შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი!!!! (ultrix დასასრული)


11-06-2016, 21:27
ავტორი tatia27
ნანახია 4 682

დაჯექი! - ტონი გაუმკაცრდა ქალს. - იცი, რა მაინტერესებს? რამდენი გადაგიხადეს იმ მასალაში, რომელიც ჩემზე დაბეჭდე?
- ეს საიდუმლოა, - პასუხს თავი აარიდა ვანიკომ.
- ისიც საიდუმლო ხომ არაა, რის გამოც მაგის გამოქვეყნება გადაწყვიტე?
- ეს საინტერესო ინფორმაცია იყო. ბატონი ირაკლი ცნობილი ადამიანია, თანამდებობის პირი... პრესა კი, როგორც მოგეხსენებათ, სკანდალებზე ნადირობს, - ვანიკომ დიქტოფონი მოიმარჯვა და პირველი კითხვის დასასმელად მოემზადა.
- ჩვენი ინტერვიუ არ შედგება, - მოჭრით თქვა ქალმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თქვენ სკალნადლებზე ნადირობთ, მე კი მოსაყოლი ისეთი არაფერი მაქვს, თქვენ რომ დაგაინტერესოთ.
- თქვენ ისედაც საინტერესო ხართ. ლამაზი და მდიდარი ქალი საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს.
- არც ლამაზი ვარ და არც ისეთი მდიდარი, რომ საზოგადოების ყურადღების ღირსად მივიჩნიო თავი. ამიტომ, ინტერვიუს ვერ მოგცემთ. თქვენთან კი ერთი თხოვნა მექნება. თუ გნებავთ, ამას ბრძანება დაარქვით: ჩემ შესახებ არაფერი აღარ უნდა დაბეჭდოთ.
- ანა, ამდენი ხანი გეხვეწებოდით, ინტერვიუზე, როგორც იქნა, დაგითანხმეთ და ახლა უარით მისტმრებთ? თავმდაბლობა კარგია, მაგრამ მოდი, მხოლოდ იმ საკითხზე ვილაპარაკოთ, რომელზეც თქვენ გნებავთ. მაგალითად, ქველმოქმედებაზე. ვიცი, რომ გოგონა იშვილეთ, რომელიც ყვავილებს ჰყიდდა მეტროსთან და ისიც ვიცი, რომ უპატრონო ბავშვებისთვის სახლს აშენებთ. მხოლოდ ამ თემას შევეხოთ.
- ინტერვიუ არ შედგება, - ანა ფეხზე წამოდგა, რითაც მამაკაცს უჩვენა, რომ ვიზიტი დამთავრებული იყო, - რაც შეეხება ჰონორარს, რომელიც ჩემზე მომზადებული სტატიისთვის უნდა აგეღოთ, ვეცდები, ზარალი ავანაზღაურო. დამისახელეთ თანხა, რომელიც ჩემ მიერ მოყენებულ, თქვენს მორალურ და მატერიარულ ზარალს შეესაბამება და გადავიხდი.
ჟურნალისტი ადგა და კაბინეტი უსიტყვოდ დატოვა.
"ეს ცუდის ნიშანია", - გაიფიქრა ქალმა.
- ამ შუაღამისას რამ მოგიყვანა? - დავითმა თვალები მოიფშვნიტა ანას დანახვისას. - შუაღამეს გადაცდა უკვე.
- გაგაღვიძე? მარტო ხარ? - დაუკითხავად არ შევიდა ქალი.
- კი, მარტო ვარ, მოდი, - მამაკაცმა გზა დაუთმო, თავად სხვა ოთახში გავიდა და მაისური გადაიცვა.
- დავით, რჩევა მჭირდება, - ანა დივანზე მოკალათებულიყო, ტელევიზორი ჩაერთო და პულტით არხიდან არხზე "გადარბოდა".
- რა ხდება, ახალია რამე?
- მეტ-ნაკლებად. გახსოვს, ერთმა გაზეთმა ჩემი სურათი რომ დაბეჭდა და ჟურნალისტმა სტატიაც დაურთო?
- კი, მახსოვს.
- ჰოდა, ის ჟურნალისტი არ მეშვება, მირეკავს და ინტერვიუს მთხოვს.
- მერე, მიეცი და დაგანებებს თავს.
- ხომ გახსოვს, იმ სტატიაში ჩემი მანქანის ნომერს განიხილავდა და გაკვრით ისიც თქვა, ამ ქალს შურისძიება აქვს გამიზნული და ვისზეა გაბრაზებული, ამას მომავალიGგვიჩვენებსო?
- კი, ეგეც მახსოვს.
- ჰოდა, სულაც არ მაწყობს, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს. მით უმეტეს, ახლა, როცა საბლიანის გაცნობა მოვახერხე და ალბათ სულ მალე მართლა დადგება შურისძიების ჟამი.
- ანა, გონიერი გოგო მგონიხარ... რაღა დროს სისხლის აღება და შურისძიებაა?! აგერ, შენი შვილი გამოჩნდა - პატარა ანა,
რომელსაც დედობა უნდა გაუწიო. ამდენი საქმე გაქვს, შენ კი აგიტეხია ეგ სისხლის აღება და ჯიუტობ.
- დავით, მე ფიცი მაქვს მიცემული.
- მაგრამ ფიცის გატეხა სჯობია სისხლის დაღვრას...
- არა, - ჯიუტად გააქნია თავი ქალმა, - ახლა შენ სულ ტყუილად მელაპარაკები. ნათქვამს მაინც შევასრულებ.
- საბლიანი სად გაიცანი?
- კარგა ხანს ვდიე და სხვა რომ ვერაფერი გავაწყვე, მანქანით დავეჯახე.
- დაფიქრება გმართებს, ანა, - თავი გააქნია დავითმა, - ციხეში ამოყოფ თავს და მერე ვერაფერი გიშველის. ახლა სხვა დროა, თავს ვერ დაიძვრენ, არც ფული გიშველის. განზრახ მკვლელობისთვის დიდი სასჯელია, მინიმუმ - 15-წლიანი ციხე გემუქრება.
- მაგაზე ნუ იდარდებ, ყველაფერი წინასწარ მაქვს გათვლილი.
- როგორც შენ გეგმავ, ყველაფერი ისე არ წარიმართება.
- მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს, - ხელი აიქნია ანამ, - ჯობს, ის მითხრა, იმ ჟურნალისტს თავი როგორ დავაღწიო.
- ჩემი აზრით, ჯობია, დაუმეგობრდე, ცოტა გაუშინაურდე და არა მგონია, მერე რამე დაგიშავოს. ისე მოიქეცი, რომ მისთვის საჭირო გახდე. ამ შემთხვევაში არ გაგიმეტებს. შეეცდება, არ გაწყენინოს და ამ ხრიკით მის მანიპულირებას შეძლებ.
- მართალი ხარ. ახლა ისღა დამრჩენია, რამე მოვიფიქრო. ჯერ ზვიადს მასზე ინფორმაციას მოვაგროვებინებ და მერე ვნახოთ. ახლა კი წავალ და შენც მშვიდად დაძინების საშუალებას მოგცემ, - ანამ ბიძას ლოყაზე აკოცა და შინისაკენ გაემართა.
ყველას ეძინა. ფეხაკრებით მივიდა გოგონების ოთახთან, კარი შეაღო და მძინარე ბავშვებს დახედა. როგორც ჩანს, ძილის წინ თოჯინებით თამაშობდნენ - სათამაშოები ისევ ხელში ჰქონდათ შერჩენილი...
ანამ კარი მიხურა და თავის ოთახში შევიდა. ტელეფონზე ირაკლის საყვედურით სავსე მესიჯი მოსულიყო. მამაკაცი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამდა, რომ რამდენიმე დღე ანა მასთან დარჩენას თავს არიდებდა.
"არაფრის ახსნა-განმარტებას არ ვაპირებ. ერთხელ უკვე ვუთხარი, რომ ანა ჩემთანაა და ამის გამო სხვაგან ვერ დავრჩებოდი. ჰოდა, გამგებმა უნდა გაიგოს. ამდენი საყვედური საჭირო არაა", - გაიფიქრა ქალმა და ძილს მისცა თავი.
დილით გოგონები თან გაიყოლა. ბელა მასწავლებელთან დატოვა, ანა კი თავისთან იახლა. ვინაიდან იმ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ ჰქონდა დაგეგმილი, შვილთან ერთად გასეირნება გადაწყვიტა. მთელი დღე ტკბებოდა მასთან ყოფნით. დაავიწყდა კიდეც, რომ ბავშვა არ იცოდა, მისი ნამდვილი დედა რომ იყო და დედის როლი ისე მოირგო, თითქოს გოგონა მისი გაზრდილი იყო.
შინ მისულებს კი სიურპრიზი დახვდათ, პატარა ანასთვის - სასიამოვნო, ქალისთვის - ძალზე უსიამოვნო.
გოგონას ბებიას მისი მონახულება გადაუწყვეტია და შინ დაბრუნებულ დედა-შვილს ეთერი სამზარეულოში დახვდა.
გოგონა ბებიისკენ გაიქცა და კისერზე შემოეჭდო. ანას კი ელდა ეცა. უხერხულად იგრძნო თავი და თვალები სად წაეღო, აღარ იცოდა.
- გამარჯობა, ქალბატონო, - მზერა ვერ გაუსწორა.
- გამარჯობა, ქალბატონო ანა. მე ანას ბებია ვარ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - მადლიერებით შეხედა ქალს.
- სად იყავი, ბებო? - ბავშვს მიუბრუნდა ეთერი.
- ანა დეიდამ სასეირნოდ წამიყვანა. ბები, აქ როგორ მოგვაგენი? შენთან წამიყვან? - კითხვები დააყარა ბავშვმა.
- მამაშენმა მომცა ტელეფონის ნომერი და ისე მოგაგენი. ახლა ვერ წაგიყვან, მამას ჩამოსვლამდე ანა დეიდასთან იქნები, მერე კი 2 კვირით ჩემთან წაგიყვან.
- კარგი, - უცებ დათანხმდა ბავშვი და ბელასთან ერთად, სამზარეულოდან გავიდა.
- როგორ შეგეგუათ ანა? - ეთერმა თვალი თვალში გაუყარა ანას.
- კარგად, ძალიან კარგად, - ნაჩქარევად უპასუხა, მერე ბოდიში მოიხადა და სააბაზანოში შევიდა.
საჭიროზე მეტხანს დაყო შხაპის ქვეშ. უნდოდა, დრო გაეწელა და ეთერთან საურთიერთობოდ ნაკლები დრო დარჩენოდა.
თუმცა მიხვდა, ბოლომდე მაინც ვერ აარიდებდა თავს და გადაწყვიტა, საქმე მოემიზეზებინა და შინიდან წასულიყო. მერე ეს აზრიც უკუაგდო და ისევ სამზარეულოში შევიდა.

ეთერი გოგონებს ელაპარაკებოდა. ანას შესვლა თითქოს არც შეუმჩნევიაო, არც კი შეუხედავს მისთვის. ქალი მიხვდა, რომ სტუმარი განგებ არიდებდა თვალს. უხერხული სიჩუმე კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს ქალი შვილიშვილს დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა.
ანამ გაცილება შესთავაზა.
- გმადლობ, ქალბატონო ეთერ, - უთხრა ანამ, როდესაც მანქანა ადგილიდან დაძრა.
- რისთვის მიხდით მადლობას?
- იმისთვის, რომ არ შეიმჩნიეთ, ერთმანეთს რომ ვიცნობთ.
- მე ბავშვს გავუფრთხილდი, - მოჭრით თქვა ეთერმა.
- ჰოდა, სწორედ ამისთვის გიხდით მადლობას.
- არაფრის. არ ვიცოდი, თუ ეს ქალი თქვენ იყავით, თორემ არ ჩამოვიდოდი.
- რომელი ქალი?
- ვისთანაც რამაზმა ბავშვი დატოვა. მარტო ის მითხრა, ჩემს უფროსთან დავტოვე, მივლინებაში ისე წამოვედი; დარეკე, მისამართს თავად მოგცემენ და ბავშვის ნახვა თუ გინდა, პრობლემა არ იქნებაო. არც ის ვიცოდი, რამაზი თქვენთან თუ მუშაობდა.
- ქალბატონო ეთერ, მინდა, გულახდილად დაგელაპარაკოთ. მოსმენის სურვილი თუ გაქვთ?
- მოგისნემთ, - ჩუმად, თოთქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.
ანამ მანქანა მოხერხებულ ადგილას გააჩერა და ქალისკენ შებრუნდა.
- ქალბატონო ეთერ, მითხარით, რატომ არ გესიამოვნათ, როცა მივხდით, რომ ანა ჩემთან იყო დატოვებული? რეალური მიზეზი მითხარით, გულახდილად. ასე უფრო იოლი იქნება, ერთმანეთს გავუგოთ.
- ანა ჩემი გაზრდილია... - კარგა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა ქალმა.
- ამაზე მე და თქვენ უკვე ვილაპარაკეთ. შეგპირდით, რომ ბავშვს არ წაგართმევთ. ხომ ასე იყო?
- დიახ.
- მოდი, ახლა თქვენი ადგილზე წარმოიდგინეთ თავი: შვილი მოგპარეს, გაგიყიდეს, წლების შემდეგ იგებთ, რომ ცოცხალია... რას იზამდით? ნუთუ არ შეეცდებოდით, დაგებრუნებინათ?! ან გენახათ მაინც?! მით უმეტეს, რომ ანას დედა გარდაცვლილი ჰყავს. თქვენი რძლის სიკვდილი თქვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა შვილთან მიმართებაში ცოტა შეამსუბუქა.
- რამაზმა იცის, ანას დედა რომ ხართ? - კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ჰკითხა ეთერმა.
- არა, რამაზმა არ იცის. ვცდილობ, ბავშვთან დავამყარო კონტაქტი და შემდეგ გავუმხელ რამაზს. თან მიჭირს ამის თქმა. როგორი სათქმელია?!. შესაფერის მომენტს ველოდები. მერე კი აუცილებლად ვეტყვი.
- ანა, რამაზისთვის ამის დამალვა არ არის ლამაზი, ჩემი აზრით. არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ატყუებთ?
- კი, ასე გამოდის. მაგრამ თუ ახლა ეს ტყუილი არ ვთქვი, მერე სიმართლეს ვერ ვეტყვი.
- მე კი მგონია, რომ ცდებით და ამაში თქვენი ახალგაზრდა ასაკი, ცხოვრებისეული გამოცდილების არქონაა "დამნაშავე".
- შესაძლოა, მართალი ხართ და ამას გვიან მივხვდე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ასე ჯობია.
- მე ვერ მოგცემთ პირობას, რომ საიდუმლოს დიდხანს შეგინახავთ. ჩემს შვილს დაჩაგრულად მივიჩნევ. ის გენდობათ, თქვენ კი ატყუებთ და ცდილობთ, მისი ნდობა ამ გზით მოიპოვოთ. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ, მაგრამ მე ჩემი შვილის ინტერესები მინდა დავიცვა.
- კარგი, წავიდეთ, - ანამ მანქანა დაძრა და ეთერი რუსთავში ჩაიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მხოლოდ სახლთან მისულმა დაარღვია დუმილი და ქალს დაემშვიდობა.
შინ დაბრუნებულს უგუნებობა ეტყობოდა. ამას კიდევ საბლიანის ზარიც დაემატა, რომელიც რესტორანში ეპატიჟებოდა. ანა უარს ეუბნებოდა, - დღეს არ მცალიაო, - საქმეს იმიზეზებდა, მაგრამ ის არ ეშვებოდა. როგორც იქნა, ტელეფონი გათიშა და ღრმად ამოიოხრა.
"დღეს ირაკლიც არ გამოჩენილა; როგორც ჩანს, მართლა გამიბრაზდა... ყველას ფერება უნდა, მე კი დავიღალე, ერთხელ მეც მომეფეროს ვინმე და ერთხელ ჩემი სურვილებიც გაითვალისწინონ, რა იქნება?!." - ფიქრობდა ქალი.
არც უცდია ირაკლისთან დაკავშირება და თავის მართლება.
შინ მისულს მოეჩვენა, რომ ბელა უხასიათოდ იყო. გოგონას ვერაფერი ათქმევინა. ისიც კი ჰკითხა, ანამ ხომ არ გაწყენინაო? ბელამ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- წავალ, წამოვწვები, - უთხრა დედას და თავის ოთახში გავიდა.
ცოტა ხანში ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
უცნობი ნომრიდან უცნობი ქალი რეკავდა და დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას.
ანას მისი ლაპარაკის მანერა არ მოეწონა... ნახევრად მუქარის ტონი, ჩახლეჩილი ხმა... მაგრამ შეხვედრაზე უყოყმანოდ დათანხმდა.

დანიშნულ ადგილას, გამხდარი, ტანდაბალი ქალი ელოდა. ანამ მანქანის გასაჩერებლად ისეთი ადგილი შეარჩია, რომელიც საკმაო სივრცის დათვალიერების საშუალებას იძლეოდა... კარგა ხანს გარემოს დაზვერვით იყო დაკავებული, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. ქალი, რომელიც მას ელოდა, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ რაღაცნაირი, ცივი მზერა ჰქონდა. თითქოს შუშის თვალებით უყურებდა ანას.
- ანა ხარ? - "შენობით" მიმართა.
- კი, - თავი დაუქნია და შეეცადა, არ შემჩნეოდა, როგორ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში.
- მე ბელას დედა ვარ, - ჩაახველა ქალმა. ალბათ უფრო უხერხულობის დასაფარავად.
- ააა, - სახეზე ღიმილი გამოესახა ქალს, - აი, თურმე რა ყოფილა! რაშია საქმე?
- ბავშვი უნდა წავიყვანო.
- მართლა?! აქამდე სად იყავი?!
- აქამდე მისთვის არ მეცალა.
- ახლა მოიცალე?.. შენ დედობის უფლება ჩამორთმეული გაქვს და ბავშვს ვერ წაიყვან. მით უმეტეს, რომ ის უკვე ჩემი შვილია - ოფიციალურად.
- წავიყვან! აუცილებლად წავიყვან!
- თითსაც ვერ დააკარებ და ახლოს გაკარებაც არ გაბედო, იცოდე! - ანამ ხელები მომუშტა.
- მე ვარ დედამისი და წავიყვან!
- ვინ მოგასწავლა ბელას ადგილსამყოფელი? საიდან გაიგე?
- თბილისი პატარა ქალაქია, ყველაფრის დადგენა შეიძლება.
- ამას მე გავარკვევ, მაგრამ როგორც ვხვდები, შენ იმისთვის არ იქნები მოსული, რომ ბავშვი წაიყვანო. ის შენ არაფერში გჭირდება. მართალი ვარ? რა გინდა, მითხარი.

- 50 ათასი დოლარი, - უტეხად უპასუხა ქალმა.
- 50 ათასი იოლი საშოვნელი არ არის და მე მაგდენი ფული არ მაქვს. 5 ათასს მოგცემ - იმ პირობით, რომ სამუდამოდ დაიკარგები ბელასა და ჩემი ცხოვრებიდან.
- არა, - თავი გააქნია ნელიმ, - 20 ათასს "კაპიკიც" არ დააკლდება.
- არა?! მაშინ, საერთოდ ვერაფერს მიიღებ! ჯობია, რასაც გთავაზობ, აიღო და წახვიდე. თუ არა და, ცუდად დაგამახსოვრებ ამ დღეს შენც და იმასაც, ვინც ეგ იდეა ჩაგაწოდა.
- მაგას ვერ გაიგებ, - ნიშნის მოგებით უთხრა ქალმა.
- რას ვერ გავიგებ?.. შენ ასე გგონია?! გოდერძი ქათამაძეს მიწიდანაც ამოვიღებ, თუ დამჭირდება.
გოდერძის ხსენებაზე ნელის ფერი ეცვალა. არ ეგონა, ანამ მის შესახებ რაიმე თუ იცოდა. თვალები ჯერ ზევით აატრიალა, მერე - ქვევით და მუჭში ჩაახველა.
- ასე რომ, ქალბატონო ნელი, - დამცინავი ტონი გაურია ანამ, - ჯობია, ჩემს პირობაზე წამოხვიდეთ და ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ რაღაც-რაღაცები... ყველაზე ჭკვიანი გგონიათ თავი?! მე კი ისიც ვიცი, ჩემს მანქანაში მოსასმენი აპარატურა რომ დაამონტაჟეთ. ამაზე რას იტყვით?
- არაფერს, - ქალს ხმა კიდევ უფრო ჩაეხრინწა. ამას აღარ ელოდა.
თუმცა არც ანა იყო დარწმუნებული თავისი ნათქვამის სიმართლეში. უბრალოდ, ახლა გაახსენდა სამრეცხაოში მომხდარი ამბავი და უცებ გოდერძისთან დააკავშირა.
- კარგი, იყოს 5 ათასი, - ჩაილაპარაკა ბოლოს.
- ხვალ ამ დროს დამირეკე და გეტყვი, სად უნდა მოხვიდე ფულის წასაღებად, - ანა შებრუნდა და მანქანაში ჩაჯდა.
სარკეში უყურებდა, ნელი ქუჩას როგორ გაუყვა და კარგა ხანს თვალი არ მოაშორა.
მერე მანქანიდან გადმოვიდა და მის კვალს მიჰყვა.
ნელიმ სკვერი გადაჭრა და შედარებით ჩაბნელებული ქუჩისკენ შეუხვია. ანამ ივარაუდა, რომ სადმე გოდერძი ელოდებოდა. ცოტა ხანში ხმამაღალი ლაპარაკიც მოესმა და კედელს აეკრო.
გოდერძი ნელის ეჩხუბებოდა. ანას სიტყვები კარგად არ ესმოდა, მაგრამ დაახლოებით მიხვდა, რომ ჩხუბის მიზეზი - მცირე თანხაზე დათანხმება იყო
შინ მისულმა ანამ ბელა თავის ოთახში იხმო. კარგა ხნის "დაკითხვის" შემდეგ ძლივს ათქმევინა, რომ დედა უკვე 4 დღეა, ქუჩაში ხვდება და აშინებს; ეუბნება, რომ წაიყვანს და უკან აღარ დააბრუნებს.
- რატომ არ მეუბნებოდი? - ანამ თავზე ხელი გადაუსვა გოგონას.
- დედამ მითხრა, თუ შენ რამეს გეტყოდი, შენც მოგიტაცებდა და მოგკლავდა.
- მარტო იყო დედაშენი, როცა ამას გეუბნებოდა?
- არა, ვიღაც კაცი ახლდა. იმ კაცს არ ვიცნობ, მაგრამ ისე მიყურებდა, რომ შემეშინდა...
ანამ ბელა დაამშვიდა და დასაძინებლად გაუშვა. თვითონ კი საფიქრალს მიეცა.
ვისთვის ეკითხა რჩევა, ამაზე ფიქრობდა. მობილური მოძებნა და ირაკლის ნომერი აკრიბა.
- ალო, - მამაკაცს ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
- მჭირდები, იკა, - ჩვეულებრივად უთხრა, არ აგრძნობინა, რომ მასზე ნაწყენი იყო.
- მოდი, სახლში ვარ. თუ არ დაგჭირდი, ისე ხომ არ გაგახსენდები, ვიცი... - საყვედურისგან თავი ვერ შეიკავა, თუმცა ნათქვამში სიყვარულიც გამოსჭვიოდა...
მომდევნო დღე ანასთვის დაძაბული აღმოჩნდა. დილიდან ათასი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ ყველაზე მეტად საღამოს შეხვედრის გამო ნერვიულობდა.
ნელიმ გვიან დარეკა. შეხვედრის ადგილი დათქვეს. ადგილზე ჯერ ირაკლი მივიდა, ცოტა ხანში - ანაც.
- ფულს მაშინ მიიღებ, როცა გოდერძის მაჩვენებ, - პირობა წაუყენა ანამ.
- გოდერძი აქ არ არის, თურქეთშია.
- ვიცი, რომ აქ არის და თანაც, არც ისე შორს. ახლა გვიყურებს კიდეც, დარწმუნებული ვარ. ჰოდა, დაურეკე ან ანიშნე, რომ მოვიდეს.
- არა, - თავი გადააქნია ქალმა.
- მაშინ, კარგად იყავი, - ანა შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა.
- ის იყო, ჩაჯდა და კარის მიხურვას აპირებდა, რომ მამაკაცის ხმა შემოესმა.
- მოიცა!
ქალმა მოიხედა. მისკენ მიმავალი გოდერძი დაინახა და კარი აღარ დახურა.
მამაკაცი მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
- ფული მოგვეცი და წავალთ, - უთხრა ხმადაბლა. კბილებში გამოცრა სიტყვები.
- ხელწერილი უნდა მომცე და პირობაც.
- ხელწერილს არ მოგცემ და პირობა მაინტერესებს. რა გინდა, თქვი!
- ეს იქნება პირველი და უკანასკნელი. სხვა დროს ჩემთან ფულზე აღარ მოხვალთ!
- 50 ათასი რომ მოგეცა, მაშინ აღარ მოვიდოდით, მაგრამ ისე ცოტას გვაძლევ, შენი შეწუხება კიდევ მოგვიწევს... - საზიზღრად ჩაიცინა კაცმა.
- მაშინ, ვერაფერს მიიღებთ, - ანამ კარის დახურვა სცადა, მაგრამ გოდერძი ისე იდგა, რომ ხელს უშლიდა.
- გაიწიე, გამიშვი!
- სად მიდიხარ?! სანამ ფულს არ მოგვცემ, ვერსად წახვალ! - გოდერძიმ მაჯაში ხელი ჩაავლო და ისეთი ძალით მოუჭირა, რომ ქალმა დაიყვირა. მაგრამ უეცრად ირაკლის მუშტი მოხვდა და მოცელილივით ძირს დასცა.
გოდერძი წამიერად გაითიშა. ირაკლიმ კი ხელები თოკით გაუკოჭა და მერე მანქანაში შეაგდო.
- ანა, შენ შინ წადი, - გადმოსძახა ფანჯრიდან და ადგილს მოსწყდა.
ანა უკან მიჰყვა. ირაკლი ისეთი სისწრაფით მიქროდა, რომ ქალი ძლივს ეწეოდა...
კარგა ხანს სდია ქალმა ირაკლის მანქანას, მაგრამ შემდეგ თვალსაწიერიდან დაეკარგა. დიღმის ტრასაზე, ერთგან მარცხნივაა გადასახვევი. გზა დაუსახლებელი ადგილისკენ მიემართება. პატარა მინდორზე მხოლოდ ძველი შენობების ნანგრევებია. გუმანით მიხვდა, რომ ირაკლის სწორედ იქ შეიძლებოდა, გადაეხვია და თვითონაც გზიდან გადავიდა.
არ შემცდარა. ნახევრად ჩამონგრეული შენობის ძირში ირაკლის მანქანა იდგა. ქალი იმ დროს წაადგა თავზე, როდესაც მამაკაცი გონს მოსული გოდერძის მანქანიდან გადმოთრევას ლამობდა, ის კი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა და თან არადაამიანურად "ბღუოდა". ანა მამაკაცს წამოეშველა და გოდერძი მიწაზე დააგდეს. ირაკლიმ ხელები გაუხსნა თუ არა, ყბაში მაშინვე მოსდო მუშტი. გოდერძი წაბარბაცდა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო. თვითონაც მოიქნია ხელი, მაგრამ რაღაცნაირად, უმწეოდ გამოუვიდა და ირაკლისგან მომდევნო დარტყმა მიიღო. კარგა ხანს გაგრძელდა მათი ჩხუბი. ირაკლი აშკარად ჯობნიდა და ანას შეეშინდა, მამაკაცი ხელში არ შემოჰკვდომოდა. მათი გაშველება სცადა, მაგრამ გოდერძის მუშტი ფერდში მოხვდა და ტკივილისგან წელში მოიხარა. ამის გამო ირაკლი უფრო გახელდა. მოწინააღმდეგე ძირს დასცა და ზედ შემოაჯდა. ანამ დროულად მოახერხა მისი გონზე მოყვანა, თორემ უეჭველად დაახრჩობდა, ისეთი ძალით უჭერდა თითებს ყელზე.
გოდერძი კარგა ხანს ხროტინებდა. ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ ცოცხალი გადარჩა, მანამდე არ წამოვიდნენ. შემდეგ ირაკლიმ ტანისამოსი ჩამოიფერთხა, მაგრამ დახეულ პერანგს ვერაფერი მოუხერხა და გაიხადა. ასე შიშვლად მიუჯდა საჭეს.
- აღარ გაბედო ანასთან და მის ოჯახთან მიკარება, თორემ მერე ვერაფერი გიშველის, იცოდე, - ღია ფანჯრიდან გადმოსძახა გულაღმა გაშხლართულ მამაკაცს, რომელიც გვერდზე გადაბრუნებას ამაოდ ცდილობდა და მანქანა დაძრა. ანა მორჩილად მიჰყვა უკან.
როგორც იქნა, ირაკლის სახლამდე მიაღწიეს. ანა ღელავდა იმის გამო, რომ მამაკაცს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა და წარბიც.
ჭრილობები მოჰბანა, იოდის ხსნარით დუმუშავა და დოლბანდიც დააკრო.
- კიდევ კარგი, "გასაკერი" არ გაგიხდა, - უთხრა ირაკლის, როცა საქმეს მორჩა და მამაკაცი შორიდან შეათვალიერა.
სიცილი აუტყდა.

ირაკლიმ სარკეში ჩაიხედა თვითონაც ვერ შეიკავა თავი. ორივენი გულიანად იცინოდნენ. მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა, სახეზე ოთხგან ჰქონდა დოლბანდი დაკრული და "სანტავიკით" "დაწებებული". "სანტავიკს მისი ცალი წარბი მაღლა აეზიდა და გაოცებულ იერს აძლევდა.
- რა უნდა გექნა, მე რომ არ ვყოფილიყავი იქ? კიდევ კარგი, ღმერთმა ჩაგაგონა და დახმარებისთვის ჩემთან მოგიყვანა.
- უჰ, ძალიან დამეხმარე, - გაიცინა ქალმა. მაგას ხომ მეც მოვახერხებდი?
- რას მოახერხებდი, გოგო, შენ დასატენი იარაღის გამოყენება იცი მარტო.
- აბა, აბა, საწყალი ანა, სულ ტყვიების გარეშე არ დადის? ისე, რომ გვიჩივლოს, რას იზამ?
- ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრას!
- არაა გამორიცხული, მაგრამ შესაძლოა, იმან შეაჩეროს, რომ შანტაჟს გვიწყობა თავად.
- ახლა შენ დაისვენე, მე კი წავალ, იკა, კარგი?
- ასე, ინვალიდს მიმატოვებ? - მამაკაცმა გატეხილ წარბზე ხელი მიიდო.
- არ მოკვდები, ნუ გეშინია, როდის იყო, ძაღლი კოჭლობით კვდებოდა?
- ეჰ, მე ხომ პატრონი არ მყავს, - ამოიოხრა ირაკლიმ, მაგრამ ქალმა არ შეიცოდა. დაბინტული ადგილები დაუკოცნა.
- რადგან გაკოცე, მალე მოგირჩება, უნდა წავიდე. ხვალ რამაზი ჩამოდის, ანას წაიყვანს და დღეს შინ აუცილებლად უნდა მივიდე. შვილთან ყოფნის ბედნიერებას ვერ მოვიკლებ, ის კი არა, გარეთ, საქმეზე რომ მიწევს გამოსვლა, იმაზეც გული მწყდება.
- კარგი, ანა, - ირაკლიმ თმაზე ხელი გადაუსვა და ბავშვივით მოეფერა.
ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა და სკოლაში წასვლის დრო მოვიდა. ანამ იმდენი ქნა, რომ რამაზს გოგონა იმ სკოლაში გადააყვანინა, სადაც ბელას უნდა ევლო.
- გოგონები ერთმანეთს შეეჩვივნენ, ტოლები არიან და ერთ კლასში იქნებიან. ორივეს ყურადღებას მივაქცევ, დამიჯერე, ასე ჯობია, - უმტკიცებდა მამაკაცს.
- კი, მაგრამ შენ გადმოიყვანე ბელა ანას სკოლაში, არ მინდა, რომ მასწავლებლები და მეგობრები გამოიცვალოს, - ეწინააღმდეგებოდა რამაზი.
- იცი, ბელამ აუცილებლად უნდა იაროს იმ სკოლაში, საამისო მიზეზი გვაქვს. დამიჯერე, რამაზ, ცუდს არ გირჩევ.
- კარგი, გენდობი, - ანამ თავისი გაიტანა.
- დე, რატომ უნდა ვიარო მაინცდამაინც იმ სკოლაში? - ჰკითხა ბელამ, როდესც მარტო დარჩნენ.
- იმიტომ, რომ შენ ადრე იქ დადიოდი. მინდა, შენმა მეგობრებმა ნახონ, როგორ შეიცვალე. გახსოვს, მითხარი, ბავშვები დამცინოდნენ და სხვადასხვა, დამამცირებელ მეტსახელებს მეძახდნენო?
- კი, - თავი დაუქნია ბავშვმა.
- ჰოდა, ახლა რევანშის დრო მოვიდა. შენ უნდა აჩვენო მათ, რომ ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ. პირობა უნდა მომცე, რომ არ შემარცხვენ და კარგად ისწავლი.
- მასწავლებელმა ხომ გითხრა, სულ ცოტა ხანში წამოეწევა თავის ტოლებსო? - ცხვირზე ხელი გაისვა ბელამ.
- კი, მაგრამ ეგ საკმარისი არაა. უფრო კარგად უნდა ისწავლო და მარტო რეპეტიტორმა კი არა, სკოლის მასწავლებელებმაც იგივე უნდა მითხრან და ყველა უნდა გააოცო შენი შესაძლებლობებით.
ბელამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ამაყად გაჰყვა ქალს გვერდით.
მცირე ასაკის მიუხედვად, ბავშვი გრძნობდა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, იცოდა, რომ ანასთვის არ უნდა ეღალატა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებდა.
პირველ დღეს ანამ ორივე გოგონა ერთად მიიყვანა სკოლაში. გული სიხარულით ჰქონდა სავსე, რადგან საკუთარი შვილი პირველად მიიყვანა და პირველად მიეცა საშუალება, ნამდვილი, დედობრივი მზრუნველობა გამოეჩინა. ორივე გოგონას სასკოლო ტანისამოსიც თვითონ შეურჩია. ბავშვები ხელჩაკიდებული შევიდნენ კლასში, ანამ კი დირექტორს მიაშურა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს დირექტორს უამრავი საქმე ჰქონდა, ანას რამდენიმე წუთი მაინც დაუთმო.
- თქვენ ბელას კარგად იცნობთ და ისიც მოგეხსენებათ, რომ გოგონას რთული ბავშვობა ჰქონდა. ის ახლა მთლიანად შეიცვალა. მინდა, ყურადღება მიაქციოთ, რომ ბავშვებმა არ დაჩაგრონ. თუ გნებავთ, საამისოდ მშობელთა კრება მოიწვიეთ და სთხოვეთ მათ, რომ შვილები დაარიგონ. ან თუ გნებავთ, მე თავად ვთხოვ მათ. თუ შევნიშნავ, რომ ბავშვს უჭირს, ძველ კლასელებთან შეგუება, სხვაგან გადავიყვან. ეს კი თქვენ ხელს არ მოგცემთ, რადგან მე სკოლისთვის ბევრის გაკეთება შემიძლია და გვერდით დაგიდგებით.
- ქალბატონო ანა, როგორც თქვენ გნებავთ, ყველაფერი ისე იქნება. ბელას არავინ გააბრაზებს. საამისოდ ყველა ღონეს ვიხმარ.
- ძალიან დამავალებთ. რაც შეეხება ბელას კლასში მეორე ახალ გოგონას, ის ჩემი უახლოესი მეგობრის შვილია და მასზეც იგივე მოთხოვნები ვრცელდება. თუმცა, ის დედას ჰგავს და თავს არავის დააჩგვრინებს. იმედი მაქვს, რომ თუ დასჭირდება, ბელასაც გვერდით დაუდგება. კარგად ბრძანდებოდეთ, შეწუხებსთვის ბოდიშს გიხდით, დროის დათმობისთვის - მადლობას, - ანამ დირექტორს ხელი ჩამოართვა და კაბინეტი დატოვა. გოგონების საკლასო ოთახში გასაღების ჭუჭრუტანიდან შეიხედა და ერთ მერხზე მსხდომ ბავშვებს თვალი სიყვარულით შეავლო.
სკოლიდან გამოსულმა საბლიანის ტელეფონის ნომერი აკრიბა.
- გისმენ საყვარელო, - ყურმილში მამაკაცის ალერსიანი ხმა გაისმა.
- როგორ ხარ? მოგენატრე ალბათ, - ქალმა კეკლუცად გაიცინა.
- ძალიან. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მთელი 2 დღე გავიდა. ანა, დღეს გნახავ? - ლამის დადნა ვახო.
- არ ვიცი, მოვიფიქრებ, - კეკლუცობდა ქალი.
- საღამოს დაგირეკავ, - შეჰპირდა საბლიანი.
საღამოს კი ისეთ დროს დაურეკა, როცა ანა ირაკლისთან და რამდენიმე მეგობართან ერთად ქალაქგარეთ, რესტორანში იმყოფებოდა. ვახოს ზარს უპასუხა, მაგრამ სუფრიდან წამოდგა და გარეთ გავიდა.
კარგა ხანს ილაპარაკეს, ქალი ბოდიშს უხდიდა იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იყო და მასთან შეხვედრას ვერ ახერხებდა... როგორც იქნა, დაემშვიდობა და ის იყო, შემობრუნდა, რომ ირაკლის გაბრაზებულ სახეს გადააწყდა.
- უი, შენც აქ ხარ? - უხერხულად ჩაილაპარაკა ქალმა, უფრო იმიტომ, რომ სათქმელი სხვა არაფერი ჰქონდა.
- დიახ და სიტყვასიტყვით მოვისმინე შენი ლაპარაკი! - ირაკლის ტონი ბრძანებას გამოხატავდა. მამაკაცს კონკრეტულად სიტყვა არ დასცდენია, მაგრამ ქალს მიმიკითა და ტონით აშკარად უბრძანებდა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და აეხსნა, რას ნიშნავდა მისი საქციელი.
- არაფრის ახსნას არ ვაპირებ, - თავი ჯიუტად გააქნია ანამ. გადაწყვიტა, ტყუილი არ ეთქვა.
- რას ნიშნავს, "ახსნას არ ვაპირებ?" თავს ვალდებულად არ მიიჩნევ, რომ საქმის კურსში ჩამაყენო?
- არა, არ მივიჩნევ, რადგან ეს ჩემი პირადი საქმეა და ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი ჩემს აქ დარჩენას აზრი არ აქვს, მაინც უნდა ჩამაშხამო საღამო და ჯობია, წავიდე. შენ კი დარჩი. ერთ რამეს გეტყვი: იცოდე, რომ არასოდეს გიღალატებ... გულშიც არ გაივლო, რომ შეიძლება, ვინმეს შევხვდე და მასთან სექსი მქონდეს. ამას გულახდილად გეუბნები და ახლა გინდ დაიჯერე, გინდ - არა.
ანა ირაკლის პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. აღარც შეუხედავს მისთვის. მამაკაცი გამშრალი დატოვა.
მთელი საღამო მობილური გამორთული ჰქონდა და თავის ოთახში ჩაკეტილი, ბალიშში თავჩარგული ტიროდა.

როგორც სჩვეოდა, ღამე მიღებული გადაწყვეტილება დილით სისრულეში მოიყვანა. უთენია ადგა და სვანეთისკენ ისე გასწია, არავინ ჩაუყენებია საქმის კურსში. დედას დაუბარა, რამდენიმე დღე ქალაქიდან გავდივარ და თუ ტელეფონი გამორთული მექნება, არ ინერვიულოთ, მე თვითონ დაგირეკავთო.
ციცო წინააღმდეგობის გაწევასაც არ ცდილა. იცოდა, უშედეგო იყო ანასთან ბრძოლა და მისთვის გადაწყვეტილების შეცვლა. ანას სვანეთმა გუნება გამოუკეთა. ჯერ გოჩას სოფელში შეიარა. იმ სახლს მიადგა, სადაც ერთი წლის განმავლობაში, ქმარზე მგლოვიარე, განდეგილივით ცხოვრობდა. თოთოეულმა დღემ თვალწინ გაურბინა. გოჩასთან დაკავშირებით მოგონებები აეშალა და საბლიანზე შურისძიების სურვილით უფრო მეტად აივსო. გოჩას სახლის ყველა ოთახი ფეხდაფეხ მოიარა. თითქოს გარდაცვლილ მეუღლეს დაეძებდა.
"ნეტავ, მისი ერთი ნივთი მაინც მაპოვნინა, სამახსოვროდ წავიღებ. ადრე ამაზე არ მიფიქრია. მეგონა, რომ მის დავიწყებას ვერასოდეს მოვახერხებდი, მაგრამ დრო მართლაც ყველაფრის მკურნალი ყოფილა. ვგრძნობ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ძალზე იშვიათად გამახსენდეს. ჯობია,
მის სახსოვრად რაიმე ნივთი წავიღო, - ქალი ოთახიდან ოთახში გადიოდა, მაგრამ ისეთს ვერაფერს წააწყდა, რასაც შინ წაიღებდა, - ის კი არა და, იმასაც ვნანობ, ფიცი რომ დავდე, შურს ვიძიებ-მეთქი. არა, შიშმა არ დამრია ხელი. ანას გამოჩენამ შემაცვლევინა აზრი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. რაც ვთქვი, ის უნდა გავაკეთო კიდეც", - ფიქრობდა ქალი და სხვენში მიმავალ კიბეს ისე აუყვა, რომ არც დაფიქრებულა. როდესაც სიბნელეში ვერაფერი დაინახა, მაშინ გააცნობიერა, რომ სხვენზე იყო.
"ძალიანაც კარგი, იქნებ აქ მაინც ვნახო, რასაც დავეძებ", - გაიფიქრა და კუთხეში მიდგმულ სკივრს დაეჭიდა, რომ ერთ მხარეს დატანებულ, პატარა სარკმელთან მიეთრია და სინათლის შუქზე მისი შიგთავსი ენახა.
სკივრიდან ერთმანეთის მიყოლებით ამოალაგა ძველი ტანისამოსი, გახუნებული, ალაგ-ალაგ დახეული ქოლგა, ჩრჩილისგან შეჭმული სვანური ქუდები, რომლბიც ალბათ გოჩას ბაბუის ბაბუის კუთვნილება გახლდათ და "ასაკით" 150 წლის მაინც იქნებოდა... სკივრის ძირში მოზრდილი, ქაღალდის კონვერტი იდო, რომელშიც გაყვითლებული სურათები და წერილები ელაგა. ზოგიერთი წერილი 1800-ანი წლებით იყო დათარიღებული. ანამ გულდასმით გადაიკითხა ყველა მათგანი და ცოტა ხნით წარსულში გადაინაცვლა. ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი წერილები იყო - შორს მყოფი ნათესავები ერთმანეთის ამბავს კითხულობდნენ და ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს უყვებოდნენ. უეცრად, მზერა ნაცნობ ხელწერას მისწვდა. ანას გააჟრჟოლა და ცივმა ოფლმა დაასხა... ხელში არაბულ ენაზე დაწერილი ფურცელი ეჭირა. უკვე ცხადი იყო, რომ ეს იმ სამფურცლიანი ჯადოს შუა ფურცელი იყო, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ამაოდ ეძებდა. მოულოდნელობისგან და შიშისგან ფურცელი ხელიდან გააგდო.
"გმადლობ, ღმერთო", - აღმოხდა ქალს და პირჯვარი გადაისახა. ცრემლები თავისით ჩამოუგორდა. ცახცახებდა და თავს ვერ იოკებდა.
"აი, თურმე ვისი მოწყობილი ყოფილა ეს ოინი. როგორც ჩანს, ჯადოსთვის გოჩას დედამ გამწირა, მაგრამ საქმე ისაა, როდის გააკეთა ეს. გოჩას სიკვდილამდე თუ მის მერე? ალბათ გოჩას სიკვდილამდე, რადგან რძლად არ ვუნდოდი. როგორც ჩანს, ჩვენი დაშორება გადაწყვიტა და დაგვაშორა კიდეც, მაგრამ მხოლოდ სიკვდილის "წყალობით", ბედმა კი სწორედ ქალბატონი თინათინი დასაჯა და შვილის სიკვდილით გაამწარა, ასეთი უღმერთო საქციელის გამო"...
ანამ ყველაფერი ასე დატოვა. ნივთების სკივრში ჩალაგებაზე აღარ უზრუნია. მხოლოდ საჭირო ფურცელი ჩადო ცელოფანის პარკში და მანქანის "ბარდაჩოკში", იარაღთან ერთად საიმედოდ ჩაკეტა. სჯეროდა, რომ სწორედ ამ ჯადოს მოხსნაზე იყო მისი შემდგომი ცხოვრება დამოკიდებული. მოლამ ხომ უთხრა, თუ მესამე ფურცელს იპოვი, მოდი და ჯადოს მოვხსიო? რატომ არ გაანადგურა თინათინმა ეს ფურცელი? ნუთუ საბოლოოდ არ გასწირა?
ანამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე მიაკითხავდა თინათინს და ამ საქციელის გამო პასუხსაც მოსთხოვდა.
გოჩას სახლის კარი დაღვრემილმა გამოიხურა. ამჯერად დარწმუნებული იყო, აქ უკანასკნელად იყო და აღარასოდეს დაბუნდებოდა.
თავისი სახლი გაუკაცურებული დახვდა. ეზოსაც ეტყობოდა, რომ იქ დიდი ხნის განმავლობაში არავინ ყოფილა. ანას გული დასწყდა, მაგრამ ამის მიუხედავად, დედას იქ საცხოვრებლად ვერ გამოუშვებდა და მარტოობისთვის ვერ გაიმეტებდა.
ღამე მურთაზის ოჯახში გაატარა. ბიძაშვილის ცოლს მისი დანახვა გაუხარდა. მთელი ღამე ლაპარაკში გაათენეს. რძალს ყველაფერი აინტერესებდა, რაც ანასთან და მის შვილთან იყო დაკავშირებული და რაშიც მის ქმარს დიდი "ამაგი" ჰქონდა. თან ქმარზე ბრაზობდა, რომ საკუთარი ბიძაშვილი ასეთ დღეში ჩააგდო, თან ტიროდა და ხანდახან ანას გადაეხვეოდა ხოლმე და ქმრის მაგივრად პატიებას სთხოვდა.
ქალებმა გამთენიისას დაიძინეს, მაგრამ ანა ადრე ადგა. აივანზე გასულმა თვალი ვერ მოწყვიტა მწვანედ მობიბინე ბალახზე, ამომავალი მზის სხივებისგან მბრწყინავ ნამს. ბალახის ღეროებზე პატარა ბურთულებად იყო "დალაგებული" ნამი და ჯადოსნურად ბრწყინავდა. ქოში აივანზე დატოვა, კიბე ფეხშველმა ჩაიარა და ბალახზე დადგა. ესიამოვნა სიგრილე...
"ოდესღაც აუცილებლად დავბრუნდები სვანეთში, საცხოვრებლად", - გაიფიქრა ქალმა და გული დასწყდა, რომ ეს ბედნიერება ხანმოკლე იყო და სულ რამდენიმე დღეს გასტანდა. შესცივდა. თბილისში იმ დროს შემოდგომის სიცხე იქნებოდა, მაგრამ მთაში უკვე ციოდა. ანას ფეხები გაეყინა და ოთახში შევიდა. რძალს უზარმაზარი, სვანური ღუმელი გაეხურებინა და კუბდარს აცხობდა. ანამ იქვე, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოკონწიალებული შალი ჩამოხსნა და მხრებზე მოიხურა. შალს უმი რძის, ბალახის, ნაკელის სუნი ასდიოდა, მაგრამ ეს სუნიც კი ესიამოვნა...
საუზმის შემდეგ კი ეკლესიისკენ მიმავალ გზას გაუყვა. მანანა თან არ იახლა. ბოდიში მოუხადა და გაყოლაზე უარი უთხრა - მამაოსთან კონფიდენციალური საუბარი მაქვს, ნუ გეწყინება, მაგრამ მარტო წავალო.
მანქანა ეზოში დატოვა. ეკლესია საკმაოდ შორს იყო, ლამის 10 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი, მაგრამ ამას არ შეუშინდა. ფეხზე მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგო, თბილად ჩაიცვა და გზას გაუდგა. ლამის გადავიწყებოდა ეკესიისკენ მიმავალი გზა. ბევრი რამ იყო შეცვლილი. იქ, სადაც წინათ ბილიკი გადიოდა, ახლა შარაგზა იყო, სადაც შარაგზა ახსოვდა, იქ ასფალტი დაეგოთ... შუადღე გადასული იყო, როცა ჰორიზონტზე ტაძარი გამოჩნდა...
მამაოს ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა. ანა ჯერ ხელზე ემთხვია სულიერ მოძღვარს, შემდეგ - გადაკოცნა.
- როგორ ხარ, ქალო? - ასე იცოდა მამაომ მიმართვა.
- არა მიშავს, ღვთის წყალობით კარგად ვარ.
- წამოდი, ეზოში დავსხდეთ, შენი ამბები მომიყევი, - მამაომ ხელით კარისკენ ანიშნა და კრიალოსანის დამარცვლა განაგრძო.
ტაძრიდან გავიდნენ და ეზოში, მორზე ჩამოსხდნენ.
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ანა დაწვრილებით ჰყვებოდა თავის ამბებს - ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ თავს გადახდენილ ყველა წვრილმანს. არ უნდოდა, რაიმე გამორჩენოდა. თითქოს თანდათან იცლებოდა ცუდი შეგრძნებებისგან, ცარიელდებოდა, მის ადგილს კი სიმსუბუქე იკავებდა. ქალი შვებას გრძნობდა. ამის შესახებ მამაოსაც გაუმხილა.
- აი, თურმე რა მჭიდრდებოდა, გული ამიტომ მქონდა დამძიმებული... მშობლიური კუთხის ნახვამ და თქვენთან გულახდილმა საუბარმა დიდი ტვირთისგან გამათავისუფლა, - უთხრა ბოლოს.
- ანა, მიჭირს იმ საკითხზე საუბრის წამოწყება, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს.
- მამაო, მოდი, ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ. როდესაც აღსარების სათქმელად მოვალ, მაშინ გაიგებთ ყველაფერს.
- მაგრამ შენ სულს იმ ცოდვითაც იმძიმებ, რომ ქორწინების გარეშე ცხოვრობ მამაკაცთან.
- მე მასთან არ ვცხვრობ.
- მით უმეტეს. რა ჰქვია თქვენს ურთიერთობას ამ ეტაპზე? - მოძღვარმა თვალებში ჩახედა ანას.
- ხალხის აზრს თუ ვიკითხავთ, ალბათ საყვარლები ვართ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს...
- მორჩი! - ხელი აღმართა მოძღვარმა, - მეორედ ეგ აღარ გაიმეორო. "მაგრამ გვიყვარს" არაფერს ნიშნავს. ჯვარი უნდა დაიწროთ.
- ახლა, როცა ჯადოს მოხსნა შემიძლია, ხელს არაფერი შეგვიშლის. რამდენიმე საქმე მაქვს ბოლომდე მისაყვანი და აუცილებლად დავიწერთ ჯვარს, - დაჰპირდა ანა.
უკანა გზაზე მსუბუქად მოდიოდა და გულში რაღაც უხაროდა... თუმცა, რამაზის ზარმა გუნება გაუფუჭა.
- ანა, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, სერიოზულ თემაზე, - უთხრა მამაკაცმა.
- რა ხდება, რამაზ?
- შენებმა მითხრეს, ქალაქში არ არისო. რომ ჩამოხვალ, მაშინ ვილაპარაკოთ, მგონი, თავადაც იცი, რომ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. დროებით, - ცივად დაემშვიდობა რამაზი და ტელეფონი გათიშა.
ანას გული მოეწურა და ტკივილი იგრძო.
"მორჩა, დამთავრდა! როგორც ჩანს, ეთერმა სიტყვა შეასრულა და რამაზს ყველაფერი უამბო", - გაიფიქრა ქალმა და იქვე, მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა. გზის გაგრძელება ვერ შეძლო.
ანას თითქოს ცა ჩამოექცა თავზე. აქამდე არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ რამაზი ოდესმე გაიგებდა სიმართლეს. ამ საკითხზე ფიქრს თავს არიდებდა... ახლა კი ფაქტის წინაშე დადგა... რამაზმა ყველაფერი იცოდა და ანას პასუხსაც მოსთხოვდა ამდენი ტყუილების გამო. ჯერ კიდვ არ იცოდა, როგორ მოიქცეოდა, რით იმართლებდა თავს... ძალიან შეეშინდა ანას დაკარგვის...
"უნდა გამიგოს, ჩემი ბრალი ხომ არ არის, მან რომ ჩემი გოგონა იშვილა? ვინ ეხვეწებოდა? ანა ჩემი შვილია და მას ვერც რამაზი წამართმევს და ვერც სხვა ვინმე! - ფიქრობდა ქალი და გული ეკუმშებოდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ სხვა აზრზე დგებოდა. - უმადური ვარ. კიდევ კარგი, რომ ჩემს გოგონას რამაზისნაირი მამა შეხვდა და თუ კი მაინც გააშვილებდნენ, ვიღაც ვიგინდარას არ ჩაუვარდა ხელში. რამაზთან ჩხუბი არ შეიძლება, უნდა დავუყვავო, მოვეფერო"...
ამ ფიქრებში გართული წამოდგა და უკან, ეკლესიაში გაბრუნდა. ნელი ნაბიჯით მიდიოდა და მისი ფიქირი მხოლოდ ბავშვს დასტრიალებდა.
მოძღვარი აღარ დახვდა - წასულიყო. ეკლესიის კარს მხრით მიაწვა. ღია დახვდა. მრევლისთვის არასოდეს კეტავდნენ კარს. ანას ის შემთხვევა გაახსენდა, რომელიც მის ბავშვობაში მოხდა: ერთ დღეს, დილით, უთენია ზარები შემოკრეს. ხმა გავარდა სვანეთში, ეკლასია გაქურდეს და ტაძრიდან უამრავი ძვირფასი ხატი წაიღესო... მართლაც, ტაძარში ძვირფასი თვლებით შემკული ხატები ინახებოდა, რომელიც შეუფასებელი გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს კი ქურდებმა ისარგებლეს იმით, რომ ტაძრის კარი არ იკეტებოდა და გაძარცვეს. მაშინ ეკლესია მოქმედი არ იყო. წირვა და ღვთისმსახურება არ აღევლინებოდა. მრევლი თავისით მიდიოდა იქ, სანთლის დასანთებად და სალოცავად. წინამძღოლი კი არ ჰყავდათ. ჰოდა, ახალმა ამბავმა მოსახლეობა ტაძართან შეკრიბა. მთელი დღე მოღრუბლული იყო... ცა ისე ჩამობნელდა, რომ ადამიანებს დღისით, მზისით, ერთმანეთის დანახვაც კი უჭირდათ. შავი ნისლი ჩამოწვა... მრევლი დაშლას არ აპირებდა... სვანური წესის თანახმად, ეკლესიის, წმინდა ადგილის შეურაცხმყოფელები "ხატზე გადაცემას", წყევლას იმსახურებდნენ. უეცრად, მთის წვერზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, 3 მამაკაცი გამოჩნდა. ხალხმა გზა დაუთმო. ერთს ზურგზე ტომარა ჰქონდა წამოკიდებული.
აქეთ-იქით შეშინებულები იყურებოდნენ. ყველა მიხვდა, სწორედ ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ტაძარი გაქურდა. შემდეგ მძარცველებს თავად მოუყოლიათ, რომ გზა აებნათ. ეკლესიიდან გამოსულებს, ნისლი წამოეწია. ვერაფერს ხედავდნენ ასე გაიარეს გზის ნახევარზე მეტი და იმის ნაცვლად, რომ დაღმართზე ბოლომდე დაშვებულიყვნენ და სამშვიდობოს გასულიყვნენ, რაღაც ძალა აიძულებდათ, ზევით-ზევით ევლოთ... თვითონაც ვერ მიხვდნენ, როგორ მოხვდენენ ისევ ტაძართან... ნაქურდალი ეკლესიას დაუბრუნეს... ხალხმა დაინდო მძარცველები, რადგან მათი უკან დაბრუნება ღვთის ნებად მიიჩნიეს, მაგრამ მოგვიანებით, სამივე ქურდი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა: ერთი მათგანი კლდიდან გადაიჩეხა, მეორე - სათიბში მიმავალი, მთის ფერდობიდან დაგორდა და გადაჭრილ მორს შეეჯახა, მესამე კი - მდინარეში მანქანით გადავარდა. ენგურმა ისე ათრია, რომ მანქანაც კი ვერ იპოვეს. ენგური ხომ საქართველოში ყველაზე ჩქარი და ცივი მდინარეა და მისი ტალღები უზარმაზარ ლოდებს მოაგორებენ. მის ზვირთებში აღმოჩენილ ნებისმიერ საგანს ისე დაჭლეტს და "დაჭმუჭნის", რომ ამოცნობაც კი გაგიჭირდება...
ანა საკურთხეველთან გვიანობამდე იჯდა მარტო. შემდეგ ძილი მოერია და იქვე, მიწის იატაკზე მიწვა. ხელის შეხებამ გამოაღვიძა. გათენებულიყო და მამაო მოსულიყო.
- შენ რა, წუხელ აქ იყავი? არ შეგცივდა? - გაოგნებულმა ჰკითხა.
- კი, გაყინული ვარ, - ანამ მკლავზე ხელი ჩამოისვა.
სიცივისგან კანკალებდა, მაგრამ ისე ღრმად ეძინა, რომ არც გაუგია. წამოდგა, ლოცვას დაესწრო და მხოლოდ ამის შემდეგ გამოემშვიდობა მამაოს და მთიდან ქვევით დაეშვა.
შინ შუადღისას მივიდა. ანა სვანეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩა. რამაზთან საუბრის შემდეგ ტელეფონი აღარც ჩაურთავს... იცოდა, რომ ოჯახის წევრები ინერვიულებდნენ, ისიც იცოდა, რომ ირაკლი გაბრზდებოდა და უსაყვედურებდა კიდეც, მაგრამ ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. არ დაგიდევდა არავის აზრს...
თბილისისკენ მომავალმა დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ უნდა აეხსნა ყველასთვის თავისი გაუჩინარების ამბავი...
ნახევარი გზა რომ გამოიარა, ტელეფონი ჩართო. მაშინვე საბლიანმა დაურეკა.
- ანა, რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებული ჩანდა მამაკაცი.
- კი, უბრალოდ, ქალაქიდან ვიყავი გასული, - არხეინად უპასუხა ქალმა.
- მერე, არ უნდა მითხრა? ასე მცემ პატივს? მომენატრე, დღესვე უნდა გნახო, სად ხარ?
- საღამოს შეგეხმიანები, ახლა ჯერ გზაში ვარ, - ანამ ტელეფონი უცერემონიოდ გათიშა და გვერდით მიაგდო.
დედა და ნინო შინ მისვლისთანავე შემოირიგა... ისინი ანას ასეთ საქციელს უკვე აღარ აქცევდნენ ყურადღებას - მიჩვეულები იყვნენ... ირაკლი კი... ირაკლი მის ზარს ან არ პასუხობდა, ან ტელეფონს თიშავდა.
"ეჰ, გაუვლის მაგასაც, აბა, რას იზამს", - გაიფიქრა და ხელი ჩაიქნია.

