ზამთრის ზღაპარი (სრულად)
მარტოობა - სიტყვა რომელიც ასე აშინებს ბევრს. მარტოობა - ის, რისი განცდაც არ უნდა არავის. სულელო მოკვდავებო... იცით რას ნიშნავს ფიზიკური მარტოობა 14 წლის ბავშვისთვის, რომელიც ლოთი მამის და ნარკომანი დედის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა? იცით რას ნიშნავს ფიზიკური მარტოობა 14 წლის მოზარდისთვის, ვისი პატარა, მუდამ მოშიმშილე სხეულიც დაბადებიდან მშობლების ნეგატიური ენერგიის გამოსვლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა? იცით რა სამოთხეა ფიზიკური მარტოობა 14 წლის მოსწავლისთვის, რომელიც ჩუმად ისმენს მასწავლებლის ახსნილს, რადგან სკოლაში სასიარულოდ არც ფული აქვს და არც მისცემენ ნებას ე.წ. მშობლები, რადგან მერე მათ ლოთ და ნარკომან "მეგობრებს" ვერავინ მოემსახურება? -როგორ უძლებ ამას?- ჰკითხა ერთხელ მეზობლის ქალმა. -მტკივა და ეს ტკივილი მაძლებინებს. არ მაძლევს საშუალებას გავითიშო. ჩემი სისუსტე სიძლიერედ ვაქციე,- აიჩეჩა მხრები მოზარდმა. მეზობლებიდან ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მშობლები ბავშვის სხეულ ყიდდნენ კიდევ ერთი დოზისთვის ან ერთი ჭიქა იაფფასიანი არაყისთვის. არავინ იცოდა რა ფასად უჯდებოდა შენარჩუნებული სისუფთავე 14 წლის ბავშვს. ცემა. დაცინვა. სხვადასხვა საკმაოდ უსიამოვნო ადგილას მუშაობა. მაგრამ ის ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც არავინ შეხებოდა და დაეტოვებინათ ფიზიკურად მარტო. ... მარტოობა - სიტყვა რომელიც ასე აშინებს ბევრს. მარტოობა - ის, რისი განცდაც არ უნდა არავის. სულელო მოკვდავებო... იცით რას ნიშნავს სულიერი მარტოობა 22 წლის ბიჭისთვის, რომელმაც თავისი მეორე ნახევარი დაკარგა? იაკო მის გვერდით იყო ბაღიდან. ბაღის საწოლი, სკოლის მერხი თუ უნივერსიტეტის მოხატული მაგიდა იაკოს და გიოს ყოველთვის საერთო ჰქონდათ. არასოდეს არავის გაჰკვირვებია მათი ერთად ყოფნა, რადგან ყველამ იცოდა, თუკი ერთი მის წინ იდგა, მეორე იქვე იყო და უყურებდა თავის მეორე ნახევარს. ერთმანეთის გარეშე არ გაუტარებიათ არც ერთი დღე. 18 წლის ასაკში იქორწინეს და 2 წელიწადში ხუჭუჭთმიანი დავითი გაუჩნდათ. კიდევ 2 წელში, დავითის მეორე დაბადების დღეზე, 16 წლის ბიჭმა გაიტანა მოსიარულე დედა-შვილი. ვერ გადაარჩინეს ვერც ერთი. 6 კაცი აკავებდა გიოს როდესაც სიახლე აცნობეს. გასვენების შემდეგ, ყოველ ღამე რომელიმე მეგობარი რჩებოდა მასთან, რათა რაიმე სისულელე არ ჩაედინა. -როგორ უძლებ ამას?- ჰკითხა ერთხელ იაკოს დედამ. -ვიღაცამ მათზე უნდა ილოცოს,- უპასუხა უემოციო ხმით გიომ. იმ დღის შემდეგ არავინ რჩებოდა მასთან, რადგან ყველა მიხვდა, რომ ბიჭი სისულელეს აღარ ჩაიდენდა. თუმცა ერთი რამ მაინც გააკეთა. ვერ აპატია ადამიანს, ვინც ცოლ-შვილი მოუკლა და სასამართლოს მისი დაკავება მოსთხოვა. უცნობ მოზარდს ვერც ბიზნესმენი მამის ფულებმა და ვერც პროკურორი ბიძის გავლენამ ვერ უშველა. ... ქალაქი, გამთენიისას სამსახურიდან გამოსულ ლილეს შეხვდა ნოემბრის თვისათვის უჩვეულო სიცივითა და თეთრად გადაპენტილი ქუჩებით. სწორედ მაშინ, პირველად გაუხარდა, რომ სამსახურიდან, სადაც იატაკებს რეცხავდა, ადრე გაუშვეს. მთელი ღამის უძინარს არც ძალა ჰქონდა და არც სადმე ეჩქარებოდა, ამიტომ ნელი ნაბიჯით ჩაუყვა ვიწრო მოკირწყლულ ქუჩას. არ აქცევდა ყურადღებას სიცივეს, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა და ძველი, ალაგ-ალაგ გარღვეული, ოდესღაც შინდისფერი, ახლა კი აბსოლუტურად გახუნებული ნაქსოვი ჯემპერი, ოდნავადაც ვერ იცავდა ამ სიცივისაგან. ტკბებოდა მარტოობით და სიჩუმით. ვერც კი მიხვდა ისე შევიდა პარკში, სადაც როგორც წესი მშობლებს დაჰყავთ პატარები და მათთან ერთად სეირნობენ. ლილეს ყოველთვის შურდა იმ უსახელო ბავშვების და ხშრად აშინებდა საკუთარი თავი, რადგან ხანდახან საშინელ სიძულვილს გრძნობდა უცხო და უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ლილეს აშინებდა ეს სიძულვილი. თუმცა ვერავინ ვერასოდეს ვერ დაადანაშაულებდა მას იმაში, რომ ეს გრძნობა ხანდახან ახრჩობდა. ვერავინ დაადანაშაულებდა იმაში, რომ მარტოობა უნდოდა. ქალაქი. უზარმაზარი ქუჩებით და მილიონობით მოქალაქით. დაბზარული ასფალტი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები თუ საოფისე შენობები. ნაცრისფერი საზოგადოება, რომელიც იმდენად უსახურია, რომ ნებისმიერს გაუჩენს სიძულვილის გრძნობას და რომელიც ერთიან, გულისამრევ მასას ჰქმნის. და ეს მასა ყოველთვის უვლის მას და მისნაირებს გვერდს. არასოდეს ჩერდება და არასოდეს უწვდის ხელს, რათა წამოაყენოს და დაამშვიდოს. ის საზოგადოების ფსკერზეა, ყველასთვის უხილავი და ისეთივე მომაბეზრებელი, როგორც მწერები ზაფხულში. მასზე და მისნაირებზე მეტად ადამიანები ვერ იტანენ მხოლოდ პატიმრებს და უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილებს, რადგან ეს უკანასკნელნი სწორედ „პატიოსანი“ მოქალაქეების გადახდილ გადასახადებზე ცხოვრობენ. ამ ფიქრებში ჩაძირულმა ვერ შეამჩნია მის წინ მომავალი ახალგაზრდა ბიჭი და შეეჯახა. უცნობი ალბათ ვერც იგრძნობდა ამ შეჯახებას, ღრმა ფიქრებიდან გოგონას ტკივილით აღსავსე შეყვირებას რომ არ გამოეყვანა. ბიჭმა წამოაყენა თოვლში ჩავარდნილი მოზარდი და სცადა ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ პატარას ცრემლი წასკდა. -ფეხი,- ამოიკვნესა ლილემ და ტუჩი მოიკვნიტა. ბიჭმა დაბნეულმა მიმოიხედა და იქვე პატარა ფაცხა შენიშნა, სადაც პენსიონერები დომინოს ტურნირს მართავდნენ როგორც წესი. ხელში აიყვანა ბუმბულივით მსუბუქი არსება და ფაცხის ქვეშ, სკამზე დასვა. -მანახე,- უთხრა და მის წინ ჩაიმუხლა. ლილე გაწითლდა და სცადა დაემალა თავისი ძველი, გახეული ფეხსაცმელი, რაზეც ბიჭს გაეცინა,- უბრალოდ ფეხი მანახე. გოგონამ ისევ მოიკვნიტა ტუჩი და ფეხი გაშალა. ბიჭი გაოცდა როდესაც შეამჩნია როგორი თხელი ფეხსაცმელი ეცვა მოზარდს, მაგრამ არაფერი ჰკითხა. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა უშეცდომოდ გამოიცნო, პატარას ფეხი ჰქონდა ნაღრძობი. ამასთან ის ცუდად იკვებებოდა, არ იღებდა ვიტამინებს, რაზეც მეტყველებდა პიგმენტური ლაქები მის ისედაც თეთრ კანზე. ჩაწითლებულ თვალებზე კი ეტყობოდა, რომ ძილი მისთვის იშვიათი ფუფუნება იყო. -ექიმთან უნდა მიხვიდე,- უთხრა ბიჭმა. ლილეს მწარედ ჩაეცინა,- არ გეხუმრები. თან ფეხი უნდა დაასვენო. -კარგი,- უთხრა გოგონამ ისეთი სახით, რომ ბიჭი მიხვდა, ის არც ექიმთან მივიდოდა და არც დაისვენებდა. -აქ რატომ ხარ ასეთ დროს?- სცადა გამოლაპარაკება გიომ. პირველად მოუნდა ვიღაცასთან საუბარი მას შემდეგ რაც... რაც... სულ მარტო დარჩა უამრავი მეგობრის და ნათესავის გარემოცვაში. ალბათ იმიტომ, რომ იგრძნო, გოგონას უჭირდა... რა თქმა უნდა, მათი გასაჭირი სხვადასხვა იყო, მაგრამ მთავარი აქ ტკივილი იყო, რომელსაც ორივე გრძნობდა. თან მის წინ მჯდომი, სიცივისაგან აწითლებულ-აკანკალებული გოგონა ჯერ სულ პატარა იყო. -მარტოობით ვტკბები,- უპასუხა გოგონამ და ეს პასუხი ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა ბიჭისათვის, როგორც ნოემბრის ამ დილას თოვლის დანახვა. -არ გგონია რომ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისათვის, რომ მარტოობის მნიშვნელობა გაიგო?- ჰკითხა ბიჭმა ღიმილით და მის წინ, სკამზე მოკალათდა. -არა,- გააქნია თავი გოგონამ,- მე ვიცი რა არის მარტოობა და რატომ არის ის ასეთი მიმზიდველი. -ვერ გაიგებ რა არის მარტოობა, სანამ მის საპირისპიროს არ იგრძნობ. -ვიცი,- დაუქნია თავი ლილემ,- და სწორედ ამიტომ მსიამოვნებს ეს სიჩუმე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ საშიშია სიმარტოვე უდაბნოში, ტყეში ან მთაში. მე კი მეშინია მარტოობის აქ, ქალაქში, ამდენი ადამიანით გარემოცულს. მეშინია და თან მივილტვი ამ მარტოობისაკენ,- გიოს გაეღიმა. ისიც ზუსტად ამას ფიქრობდა და ამას გრძნობდა,- რა უცნაურია, არადა ოდესღაც სწორედ ადამიანის მოკვეთა საზოგადოებიდან ითვლებოდა უმძიმეს სასჯელად. მე კი... სიამოვნებით მივიღებდი ასეთ სასჯელს საკუთარ თავზე. -რა გქვია?- გოგონამ ის დააინტერესა. -ლილე,- დაუფარავად უპასუხა მოზარდმა. -მე გიო ვარ,- დაუქნია ხელი პატარა ბავშვივით,- რამდენი წლის ხარ, ლილე? -14-ის. -ასეთ პატარას საიდან გაქვს იმდენი გამოცდილება, რომ მარტოობას ასე აღწერ? -შენ რატომ თვლი თავს მარტოსულად?- შეუბრუნა კითხვა გოგონამ. -საიდან დაასკვენი, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობ?- დაინტერესდა ბიჭი. მას ოდნავადაც არ სწყენია ის, რომ ლილე ესაუბრებოდა ისე, თითქოს თანატოლები იყვნენ. -თვალებზე გეტყობათქო რომ გითხრა, დამიჯერებ?- ჰკითხა მოზარდმა. -კი, იმიტომ რომ მარტოსული ვარ მხოლოდ შინაგანად, ისე კი გარს უამრავი ადამიანი მახვევია... -შენ კი გინდა, რომ მათ თავი დაგანებონ და მარტო დაგტოვონ შენს ტკივილთან. -არ მინდა მარტოობა, უბრალოდ არ მინდა ხალხს ვეცოდებოდე,- ლილემ ღრმად ამოისუნთქა. თავად არ იქნებოდა ალბათ წინააღმდეგი ვინმეს მაინც რომ შესცოდებოდა. -მე სამწუხაროდ ამას ვერ გავიგებ. ჩვენი საზოგადოება ჩემთვის დედასავითაა, რომელსაც საკუთარი შვილი არ უყვარს, ღმერთი კი მამასავით, რომელსაც არ ვიცნობ. მარტოობაზე შემიძლია საათობით ვისაუბრო, აი შეცოდებაზე ვერაფერს გეტყვი,- გიო მისმა სიტყვებმა დააბნიეს. სანამ ის პასუხს მოიფიქრებდა, ლილე წამოდგა,- უნდა წავიდე. -ნახვამდის,- უთხრა ბიჭმა იმედით აღსავსე ხმით. -ნახვამდის,- უთხრა გოგონამ და გაიფიქრა, რომ უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა მშვიდობის. მაგრამ გულის კუნჭულში პირველად ნაგრძნობმა სითბომ არ მისცა ამ სიტყვის წარმოთქმის საშუალება. ... მეორე დილას ფეხის თრევით გამოვიდა სამსახურიდან ლილე, თავი დახარა, რადგან არ უნდოდა თუნდაც შემთხვევით გამვლელს მაინც შეემჩნია მისი ჩალურჯებული თვალი. წინა დღით სახლში დაგვიანებით მისვლისთვის ჯერ მამამ ცემა, მერე კი დაგვიანებული „მომსახურებისათვის“ დედამ დაუმატა. თეთრი ფიფქები ზანტად ცვიოდნენ ციდან. გოგონა კი დაუფიქრებლად მიდიოდა წინ. და არ გაოცებულა, როდესაც ფეხებმა უკვე ნაცნობ ფაცხასთან მიიყვანეს. არც ის გაჰკვირვებია, რომ იქ გიო დახვდა. არც ბიჭს გაჰკვირვებია ლილეს დანახვა. აი მისი სახის დანახვაზე გაბრაზდა... ძალიან გაბრაზდა, მაგრამ გოგონას სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ არაფერი არ უნდა ეთქვა. -ტკივილში ადამიანი მარტოსულია. ტკივილი ისაა, რასაც სხვას ვერ გაუყოფ, რადგან ყველას საკუთარი ლიმიტი აქვს ამ გრძნობის. მე არ ველი პასუხებს. არც კითხვებს ვსვამ. უბრალოდ ველი როდის ჩავვარდები იმ ჯოჯოხეთში, რასაც ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია. გიო კიდევ ერთხელ გააოცა გოგონას აზროვნებამ და ასაკისათვის შეუფერებელმა ფიქრებმა. -და მომავალი?- ჰკითხა ბიჭმა,- მომავალსაც ასეთ ფერებში ხედავ? -მომავალს საერთოდ ვერ ვხედავ,- აიჩეჩა მხრები მოზარდმა. -არც გეგმები გაქვს? -არა,- გააქნია თავი გოგონამ. -არც იმედები? -არა! -არც ოცნება? -არა! -მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? რატომ დგები ყოველდღიურად საწოლიდან?- ბიჭი ნელ-ნელა ბრაზდებოდა. -სჯობს იყო მარტოსული და არ გქონდეს არანაირი გეგმა და ოცნება, ვიდრე იყო მკვდარი,- გაეცინა ლილეს,- რადგან მკვდარი ვერ ნახავ ამ სპეტაკ სილამაზეს. კაცმა რომ იკითხოს, მკვდარი საერთოდ ვერაფერს ნახავ. თუ გაგიმართლებს ხარისხიანი სასახლის თავსახურს მხოლოდ. ხოლო თუ არ გაგიმართლებს და სასახლე არ გექნება, მიწა დაგიმძიმებს ქუთუთოებს და საერთოდ ვერ გაახელ თვალებს. ეს კი უფრო ნაკლებ მიმზიდველია ვიდრე მარტოობა და ამ სილამაზის ყურების პერსპექტივა, ასე არაა? გიომ მხოლოდ თავი გააქნია. მას არ ესმოდა ლილესი. არ ესმოდა რატომ იყო ის ასეთი უიმედო და რატომ ხედავდა ყველაფერს მხოლოდ შავ ფერებში. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ თავად 22 წელი უყურებდა ყველაფერს ფერადი სათვალეებით, რადგან გვერდით ჰყავდა ის, ვინც მის სამყაროს ფერებს სძენდა, აი ლილეს კი... ის სულ მარტო იყო. ყველასგან მიტოვებული სულიერად და ფიზიკურად - მშობლების მონა. -მე შენი არ მესმის და ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ,- აღიარა ბიჭმა. -მეც ანალოგიურად არ მესმის, როგორ შეიძლება თვალებში სიცოცხლის სხივი გქონდეს ჩამქრალი და ისე დგებოდე ყოველ დილას,- უთხრა მშვიდად ლილემ. -მე ჩემი მიზეზები მაქვს,- უპასუხა გიომ. -ყველას თავისი მიზეზი აქვს,- გაეცინა მოზარდს. -ყველას თავისი დემონი ჰყავს სულში,- დაეთანხმა გიო. -უნდა წავიდე,- წამოდგა ლილე. -ნახვამდის,- უთხრა გიომ. -ნახვამდის,- უპასუხა გოგონამ. ... შემდეგი დილა ისევ სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო ლილესთვის, მაგრამ ამჯერად წვიმდა. გოგონა მიხვდა, რომ წვიმაში სეირნიბა არ უნდოდა, ამიტომ გეზი სახლისკენ აიღო. სახლში მისულმა კი იფიქრა, რომ არასწორ ადგილას იყო და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა მისულიყო პარკში. თუმცა ვერც მეორე და მესამე დღეს ვერ აიძულა თავი წვიმაში მისულიყო იქ, სადაც ასე მიუწევდა გული. მეოთხე დილას უკვე მზად იყო იმისთვის, რომ სახლში წავიდოდა. გარეთ გასულს კი ქალაქი მეზობლის ბებიის თმასავით გადათეთრებული დახვდა. მიუხედავად ფეხის ტკივილისა, რაც შეეძლო სწრაფი ნაბიჯით წავიდა პარკისკენ და არც შემცდარა. გიო იქ ელოდა. -დაიგვიანე,- გაუღიმა ბიჭმა. -მაპატიე,- დაუბრუნა ღიმილი გოგონამ. -ისევ მარტო ხარ, ბეღურა?- ჰკითხა მამობრივი ალერსით გიომ. -შენი აზრით?- დაქაჩა თვალები გოგონამ,- მარტოობა ნიშნავს, რომ ხარ დაუმარცხებელი. ვერავინ გატკენს გულს, რადგან არავინ გიყვარს. არ გეშინია არაფრის, რადგან არავიზე გაქვს სანერვიულო. აბსოლუტური მარტოობა - ეს აბსოლუტური თავისუფლებაა. თავისუფლება კი ბედნიერებაა, განა ასე არ არის? მართალია, არის მომენტები როდესაც მარტოობა შინაგანად გღრღნის და გინდა რომ იტირო, მაგრამ ხვდები, რომ არ შეგიძლია. და იმის შეგრძნება გაგიჟებს, რომ არავის სჭირდები. თან ამავდროულად ბედნიერი ხარ იმით, რომ თავისუფლება გაქვს. -ამით რისი თქმა გინდა?- ჰკითხა გიომ დაბნეულმა, რადგან ლილემ თითქოს მისი გული ამოიღო და იქ კითხულობდა ბიჭის ტკივილს და აზრებს. -იმის, რომ ჩვენ მოგვწონს ის, რაც არ გვაქვს. როდესაც არავინ გყავს, ეს გაგიჟებს და გინდა გვერდით გყავდეს საყვარელი ადამიანი, ხოლო როდესაც გყავს საყვარელი ადამიანი, მაინც გიელვებს გულში წარმოსახვა, თუ რა კარგი იქნებოდა მარტოობა,- ამ სიტყვებზე გიოს თვალები ცრემლით აევსო. მიუხედავად იმისა, რომ იაკო ცხოვრებას ერჩივნა, მაინც ნანობდა შიგადაშიგ, რომ არ შეეძლო მეგობრებთან ერთად თავისუფლად გართობა. -საიდან იცი ამდენი?- ჰკითხა გიომ. -გეტყვი, თუ სიტყვას მომცემ, რომ პოლიციაში არ ჩამიშვებ. -დამაინტრიგე,- უთხრა ბიჭმა ღიმილით, მაგრამ პირობა მისცა,- გპირდები. -რას?- არ მოეშვა ლილე. გიოს გაეცინა. -გპირდები, რომ პოლიციაში არ ჩაგიშვებ,- გოგონამ კმაყოფილი ღიმილი შეანათა. -ყოველ ღამე მიწისქვეშა კაზინოში ვმუშაობ დამლაგებლად,- აღიარა მოზარდმა. გიო წამოხტა და რაღაცის თქმა დააპირა,- შენ დამპირდი,- შეახსენა გოგონამ და ბიჭი უკმაყოფილო ბუზღუნით დაჯდა,- იქ კი ძირითადად კარგად განათლებული ელიტა დადის. მასწავლებლები, პროფესორები, ექიმები თუ ინჟინრები... მე კი, მათ საუბრებს ვისმენ სანამ იატაკებს ვწმენდ. ბევრ რაღაცას ვიგებ და ვსწავლობ, დანარჩენს კი ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუმატებ და ჩემით ვაკეთებ დასკვნებს. -რა გამოცდილებაზე ლაპარაკობ 14 წლის ბავშვი?- ნერვიულად გაეცინა გიოს,- იქ მხლოდ ალაგებ თუ...- წინადადება ვერ დაასრულა. -მხოლოდ ვალაგებ,- ლილე კარგად მიხვდა რისი კითხვაც უნდოდა ბიჭს. გიომ ღრმად ამოისუნთქა. -უნდა წავიდე,- წამოდგა ლილე. -ნახვამდის,- უთხრა გიომ. -ნახვამდის,- უპასუხა გოგონამ. -ხომ მოხვალ კიდევ?- ჰკითხა ბიჭმა. -პირველივე თოვლიან დილას მოვალ,- უპასუხა ლილემ. 1 დეკემბრის სუსხიან დილას დაშორდნენ ერთმანეთს ლილე და გიო. ... "უკვე 7 წელი გავიდა. 7 წელი... გგონია კიდევ ახსოვხარ? გჯერა რომ მოვა?" საკუთარ თავს ეკითხებოდა გიო და ნელა მიაბიჯებდა პარკში. ბოლო 7 წლის განმავლობაში დღეს პირველი თოვლიანი დილა გათენდა. 2587 დღის განმავლობაში გიო ყოველდღე ლოცულობდა, რომ თოვლი წამოსულიყო. წელიწადის ოთხივე დროს... ახლა კი, 1 იანვრის დილას, როდესაც ქალაქს სძინავს ახალი წლის შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ნომერი პირველი ქირურგი შიშით უახლოვდება ფაცხას, სადაც იმედი აქვს რომ დახვდება ის, ვინც სიცოცხლის ძალა და სურვილი დაუბრუნა. -მეგონა არ მოხვიდოდი,- გაიგო მელოდიური ხმა და მუხლებში სისუსტე იგრძნო. -მეშინოდა რომ არ დამხვდებოდი,- უთხრა აკანკალებული ხმით გიომ. -ასე არ ენდობი ჩემს სიტყვებს?- ჰკითხა ლილემ და გაუღიმა. 14 წლის მოზარდი ნამდვილ ქალად იქცა ამ 7 წლის მანძილზე. შეიძლება ის არ იყო ყველაზე ლამაზი, მაგრამ შინაგანად ანათებდა. -ვენდობი,- უთხრა ბიჭმა,- ახლა რას საქმიანობ, ლილე? -მომავალი ექიმი ვარ. სამედიცინოზე ვსწავლობ. ორთოპედობას ვაპირებ. -საინტერესოა. რატომ მაინცდამაინც ორთოპედი? -ჩემი ფეხის გამო,- ასწია ფეხი,- ჯერ კიდევ ვკოჭლობ. ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ წვიმიან ამინდებში მაწვალებს. -მე გაგაფრთხილე. -მაშინ ვერაფერს გავაკეთებდი, ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ მომცემდნენ ამის საშუალებას. -ახლა?- ჰკითხა გიომ ინტერესით. -ახლა უკვე მარტო ვარ, ზუსტად ისე, როგორც ვოცნებობდი. -ამაზე ოცნებობდი? მარტოობაზე? -ადრე კი... ახლა... ახლა ის მინდა რაც არ მაქვს... -მაინც რა? -სიყვარული... -და გყავს ის, ვინც გჩუქნის? -ჯერ არა, მაგრამ დღეიდან მეყოლება,- უთხრა ლილემ და წამოდგა,- უნდა წავიდე,- თქვა და ბიჭს შეხედა. ახლა გიოს უნდა გადაეწყვიტა რას იტყოდა. -მეც მოვდივარ,- უთხრა გიომ და ისიც წამოდგა. -სად მივდივართ?- ჰკითხა ლილემ ღიმილით. -ეკლესიაში,- უპასუხა ბიჭმა და ნაზად აკოცა საფეთქელზე. ხელი ჩაჰკიდა გოგონას და მასთან ერთად გაუყვა გზას. ფიფქები კი ცვიოდნენ და მათ გარშემო ვალსს ცეკვავდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.