არც კონკია, არც პრინცი -1-
[თავი 1] ოქროსფერი თმის კულულები მხრებზე მაყრია. ერთად შებღუჯულს სარჭზე ვახვევ და არისტოკრატული ხვეულაც მზადაა. ვხურავ ჟურნალს, რომელიც დედამ ინგლისიდან ჩამომიტანა, მსოფლიოში ცნობილი მოდების სააგენტოდან. ინფორმაციით, რომელსაც ის შეიცავს, შეგიძლია თავად გაიკეთო სხვადასხვა ვარცხნილობები. მამაჩემის აზრით სჯობს ყოველდღე და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან ''დღესასწაულებზე'' ძვირფას სალონებში გავიკეთო თმა, მაგრამ ამდენი სიარულისგან ფეხები მუდამ გადაყვლეფილი მაქვს და არც ის მალამოები მშველის, რომელიც ყოველ საღამოს ამოაქვს პირად მოახლეს ჩემს საძინებელში. -ევან, მზად ხარ?-სარკეში ჩემ უკან დედა ირეკლება, რომელსაც ყავისფერი თმა წინიდანვე აქვს ჩაწნული და მთელ თავზე შემდგომ გვირგვინად შემოუხვევია. შემოუხვევია რა... ცოტა ხნის წინ სალონში წავიდა საყვარელ პარიკმახერთან და ეს ვარცხნილობაც მისი ''შედევრი'' იქნება. დედაჩემი ბავშვობიდან ფუფუნებას და სიმდიდრეს არის ჩვეული. თეია გელოვანი, წარმატებული ბიზნესმენის, ნუგზარ გელოვანის ერთ-ერთი ქალიშვილი სამიდან, მაგრამ პრივილეგით გამორჩეული იმის გამო, რომ ნაბოლარაა, მამის დამსახურებით არაფერს იკლებდა და ეს წინადადება რომ შევატრიალოთ, არც არაფერი აკლდებოდა. მუდამ ბედნიერი იყო და არის, მუდამ ქარაფშუტობდა და ქარაფშუტობს და მუდამ სილამაზეზე, ძვირადღირებულ ტანსაცმელზე და სამკაულებზე ფიქრობდა და ფიქრობს! მისი გავლენა მამაჩემზე, ლევან გედევანიძეზე გათხოვებისთანავე არ გაზრდილა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მამამ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ხომ გესმით, რას ნიშნავს, როცა პირველი ლედი ხარ ქვეყნისაც და საზოგადოებისაც... დედას აღფრთოვანება ამ ხუთი წლის განმავლობაში არ ცხრებოდა... მე კი ვიზრდებოდი... დედ-მამისგან შორს. უფრო სწორად ძალიან ახლოს, გვერდით ოთახში, მაგრამ მზრდიდნენ ძიძები, მოსამსახურეები, მოხუცი დეიდები, მამიდები... მერე ისინი სადღაც ქრებოდნენ და ჩნდებოდნენ ახლები... აი, თვრამეტი წლის რომ გავხდი, მაშინ კი გავახსენდი ''დიდგვაროვან'' ცოლ-ქმარს, თუმცა ისეთი უცხონი იყვნენ ჩემთვის, რომ მშობლებად ვერ აღვიქვამდი. ვეღარც სიტყვა მეგობრობასთან გავაიგივე ისინი, რადგან მხოლოდ სერიოზულ პიროვნებებთან შეხვედრისას ვგრძნობდი მათ სიყვარულს... წვეულებებზე... ზეიმებზე... მეორე დღეს კი ყველაფერი სრულდებოდა, რათა კომედია თავიდან დაწყებულიყო! -ევან, საყვარელო, ხომ კარგად ხარ?-მის კითხვას რომ არ ვეხმაურები, დედა ღელდება და თავისკენ მატრიალებს. ჩვეულად ანთებულ თვალებს რომ ხედავს, მშვიდდება და სახეზე ისევ ღიმილი ენთება.-ხომ იცი, დღეს მნიშვნელოვანი დღეა! მამას მეგობარმა, როგორც იქნა, შეძლო პრობლემების მოგვარება და დღეს ოჯახთან ერთად გვესტუმრება. დიდი დღეა! დიდებული დღე! -ვიცი, დედა. სამწუხაროდ ეს დიდებული დღეები არ ილევა.-რუტინას ბოლომდე მაინც ვერ შევგუებულვარ და ამას არც ვმალავ.-ხვალ რას ვგეგმავთ? -ამას საღამოს ელენე გაგანდობს, ძვირფასო. ახლა კი დაისვენე, სანამ სტუმრები მოვლენ.-ნაზად მისვამს შიშველ მხარზე ხელის გულს, მაგრამ კანი მაინც მეხორკლება. თითქოს ჩემს მხარსა და მის ხელს შორის ყინულისდიდი ფენა ჩნდება და ვერავითარ სითბოს ვერ ვგრძნობ. თავს ვუქნევ და ტრილიაჟის სკამზე ვჯდები. ვფიქრობ, ელენეს ახლავე ხომ არ დაველაპარაკო ხვალინდელ დღეზე, მაგრამ ვიცი, ესეც ზიზღს გამოიწვევს ჩემში. გასაგებია, რომ ჩემი მოახლეა, თუმცა მე ისე არ ვექცევი, თავი მონად რომ იგრძნოს. ის კი განგებ აგონებს საკუთარ თავს ამას. სრულიად ელემენტალურ რაღაცებშიც კი უნდა დამეხმაროს. ლამისაა სააბაზანოშიც შემომყვეს, არადა მე ხომ ჩვეულებრივი გოგო ვარ. წოდება არაჩვეულებრივობას ადამიანს ვერ მიანიჭებს. ვცდილობ ეს ავუხსნა, როგორმე დავიახლოვო, ჩვენ შორის მის მიერ აღმართული ბარიერი გავაქრო, მაგრამ ელენე თვითონ მიშლის ამაში ხელს. როგორც კი ლაპარაკს ჩემს გულისტკივილზე ვიწყებ, მაშინვე ფეხზე დგება და საქმის კეთებას იწყებს. არ უნდა ჩემს მშობლებს უღალატოს. ჩემ მაღლა ხომ მამა დგას. მამა, რომელმაც რამე თუ შეამჩნია, მაშინვე სახლიდან გააგდებს. მართალია თუ რაიმე უსამართლობას ექნება ადგილი, არ დავუშვებ ელენეს ასე მოექცნენ, მაგრამ დამონებულ გოგონას ამის შეგნება არ სურს. შიში არ აძლევს უფლებას, რომ დამიმეგობრდეს. არადა ის ერთადერთი შანსია. სხვა შემთხვევაში მომიწევს დედაჩემის პრანჭია მეგობრების შვილებთან ვიურთიერთო, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ჩემგან. ფიქრებიდან რომ ვერკვევი, დედა უკვე ოთახში აღარაა. კარები ღიაა. გარეთ ვიხედები, მაგრამ დერეფანში არავინ ტრიალებს. ოთახიდან გავდივარ და მოაჯირს ვეყრდნობი. აქედან პირველ სართულზე განთავსებული მისაღების დანახვა შემიძლია, სადაც არ ვახშმობთ, მაგრამ სტუმრებს ვიღებთ ხოლმე. თითქმის ყველა მოსამსახურე აქ ტრიალებს. დედამ ზედმეტადაც კი მოიყვანა რამდენიმე მოახლე. ღრმად ვოხრავ და მინდა ვიყვირო, რომ არ არის საჭირო ამხელა აჟიოტაჟი კაცისთვის, რომელიც მეგობართან სტუმრობისთვის რამდენიმე საათს ამ ხნის განმავლობაში ვერ ძებნიდა. საერთოდ, მამას მეგობრები ყოველთვის ეჭვს იწვევდნენ ჩემში, თუმცა ინტერესი არ მქონდა მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით და გამოძიებაც არ დამიწყია. ძალიან სულელურად კი ვცხოვრობ. არ ვიცი, რა ხდება ჩემს უზარმაზარ სახლში. არ ვიცი, რა ხდება ამ სახლის გარეთ. არ ვიცი, რა ხდება ჩემს შინაგან სამყაროში. ვარ გაურკვევლობის უმაღლეს სტადიაში. მჭამენ ტყუილის, სიყალბის, მოწყენილობის მეტასტაზები, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, რადგან პრეზიდენტის შვილი ვარ. პრეზიდენტის შვილი, რომელიც სულ უნდა იღიმოდეს, თავაზიანი უნდა იყოს, ლამაზი კაბები ეცვას, შეხვედრებს არ აცდენდეს, წვეულებებზე სტუმრებს ესაუბრებოდეს... ღმერთო, რა უღმერთობაა! ისევ ოთახში ვბრუნდები და საწოლზე მსუბუქად ვწვები, ვარცხნილობა რომ არ დამეშალოს. ჩემთვის იმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენ მამას მეგობარზე, მაგრამ ოჯახი ოჯახია. არ მაქვს უფლება ყველაფერი გავაფუჭო. ჩემი მხრიდან მაინც უნდა ჩანდეს კეთილშობილება, მსურს ეს თუ არა, რადგან ვიცი, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ფეხზე ვდგები, რომ გავარკვიო, თუ სად არიან ნანატრი სტუმრები ამდენ ხანს და ჩემი ოთახის კარიც იღება. საძინებელში ელენე შემოდის. მოახლის ტიპური ტანისამოსი არ აცვია. ეს ჩემი სურვილი იყო. შეუძლია, რაც უნდა ის ჩაიცვას და როგორიც უნდა, ისეთი მაკიაჟი გაიკეთოს. აფორიაქებული ჩანს. სანამ რამეს მეტყოდეს, ვხვდები, რის გამოც ამოქოშინდა მეორე სართულზე. -მოვიდნენ ბატონები?-კბილებში ვცრი და სარკისკენ ვაპარებ თვალს. ვარდისფერი კაბა მაცვია, ნაზი ნაჭერია და სასიამოვნოდ არის შემოტმასნული ტანზე. ატმისფერი ფეხსაცმელი მაცვია მაღალი ქუსლით და ეს ორი ფერი ერთმანეთს ეხამება. რა სისულელეა! რაზე ვფიქრობ... ეს ხომ სრული იდიოტიზმია! მე დამინახავენ ასეთს... მხოლოდ გარეგანს... ძვირფასი სამკაულებით მორთულს გამჭოლი ქარიც კი ვერ შემომაძარცვავს ხელოვნურობის ამ გროვას. -დიახ, მოვიდნენ.-თავს მიქნევს ელენე.-ქალბატონმა გამომგზავნა. სტუმრები სასტუმრო ოთახში არიან და მალე ვახშმობას დაიწყებენ. ბატონმა ნუგზარმა თქვენი თავი უნდა წარუდგინოს მათ. -როგორც რაღაც ექსპონატი და არა როგორც შვილი, ხო?-მწარედ მეღიმება.-კარგი, წავიდეთ. შენ რა შუაში ხარ. გრძელი კაბა ფეხების გადადგმაში ხელს მიშლის. დისკომფორტს კი განსაკუთრებით კიბეებზე ჩასვლისას განვიცდი. მოსამსახურეები შემოსასვლელში აღარ ირევიან. ალბათ ყველამ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა. ჩემი და ელენეს გზები იყოფა. ის სამზარეულოში შედის, მე კი სუნთქვაშეკრული მივაბიჯებ. ზღურბლს როგორც კი ერთი ნაბიჯით ვცდები, დივანზე მსხდომნი ჩემკენ ტრიალდებიან და არამარტო დივანზე მსხდომნი... სკამები, სავარძლები ყველაფერი დაკავებულია... დედა მაშინვე ფეხზე დგება და ღიმილით მეგებება. მოახლოებისას ჩუმად მსაყვედურობს დაგვიანებისთვის და შემდეგ უკვე მე ყველა სტუმარს ერთი სიტყვით ვესალმები. ^^^ ჯერ არ წავსულვარ და უკვე დავბრუნდი... უბრალოდ ისე მინდოდა ამ ისტორიის დადება, შესვენებაზეც უარი ვთქვი. თუ ვინმეს გახსოვთ, წინა ზაფხულს დავიწყე ისტორია სახელად ''ჩემი მამიკო პრეზიდენტია!'', რომელიც სამწუხაროდ ვერ გავაგრძელე. ახლა კი, ანუ ერთი წლის შემდეგ, სიუჟეტი შევცვალე, რაღაც-რაღაცები იგივე დავტოვე და აი, რა გამოვიდა! პირველი თავი უფრო გაცნობა იყო, მეორე თავიდან კი დაიწყება მოვლენების განვითარება. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ დასაწყისზე, თუმცა შეფასება ხვალ უფრო გაგიადვილდებათ ალბათ. უყვარხართ თქვენს სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.