საღამოს ვახოსთან შესახვედრად საგულდაგულოდ მოემზადა და მამაკაცისგან კომპლიმენტებიც უხვად მიიღო. ისინი ღია კაფეში, მყუდრო მაგიდასთან ისხდნენ. მამაკაცი მოწიწებით და სიყვარულით შეჰყურებდა. გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ქალს აღმერთებდა. ანა კი იქაურობას გულგრილი მზერით ათვალიერებდა.
- ანა, ნუთუ სულ არ მოგენატრე? - ვინ იცის, მერამდენედ ეკითხებოდა ვახო.
- რომ მოგენატროს, უნდა გიყვარდეს.
- ნუთუ, ვერ შეგაყვარე თავი?
- ვახო, შენ გგონია, 4-5 შეხვედრა საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანი შეიყვარო?
- მაგრამ ხომ მოგწონვარ? ისე არ შემხვდებოდი... რადგან მხვდები, მოგწონვარ კიდეც, - იმედს ებღაუჭებოდა მამაკაცი.
- შესაძლოა, ცოტა მომწონხარ, მაგრამ უფრო იმიტომ გხვდები, რომ ასეა საჭირო.
- რისთვისაა ასე საჭირო?
- მოვა დრო და გაიგებ მაგას.
- საშიში ქალი ხარ...
- ვგავართ ერთმანეთს, - ანამ მზერა გაუსწორა მამაკაცს.
ვახოს შიში დაეუფლა... ეს ლამაზი, ნაზი არსება ცივი თვალებით უყურებდა და მის მზერაში კიდევ იგრძნობოდა რაღაც ისეთი, რისი ამოკითხვაც მამაკაცს უჭირდა... ეს ქალი უზომოდ იზიდავდა, დღე და ღამ მასზე ფიქრობდა, ერთი სული ჰქონდა, ხელში როდის ჩაიგდებდა, რომ მასზე უფლებები მოეპოვებინა და ამ ჯიუტი არსებისთვის თავისი ძალა ეჩვენებინა და თავის ჭკუაზე ეტარებინა, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე, რაც მას იცნობდა, რაღაც აფრთხობდა... ამ დევისტოლა კაცს კაფანდარა ქალის ეშინოდა, თითქოს... ასეთი განცდა არასოდეს დაუფლებია და ვერ ხვდებოდა, რა ძალა აიძულებდა, მის წინაშე თავი ასე უმწეოდ ეგრძნო. თავად იყო ბრძანებების გაცემას მიჩვეული და ანას დანახვისას კი მზად იყო, ფეხქვეშ გაგებოდა, ოღონდ მისი ღიმილი დაემსახურებინა. ბრაზდებოდა ამის გამო და თავს პირობას აძლევდა, რომ მომდევნო შეხვედრაზე სულ სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ ქალს დაინახავდა თუ არა, მაშინვე ავიწყდებოდა პირობაც და საკუთარი თავიც. ქალი მარიონეტივით მართავდა და მამაკაცი ამ სიტუაციას თავს ვერ არიდებდა. დიდი სურვილი ჰქონდა, ანა მეგობრებისთვის წარედგინა და თავი მოეწონებინა - აი, როგორი ქალი გავიცანი და როგორ ქალთან მაქვს ურთიერთობაო, მაგრამ ანა არ თანხმდებოდა, - ჯერ ადრეა და თუ დრო მოვა, თვითონ შეგახსენებ, მეგობრები რომ უნდა გაგეცნო ჩემთვისო. ყოველი ფრაზა, რომელიც ერთობლივ მომავალთან იყო დაკავშირებული, ვახოსთვის იმედის მომცემი იყო და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუ ანა "ჩემი" და "შენი"-ს ნაცვლად, საუბრის დროს სიტყვა - "ჩვენს" გამოიყენებდა და ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ შესაძლებელი იყო, მათ საერთო მომავალი ჰქონოდათ.
რამდენიმე დღე გავიდა, ირაკლი ვერ შეირიგა. მამაკაცი კატეგორიულად დუმდა და მის ზარებს არ ჰპასუხობდა. ანა ფიქრობდა, ერთ საღამოს შინ თავზე დავადგები და შემირიგდება, აბა, რას იზამსო, მაგრამ ეს "ერთი საღამო" უკვე მერამდენედ გადადო. გრძნობდა, რომ ნაწილობრივ დამნაშავე იყო და ამის აღიარება, სიჯიუტის გამო, საყვარელ ადამიანთანაც კი უჭირდა. რამაზიც დუმდა. არც თვითონ ურეკავდა. ერთ საღამოს კი ვერ მოითმინა და ნინოს ჰკითხა:
- ნი, რამაზს რა უნდოდა ჩემთან, ხომ არ იცი? სვანეთში რომ ვიყავი, მაშინ დამირეკა და სალაპარაკო მაქვსო, მითხრა.
- რადგან დაგირეკა, მაშასადამე, თვითონ დაგელაპარაკება, საიდან უნდა ვიცოდე, რა უნდა? - ნინომ მხრები აიწურა, მაგრამ ანას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ დამ კარგად იცოდა, რასთან დაკავშირებით სურდა დალაპარაკება.
მთელი კვირა ელოდა რამაზის ზარს და როგორც იქნა, დაურეკა.
"გაჟეჟილს გატეხილი ჯობია", - გაიფიქრა ანამ და რაღაცნაირად, შვებით ამოისუნთქა.
- გამარჯობა, პატარა ქალბატონო, - ალერსიანი ხმით მიესალმა მამაკაცი და ანა სახტად დატოვა, რადგან მისგან ასეთ შეხვედრას არ მოელოდა და ძალიან გაუკვირდა. თანაც იმედი ჩაესახა.
- გამარჯობა, რამაზ, - თვითონაც დაუთბა ხმა.
- სამსახურში რატომ არ მოდიხართ, ქალბატონო?
- ვერ მოვიცალე.
- ანა, შენთან შეხვედრა მინდა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
- როცა მეტყვი, იმ დროისთვის მოვიცლი.
- დღეს საღამოს, 10 საათზე შევხვდეთ, ჩემთან მოდი. ანა 11-ზე იძინებს და სასაუბრო დროც გვექნება.
- კარგი, რამაზ, შევთანხმდით.
ტელეფონი რომ გათიშა, ქალმა მხრები აიჩეჩა, - ვერაფერი გავიგეო.
- რამაზი იყო? - ჰკითხა ნინომ.
- კი, რამაზი იყო, მაგრამ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე. არა, კი გავიგე, მაგრამ მეგონა, ჩემზე განრისხებული იყო და ისე თბილად მელაპარაკა...
- რატომ უნდა ყოფილიყო განრისხებული, აწყენინე რამე?
- არა, მაგრამ სვანეთში ისეთი ცივი ხმით მელაპარკა, ვიფიქრე, ნამდვილად გაიგო, რომ ანას დედა ვარ და რომ ვატყუებ, იმის გამო გაბრაზდა. თუ ასეა და მართლა შეიტყო სიმართლე, მაშასადამე, გაბრაზებამ უკვე გადაუარა და ახლა შემრიგებლური და თბილი ტონით მელაპარაკა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბელამ სკოლიდან მოსვლა რატომ დააგვიანა? - თემა უეცრად შეცვალა.
- არ ვიცი, დავრეკავ ახლა. იქნებ მასწავლებელმა დატოვა, დამატებით მეცადინეობაზე, - ნინო ტელეფონს დასწვდა.
- კარგი, გამაგებინე მეც, ზვიადთან შეხვედრაზე მივდივარ და მაგვიანდება, - ანამ კარი გაიხურა.
ოფისში მისულ ანას გიორგი ისეთ საშინელ გუნებაზე დახვდა, ქალს გული გაუსკდა.
- რა იყო, რა ხდება? - ჰკითხა შეშფოთებულმა.
- არაფერი, - მამაკაცმა თვალი აარიდა.
- გიორგი, რაღაცას მიმალავ, ცუდი ხომ არაფერია?
- ანა, ამიხსენი, რა დაგიშავეთ დებს? - კარგა ხნის დუმილის შემდეგ გიორგიმ ხმა ამოიღო და ისეთი რამ თქვა, რასაც ანა არაფრით ელოდა.
- რატომ მეკითხები? რისი თქმა გინდა? - ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
- გუშინ ნინოს ველაპარაკე.
- მერე?
- ცოლობაზე უარი მითხრა.
- ა-აა, მე კდევ მეგონა, ქვეყანა დაიქცა, - გაეცინა ქალს, - მაგის გამო ნერვიულობ? რა მოხდა მერე, უკეთესს იპოვი, გიორგი, თუ არ უყვარხარ, რა ქნას?!
"ამდენ საქმეში ნინოს პირადი ცხორება გამომეპარა", - გაიფიქრა და გული დასწყდა, დას სათანადო ყურადღება რომ ვერ მიაქცია.
- ხელი მკარი, შენმა დამაც ხელი მკრა, - გიორგი ადგილიდან წამოდგა და კედელზე მიმაგრებულ დიდ სარკესთან მივიდა, რომელშიც მთელი ტანით გამოჩნდა. გვერდულად დადგა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა, შემდეგ მეორე მხარეს შებრუბდა. კარგა ხანს იყურა სარკეში, - დასაწუნი კაცი არ ვარ, ნამდვილად და თქვენ რატომ ვერ მოგაწონეთ თავი? ამ სიბერეში კიდევ ერთხელ შემიყვარდა, შენი "ხათრით" და...
- ჩემი ხათრით შეყვარება რას ნიშნავს? - ხმამაღლა გადაიხარხარა ანამ.
- რას და... შენი და ძალიან გგავს და იმიტომ შემიყვარდა.
- გიორგი, აბა, კარგად დაფიქრდი, იქნებ ნინო კი არა, მე გიყვარვარ, ისევ? თავს იტყუებ, მგონი.
- დედის საფლავს გეფიცები, ირაკლი ჩემი მეგობარი რომ არ იყოს, აქამდე წავართმევდი შენს თავს. თუ დამჭირდებოდა, მოვკლავდი კიდეც, რაღა ჩემი ძმაკაცი შეიყვარე, გოგო? - ფაქტობრივად, აღიარა გიორგიმ, რომ ანა უყვარდა.
- სწორად მოქცეულა ჩემი და, უარი რომ გითხრა. რად უნდა ისეთი ქმარი, მის დაზე რომაა შეყვარებული? აბა, ჭკუა გაქვს თავში? - უცებ დასერიოზულდა ქალი, - ამ საქმეს არაფერი ეშველება.
- არ უნდა მოგეძებნე, ამერიკიდან რომ დაბრუნდი, - დანანებით თქვა მამაკაცმა.
- კარგი, რაც არის - არის; ახალი ცხოვრება დაიწყე. აგერ, მეგის როგორ უყვარხარ, ლამისაა, ეჭვების გამო ყველა შგვიძულოს...
- მეგი ჩემი საყვარელი იყო და მაგას ცოლად არ მოვიყვან.
- მე კი 2 ქმარი მყავდა და ახლა შენი ძმაკაცის საყვარელი ვარ - ჯერჯერობით ასე ჰქვია ჩვენს ურთიერთობას, - მაგრამ მგონი, თუ თანახმა ვიქნები, ჩემზე დაქორწინებაზე უარს არ იტყვი.
- თავი დამანებე, სულში ნუ მიძვრები, - თვალებიდან ნაპერწკლები დაკვესა მამაკაცმა.
- კარგი, გავალ ჩემთან, ზვიადთან მაქვს სალაპარაკო. ანამ გიორგის კაბინეტიდანვე დაურეკა ზვიადს და თავისთან დაიბარა.
- რა გაარკვიე? - მამაკაცს ხელი გაუწოდა.
- ბევრი რამ გავარკვიე. მაგალითად, ის, რომ ჩვენი ვანო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილთან დაძვრება, ადრე კი სხვა მაღალჩონოსნის ცოლთან ჰქონდა საქმე, რომელიც სწორედ ამ გოგოს გამო მიატოვა. ახლა ქალები ერთმანეთსაც მტრობენ და პირველი საყვარელი - ვანოსაც. ერთი ცდილობს, ჩაძიროს, ყოფილი საყვარელი, მეორე კი მის დაწინაურებაზეა მოწადინებული და მიაღწევს კიდეც, რადგამ მამამისი უფროა "გაქაჩული", ვიდრე - "პირველის" ქმარი.
- უყურე, მაგ ვაჟბატონს, რა ამბები დაუტრიალებია?! - გაეღიმა ანას, - კიდევაა რამე?
- კიდევ ისაა, რომ თავისი ჯიპი დალომბარდებული აქვს და თუ ზეგ ფულს არ გადაიხდის, გაუყიდიან. ახლა ფულზე ჩალიჩობს, მაგრამ ჯერ ვერ იშოვა, 8 ათასი დოლარი სჭირდება. 1 საათში ისევ ხვდება ლომბარდის მეპატრონეს, რომ ვადა გადააწევინოს. მისი სატელეფონო საუბრებიდან გამომდინარე, არ სურს, რომ საყვარელს სთხოვოს. როგორც ჩანს, ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა და მისი დაფრთხობა არ სურს. კიდევ, შენ შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ვის არ დაურეკა, რომ რაიმე გაეგო. ერთმა ისიც კი უთხრა, ეგ ქალი ძალიან ცოტა ხანია, რაც თბილისშია და ჯერ დოსიე არაა შედგენილი, ბიჭები მუშაობენ და მალე ყველაფერი გვეცოდინება. შენც მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან მისი არსებობის შესახებ შენგან გავიგეთო.
- , - კბილებში გამსოცრა ქალმა, - ის თუ იცი, შეხვედრა სად აქვს დანიშნული?
- კი, ვიცი, აი, მისამართი, - ზვიადმა მისამართი ფურცელზე დაწერა და ანას მქალი ცოტა ადრე მივიდა დანიშნულების ადგილზე და ვანოს დაუდარაჯდა. როგორც კი ჟურნალისტი ოფისში შევიდა და უფროსის კაბინეტის კარი ზურგს უკან მიხურა, ანაც ფეხდაფეხ მიჰყვა. მაგდის თავში მჯდარ მამაკაცს მიესალმა.
- ვაა, ვანო, აქ რა გინდა? - გაუღიმა ჟურნალისტს და შინაურულად გადაკოცნა.
- მე კი არა, თქვენ რა გინდათ? - გაუკვირდა.
- საქმე მაქვს.
- ამათ იმდენი ფული არ ექნებათ, თქვენი მანქანა რომ დაალომბარდოთ, - გაიცინა ახლაგაზრდამ.
- ხელს არ შეგიშლით, ისაუბრეთ და მერე შემოვალ, - ანა გავიდა.
ვანოს წასვლის შემდეგ ისევ შევიდა უფროსთან.
- რა უნდოდა იმ ახალგაზრდას, მანქანას ხომ არ ალომბარდებს?
- არა, ვერ ისტუმრებს ვალს და სავარაუდოდ, მანქანას გავუყიდით.
- რამდენი აქვს ვალი? - დაინტერესდა ანა.
- პროცენტებიანად 9 ათასს გადააჭარბა.
- მაგ ვალს მე გავისტუმრებ.
- არა, უკვე გადაწყვეტილია, მისი მანქანის კლიენტი უკვე მყავს, - როგორც ჩანს, ეს ვარიანტი უფრო აწყობდა.
- ეს შენობა ვისია? - იკითხა ანამ და ჭერს ახედა.
- ჩემია, უკან კი ავტოსადგომიც აქვს, სადაც დალომბარდებულ ავტომანქანებს ვაჩერებთ, - სრული ინფორმაცია მიაწოდა მამაკაცმა.
- ძალიან კარგი, რაც მეტი ფართი იქნება, მით უკეთესი, - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- უკაცრავად, ვერ გავიგე?!
- ამ ადგილის ყიდვას ვაპირებ და ახლა სანახავად ვარ მოსული. აქ კორტები უნდა ავაშენო, - საიდან მოიგონა ასეთი ცხელ-ცხელი ტყუილი და რაღა მაინცდამაინც კორტების აშენება მოუნდა, თვითონაც ვერ მიხვდა, მაგრამ ისე დამაჯერებლად გამოუვიდა, რომ მამაკაცი ჯერ გაფითრდა, შემდეგ "გამწვანდა" და ბოლოს სახეზე ალმურმა გადაჰკრა.
- ამას სერიოზულად ამბობთ? - ძლივს გადაყლაპა ნერწვი.
- რა თქმა უნდა, სერიოზულად.
- როგორ იყიდით? ეს ადგილი ჩემია...
- მრწმუნეთ, რომ აუცილებლად ვიყიდი... ისეთ საბუთს ამოვქექავ, ვერ დაამტკიცებთ, რომ თქვენია, ხომ იცით, რა მთავრობა გვყავს? თუ ვინმეს თავლი დაადგეს და გასაფუჭებელია, აუცილებლად გააფუჭებენ. ახლა მიზანში თქვენ ამოგიღეს, მე კი ფული მაქვს, მიწა მჭირდება და ხელი ხელს დაბანს და ორივე - პირს... მე კი შემიძლია, დაგეხმაროთ, თუ თქვენც დამეხმარებით და ბატონი ვანოს მანქანის გამოსყიდვის საშუალებას მომცემთ.
- კარგი, იოლი სამსახურია, - ფერი დაუბრუნდა მამაკაცს.
- ახლა თქვენ საბუთები გაამზადეთ, მე კი წავალ და ფულს მოვიტან.
2 საათში ყველაფერი მოაგვარა და ვანოს მანქანის გასაღები ჩააბარა.
- ქალბატონო ანა, ამ ვალს აუცილებლად გადავიხდი, - ვანომ ლამის ხელები დაუკოცნა.
- არაა საჭირო, ჩემგან საჩუქრად გქონდეთ, იმ ჰონორარის სანაცვლოდ, რომელიც ჩემთან ინტერვიუში უნდა მოეცათ.
- იმ ინტერვიუში ამდენს არავინ გადამიხდიდა.
- ჰოდა, ხომ ხედავ, ხანდახან კარგიცაა, რესპონდენტი უარს რომ გეტყვის. თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, მეგობრად მიგულე, - ანამ ხელი დაუქნია მამაკაცს და ადგილიდან დაიძრა.
მანქანაში დატოვებულ ტელეფონს დახედა. ნინოს უამრავჯერ ჰქონდა დარეკილი. მაშინვე გადაურეკა.
- ანა, ბელას ვერ ვპოულობ, ყველა ის ადგილი შემოვიარე, სადაც შეიძლებოდა,
რომ ყოფილიყო, მაგრამ ვერსად მივაგენი, - შეშფოთებული იყო ქალი.
ანამ პატარა ანას ტელეფონის ნომერი აკრიბა.
- როგორ ხარ, ჩემო გოგონავ? - შეეცადა, მღელვარება არ შესტყობოდა.
- კარგად, ანა დეიდა, თქვენ როგორ ხართ? იცით, დღეს ბელამ "ათიანი" მიიღო ბუნებაში.
- მიხარია, "ათიანი" თუ მიიღო, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ სად წავიდა, ხომ არ იცი? შენთვის ხომ არ უთქვამს, რომ ნათესავთან ან მეგობართან გავლას აპირებდა?
- არა, არაფერი უთქვამს, მასწავლებელთან მიდიოდა და მითხრა, შინ რომ მივალ, დაგირეკავო.
- კარგი, ჩემო პატარავ, გაკოცე და საღამოს სტუმრადაც მოვალ.
ანას შემდეგ ზვიადთან დარეკა.
- ბელა დაიკარგა სადღაც, ამ საქმეში როგორც ჩანს, დედამისის და გოდერძის ხელი ურევია, შენი დახმარება მჭირდება, - აღელვებულმა ისე მიაყარა სათქმელი, რომ არც კი ამოუსუნთქავს.
მიუხედავად იმისა, რომ ანას უამრავი დაუგეგმავი საქმე გამოუჩნდა, რამაზთან მისვლა მაინც არ გადადო. როგორც შეთანხმდნენ, გვიან საღამოს მასთან სტუმრად მივიდა. პატარა ანას უკვე ეძინა. რამაზი აივანზე გაუძღვა და ცოცხალი პალმის ძირში დადგმულ სავარძელზე მიუთითა. მამაკაცი დაძაბული ჩანდა. ანას მისვლა თითქოს გაუხარდა, მაგრამ სახეზე დაბნეულობა და ნერვიულობა ეწერა. ცოტა ხნით ანა მარტო დატოვა, შემდეგ ხილითა და 2 ფინჯანი ყავით დაბრუნდა და ქალის პირდაპირ დაჯდა.
- სვანეთი როგორ მოიარე? - ანა მიხვდა, რომ მთავარ სათქმელს თავი აარიდა და შორიდან მოუარა.
- კარგად. მომენატრა იქაურობა.
- სამწუხაროდ, არა ვარ სვანეთში ნამყოფი.
- ულამაზესი მხარეა. უნდა ნახო აუცილებლად.

GzaPress- ვეცდები, - ჩაილაპარაკა რამაზმა.
- რა საკითხზე გინდოდა ლაპარაკი? - ანამ არჩია, ყველაფერი დროზე გაერკვია.
- ანა, არ მინდა, გეგონოს, რომ ცანცარა ბიჭუნა ვარ, რომელიც ჯერ არ დაღვინებულა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს, - მზერა გაუსწორა ქალს, - რასაც ახლა გეტყვი, წრფელი გულით იქნება ნათქვამი და იმის გამო ვნერვიულობ, რომ სხვანაირად არ გაიგო.
- გისმენ, რამაზ, - ქალი მიხვდა, რომ მისი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან როგორც ჩანს, რამაზი ანაზე ლაპარაკს არ აპირებდა. ცოტა დაიძაბა კიდეც. გულმა უგრძნო, რომ მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეგო.
- ნინოს ცოლად შერთვა მინდა და უშენოდ მისგან თანხმობას ვერ ვეღირსე, - უცებ, ერთი ამოსუნთქვით თქვა. თან ანას თვალს არ აშორებდა.
- მომესმა? თუ მართლა ის თქვი, რაც მე გავიგონე? - ამის გარდა, ყველაფერს ელოდა ქალი.
- არ მოგესმა. მე და ნინოს ერთმანეთი გვიყვარს. ვთხოვე, დავქორწინდეთ-მეთქი, მაგრამ შენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ვერ გამიგია, ნუთუ ამხელა გოგო შენზეა დამოკიდებული?! 15 წლის ხომ არ არის? მესმის, მამას დაეკითხოს, მაგრამ - დას? ანამ თუ უარი მითხრა, ვერ გამოგყვებიო, ასე მიპასუხა... ან შენ რატომ უნდა უთხრა უარი? საამისო მიზეზი გაქვს?
ანა დუმდა. მოულოდნელმა ინფორმაციამ დაამუნჯა.
- მაქვს, - მძიმედ ამოთქვა ბოლოს.
- რა მიზეზია, ანა? ნუთუ ის, რისი ეჭვიც მაქვს?
- შენ რისი ეჭვი გაქვს, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცდები.
- გახსოვს, თავიდანვე მიკვირდა შენი უცნაური საქციელი?..
- ჰო, და ისიც მახსოვს, რომ გეგონა, მომწონდი და შენთან დაახლოებას ამიტომ ვცდილობდი, - ანას გაეღიმა.
- ჰო, - კაცმა თავი დაუკრა.
- ახლაც ასე გგონია?
- კი, ასე მგონია. თუმცა ბოლო დროს ასე აღარ ვფიქრობდი, ახლა კი ნინოს საქციელმა ეჭვი კვლავ გამიჩინა.
- რამაზ, რამდენად სერიოზულია შენი გადაწყვეტილება? დარწმუნებული ხარ, რომ ნინო გიყვარს?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. არ დავმალავ - თავიდან მომეწონე, მაგრამ ახლოს რომ გაგიცანი, მივხვდი, შენ ის ტიპი არ ხარ, ვისზეც ვიქორწინებდი: თავნება, ჯიუტი, თავისებური გოგო ხარ... სულ საქმე გაქვს... ხანდახან კი ისეთ თვისებებს ავლენ, კაცი მგონიხარ. შენნაირი ქალები არ მომწონს. იმედია, არ გეწყინება, ამას რომ გეუბნები. სწორად გამიგე... ძალიან კარგი ადამიანი ხარ და უზომო პატივს ვცემ შენნაირ, დამოუკიდებელ და ძლიერ ქალებს, მაგრამ... სუსტი, დაუცველი ქალები უფრო მომწონს...
- თავს ნუ იმართლებ, - ხმამაღლა გაიცინა ანამ, - გასათხოვარი არც მე დავრჩები... თანაც, შენი ეჭვები სრულიად უსაფუძვლოა: როცა გაგიცანი, უკვე შეყვარებული ვიყავი და შენ მიმართ ინტერესი ამ მიზეზით არ გამომიჩენია.
- ირაკლის გულისხმობ?
- დიახ.
- აბა, სხვა რა მიზეზი შეიძლება, არსებობდეს?.. - მხრები აიჩეჩა რამაზმა.
- მიზეზი არსებობს და გაცილებით სერიოზული, ვიდრე შენ გგონია... რამაზ, არც კი ვიცი, ახლა ამაზე ლაპარაკი შეიძლება თუ - არა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.

- რატომ, ანა, რა ხდება? თქვი, ხომ იცი - გაჟეჟილს გატეხილი ჯობია.
- ვშიშობ, ჩემი დის ბედნიერებას საფრთხე არ დაემუქროს და რაიმე არ გაფუჭდეს. თუმცა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემკენ გამოიშვირა თითი, ვფიქრობ, მას უკვე აწონილ-დაწონილი აქვს ყველაფერი.
- თუ იმას გულისხმობ, რომ ქვრივი ვარ და ნინოს ამის გამო უწუნებ არჩევანს...
- ეგ რა შუაშია?!.
- აბა, რა მიზეზი შეიძლება, იყოს...
- მიზეზი - ანაა, - მოჭრით თქვა ქალმა და მამაკაცს თვალებში ჯიქურ შეხედა.
- შვილი რომ მყავს, ნუთუ ეგ მინუსია?
- არა, შენ სწორად ვერ გაიგე, - ანას გული გამალებით უცემდა. უჭირდა სიმართლის გამხელა. გრძნობდა, რომ დადგა დრო, ყველაფერი ეთქვა: დამ კედელთან მიაყენა და აიძულებს, სიმართლეს ფარდა ახადოს...
- ანა, - მამაკაცმა თავი შეახსენა, რადგან ქალს პაუზა გაუგრძელდა.
- ერთი ამბავი უნდა მოგიყვე, რამაზ. ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს...
- გისმენ...
- მაშინ ძალიან პატარა, 19 წლის ვიყავი. ერთი კარგი ადამიანი შემიყვარდა...
- ლევანი? - უცებ მიხვდა რამაზი.
- ჰო, ლევანი... მას ცოლი ჰყავდა, მაგრამ დამიმალა. თუმცა შეგნებულად ჩემი მოტყუება არ სურდა - წრფელი გულით ვუყვარდი და, როგორც შემდეგ გავიგე, ცოლს მხოლოდ იმის გამო ვერ შორდებოდა, რომ შვილს ელოდა.
- ვიცი, მათ წლების განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და შემდეგ გოგონა შეეძინათ.
- ამის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე და საყვარელი მამაკაცის დასჯა გადავწყვიტე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი დაკარგვა მას გულს ატკენდა და სამუდამო დაღს დაასვამდა.
- და მიატოვე? - წარბები აზიდა კაცმა.
- კი. მაგრამ ვიდრე მივატოვებდი, მორიგი სისულელე ჩავიდინე: არ ვუთხარი, რომ სიმართლე გავიგე, და მასთან დავწექი. ლამის ვაიძულე, ეს გაეკეთებინა... შეიძლება ითქვას, ვიძალავე: მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო და მოხდა კიდეც.
- მერე? - რამაზი გაოცებული იყო.
- მერე ის, რომ იმ დილით სასტუმროდან გამოვეპარე და ისე დავიკარგე, ჩემს კვალს ვეღარსად მიაგნო... მას მხოლოდ ახლა შევხვდი, როცა ამერიკიდან დავბრუნდი. მაგრამ მანამდე ისეთი რამ მოხდა, რაც დღემდე სანანებელი მაქვს... ხომ იცი სვანების ამბავი, - რამაზს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ანამ ხელით ანიშნა, მაცადეო. - რამაზ, ახლა რომ შევწყვიტო მოყოლა, იცოდე, სხვა დროს აღარასოდეს დავუბრუნდები ამ ამბავს... - პაუზის შემდეგ განაგრძო: - დავფეხმძიმდი და ამის შესახებ მხოლოდ დავითმა იცოდა. შემთხვევით, ჩემმა ბიძაშვილმაც გაიგო, რასაც დიდი უსიამოვნება მოჰყვა... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გოგონა შემეძინა.
- ბელა ლევანის შვილია?! - გაოგნებულმა რამაზმა მაინც ვერ შეიკავა თავი და უნებურად დასვა კითხვა.
- ჩემი ბიძაშვილი, რომელმაც ჩემი ორსულობის გამო სკანდალი ატეხა, მურთაზია, ჩემი და ლევანის შვილი ბელა კი არა... ანაა, - ქალი თავდახრილი ლაპარაკობდა, მხოლოდ დროდადრო, წამიერად ახედავდა რამაზს. ბოლოს თვალები დახუჭა, თითქოს განაჩენს ელოდა... ვერაფერს ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მამაკაცი გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა...
რამაზი სავარძელში ქანდაკებასავით გაქვავებულიყო. თითებით სახელურებს ჩაბღაუჭებოდა და ანას თვალდაუხამხამებლად უყურებდა. ქალმა თავი ასწია და მზერა გაუსწორა. მტკიცედ გადაწყვიტა, პირველს ხმა არ ამოეღო.
- შენი საქციელიდან გამომდინარე, ალბათ სწორად ვხვდები, რომ ჩემს ანას გულისხმობ?! - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ რამაზმა ეს სიტყვები ძლივს წარმოთქვა.
- ჰო, - ანამ ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა.
- შეუძლებელია!..
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სიმართლეა. დედაშენმაც ეს დიდი ხანია, იცის...
- დედაჩემმა?! - ამას უკვე აღარ მოელოდა რამაზი.
- ჰო, ეთერმა ყველაფერი იცის, რამაზ. ამერიკიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე დღის შემდეგ მურთაზი კლდიდან გადმოვარდა და დამტვრეული, თბილისში ჩამოიყვანეს. მერწმუნე, რომ ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვუშველე. ვიდრე ის კომაში იყო, მისმა ცოლმა გამიმხილა, - ჩემი გოგონა, რომელიც მეგონა, მკვდარი იყო, თურმე ცოცხალი ყოფილა და მურთაზს გაუყიდია... რაღა თქმა უნდა, ძებნა დავიწყე და პირველ რიგში, იმ ექიმს მივაკითხე, ვინც მამშობიარა და ვისაც ამ ბინძურ გარიგებაში ლომის წილი მიუძღვის. კვალმა ეთერზე გამიყვანა და რუსთავში ჩავაკითხე. ჩემი იქ ყოფნის დროს ეთერს გულის შეტევა დაემართა.
- საავადმყოფოში შენ გამო მოხვდა?! - ამდენი ახალი ცნობით გაოგნებული რამაზი გონს მოსვლას ძლივს ახერხებდა.
- კი...
- და მისი მკურნალობის ხარჯიც შენ დაფარე, არა?!. მე კიდევ, დედაჩემს ვერაფრით დავაცდენინე... კეთილმა ქალმა გადაიხადაო, მეუბნებოდა. ახლა ყველაფერი გასაგებია... ყველაფერი თავის ადგილზდე დადგა. შენს ყველა საქციელს მიზეზი და ახსნა მოეძებნა და აღარაფერი მიკვირს. გონს ვერ მოვსულვარ, ანა... მაშ, ჩემი ანა შენი და ლევანის შვილია?

- კი.
- ისე, ახლა ვხვდები, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ... ხასიათითაც...
- რამაზ, ახლა შენზეა დამოკიდებული, დაგვაშორებ მე და ანას ერთმანეთს თუ არა... შენ ამის უფლება არ გაქვს! - მოთხოვნასავით გაისმა მისი ნათქვამი, - დედობის საშუალება უნდა მომცე...
- ახლა მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა და შენ მიერ გამჟღავნებული სითბო... მაშინ ვიფიქრე, რომ უბრალოდ, ძალიან მოგეწონა გოგონა... ანას მიმართ მართლაც, არავინ რჩება გულგრილი, მაგრამ მაშინაც უცნაურად მომეჩვენა და ახლაც თვალწინ მიდგას შენი თვალებიდან წამოსული ემოცია... გულმა თითქოს რაღაც მიგრძნო, მაგრამ ამას კი ვერ წარმოვიდგენდი...
- ახლა რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? მე შენი და ნინოს დაქორწინების წინააღმდეგი არ ვარ და ეს ამბავი მახარებს კიდეც. ხომ არ გადაიფიქრებ?..
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი და ნინოს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ანასთან დაკავშირებით რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. შენ ალბათ გინდა, რომ გოგონამ სიმართლე გაიგოს. ასეა?
- რა თქმა უნდა. მაგრამ ამას როგორ მოვახერხებთ, ეს კი ჯერჯერობით არ ვიცი. ბავშვი როგორ მიიღებს ამას?.. თანაც, მისთვის იმის გამხელაც მოგვიწევს, რომ მამა შენ კი არა, ლევანია.
- ანა, მე ბავშვს არ დავთმობ. ანა უზომოდ მიყვარს. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ხომ იცი, მარტომ გავზარდე. დედაც მე ვარ და მამაც. ამიტომ, მის მიმართ ჩემი გრძნობაც გაორმაგებულია.
- არ ვაპირებ შენთვის მის წართმევას. მაგრამ მეც უნდა გამიგო... სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ამ ინფორმაციას ასე მშვიდად თუ მიიღებდი. ეს რომ მცოდნოდა, სიმართლეს არც აქამდე დავმალავდი.
- ჩემთვის ნინო ძალიან ძვირფასია და მასთან ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი - ანაა. მას თუ შენნაირი კარგი დედა ჰყავს და ნინოსნაირი დეიდა, რომელიც იმედი მაქვს, დედობასაც გაუწევს, ამის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს?! ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ შესაძლოა, ანას ნამდვილ დედას მისი არსებობის შესახებ გაეგო და კარზე მომდგომოდა. არც მინდოდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდებოდა ამის შემდეგ. ახლა კი მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ შენს გამოჩენას ცუდი არაფერი მოჰყვება. ბავშვს უყვარხარ და მგონია, რომ თუ სიმართლეს გაიგებს, არ ეწყინება. მთავარია, სწორად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩემი აზრით, ფსიქოლოგთან უნდა მივიყვანო და საამისოდ ის შეამზადებს.
- ჩემი აზრით კი ჯობია, ჩვენ მივიდეთ ფსიქოლოგთან და კონსულტაცია გავიაროთ.
- შოკში ვარ, - რამაზმა თვალებზე ხელები აიფარა.
- მესმის შენი, - თანაგრძნობით შეხედა ქალმა.
- ბელა ვისგან გყავს?
- ბელა ჩემი შვილი არ არის. ის ვიშვილე.
- გასაგებია... მაშასადამე, ნინომ იცოდა სიმართლე და ამიტომ მოგანდო ჩვენი ურთიერთობის გადაწყვეტა?
- ჰო, როგორც ჩანს, ასეა. მაგრამ მერწმუნე, მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. ჩემთვის არ უთქვამს.
რამაზი ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიბა. თან, დაკვირვებით ათვალიერებდა ანას და ტუჩს იკვნეტდა.
- ნინო, როგორ ხარ?.. კარგად, კარგად... ჰო, აქ არის... ყველაფერი კარგადაა... არ სცოდნია ჩვენ შესახებ... მეგონა, ეტყოდი... გეთქვა, სალაპარაკო მაქვსო და მოიცლიდა... ჰო, ბარემ ქორწილის დღესაც დავნიშნავთ... უშენოდ, რა თქმა უნდა, - შენ ხომ ანას მიანდე ჩვენი ურთიერთობა, ჰოდა, ბარემ ბოლომდე ენდე... გკოცნი, მიყვარხარ...
ანას სახეზე ღიმილი ეფინა. რამაზს ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მიხვდა, უზომოდ იყო შეყვარებული და ალბათ ამიტომ აღმოჩნდა ასეთი მიმტევებელი.
- შენი შვილი ძალიან გგავს, - გაიღიმა მამაკაცმა.
- კარგი, ახლა წავალ... ალბათ ნინო ღელავს და ერთი სული აქვს, როდის მოვუყვები ახალ ამბებს...
დამშვიდობებისას რამაზმა ანა გულში ჩაიკრა, ისე, როგორც ძმამ - და. დღეიდან ისინი ერთი ოჯახი იყვნენ...
ანას ცრემლი მოერია. ბედნიერებისგან ტიროდა. ამაზე უკეთეს "სცენარს" ვერც კი მოიფიქრებდა. ცხოვრებამ თვითონ მოაწყო ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო.
- გმადლობ, რამაზ, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ...
ანა კიბეზე სირბილით დაეშვა, რომ მამაკაცისთვის ცრემლი არ დაენახვებინა.
ზვიადმა ბელას შესახებ ვერაფერი გაიგო. ანას ურჩია, პოლიციაში გაეცხადებინა. რადგან სხვა გზა არ იყო, ანა ამ წინადადებას დათანხმდა. როდესაც პოლიციაში განცხადება შეიტანეს და იქ შეიტყვეს, რომ გოგონა ნაშვილები იყო, ეჭვი ანაზე მიიტანეს. ქალი დასმული კითხვებით შეურაცხყოფილი დარჩა:
- თუ გგონიათ, რომ ბელას გაუჩინარებასთან რამე მაკავშირებს, ძალიან ცდებით. ამ უაზრო კითხვების დასმას, ის გირჩევნიათ, ძებნა დაიწყოთ, რომ შარლატანი გოდერძისა და გათახსირებული დედის ხელში ჩავარდნილი ბავშვი არ დაიღუპოს. დარწმუნებული ვარ, მოსაკლავად არ გაიმეტებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, თურქეთში გადაიყვანონ და გაყიდონ. დედამისი ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელია. მეც ხომ მძალავდნენ ფულს და მემუქრებოდნენ - თუ 50 ათასს არ გადავუხდიდი, ბელას წამართმევდნენ. რადგან კანონის ძალით ვერ მომერეოდნენ, ადგნენ და გოგონა მოიტაცეს. რაც უფრო დააჩქარებთ საქმეს, მით უკეთესი იქნება, - თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა ანა.
- დაწყნარდით, ქალბატონო, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ, ყველა საჭირო კითხვა დაგისვათ, თქვენ კი ვალდებული ხართ, ამ კითხვებზე გვიპასუხოთ.
- ჩემსა და თქვენს ვალდებულებებზე ლექციის კითხვას თავი დაანებეთ! - ანა წამოდგა. - რაც საქმეს სჭირდებოდა, ყველა კითხვაზე გიპასუხეთ და ვალდებული არა ვარ, გითხრათ, იმ დროს სად ვიყავი, როცა ბელა გაუჩინარდა! დღეს საღამოს შეგეხმიანებით და იმედია, რაიმე მაინც გექნებათ გარკვეული, - ამ სიტყვებით ანა ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე ღამის უძილო იყო. ბელას გამო ძალიან ღელავდა. თვალწინ სულ მისი სახე ედგა. თუ ჩათვლემდა, ძილშიც კი იმას ხედავდა, როგორ აწამებდნენ ბავშვს, როგორ იტანჯებოდა და ტიროდა, საშველად უხმობდა და ხელებს მისკენ იწვდიდა, ის კი ვერაფრით შველოდა. მაშინვე შეშინებულს ეღვიძებოდა და ძლივს მშვიდდებოდა.
...უკვე 3 დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც პოლიციაში განცხადება შეიტანა და ჯერჯერობით არაფერი იყო გარკვეული. სამართალდამცველების პარალელურად, ბელას ძებნას ზვიადიც აგრძელებდა. ანა გრძნობდა, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა და ხვდებოდა, რომ ეჭვი მაინც მასზე ჰქონდათ. ამის გამო ცოფდებოდა...
როგორც იქნა, ზვიადისგან რაღაც ინფორმაცია მიიღო. გოდერძი ბათუმში, თავის სახლში გამოჩენილა, სულ რაღაც 15 წუთით დაყოვნებულა და იქაურობა სასწრაფოდ დაუტოვებია. ბათუმელი აგენტი, რომელიც ზვიადის დავალებით გამუდმებით მის სახლთან იდგა, უკან ასდევნებია და მისი ადგილსამყოფელი დაუდგენია. ახლა ჯერი პოლიციაზე იყო. მას უნდა ეყოჩაღა და გოდერძი აეყვანა, რომ სიმართლე გარკვეულიყო.
- ამ მისამართზე საწრაფოდ უნდა მიხვიდეთ, - პოლიციელს ფურცელზე დაწერილი მისამართი წინ დაუდო, - თორემ იმ გაიძვერამ თუ რამე იყნოსა, იქიდან აიბარგება. არ არის გამორიცხული, რომ ბელაცა და დედამისიც იქ იყვნენ.
- მისამართი როგორ დაადგინეთ, ქალბატონო? - გაოცდა სამართალდამცველი.
- კერძო დეტექტივი მყავს... უტყუარი ინფორმაციაა და თუ იქიდან სადმე გადასვლას დააპირებენ, იმასაც შემატყობინებს. თქვენ კი დროულად იმოქმედეთ! - ქალი ბრძანებებს იძლეოდა.
საქმეში სასწრაფოდ აჭარის პოლიცია ჩაერთო და გოდერძი აიყვანეს. იმ სახლში ბელა არ აღმოჩნდა...
დაკავებულმა ჩვენება ანას საწინააღმდეგოდ მისცა.
- იმ ქალმა ბელა იშვილა და პასუხი მას უნდა აგებინოთ. ღმერთმა იცის, რისთვის სჭირდებოდა გოგონა. ყველა კითხვაზე მას მოსთხოვეთ პასუხი, - მამაკაცი დაჟინებით იმეორებდა.
ანა პოლიციაში დაიბარეს. იფიქრა, რაიმე ახალი ინფორმაცია ექნებოდათ და იმედი გაუჩნდა, რომ გოგონას კვალს მიაგნებდა. ზვიადი იახლა და განყოფილებაში ისე მივიდა.
- ეს წაიკითხეთ, ქალბატონო, - გამომძიებელმა წინ ქაღალდები დაულაგა.
გოდერძის ცრუჩვენება აღმოჩნდა:
"როდესაც მე და ნელი ბავშვს ვხვდებოდით, გოგონა დედას ეხვეწებოდა, რომ ანასგან ეხსნა. დედობილი მცემს და ცუდად მექცევა, მამუშავებს და ხშირად მშიერს მაძინებსო, - ამბობდა. დედას კი იმიტომ ვერ მიჰყავდა, რომ იცოდა, მართლსაწინააღმდეგო საქციელად ჩაუთვლიდნენ და პასუხს აგებინებდნენ. თანაც, ფინანსურად ცოტა უჭირს და ბავშვის შენახვას ვერ შეძლებს. შვილს ეუბნებოდა, ცოტა მოითმინე და სასამართლოს ძალით დაგიბრუნებო. ერთი სული ჰქონდა, როდის აღიდგენდა დედობის უფლებას. ანა კი ამის საშუალებას არ აძლევდა. ერთ დღეს ნელიმ დახმარება მთხოვა. მას სურდა, რომ ბელას დედობილს დავლაპარაკებოდი, შვილი დაებრუნებინა. ქალბატონი ანა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოვიდა, რომელსაც ირაკლის ეძახდა. ხელფეხი შემიკრეს, მანქანაში ჩამაგდეს, მიყრუებულ ადგილზე წამიყვანეს და მცემეს. სხეულზე ახლაც მატყვია ცემის კვალი. ვიცი, რომ ამ ქალს იარაღიც აქვს. მისი პისტოლეტი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომელიც ჩემს საფეთქელზე ჰქონდა მობჯენილი.
თუ ბოლო 2 წინადადებას არ ჩავთვლიდით, მამაკაცი უსინდისოდ იტყუებოდა. ჩვენების ბოლოს ირაკლის მანქანის ნომერიც ჰქონდა მითითებული.
ანამ ყველაფერი ბოლომდე, გულდასმით წაიკითხა, თავი მძიმედ ასწია და გამომძიებელს შეხედა.
- თქვენ გჯერათ, რასაც ეს კაცი ამბობს?
- ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ინფორმაცია გადავამოწმოთ.
- გადამოწმება როგორ უნდა მოახერხოთ? გოგონას რომ მიაგნებთ, ის თავად გეტყვით, როგორ ვექცევი. მანამდე კი შემიძლია, გითხრათ, რომელ სკოლაში სწავლობს ბელა. მიბრძანდით დირექტორთან და მასწავლებლებთან გადაამოწმეთ.
- ვიდრე თქვენ აქ ბრძანდებით, თქვენს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
- რას ამბობთ, დედაჩემი გაგიჟდება, იმას რამე რომ მოუვიდეს, იცოდეთ, პასუხს გაგებინებთ, - ანა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
- ვიდრე ჩხრეკა არ დამთავრდება, ვერსად წახვალთ. ჯერ შედეგებს დაველოდოთ! - ბრძანებასავით გაისმა გამომძიებლის ხმა.
- ბრძანებებს მოეშვით! - ანა ისე განრისხდა, თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოჰყარა, - ზვიად, ჩემთან, შინ წადი და ნახე, რას აკეთებენ იქ. გამორიცხული არ არის, რამე ჩამიდონ და ადვოკატი აიყვანე. ალბათ დამჭირდება.
ზვიადი უხმოდ გავიდა.
ოთახში რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა.
- დაკავების ჯგუფია, როგორც ვატყობ, - ანამ ვარაუდი გამოთქვა.
- დიახ, სწორად მიხვდით, - გაიცინა ერთმა მათგანმა, - თუ საჭირო გახდება და უფროსი გვიბრძანებს, უნდა დაგაკავოთ.
- ყოფილხართ ოდესმე ციხეში? - ჰკითხა მეორემ.
- საქმეს მიხედეთ! თქვენს მოვალეობაში მაგის გარკვევა არ შედის. რადგან ჯერ დაკავებული არ ვარ, იმედია, დარეკვის უფლება მაქვს, - ანა პასუხს არ დალოდებია, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ნომრის აკრებას შეუდგა და თან კარისკენ გაემართა. გარეთ გაღწევა უნდოდა და არც არავის შეუჩერებია. დერეფანი გაიარა და ეზოში გავიდა. მანქანა ისე უხმაუროდ გაიყვანა, რომ კარში მდგომი პოლიციელის გარდა არავის შეუნიშნავს.
ცოტა მანძლი გაიარა და სიჩქარე აკრიბა. გამალებით ფიქრობდა, სად შეიძლებოდა, მანქანის "ბარდაჩოკში" ჩაკეტილი პისტოლეტი დაემალა. უკანა ხედვის სარკეში მანქანა შენიშნა, რომელიც კუდში მისდევდა. ანამ იეჭვა, რომ მდევარი და მოთვალთვალე მიჰყვებოდა. "ალბათ სპეციალურად გამომიშვეს, აინტერესებთ, რას ვიზამ, სად წავალ, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი ფაქტი ჰქონდეთ. იმიტომაც გამომიშვეს დაუბრკოლებლად, თორემ მაგათ დავუძვრებოდი ხელიდან?!" - ფიქრობდა ქალი.
ასეთ ვითარებაში იარაღის თავიდან მოშორება გაუჭირდებოდა. გონება ათას ვარიანტს ჰკარნახობდა, მაგრამ ყველა უარყო. ბოლოს, შვებით ამოისუნთქა, სახე დაუმშვიდდა, სარკეში მდევარს გახედა და ენაც კი გამოუყო. ტელეფონს დასწვდა და საბლიანის ნომერი აკრიბა.
- ვახო, სასწრაფო საქმე მაქვს და იქნებ ჩემთან შეხვედრა მოახერხო?
- ახლა არ მცალია, საყვარელო, ნახევარ საათში შევხვდეთ, - ვახოს გაუხარდა ანას ხმის გაგონება და ტელეფონში ლამის დადნა.
- არა. ახლავე უნდა მნახო, მერე შეიძლება, გვიან იყოს, - არ მოეშვა ანა და დიყოლია კიდეც.
ვიდრე გზისპირზე გაჩერებული ვახოს ელოდა, შენიშნა, რომ მდევარი შორიახლოს გაჩერებულიყო. "ბარდაჩოკიდან" იარაღი ამოიღო და ჩანთაში ჩადო. მანქანიდან მანამდე არ გადავიდა, ვიდრე ვახოს მანქანა მის უკან არ გაჩერდა. იცოდა, რომ ვახო თავისი თანდასწრებით მისი გაჩხრეკის უფლებას არ მისცემდა და გაუგებრობას თავს აარიდებდა.
ჩანთა იღლიაში ამოიდო და საბლიანის მანქანაში ჩაჯდა. ერთმანეთი გადაკოცნეს და მოიკითხეს.
- აბა, რა საქმე გქონდა?
- არაფერი. უბრალოდ, შენი ნახვა მინდოდა. ნახევარი საათი თავისუფალი დრო მქონდა და გამოვიყენე, - შესცინა ქალმა.
მამაკაცს აშკარად შეეტყო, რომ მისი ნათქვამი ესიამოვნა.
- მოგენატრე? - ვნებამორეული მზერით ჰკითხა და თვალებში ჩახედა.
- ჰო, ალბათ მომენატრე... შენთან ვმშვიდდები და ახლა ცოტა დამშვიდება არ მაწყენდა.
- გაგაბრაზა ვინმემ?
- სამსახურში სანერვიულო შემხვდა. დიდი არაფერი, ახლა უკვე კარგად ვარ.
- ასე კარგ გავლენას ვახდენ შენზე? - ბედნიერებისგან ბრწყნავდა ვახო.
- ეჭვი გეპარება?!
- არა, ახლა უკვე აღარ, - ლოყაზე თითი ჩამოუსვა.
- პირი მიშრება. ეტყობა, ნერვიულობისგან, - ანამ ნერწვი ხმაურით გადაყლაპა.
- ახლავე მოგიტან მინერალურ წყალს. ხომ გინდა?
- კი, - თავი დაუქნია ქალმა.
სწორედ ეს უნდოდა, რომ ვახო მანქანიდან გადასულიყო.
როგორც კი მამაკაცი მაღაზიაში გაუჩინარდა, ჩანთიდან პისტოლეტი ამოიღო, კაბის კალთით კარგად გაწმინდა და სავარძლის ქვეშ, ღრმად შეაცურა.
ვახომ უეცრად მოირბინა და ანას ბოთლი გაუწოდა. ქალმა სასმელი ბოთლიდანვე მოსვა. გრილი სითხე ესიამოვნა. "მართლა მწყურებია", - გაიფიქრა და ვახოს ალერსიანი მზერა შეავლო.
- ახლა წავალ, შენც არ მოგაცდენ, საღამოს შევხვდეთ.
- კარგი, საყვარელო, რადგან შენგან ასეთ სიტყვებს ვეღირსე, აწი რაღა მომკლავს? იმედია, საღამომდეც ვიცოცხლებ და მერე თუ გინდა, სულიც გამძრობია, - საბლიანმა ლოყაზე აკოცა და საღამომდე დაემშვიდობა.
”ესეც ასე... წავიდნენ ახლა და ეძებონ იარაღი ვახოს მანქანაში. ვინ გაუბედავს პოლიციის მაღალჩინოსანს ჩხრეკას?” - ნიშნის მოგებით გაიფიქრა ანამ და გეზი სახლისკენ აიღო.
შინ მისულს იქ აღარავინ დახვდა. მხოლოდ გულგახეთქილი ციცო იყო, რომელმაც ის იყო, ანასთვის საყვედურის თქმა დააპირა, მაგრამ ქალმა ამის საშუალება არ მისცა.
- დედა, ეს ფორმალური მხარე იყო. ბელას ეძებენ და ჩემი სახლის ჩხრეკა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო.
ანას ბევრი ახსნა-განმარტება აღარ დაუწყია. ციცოს აკოცა, კარი გაიხურა და პოლიციის განყოფილებაში მივიდა.
- მობრძანდით, ქალბატონო?! - გამომძიებელს გაბრაზებული სახე ჰქონდა.
- დიახ, მოვედი.
- კი, მაგრამ ხომ იცოდით, რომ აქაურობის დატოვების უფლება არ გქონდათ?
- არ ვიცოდი, - ურცხვად მოიტყუა, - თანაც, ერთი მეტად საჭირო კაცი უნდა მენახა, რადგან შესაძლოა, მისი დახმარება დამჭირდეს. თან შინ უნდა შემევლო, რომ დედა დამეწყნარებინა.
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა გამომძიებელმა, - ამჯერად თქვენს სახლში ვერაფერი ვნახეთ. მანქანის გასაღები მომეცით, თუ შეიძლება, - ხელი გაუწოდა.
- ვიდრე ჩემი ადვოკატი არ მოვა, არაფერსაც არ მოგცემთ, - გასაღები ჩანთაში ჩადო და ტელეფონზე ზვიადს დაუკავშირდა.
- 2 წუთში მანდ ვართ, ანა, - უპასუხა მამაკაცმა და გაუთიშა.
- ორ წუთში იქნებიან და გასაღებსაც მაშინ მიიღებთ.
ზვიადს ახალგაზრდა ქალი მოჰყვა. ანამ ხელი ჩამოართვა და გაეცნო.
- ახლა კი ინებეთ, - ქალმა გასაღები გამომძიებელს გაუწოდა.
ჩხრეკა მალე ჩაატარეს და რა თქმა უნდა, იქიდანაც ხელმოცარულები დაბრუნდნენ.
- ჯერ ბელა ვიპოვოთ და შემდეგ ამ ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვთ, - დაემუქრა ქალი, - გოდერძის ჩვენებას როგორ შეიძლება, დაეყრდნოთ? თვალებში რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ თაღლითია.
- შესაძლოა, ის მართლაც თაღლითია, მაგრამ ჩვენებაში მითითებული ფაქტები უნდა გადამოწმდეს.
- ჰოდა, როგორც იარაღის არსებობა არ დადასტურდა, ისე არ შეესაბამება მისი მონაჩმახი სიმართლეს.
- გოდერძი ხელწერილით გავუშვით და იმედია, გამოძიებას არ დაემალება. თანაც, შესაძლოა, თქვენზე კიდევ რამე ჰქონდეს მოსაყოლი.
ანას ტელეფონი აწკრიალდა. ირაკლი რეკავდა. ძალიან გაუკვირდა, რადგან ამდენი დღეა, ირაკლი მის ზარებს არ ჰპასუხობდა და არც თვითონ ურეკავდა. გაბრაზებამ არა და არ გადაუარა.
- გისმენ, - რაღაცნაირი, გაბზარული ხმით ჩასძახა ანამ.
- სად ხარ? - ყოველგვარი ”გამარჯობისა” და მოკითხვის გარეშე დაიწყო მამაკაცმა.
- პოლიციაში, - ანამ მოკლედ უპასუხა.
- მანდ რას აკეთებ?
- ეს დიდი ამბავია, ასე უცბად ვერ გეტყვი. რა გაგჭირვებია?
- მეც დმირეკეს პოლიციიდან, დაკითხვაზე მიბარებენ. მაინტერესებდა, გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ როგორც ვხედავ, შენც ჩემ დღეში ხარ. კარგი, მაშ, შეხვედრამდე ”კაპეზეში”, - ირაკლიმ ტელეფონი მოულოდნელად გათიშა და არც ამჯერად შეუწუხებია თავი, ”ნახვამდის” ეთქვა და დამშვიდობებოდა.
ანა ისედაც
გაღიზიანებული იყო და ნერვები ახლა უფრო მოეშალა.
- მოკლედ, ნამდვილი დამნაშავე გაუშვით და მე მიტრიალებთ, არა? ჩემი დაკავება გინდათ. სულ მცირე მიზეზი და ამომაყოფინებთ თავს, სადაც ჯერ არს...
- გოდერძი იმიტომ გავუშვით, რომ საჭირო კვალზე დაგვაყენოს. მისი დაპატიმრება ხელს არ გვაძლევდა. რაც შეეხება თქვენს საქმეს, სულ ტყუილად გგონიათ, რომ ჯიბრში გიდგავართ. ალბათ ბავშვის გამოჩენის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინება და თქენი პასუხისმგელობის საკითხიც მას შემდეგ დადგება ან - არ დადგება.
- გასაგებია. ახლა წავალ. იმედია, არ მაკავებთ, - ანა პასუხს არ დალოდებია, ოთახიდან ისე გავიდა.
თავს ძლივს იკავებდა. ბრაზი და წყენა ერთმანეთში არეოდა და ცრემლი ახრჩობდა. ადვოკატს და ზვიადს გამოემშვიდობა და პირდაპირ ირაკლისკენ გაემართა. უკვე მოსაღამოვებული იყო და იმედი ჰქონდა, რომ შინ დახვდებოდა.
მამაკაცი არ ელოდა ანას გამოჩენას და გაოცება აშკარად გამოხატა.
- ჩემი თავი რამ გაგახსენა? - ნათქვამში ირონია ჩააქსოვა.
- შენმა ზარმა, - არ დაინდო ქალმა.
- კიდევ კარგი, დაგირეკე.
- ვცდილობდი შენთან დაკავშირებას, მაგრამ არ მპასუხობდი. ველოდი, როდის გადაგივლიდა გაბრაზება და შენ თვითონ როდის დარეკავდი, - ანა დივანზე ჩამოჯდა და იქაურობა მოათვალიერა.
მართალია, ირაკლი გაბრაზებული იყო, მაგრამ ანას დანახვისთანავე გაუარა წყენამ და ახლა თავს ძლივს იკავებდა, რომ ქალისთვის არ ეჩვენებინა, როგორ ენატრებოდა და მის გარეშე როგორ უჭირდა.
- ირაკლი, მომენატრე, - ქალმა დივანზე მისკენ მიჩოჩდა.
მამაკაცმა ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა. კარგა ხანს იყვნენ ასე ჩახვეულები და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ.
- გამხდარი ხარ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცაზე ნერვიულობ. იმედია, ეს ჩემი ბრალი არ არის.
- მთლად არა, მაგრამ არც შენ მანერვიულე ნაკლებად, - ცხვირზე თითი ჩამოჰკრა მამაკაცმა.
- რა ხდება, იკა?
- სამსახურში წყალი შემიყენეს. ვგრძნობ, რომ ჩემ გარშემო რაღაც აბლაბუდას ქსოვენ. ლამის ყველა ნაბიჯსა და ქმედებას მიკონტროლებენ. ჯერჯერობით ვერაფერი ნახეს ისეთი, რასაც სათავისოდ გამოიყენებენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მახე დამიგონ.
- შენი თავიდან მოშორება უნდათ?
- ჰო, ვფიქრობ, რომ ასეა.
- მიზეზი?
- მიზეზი ჯერ ვერ გავიგე. აშკარად არ მოქმედებენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება. ცოტა ხნის წინ, მინისტრმა თავის ცოლს დაბადების დღე გადაუხადა და არ დამპატიჟა. წინათ თუ მასთან 2 ადამიანი იკრიბებოდა, მესამე მე ვიყავი. ახლა მომიბოდიშა - მარტო ქალები იყვნენ და ვერ დაგპატიჟეო, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ასე არ იყო.
- ჰმ, რა უნდა ხდებოდეს, ნეტავ? მე და შენ რაღაც, შავ ზოლზე ვართ.
- ”ჰმ” კი არა, ასეთ რთულ პერიოდში მიმატოვე და აღარც კი დაინტერესდი, ცოცხალი ვარ თუ - არა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს დაკითხვაზე გამოძახება და გოდერძის მიერ მიცემული ჩვენება შენ სასარგებლოდ არ შემობრუნდება, ალბათ.
ანა დაწვრილებით მოუყვა ბელას გაუჩინარების შემდეგ განვითარებული მოველენების შესახებ.
- ამაზე არ ინერვიულო, ბელა გამოჩნდება, - დაამშვიდა ირაკლიმ.
- მოდი და ნუ ინერვიულებ, დღეს პოლიციაში ისე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ირაკლი, მგონი, ჯობია, რომ მე და შენ ამერიკაში წავიდეთ. აქაური ინტრიგებით დავიღალე. ახლა რამაზს და ნინოს დავაქორწინებ, მანამდე ბელაც გამოჩნდება, შემდეგ ”გლობალტექსის” ნახევარ წილს ნინოს და რამაზს ვაჩუქებ, ნახევარს - დავითს, ამის შემდეგ კიდევ ერთი პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი, იმასაც ბოლომდე მივიყვან, მერე გადავიკარგოთ აქედან და იქაურ ბიზნესს მივხედოთ. რას იტყვი?
- დავფიქრდები და გადავწყვეტ, მაგრამ როდის ვიქორწინოთ? თუ უკვე გადაიფიქრე?
- არ გადამიფიქრებია. ჩვენი ქორწილი ამერიკისთვის შემოვინახოთ და იქ გადავიხადოთ.
- ანა, ის ”პატარა საქმე” არ არის, რატომ არ მეუბნები? ვგრძნობ, რომ რაღაცას მიმალავ. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს სასიყვარულო ინტრიგა არ არის. თავს ვიტეხ, ლამის გონება ვიღრძო იმაზე ფიქრით, რა არის ასე გასაიდუმლოებული შენს ცხოვრებაში და ვერაფრით ამოვხსენი.
- ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება.
- დარჩი ჩემთან, - ირაკლის მზერაში თხოვნა იგრძნობოდა.
- კარგი, დავრჩები, - ანა უცებ დათანხმა, - საძინებელი ისევ იქაა თუ სადმე გადაიტანე? - ჰკითხა და წამოდგა. საძინებლისკენ მიმავალს ირაკლი უკან გაჰყვა.

დილით ზვიადმა ახალი ამბავი შეატყობინა:
- ანა, ბელა და დედამისი თურქეთში იპოვეს. ხვალ საღამოს ორივე აქ იქნება.
- ბავშვი როგორ არის? - ანას გაუხარდა, რომ გოგონას მიაგნეს.
- მგონი, კარგადა არის. ყოველ შემთხვევაში, არაფეერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ რამე სჭირს. არა მგონია, ის ქალი ისეთი ველური იყოს, გოგონასთვის რამე დაეშავებინა.
- მეც არ მგონია, - ჩაილაპარაკა და ზვიადს დაემშვიდობა.
ირაკლისგან პოლიციაში გაიარა და გამომძიებელს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
- ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ქალბატონო ანნა!
- ანა! ანნა კი არა, ანა! არ მიყვარს, როცა გადაპრანჭულად წარმოთქვემან ხოლმე ჩემს სახელსა და თქვენი გამომეტყველების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახალი ამბავი გაქვთ ჩემთვის სათქმელი.
- არა, ჯერ - არა, - დააზუსტა გამომძიებლმა.
ანამ სახლში შეირბინა და ის 2 ფურცელი წამოიღო, რომლის მესამე ნაწილიც ამ დრომდე მანქანში ჰქონდა შენახული. ეშინოდა, ისევ არ დაეკარგა. შინიდან გასულმა, გეზი პირდაპირ სართიჭალისკენ აიღო.

მოლა კარგა ხანს დაჰყურებდა სამივე ფურცელს და თავს იქნევდა. როგორც ანა მიხვდა - დანანების ნიშნად.
- ეს ძალიან ბოროტი ადამიანის გაკეთებული ჯადოა, - უთხრა, როდესაც ბოლომდე წაიკითხა.
- რაო, რა წერია?
- ქალის გაკეთებულია ეს... ბედზე აქვს ჯადო ”დადებული”. რამდენჯერაც გათხოვდები, იმდენჯერ ქმარი მოგიკვდება.
- რას ამბობ?! ხომ ვიპოვე მესამე ფურცელი? ახლა ხომ შეიძლება, ჯადოს მოხსნა?
- არა, - თავი გააქნია მოლამ, - თუ ის ქალი თვითონ არ მოვა აქ, ისე არ შეიძლება. უნდა მოვიდეს და ჯადოს მოხსნაში მონაწილეობა მიიღოს.
- ვნახოთ... თუ ნებით არ მოვა, ძალით მოვიყვან.
- იცნობ?
- კი, ჩემი ყოფილი დედამთილია...
- გამარჯობა, ქალბატონო თინიკო, - თავაზიანად მიესალმა ანა გაოცებულ ქალს, რომელიც ალბათ ყველაფერს წარმოიდგენდა იმის გარდა, რომ რძალყოფილი ოდესმე მათი სახლის კარზე მიაკაკუნებდა.
- რას მივაწერო, შენი აქ მოსვლა? - გაოცებულმა ქალმა წარბები ასწია და კარში ისე ჩადგა, რომ ანა მიხვდა, მის შიგნით შეშვებას არ აპირებდა.
- საქმეზე მოვედი, სალაპარაკო მაქვს, - მშვიდი ხმით უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი დედამთილის ქმედებამ ძალზე გააღიზიანა.
- მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა იქ დასრულდა, როცა გოჩა მოკვდა, - ცივი ხმით თქვა თინამ.
- გთხოვთ, 10 წუთი დამითმოთ, - ანა უკან დახევას არ აპირებდა.
- 10 წამსაც ვერ დაგითმობ, - ქალმა ის იყო, კარის მოხურვა დააპირა, რომ ანამ ფეხი დაუდო და ამის საშუალება არ მისცა.
კარს ხელიც მიაშველა, ბოლომდე გააღო, დერეფანში შევიდა და ზურგს უკან მიხურა.
- გოჩას ხსოვნის პატივისცემა რომ არა, ახლა ძაღლივით მიგახრჩობდი, - კბილებში გამოცრა და თვალები დაკვესა.
თინას ცოტა ფერი ეცვლა. მიხვდა, თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, ანა აღარც გოჩას ხსოვნას დაგიდევდა და ვინ იცის, რას მოიმოქმდებდა.
ანამ ოთახში შეაბიჯა და იქაურობა მოათვალიერა. გოჩას გადიდებული სურათი კედელზე ეკიდა. თითქოს გაოცებული შემოჰყურებდა. ახლოს მივიდა და სურათს ხელი გადაუსვა.
თინიკო შორიახლოს იდგა და მდუმარედ უყურებდა.
- ქალბატონო თინა, იცით, რომ საკუთარი შვილი მოკალით? - უეცრად თქვა ანამ.
- მე?!
- დიახ, - თქვენ! ვიცი, ძნელია, როცა დედას საკუთარი შვილის სიკვდილში ადანაშაულებ, მაგრამ თქვენ იმის ღირსი ხართ, რომ ამ ცოდვამ არ დაგაძინოთ. ვიცი, განიცდით შვილის გარდაცვალებას, მაგრამ თუ სიმართლეს გაიგებთ, უფრო გაგიჭირდებათ ცხოვრება. მე კი სწორედ ის მინდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოთ და დანაშაული საკუთარ თავზე აიღოთ.
- ამას როგორ ამბობ?! - შეიცხადა ქალმა.
- ეს გეცნობათ? - ანამ არაბულად დაჭრილი 3 ფურცლიდან ერთ-ერთი გაშალა, რომ თინას კარგად დაენახა.
ქალს აშკარად ნირი წაუხდა. თუმცა შეეცადა, არაფერი შეემჩნია.
- იცნობთ? გეკითხებით.
- არა.
- ძალიან კარგად იცნობთ. ჯადო თქვენი გაკეთებულია, რომელიც თქვენვე შემოგიბრუნდათ და საკუთარი შვილის სიცოცხლედ დაგიჯდათ.
- ეს ტყუილია, - ყოფილი დედამთილი წინააღმდეგობას ყასიდად უწევდა, რადგან ანას ისეთი მტკიცე ხმა ჰქონდა, მიხვდა, რომ აზრს ვერ შეაცვლევინებდა.
- ტყუილი კი არა, წმინდა წყლის სიმართლეა და ის მესამე ფურცელიც ვიპოვე, რომელიც ასე საგულდგულოდ გქონდათ გადამალული. მას სვანეთში, სწორედ თქვნს სახლში მივაგენი. ასე რომ, უარყოფას აზრი არ აქვს. რა დაგიშავეთ, ქალბატონო თინა? - აგრესია უეცრად გაუქრა.
- ჩემი შვილის შესაფერისი არ იყავი.
- რას მიწუნებდით? ან და, თუნდაც დამიწუნეთ, სამუდამო უბედურებისთვის გამწირეთ? მოლასთან ვიყავი და ეს თქვენი გაკეთებული ჯადო მივუტანე. სწორედ მისგან ვიცი, რომ ჯადო ჩემზე მოქმედებს. მე და თქვენი შვილი ერთმანეთს უნდა დავშორებოდით და ამის შემდეგ, რამდენჯერაც გავთხოვდებოდი, იმდენჯერ უნდა დავქვრივებულიყავი. ის კი ვერ გაითვალისწინეთ, რომ ჩემი და გოჩას დაშორება მხოლოდ სიკვდილს შეეძლო და ჯადო ამოქმედდა თუ არა, მისი სული უფალმა მიიბარა. რაც შეეხება მის მკვლელს, მე ჯერ ჩემი პირობა ვერ შევასრულე, მაგრამ შორს არაა ის დრო, როცა გოჩას სისხლის წილ სისხლი დაიღვრება.
ქალი გაოგნებული სახით უყურებდა ანას და ხმას ვერ იღებდა. როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა გაისიგრძეგანა თავისი ნამოქმედარის შედეგი.
- აქამდე სად იყავი?
- ისეთი ბოღმა გაქვთ გულში, რომ გოჩას გარდაცვალების წლისთავზეც კი არ დამპატიჟეთ. არა და, ამით მოიხდიდით საბოლოო ვალს, თქვენი შვილის წინაშე, - ანამ თინას კითხვას პასუხი არ გასცა, თითქოს არც გაუგონიაო, - ახლა კი ვალდებული ხართ, წამომყვეთ და ამ ჯადოს გაუვნებელყოფაში მონაწილეობა მიიღოთ, რადგან თქვენ გარეშე ეს საქმე არ გამოვა.
- არსად არ წამოვალ. ჩემი შვილი მიწაშია და ყველა დანარჩენი წყალსა და მეწყერს წაუღია. თუნდაც, სამყარო დაგმხობია თავზე, მაგაზე არ ვიდარდებ.
ანა ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა; ფიქრობდა, რომ თინა დათანხმდებოდა და გაჰყვებოდა მოლასთან, მაგრამ თურმე ცდებოდა.
- თუ დამჭირდება, ხელ-ფეხს შეგიკრავთ და ისე წაგიყვანთ. ამ ზომამდე ნუ მიმიყვანთ, ნუ მაიძულებთ, რომ ძალადობას მივმართო. დღეს, ამ საღამოს ამ უმსგავსობას წერტილი უნდა დაესვას. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩვენი გზები არასოდეს გადაიკვეთება. ამიტომ, ეს ბოლოა, რასაც გთხოვთ.
- არა, ანა, მე არსად წამოვალ.
- კარგი, მაშინ ახლა ვნახავთ, როგორ შეგიძლიათ, საკუთარი ნების გატანა.
ანა ქალს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. მან თვალი აარიდა. რძალყოფილმა ხელში ხელი მოჰკიდა - ქალი გველივით ცივი იყო და ანას ტანში გასცრა. უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ ხელი აღარ გაუშვია. ის იყო, კარისკენ უნდა წაეყვანა, რომ შემოსასვლელში გოჩას ძმა გამოჩნდა.
- ანა?! - გაუკვირდა მისი დანახვა.
- დიახ, მე ვარ, - ქალმა შემთხვევით ისარგებლა, ანას ხელი გააშვებინა და შვილს მივარდა.
- მიშველე, ძალით მივყავდი სადღაც, ამ უნამუსოს, - საწყალი ხმით შესჩივლა.
- სად მიჰყავდი, რას ამბობ?
- არ ვიცი, ჰკითხე და გეტყვის. რაც მოვიდა, მას მერე თვალებს მიბრიალებს, მემუქრება და რომ ვერ შემაშინა, ახლა ჩემი წაყვანა უნდოდა. ვინ იცის, რომ არ მოგესწრო, მომკლავდა კიდეც.
- ენა გააჩუმე, - ანას ტუჩის კუთხე ზიზღმა აუწია, - დედაშენი მოლასთან მიმყავს და უთხარი, რომ ნებით გამომყვეს, - ახლა დახმარება ყოფილ მაზლს სთხოვა.
ცოტა ხანში მას ყველაფერი მოუყვა. მამაკაცი ჩუმად უსმენდა, ერთხელაც არ გაუჩერებია. მხლოდ არაბულად დაწერილ ფურცელს დაჰყურებდა და ყბები უთამაშებდა.
ანამ საუბარი რომ დაასრულა, მამაკაცი ბრაზს ვეღარ მალავდა.
- დედა, ადექი და გაჰყევი, სადაც გეუბნება. მეც წამოვალ, - ყრუდ თქვა და წამოდგა.
თინა მის ნებას დაჰყვა...
შინ დაბრუნებული ანა გაღიზიანებული იყო. გადაწყვიტა, დაეძინა. დედას სთხოვა, არავინ შემაწუხოსო და თავის ოთახში გავიდა. დაღლილს მთელი ღამე ისე ეძინა, რომ გათენება არც გაუგია. მზემ მიანათა თუ არა, მაშინვე დაფეთებული წამოხტა. ახსოვდა, რომ იმ დღით თურქეთიდან ბელა უნდა ჩამოეყვანათ და ეგონა, დააგვიანდა.
საათს რომ დახედა, მიხვდა, რომ ტყუილად შფოთავდა.
დღის განმავლობაში უამრავი საქმე მოასწრო - ორივე სამსახურში შეირბინა, ირაკლიც მოინახულა, საღამოს შეხვედრა საბლიანს დაუთქვა და 5 საათისთვის ზვიადთან და ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა. შენობაში შევიდა თუ არა, ბელა მაშინვე შენიშნა, რომელიც გამომძიებელს მაგიდასთან დაესვა და ელაპარაკებოდა. ანას დანახვისთანავე გოგონა წამოხტა და მისკენ გამოიქცა. მკლავები კისერზე შემოხვია და გულში ჩაეკრო. ანამ გოგონას ხელი მოჰხვია, შემდეგ განზე გასწია და შეხედა.
- ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა მზრუნველად.
- კი, დე, კარგად ვარ.
- ხომ არ გაწყენინეს?
- მეშინოდა, შენ რომ ვერ გეპოვე.
- აუცილებლად გიპოვიდი, პატარავ, დედამიწას გადავბრუნებდი და მაინც გიპოვიდი, - ანას ცრემლი მოერია, - ნელი სადაა?
- იქ შეიყვანეს, - ხელი ერთ-ერთი ოთახისკენ გაიშვირა.
- ბავშვის დაკითხვა უფროსის გარეშე რომ არ შეიძლბა? - გამომძიებელს მიუბრუნდა ანა.
- დაკითხვას არ ვაწარმოებდი, მხოლოდ ვკითხე, როგორაა, ხომ არაფერი აწუხებს ან ხომ არ შია. მეტი არაფერი.
- არ მშია, სახლში მინდა, - თქვა ბელამ.
- შინ მალე წავალთ, ახლა კი ცოტა ხანს ამ ბიძიას უნდა ესაუბრო, კარგი? თუ გინდა, გავალ და საჭმელს გიყიდი.
- არა, - თავი გააქნია გოგონამ, - მალე დაველაპარაკოთ და წავიდეთ.
- მოდი, ჩემთან დავსხდეთ, ოთახში, - გამომძიებელმა ერთ-ერთი კარი შეაღო და დანარჩენებს შეუძღვა.
- აბა, ბელა, რას გვეტყვი, როგორ აღმოჩნდი დედაშენთან? - დასვა პირველი კთხვა.
- სკოლიდან რომ მოვდიოდი, დედამ დამიძახა. ადრეც რამდენჯერმე შემხვდა და მომეფერა. მეუბნებოდა, ჩემთან უნდა წაგიყვანოო, მაგრამ მე არ მინდოდა. იმ დღეს კი რომ ველაპარაკებოდი, ჩვენს წინ მანქანა გაჩერდა. იმ მანქანაში ძალით ჩამსვა და წამიყვანა.
- იმ მანქანის საჭესთან ვინ იჯდა?
- გოდერძი ბიძია. ის დედაჩემის მეგობარია. ადრეც ბევრჯერ მყავს ნანახი.
- შემდეგ რა მოხდა?
- შემდეგ ძალიან დიდ ხანს ვიარეთ, მთელი დღე მივდიოდით, საღამოს დედამ უთხრა, ამაღამ აქ დავრჩეთო. ბათუმში ვიყავით. დილით თურქეთში წვედით.
- რა იცი, რომ თურქეთში იყავით?
- იქ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, დედას ვკითხე, რა ენაზე ლაპარაკობენ-მეთქი და მითხრა, თურქულადო.
- როგორ გექცეოდა დედა?
- კარგად. ერთხელ მცემა, როცა ავტირდი, ანასთან მინდა-მეთქი. იქ, ჩვენთან ერთად ქალი იყო, დედაჩემისხელა იქნებოდა, ის მაჭმევდა და მივლიდა; დედა სულ გასული იყო.
- რას გეუბნებოდა? გპირდებოდა, რომ დაგაბრუნებდა?
- მეუბნებოდა, რომ ანას ჩემი ვალი აქვს, იმას როგორც კი დამიბრუნებს, მაშინვე გაგიშვებო.
- დღეისთვის საკმარისია, შეგიძლიათ, გოგონა
წაიყვანოთ, - გამომძიებელი წამოდგა.
ბელა გახარებული იყო, რომ შინ დაბრუნდა. ანაც არანაკლებ კმაყოფილი, რომ გოგონა საღსალამათი აღმოჩნდა.
ბელა შინ დატოვა, თვითონ კი ვახოს სანახავად გაეშურა.
მამაკაცი ქალაქგარეთ, მანქანში ელოდა. ანამ გადაასწრო და სიგნალით ანიშნა, გამომყევიო. დაღამებული იყო, წვიმაც წამოვიდა. მანქანის მინებზე წვმის წვეთები ლამპიონების შუქს ირეკლავდნენ და პატარა, მბრწყინავ ვარსკვლავებს ჰგავდნენ... ანას გულზე რაღაც შემოაწვა და ხასიათი გაუფუჭა. თუმცა, რაღა - "რაღაც", ვახო საბლიანის დანახვა ყოველთვის უფუჭებდა გუნებას.
დუშეთისკენ წავიდა, რადგან ვახოსთან ერთად ქალაქში გამოჩენას ერიდებოდა. ერთ-ერთ რესტორანთან გაჩერდა და დაელოდა. შენობაში ერთად შევიდნენ და თავისუფალ მაგიდასთან დასხდნენ.
- ანა, რატომ ერიდები ჩემთან ერთად ხალხში გამოჩენას? რატომ არ გინდა, რომ ჩემი მეგობრები გაიცნო?
- ჯერ ადრეა, მგონი. როცა ჩვენს ურთიერთობაში რამე შეიცვლება და უფრო ახლო "ფაზაში" გადავალთ, მაშინ კი შეიძლება, რომ შენიანები გავიცნო.
- ოჯახში უკვე ვთქვი, ცოლი მომყავს-მეთქი...
- რას ამბობ? რატომ იჩქარე? მგონი, ადრე იყო მაგის თქმა, - ანა შეშფოთდა. სულაც არ აწყობდა, რომ ვახოს ოჯახს მის შესახებ რამე გაეგო.
- ჯერ არ მითქვამს - ვინ... ხომ იცი, სვანების ამბავი - დედაჩემმა რომ გაიგოს, განათხოვარ და შვილიან ქალზე ვაპირებ დაქორწინებას, შეიძლება, გაგიჟდეს. ამიტომ, მინდა, რომ ჯერ გაგიცნოს და შენით რომ მოიხიბლება, მერე ვეტყვი სიმართლეს.
- მე შენ "დიდი ბიჭი" მეგონე, - გულიანად გაიცინა ანამ.
- რას იზამ, ასეთია ქართული სინამდვილე. ან, ხომ გამომყვები ცოლად?
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
- ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს, მე მხოლოდ დადებით პასუხს მივიღებ!
- დადებითი პასუხი ჯერ არ არსებობს, ვახო... გადაწყვეტილი არ მაქვს. ხომ იცი, რომ არ მიყვარხარ...
- მოდი, მაშინ ასე მოვიქცეთ: არც მე ვარ პატარა ბიჭუნა და არც შენ ხარ 15 წლის გოგონა. ზრდასრული ადამიანები ვართ და ვიცით, რომ სექსი ქალსა და მამაკაცს შორის ბევრს ნიშნავს... დავახლოვდეთ, მომეცი შენი ალერსის საშუალება... დარწმუნებული ვარ, შეგიყვარდები.
- საოცარ რამეს ამბობ. თუ არ მიყვარხარ, სექსზე როგორ დაგთანხმდე? - გაოცდა ქალი.
- ან, უშენოდ აღარ შემიძლია. რა გავაკეთო შენი გულისთვის, მითხარი და ყველაფერს შეგისრულებ.
- არაფერი მინდა, - თითქოს სინდისის ქენჯნა იგრძნო ქალმა.
- ან, მინდა რაღაც გკითხო, - ვახომ პაუზა გააკეთა.
ანა დაიძაბა და სუნთქვა შეეკრა.
- გავიკითხე და გავიგე, რომ შენი მანქანის ნომერი - ულტრიხი - ქართულად "შურის მაძიებელ ქალს" ნიშნავს. ამ ნომერში საკმაოდ სოლიდური თანხა გაქვს გადახდილი... იქნებ ამიხსნა, რატომ აირჩიე ეგ სიტყვა? არა მგონია, რომ მისი მნიშვნელობა შენ არ იცოდე...
ანამ მამაკაცს თვალებში ჯიქურ შეხედა და საკამოდ დიდი პაუზა გააკეთა. თან ფიქრობდა, რა ეთქვა. თუმცა, ვერაფერი მოიფიქრა და ისევ სიტყვის ბანზე აგდება ამჯობინა.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მოდი, მომავალზე ვილაპარაკოთ.
- კარგი, - უცებ დაყაბულდა ვახო, - ისე, არც შენი წარსული იქნება უინტერესო. ხომ არ გინდა, რამე მომიყვე?
- წარსულზე ლაპარკი არ მიყვარს... სურვილი მაქვს, რომ გონების "გადატვირთვა" მოვახდინო და ამ დროს ყველა უსარგებლო ინფორმაცია "წავშალო".
- ანა, მგონი ჯობია, რომ წავიდეთ... აქვე ახლოს ერთი მყუდრო სასტუმრო ვიცი და იქ დავრჩეთ... თუ გინდა, ხვალ მსოფლიოს გავაგებინებ, რომ ცოლი მოვიყვანე.
- არა, - თავი გააქნია ანამ და გაახსენდა, რომ 2 დღის წინ იარაღი ვახოს მანქანაში დატოვა. ახლა მისი ამოღება იყო საჭირო და რამე უნდა მოეფიქრებინა, რომ ეს მოეხერხებინა.
- მოკლედ, ჩემთან დარჩენაზე უარს ამბობ, ხომ? - საბლიანი მართლა გულით ელოდა დადებით პასუხს.
- ჰო, ვახო, უნდა გამიგო.
- რატომ ვერ შემიყვარე, ანა?
- შენ კარგი ადამიანი ხარ, - ანამ შორიდან დაიწყო...
- მოიცა, მოიცა, ზღაპრების მიყოლას თავი დაანებე, - გააწყვეტინა საბლიანმა, - როგორც ადამიანი, შესაძლოა, მოგწონვარ და მართლაც კარგი ვარ, მაგრამ ის უფრო მაღელვებს, რომ როგორც მამაკაცი, ისე მოგეწონო. გასაგებია? კარგი ადამიანი ხარ, კარგი ბუნება გაქვს, - გამოაჯავრა ანას, - კარგი, რა... ბავშვები ხომ აღარ ვართ?!. ბოლოს და ბოლოს, თუ მეთამაშები, ამას მიზეზი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მიზეზი არსებობს, მითხარი! მხვდები, პაემნებზე უარს არ მეუბნები, თან ამბობ, არ მიყვარხარო... ამას ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში მახსენებ. იმ კაცებს ხომ არ მადრი, რომლებიც შენს ჭკუაზე გიტარებია? მე სხვა ვარ იცოდე და ჩემს გრძნობებზე თამაშს არ გაპატიებ!
- ჩემგან რას მოითხოვ?! - ანა შეცბა, რადგან მამაკაცს სახეზე ყველა ნაკვთი გაუმკაცრდა და მისი თვალები, რომლებიც აქამდე სითბოთი და სიყვარულით უმზერდა, მრისხანებას გამოხატავდა. ქალმა ვახოს ასეთი მზერა პირველად დაიჭირა.
ახლა მისი გაღიზიანება არ შეიძლებოდა. ქალმა იცოდა, რომ არც ისე რბილი და "ფუმფულა" იყო ეს კაცი, როგორც თავს აჩვენებდა.
- გაგიკვირდა? ერთი დაგანახა, რა გამოხედვა გაქვს, - უცებ მოეშვა მამაკაცი და გაიცინა, - კარგი, ჰო, არ გეჩხუბები. უბრალოდ, შენი საქციელი მაღიზიანებს. ჩვენი შეხვედრები ძალიან გაიწელა. ამას ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს. ან ერთნი უნდა გავხდეთ, ან უნდა "დავიშალოთ", მაგრამ "დაშლა" არ გამოვა და ეს წინასწარ უნდა იცოდე.
- მოსაფიქრებლად დრო მომეცი, - ანამ უხერხულობის დასაფარავად ყავა ხმაურით მოსვა.
- რამდენი დღე გჭირდება? ან იქნებ - რამდენიმე კვირა, თვე ან წელიწადი?
- რამდენიმე დღე მეყოფა და შემდეგ პასუხს გეტყვი.
- კარგი, მაგასაც მოვითმენ და მერე ვნახოთ, - ვინ იქნება უფრო მაგარი, - მამაკაცმა ნიკაპზე ხელი ამოსდო და თვალებში ჩახედა.
- არ მიყვარს, ასე რომ მელაპარაკებიან, - ანამ თავი გასწია და მზერა აარიდა.
- და მაინც, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ულტრიხ? - თვალები მოჭუტა ვახომ.
- წავიდეთ, - აფუსფუსდა ანა.
საუბარმა ისეთი სახე მიიღო, რომ ქალი მიხვდა, ვახო გაღიზიანებული იყო. ამის გამო აღარ გარისკა და იარაღი ისევ მის მანქანაში დატოვა. თან, მიზეზი ვერ მოიგონა, რის გამოც ვახოს მნქანაში მარტო ჩაჯდებოდა.
"არ არის გამორიცხული, რომ რაღაცას ხვდებოდეს. შესაძლოა, ჩემი ვინაობა დაადგინა და ახლა თვითონ მეთამაშება. იქნებ გაიგო, გოჩას ქვრივი რომ ვარ და ხვდება, რატომ ვკონტაქტობ მასთან?! არა და, რამდენჯერ ახსენა ჩემი მანქანის ნომერი... ნუთუ ეს შემთხვევითი იყო? თუმცა, ალბათ იმას ვერ წარმოიდგენს, ჩემი სამიზნე თვითონ რომაა". - ფიქრებში გართული ანა თბილისში ისე შევიდა, რომ არც კი გაუგია. მაშინღა გამოფხიზლდა, როცა თავი სასაფლაოზე ამოჰყო. გაახსენდა, რომ ქალაქის შემოსასვლელში ვახომ მანქანით გადაასწრო და სიგნალით დაემშვიდობა. საპასუხოდ ანამაც დაუსიგნალა და შემდეგ გოჩას საფლავზე ამოსვლა გადაწყვიტა...
სასაფლაოზე ბნელოდა. აქა-იქ დადგმული ლამპიონები არემარეს ოდნავ ანათებდა. ანამ მაინც უშიშრად განაგრძო გზა. საფლავებს შორის მიდიოდა და თან გრძნობდა, ოდნავ ხმაურზეც კი როგორ ეკუმშებოდა გული. მას მოჩვებნებების არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ საფლავზე რაღაც მოძრავი არსება შენიშნა, უკან ლამის ყვირილით გაიქცა. შეჩერდა და სუნთქვაც კი შეიკრა, რადგან ამ არსებასთან ძალზე ახლოს იდგა - სულ რამდენიმე მეტრში და ის ოდნავ ფაჩუნსაც კი გაიგონებდა. კარგად რომ დააკვირდა, შავებში ჩაცმულ ქალს მიამსგავსა, რომელიც საფლავზე დახრილიყო და ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, თითქოს ბალახს თხრიდა.
ანას ძარღვებში სისხლი გაეყინა. აღარ იცოდა, რა ექნა. წინ წასვლა და გზის გაგრძელება უკვე აღარ შეეძლო. უკანაც ვერ ბრუნდებოდა.
- ნუ გეშინია, ადამიანი ვარ, მოჩვენება არ გეგონო, - ქალის ხმა გაიგონა.
- ღღღაააა-მე მშშშვიდობის, - ძლივს ამოიღო ხმა. ცდილობდა, ზრდილობიანი ყოფილიყო, "მოჩვენება" რომ არ გაებრაზებინა.
- გაჭირვებამ ამოგიყვანა სასაფლაოზე თუ მონატრებამ? - ქალი მისკენ არ ბრუნდებოდა. თავის საქმეს ისე განაგრძობდა, ანასკენ არც მოუხედავს.
- მმმონატრებამ, - ენა ისევ დაება.
გრძნობდა, რომ შიშმა მუხლებში ძალა გამოაცალა და სანამ ჩაიკეცებოდა, იქვე, ვიღაცის საფლავთან დადგმულ მერხზე ჩამოჯდა. თან ამ დროს ქალს თვალს არ აშორებდა. ეგონა, მხედველობის არიდან თუ წამით მაინც დაკარგავდა, შეიძლებოდა, ის თავზე დასდგომოდა და რამე ევნო.
როცა ჯდებოდა, ძირს ერთი წამით დაიხედა და სკამზე დაყრილ ფოთლებს ხელი გადაუსვა. როცა აიხედა, ქალი აღარ ჩანდა.
- ვინ მოგენატრა? - მასთან ისე ახლოს მისულიყო. ანამ მისი თვალებიც კი დაინახა, ლამის ყურში ჩასძახა ქალმა.
ცოტა დამშვიდდა, რადგან დარწმუნდა, რომ მოჩვენებას კი არა, ცოცხალ ადამიანს ელაპარაკებოდა.
- ქმარი, - შედარებით მშვიდი ხმით გასცა პასუხი.
- შენი ქმარი მოკლეს! - კი არ ჰკითხა, დარწმუნებით თქვა ქალმა.
- თქვენ რა იცით?
- სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცის გვერდით თეთრ კაბაიან ქალს ვხედავ. ეს შენ ხარ, - ქალს თითქოს მისი კითხვა არ გაუგონია, - ის მოკვდა, შენ კი ფიცი დადე, რომ მკვლელს არ აპატიებდი და შურს იძიებდი.
- ვინ ხართ, - ჰკითხა ანამ.
- შენ სასაფლაოზე მონატრებამ მოგიყვანა, მე - გაჭირვებამ. უსახლკარო, მიუსაფარი, უპატრონო მაწანწალა ვარ. ღამე აქ ამოვდივარ ხოლმე, დღისით საფლავებზე მიცვალებულისთვის მოტანილი საკურთხით რომ გამოვიკვებო.
ანამ ქალი შეათვალიერა. შავი კაბა კოჭებამდე სწვდებოდა, თავზე შავი მანდილი ეხურა.
- ვის გლოვობთ?
- არავის. სასაფლაოზე ყველა უპატრონო მიცვალებულის ჭირისუფალი ვარ.
- აბა, შავი კაბა რატომ გაცვიათ?
ქალმა გაიცინა და მეჩხერი კბილები გამოაჩინა.
- იმიტომ, რომ ქართველებს წესი გვაქვს ასეთი: როცა მიცვალებულს წლისთავი ან ორმოცი უსრულდება და ჭირისუფალი შავ ტანისამოსს იხდის, სასაფლაოზე მოაქვთ და ტოვებენ. მე კი ამ ტანისამოსს ვიღებ და ვიცვამ.
- ჩემ შესახებ საიდან იცით ის, რაც წეღან მითხარით?
- მიცვალებულებთან ხშირმა "კონტაქტმა" ნათელმხილველობის უნარი შემძინა. ჰოდა, მეც გზააბნეულს თუ ვინმეს გადავაწყდები, რჩევებს ვაძლევ.
ქალმა ანას მისივე წარსულის შესახებ ლამის ყველა წვრილმანი დეტალი უამბო. მომავლის შესახებ კი მხოლოდ ბუნდოვნად უთხრა - ყველაფერი კარგად იქნება.
ანას შიშმა გაუარა. თუმცა, როცა ქალს ემშვიდობებოდა, მაინც გაიფიქრა - "გიჟია". ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცოტა ხნით ზღაპარში მოხვდა.
გოჩას საფლავამდე აღარ მისულა. გადაწყვიტა, დღისით მოსულიყო და
უკან გამობრუნდა.
ის იყო, მანქანაში ჯდებოდა, რომ ხმა მოესმა.
- ანა!
ქალი შეხტა და გული ლამის მკერდიდნ ამოუვარდა.
მის წინ ვახო ასვეტილიყო და უღიმოდა.
- სად იყავი?
- სასაფლაოზე, - ანამ შიში დაძლია და მამაკაცს გაუღიმა.
- ამ შუაღამისას ქმრის საფლავზე იყავი?
- არა, ჩემი ქმარი ამერიკაშია დასაფლავებული და ეს უკვე იცი. აქ კი ახლობლის საფლავია და რატომღაც მასთან "საუბარი" მომინდა, - ანა მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ გონებაში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ვერ მიმხვდარიყო, ვახომ მის შეახებ სიმართლე იცოდა თუ არა, - შენ რა, გამომყევი?
- ჰო, მაინტერესებდა, სად მიხვიდოდი.
- მერე, კმაყოფილი ხარ, ჩემი "დისლოკაციის" ადგილით? - ქალმა შვებით ამოისუნთქა, რადგან აქედან ირაკლისთან აპირებდა მისვლას და გადარჩა, რომ ვახო იქაც არ აედევნა, - მერე რა მოხდებოდა, არავინ იცის.
ანამ საბლიანს თავი ძლივს დააღწია და შინისაკენ გასწია. ირაკლისთან წასვლა აღარ ღირდა, თუმცა ვახოს მანქანა უკან აღარ გაჰყოლია.


დილით ტელეფონზე ირაკლის მესიჯი დახვდა. ანას თავისთან უხმობდა. საწოლიდან უგუნებოდ ადგა. თავი უსკდებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც ჩაქუჩს ურახუნებდა.
- ანა, მე და რამაზს შენთან დალაპარაკება გვინდა. იქნებ მოიცალო? - სამზარეულოს კართან ნინო გადაუდგა.
- კი, საღამოს მოვიცლი, - დაჰპირდა.
- ყველსთვის გაქვს დრო, ოჯახის წევრების გარდა. ციცო გაგიჟებულია, სულ გარე-გარე დაძრწის, სახლში მოსვლა აღარ უნდა, სახლი სასტუმროსავით აქვს, მოვა, დაიძინებს და მთელი დღით იკარგებაო.
- მე ისევ ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას, - მოულოდნელად თქვა ანამ.
- კი, მაგრამ...
- ასეა საჭირო, ნინო. ვიცი, რაც უნდა გეთქვა, როცა ჩამოვედი, მაშინ ვთქვი, აღარ წავალ, სამუდამოდ ჩამოვედი-მეთქი, მაგრამ ახლა სხვა აზრზე ვარ.
- ანა? პატარა ანას რას უზამ?
- ანას და ბელას დროებით შენ დაგიტოვებ. ცოტა რომ წამოიზრდებიან, ამათაც თან წავიყვან. თქვენ რაღა გჭირთ, რა გაქვთ ჩემთან სალაპარაკო?
- ლაპარაკი ძირითადად, ანაზე გვინდოდა... ისე, ჩვენი ქორწილის დღეც დავთქვით და ხომ არ გაინტერესებს, როდის გვაქვს წვეულება? - ნათქვამში ირონია გაურია, - თუ მოსაწვევს გამოგიგზავნი, თარიღს იქ ნახავ?
- მაპატიე... ეს იმის ბრალია, რომ ერთბაშად უამრავ საქმეს მოვეჭიდე... რამაზთან საღამოს შემოვირბენ, - ანამ დას აკოცა და ჩაიდანი ჩართო.
დღე ხან ერთ საქმეზე გარბოდა, ხან - მეორეზე. მოსასწრები ბევრი რამ ჰქონდა.
ირაკლის საყვედურით სავსე მესიჯი რომ მიიღო, მასთან შერბენა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა.
- ანა, საქმე ცუდადაა, ქვეყანა თუ არ დავტოვე, დამიჭერენ. ეს ინფორმაცია სანდო ადამიანმა მომაწოდა. ამიტომ, სასწრაფოდ თავს უნდა ვუშველო.
- საით აპირებ? - ანას გულს შემოეყარა.
- ამერიკაში, როგორც მოვილაპარაკეთ. ოღონდ, რაც შეიძლება, სწრაფად. ამათი ამბავი ხომ იცი, თუ დამიჭირეს, რაც გამაჩნია, ყველაფერს გამაყიდვინებენ და ციხიდან მაინც არ გამომიშვებენ.
- კარგი, წადი. ჩემთან მიდი. ჩემს მოსამსახურეს დვურეკავ და მიგიღებს. მეც მალე წამოვალ. უშენოდ დიდხანს ვერ გავძლებ.
- ხომ გიყვარვარ, ჩემო ანგელოზო? - ირაკლიმ ხელი მოჰხვია.
- ძალიან... ახლა ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩამოვალ და დავქორწინდეთ...
- ანა, იცოდე,
რომ ამ ქვეყანაზე შენზე მეტად არავინ მიყვარს.
- ვიცი...

- შვილიც უნდა გამიჩინო... შვილი კი არა, ბევრი შვილი...
- აუცილებლად, - გაეცინა ქალს.
- შენნაირი ლამაზები და ჩემნაირი - ჭკვიანები...
- მაშ, მე არ ვარ ჭკვიანი? - გადაიკისკისა ანამ.
- კი, შენ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ...
- მაშინ, ახლა ვიზაზე უნდა ვიზრუნოთ. შენ რამდერნჯერმე ნამყოფი ხარ ამერიკაში და ევროპაშიც; მგონი, ქვეყნიდან გასვლაზე უარს არ გეტყვიან.
- მაგის არ მეშინია. ამ დილით განცხადება უკვე შევიტანე. ჩემი თანამდებობა სწრაფი ვიზის მიღებას ითვალისწინებს. ამ საღამოს პასუხი უნდა მქონდეს და ხვალ წავალ. რაც მალე - მით უკეთესი.
- მინდოდა, ერთად წავსულიყავით, მაგრამ არა უშავს, რადგან ასე მოხდა, მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
ვიდრე ანა ირაკლისგან წამოვიდოდა, საელჩოდან მანამ დარეკეს და მოახსენეს, რომ ბატონმა მინისტრის მოადგილემ ვიზა მიიღო. ბილეთის ასაღებად ერთად წავიდნენ და ბილეთი მხოლოდ 4 დღის შემდეგ, ღამის რეისზე იშოვეს.
- ჯერჯერობით ამ 4 დღით დავტკბეთ... ანა, პირობა მომეცი, რომ ეს დღეები ჩემთან იქნები.
- მაგას ვერ შეგპირდები. უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. სამაგიეროდ, იქ რომ ჩამოვალ, მერე სულ ერთად ვიქნებით.
- შენ როდის გეგმავ წამოსვლას?
- ნინოსა და რამაზის ქორწილის მერე.
- როდის არის ეს ქორწილი?
ანა დაფიქრდა. დილით შეიტყო, რომ ქორწილის დღე დანიშნული იყო და რიცხვი კიდევ არ დააზუსტა.
- დღეს საღამოს მეცოდინება, - ცხვირჩამოშვებულმა უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

საღამოს რამაზის სახლს მიადგა. შინ მხოლოდ პატარა ანა და ძიძა დახვდნენ.
- როგორ ხარ? - ჰკითხა გოგონას და აკოცა.
ბავშვი უცნაურად იქცეოდა. თითქოს გაუღიმა, მაგრამ ძველებურად ლაღი არ იყო მისი ღიმილი.
- მოხდა რამე? - ჰკითხა ბავშვს.
- ბელა სკოლაში როდის მოვა? - გოგონამ პასუხს თავი აარიდა.
- ბელა უკვე სახლშია და რამდენიმე დღეში სკოლაშიც მოვა, მაგრამ შენ არ მომწონხარ; ვინმემ გაწყენინა?
- არა, - თავი გააქნია ანამ, - ბელა ჩემი დაა? - მოულოდნელად იკითხა.
- რაა?! - ანას გაოცებისგან თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა, - საიდან მოიტანე?
ვიდრე ანა უპასუხებდა, დერეფანში ხმაური გაისმა და ნინო და რამაზი გამოჩნდნენ.
- რა ხდება? რა სახეები გაქვთ? - რამაზმა ჯერ ბავშვს აკოცა, შემდეგ - ანას.
- ანამ უცნაური კითხვა დამისვა, - ქალი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო, ამ საკითხით ანა რატომ დაინტერესდა.
- აბა, რა კითხვა? - რამაზმა ბავშვთან ჩაიმუხლა და ხელი მოჰხვია.
- არაფერი, - უარყო გოგონამ.
- კარგი, დავანებოთ თავი, ეტყობა, მომეჩვენა, - ანა დივანზე დაეშვა, გოგონას თვალს არ აშორებდა. აშკარად გრძნობდა, რომ ანა რაღაცას მალავდა.
- ანა, წავედი, არ მაკოცებ? - ძიძა წასასვლელად გამზადებულიყო.
ბავშვი გაიქცა და კარგა ხანს არ გამოჩენილა.
- რამაზ, ანამ მკითხა, ბელა ჩემი და ხომ არ არისო?! - ინფორმაციის მიწოდება გოგონას არყოფნაში მოასწრო.
- ვკითხოთ, ასეთი აზრი რატომ გაუჩნდა, თვითონ აგვიხსნის. ანა, ერთი წუთით მოდი! - გოგონას უხმო.
- მეძინება, - თქვა და საძინებლისკენ წავიდა.
ანა უკან მიჰყვა. კაბის გახდაში მიეხმარა, პიჟამა ჩააცვა და საბანი გადააფარა.
- ვიცი, რომ ბელა ჩემი დაა, - ჩურჩულით თქვა ბავშვმა.
- მოდი, გინდა, მაგ თემაზე ვილაპარაკოთ? - ბავშვს შუბლზე აკოცა.
გოგონამ სათამაშო კურდღელი გულში ჩაიხუტა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. თან ტუჩზე თითი მიიდო, არავინ გაიგონოსო.
ანა საწოლზე ჩამოუჯდა და ინტერესით შეხედა. ცდილობდა, ზედმეტი შეკითხვებით ბავშვი არ დაეფრთხო. ელოდა, ლაპარაკს თვითონ როდის წამოიწყებდა.
- ანა... ანა დეიდა... - თვალები აუწყლიანდა და საუბრის გაგრძელბა ვერ შეძლო.
- რა მოხდა პატარავ, მითხარი, ნუ ტირი, - ანამ ცრემლი გადაყლაპა, რომ ბავშვს მისი ემოცია არ დაენახა.
- მამას არ ეტყვით?
- არა, გპირდები, რომ არ ვეტყვი, - გულზე ხელი მიიდო იმის ნიშნად, რომ სიმართლეს ეუბნებოდა.
- ნინო დეიდას და მამას ლაპარაკი გავიგონე, - ბავშვმა პაუზის შემდეგ ანას შეხედა. აინტერესებდა, ამის გამო ხომ არ დატუქსავდა.
- მერე? რა გაიგონე? - ქალს პასუხის მოლოდინში გული გამალებით უცემდა.
- ნინო დეიდამ უთხრა, როგორ აპირებთ ანას გაუმხილოთ, რომ მისი ნამდვილი დედა ანააო?
- რაო?! - შოკში ჩავარდა ქალი, - შენ ამას მოუსმინე?
- სუუ, - პატარა თითი ისევ მიიდო ტუჩზე, - კი, - ჩურჩულზე გადავიდა.
- კიდევ რა თქვეს?
- კიდევ ის, რომ შენ გაგიჟდები, თუ არ მეტყვი, იმას, რომ ჩემი დედა ხარ. თუ ჩემი დედა ხარ, ბელა ჩემი და იქნება, ხომ?
ანამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ცრემლი ღაწვზე ჩამოეღვარა. უხმოდ ტიროდა და ბავშვს თვალს არ აშორებდა.
გოგონა მყისვე ჩაეკრა გულში და ატირდა.
- მართლა ჩემი დედა ხარ? - ჰკითხა ჩურჩულით.
- კი, შვილო, შენი დედა ვარ, - სიტყვა "შვილოს" წარმოთქმა ძალიან გაუჭირდა. ასე ბავშვს პირველად მიმართა... გოგონა ლამის თავიდან ფეხამდე დაკოცნა, - ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიხარული, ჩემი ანგელოზი, - ჩურჩულებდა ქალი და სველ ლოყებზე მიკრულ ანას თმასაც კი კოცნიდა, - როდის მოუსმინე მამას და ნინოს ლაპარაკს?
- სამშაბათს.
ანამ გადათვალა, კვირაზე მეტი დრო იყო გასული, რაც გოგონას ახალი ამბავი ჰქონია გაგებული და ამდენი ხნის განავლობაში გულში ინახავდა.
- რატომ არ მითხარი?
- დაგირეკე, მაგრამ ვერ გავბედე თქმა. მეგონა, გამიბრაზდებოდი.
- ჩემი პატარა, სულელი გოგო...
- ანა დეიდა, როგორ ხარ დედაჩემი? დედა ხომ მოკვდა?!
- მოდი, ჩემო პატარავ, მე და შენ ასე მოვილაპარაკოთ: ახლა დაიძინე, თორემ მამაშენი შემოვა და გაიგებს, რომ შენ მათ საუბარს უსმენდი. ხვალ სასეირნოდ წავიდეთ და მაშინ ვილაპარაკოთ. კარგი?
- კარგი, - ბავშვმა მხიარულად დაუქნია თავი.
- მიყვარხარ, - ანამ კდევ ერთხელ აკოცა.
- მეც მიყვარხარ, ანა დეიდა, - კურდღელი ისევ გულზე მიიხუტა, - ახლა დავიძინებ, რომ მალე გათენდეს, - თქვა და თვალები დახუჭა.
რამაზი და ნინო აივანზე ისხდნენ. ტირილისგან თვალებდაწითლებულ ანას რომ შეხედეს, ერთდროულად ჰკითხეს:
- რა მოხდა?
- ანამ ყველაფერი იცის, - ქალი სავარძელში ჩაეშვა და ცივი წყალი მოსვა.
- ეგ როგორ?
- თქვენი საუბრისთვის დაუგდია ყური და ახლა იცის, რომ ჩემი შვილია.
- მერე? - ისევ ერთდროულად იკითხეს.
- მერე? მერე, მიყვარხარო, მითხრა და კიდევ იმის ეშინია, რომ თქვენ არ გაუბრაზდეთ.
- წავალ, დაველაპარაკები, - რამაზი წამოდგა.
- არ გინდა, იძინებს ახლა. შევპირდი, რომ ყველა კითხვაზე ხვალ გავცემ პასუხს.
რამაზმა შუბლი მოისრისა და ადგილს დაუბრუნდა.
- მდაა, ამას კი არ ველოდი. კიდევ კარგი, ასე კარგად მიიღო ეს ამბავი...
- იქნებ თავს ვიტყუებთ და სულაც არ მიიღო კარგად? ბავშვი შოკში ჩავარდებოდა, როცა გაიგონებდა, რომ ჩემი შვილია. როგორ შეიკავა თავი, რომ არაფერი გკითხათ?
- შენ გგავს, ხასიათით, - ნინოს ჩაეცინა.
- არაფერი გკითხა? - რამაზი დაფიქრებული სახით იჯდა.
- მკითხა, დედაჩემი როგორ ხარ, დედა ხომ მოკვდაო?!
- რა უთხარი?
- ამ თემაზე საუბარი ხვალისთვის გადავდე. ხვალ სასეირნოდ წავალთ და ვეტყვი. თუმცა, თქვენი დახმარება მჭირდება. ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ.
- შენ რას ფიქრობ? - რამაზმა ამოიოხრა.
- მგონია, რომ სიმართლე უნდა ვუთხრა. ანა არც ისე პატარაა, 11 წლისაა უკვე და მგონია, რომ გაიგებს.
- მაგრამ მაშინ იმის თქმაც მოგვიწევს, რომ მე არ ვარ მისი ნამდვილი მამა.
- ვფიქრობ, რომ ასე აჯობებს. ანა ჭკვიანი ბავშვია, არა მგონია, თქვენს ურთიერთობაში რამე შეიცვალოს და Dძველებურად აღარ უყვარდე. შენ ხომ ამას შიშობ?
- ჰო, ყველაზე მეტად ეგ მაღელვებს, ანა, - რამაზმა უხერხულობისგან თუ ნერვიულობისგან ჩაახველა.
- ალბათ ხვდები, რომ ბავშვისთვის ეს ძნელი "მოსახარში" იქნება და სტრესის გადატანაც მოუწევს. ვფიქრობდით, რომ ფსიქოლოგისთვის მგვენდო მისი მომზადება, მაგრამ არ დაგვცალდა...
- ანა, მე შენ გენდობი, ერთადერთი, რაც მინდა, გითხრა, ისაა, რომ მე ჩემი ანას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და არც მინდა. მისი დაკარგვა დიდ ტკივილს მომაყენებს. შესაძლოა, მე უფრო გამიჭირდეს, ვიდრე - მას... გთხოვ, ნუ დამაკარგვინებ შვილს... ჩვენ ხომ ერთნი ვართ... მე და ანა ერთი სხეული ვართ, ერთმანეთს შესისხლხორცებულები და მისი დაკარგვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.
- ვიცი რამაზ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთელი ეს ორომტრიალი კეთილად დასრულდეს. თქვენი ქორწილი როდისაა დანიშნული?
- 1 კვირს შემდეგ, - შაბათს, მაგრამ ალბათ ნინოს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ქორწილზე მეტად ანასა და ჩემი ურთიერთობა და მომავალი მაღელვებს.
უკვე გვიანი იყო, როდესაც ანა რამაზის სახლიდან წამოვიდა. ნინო ხმას არ იღებდა. მთელი გზა დუმდა, რაც გამაღიზიანებლად მოქმედებდა. "ახლა დუმილი არ შეიძლება, ალბათ ნინოს ერთი სული აქვს, როდის გამომლანძღავს; მის ცხოვერბაში ასე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და ჩემმა უთავბოლო ცხოვრებამ უნდა გააუფერულოს ყველაფერი, - ფიქრობდა ქალი და ნინოს მალ-მალე გადახედავდა ხოლმე, - ყველაფერს ისე მოვაწყობ, რომ ჩემს დას ბედნიერების უფლება არ წვართვა"...
ციცო შვილებს შუბლშეკრული დახვდა. როგორც კი შინ შევიდნენ, დედა საძინებლისკენ წავიდა, რითაც აგრძნობინა, ამდენი ხანი გელოდეთ, ახლა გაბრზებული ვარ, მაგრამ რადგან მშვიდობით დაბრუნდით, დასაძინებლად მივდივარ, თქვენთან ლაპარაკი წყლის ნაყვააო.
ანამ ბელას ოთახში შეიხედა. გოგონას მშვიდად ეძინა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
თვითონ კი მთელი ღამე ვერ დაიძინა. შფოთავდა და გვერდს წარამარა იცვლიდა. მომავალი დღე აშინებდა... ანასთვის ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი და არ უნდოდა, რაიმე დუფიქრებლად და გაუაზრებლად ეთქვა. ათასჯერ მაინც გაიმეორა ის ტექსტი, რომლის თქმასაც აპირებდა. გამთენისას ნინო თავზე დაადგა.
- არ გძინავს? - ჰკითხა, როდესაც საწოლში წამომჯდარ ანას თვალი ჰკიდა.
- არა, - თავი გააქნია ქალმა და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა.
- ვერც მე დავიძინე. იცი, ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ გაქვს ასეთი უცნაური ცხოვრება? - ნინო საწოლზე ჩამოჯდა.
- მაპატიე, ნინ, არაფერზე ინერვიულო, ნახავ, ყველაფერი ძალიან კარგდ იქნება. თქვენი ქორწილი შედგება და ბედნიერიც იქნები. თუმცა, ჩემს შვილზე ზრუნვა ცოტა ხანს მოგიწევს.
- რას ამბობ, - ნინო საწოლზე მუხლებით დადგა და ანას თავი მკერდზე მიიხუტა, - ჩვენ ხომ ერთნი ვართ, შენი და ჩემი სანერვიულო ვინ გაყო? ვერც მე დავიძინე და იმიტომ შემოვედი, იქნებ ლაპარაკი გინდა...
- მოდი, ჩემთან დაწექი და დავიძინოთ, ახლა ძილი მირჩევნია, დილით კი დასვენებულ გონებაზე გაცილებით უკეთ ვიაზროვნებ...
ანამ აკანკალებული ხელით აიღო ტესტი და დახედა. შვებით ამოისუნთქა. ცოტა ხნით აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და დაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია და კიდევ რამდენიმე ტესტს თავი წაახია. სარკის წინ ჩამოარიგა თანმიმდევრობით, თვითონ სარკის წინ დადგა, დოინჯი შემოირტყა და მოთმინებით დაელოდა, როდის გავიდოდა 3 წუთი. ახლა გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა. აღარ ღელავდა. საათს დახედა, შემდეგ ტესტებს და ერთმანეთის მიყოლებით ნაგვის ყუთში ჩაუძახა. "ესეც ასე... არ მიყვარს გაურკვევლობა. ახლა ყვლაფერი ნათელია. რადგან ორსულად არ ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული მქონდა".
- ანა, შენი მობილური გაგიჟდა, ვიღაც გამწარებით რეკავს, - ფიქრი ნინოს ხმამ გააწყვეტინა.
ანა თავის ოთახში გავიდა და მობილურს უპასუხა.
- ვანიკო ვარ, - რაღაცნაირი ხმით უთხრა მამაკაცმა. თითქოს არ იყო დარწმუნებული, რომ ვისთანაც რეკავდა, სწორედ იქ მოხვდა.
- გიცანი, როგორ ხარ? რამ გაგახსენა ჩემი თავი? კიდევ ინტერვიუ ხომ არ გინდა?
- არა, საქმე მაქვს და თუ მოახერხებ, შევხვდეთ, ტელეფონში ვერ გეტყვი.
- კარგი, ხვალ, თავისუფალი დრო დილის საათებში მაქვს.

- ხვალ შესაძლოა, გვიან იყოს, დღეს უნდა შევხვდეთ, - ისეთი ტონით უთხრა ჟურნლისტმა, რომ ანა მაშინვე დათანხმდა.
ციცოს ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, - შინ ერთხელ მოვიდა ადრე და ახლაც სადღაც მიდისო, რომ ჩაილაპარაკა და კარი ისე გაიხურა, არც დაუბარებია, დაბრუნდებოდა თუ არა.
ვანო დათქმულ ადგილზე ელოდა. ანამ ჯერ იფიქრა, იქვე, თავის მანქანაში ელაპარაკათ, მაგრამ მამაკაცმა ანიშნა, გადასულიყო. სკვერში, მერხზე ჩამოსხდნენ.
- შესაძლოა, არ გესიამოვნოს, რასაც ახლა გეტყვი, - დაიწყო ვანომ.
- მესიამოვნება თუ არა, ალბათ მე მეხება რაც უნდა მითხრა და ამიტომ, ჯობია, პირდაპირ თქვა.
- ანა... ქალბატონო ანა... 1 კვირის წინ ერთი ადამიანი დამიკავშირდა და იმ სტატიის შესახებ მკითხა, რომელიც თქვენ შესახებ გამოვაქვეყნე.
- მერე? - ანას გული აუფრიალდა, თითქოს შეეშინდა.
- მერე ის, რომ დაწვრილებით გმომკითხა მაშინ რა ვნახე, რა ურთიერთობა გაქვთ ირაკლისთან, თქვენი წარსულითაც დაინტერესდა. მკითხა, როგორი ურთიერთობა გაქვსო. ვუთხარი ამ სტატიის გამო კი ვიჩხუბეთ, მაგრამ მერე შევრიგდით და ახლა "ნელთბილად" ვართ-მეთქი. იმის შესახებ არაფერი მითქვამს, ლომბარდიდან ჩემი მანქანა რომ დაიხსენით.
- თუ ინტუიცია არ მღალატობს, ეს ადამიანი სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელი უნდა იყოს, - ანამ ეჭვი ვახო საბლიანზე აიღო.
- დიახ, სწორად მიხვდით.
- კიდევ რა გკითხა?
- ბევრი რამ, მაგრამ მე ისედაც მწირი ინფორმაცია მაქვს თქვენზე, რაც ვიცოდი, ისიც არ მითქვამს. ბოლოს მთხოვა, თუ შეგიძლია, ინფორმაციები მომიგროვე მასზე და გულუხვად დაგასაჩუქრებო. ვკითხე, თქვენი პროფესიის ადამიანს ეგ არ გაუჭირდება და მე რატომ მავალებთ მაგ საქმეს-მეთქი?
- რაო, რა თქვა? - ვერ მოითმინა ანამ.
- ამას შენ უფრო კარგად მოახერხებ, დაუკავშირდი, ვითომ ინტერვიუ გინდა, შეხვდი, რაღაცები გამოჰკითხე, შემდეგ ეცადე, დაუახლოვდე და თუ საჭირო იქნება, უკანაც უნდა აედევნო, უთვალთვალო და ყველაფერი შეიტყოო.
- ჰმ, უყურე შენ?!
რატომ გადაწყვიტე, ეს ყველაფერი ჩემთვის გეთქვა? ორმაგ თამაშს ხომ არ თამაშობ?
- ხომ გაგიგონიათ, მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება? მე თქვენ მიერ გაკეთებული სიკეთე არ დამვიწყნია. ვიცი, ეგ ფული რომ შემოგთავაზოთ, მაინც არ გამომართმევთ, წინდახედული ქალი ხართ, ანა... ან უბრალოდ, კარგი ინტუიცია გაქვთ და წინასწარ შეგიძლიათ, გათვალოთ მომავალი და თადარიგსაც იჭერთ. ფაქტია, რომ ჩემთვის გაწეეული დახმარების საფასურად ახლა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეთ.
- მე ისედაც ვხვდებოდი, რომ ეგ კაცი ასე ბრმად არ მენდობოდა. მისი პროფესიის ადამიანები ეჭვიანები არიან და ინფორმაციის გადამოწმება უყვართ. მით უმეტეს, რომ ჩემ შესახებ არც ისე ბევრი რამ იცის; ჩემი წარსულიც ბუნდოვანია მისთვის.
- მე რა გავაკეთო? უნდა მითხრათ, რა "ზღაპარი" მოვუყვე.
- ვანო, ხომ იცი, გულდაწყვეტილს არ დაგტოვებ, თუ მართლა ჩემს მხარეზე ხარ. თუ მივხვდი, რომ ორმაგ თამაშს თამაშობ და ორივე მხრიდან გამორჩენას ელი, იცოდე, რომ საქმე ცუდად წაგივა. არაფერს ვამბობ შენს კარიერაზე, რომელიც თავზე დაგენგრევა...
- ანა, მუქარა საჭირო არაა, ჩემი იმედი გქონდეთ... ახლა, მე და თქვენ აქ რომ ვსაუბრობთ, შესაძლოა, ვინმე გვითვალთვალებდეს კიდეც, რადგან ვუთხარი, რომ დღეს საღამოს უნდა შეგხვედროდით. სასურველია, თუ ახლა დიქტოფონს ამოვიღებ და თქვენთან ინტერვიუს ჩავწერ.
- არავითარ შემთხვევაში, - მაინც არ ენდო ანა, - უთხარი, რომ ინტერვიუზე ვერ დამითანხმე. ისე, შეგიძლია, მოუყვე ჩემ შესახებ, რომ მყავდა ერთდაერთი ქმარი, კალდერონ ბელტრანი, რომელიც ამერიკელი იყო და მოკლეს. ამის შემდეგ მე გავხდი მისი კანონიერი მემეკვიდრე და მისი ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი და მმართველი. მაქვს ბიზნესი საქართველოშიც, რომელსაც მოკლე ხანში გავაჩუქებ ჩემს დაზე. მე კი, თუ გათხოვება გადავწყვიტე, მხოლოდ და მხოლოდ ვახო სბლიანს გავყვები ცოლად და ვეცდები, მასთან ტკბილი და თბილი ოჯახი შევქმნა. ეს ბოლო წინადადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მისთვის და კარგად დაიმახსოვრე, - თვალი ჩაუკრა ანამ, - მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
- ირაკლისთან დაკავშირებით რა ვუთხრა?
- ეგ შენი გაფუჭებული საქმეა. მაშინ რომ ქვეყნისთვის არ მოგედო ჩვენი ურთიერთობის შეასხებ, ახლა არც ვახოს გაუჩნდებოდა კითხვები მაგასთან დაკავშირებით. შენ ხომ იცი, რომ ჩემსა და ირაკლის შორის არაფერი ყოფილა? - მზერა გაუსწორა ქალმა.
- კი, ვიცი.
- ჰოდა, ეგ უნდა უთხრა. ირაკლი ბათუმში გავიცანი, მან ჩემი გულის მოგება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მასთან რამდენჯერმე პაემანზე ვიყავი, ეს კი შენ შენი სტატიისთვის გამოიყენე და სკანდალი ატეხე. ხომ ასე იყო?
- კი, ნამდვილად ასე იყო.
- ჰოდა, მგონი, ამოვწურეთ ყველა საკითხი. წავალ ახლა, გვიანია უკვე. თუ ისეთი რამე გკითხოს, რაზეც პასუხი არ გექნება, უთხარი, მაგას უახლოეს დღეებში დავადგენ-თქო.
- კარგი, - თავი დაუქნია ვანომ.
ანა ჟურნალისტს დაემშვიდობა და ირაკლისთან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ჯერ ცარიელ ქალაქში კარგა ხანს იბორიალა. საჭესთან მჯდომი გაცილებით უკეთ ფიქრობდა და აზროვნებდა. მომავალ დღეს გეგმავდა. ვახოსთან შეხვედრაზე ფიქრობდა და გული რაღაცნაირად ეწურებოდა, რადგან ვერ გაეგო, ვახომ იყნოსა თუ არა რამე. ეშინოდა, მამაკაცს მისთვის მახე არ დაეგო და თავისსავე ბადეში თავად არ გაბმულიყო. თუმცა, ერთი წამითაც არ უარუყვია ის აზრი, რომ გოჩას საფლავზე დადებულ ფიცს შეასრულებდა.
"ირკლისთან დავრჩები, ზეგ მიემგზავრება, დღეს გავახარებ, მაგრამ ხვალის რეისზე ბილეთს მეც ავიღებ. იქნებ, ერთადაც კი გავემგზავროთ", - გაიფიქრა და გეზი აეროპორტისკენ აიღო, რადგან ვერაფრით დაადგინა, რომელიმე ავიასალარო იყო თუ არა ღია ღამის 12 საათზე. ბილეთზე პრობლემა არ შექმნია. რამდენიმე წუთში ყველაფერი მოაგვარა, ბილეთი ჩანთაში საიმედოდ ჩადო და უკან გამობრუნდა.
ირაკლისთან მისულს ჭიშკარი ჩაკეტილი დახვდა. სახლის გასაღები კი ჰქონდა, მაგრამ ჭიშკარს ვერ გააღებდა, რადგან პულტით იღებოდა. ირაკლის მობილური გამორთული იყო, სახლშიც არ პასუხობდა ტელეფონს. ვერა და ვერ დაუკავშირდა და გადაწყვიტა, ღობეზე გადამძვრალიყო. ძლივს აფორთხდა მაღალ კედელზე და ეზოში ჩახტა. სახლის კარი ღია დახვდა. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გაახსენდა, ირაკლიმ რომ უთხრა, ამაღამ ჩემი მეგობრები მოვლენ, ცოტას დავლევთ, წასვლამდე ერთმანეთს ჩავეხუტებითო. იფიქრა, რომ შესაძლოა, მთვრალებს ჩაეძინათ. კარი ფრხილად შეაღო და კიბეს აუყვა. ყველგან შუქი ენთო. მისაღბ ოთახში საშინელი სურათი დახვდა - სისიხლში მოსვრილი მამაკაცი იატაკზე პირქვე ეგდო. ანა მივარდა და ამოაბრუნა. ეს ირაკლი არ იყო. მამაკაცს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ოთახი არეული იყო, ყველაფერი ძირს ეყარა. ჰაერი სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი და უცნობი მამაკაცის სახეზე შერჩენილი სისხლი ჯერაც არ შედედებულიყო. როგორც ჩანს, ინციდენტი ახალი მომხდარი იყო. მამაკაცი გულაღმა დააწვინა და გულზე ყური დაადო. გული ოდნავ უცემდა. "ცოცხალია", - გაიფიქრა და სახეზე დააკვირდა. მასში ნაცნობი ვერ შეიცნო. მაშინვე ტელეფონს მივარდა და "სასწრაფოს" ნომერი აკრიბა.
- ალო, - უპასუხა ქალმა, - ალო. "სასწრაფო" გისმენთ, ალო, ალო, - ისმოდა ყურმილში, მაგრამ ანა გაშეშებულივით იდგა და იატაკზე ერთ წერტილს დაშტერებოდა. ტელეფონის ყურმილი ადგილზე დააბრუნა და რამდენიმე ნაბიჯით მაგიდასთან გაჩნდა, დაიხარა და იატაკიდან სანთებელა აიღო.
"ვახო... საბლიანო, სანთებელა დაგრჩენია", - ჩაილაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა.
სანთებელას თითი ჩამოკრა და ალს თვალი გაუშტერა. თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრაო, უეცრად გამოფხიზლდა და ისევ ტელეფონს ეცა.
"სასწრაფოს" მოლოდინში თვითონ სცადა დაზარალებულისთვის დახმარება გაეწია. ცივი წყალი მოიტანა, ჩვარი მოძებნა, მამაკაცს სხეული შეუმოწმა. ამასობაში თვალები და სახე შეუშუპდა. დაჭრილი არ იყო. როგორც ჩანს, მაგრად იყო ნაცემი. როგორც კი მამაკაცს თავი წამოუწია, ცხვირიდან და გახეთქილი ტუჩიდან სისხლმა ხელახლა იფეთქა. ანა იატაკზე მუხლებით იდგა და ცდილობდა, ცივი წყლის საშუალებით მოეყვანა გონზე. ამ დროს შემოსასვლელში ხმაური გაისმა და რამდენიმე წამის შემდეგ თავზე ირაკლი წამოადგა.
- რა ხდება? გიგა, გიგა! - ირაკლი მაშინვე ანას გვერდით გაჩნდა. მას 3 მეგობარი შემოჰყვა. შეშფოთებულმა დახედა, - ეს შენ მოაქციე ასე? - ანას მიუბრუნდა.
- რას ამბობ?! - შეიცხადა ანამ.
- რა მოხდა აქ? "სასწრაფოში" დავრეკოთ!
- აქ ვართ, უკვე მოვედით, - მისაღებში ექიმი და ექთანი შემოვიდნენ.
როგორც იქნა, გიგა მოასულიერეს, საწოლზე გადაიყვანეს, შუბლსა და ცხვირზე ცივი ტილო დაადეს.
ანას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, ვინ იყო ეს კაცი და როგორ მოხვდა ამ "გაუგებრობაში". ვიდრე ექიმები დაზარალებულს დასტრიალებდნენ, ირაკლი დაიმარტოხელა და ყველაფერი გამოჰკითხა.
- გიგა ჩემი მეგობარია, საღამოს მოვიდა სტუმრად, მე კი სხვა მეგობრების მოსაყვანად გავედი, თან მაღაზიაში უნდა გამევლო. გიგა მარტო დარჩა. 1 საათის წინ გავედი, დაახლოებით, ამ დროში აქ რა მოხდა, ეგ არ ვიცი.
- როგორც ჩანს, ვიღაცას გიგა შენ ეგონე, - უცებ მიხვდა ანა, ის კი აღარ დააყოლა, რომ ის "ვიღაც" ვახო საბლიანი იყო.
- უკაცრავად, პაციენტი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, მაგრამ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ და საპატრულო პოლიცია გამოვიძახოთ, ვალდებულები ვართ, ასე მოვიქცეთ, - ექიმი ანას და ირაკლის მიუახლოვდა და საუბარი შეაწყვეტინა.
- პოლიციას მე თვითონ გამოვიძახებ, თანაც - ახლავე, - ირაკლიმ მობილურით დარეკა და ვიღაცას სთხოვა, მასთან მისულიყო.
ცოტა ხანში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი 2 მამაკაცი მოვიდა და საქმის ვითარებაში გარკვევა სცადა. ექიმმა გიგას საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროდ მიიჩნია, მაგრამ გიგა სასტიკი წიაანღმდეგი იყო და ექიმს ხელწერილი დაუწერა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე თავისი ნებით ამბობდა უარს. "სასწრაფოს" ბრიგადა წავიდა, პოლიციელები დარჩნენ. ანა ღელავდა; არ უნდოდა, ირაკლის პრობლემები შეჰქმნოდა და წასვლაში ხელი შეშლოდა, მაგრამ როდესაც მოიხვდა, რომ პოლიციელები ირაკლის ძმაკაცები იყვნენ, მაშინვე დამშვიდდა.
რაღა თქმა უნდა, არავითარი აქტი და ოქმი არ შემდგარა. ცოტა ხანს სავარაუდო ვერსიებზე ილაპარაკეს და პოლიციელები წავიდნენ. გიგას სიტყვა ვერ დააცდენინეს იმის შესახებ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მარტო დარჩა. ანა დარწმუნებული იყო, რომ ეს "მშვენიერი" საღამო ვახოს "დამსახურება" იყო. თუმცა, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
გვიან ღამით, როდესაც ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და გიგასაც ჩაეძინა, ანა ირაკლის მიუჯდა.
- კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- გაოგნებული ვარ, ვის უნდა გაეკეთებინა? - ირაკლი ჯერ კიდევ შოკში იყო.
- ალბათ გაირკვევა და დამნაშავე დაისჯება. კიდევ კარგი, რომ ზეგ მიდიხარ.
- გული მწყდება, რომ შენ ჩემთან ერთად არ მოდიხარ, - ირაკლიმ თავზე ხელი გადაუსვა.
- მოვდივარ, - ანამ ჩანთიდან ბილეთი ამოიღო და მამაკაცს გაუწოდა.
- მიხარია, ასე რომ გადაწყვიტე. ერთად წასვლა ჯობია, აღარც მომენატრები, აღარც ვინერვიულებ. იმედია, არ გადაიფიქრებ. შენგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.
- არ გადავიფიქრებ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ერთად წვალთ.
- რა უნდა იყოს კარგად? ნუ მაშინებ, ანა...
- იკა, აუცილებლად ერთად წავალთ, ამის პირობას გაძლევ.
- ქორწილს აღარ ელოდები?
- ვერ დაველოდები, მეც უნდა გავიქცე... შენ კი ალბათ ჯობია, რომ აქედან დილითვე წახვიდე და აღარ დაბრუნდე. ეშმაკს არ სძინავს, ხომ ხედავ, გიგა რა დღეში ჩააგდეს?
- მაგაზე მეც ვიფიქრე, ალბათ ხვალ დილით ჩავბარგდები და წავალ, წამო, დავიძინოთ, - მამაკაცი ადგა და ანას ხელი გაუწოდა.
ქალმა თითები მის თითებს ჩასჭიდა და წამოდგა.
დილა ისე გათენდა, ალერსში გართულებს არც გაუგიათ...
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გამოსამშვიდობებელი ალერსი გვქონდა, - ირაკლი საწოლში წამოჯდა და ანას თვალებში ჩახედა.
- ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, იქნებ, მართლაც ასეა? - ანა დასევდიანდა.
ვახოსთან მოსალოდნელი შეხვედრა გაახსენდა და გული დაუმძიმდა. ყველაზე უარესისთვისაც მზად იყო, - იკა, ჩვენი შეხვედრა აქ ალბათ აღარ შედგება, აეროპორტში შევხვდებით, - ანა წამოდგა და ჩაცმა დაიწყო, - მე წავალ, საქმეს მივხედავ, ბევრი რამ მაქვს მოსასწრები...
- ალბათ, ისიც, რასაც მე არ მიმხელ.
- გპირდები, რომ ყველაფერს ოკეანის გაღმა გაიგებ...
რამდენიმე წუთის შემდეგ ანა სახლისკენ მიქროდა. შხაპი მიიღო, ტანისამოსი გამოიცვალა და ისევ გამობრუნდა. ისე ადრიანი დილა იყო, რომ ჯერ კიდევ ყველას ეძინა.
- ასე უთენია რამ მოგიყვანა, ქალო, გაგიჟდი? - გიორგი თვალებს იფშვნეტდა, - მოდი, მოდი, - დაუპატიჟებელ სტუმარს გზა დაუთმო.
- მარტო ხარ? - ანამ ოთახი მოათვალიერა.
- არა, მარტო არ ვარ.
- ვინ გყავს? ქალია?
- ჰო, - თავი დაუქნია მამაკაცმა.
- გაუშვი! - ანა დივანზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თითქმის უბრძანა.
- გაგიჟდი?
- გაუშვი, გიო, ისეთი საქმე მაქვს, მხოლოდ მე და შენ რომ უნდა ვილაპარაკოთ. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სხვა არავინ გვისმენს.
- გიოოო, ვინაა? - გაწელილი ხმით თქვა ქერა ლამაზმნმა და საძინებლიდან ზმორებით გამოვიდა. ანას დანახვაზე შედგა, სახეზე ჯერ გაოცება გამოესახა, შემდეგ დამცინავი ღიმილი, - დაგაგვიანდა, ლამაზო, დაკავებულია ადგილი, - შემდეგ დამცინავი ხმით უთხრა.
ქალმა აინუნშიც არ ჩააგდო მისი ნათქვამი.
- გაუშვი, - მიუბრუნდა გიოს.
- ქეთი, ჩაიცვი და წადი, - გიოს ქალისკენ არც მიუხედავს, ანას თვალს არ აშორებდა.
ქალი უკმაყოფილო სახით შებრუნდა და ცოტა ხანში კარი დემონსტრატიულად გაიჯახუნა.
- ახლა მარტო ვართ, მითხარი, რა გინდა? - გიორგის მოუთმენლობა შეჰყროდა.
- გიო, მე ვიცი, რომ შენი ნდობა შემიძლია. დღეს ერთ საქმეზე მივდივარ. მხოლოდ შენ გეცოდინება, სად ვიქნები. იმედია, ირაკლისთან არ ჩამიშვებ. იმან ამის შესახებ არ უნდა გაიგოს.
- ნუ მაშინებ, თქვი, რა გინდა.
- დღეს ერთ კაცს ვხვდები. შენ ჩემთან ერთად უნდა იყო.
- მე კაცებს არ ვხვდები.
- ხუმრობის გუნებაზე არ ვარ, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ სასტუმროში გავყვები. შენ უკან უნდა აგვეკიდო და რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა მოახერხო და იმავე სასტუმროში შემოაღწიო. უკიდურეს შემთხვევაში, ქვევით უნდა დამელოდო. ისეთ ადგილზე, სადაც კამერები არ დაგაფიქსირებენ. თუ შენი დახმარება დამჭირდება, გვერდით უნდა დამიდგე.
- ეგ ამბავი არ მომწონს, ანა, - დაფიქრებით თქვა მამაკაცმა.
- არც მე მომწონს, მაგრამ ეს აუცილებელია.
- სასტუმროში რატომ მიჰყვები? ვინაა? რა უნდა? ან შენ რა გინდა? ირაკლიმ რომ გაიგოს, ღალატს არ გაპატიებს.
- მიზეზს ნუ მეკითხები. მითხარი, შეგიძლია თუ არა, ჩემი გულისთვის ის გააკეთო, რასაც გთხოვ?
- შემიძლია, - თავი დაუქნია გიორგიმ.
- გმადლობ, ვიცოდი, რომ შენი იმედი უნდა მქონოდა.
- იკა ზეგ მიდის, ხომ?
- კი, ზეგ... ზეგ მივდივართ ან იქნებ, მარტოს მოუწიოს წასვლამ... ვნახოთ, ყველაფერს ბედი გადაწყვეტს, - ანა წამოდგა, გიორგის ლოყაზე აკოცა და უსიტყვოდ დატოვა მისი სახლი.
ამასობაში 9 საათი გამხდარიყო. ანამ ზვიადს დაავალა, ყველა საჭირო საბუთი გაემზადებინა საიმიოსოდ, რომ ნოტარიუსთან ბიზნესის წილის ჩუქება გაეფორმებინა. ზვიადს დაემშვიდობა და რამაზს მიადგა.
კარი ანამ გაუღო. გოგონა დედას ჩაეხუტა და შინ შეუძღვა.
რამაზი ღიმილით შეეგება.
- მოხვედი? როგორ ხარ?
- ცოტა არეული ვარ, ამ ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გამო. ცოტა ხნით შემოგირბინეთ, ანას ნახვა მინდოდა.
პატარა ანა დედას კალთაში ჩაუჯდა. ქალი მიეფერა, ჩაიხუტა.
- ანა, იცი, მე ზეგ უნდა გავემგზავრო.
- სად მიდხარ?
- ამერიკაში მივდივარ, სულ მივდივარ, მაგრამ 2 წელიწადში შენც წაგიყვან. ამის გმო ხომ არ გამიწყრები?
- ასე საქმეს სჭირდება? - დიდი ადამიანივით იკითხა გოგონამ.
- ჰო, საქმეს სჭირდება.
- მაშინ არ გაგიწყრები. მამას ქორწილში არ მოხვალ?
- ვერ მოვალ, ან, აუცილებლად უნდა წავიდე. ხომ იცი, ამ ქვეყნად რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ. ჰოდა, ასე აუცილებელი რომ არ იყოს, არ წავიდოდი.
- რა ხდება, ანა? - რამაზს გაუკვირდა მოულოდნელი ინფორმაციის გაგონება.
- რამაზ, ასეა საჭირო, მაპატიე... იმედია, ნინოც გამიგებს, - ანა მამაკაცს გადაეხვია და ცრემლი ვერ შეიკავა. ცოტა ხანში პატარა ანასაც გამოემშვდობა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა. კარგა ხანს ჰყავდა გულში ჩაკრული და ბუტბუტებდა:
- მშვიდობით, ნახვამდის, ჩემო პატარავ, სწორედ ახლა მივდივარ, როცა შენთან ერთად უნდა გამეხარა. არ ინერვიულო, ერთად ვიქნებით. ლევანს აუცილებლად დაურეკე ხშირად, არ დაივიწყო. მასაც ძალიან უყარხარ, - ბოლოს ისეთი ტირილი აუვარდა, რომ ძლივს დამშვიდდა. კიდევ ერთხელ დაემშვიდობა მამა-შვილს და წავიდა.
საბლიანი დუმდა. არა და, უკვე შუადღე იყო. გადაწყვიტა, თვითონ დაერეკა და ის მაინც გაეგო, როგორ გუნებაზე იყო მამაკაცი.
- გისმენ, პატარავ, - ძალზე ალერსიანი ხმა ჰქონდა ვახოს.
- როგორ ხარ? რატომ დაიკარგე? ჩემთან შეხვედრა ხომ არ გადაიფიქრე?
- არა, რას ამბობ, საქმეებს ვაგვარებ, იმედი მაქვს, მოვლენები ისე განვითარდება, როგორც მინდა და შენთან ერთად, 3-4 დღით გადაკარგვას ვაპირებ. ამიტომ, ყველაფერი უნდა მოვასწრო.
- მაშასადამე, საღამოს შევხვდებით?
- აუცილებლად. სად წავიდეთ?
- ეგ მერე გადავწყვიტოთ. ეგაა, ცოტა გვიან მოვიცლი და იმედია, ამის გამო არ გაბრაზდები.
- მაინც, რომელი საათისთვის გეგმავ?
- ალბათ 10-ის შემდეგ.
- მეც მაწყობს, მოვილაპარაკეთ. მაშასადამე, 10 საათზე შენს სახლთან დაგელოდები.
- კარგი, შენი მანქანით წავიდეთ.
- ეგ უკვე იმედის მომცემი სიტყვებია. მითხარი ანა, ვეღარ ვითმენ, მაბედნიერებ დღეს?
- კი, დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები, დედამიწის ზურგზე, თავისუფალი, ჩიტივით მსბუქი... ისეთი მსუბუქი, რომ მოგეჩვენება, თითქოს დაფრინავ... თითქოს შენი სული სხეულს გაშორდა და ნირვანას განიცდი...
- გენაცვალე, - ჩურჩულით, ვნებით სავსე ხმით უპასუხა მის სიტყვებს მამაკაცმა, - მოუთმენლად ველი, როდის დადგება ეგ დრო.
ანამ საღამომდე უამრავი საქმე მოასწრო - ნოტარიუსთან მისვლა, ლევანის მონახულება, ნატოსაც კი შეუარა, ცოტა ხანს მასაც ეჭორავა. ისეთი გამომშვიდობების სცენა მოაწყო, მეგობარი ლამის ტირილით მოკვდა.
მოგვიანებით შინ შეირბინა.
- ისევ მიდიხარ? - ტრადიციული კითხვა დასვა ციცომ.
- ჰო, დე, - ანა დედას მოეხვია დ გულში ჩაიკრა.
- რა გჭირს? როდის აქეთ გახდი ასეთი
სენტიმენტალური? - ოთახში ნინო შემოვიდა. უკან ბელა მოჰყვებოდა.
- უნდა წავიდე. ბილეთი უკვე ავიღე, - ანამ ოჯახის წევრებისთვის თვალის გასწორება ვერ შეძლო.
- სად მიდიხარ? - ციცომ დოინჯი შემოირტყა.
- შინ მივდივარ, დე...
- სად - შინ? სვანეთში?
- არა, ამერიკაში მივდივარ, შინ...
როდის აქეთ გახდა ამერიკა - "შინ"?
- ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, აბა, ჩამეხუტეთ ყველანი! - ანამ მკლავები გაშალა და ყველა სათითაოდ ჩაიხუტა.
- შენ კი გპირდები, რომ 2 წელიწადში ანასთან ერთად, ჩემთან წგიყვან, მოვილაპარაკეთ? - დაიხარა და ბელას თვალებში შეხედა.
გოგონამ თავი გულდაწყვეტით დაუქნია.
- მამაპტიე, დე, - ციცოს ლოყაზე ჩამოუსვა თითი. მერე ნინოს მიუბრუნდა.
- ეს გიორგის მიეცი, - ხელში თავისი მანქანის გასაღები ჩაუდო.
ეზოდან მანქანის სიგნალი მოესმა. როგორც ჩანს, ვახო მოსულიყო. სახლს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და კარი გაიხურა.
- კი, მაგრამ ბარგი არ მიგაქვს? - მოესმა ზურგს უკან, მაგრამ აღარ შებრუნებულა.
ეზოში ჩასულმა ავტოფარეხის კარი გააღო და სიბნელეში გაუჩინარდა. სინათლე განგებ არ აანთო. მანქანას მიუახლოვდა, კაპოტზე ხელი ისე დაუტყაპუნა, როგორც ბედაურს, გარშემო შემოუარა, ხელისგულით ეხებოდა და გუნებაში მასაც ემშვიდობებოდა. ბოლოს, კარში ჩადგა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
საბლიანი გადასარევ გუნებაზე გახლდათ. ღიღინით დაძრა მანქანა და გეზი დასავლეთისკენ აიღო. ანა გვერდითა სარკეში უკან მომავალ მანქანებს დააკვირდა. გიორგის მანქანა იცნო. საიმედო მეგობარი უკან მოჰყვებოდა. გული მოეცა. ვახოს ხუმრობაში აჰყვა. კარგა ხანს "არაფერზე" ილაპარაკეს.
- როგორც ვხვდები, დღეს ცოლად მომყვები.
- არა, ცოლობას ვერ შეგპირდები.
- აბა?! - მოულოდნელობისგან მამაკაცმა ფეხი მუხრუჭს მიაჭირა.
- ვახო, მგონია, რომ ვჩქარობთ, ცოტა ხანს იქნებ მხოლოდ ვიმეგობროთ, მერე თუ მივხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი, ქორწინებას ვინ დაგვიშლის?
- საყვარლობას მთავაზობ? სწორად გავიგე? - ვახო ყურებს არ უჯერებდა.
- ჰო, სწორად გაიგე.
- მოდი, რამდენიმე დღით დავიკარგოთ სადმე და შემდეგ გადავწყვიტოთ, კარგი?
- კარგი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვახომ მანქანა სასტუმროსთან მიაყენა.
- სად მოვედით? - იკითხა ანამ.
მისი გონება იქით იყო მიმართული, როგორ მოეხერხებინა სავარძლის ქვევიდან იარღის აღება. ან იქ რომ აღარ დახვედროდა, რა უნდა ექნა? თავს ამაზე იმტვრევდა.
- სასტუმროში, საყვარელო, დამელოდე, მოვალ, - ვახო მანქანიდან გადავიდა და შენობაში გაუჩინარდა.
ანამ მაშინვე სავარძლის ქვეშ მოაფათურა ხელი. როგორც კი ცივ რკინას შეეხო, შვებით ამოისუნთქა. პისტოლეტი გამოაძვრინა, მაგრამ მომცრო ხელჩანთაში არ ჩაეტია. სასწრაფოდ მაყუჩი მოხსნა და ცალ-ცალკე ჩაუძახა. ჩანთიდან თავშალი ამოიღო დ თავზე მოიხვია, სთვალე გაიკეთა და ორიოდე წუთში ვახოც გამოჩნდა.
- გადმოდი, - თავით ანიშნა ქალს, - რად გინდა ეს სამასკარადო კოსტიუმი? - თავშალსა და სათვალეზე ანიშნა.
- ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს... ბოლო დროს პაპარაცები და ჟურნალისტებიც დამდევენ და მოსვენებას არ მაძლევენ, - ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა.
ჰოლში თავდახრილმა, სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და მამაკაცს ლიფტში შეჰყვა.
ორიოდე წუთში მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში განმარტოვდნენ. ვახო მაშინვე "განიარაღდა". პისტოლეტი, ხელბორკილები და მობილური ტელეფონი ტუმბოზე დადო, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა.
ანა სააბაზანოში შევიდა და ხელჩანთაც შეიყოლა. პისტოლეტი ამოიღო, მაყუჩი მიახრახნა და ზურგზე, ქამარში გაირჭო. გული ისე უცემდა, ეგონა, ქვეყანას ესმოდა. თვალები ჩაუწითლდა და ხელებიც უკანკალებდა. ჰაერი რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში გავიდა.
ვახო ისევ ისე იჯდა საწოლზე და ტელევიზორის პულტს აწვალებდა.
- მოდი ჩემთან, - ანას ვნებიანი მზერით გახედა.
ანა მიუახლოვდა და მამაკაცის გაშლილ ფხებს შორის ჩადგა.
ვახომ მარჯვენა ხელი წვივზე შეახო და ნელ-ნელა ზევით ააცურა. მორე ხელი წელზე დაადო, ქალი თავისკენ მიიზიდა, ლოყით მუცელზე მიეხუტა და თვალები დახუჭა. ანამ ამით ისარგებლა, უცნაური მოძრაობა გააკეთა, ვახოს ხელი ჰკრა, ამასობაში იარაღი ამოიღო და ლოგინზე ზურგით დავარდნილ მამაკაცს ბრტყლად დაჰკრა თავში. ვახომ დაიგმინა და თვალები აატრიალა. გონდაკრგული მამაკაცი ძლივს მოითრია ქალმა და საწლოზე სწორად დააწვინა. ხელები საწოლის თავის რიკულებს შორის გააყოფინა და თავისივე ბორკილები დაადო. ამასობაში ვახოს გონება დაუბრუნდა. მიხვდა, რომ დაბმული იყო. ანა ფეხებზე ეჯდა და ზემოდან დაჰყურებდა.
- რას აკეთებ? - როგორც იქნა, ენა მოაბრუნა.
- გაინტერესებს, რას ნიშნავს ჩემი მანქანის ნომერზე ამოტვიფრული ულტრიხ?
- ვიცი, შურისმაძიებელ ქალს ნიშნავს.
- ჰოდა, ხომ გაინტერესებდა, რატომ მქონდა ასეთი უცნაური ნომერი?
- შევცდი... მეგონა, არ იცოდი, ვინ ვიყავი, - გაეცინა მამაკაცს.
- თურმე, შენც გცოდნია ჩემი ვინაობა.
- კარგად თამაშობდი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ რასაც ამბობდი, სიმრთლე იყო. თუმცა, მეგონა, ზუსტად ვიცოდი, რას მატყუებდი. მოგიკლავს კაცი ოდესმე? ვერ შეძლებ!
- შევძლებ! როცა სისხლის აღების ჟამი დგება, უნდა წარმოიდგინო, როგორ კლავს ეს ადამიანი შენს ახლობელს, ძმას, მამას, შვილს თუ ქმარს და გასროლა არ გაგიჭირდება, - გოჩას ნათქვამი გაუმეორა ანამ და იარაღი შუბლზე დაადო.
- ახლა გაიხსენე, როგორ გამოჰკარი თითი სასხლეტს მაშინ, როცა გოჩას ესროლე. ალბათ ასე, არა?
ვახომ იარაღს თვალი ააყოლა და მზერა ანას საჩვენებელ თითზე შეაჩერა. სწორედ ამ დროს გამოკრა სასხლეტს ანამ. ყრუ ხმა გაისმა. მიბრჯნით ნასროლი ჭრილობიდან სისხლს არ გაუსხამს. უკვე სუნთქვაშეწყვეტილ მამაკაცს სისხლი საფეთქლებზე ჩამოედინა. ვახო მთელი სხეულით მოეშვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ანამ თავი მოიწესრიგა, იარაღი ჩანთაში ჩააბრუნა და ქუჩაში გავიდა. გარეთ გიორგის მანქანა იდგა. ქალი მისკენ წავიდა. გიორგის ვერ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა. მხოლოდ ქალის შეშლილ სახეს უყურებდა და კითხვის დასმასაც ვერ ბედავდა...
ანამ მძღოლის მხარეს კარი გამოაღო და თავით ანიშნა, გვერდზე გადადიო. საჭეს თვითონ მიუჯდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შედეგ მანქანა გააჩერა.
- გიორგი, მანქანა მე მჭირდება, გთხოვ, ტაქსით დაბრუნდი და ნინოს დაურეკე, შენთვის რაღაც მაქვს დატოვებული.
გიორგი უხმოდ გადავიდა, ანამ კი გეზი სვანეთისკენ აიღო. მთელი ღამე იარა. გამთენიისას ეკლესიის ეზოში შევიდა. მამაო შეშას ჩეხდა. ხმაურზე მოიხედა...
- ანა?!
- აღსარება უნდა ჩაგაბარო, მამაო, როგორც შეგპირდი...
დასასრული
მარი ჯაფარიძე



№1 სტუმარი მიკა

ვაიმეეეე ცუდად ვააარრ.... ეჰჰჰ როგორც ველოდი, ისე დამთავრდააა..... მაგრამ დამთავრება არ მინდოდა..... მაგარი იყოოოოო

არაა მთავარი დაწერე შენით თუ დააკოპირე.. მთავარიაა რო დადე და გვასიამოვნე

 


№2  offline წევრი tatukaa

არააა?მეღადავებით?ესაა დასასრული? გააგრძელე რა… შემდეგ რა მოხდა?ანა და ბელა?ირაკლი?ნინო და რამაზი?ეხლა დამთავრება იქნებიდა? მეწყინა ძალიან

 


№3  offline წევრი xuti

Es mari japarizis motxrobaa.ramodenime wlis win ibejdeboda jurnal gzashi.wakitxuli mqonda magram didi siamovnebit kidev wavikitxe.vgijdebi zlier qalebze

 


№4 სტუმარი Maxi

Raaa dasasruli? Gagrdzelebaa mainteresebs Iraklis da anis istoriiss

 


№5  offline წევრი ალექსისი

აუუ მაინტერესებს ანის და ირაკლის ისტორია რი დამიტოვე აქ ინტრიგა!!!

 


№6 სტუმარი avadmyofi

vici ro sxvis istoriia magram gaargdzelet raa :( mainteresebs yvelas istoria

 


№7  offline წევრი tatia27

Eg ro me gavagrdzelooo :-) koconze damcvaven:-) :-) aseti dasasruli aq, me cotas shevcvlidi da gavagrdzelevdi magram :-) :-)

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო,მაგრამ კარგი რა ხალხო ესეთი დასასრული გაგონილა საინტერესო მომენტები დარჩა წინ კიდევ გაურკვეველი ირაკლი და ანაზე რამაზი და ნინოზე ანა და ბელაზე, სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ იმედია ესაა რააა დასასრული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent