შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, ეს ბედისწერა 2 თავი


16-05-2016, 20:51
ავტორი taaak100
ნანახია 4 402

შაბათ დილით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნება-ნება მისეირნობდა ბათუმის ბულვარში. ასე, ოცდახუთი-ოცდარვა წლისანი თუ იქნებოდნენ. ორივე სიმპათიური გახლდათ. ერთს, შედარებით მაღალს, ძალიან თავდაჯერებული ადამიანის გამოხედვა რომ ჰქონდა, მხარზე გიტარა გადაეკიდებინა. გამვლელი გოგონები ყურადღებით აკვირდებოდნენ ბიჭებს და რომ გასცდებოდნენ, თავსაც კი აბრუნებდნენ, რომ უკეთ შეეთვალიერებინათ მათი თვალში საცემი გარეგნობა. ისინი კი არავის და არაფერს აქცევდნენ ყურადღებას, სექტემბრის ერთი მშვენიერი დილის სუფთა ჰაერს ყლაპავდნენ და ტაატით მიმავალნი ზღვის ტალღების ტყლაშუნს უგდებდნენ ყურს, თან რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.

_ მე კი ნატო დავპატიჟე და ისიც დამთანხმდა.

_ ნატო? შენ რა, გააფრინე?

_ სხვა რა გზა მქონდა? «ვინუჟდენი» ვიყავი.

_ შე ოხერო, იქ უამრავი გოგო იქნებოდა და ვიღაცას დაადგამდი თვალს, ბოლოს და ბოლოს.

_ ხომ იცი, რომ მე შენსავით არ შემიძლია.

_ ჰოდა, დროა, ისწავლო. ბიბას ამბავი არ იცი? ნახევარ ბათუმს დაპატიჟებდა. თან მაგას სუპერდაქალოჩკები ჰყავს, სულ მოდელები და ეგეთი ვინმეები. გაიჩითებოდა ვინმე. მოიცა, დიმა… გოგონი, მარაო დაგივარდათ… აი, ინებეთ… რა ლამაზი ნახატები აქვს, სად შეიძინეთ? ეგეთი მარაო არ მინახავს… ცოდოა ამის დაკარგვა… ხშირად კარგავთ? რა სამწუხაროა… გინდათ, რაღაც გირჩიოთ?..

დიმა ეშმაკური ღიმილით გადგა განზე და ძმაკაცს შორიდან დაუწყო ყურება. როგორი მოხერხებულია! რა უცებ თავის სასარგებლოდ მოატრიალებს ხოლმე სიტუაციას. იმას მარაო დაუვარდა, ნიკამ კი ამით დრო იხელთა და… აი, მგონი, ტელეფონის ნომერიც გამოართვა. კი, გამოართვა!

ნიკა გოგონებს გამოემშვიდობა და გამარჯვებულის იერით დიმას მიუახლოვდა. მისი მობილურის დისპლეიზე ჯერ კიდევ ციმციმებდა ტელეფონის ნომერი და მოკლე სახელი _ ანა. დიმამ მოწონების ნიშნად ცერა თითი გაფშიკა.

_ ხედავ, როგორ უნდა საქმის გაჩარხვა? შენ კი იმ ნატოს იქით ვერავის ხედავ, _ ჩაიცინა ნიკამ.

_ მე ის მომწონს.

_ მერე რა? დღეს ნატო მოგეწონება, ხვალ სხვა…

_ ესე იგი, თამუნასთან ერთად არ აპირებ ბიბასთან მოსვლას?

_ რომელი თამუნა? ა! თუ ძმა ხარ, რა დროს თამუნაა! მარტო ვიქნები და იქ დავითრევ ვინმეს.

_ ამ გაელვებული ქალების გამო თავბრუ არ გეხვევა ხოლმე? _ დასცინა ძმაკაცმა.

_ ასეთი რამეებისგან ნამდვილ მამაკაცს თავბრუსხვევები არ ემართება! _ ხელი ხელს შემოჰკრა ნიკამ და ორივემ სიცილით გააგრძელა გზა.

8 8 8

დიდი მუსუსი ვინმე გახლდათ ეს ნიკა. სიმპათიური, იღბლიანი, თამამი ბიჭი იუმორით და არაბანალური მიდგომით, ადვილად ახერხებდა გოგონების მოხიბვლას. მას ყველაფერში უმართლებდა _ სამსახურიდან დაწყებული, ქალებით დამთავრებული. განათლებით მუსიკოსი, ყოველთვის უპრობლემოდ შოულობდა სამუშაოს. ურთიერთობას მხოლოდ ლამაზ გოგონებთან ამჯობინებდა, თანაც წამებში შეეძლო მათი ყურადღების მიქცევა. მისთვის სულერთი იყო, სად გაიცნობდა ლამაზმანს _ ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში თუ კაფეში, ყველგან ერთნაირი წარმატებით გამოსდიოდა. «ჩავარდნა» არასდროს ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. ერთი სიტყვით, ცხვირსახოცებივით იცვლიდა პარტნიორ ქალებს. ერთ კვირაზე მეტ ხანს ურთიერთობას არც ერთ გოგონასთან არ აგრძელებდა. ინსტინქტურად გრძნობდა, როდის იწყებდა მშვენიერი სქესის წარმომადგენელი მის მარწუხებში მომწყვდევას… და როგორც კი ამას იგრძნობდა, ველური მხეცივით გარბოდა მისგან. სიყვარული? რას ამბობთ! რომელ სიყვარულზე ელაპარაკებით! ცხოვრებაში არასდროს არავინ ყვარებია. სუსტი სქესი მისთვის მხოლოდ გართობის საშუალება იყო, მეტი საქმე არ ჰქონდა, სანტიმენტალური გრძნობებისთვის დაეკარგა დრო. მიუხედავად ამისა, მისი რეპუტაცია ქალებში დღითი დღე იზრდებოდა. მისი გულის მოგება ვერავინ შეძლო, ეს მხოლოდ მე შემიძლია, _ ფიქრობდა მორიგი ლამაზმანი და იმის მაგივრად, ნიკა მახეში გაება, თავად ეგებოდა მასში. ბიჭს მხოლოდ ეცინებოდა გოგონების გულუბრყვილობაზე და ერთის მიტოვების შემდეგ, წარმატებით იწყებდა მეორეზე ნადირობას.

_ ამხელა კაცმა ჭკუა ვერ ისწავლე. რად გინდა ვიღაცის აკიდება, როცა იქ უამრავი მაგარი «ნაშოჩკა» იქნება? _ ლექციას უკითხავდა დიმას.

_ და რომ არ იყოს, მერე? დავუშვათ და, ყველა მახინჯი მოვიდა… მაშინ რას იზამ? _ არ ეთანხმებოდა დიმა.

_ ჯერ ერთი, მახინჯი ქალი არ არსებობს… და მეორეც, მაგარი ქალები ყველგან არიან, აი, ამ კაფეშიც კი, _ უპასუხა ნიკამ და საჩვენებელი თითი სანაპიროზე მდებარე კაფე «შოკოლადის ქალისკენ» გაიშვირა.

_ კარგი, რა…

_ ისე, ხომ არ შევსულიყავით და ყავა ხომ არ დაგველია? _ შესთავაზა მეგობარს, _ ამ დროს აქ ცოტა ხალხია.

_ არა, ნიკუშ, მეჩქარება, _ იუარა დიმამ, _ მამაჩემს უნდა შევხვდე.

_ ოკ, მაშინ მარტო შევალ. საღამოს გნახავ და გავაჯაზოთ, _ ბიჭებმა ერთმანეთს ხელი დაუქნიეს და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ.

ნიკამ კაფეს მიაშურა. მძიმე კარი ღონივრად შეაღო და შიგნით შევიდა. სიღრმიდან ყავის მძაფრი არომატი გამოდიოდა. სიამოვნებით შეისრუტა «არაბიკის» თუ «ესპრესოს» სურნელი და ყურადღებით მოათვალიერა მყუდრო დარბაზი.

მარჯვენა კუთხეში, ფანჯარასთან, მისკენ ზურგით, ერთი გოგონა შენიშნა, რომელიც სქელტანიან წიგნს კითხულობდა. მას ძალზე თანამედროვედ ეცვა და ვარცხნილობაც მოდური დაეყენებინა. ნიკა მის სახეს ვერ ხედავდა, თუმცა ინტუიციით გრძნობდა, რომ ის აუცილებლად ლამაზი იქნებოდა.

_ ორმაგი ესპრესო და ოთხი ცალი ბლინი მინდა მარწყვის ჯემით, _ შეუკვეთა ოფიციანტს, _ და აი, იმ მაგიდასთან მომიტანეთ, თუ შეიძლება, ფანჯარასთან ახლოს, _ ბიჭმა თავისი საფირმო ღიმილით დააჯილდოვა წითელმაისურიანი ოფიციანტი და ახალი თავგადასავლის შესახვედრად გაეშურა.

_ უკაცრავად, ეს ადგილი თავისუფალია? შეიძლება თქვენს მაგიდასთან დავჯდე?

გოგონამ თავი ასწია. ჯერ ნახევრად ცარიელ დარბაზს მოავლო თვალი, მერე ნიკას შეხედა, მერე ამოიოხრა და უხალისოდ უპასუხა.

_ დაბრძანდით.

დაჯდომისას ბიჭმა წიგნის სათაურის წაკითხვა მოასწრო _ «ბრენდის დაბადება». აი, მზა თემა საუბრის დასაწყებად!

_ მარკეტინგი გაინტერესებთ? _ გაუღიმა გოგონას.

_ ხდება ხოლმე… _ მშრალი მოეჩვენა პასუხი.

ახლა შეეძლო კარგად შეეთვალიერებინა შორიდან შემჩნეული სამიზნე. ოვალური სახე, სპილოს ძვლისფერი კანი, მონაცრისფრო-მოლურჯო თვალები, ქერა თმა… არა უშავს რა… მთლად «მის სამყარო» არ არის, მაგრამ წავა, მიმზიდველი არსებაა…

_ არა, მართლა, მარკეტოლოგიას სწავლობთ? _ არ მოეშვა, _ თანამედროვე პროფესიაა, მომწონს.

_ მე უკვე ვმუშაობ.

_ მართლა? და რა თანამდებობაზე?

_ სარეკლამო მენეჯერი ვარ.

_ ვაუ! რეკლამა საშინლად საინტერესო რამეა!

_ ნუუ… მთლად რეკლამით არ ვარ დაკავებული, _ გაწელა გოგონამ, _ ძირითადად, ჟურნალ-გაზეთების და ტელევიზიის სარეკლამო ფართობებს ვყიდი.

ამასობაში ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა და საუბარიც აეწყო. ხუთი წუთის შემდეგ ნიკამ უცნობ გოგონაზე ყველაფერი იცოდა, რაც სჭირდებოდა. მას რუსკა ერქვა, მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ სერიოზულ სარეკლამო კომპანიაში და ბათუმში ორი დღით დაქალს ჩამოაკითხა, რომელიც ქალაქში არ დახვდა.

_ ჩემი აზრით, ეს ცუდი საქციელია, _ შენიშნა ბიჭმა.

_ არა უშავს, _ თავი ღიმილით გადააქნია რუსკამ, _ მარტოც მშვენივრად გავატარებ დროს.

მარტოო? როგორ გეკადრებათ? განა ნიკა ამას დაუშვებს? არასდროს! სწორედ დღეს აქვს თავისუფალი დრო, ამიტომაც აუცილებლად გაუწევს გიდობას ამ მშვენიერ ქმნილებას.

_ იცით რა? პირველად კი არ ვარ ბათუმში, აქაურობა ზეპირად ვიცი, ამიტომ ჩემი გამო ნუ შეწუხდებით, _ ცივი წყალი გადაასხა ნიკას მონდომებას გოგონამ.

_ მაშინ ერთად გავისეირნოთ.

ეს საინტერესო იდეა იყო. რუსა ამაზე უარს ვერ იტყოდა. თანაც, კარგი ყმაწვილი ჩანს, ვერაფერს დაუწუნებ! რატომაც არა?

«რა წარმატებული ყავის სმა გამომივიდა?! ყოჩაღ, ნიკუშ!» _ ხოტბა შეასხა მამაკაცმა თავის თავს, როცა ორივენი ქუჩაში გამოვიდნენ.

8 8 8

რუსკა უპრობლემოდ ჩავიდა ბათუმში. როცა დაქალის ბინის კარს მიადგა, ღრიჭოში წერილი დახვდა: «გასაღები გვერდითა მეზობელთანაა».

ბინაში შესვლისთანავე აბაზანაში შევარდა, სასწრაფოდ გადაივლო წყალი და ტანთ გამოიცვალა. რადგან განსაზღვრული გეგმები არ ჰქონდა, ხელჩანთას დაავლო ხელი და ქალაქში გავიდა, იქნებ სადმე ბარში ან კაფეში ნორმალურ ადამიანს გადავაწყდეო. რას გულისხმობდა «ნორმალურში», თავადაც არ იცოდა. ერთია, როცა ვიღაც შეიძლება ისე, უბრალოდ გაიცნო, მაგრამ სულ სხვაა, ეძებო მამაკაცი, რომელთანაც უნდა… დაწვე, თანაც… პირველად. სწორედ ეს ართულებდა საქმეს. არადა, ვისი ყურადღება გინდა მიიქციო ამხელა ქალაქში?

კაგა ხანს იხეტიალა ბულვარში. ზედაც არავინ უყურებდა, თუმცა არც თვითონ მოსწონებია მაინცდამაინც გასაგიჟებლად ვინმე. ბოლოს ისე დაიღალა, გადაწყვიტა, ცოტა წაეხემსა, ყავა დაელია და შინ დაბრუნებულიყო.

იქვე პატარა კაფე შენიშნა, «შოკოლადის ქალი». ჰოდა, სწორედ იქითკენ აიღო გეზი.

ოფიციანტს კაპუჩინო, ხილის მუსი და შოკოლადის ნაყინი მოატანინა. დღეს ისეთი დღე აქვს, დიეტის დარღვევა ნებადართულია. ახლა რა დროს გახდომაზეა ლაპარაკი! თან წიგნი ჰქონდა წამოღებული, რომელიც ორშაბათს პატრონისთვის უნდა დაებრუნებინა, ამიტომ იქამდე აუცილებლად უნდა მოესწრო მისი წაკითხვა.

ნახევარი გვერდის ჩაკითხვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცამ სთხოვა, თუ შეიძლება, თქვენს მაგიდასთან დავჯდებიო… თითქოს ნახევრად ცარიელ კაფეში სხვა ადგილი ვერ იპოვა! ზოგიერთი რა აბეზარია! ის იყო, იმ თავხედისთვის უარი უნდა ეთქვა, მაგრამ რომ შეხედა, გადაიფიქრა. ისეთი «კრასავჩიკი» ადგა თავზეეე! აბა, ახლა უარის თქმა იქნებოდა? რა თქმა უნდა, ეს ის არის, ვისაც რუსკა ეძებს! სწორედ ასეთის საპოვნელად გამოეშურა ბათუმში, სხვა კი არაფერი! თუმცა, რუსა რისი რუსა იყო, რამე შეემჩნია. პირიქით, უკმაყოფილო სახე მიიღო, ერთი ღრმად ამოიოხრა და უხალისოდ უპასუხა, დაბრძანდითო… თანაც, გიტარით არის… როგორც ჩანს, მუსიკოსია… რა საინტერესოააა!

ცოტა ხანიც და… ორივენი ისე მუსაიფობდნენ, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. როცა ნიკამ უთხრა, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში ვუკრავო, გოგონა აღფრთოვანდა. ეს ბიჭი სწორედ ის იყო, ვისაც ეძებდა _ იდეალური ვარიანტი თავისი გეგმის განსახორციელებლად. «მშვენიერი ყმაწვილია! მომწონს ასეთი მუქთმიანი და თაფლისფერთვალება ბიჭები. საყვარლად იღიმის, თითებიც რა ლამაზი აქვს?! მოვლილი… როგორც ჩანს, თავის თავს ზედმეტადაც კი ელოლიავება. ეგ არაფერი. ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, როგორმე საღამომდე გაგრძელდეს ჩვენი ნაცნობობა და მიზანში ამოღებული «ნადირი» არ დაფრთხეს», _ ფიქრობდა რუსკა, თან ნაზად უღიმოდა მოსაუბრეს.

«ნადირი» კი საკმაოდ თავდაჯერებული აღმოჩნდა და ვერანაირ საფრთხეს გოგონას მხრიდან ვერ გრძნობდა. იგი ართობდა ახალგაცნობილს ცინცხალი ანეკდოტებით და უხაროდა, ასეთი გემრიელი «საკბილო» ასე ადვილად რომ ჩაუვარდა ხელში. წამითაც არ უგრძნია, რა უცნაური თავგადასავალი ელოდა წინ.

8 8 8

სექტემბრისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდი იდგა. მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, თუმცა ჰაერში მაინც იგრძნობოდა შემოდგომის განუმეორებელი სურნელი. მეეზოვეებს ერთად მოექუჩებინათ ზაფხულს დამშვიდობებული ყვითელი ფოთლები, რომლებიც, ცეცხლის ალში გახვეულნი, თითქოს დანანებით იწვოდნენ. რუსა და ნიკა სანაპიროს მიუყვებოდნენ. მუსიკოსი მხიარულ ისტორიებს ყვებოდა დიმაზე და ახალისებდა გოგონას.

სიარულით რომ დაიღალნენ, ბულვარისკენ გადაინაცვლეს და თეთრად შეღებილ რკინის მერხზე ჩამოსხდნენ მოცეკვავე შადრევანთან.

_ ეს შადრევანი ღამით იცი, რა ლამაზია?

_ ვიცი, მინახავს, _ გაუღიმა რუსამ.

_ ჰო, ეჭვიც არ მეპარება, ისე გითხარი, _ თითქოს სალაპარაკო გამოელიათო, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

_ რუს… ახლა საქმე მაქვს, იძულებული ვარ, დაგტოვო, _ თქვა უცებ ნიკამ.

_ რა თქმა უნდა, როგორც შენი საქმე მოითხოვს… _ ოფიციალურად უპასუხა გოგონამ.

_ არა, მართლა წასასვლელი ვარ, დედას გეფიცები, მაგრამ საღამოს ისევ შეგხვდები, თუ წინააღმდეგი არ ხარ, კარგი?

_ ვნახოთ, თუ მეცლება… _ ძალად გააჭიანურა მოსალოდნელი შეხვედრის ვარიანტი რუსკამ.

_ ჩემი ძმაკაცი საღამოს წვეულებას აწყობს და მინდა შენც წაგიყვანო. ღამეს გავათენებთ, მაგარ დროს გავატარებთ, მაგრამ თუ არ მოგეწონება, გაგაცილებ, როცა მოისურვებ, პრობლემა არ იქნება.

_ კარგი, თანახმა ვარ… როდის და სად უნდა შეგხვდე?

_ მოდი, რვა საათზე პარკის შესასვლელთან დაგელოდები.

_ გასაგებია. ჩემი ნომერი ჩაიწერე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის და შენიც ჩამაწერინე, _ მოითხოვა რუსკამ და ჩანთიდან თავისი საფირმო მობილური დააძრო.

ერთი სიტყვით, ტელეფონის ნომრები გაცვალეს და იქვე გადაურეკეს ერთმანეთს შემოწმების მიზნით.

_ ესეც ასე, ახლა ვეღარ დავიკარგებით, _ წარმოთქვა რუსამ.

_ აბა შენ იცი, საღამომდე, _ ნიკა წამოდგა, _ ყველა ვარიანტში შევხვდებით, _ ლოყაზე საყვარლად უჩქმიტა გოგონას და ჩქარი ნაბიჯებით დაუყვა ბულვარს.

რუსამ დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია.

არა, არა, რაც მართალია, მართალია, ნიკას რაღაც-რაღაცები არ მოეწონა. როგორ დაიწყო ბრძანებების გაცემა ამ თბილისელმა გოგომ?! ტელეფონის ნომერი ჩაიწერეო, შენიც მომეციო… მაგას ნიკა თავისი ხელქვეითი ხომ არ ჰგონია? ეგეთ რამეებს იგი მიჩვეული არ არის. ინიციატივას ყოველთვის თვითონ იჩენს და განკარგულებებსაც თავად გასცემს ხოლმე ასეთ სიტუაციებში. თვითონ მიდის გოგოების გასაცნობად, თვითონ ეპატიჟება მათ სადმე, თვითონ თხოვს ტელეფონის ნომერსაც… ახლა კი… ლამის ყველაფერი პირიქით მოხდა! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას? ხვალ თუ არა, ზეგ იგი თავის თბილისში გაემგზავრება და ცხოვრებაში მეტჯერ ვერასდროს შეხვდება. სამაგიეროდ ამ საღამოს მაგრად გაერთობა და დაუვიწყარ ღამეს აჩუქებს ამ მშვენიერ სარეკლამო მენეჯერს. თან როგორი უპრობლემო ვინმე აღმოჩნდა! ერთი არ დაუფასებია თავი, როგორც იციან ხოლმე ქართველმა გოგოებმა _ დღეს არ მცალია, სხვა დროს შევხვდეთ და ა.შ. კუდში უნდა სდიო და ეხვეწო, რომ როგორმე დაითანხმო. ამან კი ეგრევე თანხმობა «მოუთხარა». ეტყობა, კარგა გამოცდილია ასეთ საქმეებში და ერთი ღამის თავგადასავლები მოსწონს კიდეც. ნიკასაც მოსწონს! დიმას რა სახე ექნება, რუსკას რომ დაინახავს! თვალები შუბლზე აუვა! მაგარია! უჰ! რა ღამე ელიიიის!!!

8 8 8

რუსკამ მთელი ორმოცი წუთით დააგვიანა. ზუსტად რვა საათზე დაურეკა ნიკას და გააფრთხილა, ცოტა შემაგვიანდებაო. სამწუხაროდ, «ცოტაზე» მეტი გამოუვიდა.

_ მაპატიე, რომ გალოდინე… დიდი ხანია, მოხვედი? _ შეწუხებული სახით შეხედა მოთმინების ფიალაავსებულ ბიჭს.

_ არც ისე, _ გულგრილად უპასუხა მან.

ბიბას ბინამდე, სადაც წვეულება უნდა გამართულიყო, ფეხით მივიდნენ. მასპინძელი პირველ სართულზე ცხოვრობდა. ნიკამ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ზარის ღილაკს თითი მიაჭირა…

ბიბამ მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა რუსკაზე. ერთი შავი და მსუქანი ბიჭი იყო, კოტიტა თითებით. «ამას ჯობდა, სადმე ღამის კლუბში დავეპატიჟე», _ უკმაყოფილოდ გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ მასპინძელს მოვალეობის მოხდის მიზნით, მაინც თავაზიანად გაუღიმა. რუსკა გააოცა იმან, რომ ბიბას, თავისი ბინის გაფართოების მიზნით, სარდაფიც გაერემონტებინა და კარგა გვარიანი დუპლექსი გამოსვლოდა. ეგრეთ წოდებულ ნოლ სართულზე ბარი, სცენა და საცეკვაო მოედანი მოეწყო, რამდენიმე მაგიდით და მყუდრო სავარძლებით. ფაქტობრივად, აქაურობა მართლაც ღამის კლუბს ჰგავდა, თავისი განათებებით, ელექტროაპარატურითა და ხმის გამაძლიერებლებით. როგორც ნიკამ განუმარტა, სწორედ აქ უკრავდა იგი ოთხშაბათობით, რაშიც ძმაკაცი სოლიდურ თანხას უხდიდა. კლუბში შესვლა ოცი ლარი ღირდა, ამაში შედიოდა დესერტი და ერთი ბოთლი კოკა-კოლა. თუ მომსვლელებს ალკოჰოლიანი სასმელი ან სხვა რამე მოუნდებოდათ, ბარმენისთვის უნდა შეეკვეთათ და ფული გადაეხადათ.

_ მყუდრო ადგილია, უცხოები იშვიათად შემოდიან, ვისაც აქ ხედავ, ყველა ჩვენიანია, _ აუხსნა ბიჭმა.

კლუბ-სარდაფში ბლომად ახალგაზრდას მოეყარა თავი. განმარტოებულად არ იგრძნობდა ადამიანი თავს. ნიკა თითქმის ყველას იცნობდა. წარამარა ვიღაც მოდიოდა მასთან მოსაკითხად, თან ცალი თვალით რუსკას ათვალიერებდა. ბიჭი ყველას აცნობდა გოგონას. ამ უკანასკნელს არავინ აინტერესებდა, მათი სახეების დამახსოვრებაც არ უცდია. მას სხვა მიზანი ამოძრავებდა და მთელი გულისყური სწორედ იქითკენ ჰქონდა მიმართული. ნიკამ შამპანური მოუტანა. რუსკამ ისე სწრაფად დალია, თითქოს წყურვილისგან ყელი ჰქონოდა გამშრალი. მერე მეორე დალია, მესამე… სასმელი ეგრევე თავში აუვარდა და იგრძნო, როგორ სასიამოვნოდ მოეთენთა სხეული. სავარძელში ჩაჯდა და ხმაურიანი მუსიკის ფონზე დარბაზი მოათვალიერა. ჭერში დაკიდულმა ბრჭყვიალა ნათურებმა თვალი მოჭრა. რა ლამაზები იყო! წითელი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი ბურთები… მათ ფონზე მოცეკვავეები ადამიანებს არ ჰგავდნენ, უფრო ფილმებიდან გადმოსულ აჩრდილებს მოგაგონებდათ.

_ კიდევ ხომ არ დალევ? _ ნიკა მის წინ დაჯდა.

_ არა, გმადლობ. საერთოდ, ბევრს არ ვსვამ.

_ ყოჩაღ. მე კი მინდა, ოღონდ ლუდი.

_ დალიე, _ ჩაიღიმა გოგონამ, თავისთვის კი გაიფიქრა, «იმედია, ისე არ გამოთვრება, რომ აქედან ჩემი წასაღები გახდეს».

ნიკა ბარისკენ გაემართა. რუსკამ თვალი გააყოლა. ნეტავ იცოდეს, რისთვისაც იყენებს მას. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს? უარს ეტყვის, თუ არაფრად ჩააგდებს? ხომ არ ჯობია, წინასწარ გააფრთხილოს?.. გაეცინა. ა-რაა! დაე, ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყოს… ან უსიამოვნო. მე შენ გეტყვი და, უამრავი ქალწული ეყოლება გასინჯული, თუ რა! ვინ იცის, იქნებ რუსკა სულაც პირველია მისთვის! აი, დარდი! სულაც არ ანაღვლებს, როგორ შეხვდება ეს სიმპათიური ყმაწვილი მისი ქალწულობის დაკარგვას.

უეცრად შეამჩნია, რომ ნიკას ვიღაც ურცხვად მოკლეკაბიანი მაღალი გოგონა მიუახლოვდა. ჯერ მკლავები მოხვია ბიჭს, თითის წვერებზე აიწია და მერე ორივე ლოყაზე ნაზად, ვნებიანად აკოცა. უცნობი ისე იქცეოდა,როგორც «უფლებამოსილ» შეყვარებულს შეეფერებოდა. ოხ! როგორ არ მოეწონა ეს სცენა! შეხედეთ ერთი, რა ფორმით ჩაეხუტა! რუსკა ეჭვიანად ადევნებდა თვალს «მეტოქის» ყოველ მოძრაობას. ვინ არის? შეყვარებული? ყოფილი? ახლანდელი? თუ, როგორც თანამედროვე მამაკაცებს ჩვევიათ, ერთდროულად რამდენიმე გოგოს ხვდება და ყველასთან ლოგინი აკავშირებს და ესეც მათ სიაშია? ნეტავ, რა აღელვებს! რა მისი საქმეა, რამდენ ქარაფშუტას «გაჟიმავს» მისი დროებითი კაცი? მხოლოდ ერთი ღამით სჭირდება იგი, მხოლოდ ერთი ღამით და მორჩა! ვეღარასდროს თვალით ვერ იხილავს. შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ამისთანა ცხვირპაჭუა «სტერვების» შებმა. რუსკა კი დაბრუნდება თბილისში და თავისი ოცნების მამაკაცს მოაჯადოებს.

სამაგიეროდ, ამაღამ ნიკა მხოლოდ მისი იქნება, მისი და სხვა არავისი. ამის გაფიქრებაზე წამოდგა და ბარისკენ ამაყად თავაწეული გაემართა.

_ ნიკ, გადავწყვიტე, ერთი ჭიქა შამპანური კიდევ დავლიო, _ ხმამაღლა თქვა და ჯიქურ მიაჩერდა ურცხვად მოკლეკაბიანს.

_ ძალიანაც კარგი, _ ბიჭმა ჩახუტებული გოგონასგან თავი გაითავისუფლა, _ კარგი, თამო, გამიხარდა შენი ნახვა… შეხვედრამდე, _ მერე კი რუსას მიუბრუნდა, _ კოქტეილი ხომ არ გირჩევნია? უფრო ტკბილია, თანაც არ გაგბერავს.

_ იყოს, _ კეკლუცად გაუცინა გოგონამ, ხელი ჩაჰკიდა თავის «მსხვერპლს» და ნიშნის მოგებით გადახედა ნირწამხდარ «მეტოქეს».

«ესეც ასე, ერთით ნოლი ჩემს სასარგებლოდ!» _ ირონიულად წარბებაზიდული ჩქარი ნაბიჯებით უკან მიჰყვა ბარმენისკენ მიმავალ ნიკას. ესეც ასე! დროული ჩარევა გამოუვიდა! კინაღამ არ აწაპნეს ეს ოქროსავით მამაკაცი?! ბიჯოს!

_ ვინ იყო? _ იკითხა რუსამ და კოქტეილი მოსვა.

_ არის ერთი… ძველი ნაცნობი.

_ სიმპათიური ვინმეა…

_ შენ უკეთესი ხარ, _ ეშმაკურად შეჰღიმა ნიკამ.

ამით საუბარი დამთავრდა. ცოტა ხანს ბართან იდგნენ, მერე რამდენჯერმე იცეკვეს და ბოლოს კვლავ სავარძლებზე გადაინაცვლეს. ამჯერად ორივენი ერთ სავარძელში ჩასხდნენ. რუსკა ლამის კალთაში ჩაუჯდა ბიჭს, თუმცა ეს უკანასკნელი, რატომღაც, პასიურობდა. ერთხელაც არ უცდია, ხელი მოეხვია მისთვის, არც საკოცნელად გაუწევია… ამან, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა. ვაითუ, მთელი ღამის აქ გატარებას აპირებს ეს ბიჭი, თანაც ასე მორცხვად? შუადღეს ძალიან თამამად იქცეოდა?! ახლა რა დაემართა? იქნებ თვითონ ვერ აკეთებს რაღაცას ისე… მგონი, უკეთესი იქნება, მიაფურთხოს ყველაფერს და შინ დაბრუნდეს. ტყუილად წამოიწყო ეს ყველაფერი. რა აბსურდია, პირველსავე შემხვედრთან დაწვეს და ამდენ ხანს შენახული ქალიშვილობა ჩააბაროს? და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მერე ადვილად მოინადიროს თავისი უფროსის გული! სულაც გურამით დაეწყო, არ ჯობდა? საიდან დაასკვნა, რომ მისთვის მიუღებელი იქნებოდა რუსკას ქალწულობა? კაცები, პირიქით, ტრაბახობენ ასეთი რამეებით და მისი გური რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?.. იმიტომ, რომ წელიწად-ნახევარია, დირექტორს მასთან დაახლოების ერთი მცდელობაც არ ჰქონია! ამიტომ თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა… ხოლო ინიციატივა რომ გამოიჩინოს, მცირედი გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს სექსში. აი, ამაშია საქმე! ასე რომ, ნიკუშა ახლა ჰაერივით სჭირდება!

_ მგონი, შენ მოგწყინდა აქ! _ თქვა მოულოდნელად ბიჭმა.

რა უპასუხოს? ჰო? არა? რატომ ეკითხება? მისგან თავის დაღწევა სურს, თუ პირიქით, განმარტოება?

_ ცოტათი დავიღალე, აქ საშინელი ხმაურია, _ უპასუხა მცირე პაუზის შემდეგ.

_ გინდა, გარეთ გავიდეთ, გავისეირნოთ?

რუსკა სიხარულით დათანხმდა. ბნელი სადარბაზოდან ეზოში გავიდნენ. მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა იქაურობას. რუსკამ სიგარეტი დააძრო, მოუკიდა და ნეტარებით გააბოლა. მართალია, თვეზე მეტია, მოწევას თავი დაანება, მაგრამ ჩანთაში სულ ედო რვა ნომერი «კენტი» ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

_ პრაქტიკულად, არ ვეწევი, _ თავი იმართლა, _ უკვე თვე გავიდა, რაც შევეშვი.

_ ეს შენი საქმეა, _ მხრები უდარდელად აიჩეჩა ბიჭმა და რუსკამ თავი უხერხულად იგრძნო. ნეტავ, რას იმართლებს თავს ვიღაცის წინაშე?

_ იმ ხმაურისგან თავი ამტკივდა!

_ საერთოდ, არც მე მიყვარს მაინცდამაინც ელექტრონული მუსიკა… მაგრამ მოუსვლელობა არ გამოდიოდა. ბიბამ თავისი პირველი ალბომი ჩაწერა და ხომ უნდა აღგვენიშნა…

_ ვერ გავიგე, ის დიჯეია თუ კლუბის მფლობელი?

_ ერთიც და მეორეც. მამამისს ბევრი ფული აქვს და ასპონსორებს. ეს ბინა უყიდა, სარდაფიც გაურემონტა და ნელ-ნელა ბიბამაც დაიწყო ფულის შოვნა. ზამთარშიც კი უამრავი ხალხი იკრიბება მასთან, გემოვნებიანი ბიჭია, ესმის მუსიკა.

_ შენ რას საქმიანობ? _ მოულოდნელად დაინტერესდა რუსკა, _ გარდა იმისა, რომ აქ უკრავ?

_ დაკვრა ჩემი ჰობია. ისე კი, ვებ-დიზაინერი ვარ.

_ ა-ჰა, _ ჩაილაპარაკა გოგონამ, თითქოს რამე გაიგო, არადა, გონზე არ იყო, რას ნიშნავდა ვებ-დიზაინერი. კომპიუტერული ტექნოლოგიები მისთვის ჩინურს წარმოადგენდა.

_ საიტებს ვხატავ, _ განავრცო ნიკამ.

_ ასე ვთქვათ, «კომპიუტერშიკი» ხარ, ხო?

_ არა, უფრო მხატვარი ვარ.

_ გასაგებია… და სად მუშაობ?

გოგონამ იცოდა, რომ მისი შეკითხვები ახლა უადგილო იყო, მაგრამ ნამდვილად უნდოდა, უფრო მეტი გაეგო ადამიანზე, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან მისიას აკისრებდა…

_ განსაზღვრული სამუშაო ადგილი არ მაქვს, შეკვეთებზე ვმუშაობ.

_ მერე? რამდენად მომგებიანია? _ რუსკაში უეცრად საქმიანმა ქალმა გაიღვიძა და გაეცინა.

_ ეს ასე მნიშვნელოვანია? _ ბიჭმა უფრო ახლოს მიიწია მისკენ და მხრებზე მოხვია ხელი, _ ჩემი აზრით, სამსახურის გარდა, ჩვენ სხვა რამეებზეც ბევრი გვაქვს სალაპარაკო, _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და სახე მის სახეს მიუახლოვა.

ნახევრადჩამწვარი სიგარეტი რუსას ხელიდან გაუვარდა. ნიკას ტუჩები ფრთხილად და მგრძნობიარედ შეეხო მის ბაგეებს. ძალზე ნაზად და თავდაჭერილად კოცნიდა, თითქოს დროს აძლევდა, რომ გოგონა შეჩვეოდა, თავი მყუდროდე ეგრძნო მის მკლავებში… რუსკა დაიძაბა. იმის მაგივრად, რომ კოცნაზე კოცნით ეპასუხა, ისე შეიკუმშა, როგორც ორთაბრძოლის მომლოდინე მოკრივე.

თუმცა მალევე მოეშვა… იმდენად ესიამოვნა ეს პროცესი, ხელები წელზე შემოხვია ბიჭს და… თავდავიწყებას მიეცა. საუკუნეა, მსგავსი სიამოვნება არ განუცდია. მოეჩვენა, რომ ჩვეულებრივი კორპუსის ეზოში კი არა, მდიდრული სასახლის ბაღში იდგა და თეთრი რაშიდან გადმომხტარ პრინცს ეალერსებოდა.

_ მე აქ ახლოს ვცხოვრობ, _ უჩურჩულა ბიჭმა, _ შეგვიძლია ჩაი დავლიოთ… ან ყავა…

ეს უკვე წარმატებას ნიშნავდა. დაქალის ბინაში მის წაყვანას ჯობია, თავად გაჰყვეს. ასე ნაკლებად შეაწუხებს სინდისის ჯენჯნა.

_ წავიდეთ, _ მორცხვად გაუღიმა.

8 8 8

მალევე მიადგნენ ნიკას კორპუსს. იგი ბევრად განსხვავდებოდა წინანდელისგან, უფრო ახალი და მოვლილი ჩანდა.

_ ოღონდ აქედანვე მინდა იცოდე, რომ ქირით ვცხოვრობ, აპარტამენტები არ მაქვს, _ წინასწარ გააფრთხილა ბიჭმა.

_ მერე რა?

ნიკამ გასაღები გადაატრიალა და გოგონა წინ გაატარა.

_ ფრთხილად, რამეს არ წამოედო, ჯერ შუქს ავანთებ!

სიბნელეს შეჩვეულმა თვალებმა ნათურის კაშკაშს ვერ გაუძლო. რუსკამ უნებლიეთ თვალები დახუჭა.

_ მართალია, აქაურობა ლამაზი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, იაფია, _ დამნაშავესავით გაუღიმა ბიჭმა.

_ არა უშავს, ავიტანთ, _ გაიხუმრა გოგონამ და ოთახს თვალი მოავლო.

ერთი ბეწო ოთახის ყველა კუთხეში მუყაოს ყუთები იყო ახოხოლავებული. სამაგიეროდ, საოცარი სისუფთავე იგრძნობოდა ირგვლივ.

_ ტელევიზორი არ გაქვს? _ მზერა ოთახში მიმოატარა რუსკამ.

_ რაში მჭირდება? აი, ჩემი ტელევიზორი, _ თქვა ბიჭმა და კომპიუტერს მიუახლოვდა. გოგონამ იქვე მუსიკალური ცენტრიც შენიშნა.

_ ჩაი დავლიოთ? _ ნიკამ რომელიღაც ესპანური მელოდია ჩართო გიტარის თანხლებით.

_ ყავა მირჩევნია, თუკი, რა თქმა უნდა, გაქვს.

_ როგორ არ მაქვს!.. შენ დაჯექი და მე მოგემსახურები.

_ შაქარი რამდენი? _ გამოსძახა ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოდან.

_ უშაქრო!

რუსკა დივანზე ჩამოჯდა და ახლაღა იგრძნო, როგორ კანკალებდა. დიდი ხანია, გული ასე არ აჩქარებია, პირდაპირ ბაგაბუგი გაჰქონდა! კბილის ექიმის კაბინეტში არ განუცდია ასეთი შიში! ბოლოს და ბოლოს, შეუძლია გადაიფიქროს, მისი ნება არ არის? მაგრამ ნიკა როგორ შეხვდება ამ ამბავს? იქნებ გაიქცეს, სანამ გამოსულა?..

მაგრამ დააგვიანდა! ნიკა სამზარეულოდან სინით ხელში გამოვიდა.

8 8 8

_ ყავაც მზადაა! _ შესძახა ნიკამ, _ ნეტავი ვიცოდე, ამ ქალებს რა გასმევთ უშაქრო ყავას, რა გემოს ატანთ?

_ რა? _ დამფრთხალმა რუსკამ არეული მზერა მიაპყრო მასპინძელს.

_ თუ ფიგურას უფრთხილდებით, შაქარმა რომ არ გაგასუქოთ? ასეა? გამოვიცანი?

_ ჰო… არა… უბრალოდ, მიჩვეული ვარ.

_ მეც ეგ მიკვირს, რამ მიგაჩვია-მეთქი…

_ რა ვიცი… ყავის გემო რომ უკეთ შეიგრძნო, უშაქროდ უნდა დალიო…

_ ვითომ? საინტერესო თეორიაა… შეჭამ რამეს? ბუტერბროტები გავამზადე _ ყველით, ძეხვით, ოხრახუშით, სხვა არაფერი მქონდა.

_ რა? ახ, ბუტერბროტი… კარგია, მაგრამ არ მშია… გმადლობ.

_ რა დაბნეული ხარ? გინდა, მუსიკა ჩავრთო?

_ კარგი იქნებოდა…

ნიკა მუსიკალურ ცენტრს მიუახლოვდა.

_ რა მოგასმენინო, რა გაგიხარდება?

_ სულერთია…

_ რამე ქალური, რომანტიკული ალბათ, არა?

_ ჰო, _ გოგონას პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა.

რა მოხდება, როცა წაიხემსებენ და ყავის სმასაც მორჩებიან? ან როგორ უნდა მოიქცეს? როგორ მიქარა… ბევრი უნდა დაელია, კარგად დამთვრალიყო და მერე ამდენი სანერვიულო აღარ ექნებოდა! ეეეეეჰ!

ოთახში სტინგი ამღერდა. რომანტიკული მელოდია ჰაერში გაიბნა.

_ რა ფერი გადევს, მართლა კარგად ხარ? _ ნიკა მის გვერდით ჩამოჯდა.

_ კი, კარგად ვარ, _ ძლივს გამოაცხო რუსამ ღიმილი. _ უბრალოდ, ცოტას ვნერვიულობ.

_ ნერვიულობ? რატომ, რა გაქვს სანერვიულო?

რუსკამ ამოიოხრა.

_ იცი რა? ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა ახალგაცნობილ ბიჭს ღამით თავის ბინაში გამოვყევი… ადრე ასეთი რამ არ მქონია… მე ხომ საერთოდ არ გიცნობ…

_ სულაც არ ვარ საშიში, თუ ეს დაგამშვიდებს.

_ ვხედავ.

«აიყვანე თავი ხელში, რა გჭირს, კი არ შეგჭამს!» _ შეუძახა გულში რუსამ თავის თავს და ყავის ფინჯანს დახედა. ამწუთას ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში, ისეთ ხასიათზე იყო. როგორმე უნდა მოეხსნა დაძაბულობა. ამ ბიჭმა მშვენიერი კოცნა იცის. მოფერებაც კარგი ეცოდინება და სხვა რამეც… ჰოდა, აჯობებს, მიჰყვეს დინებას. ბოლოს და ბოლოს, შეყვარებულები ხომ არ არიან, ასე რომ განიცდის? ეს ერთი ღამე და მორჩა! მეტჯერ ვეღარასდროს ნახავს მას!

ისე ჩქარ-ჩქარა დალია ქაფქაფა ყავა, ბოლოსღა იგრძნო, ყელი როგორ დაეთუთქა. რა დეგენერატია! რას ჩქარობს? არაფერი მას არ ეშველება! არ იქნება მისი გამოსწორება!

_ კიდევ ხომ არ გინდა ყავა? _ ღიმილით მიუბრუნდა ნიკა.

_ არა, გმადლობ.

თითქოს ლაპარაკის უნარი წაერთვა… ვერა და ვერ ააწყო საუბარი… თან იმის ეშინოდა, რამე ისეთი არ ეთქვა, რომ თავი გაეცა, არ გამოემჟავნებინა შიში და ბიჭი არ დაეფრთხო.

_ იცი? ჩემი ფანჯრიდან ძალიან მაგარი ხედი მოჩანს. გინდა, გაჩვენო? _ ნიკამ ხელხე წაავლ ხელი.

_ მინდა, _ თავი მორცხვად დააქნია გოგონამ.

ორივენი წამოდგნენ და ფანჯარას მიუახლოვდნენ. რუსკამ ბევრი ვერაფერი დაინახა.

_ ასე არა, შუქი უნდა ჩავაქრო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? _ შემპარავი ხმით იკითხა ბიჭმა.

ჩააქრეო, თავის დაქნევით დაეთანხმა რუსკა. სულაც არ იყო წინააღმდეგი. ეს შუქი ნამდვილად ნერვებს უშლიდა, უფრო ძაბავდა. ნეტავ, რას ატყუებს… ვითომ ლამაზი ხედის სანახავად სურს შუქის ჩაქრობა. კი, როგორ არა! უცებ დაუჯერა! იცის რუსკამ, რაც იგულისხმება ამ «პროცედურის» მიღმა…

არა, ხედი მართლაც ლამაზი აღმოჩნდა. ღამის ნათურებით აბრჭყვიალებული ბათუმი საოცარი სანახავი იყო. «საინტერესოა, ჩვენსავით რამდენი წყვილი აპირებს ახლა ქალაქში ამას?» რას, ამას? რას და… «სექსაობას». რა საშინელი სიტყვაა, საიდან გამოჩხრიკა! «მივეძალოთ სექსს!» _ ლოზუნგიც უცებ გამოაცხო სექსს მოწყურებული ყველა სავარაუდო ბათუმელი წყვილისთვის. გაეღიმა.

_ საათობით შემიძლია აქ ვიჯდე და ღამის ქალაქს ვუცქირო, _ ხმადაბლა თქვა ნიკამ, _ ეს ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ დრო არასდროს მყოფნის ამისთვის…

_ ჰო… ისეთი დრო დადგა, ყველას პრობლემა აქვს, _ დაეთანხმა რუსკა, _ მეც ძალიან ბევრს ვმუშაობ.

_ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვინდა! _ სიცილით აჰყვა ნიკა, _ გვინდა, რაც შეიძლება მეტი გამოვიმუშავოთ, რათა რაც შეიძლება ბევრი ტანსაცმელი ვიყიდოთ, გავერთოთ იქ, სადაც ყველანი ერთობიან, ვიპოვოთ ჩვენთვის ისეთი რამ, რაც არავის აქვს…

_ ყველაფერში გეთანხმები, ერთის გარდა _ გართობისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი.

_ მერე? არ გეჩვენება, რომ ამასობაში რეალურმა ცხოვრებამ გვერდით ჩაგიარა?

_ მოდი რა, ფილოსოფიის გარეშე ვიყოთ, კარგი? თორემ გრძელი კამათი გამოგვივა.

_ თანახმა ვარ, _ უხერხულად ჩაილაპარაკა ნიკამ და გოგონას ფრთხილად შეახო ხელი, თავისკენ მოიზიდა…

«ვაიმე, დედა, მგონი, დაიწყო!» _ გული გადაუქანდა რუსკას.

_ მოეშვი, ძალიან გთხოვ… კაციჭამია ნამდვილად არ ვარ… და არც ქალის უნახავი… მინდა, კარგად იგრძნო თავი, გესმის? _ ზედ ყურთან უჩურჩულა ბიჭმა.

_ არც მიფიქრია…

_ მინდა, ისე მოვიქცე, როგორც შენ მოგესურვება. თუ გინდა, მხოლოდ ყავის სმით შემოვიფარგლოთ, თუ გინდა, ვიცეკვოთ, ან… მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ყველაფერზე თანახმა. არ მინდა გაწყენინო.

აი, საოცრებავ! სრულიად უცხო ადამიანს სახლში გამოჰყვა, სრულიად გასაგები მიზეზით… ის კი ეუბნება, არ მინდა გაწყენინოო! ნუთუ ასეთი იდიოტია?! აბა რისთვის მოიყვანა აქ? ისედაც ლამისაა, გული გაუსკდეს, კიდევ დროის გაწელვა უნდა?!

_ ერთი სიტყვით, ყველაფერი შენს სურვილზეა დამოკიდებული, _ დაასრულა მონოლოგი ნიკამ.

რუსკამ კინაღამ ხმამაღლა ამოიკვნესა. თვითონ რატომ უნდა იაქტიუროს? არ ჯობია, მან დაიწყოს და ესიც აჰყვეს? აბა, კაცი რისთვისაა? ასეთ დროს განა სპონტანურად არ უნდა მოხდეს მოსახდენი, ყოველგვარი გაფრთხილებებისა და შესავლების გარეშე? თითქოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ _ თავდაპირველად პირობები წაუყენონ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე. რა გულისამრევი სიტუაციაა!

თუმცა, მეორე მხრივ, რას ერჩი, წესიერი ბიჭი ჩანს. არაფერს აძალებს. სურს, გოგომ თვითონ გააკეთოს არჩევანი. უნდა მასთან? ნიკა თანახმაა. არ უნდა? ამაზეც თანახმაა. ჰოდა, რაღას უცდის? ბარემ უთხრას, რომ თანახმაა და ეგ იქნება!

_ ჩემი სურვილები წესრიგშია, _ ხუმრობანარევი ხმით წარმოთქვა და სიბნელეში გაიღიმა იმის იმედით, რომ არ მოუწევდა იმის ახსნა, რაც ნათქვამში იგულისხმა.

არც მოუწია… ბიჭმა ხელი წელზე მოხვია და დივანისკენ მსუბუქად უბიძგა…

არც ახსოვს, როგორ მიაღწია იქამდე… მუხლები უკანკალებდა… აი, ახლა კი, დროა, მოეშვას… ნიკა უკვე შეუდგა თავის საქმეს და რუსა მიიღებს იმას, რისთვისაც ბათუმში ჩამოვიდა…

ბიჭს ბავშვივით გლუვი და პრიალა კანი ჰქონდა. რუსკამ უკვე შეაჩვია ღამის სიბნელეს თვალი და ახლა ნათლად ხედავდა ნიკას ფართო მკერდსა და ძლიერ მკლავებს. მართალია, ეს არ იყო სპორტსმენი მამაკაცის მონაცემები, მაგრამ მერე რა? რუსკას სულაც არ იზიდავს ბატიბუტებივით ასხმული კუნთები მამაკაცის სხეულზე. და კიდევ… კარგია, ყველაფერი სიბნელეში რომ ხდება. და უფრო კარგი იქნება, თუკი სწრაფად დამთავრდება ეს პროცესი, ყოველგვარი სანტიმენტალობისა და სინაზის გარეშე. ვითომდა მოზღვავებული ვნების გამოხატვაც უფრო გაუადვილდება სიბნელეში, პარტნიორი ხომ მის სახეს ვერ ხედავს.

თუმცა ნიკა აშკარად არ ჩქარობდა… ის ისე აუჩქარებლად, ისე სიამოვნებით ხდიდა გოგონას ტანსაცმელს, რომ რუსკა მისდა უნებურად ჩაერთო სასიყვარულო თამაშში. იგრძნო, რომ ბიჭის ნებისმიერი შეხება სიამოვნებდა… კოცნაც… მოფერებაც… ხანდახან მოულოდნელად საერთოდ შეუშვებდა ხელს… რუსკა ძლივს იკავებდა თავს, არ დაეკვნესა… რაღაც მომენტებში ეგონა, რომ სიამოვნებსიგან გონებას კარგავდა… ეს დაუჯერებელი იყო! შიში და დაძაბულობა ნელ-ნელა მოეხსნა, თავადაც არ იცოდა, როდის და როგორ… მას უკვე აღარ ეშინოდა შიშველი მამაკაცის შეხების, არც იმის, რომ შეიძლებოდა რაღაც არასწორად გაეკეთებინა… არც იმის, რაც მათ შორის ამწუთას ხდებოდა…

ნიკა ხმას არ იღებდა და რუსკას უხაროდა, რომ არც თავად მოუწევდა ლაპარაკი. ახლა ისინი სულ სხვა ენაზე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს… სხეულის ენაზე. აქ კოცნა იყო შეხების პასუხი, ხოლო მამაკაცის გახშირებული ცხელი სუნთქვა, რომელიც თავბრუდამხვევად მოქმედებდა მასზე, ერთ წამში ულამაზეს, გრძელ სასიყვარულო ისტორიას ჰყვებოდა…

ახლა უკვე თავადაც აჰყვა ბიჭს ალერსში… უნდოდა, რაც შეიძლებოდა, მეტი გაეგო ამ ერთ ღამეში, რაც შეიძლებოდა, მეტი ესწავლა.. როგორ ვასიამოვნოთ მამაკაცს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სიყვარულის ერთი ღამე მხოლოდ ეპიზოდად არ დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში და სამუდამოდ დაგვამახსოვრდეს? როგორ გამოვხატოთ გრძნობა სიტყვების გარეშე?

და გოგონა სწავლობდა… უსიტყვოდ, ყოველგვარი ახსნა-განმატების გარეშე… ნიკას სხეული ეხმარებოდა ამაში, მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი შეხება მიანიშნებდა, როდის რა გაეკეთებინა და როგორ… თავისით, ჩვეულებრივად ხდებოდა ყველაფერი… თითქოს მისთვის ეს უცხო არ იყო… თითქოს ფლობდა ამ ცოდნას, მაგრამ არასდროს იყენებდა… თეორია პრაქტიკაში… წამით გაირინდა მამაკაცის მკლავებში _ ორ ერთმანეთის საპირისპირო გრძნობის გავლენას ერთდროულად განიცდიდა _ შიში თუ სიამოვნება…

ალბათ ეს არის კულმინაცია… ტკივილი, პანიკა, სიხარული, შიში, ნეტარება _ წამიერად ყველაფერი ერთმანეთში აირია… იმწუთას რუსკა, უკვე დაქალებული, მხოლოდ ერთ რამეს ხვდებოდა _ რომ სწორედ ნიკა იყო ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ამ მომენტში უყვარდა…

კიდევ რამდენიმე წამი და… ნირვანა დასრულდა…

_ მე თეთრეულს დავაგებ, შენ კი შეგიძლია წყალი გადაივლო, მერე კი დავიძინოთ, _ მშრალად წარმოთქვა ბიჭმა, წამოდგა და შარვლის ჩაცმას შეუდგა.

რუსას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. დაძინება მართლაც არ აწყენდა… მაგრამ რატომ ელაპარაკება ასე ცივად? მიხვდა რამეს? თუ «იმის» შემდეგ კაცები ცივები ხდებიან? რას გაიგებ!

ნეტავ თუ მიხვდა, ქალწული რომ იყო? რომ ჰკითხოს, რა უთხრას? რა და… რაც იყო, ის, ახლა უკვე აღარაფერია დასამალი. ახლა უკვე სულერთია მისთვის, რას ფიქრობს ნიკა. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა _ სასიამოვნოდ და უპრეტენზიოდ. არც ზედმეტი კითხვები დაუსვამს ვინმეს და, შესაბამისად, არც პასუხის გაცემა დასჭირვებია. თანაც რა სიამტკბილობა განიცადა?! არ ეგონა, ასე თუ მოეწონებოდა სექსი… თანაც პირველი ღამის სექსი. ეგონა, ტკივილისგან დაიკრუნჩხებოდა. სულაც არა!

ახლა ცოტას წაუძინებს და, როგორც კი გათენება მოახლოვდება, შეუმჩნევლად გაიპარება აქედან… და მორჩა! არავითარი გამოსამშვიდობებელი სიტყვები და ტყუილი შეპირებები, კიდევ ვნახავთ ერთმანეთს და ასე შემდეგ… ორივემ მიიღო ის, რაც ჭირდებოდა. რა საჭირო იყო ზედმეტი სიყალბე?..

სანამ წყალს გადაივლებდა, ბიჭმა თეთრეული გაშალა, მერე კი თავადაც შევიდა სააბაზანოში…

როგორც კი დაწვნენ, ნიკას მაშინვე ჩაეძინა. რუსა დაჰყურებდა მძინარეს და თავისთვის ეღიმებოდა. იგი პატარა, დაუცველ, მიამიტ ბავშვს ჰგავდა, უმანკო პირისახით. გოგონა ცდილობდა, შეესწავლა ეს სახე და დაემახსოვრებინა, ოღონდ, თავადაც არ იცოდა, რისთვის სჭირდებოდა ამის გაკეთება. ქვედა ტუჩზე ბიჭს პატარა, ოდნავ შესამჩნევი ნაიარევი ჰქონდა. ქვემოთ, ნიკაპთან კი, მარცხენა მხარეს, წერტილივით ყავისფერი ხალი. რა საყვარელი ვინმეა… მის სახეს რა დაავიწყებს… არასდროს, არასდროს არ დაავიწყდება, ასი წელიც რომ გავიდეს… რაც უნდა იყოს, ის მისი პირველი მამაკაცია. ასეთი რამეები გონებიდან როგორ შეიძლება წაიშალოს? უცნაური ის არის, რომ გვარიც კი არ იცის მისი. აი, რა არის სამარცხვინო! თავისი პირველი მამაკაცის გვაირ არ იცის… და არამარტო გვარი… ძალიან ბევრი რა არ იცის მასზე… თითქმის არაფერი… სულ არაფერი… იცის მხოლოდ სახელი, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი და… კიდევ ის, რომ ლოგინში არაჩვეულებრივია! ეს არც ძალიან ცოტაა და არც ძალიან ბევრი. ერთი სიტყვით, საკმარისია იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მალე დაივიწყოს.

დაავიწყდება კი? არააააააააა!

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ჯერ კიდევ განცდებში იყო. ბოლომდე მაინც ვერ გაიაზრა, ნანობა თუ არა თავის საქციელს. ან, სულაც, უმანკოების დაკარგვით მოიპოვებდა თუ არა ყველაზე მთავარს _ გურამის სიყვარულს… ვაითუ, ფუჭად ჩაიაროს მისმა «მონდომებამ»…

ზუსტად ექვს საათზე გოგონა ფრთხილად წამოდგა, ჩაიცვა და ბინიდან შეუმჩნევლად გავიდა. ქუჩაში მანქანებიც კი კანტი-კუნტად ჩნდებოდნენ… ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს… რუსკამ თავი სინანულით გადააქნია. წამით მოეჩვენა, რომ ამწუთას ერთადერთი მხოლოდ ის არსებობდა მთელ ამ სამყაროში.....



№1 სტუმარი tiko123

ძალიან მომეწონა,ასე გააგრძელე და მალ-მალე დადე , love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent