შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა თავი 4


18-08-2016, 09:40
ავტორი tatia27
ნანახია 1 836

დიდხანს აღარ დავრჩენილვარ, შინ წამოვედი. გზად პროდუქტები ვიყიდე. ისიც კი გავიფიქრე, ხვალისთვის ნამცხვარი გამომეცხო და ირაკლისთვის წამეღო საავადმყოფოში და ამ აზრმა რატომღაც, დამამშვიდა.
ის იყო, დაბანვას ვაპირებდი, რომ ტელეფონის აპარატზე ავტომოპასუხის მწვანე ციმციმა შუქი შევამჩნიე. ვიღაცას შეტყობინება დაეტოვებინა. თითი დავაჭირე ღილაკს:
_ ნიცა, სად დაიკარგე? დღეს საღამოს რა ხდება, ხომ არ დაგავიწყდა? გელოდებიიიი
ღმერთო ჩემო! გაგა! როგორ დამავიწყდა! დღეს ხომ მისი დაბადების დღეა!
გაგა ჩემი დაქალის, სესილის შვილია. დღეს ცხრა წლის გახდა, მაგრამ დაბადების დღეს არ უხდიან. მამამისის, ზუზუს აზრით, ამ ასაკში ბავშვის განებივრება არ შეიძლება, აი, როცა ათის გახდება, კარგ სუფრას გავუშლიო. ცოტა ვერ არის ეს ზუზუ, ძალიან ძველმოდური ვინმეა. გაგას ამას წინათ შევპირდი, მერე რა, რომ დაბადების დღეს არ გიხდიან, სამაგიეროდ, ცირკში წაგიყვან-მეთქი და აი, სულ გადამავიწყდა. კიდევ კარგი, შეტყობინება დამიტოვა და შემახსენა. მართალია, საღამოს ირაკლისთან ვაპირებდი გასვლას, მაგრამ არა უშავს, იქნებ ჯობია კიდევაც, არ მივიდე. გაგას ვერ დავაღალატებ, მით უმეტეს, თურმე ტვინი გაუბურღა დედამისს, ნიცამ ცირკში უნდა წამიყვანოს და ბილეთები გვიყიდეო, თითქოს მე ვერ ვიყიდდი. სასაცილო ბავშვია. როგორ მინდოდა მე მომენათლა, მაგრამ სესილის ქმარმა ეს რომ გაიგო, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა თურმე, არავითარ შემთხვევაში, იმ გოგოს თავისი თავი გასჭირვებია, კიდევ ფულის ხარჯვა უნდაო. ცოტა კი მეწყინა, მაგრამ ზუზუს მიმართ ხინჯი არ დამრჩენია, რადგან მეგონა, მართლა შესტკიოდა გული. არადა, სწორედ იმ ნათლობაზე გაირკვა ყველაფერი. ვაჟბატონი თურმე ჩემზე ყოფილა შეყვარებული და ამიტომ იყო სასტიკი წინააღმდეგი. გამოთვრა იმ საღამოს და აივანზე გამიხმო, საქმე მაქვს შენთანო. მეც გავყევი. ძლივს ამოთქვა სათქმელი. პირდაღებული მივჩერებოდი. უცებ ვერც გავიაზრე, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა, მერე კი ამომასხა ყელში და ისე გამოვლანძღე, თქვენი მოწონებული. არც მეგობრობა იცი, არც ახლობლობა, არც ნათესაობა და ნათელ-მირონობა-მეთქი. მას მერე მთელი ორი წელი ახლოს არ გავკარებივარ მათ ოჯახს. სესილი სულ მირეკავდა, რატომ დაგვეკარგე, რამე ხომ არ გაწყენინეთ, რომ არ გვეკარებიო. საწყალი გოგო, ხომ არ ვეტყოდი, შენმა ქმარმა გაუბერა-მეთქი? მერე ისევ ზუზუმ გადადგა პირველი ნაბიჯი. მოვიდა და ბოდიში მომიხადა, ეს თემა აქ დავხუროთო. მას მერე არასდროს არაფერი წამოსცდენია. მეც გადამიარა წყენამ და ისევ განვაახლე მათთან სიარული. გაგა ძალიან დამიახლოვდა. გიჟდება ჩემზე. ჩემი იქ მისვლა მისთვის ნამდვილი ზეიმია და როცა მცალია, დამყავს და დავასეირნებ თბილისის ქუჩებში. ხან სად წავალთ და ხან სად. ახლა კი, სწორედ დღეს, როცა იუბილარია, გადამავიწყდა. ირაკლის გადამკიდე, კიდევ კარგად ვარ.
თავი სიზმარში მგონია. ნუთუ მართლა ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი? ბრაზილიური ფილმის გმირივით ცხოვრება დამეწყო. ჩემი დის საქმრო შემიყვარდა. გაგიგონიათ ოდესმე მსგავსი რამე?
ძალიანაც კარგი. საავადმყოფოში არმისვლის სერიოზული საბაბი გამომიჩნდა. იქნებ როგორმე მოვუყარო ჩემს ფიქრებს თავი, იქნებ როგორმე გადავათქმევინო ჩემს გულს თავისი არჩევანი.
სავარძელში ჩავჯექი და ირაკლის მობილურის ნომერი ავკრიფე. დედამისმა მიპასუხა:
_ ნიცა, ხომ კარგად ხარ, გენაცვალე? მოხვალ დღეს?
_ არა მიშავს, ქალბატონო თამარ, რა მიჭირს. უბრალოდ, ირაკლისთვის მინდოდა მეთქვა, რომ დღეს საღამოს ვერ მოვალ. მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ.
_ ვინ მეგობრის, ირაკლი იცნობს?
_ არა, ირაკლი არ იცნობს, გაგა ჰქვია, _ თითქოს საგანგებოდ გავუსვი ხაზი, რომ მამაკაცის დაბადების დღეზე მივდიოდი, თან არ დავაკონკრეტე. როგორი უსინდოსიოები ვართ ეს ქალები. გულის სიღრმეში მოვინდომე, ცოტათი ეეჭვიანა ირაკლის. ვითომ იეჭვიანებს? ვნახოთ.
_ კარგი, დედიკო, წადი, ალბათ მოიწყენს ირაკლი, რომ ვერ მოხვალ, მაგრამ არა უშავს. ახლა სძინავს მაინც და რომ გაიღვიძებს, ვეტყვი. ხომ იცი მისი ამბავი, გაგიგებს.
_ გადაეცით, რომ ხვალ აუცილებლად მოვალ, _ დავამატე და ტელეფონი გავთიშე.
კარგა ხანს გარინდებული ვიჯექი. შემდეგ სააბაზანოში შევვარდი, სასწრაფოდ შხაპი მივიღე, გამოვიპრანჭე და სესილს მივადექი, თან გზაში დავურეკე, ბავშვს ჩააცვი და მზად დამახვედრე-მეთქი.
ერთი ნომერიც კი არ მახსოვს, ვინმემ რომ მკითხოს, რა ნახე ცირკშიო. მთელი ჩემი გონება ირაკლიზე იყო გადართული. მხოლოდ მუსიკის და ბავშვების სიცილის ხმები ჩამესმოდა. მთლიანად მქონდა გონება დახშული.
უკანა გზაზე გაგას ხელი ჩავჭიდე და ვკითხე, როგორ მოგეწონა წარმოდგენა-მეთქი.
_ მაგარი იყო. იმ დათვებზე ბევრი ვიცინე, _ კმაყოფილმა მიპასუხა და გაბრწყინებული თვალები შემომანათა.
სესილს ვახშამი მოემზადებინა და არაფრით არ გამომიშვა, დარჩი და ცოტა წავუქეიფოთო. გამიხარდა, ზუზუ რომ არ დამხვდა სახლში, თან გამიკვირდა.
_ სადაა შენი ქმარი? _ ვკითხე დაქალს.
_ ჯანდაბაში! ვიჩხუბეთ და გავარდა სახლიდან. მოვა ალბათ მთვრალი, გამოტყვრება სადმე.
_ რა გაქვთ საჩხუბარი? _ გამიკვირდა.
_ რა და, ტორტი ამოვიტანე, ბავშვს ამით მაინც გავახარებ-მეთქი და ამაზე ამიტეხა ამბავი, შვილს მიფუჭებო, მინებივრებო, შენ რა დედა ხარო… გამიხურა საქმე. კიდევ კარგი, ვმუშაობ და ფინანსურად მასზე არ ვარ დამოკიდებული, თორემ მომიწევდა მთელი ცხოვრების ერთი კაბით გატარება. ოღონდ ფული არ სთხოვო, ოღონდ ოჯახისთვის არ დაახარჯვინო და სხვისთვის მთელ ქონებას გაფლანგავს, ისეთი დეგენერატია!
_ კარგი ახლა, ერთი ტორტის გულისთვის ოჯახის დანგრევა არ ღირს, _ გავიხუმრე.
_ გოგო, ტიტეს უნდოდა მოსვლა, ნათლია ვარ და მეკუთვნისო და არაო, უთხრა. თუ გინდა, სადმე გავიდეთ და ვიქეიფოთ, მაგრამ სახლში არა, სუფრას არ ვაკეთებო. ნორმალურია? მითხარი! ჰოდა, ახლა დავსხდეთ მე და შენ და ვაჩვენოთ, როგორ უნდა ქეიფი. _ სესილმა სუფრის გაშლა დაიწყო.
_ ნამცხვარიც გამოაცხვე? რა მადის აღმძვრელი სუნია შენს სამზარელოში, _ სკამზე ჩამოვჯექი.
_ ვაშლის ღვეზელია, შენ რომ გიყვარს. სპეციალურად შენი გულისთვის გამოვაცხვე. ვიფიქრე, რომ მოვლენ, ყავაზე მივირთმევთ-მეთქი. _ მიპასუხა და შემომხედა.
როგორც ჩანს, ძალიან შეფიქრიანებული სახე მქონდა, რატომღაც დამაშტერდა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მერე დამცხვარი დაჭრა, ყავა მოადუღა, ტორტი შემოიტანა და სანთლები ჩაარჭო.
მოგვიანებით, როცა გაგამ ჩვენი უნიჭო სიმღერის ფონზე სანთლები ჩააქრო, ტორტიც გავჭერით და ვაშლის ღვეზელიც გეახელით ყავასთან ერთად, მოულოდნელად მკითხა:
_ რაღაც არ მომწონხარ, ნიცა, ვინ დაგასევდიანა ასე, ვინმე საშენო ხომ არ გამოჩნდა ჰორიზონტზე? ასიანი გამოჩნდა ვიღაც, ვატყობ.
_ საიდან მოიტანე, ეგ რატომ იფიქრე? _ გამომცდელი მზერა მივაპყარი.
სესილს გაეღიმა.
_ იმიტომ, რომ მხოლოდ მამაკაცები არიან დამნაშავენი იმაში, როცა ქალი ისე გამოიყურება, როგორც ახლა შენ. ვარ თუ არა მართალი?
შევეცადე, პასუხისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ მისი მოტყუება არ მინდოდა. ამდენი წელია, ვმეგობრობთ და ერთმანეთი არასდროს მოგვიტყუებია.
_ არის შენს ჰიპოთეზაში სიმართლის მარცვალი, _ დავნებდი.
_ რას ლაპარაკობ, მართლა? _ გაუხარდა, _ ვინ არის? მე ვიცნობ?
_ არა, შენ კი არა, მე ძლივს ვიცნობ.
_ სიმპათიური მაინც თუ არის? რაღაც მგონია, რომ რახან მიმალავ, არ მომეწონება.
ირაკლის სახე წარმოვიდგინე გონებაში და ამოოხვრით მივუგე:
_ ზედმეტად სიმპათიურია, სესილ.
გაოცებით შემომხედა.
_ აბა რა გაწუხებს? ნარკომანია? ლოთი? ნაციხარი?
ისევ ამოვიოხრე და თავი გადავაქნიე.
_ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. უბრალოდ… ნინას შეყვარებულია, შეიძლება ითქვას, საქმროც კი.
ჩემი აღსარება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, რომ დამუნჯდა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. შევყურებდით ერთმანეთს და ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
_ როგორ თუ ნინას საქმრო, მეხუმრები? ნინას არჩეული კაცი როგორ შეიძლება კარგი იყოს? _ სესილს იმდენად არ მოსწონდა ჩემი და, რომ არც მალავდა ამას ჩემთან საუბარში.
ძალიან გამიჭირდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და როცა მოვუყევი, რაც მოხდა, მივხვდი, რომ გული მოვიოხე.
_ მაპატიე, მაგრამ შენი და უსინდისოა, _ აღშფოთდა სესილი.
_ მიპატიებია, _ მისი გაგრილება ვცადე. სესილის თქმა რად მინდოდა, თავადაც კარგად ვიცოდი, როგორი დაც მყავდა.
_ როდის აპირებ სიმართლის თქმას იმ კაცისთვის?
_ მალე. დღითი დღე უკეთ ხდება. როგორც კი ფეხზე დადგება, ეგრევე ვეტყვი. ძალიან ცუდად ვარ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, არადა, ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი და ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს.
_ იქნებ შენ… _ სესილმა სათქმელი არ დაამთავრა.
შევხედე და მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა.
_ არა, _ მივუგე.
_ მაგრამ შენ ნინას არ ჰგავხარ და ამიტომ… _ სიტყვა გაუწყდა, რადგან აღელვებული წამოვხტი, ონკანთან მივირბინე, წყალი მოვუშვი და მთელი ჭიქა სულმოუთქმელად დავლიე.
_ იცი რა, სესილ? არ შეიძლება, ვინმეს ძალით შეაყვარო თავი, როცა იცი, რომ მას სხვა უყვარს. შენ ხომ მიცნობ, როგორი ვარ. მე შევძლებ ამ გრძნობის გულში ჩაკირვას და დროთა განმავლობაში ირაკლის დავიწყებას. მართალია, ადვილი არ იქნება, მაგრამ მირჩევნია, ახლა დავიტანჯო, ვიდრე მერე გამიხდეს სანანებელი.
_ არ ვიცი… ასეთი არასდროს მინახავხარ. ვგრძნობ, როგორ განიცდი და კარგად მესმის შენი.
მობილურის მონიტორს დავხედე.
_ ჩემი წასვლის დროა.
სესილმა რამდენიმე ნაჭერი ვაშლის ღვეზელი მუყაოს ყუთში ჩამიდო და ძალით ჩამჩარა ხელში, ხვალ დილით გამოგადგებაო.
კართან მისულს ჩამეხუტა.
_ თუ რამეში დაგჭირდები, ხომ იცი, რომ შენ გვერდით ვარ. ნებისმიერ დროს დამირეკე და შენთან გავჩნდები.
ისე შემეცოდა ჩემი თავი, სიბრალულისგან გული მომეწურა. ქუჩაში გამოსულმა ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და ტაქსი გავაჩერე. როცა მძღოლმა მკითხა, საითო, ვერ მოვითმინე და საავადმყოფოს მისამართი ვუკარნახე. ვიცოდი, ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ჩემს სურვილებს ვერაფერს ვუხერხებდი…
საავადმყოფოში უჩვეულო სიჩუმე და სიცარიელე იდგა, როცა მივედი. ირაკლის პალატის კარი გამოვაღე და შევიხედე. უკვე გვიან იყო. მისი მშობლები წასულიყვნენ. საწოლის თავზე ნათურა მკრთალად ციმციმებდა. ირაკლის ეძინა.
ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს, სევდიანად დავხედე მამაკაცს და შიში დამეუფლა _ ის ხომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი. სწორედ ამიტომ არ ვიცოდი, უიმისობას როგორ შევეგუებოდი. ჩუმად ამოვიოხრე, დავიხარე, რომ მისთვის აწეწილი თმა გამესწორებინა და სანამ შევეხებოდი, თვალებიც გაახილა.
_ ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, _ რბილად თქვა და გული ამიჩქროლდა. თვალის მოცილება ვერ შევძელი, გული მიკვდებოდა, ისე მძიმედ სუნთქავდა.
_ მერედა, რატომ მელოდი? მე ხომ არ ვაპირებდი დღეს მოსვლას, _ გავეკეკლუცე.
ღმერთო ჩემო, რა ახლოს ვარ მასთან, როგორი თავბრუდამხვევი, მამაკაცური სურნელი აქვს… _ შემაკანკალა.
აი, თურმე რა ყოფილა ნამდვილი სიყვარული. მსგავსი არასდროს მიგრძნია.
_ ნიცა, ამ დღეებში ძალიან ბევრს ვფიქრობ, იცი? შენც ხომ ხვდები, რომ ავარიის შემდეგ რაღაც შეიცვალა? თითქოს დამუხტულია ჰაერი.
_ ირაკლი… _ ჩუმად, ძლივს წარმოვთქვი და გული ძალუმად შემეკუმშა.
_ ასეა და რა ვქნა? ისე, რამე რომ იყოს, ერთს არ მაკოცებდი? ამის გაფიქრებაც კი სისხლს მიდუღებს და მაგიჟებს. ვიცი, რომ შენც გინდა, თვალებზე გატყობ… ვხედავ, როგორ ცახცახებ.
მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა. რა ვქნა, ვაკოცო თუ არა? იქნებ ახლავე გავიქცე აქედან და აღარასდროს მოვბრუნდე უკან? მაგრამ მერე რა მეშველება? როგორ ვიცხოვრო უიმისოდ? როგორ გავძლო მისი სიყვარულის გარეშე? არც სხეული მემორჩილებოდა გასაქცევად და არც გონება. აქ, მის გვერდით, მის სიახლოვეს ყოფნა მინდოდა და სხვა არაფერი.
_ ნიცა…
მან ჩემი სახელი წაიჩურჩულა და უარესად მიველურსმნე ადგილს, თითქოს გავქვავდი, ვეღარ ვინძრეოდი. ვცდილობდი, საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ მის გვერდით ყოფნა საბედისწერო შეცდომა იყო, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ვიცოდი, რომ ასე იყო, მაგრამ მაინც მისკენ მეწეოდა უხილავი ძალა და სწორედ ამ ძალამ მიბიძგა ალბათ, როცა მისკენ დავიხარე და ვაკოცე…
მისი ცხელი ბაგეების შეხებამ სიამოვნების უძირო უფსკრულისკენ გამაქანა. თურმე სიამოვნებისგანაც შეიძლება ადამიანი დაიზაფროს, თავზარი დაეცეს… თავს ვეღარ ვიკავებდი და მის კოცნას კოცნითვე ვპასუხობდი. გული ამოვარდნაზე მქონდა, მჭიდროდ ვეკვროდი, მინდოდა, რაც შეიძლება ძლიერად ჩავხუტებოდი, თითქოს მის სხეულთან შერწყმას ვცდილობდი.
გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა მწარედ ამოიკვნესა და სახე გაუფითრდა.
_ რა მოხდა? რა მოგივიდა, ისევ აგტკივდა?_ ჩემი აკანკალებული ხმა ვნებით იყო გაჯერებული.
_ დამავიწყდა, რომ ამ წყეულ საწოლზე ვარ მიჯაჭვული და გავინძერი, თანაც ძალიან უშნოდ! _ სიმწრით გაიღიმა.
ტუჩი მოვიკვნიტე. რა უგუნურად ვიქცევი. კაცს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, მე კი მთელი სიმძიმით დავაწექი. სირცხვილისგან ალმური მომედო.
_ ღმერთო, მაპატიე, ძალიან გატკინე? _ ვკითხე და უკან გავიწიე ჩემს სკამიანად. წამოდგომაც მინდოდა, მაგრამ არ დამანება, ხელი მტაცა და ძლიერად მომიჭირა.
_ შენ როგორ ფიქრობ, ახლა მე ტკივილი დამჯაბნის? როგორც იქნა, ავადმყოფი მაინც ვეღირსე იმას, რასაც თვეების განმავლობაში მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი.
_ იცი, რას გეტყვი? სულაც შენი ბრალია, რომ გეტკინა და ნუ მსაყვედურობ, თუ შეიძლება. თვითონ მთხოვე, მაკოცეო და ახლა ყველაფერს მე მაბრალებ, _ ხუმრობით იქით შევუტიე.
«რა მეშველება», _ ვფიქრობდი გულში, _ «ამ კოცნას რა დამავიწყებს».
ირაკლი დაჟინებით მომაშტერდა.
_ თურმე ტყუილად არ მითხოვია, _ ხმადაბლა თქვა.
_ რაო, რაო?
_ რაო და ის, რომ ცხოვრებაში კოცნისგან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. იმდენი ქალის კოცნა მიგემია, შეიძლება სათვალავი ამერიოს, მაგრამ ამის მსგავსი არასდროს არავისგან, _ ღიმილით მითხრა და ამომხედა.
_ მართლა? _ კითხვა გამექცა და შევნიშნე, რომ ჩემი ხმა სრულიად უსუსურად ჟღერდა.
_ მართლა, მართლა. რატომ უნდა მოგატყუო?
_ ეს იმის ბრალია, რომ გტივა. ტკივილთან გაჯერებულ კოცნას აქვს ალბათ სხვა გემო, _ გავიცინე, მერე თვალი ავარიდე და ძალის მოსაკრებად ფანჯრისკენ გავიხედე, მერე კი, მისთვის არ შემიხედავს, ისე ვკითხე:
_ დავიჯერო, არასოდეს?
მამაკაცს სიამოვნებისგან თვალები გაუბრწყინდა:
_ ვფიქრობ, შენი სიყვარული რაღაც განსაკუთრებულია, ყველაზე უჩვეულო, გამორჩეული. _ ირაკლიმ ჩემი მეორე ხელიც ჩაბღუჯა, კვლავ თავისკენ მიმიზიდა და გააგრძელა:
_ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ავარიის შემდეგ ჩვენ შორის უდიდეს მიზიდულობის ძალას ვგრძნობ. ამ გრძნობაში ვერ გავრკვეულვარ და მართალი გითხრა, არც მინდა. ჩვენში რაღაც მოხდა და ეს გადასარევია. იქნებ იმიტომ, რომ ადრე არასდროს მიკოცნია შენთვის?
_ კოცნით არ გიკოცნია, მაგრამ ჩემამდეც ხომ გყვარებია?
_ ეგ ვინ გითხრა?
_ შენ თვითონ. ორი წუთის წინ არ მითხარი, შენი სიყვარული გამორჩეულიაო? ესე იგი…
_ არა, შენამდე სერიოზული სიყვარული არასდროს გამომიცდია. სხვა ურთიერთობებს მხოლოდ გატაცებას დავარქმევდი, მეტს არაფერს.
ამ აღსარებამ ერთიანად მომშალა.
ის თვალს არ მაშორებდა და თითებზე მეფერებოდა.
_ ესე იგი, ამის დატოვება გადაწყვიტე, _ თქვა მოულოდნელად და თითზე წამოცმულ ბეჭედზე გადაიტანა მზერა.
_ როგორ თუ დატოვება? _ დავიბენი.
_ შევამჩნიე იმ დღეს, რომ ბეჭედი მაინცდამაინც არ მოგეწონა, სასაცილოდ დაიჯღანე, ისე, რომ ამის შენიღბვაც არ გიცდია. ვიფიქრე, მერე გამოვართმევ და გამოვცვლი-მეთქი, თუმცა არ დამცალდა, შენ კი, როგორც ჩანს, თანდათან შეეჩვიე, რახან თითიდან არ იძრობ.
მივხვდი, რომ ნინამ დაიწუნა მისი საჩუქარი, ალბათ უფრო ძვირფასს მოელოდა. მერე რა? მე ხომ ნინა არა ვარ და ბეჭედიც იმთავითვე ძალიან მომეწონა.
_ არა, რას ამბობ! უბრალოდ, შევწუხდი, თითზე ოდნავ სრულად რომ მქონდა, ემანდ არ დავკარგო-მეთქი. ამიტომ მე თვითონ წავედი და უფრო პატარა ზომაზე გადავცვალე, _ ვიცრუე და გული გამისკდა. შემეშინდა, ჩემი ტყუილი არ გამჟღავნებულიყო.
_ კი მაგრამ, რა იცოდი, სად ვიყიდე?
_ რა მნიშვნელობა ჰქონდა? სადაც მივიტანე, იქ გადამიცვალეს, მთავარია, მცირე ქალური ეშმაკობა, მაცდური ღიმილი და მორჩა, საქმე გაკეთებულია, _ ისევ გავიცინე.
_ ძალიან კარგი. აი, როცა ფეხზე დავდგები, მაგ ბეჭდის შესაფერის საყურესაც შეგირჩევ და ეგ იქნება.

ამაღელვა იმ აზრმა, რომ სხვისთვის განკუთვნილ საჩუქარს მივიღებდი და ავწრიალდი.

_ დიდი მადლობა, მეგობარო, მაგრამ არ არის საჭირო, ბეჭედიც საკმარისია, _ შორს დავიჭირე.
_ კარგი, დავანებოთ თავი ამას. უმჯობესია, დაბადების დღეზე მომიყვე. როგორ ჩაიარა?
_ მშვენივრად. მე და გაგამ ბევრი ვიხალისეთ, ცირკში ვიყავით.
_ ცირკში? გიყვარს ცირკი? _ თითქოს სახე მოეღუშა, ოღონდ არ ვიცი, ცირკის ხსენებამ იმოქმედა მასზე, თუ გაგასი.
_ კი, მიყვარს და როცა საშუალება მეძლევა, წარმოდგენას არ ვაცდენ ხოლმე.
_ და ისა… გაგა ვინ არის? _ ახლა აშკარად მოიღუშა.
გუნებაში გამიხარდა, რომ ეჭვიანობდა. კინაღამ გამეცინა, მაგრამ დროზე შევიკავე ტუჩის კუთხეებზე მომდგარი ღიმილი.
_ გაგა ჩემი მეგობარია, _ გავაჭიანურე ახსნა.
_ ეგ ვიცი, დედამ მითხრა, _ ხმაც კი გაუუხეშდა. _ მაგრამ მეგობარიც არის და მეგობარიც…
სიცილი ვეღარ შევიკავე.
_ ნეტავ, ახლა სარკეში ჩაგახედა და შენი თავი განახვა. გაგა ჩემი დაქალის შვილია, ცხრა წლის გახდა. მამამისმა დაბადების დღე არ გადაუხადა და საკომპენსაციოდ ცირკში წავიყვანე. მერე ცოტა მოვულხინეთ სახლში და ეგ იყო.
ირაკლის კვლავ გაუნათდა სახე და ისევ ჩემკენ გამოიწია.
_ ფრთხილად, არ დაგავიწყდეს, რომ ცუდად ხარ, _ შევახსენე.
_ სულ ასე ხომ არ ვიქნები, არა? დამაცადე, ავდგე და მერე ვნახოთ, როგორ დამიძვრები ხელიდან, _ მრავალმნიშვნელოვნად დაიქადნა.
_ ვნახოთ, ვნახოთ, _ ეშმაკურად გამეღიმა.
_ შემდეგში მე თვითონ წაგიყვან ცირკში და განახვებ, როგორია ნამდვილი საცირკო სანახაობა. _ მითხრა და ისე ორაზროვნად გამიღიმა, სიამოვნებისგან თითქოს ფრთები გამომესხა. გავიგე მისი ნართაული, რასაც გულისხმობდა ნამდვილ საცირკო სანახაობაში.
მსუბუქად ამოვიოხრე, კვლავ მისკენ დავიხარე, შუბლზე ვაკოცე და თმაზე სათუთად გადავუსვი ხელი.
_ მე ახლა უნდა წავიდე, უკვე ძალიან დაგვიანდა. ხვალ ისევ მოვალ.
_ კარგი, სიხარულო, წადი და ფრთხილად იარე, არავინ შეგაშინოს. მე კი ხვალამდე დაგელოდები.
_ ხვალ მანქანით მოვალ, ეს დღეებია, ვერ მოვახერხე ავტოსერვისში მისვლა, მერამდენე დღეა, იქ არის ჩემი მანქანა.
_ მანქანა? შენ რა, მანქანა იყიდე? _ გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
ღმერთო, რა შეცდომა დავუშვი! ნინას ხომ არ ჰყავს მანქანა, ეს როგორ გადამავიწყდა?
_ ჩემი დის მანქანაა, თვითონ იტალიაში გაემგზავრა და დამიტოვა, დროებით ჩემს განკარგულებაშია, სანამ ჩამოვა.
პასუხად თვალები დაახამხამა, გასაგებიაო და ხელი სუსტად ამიქნია დამშვიდობების ნიშნად.
სახეალანძული ძლივს გამოვეტიე პალატიდან. ვერ ვიტანდი ჩემს თავს, ტყუილების გამოცხობა რომ მიწევდა.
დერეფნის ბოლოში კედელს უღონოდ მივეყრდენი. ხელისგული პირზე ავიფარე, თითქოს გულიდან ამოხეთქილი კივილის შეჩერება მსურდა. მინდოდა ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი და ფიქრებში მასთან დავბრუნდი. ვიხსენებდი მის ნათქვამ ყოველ სიტყვას. რა მეშველება, ეს ყველაფერი რომ დავკარგო? როგორ ვუთხრა სიმართლე? რომ არ მინდა ამ სიმართლის თქმა? ვაითუ, ყველაფერი გავაფუჭო. ან იქნებ, პირიქითაც მოხდეს და არც არაფერი შეიცვალოს? იქნებ სწორედ მე ვჭირდები და არა ნინა? ხომ მითხრა, სხვანაირი გახდიო, უფრო თბილიო… ჭკუა ეკეტება ჩემს შეხებაზე, ბურძგლავს, ისეთ დღეში ვარდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? აქამდე ვაპირებდი სიმართლის გამხელას, ახლა კი სულაც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული. ორი გზა დამრჩენოდა მხოლოდ. პირველი ის, რომ არ შეიძლებოდა ირაკლის მე სხვად მივეღე, სიცრუე ბოლოს აუცილებლად გამჟღავნდებოდა. ნინა ხომ გაიგებდა ოდესღაც ამ ამბავს და მისთვის რაღა უნდა მეთქვა? მასაც ხომ არ ჩავრთავდი ჩემს თამაშში? ეს გზა გამოირიცხა. აჯობებდა, ყველაფერი მომეყოლა. იქნებ გამიგოს და არ თქვას უარი, თუკი მართლა აქვს ჩემ მიმართ ასეთი ლტოლვა?
კედელს მოვცილდი და კიბეს ბარბაცით ჩავუყევი…
იმ ღამეს, შინ მისულს, მაკას შეტყობინება დამხვდა, დილით კულტურის სამინისტროში გვიბარებდნენ გამოფენასთან დაკავშირებით. მეზიზღება ეს ბიუროკრატია. რატომ უნდა იყოს აუცილებელი გამოფენის გამართვის სამინისტროსთან შეთანხმება? მათ აქვთ ჩვენი მონაცემები, იციან, რომ ნამდვილად მხატვრები ვართ, დიპლომიანები და აქამდეც არაერთხელ გვქონია გამოფენები. არა, მაინც არა! აუცილებლად მათთან უნდა შეათანხმო. სხვა რა დამრჩენია, უნდა წავიდე, უარის თქმა არ გამოვა.
ათ საათზე სამინისტროს შესასვლელთან შევხვდით მე და მაკა ერთმანეთს. კოორდინატორთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როცა ყველაფერი მოვაგვარეთ, მაშინვე საავადმყოფოსკენ გავეშურე, მაკასთვის არაფერი ამიხსნია.
ავარიიდან თორმეტი დღე გავიდა. თავისუფალ დროს გამუდმებით ირაკლისთან ვატარებდი, მაგრამ ნინაზე სიტყვაც არ დამცდენია. სულ ვფიქრობდი, აი, ახლა ვეტყვი, სიმართლეს, აი, ახლა ვეტყვი-მეთქი და მაინც ვერ გავბედე. ირაკლი თავს უკვე კარგად გრძნობდა და შეეძლო, ეს დარტყმა ადვილად გადაეტანა. თეორიულად სათქმელად მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ მშველოდა. ვცდილობდი, ჩემი საქციელისთვის ახსნა მომეძებნა. ვგრძნობდი, რომ მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო, გაგიჟებით მიყვარდა და მეშინოდა, რომ სიმართლის თქმით სამუდამოდ დავკარგავდი. შეგნებული მქონდა, რომ ეს უსინდისობა იყო, სიმხდალე, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე, მაინც ვერ დავძლიე წინააღმდეგობა საკუთარ თავში. ირაკლი იყო სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. დღისით ხომ გამუდმებით მასთან ვიყავი და თითქმის ყოველ ღამე სიზმარშიც ვხედავდი. მთელი ჩემი სხეული ვნების მხურვალებას მოეცვა.
პალატაში შესვლისთანავე სუნთქვა შემეკრა. ჩემს საფიცარ მამაკაცს წვერი გაეპარსა, ფანჯარაში მიდგმულ სავარძელში იჯდა და კრემისფერ პიჟამაში გამოწყობილი საოცარი სანახავი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. ასე მალე თუ შეძლებდა გამართულად დაჯდომას, ვერ ვიფიქრებდი. თვალები მიელულა და მშვიდად სუნთქავდა. ერთი შეხედვით, გეგონებოდათ, სძინავსო, მაგრამ ქუთუთოების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობაზე შეატყობდით, რომ ეღვიძა.
როგორც ჩანს, იგრძნო ჩემი იქ ყოფნა, თვალები გაახილა და თავი კარისკენ მოაბრუნა.
_ აქამდე სად იყავი? რატომ დააგვიანე? _ ისე მკაცრად მითხრა, თითქოს დიდი ხნის ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით.
_ აბა, ერთი უყურეთ, როგორ ბავშვივით მსაყვედურობს, კანფეტი რატომ არ მომიტანეო, _ გავიხუმრე, მივუახლოვდი და კიდევ უფრო დამტკბარი ხმით ვუთხარი, _ მიხარია შენი ნახვა.
მოიღუშა.
_ შენ სულ არ ფიქრობ ჩემზე. შეხედე, რომელი საათია, თითქმის ღამეა. ხომ იცი, რომ შენს ყოველ დაგვიანებაზე ვნერვიულობ.
«როგორ უხდება გაბრაზება», _ კმაყოფილმა გავიფიქრე და რაც შეიძლებოდა, მშვიდად მივუგე:
_ ვიცი, საათი მეც მაქვს.
_ მთელი დღე სად იყავი?
აბუზღუნებული აუტანელი ხდებოდა. მიზეზი სრულიად გასაგები იყო ჩემთვის _ ძნელია მთელი დღე ოთხ კედელშუა იყო გამოკეტილი, თან ლოგინს მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, პრეტენზიული ტონი სულაც არ ამართლებდა მის საქციელს. მე ხომ ყოველდღე მივდიოდი მასთან, ნებისმიერ ამინდში და საათობით ვრჩებოდი. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ფეხის გადადგმა მიჭირდა. არ ვიმსახურებდი მისგან ასეთ საყვედურს.
_ რატომ ამავსე საყვედურებით? _ კვლავ გავუღიმე და მის პასუხს არ დაველოდე, ისე გავაგრძელე, _ ძალიან ვიყავი დღეს დაკავებული, სამინისტროში გამომიძახეს, გამოფენას ვაწყობ და… _ ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, მაგრამ გამოფენა ვახსენე და ეგრევე ტუჩზე ვიკბინე, სულ დამავიწყდა ჩემი როლი.
_ ასე გვიანობამდე? _ ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
გამიკვირდა, რომ არ გაიკვირვა. იქნებ არც მიაქცია ყურადღება, გამოფენა რომ ვახსენე? უცნაურად მეჩვენა მისი რეაქცია.
_ ჯერ ერთი, «ასე გვიან» სულაც არ არის, ექვსი საათია და მეორეც, შენი აზრით, რატომ უნდა გატყუებდე? ისეთი რა უნდა გამეკეთებინა, რომ დამემალა?
_ მე რა ვიცი, იქნებ პაემანზე იყავი? _ იფეთქა უეცრად.
შევკრთი. ასეთი ჯერ არ მენახა და განცვიფრებული მივაჩერდი.
_ მეხუმრები? _ ჩავიჩურჩულე.
_ არა, არ გეხუმრები! თითქოს არ იცოდე, როგორი ხარ. ნებისმიერი კაცი მოინდომებს შენს ლოგინში ჩაწვენას.
_ პირველი დანახვისთანავე, თუ… _ ვიფიქრე, ხუმრობაში გავუტარებ-მეთქი, თან ირონია გავურიე.
მისმა საქციელმა ორმაგი გრძნობა გამოიწვია ჩემში _ გაოცება, რომ საბედისწერო ქალად მიმიჩნევდა და სიბრაზე, რომ არ მენდობოდა.
სიბრაზემ გაიმარჯვა და მეც ვიფეთქე:
_ ახლა კარგად მომისმინე, ირაკლი! მე ვიღაც თავქარიანი გოგო არ ვარ და არც საწოლში ვუხტები პირველსავე შემხვედრს და არავინ მჭირდება შენ გარდა! უბრალოდ, არ ვიცი, ასეთი უაზრო აზრები საიდან მოგდის და რატომ გიტრიალებს თავში!.. ხედავ, რამდენი «და» გამომივიდა? _ ოდნავ შევარბილე ტონი, უარესი არ გამოვიდეს-მეთქი.

_ თავქარიანობა ბევრჯერ შემინიშნავს შენში, ამიტომაც გითხარი, _ ზედმეტად მშვიდად მომიგო და გამომცდელი მზერა მესროლა.

გავფითრდი. მივხვდი, რომ ჩემში ნინას გულისხმობდა. ნინასგან მსგავსი რამეები არ იყო გასაკვირი, ოღონდ მდიდარი და სიმპათიური ყოფილიყო და ნებისმიერ მამაკაცს გაეკეკლუცებოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ლოგინამდე ადვილად არ მიიყვანდა საქმეს, რათა უკარება ქალის იარლიყი აეკრა და უფრო ადვილად დაეთრია მიზანში ამოღებული მსხვერპლი.
მიუხედავად ამისა, არ დავბნეულვარ.
_ შენი გაცნობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიც და ხასიათშიც, _ მტკიცე ხმით გამოვუცხადე.
ხმა არ ამოუღია და კმაყოფილებით შევნიშნე, რომ ლოყებზე ალმური აუვიდა. როგორც ჩანს, ინანა, წყობილებიდან რომ გამოვიდა.
_ გინდა მითხრა, რომ მართალი არ ვარ? _ ხმა მოულბა, მაგრამ მისმა შეკითხვამ უარესად გამაღიზიანა.
_ სხვას რომ ეთქვა ეს ჩემთვის, კაი გემრიელ სილას გავაწნავდი, _ ცივად წარმოვთქვი.
_ სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩემგან აუცილებლად მიიღებდი პასუხს, _ იმავე ტონით მომიგო და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ დაამატა, _ ალბათ გამაეგოისტა ჩემმა ავადმყოფობამ, მაპატიე. მახსოვს, როგორ ელოდი ამ გამოფენის მოწყობას. ერთი სული გქონდა, როდის აიხდენდი ნატვრას.
ამის გაგონებაზე თავზარი დამეცა. ნინას მხოლოდ ჩემი სახელი კი არა, პროფესიაც მიუთვისებია. ალბათ იფიქრა, ირაკლის ასე მეტად მოვხიბლავო. აბა, მოდელობა რა დასაკვეხნი ხელობაა ქალისთვის? მით უმეტეს, როცა მოდელებს უტვინო და უვიც ქალებად მოიაზრებენ მამაკაცები. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ ეს დღე მასთან გატარებული უკანასკნელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
ერთხანს ორივენი ჩუმად ვიყავით.
_ მაპატიებ? _ მკითხა და გამომხედა.
ხმა არ გავეცი.
_ როცა ჩემ გვერდით ხარ, ცუდად ვაზროვნებ, როცა აქ არ ხარ, საშინლად მენატრები და გისაკლისებ, ამიტომ უჩემოდ გატარებულ შენს ყოველ წუთზე ვეჭვიანობ. გასაგებია?
ამ აღიარებამ თავბრუ დამახვია.
_ არ გინდა, ირაკლი, _ დაბნეულმა წავიჩურჩულე და ერთიანად მოვეშვი.
მან, როგორც სჩვეოდა, ხელი ჩემკენ გამოიწოდა:
_ მოდი ჩემთან ახლოს და წესიერად მომესალმე.
მივედი, ხელი ხელში ჩავუდე და საბოლოოდ ამებნა თავგზა. თითქოს თოვლის ფიფქი ვიყავი და თბილის შეხებაზე ნელ-ნელა ვიწყებდი დნობას. დაკვირვებიხართ, როგორ დნება თოვლის ფიფქი ხელისგულზე? მე ბევრჯერ დავკვირვებივარ… ამწუთას არაფრით განვსხვავდებოდი ფიფქისგან.
_ შორს ხარ, უფრო ახლოს მოდი.
კიდევ გადავდგი ერთი ნაბიჯი და სავარძელთან ჩავიმუხლე.
_ ასე უკეთესია, _ ჩუმად თქვა და კისერზე მომხვია ხელი, _ აღარ მჯეროდა, რომ ოდესმე მარტონი დავრჩებოდით. ახლა კი მაკოცე, ოღონდ არა ლოყაზე, როგორც სხვა დროს აკეთებ ხოლმე.
_ აბა სად? _ შევცბი.
_ იცი შენ, სადაც.
_ მე… მე… არ ვიცი, _ წავილუღლუღე და ვიგრძენი, ტუჩები როგორ ამითრთოლდა.
_ რატომ იბნევი ხოლმე, როცა კოცნას გთხოვ? რა გემართება, ნიცა? _ ოდნავ წამომწია, ორივე მკლავი მომხვია და ისე ვნებიანად მაკოცა, რომ მის პიჟამას ჩავეჭიდე _ შემეშინდა, გული არ წამსვლოდა.
კორიდორში ნაბიჯების ხმის მოახლოებამ ორივე გამოგვაფხიზლა. ერთმანეთს სასწრაფოდ მოვშორდით. წამოვდექი და კაბა გავისწორე.
_ როგორც ჩანს, აქაც არ გვიწერია განმარტოება, _ ამოიხვნეშა და კარს მიაპყრო მზერა, მაგრამ არავინ შემოსულა.
ირაკლიმ ერთხანს შეიცადა, მერე კი გააგრძელა:
_ როგორც კი დაგინახე. მგონი, მაშინვე შემიყვარდი. უფრო სწორად, მივხვდი, რომ შემიყვარდებოდი. იშვიათად მინახავს შენისთანა ლამაზი გოგო. ვიცი, ძალიან საშიშია, როცა გვერდით ლამაზი ცოლი გყავს, გამუდმებით ფხიზლად უნდა იყო, მაგრამ შენთან ამის არ მეშინია. არა, პირველ ხანებში კი მეშინოდა, რაღაც სხვანაირი იყავი. ვიფიქრე, ამას რა მოთოკავს-მეთქი, მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტ დროს ვატარებ შენ გვერდით, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ზუსტად ის ხარ, ვისაც ვეძებდი. და არა მხოლოდ გარეგნობა მხიბლავს შენი, შინაგანადაც ულამაზესი ხარ. ამიტომ…
გული ისე ამიჩქარდა, ძლივს ამოვღერღე:
_ ამიტომ რა?
_ რა და ამიტომ დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარდები. საზღვარი აღარ აქვს ამ სიყვარულს, ჩემ ირგვლივ ივსება და ივსება სივრცე შენი სიყვარულის ბაქტერიებით. მილიონობით «ნიცაბაქტი» დაფრინავს ჰაერში. ხომ მაგარი სიტყვა მოვიგონე? _ გაბრწყინებული თვალებით ამომხედა და გაიცინა.
«ნიცაბაქტი» _ რა საყვარელი სიტყვა მოიგონა, გული სითბოთი გამევსო. ვერ მოვითმინე, მისკენ დავიხარე, ხელები მოვხვიე და თავი მხარზე დავადე, მაგრამ საკოცნელად სითამამე არ მეყო. ასეთ სიტყვებს არ ველოდი. მივხვდი, რომ მან თავად გაავლო ზღვარი _ თავდაპირველად ნინა შეუყვარდა, ახლა კი მე ვუყვარდი.

_ ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის.
_ შენ წარმოიდგინე, წარმოვიდგენ, _ სიტყვები ბურთივით აათამაშა და კვლავ გაიცინა თავისი ლამაზი ხმით.
შემდეგ თავი ამიწია და ბაგეზე ნაზად შემეხო…
დიდხანს შევცქეროდით ერთმანეთს თვალებში და ვიღიმოდით. მე თვალებით ვეუბნებოდი ჩემს სათქმელს, ჩემს გასაჭირს ვუყვებოდი, ის კი მიღიმოდა, რადგან სრულიად განსხვავებულ ამბავს კითხულობდა ჩემი მზერის სიღრმეში.
ამ დროს კარი გაიღო და დედამისმა შემოყო თავი. თამარს თან მეუღლე ახლდა.
_ შემოვიდეთ, ბავშვებო, თუ მოგვიანებით შემოგიაროთ? _ ქალის თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები გაკრთა.
სავარძელს სახეალანძული მოვცილდი.
_ რა ქენი, მამა, მოაგვარე ყველაფერი? _ ირაკლი მამამისს მიაჩერდა.
იმანაც თვალებით ჯიბეზე ანიშნა და თავი დაუქნია:
_ ყველაფერი მზადაა. ნიცას უკვე უთხარი?
_ რა უნდა ეთქვა? რამე ხდება და მე არ ვიცი? _ გავიოცე.
_ ესე იგი, არ გითქვამს. ძალიან კარგი. მინდა, მისი რეაქციით დავტკბე, _ წამოიძახა დედამისმა და საწოლის კიდეზე მოხერხებულად ჩამოჯდა, _ აბა, მიდი, შვილო, დაიწყე და ჩვენ მოგეხმარებით, _ სიცილით წამოიძახა.
ირაკლიმ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, მე კი ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვერაფრით მივხვდი, რას მიმზადებდნენ.
_ ჯერ ერთი, რომ ორშაბათს უნდა გამწერონ. _ ირაკლიმ ნეკა თითი მოკაკვა.
_ მაგარია! _ ტაში შემოვკარი, _ აქაურებს უკვე მოაბეზრე თავი, ერთი-ორ ექთანს ნუ არ ჩავთვლით.
_ ჰოდა, თუ არ გინდა, იმ «ერთი-ორმა» ექთანმა ჩემი თავი წაგართვას, შენც თან უნდა წაგიყვანო, ჩემს სახლში.
თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩავწვდი მის ნათქვამს, ცოტათი დავიბენი.
_ შენს სახლში… ჰო, რა თქმა უნდა, სახლამდე აუცილებლად მიგყვები, ისედაც მევალება, _ მხრები ავიჩეჩე.
_ არა, ბატონო, ასე ჩვეულებრივად კი არა, არაჩვეულებრივად უნდა წამომყვე, _ ნიშნის მოგებით მომიგო, _ შენ ჩემი საცოლე ხარ და როგორც კი ფეხზე დავდგები, ეგრევე ვიქორწინებთ.
გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. რაო, დაქორწინებაო? ჩემი ცოლად შერთვა უნდა? ჩემი თუ ნინასი?
რა თქმა უნდა, ამას ველოდი, ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ გადაწყვეტდა, ასე უცებ თუ დადგებოდა ეს დღე.
ხმას ვერ ვიღებდი. არ ვიცოდი, რა მომემოქმედა. უკვე ისეთი გამოუვალი მდგომარეობა იქმნებოდა, გარდაუვალი ხდებოდა სიმართლის თქმა, ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა.
«ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ყველაფერი ავუხსნა და ამ ჯოჯოხეთიდან თავი ისე დავიხსნა, მას ტკივილი არ მივაყენო», _ ვფიქრობდი და გულში ნამდვილი ხანძარი მიტრიალებდა. თავს ძალა დავატანე, შემცბარი მზერა მოვავლე იქ მყოფთ და დარცხვენილმა ჩავილაპარაკე:
_ ესე იგი, სასწრაფოდ მომიწევს საქორწინო კაბის შეკვეთა.
_ მოგიწევს, მოგიწევს, _ წამოიძახა თამარმა, წამოხტა და შუბლზე მაკოცა…



№1 სტუმარი ketis

ვაიმეეეეეე სასწაულიაა ისე ველოდები რა დროს შეწყვიტე ესე შეიძლებოდა?? კაი რა

 


№2  offline მოდერი tsn

როდის იტყვის ეს გოგო სიმართლეეს... იმედია შუა ქორწილში არა..

 


№3 სტუმარი Sweat

Ara ufro magari pirvel games etyvia an shvilishvilebi rom eyolebat....momwons dzalian imedia am games dadeb....

 


№4  offline წევრი bethelimit

dzaaan kargi istoriaa. erti amosuntkvit ikitxeba da rac mtavaria iseti shtabrchdileba ar mrcheba titkos garbrnit ikos naceri. dzalian cudi bevri mkitxveli ro ar kavs. kai xania eseti seriozuli istoria ak aghar camigitxavs. carmstebebi da veli shemdeg tavs

 


№5 სტუმარი hipo

taavidan ki damainteresa magra. ukve gamagizianebelia ...arada ra gemrielad wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent