. -მაინც როგორია? - არ ცხრებოდა ქერა. -კატო, მოიცალე? -მითხარი, რა ... - აწუწუნდა ის, - მაინტერესებს. -არ ვიცი, კატუს, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, - იმას კითხე, ვინც იცნობს. -ზოგჯერ ადამიანებზე იმათ უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, ვინც მათ არ იცნობს! - რაღაც "მოჩორტა" ქერამ და საკუთარ სიტყვებზე გაეცინა. -ნუ ფილოსოფოსობ! -მართლა! - არ დანებდა ის. -კარგი, - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ბიჭმა, - სერიოზულია. ცოტა უცნაურიც. ან ძალიან კარგ ხასიათზეა, ან ძალიან ცუდზე ... ზოგჯერ მგონია, რომ თავს იტანჯავს. რაღაცნაირია, ისეთი, თითქოს დედამიწაზე მისნაირი მხოლოდ თვითონ იყოს. მოკლედ, კატუს, ისეთი გოგოა, რომ დაგაინტერესდება, რა ... -შენ, გაინტერესებს? -ყველას აინტერესებს. -მაინც, რა გაინტერესებს? - არ მოეშვა კატო. -მაინტერესებს ყველა შემოსვლაზე რატომ უყურებს მენიუს ასე დაჟინებით, თუ მაინც სულ ერთსა და იმავე შეკვეთას იძლევა. რატომ ითხოვს ჩაის ერთი და იგივე ჭიქით. მაინტერესებს, როგორ შეუძლია, რომ ამდენი ადამიანის მზერა არაფრად ჩააგდოს და არც კი გაიპრანჭოს. მაინტერესებს რაზე ფიქრობს, რა აწუხებს, როგორ ცხოვრობს, რატომ დააქვს ყოველთვის სპორტული ჩანთა. როგორ შეუძლია ზოგჯერ ასეთი მშვიდი იყოს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავებული. მაინტერესებს, რატომ ბრაზობს ასე ხშირად ... და კიდევ, მაინტერესებს რატომ ეშინია სიახლეების. -მაგარია! - გულწრფელად აღფრთოვანდა ქერა, - კარგია, როცა ადამიანს შეგიძლია სხვები ასე დააინტერესო. იმ ბიჭის სახელი, წეღან ზუსტად ამიტომ გკითხე. ხომ არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზის და რაღაცას სვამს ... მაგრამ ძალიან სხვანაირია. საინტერესო. კარგია, როცა შეგიძლია სხვები შენი სილამაზით მარტო კი არ მოხიბლო, დააინტერესო კიდეც. ბარმენმა გაუღიმა. ძალიან გულწრფელი იყო იმ წამს კატო. -შენი აზრით, მე საინტერესო ვარ? - არ ცხრებოდა ქერა. -შენ გამჭვირვალე ხარ, კატო. ყველა ემოცია სახეზე გაწერია. თბილი ხარ და ძალიან ლაღი. ადამიანს ფიქრი არ დასჭირდება იმის გასაგებად, რას გრძნობ ან რას განიცდი. შენ ვერავინ შეგიძულებს. შენ მხოლოდ ის შეგიძლია, რომ ხალხს სიკეთე მოუტანო და გააბედნიერო. - წამით ჩაფიქრდა ბარმენი, - აი ასეთ საინტერესო ადამიანებს, - ჯერ ლიზასკენ მიანიშნა ქერას, მერე კი იმ ბიჭისკენ, ასეთი აღფრთოვანება რომ დაიმსახურა და ჯერ ისევ ვერ მოეცილებინა მისთვის თვალი ქერას, - აი, ეგეთებს ... სხვა თვისებებიც აქვთ. მათ ან უგებ, ან ვერა. შუალედი არ არსებობს. ისინი ან უკიდურესად გიყვარს, ან გძულს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, მაგრამ თან ძალიან, ძალიან რთული. ან ყველაზე თავდაჭერილები არიან, ან აფრენენ. შუალედი არ აქვთ. კატო დაფიქრდა. ცოტა ხანს იფიქრა ... შუბლს ხან ჭმუხნიდა, ხან ხსნიდა და იღიმოდა. ძალიან სასაცილო იყო და ისევ ძალიან, ძალიან გამჭვირვალე. -ერთმანეთს მოუხდებიან, არა? - ისევ მათ უყურებდა ქერა. -არა. -რატომ? - პასუხი ეუცხოვა კატოს, აშკარად ვერ გაიგო და კოპები შეკრა, - ორი საინტერესო, ცოტა რთული, თავისებური, მიმზიდველი ადამიანი ერთად რა, ცუდია? - გაოცდა ის. -რთულ ადამიანებს ერთმანეთისთვის სირთულის გარდა არაფერი მოაქვთ, კატუს. - გაუღიმა ქერას, - რთულ ადამიანებს გვერდით ისეთი მარტივები სჭირდებათ, ყველაფერს ვარდისფერ ფერებში რომ დაანახებენ და ფიქრებს შეულამაზებენ. იცი რა, კატო? ორი თავისებური და ცოტა უცნაური ადამიანის სიყვარულზე ძლიერი შეიძლება ქვეყნად არაფერი იყოს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მივლენ იმ დონემდე, რომ ზუსტად ამ სიყვარულით გაანადგურებენ ერთმანეთს. ეგეთ love storyს კარგი ბოლო არ ექნება, დაიმახსოვრე ეს, კატო. -მე კი მგონია, რომ არაჩვეულებრივი თბილისური love story გამოვიდოდა. ხომ არსებობენ ფილმები, რომლებსაც დადასრული ცუდი აქვთ, მაგრამ მაინც მილიონჯერ გვაქვს ნანახი? თან, მე სადღაც წამიკითხავს, რომ თუ ორი ადამიანი სულიერად ერთმანეთს ძალიან არ ჰგავს, მაშინ ასეთი სიყვარული ვერასდროს იქნება სამუდამო. - საკუთარ პოზიციას არ თმობდა ქერა. ეს ორი ერთად ძალიან მოსწონდა და რა ექნა .. წინააღმდეგობის გასაწევად სულ მზად იყო. თითქოს ახლა წყვეტდა მათ ბედს და თითქოს სულ მის სიტყვებზე იყო დამოკიდებული, იქნებოდა თუ არა ორი სრულიად უცნობი ადამიანი ერთად. -ეგ არ დაიჯერო, კატუს. უცნაური ადამიანების სიყვარულიც ზუსტად სეთი უცნაურია, როგორებიც თვითონვე არიან. საერთოდ, ყველაფერი ძალიან თავისებური იციან. და ეგ "რთული" სიყვარული იმდენად მომთხოვნია, იმდენად ეგოისტურია, იმდენად ძლიერია, რომ საბოლოოდ აუცილებლად ნადგურდება ვიღაც. კატო გაჩუმდა. თავი ჩაქინდრა. აღარ იცოდა, როგორ გაეწინა წინააღმდეგობა. მისი სიტყვები რეალობასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რა ექნა, ეს წყვილი ისევ ძველებურად მოსწონდა. ერთი ბარის ერთ კუთხეში იჯდა, მეორე მეორეში. რაღაცნაირად სხვანაირები იყვნენ. უცხოები. თვალები სევდიანი ჰქონდათ ... პირველად, ორივეს ხელებზე დახედა კატომ. ასე იცოდა. რაც არ უნდა სასაცილო ყოფილიყო, სულ ხელების მიხედვით აწყვილებდა ადამიანებს. მათაც დაკვირვებით მიაჩერდა და გრძელი, ნატიფი, თლილი თითების დანახვისას, თავი ნიშნის მოგებით გააქნია, ბარმენს ენა გამოუყო და თითქოს "მე გავიმარჯვეო", ამაყმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -ბანანის წვენი, თუ შეიძლება. - ბარს ვიღაც მიუახლოვდა და ორივე სწრაფად გამოერკვა ფიქრებიდან. -რა თქმა უნდა, - გაუღიმა ბარმენმა, კატოს ჩაუკრა თვალი და საქმე გააგრძელა. "ფროიდისეული ტრაგედიები" თურმე ფროიდი ფიქრობდა, რომ ყველა უბედურების სათავე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ადამიანის სულის საიდუმლო ბავშვური ფსიქოლოგიური დრამების სიღრმეში იმალება და თუ ამ დრამებისთვის მიგნებას შევძლებთ, შევძლებთ განკურნებასაც. განკურნება კი ყველას გვჭირდება, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ავადმყოფები ვართ. არც აქედან მოსჩანდა რამე ისეთი, ბავშვურ სიღრმეებში ჩაწვდომის საშუალებს რომ მისცემდა. განკურნება კი უდაოდ სჭირდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვეულებრივზე ცოტა მეტად აფრენდა. არაფერი ახსენდებოდა გარდა იმ ანძისა, რომელსაც ალბათ მხოლოდ იმიტომ ცნობდა, რომ ფოტოებში ჰქონდა ნანახი. სხვა სულ არაფერი. არც-ერთი ქუჩა, არც-ერთი სახლი და არც-ერთი სკვერი. ის ხალხიც კი არ ახსოვდა, გვერდით, ოთახში რომ ისხდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ... როგორც ჩანს, ბევრ რამეს იხსენებდნენ, მოსაყოლიც ბევრი ჰქონდათ. სასიამოვნოც და უსიამოვნოც. ღმერთო, ხომ შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ქუჩა ... ან, მხოლოდ ერთი სკვერი ამოტივტივებოდა გონებაში. ალბათ, აქაურო ცხოვრების დავიწყებას იმდენად ცდილობდა, რომ მოახერხა. და მაინც, ყოველთვის გამოგვდის ხოლმე ადამიანებს ის, რაც გულით გვინდა. ხის ტაბურეტზე იჯდა, 22-23 წლის, შავგვრემანი ბიჭი. მხრებში მოხრილი და რაღაცნაირად სევდიანი. ფეხები გადაეჯვარედინებინა და იდაყვები მუხლებზე ჩამოედო. ნატიფი თითებით სიგარეტის კოლოფს ატრიალებდა... თვალები ძალიან ღრმა ჰქონდა ... ცოტა წყლიანი და ცოტაც - სევდიანი. -ცხელი გლიტვეინი, ხომ ორივეს გინდათ? - ოთახიდან ესმოდა მხიარული შეძახილები. რაღაც თბილი, მეგობრული და ძალიან მონატრებული. -ჯერ ისევ არ მჯერა, რომ სამივე აქ ვართ. - შეფაკლული სახიდან ხელები მოიცილა ქალმა და მეგობრები შეათვალიერა. თითქოს მათი თითოეული ნაკვთის კიდევ უფრო ზუსტად დამახსოვრებას ცდილობსო. -დაიჯერე, ელა, - გაუღიმა მანჩომ და ჭიქები მაგიდისკენ გამოაქანა, - ახლა დაიწყე და ყველაფერი მოგვიყევი, რაც კი ამ 12 წლის განმავლობაში ხდებოდა. -12 წლის განმავლობაში ბევრი რამ ხდებოდა, - თვალი ჩაუკრა ელამ, - მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოსაყოლი თქვენ უფრო მეტი გაქვთ. -ძალიან ტყუილად გგონია. - ეცინებოდა მანჩოს. -ამას თავ-პირი რომ ჩამოსტირის, ამ ყველაფერს რა ახსნა მოვუძებნო? - რუსოს გახედა ელამ. სულ უყურებდა და სულ ცდილობდა გამოეცნო, რა შეიცვალა ამ ქალში ისეთი, რომ მისი ცნობაც კი უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ძველებურად ლამაზი იყო რუსუდანი. შეიძლება უფრო ლამაზიც კი ... -დღეს ჩამოხვედი და მოდი, თავიდანვე ცუდი ამბებით ნუ დავიწყებთ, კარგი? - ყავა მოსვა რუსომ. -სასიამოვნო რამეების მოსაყოლად დრო სულ გვექნება, არსად წასვლას არ ვაპირებ, - არ დანებდა ელა, - მე ის მაინტერესებს, ასე რა გაწუხებთ... ერთსაც და მეორესაც. -ნუ ხარ ჯიუტი! - თვალები გადაატრიალა მანჩომ, ძალიან არ უნდოდა ახლა თავისი დისა და დიშვილის საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი. -ღმერთო, ხმა ვერ ამოგაღებინეთ და ამის მერე, ისევ მე ვარ ჯიუტი? - გაოცდა ის, - გოგოებო, თქვენ მაინც მომიყევით, დედათქვენებს რა "სენი შეჰყრიათ". - წარმოთქვა თეატრალურად და მეგობრების შვილები კიდევ ერთხელ შეათვალიერა. ისე გაზრდილიყვნენ, ქუჩაში ალბათ ვერცერთს ვეღარ იცნობდა. ნაზები იყვნენ, სიფრიფანები და თბილები. ანათებდნენ. -ერთმანეთს ძალიან ემსგავსებით, - თმაზე წაეთამაშა ელა გოგონებს, - უნივერსიტეტში რა ხდება, ხომ მოგწონთ? -ძალიან კარგი სიტუაციაა, - გაუღიმა მეამ. ეს ქალი ჯერ კიდევ ვერ გაეხსენებინა ისე კარგად, რომ მასთან გახსნილიყო და თამამად ესაუბრა, - ლექტორებიც და კურსიც არაჩვეულებრივი გვყავს. -ძალიან კარგი. - გულწრფელად იღიმოდა ელა. მართლა აღარ იცოდა რაზე ესაუბრა, იმდენად ენატრებოდა ეს გოგოები... - მაგრამ იმას მაინც არ მეუბნებით, რა სჭირთ დედათქვენებს, ხომ? -ლიზა სჭირთ. - სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა მეამ და დისგან მუჯლუგუნი მიიღო. შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც შესამჩნევი... ელას რაღაცამ მწარედ გაჰკენწლა. 7 წლის იყო რუსუდანის პატარა, შავგვრემანი ლიზა ... ელამ შვილებთან ერთად ქვეყანა რომ დატოვა და აქაურობისგან ძალიან, ძალიან შორსაც გაიყოლა მასზე წუხილი. ლიზა სულ ადარდებდა, სულ ნერვიულობდა, სულ შფოთავდა. ძალიან უყვარდა და იმიტომ. ფოტოებში სულ ცდილობდა სადმე მის დანახვას, მაგრამ არსად იყო. საერთოდ, მას შემდეგ რაც წავიდა, თვალი არც მოუკრავს ლიზასთვის. თითქოს დედამიწიდან აორთქლდა და ძალიან მარტივად, უბრალოდ გაქრა. ფიქრი, ან კითხვის დასმაც კი არ დასცალდა, ისე შემოვიდა სახლში ვიღაც ძალიან ხმაურით. სანამ მოახერხა და თავი უკან შეაბრუნა, რუსოს მანამ აერია სახე. შესანიშნავად შეამჩნია მეგობრის წამიერად ჩასისხლიანებული თვალები და ათრთოლებული კიდურები. -აქ რას აკეთებ? - ფეხზე წამოდგა რუსუდანი. ოთახის ცენტრში იდგა ლიზა. თეორიულად იცოდა, რომ ლიზა უნდა ყოფილიყო, თორემ სხვაგან რომ ენახა, საერთოდ ვერ იცნობდა. ძალიან მაღალი იყო, მოხდენილი და ეშხიანი. თვალები ზუსტად თმისფერი ჰქონდა, ჩალისფერი, ოდნავ სევდიანი, ღრმა, მეტყველი ... თმა დაუდევრად შეეკრა კეფაზე და რა თქმა უნდა, ისევ ძალიან სპორტულად ეცვა. დახეული შარვალი, კედები და თხელი მაისური. საოცარი იყო. იღიმოდა. იღიმოდა საოცარი ცინიზმით და იმდენად დიდი ირონიით, რომ ელას შეაჟრჟოლა. -მაგარია, დედა, ნელ-ნელა წინ მიდიხარ. - ხელით მაგიდის კუთხეს დაეყრდნო ლიზა და იქაურობა მოათვალიერა, - ხედავ? უკვე აქ მოსვლაც მეკრძალება. -რა თქმა უნდა, არ გეკრძალება, უბრალოდ ვიკითხე. - ძალიან ანერვიულდა რუსუდანი. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ხმა უკანკალებდა. დაღლილი ჩანდა და .. ძალაგამოცლილი. ლიზა ისევ იღიმოდა. -რას შვრებით, გოგოებო, ერთობით? - დეიდაშვილებს გახედა მან და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. -ლიზა.. - ქვემოთ ჩაქინდრული თავი ოდნავ ასწია მეამ. -გისმენ? - გაიოცა მან:) -მოდი, ირონიის გარეშე მითხარი, აქ რატომ ხარ. - ხმა გაიმკაცრა რუსომ. ეს იყო მისთვის დამახასიათებელი, ჩვეული ტონი. მას არ ჩვეოდა არანაირი სიმხდალე, არანაირი თრთოლა , ან რაიმე მსგავსი... იქნებ საერთოდაც, მას ჰგავდა ლიზა ... დედა-შვილის საუბარი აივანზეც შესანიშნავად ისმოდა. ლიზას ჰარმონიულმა, საოცრად ხავერდოვანმა, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი ირონიით გაჟღენთილმა ხმამ პირველად რომ გააღწია აივანზე, ტაბურეტზე არაჩვეულებრივად მოკალათებულმა, „ფროიდში“ ჩაკარგულმა... ფეხები ოდნავ გაკვირვებულმა ჩამოსწია მოაჯირიდან და წამის მეასედში გამოხედა მისკენ ზურგით მდგარ ლიზას. შუშის კარიდან ყველაფერი შესანიშნავად ჩანდა, მაგრამ ამის ყურება არ მოინდომა. მხოლოდ უსმენდა. ისიც საკმარისი იყო, მისი ირონიული ხმა გაეგო და უკვე ხვდებოდა, რომ აქაც ფროიდისეულ, ბავშვობის ტრამვებს ჰქონდა ადგილი. ეს იყო ძალიან დაღლილი, უხეში და ვიღაცისგან "გაწამებული" ადამიანის ხმა. ცინიკური, მაგრამ მაინც სასიამოვნო. -პირდაპირ ვერაფერს გეტყვი, დედა, ჯერ უნდა გავერთო. - საუბარს განაგრძობდა ლიზა. ელას სახე მოერყა. ვერასდროს იფიქრებდა, ყველაფერი ამ მდგომარეობამდე თუ იქნებოდა მისული. ეს არ იყო ნორმალური , ეს სიტუაცია არაფერს არ ჰგავდა. -გინდათ, კარტი ვითამაშოთ? - ფორთოხლის წვენი დაისხა ლიზამ გამჭვირვალე ჭიქაში და ნატიფ თითებში წამის მეასედში მოიქცია. ხალხი ისევ დუმდა. -უი, არავის გინდათ? - მოჩვევებით მოიღუშა ლიზა. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი, თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც თავს არაჩვეულებრივად ართმევდა, - მაშინ მომავალს გიმკითხავებთ, არც ეს გინდათ? თქვენ ხომ გიყვართ ყველაფრის წინასწარ ცოდნა? აი, მაგალითად, დედაჩემს ძალიან უყვარს. ბავშვობაში ... -ლიზა! - ტონს საგრძნობლად აუწია რუსუდანმა. ხმა ისევ მკაცრი ჰქონდა და კანი ერთიანად დაჭიმული. -ღმერთო, მაინც რატომ არ მაცდი? - გაიოცა მან, - მერე არ მისაყვედურო, რომ ხალხთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება არ მიცდია. -დაასრულე ეს მასკარადი და მითხარი, აქ რატომ ხარ. - სახე აეწვა რუსუდან. ერთიანად წამოხურდა. -ასეთი ძნელია დაიჯეროთ, რომ უბრალოდ მომენატრეთ და შემოგიარეთ? - ისევ იღიმოდა ლიზა. და საერთოდ, წარმოუდგენელი იყო მისი გამომეტყველება იმ ცინიზმის გარეშე, რომელიც უკვე ბუნებრივად ჰქონდა გამომუშავებული, - თქვენი დიალოგები მემენატრა იმაზე, ვისი ქმარი ვისთან იწვა გუშინ ღამით. ახლა მანჩოს წამოუხურდა სხეული. ლიზას სიტყვები კონკრეტულად მისკენ იყო მიმართული. ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა, სანამ საკუთარი ნებით არ დაასრულებდა მასკარადს. -მაგრამ მგონი, მე მოვლენებს ჩამოვრჩი, - უდარდელად განაგრძო მან, - ბოლოს, აქ რომ ვიყავი, კახა პირველ ცოლთან დადიოდა. დედა, თუ რამე იქნება ახალი, ხომ იცი, პირველი მე უნდა გამაგებინო. მათი დიალოგი ისევ ისმინებოდა აივანზე და ეს ისევ იყო ფროიდისეული აფრენა. -დაასრულე! - ტვინში სისხლი ექცეოდა რუსუდანს. -არა, რატომ? - გაოცდა ლიზა, - ჯერ ახლა დავიწყე. ვერ ვხვდები, რატომ გეუხერხულებათ .. მამაჩემიც ზუსტად ასეა, საეეთოდ, დებმა ძალიან მაგარი კაცები აარჩიეთ, მე არაფერი მეთქმის, - ხელები ასწია ლიზამ და მანჩოსა და რუსუდანს ისევ ესროლა მზერა, - მამაჩემის საცოლეების გაცნობა ჩემი ჰობია. - ეს იყო ყოველგვარი კულმინაცია. ძალიან ცდილობდა ელა, რომ მომხდარი გაეაზრებინა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყბა არ ჩამოვარდნოდა. -ვისკი ხომ გაქვთ? - კოპები შეკრა ლიზამ, როცა მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არავინ გეგმავდა - ვიცი, ვისკი სულ გაქვთ. -შენ არ სვამ. - თვალებში შეაჩერდა მეა. ლიზა არ იყო კარგად. ლიზა ძალიან, ძალიან ცუდად იყო ... -ზოგადად არა, საყვარელო, მაგრამ დღეს აუცილებლად. - თვალი ჩაუკრა დეიდაშვილს. -ხვალ შეჯიბრი გაქვს, საუკუნეა ამისთვის ემზადები, - მართლა ვერაფერი გაეგო მეას, - რას დალევ, სულ გააფრინე? -და შენ ეს როდიდან განაღვლებს? -სულ მანაღვლებდა, - ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში მან და ისევ ლიზას ახედა. -განსაკუთრებით მაშინ დარდობდი, მწვრთვნელთან რომ ჩამიშვი. თვალებზე გეტყობოდა, ძალიან ცრემლიანი გქონდა და თან, ისე სევდიანად იღიმოდი... - ცინიზმი სახეზე ააფარა მამიდაშვილს. ისევ იღიმოდა, მაგრამ თითებს ისე უჭერდა ჭიქას, სულ ცოტაც და აუცილებლად შემოეფშვნებოდა ხელში. ძალიან ცუდად იყო. იმაზე ცუდად, ვიდრე შეეძლო, რომ აეტანა. -შენთვის კარგი მინდოდა! - მწყობრიდან გამოვიდა მეა .. შეამჩნია თუ არა რუსუდანმა, მაშინვე დიშვილს მიუბრუნდა. ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. საერთოდ, ლიზას გამოსვლები კარგად არასდროს მთავრდებოდა. -შეეშვი, მეა! ხომ იცი, სხვების ტანჯვით სიამოვნებას მიიღებს და წავა. - ხმა ძალიან მიმწყდარი ჰქონდა რუსუდანს. ელას ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა ჯანდაბა ხდებოდა ახლა მის თვალწინ. -არა, - გაეცინა ლიზას, - ჯერ ადრეა. ჩემი დები სად არიან? რომელიმე ხომ არ გათხოვილა? - სიცილისგან კინაღამ გადაბჟირდა, - უი, ჩემი კურსელის ძმამ შავი ფერარი იყიდა, ბედი გაგეხსნა თქო, ლილუს გააგებინეთ და ჩემგან კოცნაც გაუგზავნეთ. -ცინიკოსი ხარ. - კბილებს შორის გამოსცრა მეას. მართლა არ იცოდა, ასეთ მომენტში სხვა რა უნდა ეთქვა. ან, რა უნდა გაეკეთებინა, რომ ლიზა აქედან წასულიყო. -რატომ, მეაკო? - ძალიან საწყალი სახე მიიღო მან, - არ იდარდო, ხომ იცი, ვინმეს შენც გიპოვი. ჩემი მეგობრები ყოველთვის ძალიან მოგწონდათ. მთავარია ის მითხრა, ცხოვრების ამ ეტაპზე მანქანები უფრო გიზიდავს, თუ უზარმაზარი ბინები? – „დაფიქრდა“ ლიზა, - მაგრამ რას გეკითხები ... ორივე ერთად საუკეთესო ვარიანტია, არა მეა? შენ ნუ იდარდებ, რაღაცას უეჭველად მოგიხერხებ. -ლიზა, საბოლოოდ გაფრთხილებ, - ღრმად ჩაისუნთქა რუსუდანმა. ამდენის ატანა აღარ შეეძლო, - მდგომარეობიდან არ გამომიყვანო, აქედან ისე წადი. -დეიდაჩემის სახლიდან რომ მაგდებ, თავი რამხელა ვინმე გგონია, ხვდები? - გაეცინა ლიზას, - მე რომ მანჩოს საყვარელი დიშვილი ვარ, ეს ახალი ამბავი არ არის. არ მგონია, ჩემი აქედან წასვლა უნდოდეს. - მანჩოს უყურებდა ... უღიმოდა საოცარ ირონიით და იმხელა ზიზღი ეტეოდა ღრმა თვალებში, რომ ელა კინაღამ გაიგუდა. ყელში ბურთი გაეჩხირა. თვალს ვერ აშორებდა ... თითქოს ასე ცდილობდა გაეგო, რა დაემართა ასეთი იმ ბავშვს, რომელიც თბილისში დატოვა, - მანჩო, ხომ გინდა, რომ დავრჩე? - წვენი მოსვა ლიზამ, - რა სამწუხაროა, რომ არავის მოვნატრებივარ. მე მომენატრეთ. აქ რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, დავრჩები და ოჯახთან ერთად ტკბილ ბავშვობას გავიხსენებ მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბავშვობა არ მქონია ... და მითუმეტეს ტკბილი. -ღმერთო, - სხეული ერთიანად დაეჭიმა რუსუდანს, - ხედავ? ლიზა, ხედავ? ისევ იქ მიხვედი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო! შენ ისევ იქ ხარ! ნორმალურ მდგომარეობას ვერ უბრუნდები! -რა თქმა უნდა იქ მივედი, რუსუდან, - გაუცინა ლიზამ, - აბა რას ელოდი, გეგონა მართლა მომენატრე? შენ საერთოდ გგონია, რომ ოდესმე შეიძლება მომენატრო? რუსუდანი დადუმდა. ლიზა ახარხარდა. -ღმერთო, ანუ მართლა გეგონათ, რომ აქ თქვენმა უსაზღვრო სიყვარულმა მომიყვანა? - თეატრალურად წარმოთქვა მან და თმა ხელით შეისწორა. ამაზე უკეთესი სპექტაკლის დადგმა, თითქმის შეუძლებელიც იყო. მსგავსს სცენას, ჰოლივუდი ვერ ინატრებდა. -კარგი, იცი რა? - წამის მეასედში დასერიოზულდა ლიზა. ელა უფრო მეტად დაიძაბა, - შენთან თამაშით ძალიან დავიღალე. სად წაიღე ჩემი ჩანთა? -გადავაგდე! -ვაუ, დე, მაგარი ხარ! - ხელები გაშალა ლიზამ. -ლიზა! -დამიბრუნე ჩანთა. - თვალი თვალში გაუყარა დედამისს. სახე დაუსერიოზულდა და ნაკვთები დაეჭიმა. -ლიზა, წადი აქედან. - რუსუდანმა აღარ იცოდა რა ეთქვა ... შეუჩერებლად შეეძლო ერთი და იგივეს გამეორება, თუ ამით გაჩუმებას, ან უკეთეს შემთხვევაში წასვლას აიძულებდა. -სანამ ჩანთას არ მომცემ, ფეხს არსად გავადგამ. - ხელები გადააჯვარედინა და იდაყვი მაგიდას დააყრდნო. ისეთი ლამაზი იყო იმ წამს ... ისეთი ლამაზი ... -გადავაგდე, გესმის? - ხელები გაშალა რუსუდანმა, - ვერ დაგიბრუნებ, იმიტომ, რომ გადავაგდე! რა გაქვს ასეთი მნიშვნელოვანი იმ ჩანთაში, ლიზა ... - მწყობრიდან გამოსული ბოლო ხმაზე ყვიროდა და იმ წამს ისე ეცოდებოდა ელას, რომ შეეძლო ხმამაღლა ეტირა. ნაწილ-ნაწილ დაიშალა ქალი ... -ჩანთა დამიბრუნე, თორემ პირობას გაძლევ, აქედან ისე წავალ, თვალით ვეღარასდროს მნახავ. - კბილებს შორის გამოსცრა ლიზას. ჯერ კიდევ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას. -ახლა გხედავ? - ყვირილს არ წყვეტდა რუსუდანი, - მითხარი, ახლა გხედავ? თვალს მომკრავ თუ არა, დამგესლავ და სადღაც მიდიხარ! ამას ურთიერთობა ჰქვია? ლიზა მიპასუხე, ამას საერთოდ რამე ჰქვია? -ღმერთო, რუსუდან, რამდენს ითხოვ? - ჩაეცინა ლიზას. -ძალიან ცოტას. - ხელები ქვემოთ ჩამოყარა მან, - მხოლოდ ადამიანურ ენაზე საუბარს, ლიზა, მხოლოდ ამას. -მგონი, ორი წუთის წინ ჩემს ჩანთაზე ვსაუბრობდით, თან ძალიან ადამიანურად. -გადავაგდე მეთქი, გესმის? - ისევ აკივლდა რუსუდანი, - დედა ვარ და უფლება მაქვს, შვილი სიკვდილისგან დავიცვა! უფლება მაქვს ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, იმიტომ, რომ არ მინდა თავი მოიკლა ... იმიტომ, რომ არ მინდა ჭაობში ყელამდე ჩაეფლო და იქიდან ვეღარასდროს ამოგიყვანო! იმიტომ, რომ მინდა იცოცხლო! მინდა დიდხანს გიყურო, იმიტომ, რომ ძველი დროის დაბრუნება მინდა .... იმიტომ, რომ ყველაფერს ვნანობ და იმიტომ, რომ ჩემზე შურისძიებით საკუთარ თავს ანადგურებ. კიდევ გინდა მიზეზები? გამაგებინე, კიდევ გინდა? - ხელი ჭიქას გაკრა ქალმა და ძირს დაანარცხა, - კიდევ გეტყვი! იმიტომ, რომ აღარ მინდა განადგურებულს გიყურებდე! იმიტომ, რომ ისედაც ბევრი გადაიტანე და კიდევ იმიტომ, რომ მინდა ყველაფერი გამოვასწორო! გაჩუმდა. ხელებჩამოყრილი, სუნთქვაგახშირებული დაეშვა სკამზე და თვალები დახუჭა. რა დააშავა ასეთი, ღმერთო, რა ... -ჩემი სპორტული ჩანთა მოიპარე, - მშვიდად დაიწყო ლიზამ .. ისე, თითქოს არაც არაფერი გაუგიაო, - შეჯიბრის წინა დღეს, ჩემი ნივთები, წყლის ქუდი, სათვალე, ყველაფერი შენ გაქვს და ახლა გგონია, რომ თუ შეჯიბრზე არ გავალ, კარგად ვიქნები? მე ახლაც შესანიშნავად ვარ! შენ ხარ ცუდად ... შენ გტანჯავს შენი წარსული და შენ გაწუხებს ის, რასაც წლების განმავლობაში საყვარელ მამიკოსთან ერთად მიკეთებდი! შენ გტანჯავს საკუთარი სინდისი და ახლა, თურმე მე ვარ ცუდად ... იცი, რა?! - ხელები გაშალა ლიზამ, - მე არ ჩამიხრჩვია სიცხიანი შვილი წყალში, გესმის? მე არ წამითრევია აუზზე საკუთარი შვილი, რომელსაც ტემპერატურისგან კრუნჩხვები ჰქონდა და მერე არც ოთახში ჩამიკეტავს! რუსუდან, შენ მგონი ყველაფერი დაგავიწყდა! მე არ მიმიცია 11 წლის ბავშვისთვის სტეროიდები! მე არავინ დამიტანჯავს, საკუთარი თავის გარდა! მე არ მიმიყვანია შვილი იმ დონემდე, რომ საკუთარ შეჯიბრზე გონება დაეკარგა და საერთოდ, მე არავისთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ საკუთარ თავს ვუშავებ! მე არავის მოკვა და მითუმეტეს საკუთარი შვილის, არ მიცდია ... -ლიზა ... - ადგილიდან წამოდგა მეა. ამის ყურება აღარ შეეძლო. მთელი ორგანიზმი, თითოეული უჯრედი სტკიოდა და ახლა მის თვალში იმდენად მართალი იყო ლიზა, რომ მის დასაცავად ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა. ახლა რომ არ გაეყვანა მამიდაშვილი აქედან, ყველაფერი იმაზე ცუდად იქნებოდა, ვიდრე წარმოედგინა. რუსუდანი ფეხზე ვეღარ იდგა, მთვრალივით ირწეოდა და ღაწვებს უწვავდა ცრემლები. ელაც ტიროდა. ჩუმად, მაგრამ მაინც გასაგონად ქვითინებდა ქალი. ლიზა ღრმად სუნთქავდა ... გულისცემას ირეგულირებდა გაჭირვებით. მხოლოდ აივანზე იყო სიჩუმე ... -წამოდი, ყველაფერს მე მოგცემ, - მხარზე ხელი მოკიდა მამიდაშვილს მეამ, - მე მოგცემ ქუდს, სათვალეს და ყველაფერს, რაც დაგჭირდება. ძალიან გთხოვ, აქედან გავიდეთ, ლიზა ... -არ მჭირდება. - ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა მან, - არაფერი მჭირდება. მხოლოდ ის მინდა, რომ სანამ საკუთარი გრძნობების გამოაშკარავებას დაიწყებდე, რუსუდან, წარსული გაიხსენო და იფიქრო იმაზე, რომ ეს შენი ცხოვრება იყო და შენადვე დარჩება .. არსად გამქრალა ... ისევ ისე გაწევს მხრებზე, როგორც აქამდე ... იფიქრე იმაზე, რომ საკუთარი სისხლის სუნს ისევ ვგრძნობ ... იფიქრე იმაზე, რომ ადამიანს აღარ ვგავარ და ეს შენი ბრალია ... სულ ცოტა მაინც იფიქრე და მიხვდები, რომ არაფრის, სულ მცირედის მოთხოვნის უფლებაც კი არ გაქვს. არაფრის უფლება გაქვს, გესმის? საერთოდ არაფრის! სიკვდილისგან მაშინ დაგეცავი, შენი ხელით რომ მახრჩობდი წყალში და ვერაფერს ხვდებოდი! თუ რამის გაკეთება გინდოდა, მაშინ გაგეკეთებინა! აღარ მინდა, რომ გხედავდე, აღარც ის მინდა, რომ მელაპარაკებოდე, საერთოდ არ მინდა, რომ გიყურებდე! ოთახიდან გიჟივით გავარდა ლიზა. თვალი ვერავინ გააყოლა. რკინის კარი გაიჯახუნა და საკუთარი გრძნობებიანად, განათებულ ქუჩაზე გაუჩინარდა. ის ღამე ძალიან რთულად გადაიტანეს. რუსუდანი ადგილიდან არც დაძრულა, მთელი ღამე იმ სკამზე გაატარა, ერთ ადგილს მიშტერებულმა. ისე, თითქოს ყველანაირი გრძნობა, ემოცია გაეთიშა და ყველანაირი ფიქრი ამოეგდო გონებიდან. არც ელა წასულა სადმე. მთელი ღამის განმავლობაში გვერდით ეჯდა, სახე ჩაერგო ხელებში და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე და ფიქრობდა ძალიან ბევრს. ის ღამეც თეთრად გათენდა. ისე, რომ ადგილიდან არავინ დაძრულა. და არც აივნიდან გამოსულა ვინმე. გამარჯობა, იმედია მოგწონთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.