შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 1)


30-06-2016, 23:42
ავტორი Kristy
ნანახია 3 858

თითოეული სული იბადება, რომ იპოვოს ბედნიერება, იპოვოს საკუთარი თავი და შეავსოს ცარიელი სივრცე, რომელიც ‘მის’ გამოჩენას ელოდა.
ამ უშველებელ სამყაროში ხომ ყველას საკუთარი ადგილი აქვს - ზოგი იბადება, რომ იბატონოს, ზოგი კი ჩაგვრისთვისაა განწირული; ზოგი იბრძვის, ზოგი კი უბრალოდ ეგუება თავის ბედს... და არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის ცხოვრობენ - საკუთარი ნებით თუ ბედის გარდაუვლობით, ისინი იმისთვის არსებობენ, რომ უყვარდეთ, დაიცვან და ამასთანავე, ჩრდილში დარჩნენ, როგორც ღამის სიზმარი, როგორც აჩრდილი ბნელეთის ქვეყანაში...
და მაინც, ვინ ირჩევს საკუთარ ბედს? ვინ ირჩევს იპოვნის თუ არა ბედნიერებას, შეიგრძნობს თუ არა ნამდვილი სიყვარულის დამათრობელ გრძნობას ან იპოვნის თუ არა იმას, რასაც ეძებს ან რისთვისაც ამ ქვეყანას მოევლინა?!
არავის შეუძლია აირჩიოს საკუთარი ცხოვრების გზა და მაინც... ჩვენ ვქმნით მას ჩვენივე გადაწყვეტილებებით! ან ვცვლით მაინც, რამდენადმე...

***
- იდეალური კაცები არ არსებობენ! და საერთოდ, არავინ არის იდეალური! ჯობია ისეთი ვინმე იპოვო, ვინც თავს სრულყოფილ ქალად გაგრძნობინებს! - ურჩია მერიმ მეგობარს და საკუთარმა სიტყვებმა აღფრთოვანა; ეს ხომ ისეთი ფრაზაა, რომელიც უბის წიგნაკში უნდა ჩაინიშნო და ხშირად გადაიკითხო ხოლმე და ერთხელაც, თუ გაგიმართლა, ის აუცილებლად აღმოჩნდება რომელიმე კრებულში სახელად „რჩეული ფრაზები“.
მერი ოცდაათიოდე წლის, გამხდარი, ქერა ქალი იყო, რომელიც ადრეულ ასაკში დაქორწინდა. ალბათ, ადრეული ქორწინებისა და მოუსვენარი, ძნელადაღსაზრდელი შვილების მიზეზით, ის გაცილებით ასაკოვანი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ორი შვილის დედის ყოველდღიურობის ერთადერთ გასართობს მისი მეგობრის პირად ცხოვრებაში ქექვა წარმოადგენდა. ქალი არ იღლებოდა რჩევების გაცემით და მიუხედავად უიღბლო ქორწინების გამოცდილებისა, ყველანაირად ცდილობდა მეგობრისთვის თანამგზავრი ეპოვნა, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაჩნდა ადამიანთა ერთი ნახევარი ქალად, მეორე ნახევარი კი მამაკაცად.
დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე (რაც ასევე ადრეული ქორწინების შედეგი გახლდათ, რადგან სკოლის დასრულებაც კი ვერ მოასწრო), ზედმეტად გულუბრყვილო ქალბატონი, კეთილი და უანგარო ხასიათით გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ აირჩია სწორედ ის საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ ოცი წლის გოგონამ, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. ლიზი ფსიქოლოგიას სწავლობდა ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, რადგან ყველა ინდივიდის ჭეშმარიტი სახის შეცნობა სურდა და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდა. მან ყოველთვის ზუსტად იცოდა, სინამდვილეში რა სურდა ბიჭს, რომელიც პაემანზე ეპატიჟებოდა, რას ფიქრობდნენ გოგონები, რომლებიც მუდამ მის ირგვლივ ტრიალებდნენ და რაც მთავარია, რამდენად მართალი იყო ახლობლების მიერ გამოჩენილი მზრუნველობა ობოლი ნათესავის მიმართ. ამიტომ ლიზი ყველასგან შორს იყო, არავის ენდობოდა და ეძებდა... ეძებდა ადამიანს საიდუმლოებებისა და ბოროტი ზრახვების გარეშე!
- კაცის პოვნის რა გითხრა მერიკო, ჩემს კალამსაც კი ვერ ვპოულობ ხოლმე.
- ღმერთო, კალმის და წიგნის გარდა, შენს ლექსიკონში კიდევ არსებობს სიტყვები?
- მაგალითად, რვეული?! - ამჯერად, მერიმ ბალიში ესროლა. - კარგი, გავიქეცი, უკვე მაგვიანდება.
- წარმატებული დღე!
მაისი იყო. ქუჩები უკვე კარგა ხნის წინ გამოცოცხლდა, ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში, როცა ბუნებამ საზამთრო საბანი მოიცილა და ფერადი კაბის მორგება დაიწყო: ნაცრისფერი ქუჩები აქა-იქ სხვადასხვაფრად მორთულმა ხასხასა სიმწვანემ გაახალისა, ხეებმა თვალები გაახილეს და საოცარი საჩრდილობლები შექმნეს მათ ძირში განთავსებული ბერიკაცი სკამებისთვის, ძველი სახლების მიტოვებულ კიბეებს ისევ ესტუმრნენ ხვიარები და უცნაურ ხელოვნების ნიმუშებს დაამსგავსეს. ჰაერში ზაფხულის სურნელი, გულებში კი ახალი თავგადასავლების მოლოდინი უკვე ისეთივე თვალშისაცემი ხდებოდა, როგორც ახლადგაღვიძებული ჭრელი საბანი ქუჩის ბოლოს, პატარა სახლის ეზოში. რატომღაც, ამ სახლთან გავლისას, ლიზის ყოველთვის სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა. გრძნობდა, რომ მისკენ რაღაც ძალა იზიდავდა, თითქოს ერთმანეთთან იდუმალი ძაფებით დააკავშირესო. როგორც თავად ფიქრობდა, ეს სწორედ იმ ყვავილებით მორთული ულამაზესი პაწაწინა სახლის ბრალი იყო, რომელსაც თვალს ვერ აცილებდა ხოლმე ან შეიძლება რაღაცას გრძნობდა კიდეც - ყველაფერს ამ სამყაროში ხომ საკუთარი აურა აქვს, კარგი ან ცუდი და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ.
ზაფხული უყვარდა გოგონას. უყვარდა მზე, თბილი ქარი და თავისუფლების გრძნობა, რომელსაც ეს სეზონი ჩუქნიდა - ეს იყო შინაგანი თავისუფლება, თითქოს რაღაც (ან ვიღაც) მის არსებაში, ფრთებს შლიდა და გაფრენას ლამობდა. ის სულისშემხუთველი სიცხეც უყვარდა, ზაფხულში რომ იცის და ზაფხულის შხაპუნა წვიმა ცხელ, დამქანცველ დღეებს შორის. ზაფხულში იღვიძებდა გოგონა და მან ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ უყვარდა ეს სეზონი ყველაზე მეტად. ახალი შემართება, ახალი იდეები და შესაძლებლობები იყრიდნენ თავს მის არსებაში და გრძნობდა სიცოცხლის ჩქეფას საკუთარ სხეულში, როგორც ყურს უკან სამყაროს ფეთქვას.
ლამაზი და მიმზიდველი გოგონა იყო ლიზი: თეთრი, ნაზი კანი ჰქონდა, ლამაზი ცხვირი, წაბლისფერი თმა, რომელიც მზის სხივებთან შეხვედრისას უცნაურად აფერადდებოდა ხოლმე და უცნაურად მოციმციმე განუყრელი სხივით დაჯილდოებული დიდი, მწვანე თვალები. მისი აყრილი ტანი ნებისმიერ სამოსში იდეალურად მოხდენილი ჩანდა, საუცხოო მზერითა და სიცილით, რომელიც მის თვალებში იბადებოდა, ყველას მარტივად აჯადოებდა. კომუნიკაბელურ და მუდამ მხიარულ გოგონას ვერაფრით შეატყობდით, თუ რა ხდებოდა მის სულში: როგორი უნდობლობა ჩამოუყალიბდა ადამიანების მიმართ და რამდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, გულთან ახლოსაც კი არავინ მიეშვა. თუმცა, ყველასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა, თავს ბოლომდე მაინც არავის ანდობდა, ახლო მეგობრები არ ჰყავდა (უცნაური მეზობლის გარდა) და თვლიდა, რომ ნამდვილი ბედნიერება, საკუთარ თავთან განმარტოება იყო.
უნივერსიტეტში მიმავალი ლიზი თავის გეგმებზე ფიქრობდა, ახარისხებდა და გადაუდებლობის შკალაზე ალაგებდა დაგეგმილ საქმეებს, თან გარშემო თვალებს აცეცებდა, თითქოს ამ ქუჩებს პირველად ხედავს და უნდა მათი მშვენება სრულად შეიგრძნოსო და თავისი საყვარელი სიმღერების თანხლებით, კარგ განწყობაზე იწყებდა დღეს. ქუჩები, როგორც ყოველთვის, სავსე იყო ხალხით და ლიზის ეს ძალიან მოსწონდა, საშუალება ჰქონდა მათ ქცევას დაკვირვებოდა და უკეთ შეესწავლა ადამიანების ბუნება, მათი დამოკიდებულებები და რეაქციები მოულოდნელ შემთხვევებზე. ასე საინტერესოდ გადიოდა ოცწუთიანი გზა უნივერსიტეტამდე. ლიზი უკვე აუდიტორიქაში იყო და ლექციის დაწყებას ელოდა, როცა ნაცნობ, დამცინავ ფრაზებს მოკრა ყური. ადვილი მისახვედრი იყო, რომ სადღაც დერეფნებში ლუკა გამოჩნდა. გოგონამ დაინახა, როგორ შემოვიდა ოთახში, თავდახრილი წავიდა თავის საყვარელი ადგილისკენ აუდოტორიის სიღრმეში და ხმისამოუღებლად დაჯდა.
ლუკა ჯგუფში ახალი იყო და რატომღაც ადგილი ვერ დაიმკვიდრა. უცნაური ბიჭი იყო, კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდა, თავისთვის ბოლოში ჯდომა ერჩივნა და ეტყობოდა, რომ დიდად არც ცდილობდა მეგობრების შეძენას. შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ აითვალწუნეს იგი სტუდენტებმა ან იქნებ იმიტომ, რომ მისი მოსვლის დროს ჯგუფი უკვე შეკრული იყო, ყველა ერთმანეთს იცნობდა და მეგობრობდნენ, ის კი მხოლოდ ამ სემესტრში გამოჩნდა. ‘კატების ოჯახში შემოგდებულ ბოკვერს გავდა ლუკა’, გოგონა ასე ფიქრობდა - თვლიდა, რომ ეს ბიჭი უბრალოდ ინიღბებოდა და ჩრდილში დარჩენას ცდილობდა, რადგან რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა. აი, რას მალავდა ის, ლიზიმ ჯერ არ იცოდა, ერთის თქმა კი ზუსტად შეეძლო, ლუკა ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო ჯგუფში (ვინ იცის, იქნებ ქალაქშიც).
ფიქრებიდან აუდიტორიის ხარხარმა გამოაფხიზლა, ლუკას ჩანთა ოთახში უმისამართოდ დაფრინავდა, ნივთები გზადაგზა იფანტებოდა, მერე ისევ ერთად აგროვებდნენ და ყველაფრი თავიდან იწყებოდა. ჯგუფში ყველა გულიანად ხარხარებდა, ლიზის და ლუკას გარდა. გოგონა ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან არ სურდა ამ აურზაურში რამენაირად გარეულიყო; გაბრაზდა ჯგუფზე, რომელიც ასეთი სულმდაბლობით ერთობოდა, საკუთარ თავზე, რადგან უბრალოდ თვალი დახუჭა ამ უმსგავსო ქმედებაზე და ლუკაზე, რომელიც მთელი ამ გიჟური ალიაქოთის განმავლობაში, მშვიდად იჯდა თავის ადგილზე და ჩუმად ადევნებდა თვალს აუდიტორიის ქცევას. სახეზე გაბრაზება არ ეტყობოდა, არც შიში და არც სურვილი, რამე შეეცვალა, უბრალოდ იჯდა და ელოდა, როდის მობეზრდებოდათ მისი ნივთების სროლა მთელს აუდიტორიაში და დალაგდებოდნენ.
უცებ მსხვრევის ხმა გაისმა და იატაკზე დერეფნისკენ გაფრენილი ჩანთიდან გადმოვარდნილი ტელეფონის ნაწილები გაიფანტა. ახლა კი ყველა დადუმდა, აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე იდგა. ბოლოს, ამ ალიაქოთის წამომწყებმა, რომელსაც ნიკა ერქვა და რომელსაც ლიზი დასაწყისიდანვე ვერ იტანდა, მისი ნივთები შეკრიბა, ტელეფონის ნამსხვრევებთან ერთად ჩანთაში ჩაყარა და მაგიდაზე დაუგდო:
- აქ ჯდომას ჯობდა შენი ნივთებისთვის მიგეხედა.
ლუკამ არაფერი უპასუხა, არც არაფერი შეუმოწმებია, ისევ ისეთი უემოციო სახით იჯდა თავისივე ადგილზე და არაფერს აკეთებდა.
- გამარჯობა, ძალიან დავაგვიანე? - იკითხა ახლახანს შემოსულმა ლექტორმა, რომელსაც დღეს ნამდვილად დააგვიანდა. - მოდი, დავიწყოთ, დროს ნუღარ დავკარგავთ.
ლექციაზე ლიზი ბოლომდე წყდებოდა სამყაროს, მისთვის ყველაფერი წყვეტდა არსებობას, გარდა ლექტორისა, რომლისგანაც რაღაც ახალი უნდა გაეგო, ამიტომ ყოველთვის გულმოდგინედ ერთვებოდა ლექციის მსვლელობაში. მაგრამ არა დღეს! დღეს მას არაფერი ახსოვდა ლუკას არაფრისმთქმელი გამომეტყველების გარდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაუსწორდებოდა იმ თავხედ, მდიდარ ბიჭს, რომელიც მთელი გულით სძულდა. მართალია, ლუკაზე ბრაზობდა, რადგან მისთვის საკადრისი პასუხის გაცემა ვერ გაბედა, მაგრამ თან მთელი გულით ებრალებოდა, რადგან ხვდებოდა, რამდენად რთულია ასეთ დროს თავი ღირსეულად გეჭიროს, ეს კი ლუკას ნამდვილად გამოუვიდა. ლექცია დასრულდა და ლიზიც მაშინვე მისკენ გაეშურა:
- კარგად ხარ?
- ყველაფერი კარგადაა. გმადლობთ. - მშვიდად უპასუხა ბიჭმა და თბილი მზერა მიაპყრო მის წინ მდგარ ულამაზეს გოგონას.
ლიზის ღია მწვანე კაბა ეცვა თეთრი ბაფთიანი ქამრითა და იგივე ფერის მაქმანებით მკერდზე. სიფრიფანა ნაჭრისგან შეკერილი კაბა იდეალურად ეხამებოდა მის გამჭვირვალე, თეთრ კანს. თმები გაშლილი ჰქონდა, იდეალურად სწორი, მბზინვარე თმის ტალღები ყოველ შერხევაზე საოცარ სურნელს აფრქვევდნენ.
- მიხარია, რომ კარგად ხარ. მათ მალე მობეზრდებათ ამის კეთება.
- მეეჭვება, კარგად ერთობიან. - ისევ გაიღიმა ლუკამ.
- უფრო მალე მოსწყინდებოდათ, საკადრის პასუხს თუ გასცემდი.
- ჩხუბს მირჩევ? - გაიკვირვა ბიჭმა - ფიქრობ, ეს სწორი იქნება?
- არა, არ იქნება... მართალი ხარ! - დაიბნა ლიზი - მე უბრალოდ... უბრალოდ ძალიან ვბრაზდები, როცა ასე იქცევიან!
- მესმის, როგორმე გადავიტან.
- ახლაღა გამახსენდა, რომ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს: მე ლიზი მქვია.
- ლუკა. ჰო, იშვიათად მოვდივარ.
- და მალევე გარბიხარ. იმედია, კიდევ შევხვდებით... უნიში, რა თქმა უნდა - პასუხად ისევ ღიმილი მიიღო და დაბნეული, მაგრამ მაინც კმაყოფილი იერით დაშორდა ბიჭს.
ლუკა არაფერს დაჰპირებია, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და საერთოდ, შეუძლებელია მათი ამბავი ასე დაუწყებლად დასრულდეს! მთელი დღე მხოლოდ მასზე ფიქრობდა: ფიქრობდა ლუკაზე, მისი დუმილის მიზეზზე და გრძნობდა, რომ ეს ბიჭი ზედმეტად აინტერესებდა. ლიზი ხედავდა წყნარ, კეთილ ბიჭს, რომელიც ამ თვისებების გამო ალბათ ხშირად იჩაგრებოდა და გული უცნაური სითბოთი ევსებოდა. გოგონამ მალევე გააცნობიერა, რომ იმ გულწრფელობის გარდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, კიდევ იყო რაღაც, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა და რასაც ვერ ივიწყებდა: დიდი, ლურჯი, ოდნავ სევდიანი თვალები, რომლებიც საოცარ სიმშვიდეს ღვრიდნენ.
თვალები... რამდენი რამ იმალება მათში ან კიდევ ვერც იმალება - თუ მათი ენა გესმის, ყველაფერს შეიტყობ. სასიამოვნო და უჩვეულოა მათთან ურთიერთობა: თავისუფალი, ნათელი გრძნობებით აღსავსე, ოკეანესავით ვრცელ და ლაჟვარდოვან ცასავით უკიდეგანო სივრცეების ამსახველი, უბადლო ბრწყინვალებით აღსავსე თვალები, რომელთა მეხსიერებიდან ამოშლა თითქმის შეუძლებელია; რომლებიც გათბობენ ქუჩაში მიმავალს მზის ზენიტს მიღწეული სხივების ნაცვლად და ჭაღარა მთვარის ნაცვლად გინათებენ უკუნ ღამეს. ლიზი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის თვალებში ყველაფერს ამოიკითხავდა, ვერავინ შეძლებდა მის მოტყუებას და მართლაც, ის არცერთხელ შემცდარა. მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით არ შეეძლო ადამიანის შეფასება, ინტუიციის ხარჯზე გამოჰქონდა დასკვნები და არც ამ გრძნობას უღალატია მისთვის ოდესმე.



№1  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 


№2 სტუმარი Firestorm

ძალიან მომწონს ეს ისტორია. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№3 სტუმარი Magda

კარგი ჩანს, დასაწყისი ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა საინტერესო წასაკითხია მაგრამ ზოგ ზოგიერთების აუტანელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent