შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი


16-05-2016, 21:05
ავტორი tatia27
ნანახია 2 653

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, არც არავის მოუყოლია ჩემთვის და არც წერილის სახით გამოუგზავნია ვინმეს. ეს არის დღიური, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში და რომელსაც ლეიკემიით დაავადებული 28 წლის ქალიშვილი აწარმოებდა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, უცნობი ქალის ვინაობა ბევრს არაფერს მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მისი მოძებნა ამხელა თბილისში ძნელად თუ გამომივიდოდა. არც ის ვიცოდი, რომელ წლებში მოხდა ეს სევდიანი ამბავი _ უახლოეს თვეებში თუ შორეულ წარსულში…

იმდენად დამაინტერესა დღიურში გადატანილმა ისტორიამ, რომ მიზნად დავისახე, ავტორი მეპოვა და მისი შემდგომი ბედი გამეგო. ვითავხედე და… ამ სულის შემძვრელი ამბის გამოქვეყნება დავიწყე. 120-ფურცლიანი დღიური არასრული სახით იბეჭდებოდა, თუმცა ვეცადე, სიუჟეტი არ გაწყვეტილიყო და მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩენოდა. ჩემთვის უცნობი ადამიანის ხელნაწერში სახელებიც კი არ შევცვალე, რითაც კონფიდენციალობის «დაუწერელი კანონი» დავარღვიე:) იმედი მქონდა, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ ვინმე აუცილებლად გამომეხმაურებოდა, რაც ამ იდუმალ ისტორიას ნათელს მოჰფენდა…

დღიურს სოფი სოფრომაძის ფსევდონიმით ვაქვეყნებდი… ისე, მართლა სოფია მქვია:)



ფრაგმენტები დღიურიდან



9 მარტი

დღეს ისევ წავიქეცი ქუჩაში. რა სიკვდილი მემართება, ვერ გავიგე. გადაირია დედაჩემი, საავადმყოფოდან რომ დაურეკეს. ერთი ასნაირი ანალიზი მაინც ამიღეს. ხვალ «ეხოზე» უნდა გამიყვანონ, თუ იქ არაფერი გამოჩნდა, მერე ტომოგრაფია დაგჭირდებაო, მითხრეს. რა ენაღვლებათ ექიმებს, ჩვენ ვიკითხოთ თორემ. ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. ერთ ცინგლიან სისხლის ანალიზში 17 ლარი გადავიხადეთ.

რა შეიძლება მჭირდეს? საშინელ სისუსტეს ვგრძნობ, თავბრუც მეხვევა, ოფლი მასხამს, სიცხე მიწევს, მერე გონება მებინდება და ბრახ! შუა ქუჩაში გავიშოტები ხოლმე. უკვე მესამედ დამემართა ასე. ცოტა არ იყოს, მეც შევშინდი, კიბო არ მქონდეს. მაგრამ რომ არაფერი მტკივა? რაღაც ხომ უნდა მაწუხებდეს? ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ დედაჩემი ვერ გადაიტანს ჩემს სიკვდილს. სხვა ვინ ჰყავთ ჩემებს? მთელი სანათესაო მე შემომყურებს, თითქმის ყველა შინაბერა და ბერბიჭაა ჩვენს გვარში, მამიდაჩემის გარდა. არა, ისე არც მე მინდა სიკვდილი. 28 წლისა რატომ უნდა მოვკვდე? ვნახოთ, რას მეტყვიან ხვალ, ტყუილად რატომ უნდა გადავიწურო იმედი?



12 მარტი

გიხაროდენ! მაგარი დიაგნოზი დამისვეს! სისხლის გათეთრებაზე აქვთ ეჭვი. რა კარგია, არა? ნერვი არ შემტოკებია. დავიღალე კაბინეტიდან კაბინეტში სირბილით, გასინჯვებით, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვებით. როგორ მეზიზღება საავადმყოფო, ექიმები და საერთოდ _ თეთრხალათიანები. ხუთი დღეა აქეთ-იქით დამათრევენ და საერთო აზრამდე მაინც ვერ მივიდნენ. გამაწამეს. ძალიან დავიკელი წონაში. ერთი სულის შებერვაღა დავრჩი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგვწეწეს, მამაჩემს რაც კი ჰქონდა გადანახული, მგონი სულ აქ მოაზიდინეს. ზუსტ პასუხს ორ დღეში გვეტყვიან.



15 მარტი

დღეს საბოლოოდ გადაწყდა და საავადმყოფოში დამაწვინეს. რამდენი ვიტირე! ისე, პალატაში მარტო ვარ, საკმაოდ მყუდრო ოთახია, ორადგილიანი. მეორე საწოლი დედაჩემმა დაიკავა. მთელი დღე გვერდით მიზის, ერთი წამით არ მშორდება, მაგრამ ღამით არაფრის დიდებით არ გავაჩერებ, მარტო ყოფნა მირჩევნია. ყოველდღიურ ფულს არ გადავიხდით, მამაჩემს სამსახურმა გაუკეთა უფასო მომსახურება. ეგეც საქმეა. მინიმუმ ერთი თვე მომიწევს აქაური კედლების «ხეხვა». თან რა უცნაური სუნი დგას დერეფანში, განსაკუთრებით საპირფარეშოს კართან. ასეთი სუნი მარტო საავადმყოფოში იცის. სწორედ ამას გამოვყავარ წყობილებიდან. გული მერევა. უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. კი მეუბნებიან, საწყისი სტადიაა და საშიში არ არისო, მაგრამ მაგათი არ მჯერა, ალბათ ჩემს გასამხნევებლად იძახიან. განყოფილების გამგემ ისეთი შესავლებით შემაპარა ჩემი დიაგნოზის ამბავი, თითქოს სამძიმარს მიცხადებდა. ეგონა კივილს დავიწყებდი. მშვიდად შევხვდი მის ნათქვამს. რა ვქნა, არ მჯერა, რომ მოვკვდები. ასე მგონია, სულ ცოცხალი ვიქნები. იქნებ ცდებიან კიდეც? განა ერთხელ და ორჯერ შემცდარან დიაგნოზის დასმაში? მაგრამ თმის ცვენა რატომ დამეწყო? უნდა გადაგპარსოთ, ასე აჯობებს, უკეთესი თმა ამოგივაო. ეს კი ნამდვილად არ მომეწონა. ერთი ცოტა რომ გავშინაურდები და აქაურობას კარგად ავითვისებ, ჩემი ისტორია უნდა მოვიპარო და წავიკითხო, სინამდვილეში რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა. მამუკასაც ლეიკემია არ სჭირდა? ერთ თვეში მოუღო ბოლო. ვაიმე, არა! არ მინდა სიკვდილი და რა ვქნა! რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მემატება შიში, სიკვდილის შიში. ამის დედაც, ჯეკ! ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ, რა დროს ეგაა! ჯერ რა ვნახე ცხოვრებაში? ყველა სიკეთესთან ერთად ქალიშვილიც ვარ. კაცის უნახავი როგორ წავიდე ამ ქვეყნიდან? თან როგორ მინდა ვინმე მიყვარდეს. მინდა, მინდა და მინდა. ორი წელია ამაზე ვოცნებობ. რაც ლაშას დავშორდი, არავისკენ გამიხედავს. მას მერე ყველა კაცი არარაობად მეჩვენებოდა. მერე კი გადამიარა ნელ-ნელა, მაგრამ ჩემი მოსაწონი მაინც ვერავინ ვნახე. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ ხომ ჩავდგამდი ვიღაცის ცოდვაში ფეხს, ხომ გავაუბედურებდი ვიღაცას?



16 მარტი

თურმე ტყუილად არ ვლაპარაკობდი სიყვარულზე. მკურნალი ექიმი ისეთი დამინიშნეს, სულ გადამავიწყდა შენი ლეიკემია. დღეს დილით ისეთი ნიკა ექიმი შემოვიდა ჩემს პალატაში, რომ მთხოვოს, არც კი დავფიქრდები, ისე დავუწვები. აუ! ასეთ კაცზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ძალიან მაგარია, ძალიან! ნიკა ექიმი! რა თითები აქვს! სანთელივით ჩამოქნილი. საწოლზე ჩამომიჯდა, ღამის პერანგი ამაწევინა, გამსინჯა… სულ მაჟრჟოლებდა, ხელს რომ მაჭერდა მუცელზე. არ დავმალავ და ნამდვილი ნირვანა განვიცადე. რა იქნება, ჯანმრთელი ვიყო! ამას კი მოვაწონებდი თავს, მაგრამ რად გინდა! სნეული ვის რაში ვჭირდები. ავადმყოფობაც არის და ავადმყოფობაც! ისე, საბანი ბოლომდე რომ გადამხადა, მზერა ჩემი ფეხებისკენ გაექცა. რა იფიქრა არ ვიცი, მაგრამ მისი დასაწუნი ფეხები ნამდვილად არ მაქვს. თავის დროზე მოდელობაც კი მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა დამიშალა, შვილი ბისთვის არ გამიზრდიაო. მოდელს ბოზთან რატომ აიგივებს, არ ვიცი, ვერ გავიგე. შიშველ ფეხებს პოდიუმზე რომ აპლაკავ, მაგას სხვა სახელი არ ჰქვიაო, მიმტკიცებდა. ოღონდ, სად და ვისი ფეხები ნახა პოდიუმზე აპლაკული, არც ეგ ვიცი. ასეთი უცნაური კაცია. მეც დავანებე თავი და ისევ ჩემს უცხო ენებს მივუბრუნდი. აღარ მინდა ახლა ამის გახსენება. ჯობია შუქი ჩავაქრო და ნიკაზე ვიფიქრო. მომწონს.



19 მარტი

დღეს ვიღაც პროფესორი მომიყვანეს. ისტორიას გადახედა, მერე გამსინჯა, რაღაცები გამომკითხა, ექიმების დანიშნულებას კიდევ სამი წამალი დაამატა, 50 ლარი ჩაიჯიბა და გაშპა. რამდენი ფული მიდის წამლებში! ეს რაღაც ანტიბიოტიკი, წვეთოვანით რომ «მისხამენ» ვენაში, ერთი ფლაკონი 76 ლარი დაჯდა. არადა, დღეში ორი გადასხმა მჭირდება. გაგიგონია?! მამას კრედიტი აუღია ბანკიდან. მე სულ ნატალიას თვალებს ვაკვირდები, დედაჩემს თვალებში ვატყობ, რა ხასიათზეა, მის მზერაში ადვილად ვკითხულობ, საგანგაშოა სიტუაცია თუ სანუგეშო. გუშინდელთან შედარებით მშვიდად მეჩვენა. დაწყნარებული სახე ჰქონდა. სხვათა შორის, მამაჩემსაც. უფრო გამოცოცხლდა, გამხიარულდა. ანეკდოტიც კი მომიყვა სვანებზე. ალბათ ძალიან დააიმედეს ექიმებმა.

მნახველების ვიზიტს ვერ აუდიან ორივენი. მე კი დავიღალე. არავის ნახვა არ მიხარია, ხმაურს და ლაქლაქს ვეღარ ვიტან, აქ გაახსენდება ყველას ყველაზე ჭორი თუ მართალი, მოაღებენ პირს და მთელ ქალაქს ენის წვერზე მოიქცევენ ქაქანით. მარტო ნიკას დანახვისას გამიბრწყინდება ხოლმე თვალები. თუმცა მისი ხმის გაგონება კი არ მამშვიდებს, პირიქით, სულს მიფორიაქებს. პალატაში რომ შემოვა, მაშინვე გული გამინათდება. რა ვუყო, მომწონს ეგ ოხერი და ჩემი ბრალია? რა დედამ გაგაჩინაო, რომ იტყვიან, ისეთია. თვალებში შეხედვის მეშინია, თხასავით გავიყიდები. ისეთი ყოვლის მთქმელი მზერა მაქვს, ეგრევე წაიკითხავს დაკვირვებული თვალი ჩემს სახეზე: «მინდა!» რა კაია?! რომ იცოდეს, ალბათ სასაცილოდ არ ეყოფა. არადა, მართლა რა კარგია ეს საძაგელი!

შავგვრემანი მამაკაცები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ამან გადამრია! თითქოს დიდი «ვაიმე და რა ვნახე» არ არის, მაგრამ რაღაც ვიგრძენი შიგნიდან, თითქოს სული შემიტოკდა. ძალიან ოფიციალური იერი აქვს, როცა ვინმეს ელაპარაკება, მკაცრი გამოხედვა, მაგრამ გაიღიმებს თუ არა, სახე მაშინვე ეცვლება, ისეთი თბილი გაუხდება გამოხედვა, ლამისაა ჩავყლაპო, თითქოს ცა გაიხსნაო. ვაიმე, ძალიან საყვარელია, ძალიან! წუხელ მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. კი არ ვფიქრობდი, ვოცნებობდი, როგორ შევაყვარებდი თავს, როგორ ამიხსნიდა სიყვარულს, როგორ მაკოცებდა, მერე კიდევ როგორ გემრიელად… ვაი ჩემს თავს, რაზე ვფიქრობ! ერთი დედაჩემს წააკითხა ეს დღიური! მიმკურნალებს კი არა, პირდაპირ ფანჯრიდან გადამიძახებს ამ რვეულთან ერთად. აი, რა ფიქრებითაა გართული მისი პატიოსანი ქალიშვილი!



25 მარტი

მარცხენა მკლავი მტკივა. გადასხმებისგან სულ ჩამილურჯდა. მძულს ეს სისტემა, ატანა არა მაქვს. ის დარეჯანია თუ ვიღაცა, ნამდვილი ხისთავიანია, ისე ცუდად პოულობს ვენას, რომ პირდაპირ არ ვიცი! სულ დამჯიჯგნა. მეც საბაბი მომეცა და ეგრევე შევაჭერი ნიკასთან, ვინმე სხვამ გამიკეთოს ნემსი-მეთქი, თან ვენები ვაჩვენე. კოპები შეიკრა, შეწუხდა, მკლავზე ხელი წამავლო და ნანემსარებს ყურადღებით დააკვირდა. თითქოს პირველად ნახა, მისი ექთანი როგორ შედის ვენაში. მერე მითხრა, დღეიდან მე თვითონ დაგიდგამ სისტემასო. რა ვიცი, ასე შემპირდა. მეც მეტი რა მინდოდა. რა გავიხარე! ძაან ძაან კმაყოფილი გამოვედი მისი კაბინეტიდან. მალამოსავით მომეცხო გულზე მისი დაპირება. ახლა ყოველ დილით კი არა, ყოველ საათში რომ მჩხვლიტოს ნემსებით, ხმის ამომღები ვარ? სხვანაირად ვინ მაღირსებდა ნიკას უფრო ხშირად ნახვას? განსაკუთრებით ღამით რომ მორიგეობს ის მიხარია. შემოვა, დამხედავს, მეც შევიყოლიებ ხოლმე საუბარში და კარგა ხანს ვჭუკჭუკებთ გუგულებივით. დედაჩემს ხომ, შანსი არ არის, ღამით არ ვტოვებ, მარტო ყოფნა უფრო მსიამოვნებს. ერთადერთი ის არ მომწონს, რომ თმა უნდა გადამპარსონ. ამას ვერ ავცდი. არადა, დილიდან ისე ვიპრანჭები მე საცოდავი, თითქოს წვეულებაზე მივდიოდე. მაკიაჟის «სრულ პაკეტს» ვიდებ სახეზე. ნეტავ რისი იმედი მაქვს ან რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? სხვა რა დამრჩენია, ასე მაინც გავახარებ ჩემს ჭიას.



28 მარტი

ახლა თავხოტორა გოგო ვარ. «კასინკა» წავიკარი. ისე, მგონი მიხდება კიდეც. რა ლამაზი თავის ფორმა მქონია თურმე, არც ვიცოდი. თვალებიც იმხელა გამომიჩნდა, ანჯელინა ჯოლისაც კი შეშურდება, რომ მნახოს. რას ვიქებ თავს, არა? ისე, დღეს რაღაც უგუნებოდ ვარ, მგონი ისევ მიწევს სიცხე. ორი დღეა, ტემპერატურა ნორმაზე დადგა, ახლა კი ისევ რაღაც სიმპტომებს ვატყობ ჩემს თავს. არ მინდა ასე. სულ ცუდად უნდა ვიყო? შეიძლება გავცივდი, თმა რომ დამისველეს. რას გაიგებ.

ნიკას ველოდები. ახლა შემოვლა დაიწყება და შემოუძღვება ექიმების მთელ ჯარს. მერე წვეთოვანს დამიდგამს, მაჯაზე ხელს წამავლებს და «საქმიან პროცედურას» რომ მორჩება, გამიღიმებს მისებურად. სწორედ მაშინ მავიწყდება ყველა პრობლემა, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვარ. მგონი მიყვარს. ჩემი რა მიდის, მაინც ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია, მიყვარდეს რა! მთლად უინტერესო ცხოვრებას და უაზროდ გარდაცვალებას ცალმხრივად შეყვარებული მოვკვდე, ის მირჩევნია. თუ ასე წავიდა საქმე, დედაჩემს ვთხოვ, ეს დღიური მას წააკითხოს. იცოდეს, როგორ ვფიქრობდი მასზე. არა, არა, ცოდოა, მთელი ცხოვრება ვერ მოინელებს მერე ამას. არ არის საჭირო.



5 აპრილი

ბევრად უკეთესად ვარ. იქნებ სიყვარულის ბრალია? შინაგანად ვებრძვი ჩემს ავადმყოფობას. ახლა უფრო მომეძალა ცხოვრების წყურვილი. «ნიკა ექიმსაც» ისე უხარია ჩემი ჯანმრთელობის «წინსვლა», რომ ემოციებს ვერ მალავს. ყოველ შემოსვლაზე მეკითხება, ნათი, როგორ ხარ? ძალიან გამიშინაურდა. ისეთი ოფიციალური აღარ არის. ცოტა წონაშიც მოვიმატე. ჭამას მოვუხშირე და იმიტომ. პირველ დღეებში საერთოდ არ ვეკარებოდი საჭმელს, მერე ნიკამ დამტუქსა, ასეთი რამეები მეორედ აღარ გამაგონოო და მეც მისი ხათრით მივეძალე და მივეძალე საჭმელს. დედა ყოველდღე ნაირ-ნაირებს მიკეთებს. სხვებსაც მოაქვთ. მთელი ნათესაობა ზედ დამკანკალებს, ოღონდ მე რამე მოვისურვო. ჰემოგლობინიც მომემატა. ფერიც ნელ-ნელა დამიბრუნდა, ცვილივით ფერმკრთალი აღარ ვარ, მაგრამ გაწერაზე ჯერ უარს მეუბნებიან. არც მინდა. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ ნიკას ზედამხედველობის ქვეშ, თუნდაც მთელი სიცოცხლე. როგორ შევეჩვიე. შაბათ-კვირას, როცა ისვენებს, ჭკუაზე არ ვარ, ისე მენატრება. დიდის ამბით ველოდები ორშაბათს, ერთი სული მაქვს, როდის შემოაღებს პალატის კარს და როდის მეტყვის _ აბა, ნათი, როგორ ვართ, ხომ არ მოიწყინე? მეც რაც შეიძლება სევდიანი გამომეტყველებით შევხედავ და მიკნავებული ხმით ვცემ პასუხს, მაგრამ გავა თუ არა, სახეგაბადრული მივესვენები ხოლმე ბალიშზე. ნეტავ არასდროს არ გამწერდეს. ბედნიერი ვიქნები, მის ხელში თუ დავლევ სულს. ბოლო წუთებში მაინც ჩავხედავ თვალებში ისე, როგორც მე მინდა, რომ ყველაფერს მიხვდეს.



18 აპრილი

მთელი დღეა საშინელ ხასიათზე ვარ. დილით, შემოვლა რომ დამთავრდა, დერეფანში გავედი, ყოველ წუთს დედაჩემს ველოდი და ვიფიქრე, შემოსასვლელთან დავხვდები-მეთქი. საორდინატოროს კარი, როგორც ყოველთვის, ღია იყო და მეც ჩვეულებისამებრ შევიჭყიტე, რათა კიდევ ერთხელ შემეხედა ნიკასთვის. კი შევხედე, მაგრამ ვაი ამ შეხედვას! ის ერთი გადაპრანჭული ექიმი რომ არის, ელისო თუ რა სიკვდილი ჰქვია, ყელზე ჰყავდა ჩამოკონწიალებული და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ის სტერვაც ტკარცალებდა და ტკარცალებდა უშნოდ. როგორ ვერ ვიტან მაგ ქალს. თავიდან ფეხებამდე გავფითრდი, ბოღმისგან გული ყელში მომებჯინა. ისედაც ვერ ვიტანდი, ახლა კი მთლად შემძულდა. დანახვის დღიდან ავითვალწუნე, ალბათ გულმა მიგრძნო. რას ჰგავს! ერთი შეღებილი აყლაყუდა ქალია, ორმოცის მაინც იქნება თუ მეტის არა. დიდი მკერდი აქვს და გრძელი ფეხები. თავისი ასაკისთვის შეუფერებლად აცვია. გოგოშკასავით მოკლე კაბაში გამოწკეპილი შემოპლაკუნდება ხოლმე პალატაში და კაი დაქალივით მომიკითხავს. ნეტავ რაში მჭირდება მაგის მოკითხვა! როგორ გავბოროტდი. რას ვერჩი, რა მინდა. ცუდი რა გაუკეთებია ჩემთვის? უბრალოდ ის ვერ ავიტანე, ნიკას მკლავებში რომ იყო ჩაგორებული. აბა რა მეგონა! ამისთანა კაცზე რომ ნადირობა იქნებოდა გამოცხადებული, დიდი მიხვედრა სჭირდებოდა? ამაში დარწმუნებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ მაინც გამიტყდა. ისე ვინერვიულე, მთელი დღე საჭმელიც კი არ მიჭამია. ასე ჩემი ავადმყოფობა არ განმიცდია. დედაჩემმა ბოლოს ტირილი დაიწყო, ჩემი სიკვდილი გინდაო? შემეცოდა და მისი ხათრით ცოტა წავიკიკნე, თორემ სულ არ ვიყავი მაგის ხასიათზე. დღეს გადასხმაც არ მიწევდა, გუშინ მომიხსნეს, რამდენიმე დღე დავასვენოთო. მარტო ნემსები დამიტოვეს და აბები. ამიტომაც ნიკა დილის მერე არც ერთხელ არ შემოსულა პალატაში. ამაღამ რა დამაძინებს! ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი ამქვეყნად.



25 აპრილი

როგორც იქნა, წყენამ გადამიარა და ნიკაზე გული მომიბრუნდა. იმიტომ, რომ ძალიან მოწყენილი მეჩვენება ბოლო სამი დღეა. ვფიქრობ, რაღაცაზე ნერვიულობს. ისე მინდა გული გადავუშალო, რომ პირდაპირ არ ვიცი. სიყვარული თუ არ გამოვა, მეგობრობას რა დაუდგება წინ? მე ამაზეც თანახმა ვარ. ისე ვამბობ ამაზეც კი-მეთქი, თითქოს ეს ცოტა იყოს და ადვილად მისაღწევი. ზეგ მორიგეა. თუ ღამით შემოვა და დამხედავს, იქნებ შევიტყუო საუბარში. მის დანახვაზე უკვე გული მიმდის. ნეტავ მალე მოვკვდებოდე, რომ ჩემს ამ ორმაგ ტანჯვას დროზე მოეღოს ბოლო.



28 აპრილი

ეს დღეები არაფერი დამიწერია. რატომღაც ხელები დამიბუჟდა და პასტის ხელში დაჭერაც კი ვერ შევძელი. რაღაც წამალს დააბრალეს და სასწრაფოდ მომიხსნეს. რა საშინელებაა ეს ფარმაკოლოგია. თუ პრეპარატი ერთ რამეს შველის, მეორეს აფუჭებს, ანუ მინდოდა მეთქვა, რომ უკუჩვენებები აქვს, გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

სწორედ იმ ღამეს დამეწყო ხელ-ფეხის დაბუჟება, ნიკა რომ მორიგე იყო. შუაღამემდე საწოლთან მეჯდა, მასაჟიც კი ჩამიტარა თითების. რა მესიამოვნა! ვენაცვალე! ვგიჟდები ამ კაცზე! ახლა უკვე თამამად ვუსწორებ თვალს, სულაც არ მენაღვლება, ჩემს გრძნობებს თუ მიმიხვდება. ბევრი ვისაუბრეთ. ლამის იყო, თავზე დაგვათენდა. ერთი-ორჯერ გავიდა, სხვა პალატებშიც შევივლი, ვინმეს რამე ხომ არ სჭირდებაო და კვლავ ჩემთან დაბრუნდა. იქნებ მოვწონვარ კიდეც, თუმცა არაფერს მაგრძნობინებს. გიჟივით მიხარია, რომ მახსენდება. შენ რა ჭკვიანი გოგო ყოფილხარო, ბოლოს მითხრა. ლამაზი რომ ხარ, ბაზარი არ არის, მაგრამ მაგრამ ეგ კოხტა თავი თუ ასეთი ტვინით გექნებოდა გამოტენილი, არ მეგონაო. ამიერიდან მე შენ «ტვინიერ» გოგოს დაგიძახებო. ლამაზი და ჭკვიანი ქალი ერთდროულად პირველად ვნახეო. და ეს ტვინიერი გოგო თვინიერიც თუ იქნება და დამიჯერებს, ყველაფერი კარგად იქნებაო. კინაღამ ცეკვა დავიწყე საწოლში. მერე მოვიდა, შუბლზე მაკოცა, ძილი ნებისა მისურვა და ოთახიდან რომ გადიოდა, დოპინგად ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. ლამის იყო, ვიკივლე, ისეთი ბედნიერი ვიყავი.



4 მაისი

თითქმის ორი თვეა აქ ვარ. მეგონა ამ კვირაში გამწერდნენ და გული მისკდებოდა, ნიკას ყოველდღე ვერ ვნახავ-მეთქი, მაგრამ დილას შემოვიდა და ახალი ამბავი ახარა დედაჩემს. გერმანელი ექიმები ჩამოდიან სპეციალური პროგრამით და უფასო მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებსო. მერე შეარჩევენ რამდენიმეს და გერმანიაში წაიყვანენ სამკურნალოდო. ჩემი თავი ჯანდაბას, მე რაღაც მაინც ვნახე ცხოვრებაში, მაგრამ პატარა ბავშვებიც რომ არიან სისხლის გათეთრებით დაავადებულნი? მე კაი, დავუშვათ, ცოდვილი ვარ, იმათ რაღა დააშავეს? ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!

დედაჩემს ისე გაუხარდა, ხან ტიროდა, ხან იცინოდა. ნუთუ ასე ცუდად არის ჩემი საქმე? არანაირი წინათგრძნობა არ მაწუხებს. ხომ ამბობენ, გული მიგრძნობს, რომ მალე მოვკვდები ან რაღაც უბედურება მელის და ა.შ. მსგავსი რამ არ მქონია. ისე, შიში კი დამჩემდა. რა მოხდება, როცა მოვკვდები? ნუთუ მართლა არსებობს ის ქვეყანა? სამოთხე, ჯოჯოხეთი? ნუთუ მართლა სამსჯავროს წინაშე უნდა წარვდგე? ნეტავ ყველაზე მძიმე ცოდვად რას ჩამითვლიან? მაგრამ ამის ნაკლებად მეშინია. კაცი მე არ მომიკლავს და ცირკის წინ მე არ ვმდგარვარ, თუმცა ცოდვა ცოდვაა. რაც მე ტყუილი მითქვამს დედაჩემისთვის…

მე უფრო ის მაშფოთებს, ვაითუ არც არაფერი არსებობს. ყველაფერი სიკვდილით რომ დამთავრდეს და კუბოს მიწაში ჩარახუნებით, მერე? რა იქნება მერე? ნუთუ არაფერი? გაქვავდები, გაიხრწნები და ქვესკნელში ჩალპები. სულ ბოლოს კი მიწად იქცევი. რა საშინელებაა! მაგრამ სული? სული ხომ ეყრება სხეულს? იქნებ სულს ჰქონდეს იმდენი ძალა, რომ ფიქრი მაინც შეძლოს? იფრინოს, მისთვის საყვარელი ადამიანები მოინახულოს ან სულაც ვიღაცის სხეულში ჩასახლდეს? არ ვიცი, არ ვიცი. თუ ჩემი ნააზრევით რამეს ვცოდავ, ღმერთმა შემინდოს. რა ვქნა, არ ვარ ისეთი მორწმუნე, მუხლის ჩოქვით გარს რომ უვლიან ეკლესიას და კედლებს რომ ჰკოცნიან. არც მოძღვარი მყავს და არც მარხვა დამიცავს არასდროს, აღსარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ ღმერთი მწამს, მართლა მწამს, ოღონდ ჩემებურად. ხშირად დავდივარ ქაშუეთში და სანთლებს ვანთებ. სულ მგონია, რომ მე მამაზეციერისთვის გამორჩეულად ურჩი შვილი ვარ, რომელიც არაფერს უჯერებს, ცელქობს, ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ მაინც საყვარელია. ასეთი შვილები ხომ უფრო უყვართ მშობლებს და ყველაზე მეტს ჰპატიობენ მათ. შეიძლება დიდი დებილობა ვთქვი, მაგრამ ასე მაქვს გონებაში ჩაჭედილი ეს აზრი დღემდე იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერში მიმართლებს. ღმერთი ყველა განსაცდელის დროს მიცავს, მხსნელად მევლინება ხოლმე. რაც კი ოდესმე მითხოვია მისთვის, ყველაფერი შემსრულებია. მართალია, ზოგი ძნელად, ზოგიც ადვილად, მაგრამ ხომ შემსრულებია? თუმცა არც დასჯას მაკლებს. საკმარისია, რამე მივქარო, ეგრევე რაღაც ფორმით ვისჯები. ამასაც ვგრძნობ. გამოცდაც ხშირად მოუწყვია ჩემთვის. იქნეს ეს ავადმყოფობაც მორიგი გამოცდაა? თუ იმდენად ვუყვარვარ, რომ თავისთან უნდა წამიყვანოს? იქნებ ვერ ძლებს უჩემოდ?

თუ გადავრჩი, აუცილებლად გავხდები ეკლესიური.



7 მაისი

სულ ნიკაზე ვფიქრობ. მაგრად დავმეგობრდით. ისეთი გულახდილია ჩემთან, თითქოს ბავშვობის მეგობრები ვიყოთ. უზომოდ მიხარია. შეყვარებული არ ჰყოლია. ვერ ვიტან, როცა ქალები თვითონ აქტიურობენ, ლამისაა ზედ შემოგახტნენო, გული გადამიშალა. მე ამას ნამდვილად ვერ დამაბრალებს, მაგრამ დღეს ისეთი «შტუკა» გავუკეთე, რომ… ეს წუხელ მოვიფიქრე. დილით დერეფანში დავხვდი სამსახურში მოსულს და შევჩივლე, ეს დღეებია მკერდი მეწვის-მეთქი. სახე შეეცვალა. ორ წუთში შემოვალო, მითხრა. ხელები გავასავსავე. იქნებ საღამომდე გადავდოთ, არ მინდა დედაჩემმა გაიგოს, შეეშინდება-მეთქი, ვთხოვე. კარგიო, შემპირდა. ნუ გეშინია, საშიში არაფერი იქნება, ალბათ გაცივდიო. ამ სიტყვებით გამეცალა. რას იფიქრებდა, თუ ვიტყუებოდი. მისი თითების შეხება მომენატრა მხოლოდ, მეტი არაფერი. თანაც მკერდი მაქვს ისეთი მგრძნობიარე, ოდნავაც რომ შემეხოს ვინმე ან შემთხვევით გამეხახუნოს, ტანში მბურძგლავს. მით უმეტეს, საყვარელი ადამიანი…

საღამოს ცხრაასჯერ მაინც შემოიხედა, სანამ სახლში წავიდოდა, მაგრამ დედაჩემის გამო ვერაფერი მითხრა. ბოლოს, როგორც ჩანს, მოიფიქრა, თავი შემოყო პალატაში და ექიმისთვის დამახასიათებელი ტონით მითხრა, ნათია, ერთი წუთით წამომყევით კაბინეტში, გერმანელებისთვის ანკეტა უნდა შევავსოთო. ამის გაგონებაზე დედას გული აუჩუყდა და დაიწყო უცხოელი ექიმების დალოცვა თავისებურად, რა თქმა უნდა, ნიკაც «ზედ მიაყოლა».

ფეხდაფეხ მივყევი. განყოფილების გამგის კაბინეტი გააღო და წინ გამატარა. დივანზე წამომაწვინა და პერანგი ამაწევინა. სანამ სკამს მოიტანდა და დაიდგამდა, ერთი გემოზე შემათვალიერა თითქმის შიშველი. შემაჟრიალა. დაჯდა და მკერდზე დამაშტერდა, აბა მაჩვენე სად გტკივაო. ამ დღეებში მენსტრუაციას ველოდები და მკერდი ქვასავით მაქვს გამაგრებული, ამიტომ თამამად ვუთხარი, მარცხენა ძუძუ მთლიანად მტკივა-მეთქი. მარცხენა ისედაც უფრო დიდი მაქვს, ვიდრე მარჯვენა. ჯერ ფრთხილად შემეხო, თითებით ჯირკვალი მოსინჯა. მე თვალები მივლულე, ისე დამიარა სხეულში სასიამოვნო ტალღამ, მერე მეორე ხელიც შეაშველა და ორივე ძუძუ ერთდროულად «მოირგო» ხელებში. კინაღამ კვნესა აღმომხდა. იმწუთას რამე რომ ეკითხა, ალბათ პასუხს ვერ გავცემდი, ისეთ დღეში ვიყავი. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ მისი თითების მოძრაობა გასინჯვას აღარ ჰგავდა… მივხვდი, რაღაც სხვა ხდებოდა და უცებ გავახილე თვალები. ერთმანეთს შევხედეთ. სახე აშკარად არეული ჰქონდა. შიშმა ამიტანა. არადა, ასე მეგონა, სურვილი რომ გასჩენოდა, რომ მოენდომებინა, ეგრევე დავნებდებოდი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, სულ სხვანაირად შევხვდი ამ ამბავს. ჩემი დაძაბულობა მაშინვე შეამჩნია და ოდნავ შეცვლილი ხმით, მაგრამ მაინც მშვიდად მითხრა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ გინეკოლოგს მაინც გამოვიძახებ, რომ დაზღვეული ვიყოთ გართულებებისგანო. ახლა უარესად შემეშინდა, მაგრამ არ დავიბენი. ვუთხარი, თვიურის წინა პერიოდი მაქვს, იქნებ ამის ბრალია, დაველოდოთ, რა იქნება-მეთქი და წამოვჯექი.

ლამაზი სხეული გაქვსო, მითხრა უცებ. სახე წამომენთო, გავხურდი. შევხედე. ყველაფერი შუბლზე მეწერა. გაკოცოო? _ მკითხა. თავი დავუქნიე და თვალები ისევ დავხუჭე.

მაკოცა, მაგრამ რა მაკოცა, ლამის იყო, გონი დავკარგე. ხელები კისერზე მოვხვიე, წამოვდექი და პირდაპირ მუხლებზე დავუჯექი. ჩამიხუტა, ისე მომიჭირა ხელები, ძვლები გამიტკაცუნდა, მერე ყელზე გადავიდა. არ ვიცი, მას ჰქონდა ასეთი ცხელი ტუჩები თუ მე გამიცივდა სხეული ნერვიულობისგან, მაგრამ საოცარ ნეტარებას ვგრძნობდი მისი კოცნით. მერე საფეთქლებზე მოვავლე ხელები და მისი ტუჩები პირდაპირ ჩემს «მტკივან» ძუძუებს «მივაყენე». ისე ნაზად შემეხო, ისე ნაზად, თვითონ არ ვიცი, როგორ ავკვნესდი. ალბათ ეშინოდა, მკერდი არ ვატკინოო. არ მინდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ მივხვდი, რომ უკვე ძალიან უჭირდა თავის შეკავება და როგორც იქნა, მოვიშორე თავიდან. თან მეშინოდა, დედაჩემს არ დაეწყო ჩვენი ძებნა. სახე სულ აწითლებული მქონდა. ნიკამ მითხრა, ცოტა გადაგიაროს და მერე წადიო, მაგრამ მაინც არ დავიცადე. რომ მეგონა, საუკუნე გავიდა-მეთქი, დედას გაუკვირდა, ასე უცებ მორჩით ანკეტის შევსებასო? აი თურმე რა ყოფილა წუთიერი სიამოვნება.



8 მაისი

დილიდან გულის ფანცქალით ველოდი ნიკას გამოჩენას. შემოვლაზე უკლებლივ ყველა ექიმი შემოლაგდა მის გარდა. გულზე მომხვდა. რატომ? ხომ არ ნანობს წუხანდელ ამბავს? მე ხომ არ მიბრაზდება? იქნებ ეს უბრალო დამთხვევაა და ტყუილად ვნერვიულობ?

როგორც კი ექიმები გავიდნენ, მაშინვე დერეფანში გავვარდი. საორდინატოროში არავინაც არ იყო. განყოფილების გამგის კაბინეტის კარის სახელურიც კი ჩამოვწიე, მაგრამ დაკეტილი დამხვდა, თუმცა ნაკლები ალბათობა იყო, იქ დამხვედროდა. ის იყო, გადავწყვიტე პალატები დამევლო, რომ ლიფტიდან გამოვიდა. ეგრევე ცეცხლი მომეკიდა ლოყებზე, პულსი მგონი ორასს ურტყამდა. იმანაც დამლანდა შორიდან, ვიგრძენი. გატრიალებას და «ვითომ ვერ დავინახეს» აზრი აღარ ჰქონდა. გზა გავაგრძელე. ერთმანეთს რომ გავუსწორდით, ნაბიჯი შევანელე, მაგრამ… ცივად მომესალმა და ისე ჩამიქროლა, თითქოს ვიღაც რიგითი პაციენტი ვყოფილიყავი. სუნთქვა ისე შემეკრა, კინაღამ ნერწყვი გადამცდა სასულეში. ეს რა ქნა? რატომ მოიქცა ასე? რას ნიშნავს მისი საქციელი?

პალატამდე ძლივს მივაღწიე. ლოგინში შევძვერი და კედლისკენ გადავტრიალდი. დედაჩემი რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კი არაფერი მესმოდა, არც მსურდა არაფრის გაგონება. მთელი დღე ჩამეშხამა. ამას ველოდი? მეგონა პირველი შემოვარდებოდა პალატაში, ღიმილით და სითბოთი მომიკითხავდა, ხელს ხელზე მომიჭერდა, თვალს ჩამიკრავდა. ამან კი… ნასვამი ხომ არ იყო-მეთქი, ან კაიფში. აბა სხვა რა უნდა მეფიქრა, სანანებელი რა ჩაიდინა? დღის განმავლობაში ერთხელ არ შემოიხედა. გადასხმაც ნუცამ გამიკეთა, მთავარმა ექთანმა. საშინელ ხასიათზე ვარ. დედაჩემიც დავცოფე, რამდენს მერატრატები-მეთქი. ტვინი შემიჭამა, რატომ ხარ მოწყენილი, ნამდვილად რაღაც გტკივა და არ მეუბნებიო, მთელი ორი საათი ტიროდა. ისედაც ნერვები მქონდა მოშლილი, მთლად მომშხამა. მეზიზღება ყველა და ყველაფერი.....



№1 სტუმარი m

tuuaqvs gagrdzeleba dadegtxov davinteresdi

 


№2  offline წევრი tatalia

საინტერესოა ♡ იმედია გრძელდებააა

 


№3  offline წევრი tatia27

ki aucileblad gagrzeldeba, cin saintereso ambebi gelit :-)

 


№4 სტუმარი Manana

Dzalian saintereso ambavia da sulshi chamwvdomi tu sheidzleba male dade gagrdzeleba kai

 


№5 სტუმარი nia

Gtxov cota meti atvirte lomkashi damtove rasac kvia...

 


№6 სტუმარი matilda

ikneb avtoric migetitebina vinaa ase ro miitvise daukitxavad.avtori sveta kvaracxeliaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent