შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 18)


30-08-2016, 21:02
ავტორი Kristy
ნანახია 2 043

უნივერსიტეტის დაწყებამდე წინ კიდევ ორი კვირა ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს მოვალეობებისა და სასწავლებლისგან თავისუფალი დრო მაქსიმალურად კარგად გამოეყენებინათ: ლიზი ყოველდღე სტუმრობდა ყვავილებიან სახლს, დადიოდნენ სასეირნოდ, იწყობდნენ პატარა პიკნიკებს და ამ ყველაფერში დღეები ისე გადიოდა, რომ ვერც ამჩნევდნენ. ერთხელ, როცა სახლში იყვნენ და ჩვეული ხალისით აწყობდნენ მომდევნო გასვლის გეგმას, ლუკამ იკითხა:
- ლიზი, სულ გადამავიწყდა, გიოსგან რა ისმის? ან მარისგან? შერიგდნენ? - გოგონა გაშრა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მარიმ და გიორგიმ ბათუმი დატოვეს.
- არ ვიცი, მას შემდეგ ისინი არ მინახავს.
- რა? რატომ?
- როცა ჩამოვედი, მარტო შენზე ვფიქრობდი, შენი გამოჩენის მერე კი მარტო შენთან ყოფნაზე... დამავიწყდა.
- ჩემი შტერი გოგო! - მოეხვია ლუკა. - კარგი, მაშინ ერთად გავიგოთ, რა მოხდა ‘მას შემდეგ’.
- სულ ნუ დამცინი!
- არ დაგცინი მშვენიერო. როგორ შეიძლება მე შენ დაგცინო?!
- ისე, მართლა, ნეტა შერიგდნენ?
- მიდი, ანას დაურეკე და გაიგე ან მე დავრეკავ გიოსთან.
- ორივე გავაკეთოთ, შენ გიოს დაურეკე, მე კი ანასთან დავრეკავ.
- ჩემი გიჟი! კარგი, იყოს ასე. - ორივემ მოძებნა საკუთარი ტელეფონი და დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
- როგორც ჩანს, მარიმ არც კი მოუსმინა. - თქვა ლუკამ, როცა საუბარს მორჩნენ.
- ჰო, მარიმაც იგივე მითხრა, ახსნა-განმარტებები თავისთვის შეინახოს, მე არ მჭირდებაო. მეჩხუბა კიდეც, იმის შემდეგ, რაც გვაკადრა, ისევ მაგის მეგობარი როგორ უნდა იყოო.
- გიო კი ძალიან განიცდის, რომ ასე აწყენინა.
- ჰო, მაგრამ მარიც მართალია, თავი უნდა გაეკონტროლებინა, თან ჩვენ საერთოდ რა შუაში ვიყავით?
- წყობიდან იყო გამოსული და წამოროშა რაღაც.
- შენ რა, იცავ?
- ლიზი, არ გინდა. ისე ნუ გაასამართლებ, რომ სრულ სურათს არ შეხედო. არ ვამართლებ იმას, რაც გააკეთა, მაგრამ მესმის რატომ მოუვიდა.
- მაშინ მითხარი მიზეზი.
- ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის.
- მარი ქვეყნიდან მიდის, იცი?!
- რატომ? სად?
- წარმოგიდგენია, ედიკას მიყვება საფრანგეთში?
- შენს ყოფილს?
- ჰო. გიო ვერ იტანდა ედიკას. მარის ვიცნობ, ამიტომ აკეთებს.
- თუ ასეა, თავს იღუპავს.
- ჰო. რა ვქნათ?
- ზრდასრული გოგოა და შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოუნდება. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ვურჩიოთ.
- და გიო რას აპირებს?
- მითხრა თუ მიმიღებთ, თქვენი დაკარგვა არ მინდაო.
- მერე რა უთხარი?
- არ გაგვეკარო-თქო. რას ვეტყოდი ლიზი, ჩვენი მეგობარია, ერთი შეცდომის გამო ხელს ვერ ვკრავთ.
- მართალი ხარ.
- სცადე მარის კიდევ დაელაპარაკო ამ თემაზე და წასვლა გადააფიქრებინო.
- ჰო, ვეცდები, მაგრამ ისეთი ჯიუტია...
- იმედია, მიხვდება, რომ შეცდომას უშვებს.
- არაფერი მესმის! ედიკას რატომ მიჰყავს, მისგან რა უნდა? კვირების წინ მე მეფიცებოდა სიყვარულს, თან ამბობდა, სულ ჩამოვედიო.
- ეს რა მესმის! აბა მოყევი!
- მას შემდეგ ამეკიდა, რაც შენ წახვედი, მოსვენებას არ მაძლევდა და მეფიცებოდა, რომ დღემდე ვუყვარვარ.
- მარტო დაგიგულა არა?
- ჰო, ალბათ.
- მერე? ხომ არ დაფიქრდი?
- რა სისულელეს ამბობ ლუკა. რა თქმა უნდა, არა!
- საერთოდ? - გამომცდელად შეხედა ბიჭმა.
- საერთოდ! - თქვა ლიზიმ. - რატომ უნდა დავფიქრებულიყავი? ან რაზე?
- ის ხომ შენი პირველი სიყვარული იყო.
- სწორად თქვი, იყო!
- რა ვქნა? საშინლად ვეჭვიანობ, როცა მახსენდება, რომ შენი პირველი სიყვარული მე არ ვარ!
- მაგრამ ჩემი პირველი შეყვარებული ხარ!
- ვიცი! - თქვა ბიჭმა და გოგონა გულში ჩაიკრა.
- კარგი, ახლა სახლში უნდა მივიდე, ცოტას დავისვენებ. საღამოს დავბრუნდები და მოდი, ბავშვები ვნახოთ, კარგი?
- კარგი.
სახლში დაბრუნებულ ლიზის მამა უკვე იქ დახვდა, ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლილიყო და თვალები მიელულა. გოგონა ჩუმად მიუახლოვდა, პულტი ააცალა და ტელევიზორს ხმას დაუწია და ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა მამის მკაცრი ხმა მოესმა:
- ლიზი, მოდი აქ!
- შენი გაღვიძება არ მინდოდა. - თქვა გოგონამ და გვერდით მიუჯდა. როცა მისი გაბრაზებული სახე დაინახა, ჰკითხა: - რამე მოხდა?
- ეგ შენ უნდა მითხრა! - თქვა კაცმა და შვილს თვალებში ჩახედა. - რამდენად ხშირად მიდიხარ იმ ყვავილებიან სახლში და რატომ?
- რაზე მელაპარაკები მამა... - დაიბნა ლიზი.
- ლიზი, ჩემი შვილი ხარ. ვიცი, როდის ტყუი!
- მამა, რა უნდა ხდებოდეს? იქ ერთი მოხუცი ცხოვრობს...
- და მისი შვილიშვილი.
- ჰო, რომელიც ჩემი ჯგუფელია სხვათაშორის! არ მესმის რატომ ბრაზობ? ან საერთოდ, ვინ გითხრა ამის შესახებ?
- რა მნიშვნელობა აქვს, მე ვინ მითხრა? მთავარი ის არის, რომ მეზობლები უკვე ჭორაობენ თქვენზე.
- კარგი რა მამა, საჭორაო რა არის?
- შენ ბიჭის სახლში დადიხარ ლიზი, არავინ იცის იმ კედლებს მიღმა რა ხდება ან რას აკეთებ. ხალხს სალაპარაკოს აძლევ!
- მამა მე...
- შენ გოგო ხარ ლიზი, - აგრძელებდა კაცი. - მარტივად გაილანძღები და მერე ვერავის დაუმტკიცებ, რომ არაფერი მომხდარა.
- ამის დამტკიცება არც მჭირდება.
- ახალგაზრდა ხარ შვილო, დიდი მომავლით, სახელს რატომ იფუჭებ? მერე გათხოვება არ გინდა?
- ამაზე სერიოზულად ვსაუბრობთ მამა?
- დიახ, სერიოზულად ვსაუბრობთ! იმ სახლში აღარ მიხვალ, გასაგებია?
- კი მაგრამ მამა...
- ამაზე არც შემეკამათო ლიზი! - გოგონა გაბრაზდა, მაგრამ მიხვდა, რომ კამათს ახლა აზრი არ ჰქონდა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- ლიზი, მოიცადე! ის ბიჭი მოგწონს?
- ვინ ბიჭი? - გოგონამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ ხვდებოდა რას ეკითხებოდნენ.
- ის შენი ჯგუფელი, როგორც თავად თქვი.
- მამა! არა!
- იმ ადამიანთან არ დადიან, ვინც არ მოსწონთ.
- შენ სხვანაირად მკითხე!
- ასეც რომ იყოს, ვიცი სიმართლეს არ მეტყვი, ამიტომ ისევ მე გეტყვი ჩემსას: ის ბიჭი შენი შესაფერისი არ არის. მასზე ფიქრს ჯობია, სწავლას მიხედო და შენი წრის ხალხთან გქონდეს ურთიერთობა.
- საერთოდ არ იცნობ იმ ბიჭს მამა!
- არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ, რომ შენს წრეს არ ეკუთვნის.
- იცი რა, მართალი ხარ. ჩვენ ნამდვილად არ გვგავს!
- ირონია არ არის საჭირო, გავა დრო და მიხვდები, რო სწორი ვიყავი. - თქვა კაცმა და გოგონას შუბლზე აკოცა. - ჩემი პოზიცია იცი, ახლა შენი ჯერია. არ მინდა კიდევ ვინმემ მითხრას, რომ მასთან ერთად გნახა. გამიგე?
- ჰო. - თქვა გოგონამ და თავის ოთახში ავიდა.
ლიზი საშინლად ბრაზობდა მამაზე და იმ ადამიანზე, ვინც მამას მასზე და ლუკაზე ეჭორავა; უნდოდა იმ ადამიანის ვინაობა სცოდნოდა, რომ კარგად გამოელანძღა და გული ეჯერებინა. ვერასდროს იტანდა ადამიანებს, რომლებიც სხვებს ჭორავდნენ, მაგრამ როცა ეს პირადად მას შეეხო, მათმა არსებობამ უფრო გააბრაზა. ‘თავხედი უსაქმურები’, ფიქრობდა გოგონა, ‘რა მათი საქმეა’. უცებ გაახსენდა, რომ საღამოს ლუკა ელოდა და სასწრაფოდ დაურეკა.
- უკვე მოგენატრე პრინცესა? - გაისმა ლუკას ხმა ტელეფონში.
- ლუკა... ამ საღამოს ვერ გამოგივლი.
- ხომ კარგად ხარ?
- არა, არ ვარ კარგად. ვიღაც საზიზღარმა ჭორიკანამ მამაჩემს უამბო, რომ ხშირად დავდივარ შენთან და რავი კიდევ რა უთხრა. მამა ძალიან იყო გაბრაზებული და შენი ნახვა ამიკრძალა.
- მერე რა პრობლემაა? გამაცანი მამაშენი და ეგ იქნება.
- ლუკა, კარგი რა. შეიძლება ყველაფერზე იცინო?
- არ ვიცინი პრინცესა, სერიოზულად ვამბობ.
- არა, არ გამოვა ეგ. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ.
- მაინც რა?
- ამ საღამოს სახლიდან ვერ გავალ, ხვალ გნახავ შენს ბინაში და ვილაპარაკოთ.
- კარგი, იყოს ხვალ.
მეორე დღეს, როცა ლიზი მივიდა, ლუკა უკვე ბინაში იყო, ოთახის კუთხეში სავარჯიშო ტომარა დაეკიდა და გულმოდგინედ ვარჯიშობდა, შიშველ სხეულს ოფლის წვეთები ღარავდა; იმდენად იყო გართული, რომ ლიზი ვერც შენიშნა. გოგონა რაღაც დროის მანძილზე ჩუმად იდგა კარს მოფარებული და ინტერესით აკვირდებოდა ამ პროცესს, შემდეგ ოთახში შევიდა:
- არ მეგონა მოკრივის კარიერაზე თუ ფიქრობდი.
- ჰეი, - ვარჯიში შეწყვიტა ბიჭმა. - პრინციპში არ არის გვიანი ამაზე ფიქრი.
- თუ მონაცემებს გავითვალისწინებთ ხო საერთოდ.
- აი, მაგაში კი ვერ დაგეთანხმები. საცოდაობაა.
- როდიდან ვარჯიშობ?
- კარგა ხნის წინ დავიწყე.
- ჰო, მაგრამ სახლში არ გქონდა ეს რაღაც.
- ეს ამ ზაფხულის შედეგია. კინაღამ მომკლეს და ეს იდეა სულაც არ მომეწონა. - გაიღიმა ბიჭმა. - ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა მომზადება არ მაწყენდა.
- შეგეშინდა?
- სიმართლე გითხრა, ცოტა შევშინდი, როცა გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო, მე კი საკმარისად კარგი არ ვიყავი, რომ ეს შემეცვალა და მიწევდა სხვებს მივნდობოდი.
- არც კი ვიცი, ეს როგორი გრძნობაა.
- არც არის საჭირო, დამიჯერე.
- პირველი შემთხვევა იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი?
- არა, ადრეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ უფრო მარტივად ვხედავდი ამ საკითხს და სიმართლე ითქვას, დიდად არც შემშინებია.
- რას ხედავდი მარტივად?
- მაშინ უფრო პატარა ვიყავი, ადრენალინი იყო, ხიფათი, სროლები... ჰო, შეიძლებოდა მოვეკალით, მაგრამ პროცესით იმდენად ვიყავი გართული, ამაზე არ მიფიქრია. თითქმის სახალისოც კი იყო.
- მართლა გიჟი ხარ!
- ბავშვი ვიყავი, - გაიცინა ბიჭმა. - ახლა კი, იმ ამბიდან წლების შემდეგ, როცა იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შემეშინდა.
- სიკვდილის შიში ბუნებრივი რეაქციაა.
- არა ლიზი, სიკვდილის არა, იმის შემეშინდა, რომ ვეღარ გნახავდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, როცა შენთვის ისევ ამდენი რამ მაქვს სათქმელი, როცა ამდენი რამის გაკეთება მინდა შენთან ერთად... შემეშინდა, რომ ყველა გეგმა თუ სურვილი აუხდენელი დარჩებოდა.
- ეს საერთოდ შესაძლებელია?
- ის, რომ სიკვდილის არ გეშინოდეს თუ ამ საფრთხის წინაშე მყოფი, სხვაზე ფიქრობდე?
- ორივე.
- სიკვდილის არ გეშინოდეს, შეიძლება. ერთხელ ყველანი მოვკვდებით, უაზრობაა იმის გეშინოდეს, რასაც თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ როცა სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, იმაზე იწყებ ფიქრს, რისი გაკეთებაც ვერ მოასწარი. ჩემთვის ასეთი შენ ხარ და ამ ყველაფრის დაკარგვის შემეშინდა.
- უცნაური ხარ!
- ჰო? - გაეცინა ბიჭს. - რამდენად უცნაური?
- რას გულისხმობ?
- იმდენად, რომ საინტერესო ვიყო თუ საშიშად უცნაური?
- არა, საინტერესო.
- ეგ უკვე კარგია. ახლა წავალ, წყალს გადავივლებ, თორემ საშინლად ვყარვარ. - ბიჭმა იღლია დასუნა. - მადლობა, რომ არ აღნიშნე.
- წადი, ჰო, - გადაიკისკისა გოგონამ. - თორემ ვეღარ ვსუნთქავ.
- უსინდისო! - ნაწყენი სახე მიიღო ბიჭმა. - თუ გინდა ფანჯრები გააღე, აეროზოლიც მანდვეა, თაროზე.
- კარგი, ვიპოვი როგორმე.
ლიზი ისე მოიქცა, როგორც ბიჭმა ურჩია, ფანჯრები გააღო და აეროზოლიც უხვად მოაფრქვია მთელ ოთახში, მერე ტომარასთან მივიდა და ერთი-ორჯერ დაარტყა კიდეც; საერთოდ არ გამოვიდა ისე მიმზიდველი, როგორც რამდენიმე წუთის წინ ნანახი დარტყმები, იხსენებდა როგორ მოძრაობდა მისი კუნთები, როგორ იჭიმებოდა დარტყმის მომენტში და როგორ იზრდებოდა მათი სიმტკიცე წინაღობასთან შეჯახებისას. რამდენიმე წუთში ოთახში ლუკა დაბრუნდა:
- ღმერთო ჩემო, ლიზი, მთელი ოთახი აეროზოლით გაავსე? ამას ჩემი ოფლის სუნი სჯობდა.
- არაფერიც! ვერ ვსუნთქავდი!
- ახლა ხომ სუნთქავ, არა? - გაიცინა ბიჭმა.
- დიახაც, ვსუნთქავ.
- კარგი პრინცესა, ახლა მომიყევი მამამ რა გითხრა.
- არ უნდა, რომ შენთან ვიარო. თქვა, სახელი გაგიტყდება და თან შენი წრის ბიჭი არ არისო.
- შენი წრის რომ იყოს, სახელი არ გაგიტყდებოდაო?
- არ ვიცი.
- სახელი არ გიტყდება, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ჩემთან ყოფნა გინდა ცხოვრების ბოლომდე.
- იმედია ეს კითხვა არ იყო, მაგრამ ლუკა... ის არასდროს მიგიღებს. არც კი ვიცი, რა უნდა ვქნათ.
- ეგ ერთხელ უკვე მითხარი.
- მერე? რას ფიქრობ ამაზე?
- ვფიქრობ, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.
- არამგონია ამ შემთხვევაში მაგ ფრაზამ გვიშველოს ლუკა.
- და რას მთავაზობ?
- ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მან არ შეგვნიშნოს.
- და მერე?
- მერე არ ვიცი. ჯერ არ მინდა ამაზე ფიქრი.
- გადადებით ვერაფერს მივაღწევთ.
- ვერც ახლა მივაღწევთ რამეს. ჯობია იფიქროს, რომ დავუჯერე და აღარ დავდივარ შენთან.
- მე კი მგონია, რომ უნდა ვილაპარაკოთ.
- არა! დამპირდი, რომ მაგას არ იზამ!
- მაგრამ ლიზი, ერთხელ ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს, სამუდამოდ ვერ დავიმალებით.
- ახლა არა, გთხოვ. - შეშინდა ლიზი. - დამპირდი, რომ ჩემთან შეთანხმების გარეშე მასთან არ მიხვალ.
- კარგი, გპირდები.
- ახლა არ მინდა ამ ყველაფერზე ფიქრი.
- რა გაეწყობა, - თქვა ლუკამ. - თუ ჩვენს პრობლემას ვერ ვაგვარებთ, მეგობრების დახმარება ვცადოთ. იქნებ აქ მაინც გამოვიდეს რამე.
- ჰო. მარის დავურეკავ და აქ მოვიყვან, შენ გიო მოიყვანე.
მარი მიხვდა, რომ მეგობრები რაღაცას უწყობდნენ და არ მოვიდა, ‘ეტყობა, დამაჯერებელი არ იყავიო’, დასცინა გოგონას ლუკამ. გიორგი დამწუხრებული იყო:
- ბოლო შანსი გვქონდა მის გადასარწმუნებლად, - თქვა მან. - ზეგ მიდის!
- ეგ ჩემთვისაც არ უთქვამს, შენ საიდან იცი? - ჰკითხა ლიზიმ.
- იმ დამპალმა მახარა, ედიკამ.
- რაო? მართლა?
- ჰო. ნეტა რა უხარია მაგ იდიოტს?!
- როგორი სულმდაბალი უნდა იყო, რომ ასე მოიქცე.
- თქვენ ორს რა პრობლემა გქონდათ, ახლა გოგოს წართმევით რომ გიხდის? - იკითხა ლუკამ.
- ისეთი არაფერი. უბრალოდ ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთი არ მოგვწონდა. მასთან პირადი შეხება არ მქონია.
- ჩვენი წყვილიც ზეგ ბრუნდება ბათუმიდან, - თქვა ლიზიმ. - არ გაუხარდებათ, ამ ამბავს რომ გაიგებენ.
- გადაიტანენ! - თქვა ლუკამ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოა.აბა ვნახოთ თავს როგორ მოაწონებს ლუკა ლიზის მამას
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Magda

ჩამოვრჩენილვარ მარა გამოვასწორებ. მამასთან შეხვედრა მეც მაინტერესებს, მაგრამ მგონი იქამდე შორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent