აღსარება (სრულად)
ღმერთო, ერთ-ერთი გზას აბნეული ცხვარი მოგმართავს თხოვნით, მუხლებზეც დავიჩოქებდი, რომ შემეძლოს. მინდა კარგად მომისმინო, შეიძლება არ ვარ იმის ღირსი, რომ მომისმინო და მაპატიო, მაგრამ გთხოვ მომისმინე მაინც. ვიცი, რაც ჩავიდინე საშინელებაა და ყოვლად ეწინააღმდეგება შენს კანონებს და ათ მცნებას. ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა სხვისთვის შესაშური. სწორ ბილიკებს ავცდი და ამას გულით ვინანიებ. იმედი მაქვს ჩაიხედავ ჩემს გულში და მიხვდები, რომ არ ვტყუი. ბევრი ცუდი საქმით მოვედი დღემდე, ბევრი ადამიანის უფლებების დარღვევითა და სიცოცხლის წართმევით გავმდიდრდი. ვაღიარებ, რომ ყოველთვის მინდოდა ძალაუფლება ჩემს ხელთ ყოფილიყო და წინ არავინ გამეშვა, მაგრამ სწორედ აქ შევცდი. ამ აზროვნებამ დამღუპა და დამაბრმავა. სისხლისმსმელ ეშმაკად ვიქეცი, რომელიც იმისთვის კლავს, რომ სიამოვნება მიიღოს. უკვე 80 წლის ვარ, მიკვირს აქამდე ცოცხალმა როგორ მოვაღწიე. მიკვირს რატომ არ შემაჩერე, ღმერთო, რატომ არ მომისწრაფე სიცოცხლე. ასე ხომ მრავალი ადამიანი გადარჩებოდა? შეგეძლო ეს გაგეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთე. არ ვიცი, რით დავიმსახურე ეს შენგან, მაგრამ არ ვიქნები უმადური და ამისთვის დიდ მადლობას გიხდი. უფალო, შენს წინაშე ცოდვილი ვდგავარ და მინდა ეს ჩემი აღსარება მიიღო, სამოთხეში მოხვედრას არ გთხოვ, ვიცი იქ ჩემი ადგილი არაა და ამაზე არც უნდა ვიოცნებო. ვერც ვიფიქრებ, რადგან ეს შეუძლებელია. მხოლოდ ის მინდა, რომ აღსარება მიიღო და მომისმინო. ამ ოთახში მხოლოდ მე და შენ ვართ და მინდა გითხრა ყველაფერი, რაც მაწუხებს. რაც არ მასვენებს და ტვინს და გონებას მთლიანად მინადგურებს, როგორც ზედმეტი ალკოჰოლი მოქმედებს ადამიანზე სწორედ ისე. ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ საწყისს, რამაც ამ გზაზე დამაყენა. ვერ ვიხსენებ რამ მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა და ავცდი გზას, რომელზეც ყოველთვის სწორად მივდიოდი. ეკლესიებში წირვებს ვესწრებოდი, აღსარებას ვაბარებდი, ვეზიარებოდი, მულმოდრეკილი ვლოცულობდი და ლოცვისას ვგრძნობდი, რომ შენ ჩემთან იყავი და მისმენდი. როცა თვალებს ვხუჭავდი, ვგრძნობდი როგორ იდექი ჩემს წინ და მისმენდი, ვგრძნობდი და ეს მახარებდა, ეს მაცოცხლებდა, ეს მასულდგმულებდა. თუმცა მოხდა ისეთი, რამ რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ამოატრიალა და დამაშორა შენს გზას, მაგრამ ეს პერიოდი ამოვარდნილი მაქვს თავიდან. შეიძლება განგებ დავივიწყე, რადგან ამას არასდროს ვიხსენებდი. მთელი პერიოდი ვცოდავდი და მოსანანიებლად ერთხელაც არ მოვსულვარ ეკლესიაში. მთელი ორმოცდაათი წელი შენს გზას ვიყავი ამცდარი, ღმერთო. ეს დიდი დროა, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ ჩემი მიმეღო და ეს სწორად მიმაჩნდა. მიმაჩნდა, რომ ცხოვრება ასე უნდა გამევლო და არა იმის მოლოდინში რას მომცემდი შენ. რა გქონდა ჩემთვის გადანახული. ამას სევდითა და ტკივილით ვიხსენებ, რადგან ჩემი გადმოსახედიდან საშინელი ცოდვებით სავსე ცხოვრება გავიარე და ახლაღა ვნანობ სიკვდილის წინ, როცა სიკვდილს დღე-დღე ველი. ადამიანი ხომ სწორედ ასეა მოწყობილი, მანამდე არ ეშინია სიკვდილის, სანამ პირისპირ არ ჩახედავს თვალებში და მასში წყვდიადს, უკუნ დაუსრულებელ სიღრმეს დაინახავს. მასში დაინახავს თავის ბოლო დღეს, მე კი ამ საწოლზე მიჯაჭვული მელის სიკვდილი და ვიცი მეტს ფეხზე ვეღარ გავივლი. ადამიანი ხომ სწორედ სიკვდილის წინ ხვდება თავის დანაშაულს ღვთის წინაშე და მაშინ ახსენდება ღმერთის ძალა, ხო სწორედ მაშინ როცა სიკვდილი უკვე კარს მოადგა და უკაკუნებს. შენ არ უღებ იქამდე, სანამ მოთმინების ძაფი არ გაუწყდება და შემოგიმტვრევს კარს. შეიძლება იმაზე შეწუხდე კარი რომ დაგიზიანა, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ ექნება. იმქვეყნად დარდს ვერ წაიღებ, მხოლოდ აუტანელი ტკივილის ატანაზე იფიქრებ და სხვა რამ არც გემახსოვრება. სხვა რამეზე ვერც იფიქრებ. არადა როგორ მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას სიკვდილის წინ მოვინანიებდი და შენც მაპატიებდი, მაგრამ ახლა ვიცი რომ ეს არ მოხდება. როცა უცნხოს თუ ჩემს ახლობელს სიცოცხლეს ვუსწრაფებდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. რა იყო იმაზე დიდებული ვიდრე სიკვდილის წინ ადამიანის თვალებში დანახული შიში. გუგები გაფართოებული და სიკვდილის მოლოდინში, როცა არ იცის როდის მორჩება მისი გაუთავებელი ტირილი და კვნესა, მაგრამ ამას მაინც აგრძელებს იქნებ თავი შევაცოდოო ფიქრობს. შეცოდბის გრძნობა გამიუცხოვდა, როგორც საყვარელი ქალი შენთვის, როცა გარკვეულ ასაკამდე მიხვალ. ეს გაუცხოება უკვე დამდგარი იყო. სიკვდილისთვის არ მებრალებოდა, რადგან ვიცოდი რომ მას უფრო დიდი განსაცდელისაგან და ტანჯვისგან ვიხსნიდი ამით. ერთი შეხედვით ჩანდა მისი მომავალი რა იქნებოდა და მას არ ვწირავდი უფრო მძიმე ტანჯვისთვის, რაც წლებს და სიბერეს მოაქვს, ასევე მის არასწორ ნაბიჯშ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს მსხვერპლის მაგივრად ვაანალიზებდი და მებრალებოდა ის ასეთი მომავლისთვის, ამიტომ არასდროს არავინ შემიბრალებია. ცხოვრება სასტიკია, არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ხარ, უკვე მოზრდილი, ცხოვრებანასწავლი ბიჭი თუ კაცი, რომელიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ცხოვრებას. იგივე ითქმის სუსტი სქესის წარმომადგენლებზეც. მისგან ბევრ ვალს ვიღებთ, ან თვითონ გვაძლევს მას და ჩვენ ისე ვიყენებთ როგორც გვინდა. ის თითოეულ დღეს გვაძლევს, რათა მივიღოთ ის, რაც მოგვესურვება და დავტკბეთ ცხოვრებით, მაგრამ არასდროს გეუბნება იმას, რომ არ გჩუქნის და სამუდამოდ არ გაძლევს ვალს. ოდესღაც მოვა ვალის დაბრუნების დრო და ყველას მოუწევს მისი გადახდა. ყველა ადამიანში სხვანაირად გამოვლინდება ეს. ზოგი სმას იწყებს იმის გამო, რომ სამსახური დაკარგა და არ იცის ცოლ-შვილი რითი არჩინოს, ზოგს უკურნებელი სენი შეეყრება და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ზოგი ავარიაში ყვება და ფეხებს კარგავს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ მოსთხოვეს ვალი, ყველამ გადაიხადა, ზოგმა სიცოცხლის ფასადაც კი. არ ვცდილობ ჩემი საქციელი გავამართლო, თუმცა მგონი ასე გამომდის. იმას ვამბობ და იმას გეუბნები როგორ ვაზროვნებდი ადრე, მაგრამ ვიცი ეს კარგად მოგეხსენება. როცა ვხედავდი, როგორ იყო დაგდებული მათხოვარი ქუჩაში და გამვლელებს სთხოვდა ფულს იმისთვის, რომ საჭმელი ეყიდა, მეცოდებოდა ასეთი ცხოვრებისთვის და ასეთი სატანჯველისთვის და მის მაგივრად, შენს მაგივრადაც მე გამომქონდა განაჩენი. ახლა მესმის, რომ ეს შენთან გატოლებას ნიშნავდა, სხვის ბედს მე ვწყვეტდი. მე ვწყვეტდი ეცოცხლა და ეტანჯა, თუ მომეკლა და სამუდამო შვება ეგრძნო. მონსტრად ვიქეცი, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო. რაღაც მიბიძგებდა უფრო მეტი ადამიანი გადამერჩინა მტანჯველი სიცოცხლისგან. რაღაც აუხსნელი რამ ხელს მკრავდა და მაგდებდა ფიქრების იმ მორევში, სადაც ხმები მხოლოდ იმის შესახებ მესმოდა როგორ უნდა მომეკლა კაცი, ბავშვი, ბიჭი, გოგო, ქალი უმტკივნეულოდ, ისე რომ ვერ ეგრძნო ვერაფერი. იმასაც ვხვდებოდი მეც გადავარდი ძალიან ღრმა ცოდვაში და ჩემი არსებობა ყველას ვნებდა, მაგრამ ეს ვერც მე შევაჩერე. ვცდილობდი ეს დამემთავრებინა ხელოვნურად, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. სახურავზეც ვიდექი, გადმოხტომას ვაპირებდი მანამ, სანამ ცრემლები არ წამსკდა და ტირილით არ ჩამოვედი ქვემოთ. შემეშინდა სიკვდილის, ვერ შევძელი. ვცადე, კიდევ ერთხელ ვცადე, როცა მიყრუებულ ადგილას იარაღი პირში ჩავიდე და წამიერად ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე. გაანალიზებული მქონდა, რომ ჩემს წინ იყო მკვლელი მანქანა, რომელსაც შეეძლო ჩემთვის შვების მოტანა და უამრავი ადამიანის სიცოცხლისგან ხსნა, მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა ჩახმახს თითი გამომეკრა. არ ვიცი რატომ ვიხსენებ ამას, რადგან თავი უფრო და უფრო მონსტრი მგონია. იარაღი ხან მარცხენა ხელში გადამქონდა, ხან მარჯვნივ, ხან პირში ჩავიდებდი და ხანაც საფეთქელთან მივიტანდი. ესეც ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე. იმის გაფიქრებაც საკმარისი იყო რა მელოდა იმ ქვეყანაში კარგი თავის მოკვლით - არაფერი, ამ მიზეზით ვერ მოვიკალი თავი. სისულელეა ეს ყველაფერი, მე მაინც განწირული ვიყავი მაგრამ ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი. ვერ ვხვდებოდი, როგორ ვიყავი ჭაობში ყელამდე ჩაფლული და სასხლეტის გამოკვრით სულ ჩავეფლობოდი, აღარ გამოჩნდებოდა აისბერგის ის საშინელი და მცირე ნაწილი, რაც ზევით არის. მე დამივიწყებდა ყველა, გადარჩებოდა უამრავი ადამიანი, ჩემს თავს კი ჯოჯოხეთის შესასვლელში მდგარი დაცვისათვის ბილეთს მოვაპოვებინებდი, რომ ბევრი წვალების და ლოდინის გარეშე შევეშვი. მომიკლავს სიყვარულის გამოც. ვინც ჩემს სიყვარულს ცუდად შეეხებოდა, ან წართმევას დამიპირებდა იმ ადამიანს დიდხანს არ ვაჩერებდი ამქვეყანაზე. ჩემი სიყვარულის ამგვარად დაცვა მართებული მეგონა, რადგან არავის აქვს უფლება შეეხოს იმ წმინდა გრძნობას, სათუთს და ლამაზ არსებას, ვისაც შემდეგ ჩემი ცოლი დაერქვა. სიყვარული უზენაესი გრძნობაა და არავის ვაძლევდი უფლებას ჩემი გრძნობები ვინმეს ფეხქვეშ გაეთელა ან აუგად მოეხსენებინა ჩემი ცოლი, თუნდაც სხვა თვალით შეეხედა მისთვის, ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა. მომიკლავს იმის გამოც, რომ სამსახურში დავეწინაურებინე და უფრო მეტი ფული მეშოვა, შეკვეთითაც ვკლავდი და კაპიტალს ვაგროვებდი. არ ვხარჯავდი, ბანკში ას მილიონზე მეტი მაქვს თუმცა მისი გამოყენება არ შემიძლია. ბედის ირონიაა არა? ჰმ. ღმერთო, ხომ ხედავ რა დღეში ვარ. ახლა ლოგინად ვარ ჩავარდნილი ჩემი ავადმყოფობების გამო და სიკვდილს ველი. სწორედ ამიტომ ვინანიებ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ სიკვდილი, რომ არა კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი სიამოვნებისთვის ხალხის ხოცვას. სიამოვნებისთვის და მათი ზრუნვისთვის, ყოველშემთხვევაში მეგონა რომ მათზე ვზრუნავდი. ეს ჩემს გონებაში იმდენად იყო ჩაბეჭდილი, რომ სხვა რამის გაგონება არც უნდოდა, მხოლოდ თავისას აკეთებდა ხელები და გონებაც ხელს უწყობდა ამას. არ აჩერებდა, რადგან სწორად მიაჩნდა. ახლა კი ერთმა დიდმა ავადმყოფობამ, სიბერემ დამრია ხელი და როცა გავაანალიზე დიდი დრო არ დამრჩენია მინდა შენთან მაინც ვიყო მართალი, უფალო, არ მინდა საკუთარი თავი მომწონდეს იმის გამო რაც ჩავიდინე, არც მომწონს. შენთან ვიყო მართალი მირჩევნია, ვიდრე საკუთარ თავთან. იმასააც ვხვდები რომ ეს ძალიან დაგვიანებულია. აქვე მახსენდება შენი სიტყვებიც: „ არასდროსაა გვიან, რომ დაბრუნდე ცხვრების სამწყსოში“, მახსენდება უძღები ძის იგავი და ვხვდები, რომ მცირეოდენი შანსი მაინც მაქვს იმისა, რომ მიმიღო. ამისთვის არ ვირჯები, მინდა რომ გელაპარაკო ჩემს ცოდვით დამძიმებულ ცხოვრებაზე და ის ლოდი მოვიშორო გულიდან, რაც დიდი ხანია მაწევს და ნელ-ნელა უფრო იზრდება და მძიმდება. ამდენის ატანას ვეღარ ვუძლებ. მჯერა შენი, ხელახლა გიწამე. თითქოს ახლიდან დავიბადე. მე ის ახალშობილი მგონია თავი, ვისაც ჯერ ცხოვრების არაფერი ესმის და მისი შთამომავლობის ცოდვები გადმოდის მასზე. მონათვლის შემდეგ კი იწმინდება, მინდა კვლავ მოვინათლო. მინდა რომ ისევ შენს ფარაში მოვხვდე, შენი მფარველობა მაკლია. შენი მზრუნველობა მაკლდა. შენი ცხვრიდან დიდმა რუხმა მგელმა წამათრია და მარტო დავრჩი იმ გაბოროტებულ სამყაროში, შენს გარეშე. ახლა ვხვდები რომ შენ მაინც ჩემთან იყავი და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გამოსალმების შემდეგ სინდისის სახით მოდიოდი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი ჩემი დაბრუნებისთვის. მე დაკარგული ვიყავი და უკან დასაბრუნებელი გზა ვერ მოვნახე, ამისთვის ვისჯები ახლა. ირგვლივ ვინც მიყვარდა ყველა ჩემზე ადრე დაიხოცა, ჩემი ცოლი კიბოთი მოკვდა ოცი წლის წინ, ჩემი ძმა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბიძაშვილები ყველა ერთი-მეორის მიყოლებით დავასაფლავე. ვერ ვხვდებოდი, ღმერთო, მაინც ვერ ვხვდებოდი, გთხოვ მაპატიე. გთხოვ... უფალო, ნუთუ ეს თეთრი სხივი შენ ხარ? ვხედავ იმ ბილიკს ვხედავ, შენსკენ მომავალს. რა დიადი ხარ, ჩემო ღმერთო, რა ძლევამოსილი. აგერ მთავარანგელოზიც გამოჩნდა, ასე ახლოს მოვიდა ჩემთან, არ მჯერა. სიზმარი მგონია, ნუთუ ეს მართალია? დიდი მადლობა, უფალო, იყოს ნება შენი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.