შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის საიდუმლო თავი 6


8-09-2016, 14:36
ავტორი bethelimit
ნანახია 1 656

მთელ დღეებს შინ ვატარებდი, არსად გავსულვარ. ორი დღე ისე გავიდა, არავინ შემომხმიანებია. მესამე დღეს გიზელამ დამირეკა, ახალი ამბები გავიგე და შენთან გამოსვლა მინდაო. არ მესიამოვნა, ნანკაზე ხომ არ მელაპარაკება-მეთქი, მაგრამ არ ვკითხე. საღამოს გამოდი, შინ ვიქნები-მეთქი, დავპატიჟე. სამსახურის მერე გამოგივლით მე და ნათიაო.

საგანგებოდ მოვემზადე. მარკეტში ჩავედი, ნამცხვრები ვიყიდე, მერე ბაზარში გავვარდი მანქანით, პროდუქტები შევიძინე და სადილიც მოვამზადე, ლამაზად მინდოდა დავხვედროდი თანამშრომლებს. თან ერთი სული მქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა, რომ დროზე მოსულიყვნენ და გამეგო, რა ხდებოდა. ნეტავ ბექამ თუ მიკითხა? ნუთუ არ დაინტერესდა, რატომ არ დავდივარ სამსახურში? მიხეილმა რა თქვა, რატომ წავიდაო? ერთი სული მქონდა, როდის შევიტყობდი ამ ყველაფერს. ამასთან, მოსვენება დავკარგე, ისე მინდოდა ქალბატონი ანიკოს ნახვა. ვერ მოვითმენდი, სანამ მას ბიძინას შესახებ არ მოვუყვებოდი. არ ვიცი, რატომ მინდოდა ასე ძალიან ამის გაკეთება, რა ქვენა გრძნობა მამომძრავებდა. სიბოროტით რომ არ მომდიოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბექასთან შეხვედრის შანსი მომცემოდა? ბიძინა რა შუაში იყო? ან რას მოვიგებდი იმით, თუ ანიკოს მის შესახებ მოვუყვებოდი? არ ვიცი.

შვიდი საათი ხდებოდა, ნათია და გიზელა რომ მოვიდნენ.

* * *

სუფრა ლამაზი გამომივიდა. გოგოებმა მინდვრის ყვავილების ლამაზი თაიგული, ერთი ბოთლი კონიაკი და შოკოლადის ასორტი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა მათი სტუმრობა.

_ სოფიო, მართალია, რაც გავიგეთ? _ გადამკოცნა გიზელამ და დაკვირვებით შემომხედა.

_ რა გაიგე? _ დავინტერესდი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.

_ სამსახურიდან წავიდაო…

_ ვინ გითხრათ? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.

_ მიხეილმა გამოგვიცხადა თათბირზე, ჩვენი ანესთეზიოლოგი გვტოვებს და მოგვიწევს ალბათ ახლის მიღებაო, _ დაამატა ნათიამ.

_ ჰო, დაახლოებით ასეა, _ გამეღიმა მთავარი ექიმის ეშმაკურ ნათქვამზე, _ თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.

_ რატომ, კი მაგრამ, რატომ მიდიხარ, სხვაგან გადადიხარ სადმე? ჩვენ არ გვეკითხები? _ გიზელამ ხელები დაიბანა და გაშლილ სუფრას მიუჯდა, _ რა გემრიელი რამეები მოუმზადებია ამ გოგოს. აფსუს, რა დროს ვარ დიეტაზე? ვაშლის მეტი არაფერი მეჭმევა. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, დღეს დავარღვევ და მერე ავანაზღაურებ, რა ვქნა.

_ ჩვენ არსადაც არ გაგიშვებთ, გენაცვალე, _ ნათიამაც აუბა მხარი, _ მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა _ ჩვენი. ისე შეგეჩვიეთ სუყველა, უშენოდ გაგვიჭირდება, გაიგე-ე-ე? _ კახურად მოუქცია ბოლოში.

_ რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ, რა იქნება, _ გვერდით მივუჯექი ორივეს და ჭიქები სასმლით შევავსე, _ აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს.

სასმელმა სხეული გამითბო. მესიამოვნა.

_ უნდა გენახა, ბექას რა სახე ჰქონდა, მიშამ რომ ეს თქვა, მოკვდა ბიჭი, _ გაიცინა გიზელამ.

_ აბა, აბა, თავი ჩაქინდრა და მთელი ნახევარი საათი ზემოთ არ აუხედავს. ნანკამ წაიტრიპაჩა, მე მოვიყვან ახალ ანესთეზიოლოგსო, მაგრამ ისეთი იფრინა მიშამ, თავბედი აწყევლინა.

_ რა უთხრა ასეთი? _ გული გამალებით მიცემდა.

_ კადრების საქმეს ჯერჯერობით მე ვწყვეტ აქ, შენი დახმარება არ მჭირდებაო. იმდენი გაქო, ცამდე აგიყვანა _ ასეთი და ასეთი სპეციალისტი, წესიერი, განათლებული, ზრდილობიანი, ლამაზი, კოლეგიალურიო და რა ვიცი… მე იცი, რა ვერ გავიგე? სანდროს მოქცევა გამიკვირდა, ხედავდი, როგორ იცინოდა? _ თქვა ნათიამ.

_ ჰოდა, რომ იცინოდა, იმიტომაც მიიღო საკადრისი პასუხი, _ ნიშნისმოგებით დააყოლა გიზელამ.

_ არ მეტყვით, რა მოხდა? _ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.

_ მიხეილი შენ რომ გახასიათებდა, სანდრომ რაღაცნაირად უშნოდ ჩაიღიმა თუ გაიცინა… რა გაცინებსო, მიშა ეკითხება, რამე სასაცილოს ვამბობ თუ ხდება რამე სამხიარულოო. სანდრო შეცბა. არაო, უთხრა, რაღაც გამახსენდა და იმაზე გამეცინაო. თათბირი იმისთვისაა, მე მისმინოთ და არა სხვა რამეზე იფიქროთო, უხეშად მიმართა მიშამ.

_ ვა, მაგარი ამბები ყოფილა, _ კმაყოფილება დამეუფლა, როცა მათი ნაამბობი მოვისმინე, _ როგორც ჩანს, ხალხი შოკში ჩავაგდე.

_ ეგრეა, ეგრე. სანდროს ბექას გამო გაეცინა, მიხვდა, რომ ანერვიულდა.

_ და ბექასგან რა უნდა? _ ნათია გაკვირვებული დარჩა.

_ რა უნდა და ის, რომ ბექა ბოლო ხანებში ნანკას არ იშორებს გვერდიდან. ნანკა კი, ხომ იცი, რამდენ ხანს იყო მაგის საყვარელი. შურისძიების მომენტისმაგვარია, რა.

_ ჰო-ო, ახლა მივხვდი, _ თქვა ნათიამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

_ და შენც ამის გამო გადაწყვიტე სამსახურის მიტოვება, არა? რა სულელი ხარ. სიყვარული ჩხუბის გარეშე ვის გაუგია. გავა დრო და ბექაც შეგირიგდება, ყველაფერზე კი არ უნდა ავარდე, _ გიზელამ შემომიტია, _ არ იცი, როგორ უყვარხარ, აბოდებს შენზე.

_ არ დაიჯერო, ეგ ტყუილი ზღაპარია, _ სიმწრით ჩავიცინე და ისევ ჩამოვასხი კონიაკი, _ ქალებს გაგვიმარჯოს, სიხარული არ მოგვშლოდეს, _ ვთქვი და ორივეს მივუჭახუნე.

_ და სიყვარული, _ დააყოლა ნათიამ.

_ ბედნიერებაც, _ დაამთავრა გიზელამ.

სამივემ ბოლომდე დავცალეთ ჭიქები.

_ როგორ გვწყურებია-ა-ა?! _ გაიცინა გიზელამ.

_ კარგი კონიაკია, სად იშოვე? _ ბოთლი ავიღე და სასმელს გავხედე.

_ გოგამ მომიტანა კონიაკის ქარხნიდან, ძმაკაცმა უფეშქაშა, ძველი ჩამოსხმაა, დაკუპაჟებული. ოცი წლის ნადგომია.

_ მაგარია, _ ნათიამ ვაშლი ჩაკბიჩა, _ საერთოდ არ მიყვარს დალევა, მაგრამ ეს მესიამოვნა. აქვს შენს ქმარს გემოვნება.

_ უკაცრავად! გემოვნება ისეთი აქვს, იცოცხლე! სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, ჩემნაირი ცოლი ჰყავს, გენაცვალე, _ გაიპრანჭა გიზელა.

_ ისე, მართლა, რა საოცარი იყო თქვენი გაცნობა. რომ მახსენდება, სიამოვნება მეუფლება ხოლმე. შენ იცი, სოფიო, როგორ დაქორწინდნენ ესენი? _ ნათიამ შემომხედა.

_ არა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, გიზელას ქმარი თუ ჰყავდა, ისიც არ ვიცოდი.

_ ბევრი არაფერი დაგკლებია. ის ხომ საზოგადოებაში გამოსაჩენი არ არის, _ გადაიკისკისა გიზელამ, _ მაგნაირი მახინჯი მამაკაცი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე.

_ სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ქმარია, ვგიჟდები, ისე მიყვარს, ბრწყინვალე ადამიანია ჩვენი სიძე.

_ კი, ასეა, მაგას ვერ დაუკარგავ. ამიტომაც მიყვარს. თხუთმეტი წელია ერთად ვართ და ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს მისგან.

_ მოყევი რა, როგორ გაიცანი, გეხვეწები, _ დაიღრიჯა ნათია.

_ მოიცა, ერთი, სოფიოს რაში აინტერესებს ჩემი ისტორია.

_ როგორ არ მაინტერესებს, მოყევი, სიამოვნებით მოგისმენ, _ მეც ვთხოვე.

_ ისე, კარგი მაგალითია, რომ იცოდე. ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ, რას გიმზადებს ბედი.

_ მიდი, მიდი, სოფიოც გულს გადააყოლებს, თორემ ბექაზე ფიქრმა დატანჯა გოგო, ვერ ხედავ, რას დაემსგავსა?

_ კარგი, გეტყვით, _ გიზელამ წვენი მოსვა, პომადიანი ტუჩების ირგვლივ თითები ფრთხილად მოისვა და დაიწყო.

_ ერთი ნახვით შეყვარების არასდროს მჯეროდა. ძალიან რაციონალური პიროვნება ვარ, შემთხვევითობების არ მწამს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ჩემს შეხედულებებზე. მაშინ ინსტიტუტი კარგა ხნის დამთავრებული მქონდა, მაგრამ არ ვმუშაობდი. ერთი დაქალი მყავდა, ლელა. დამირეკა, ჩემი საქმრო აგარაკზე გვეპატიჟება და წავიდეთო, თან ჩემი შეყვარებულიც დაპატიჟა, კობა. ლელას საქმრო ვიღაც ოლიგარქის შვილი იყო, თავზე გადასდიოდათ ქონება. საღამო ხანს მოსრიალდა ეს ბიჭი «ლექსუსით», ჩაგვსხა მანქანაში და დუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ლელას მისი მშობლები უნდა გაეცნო. სასტიკად არ მომეწონა სასიძო, დათო ერქვა. ისეთი გაბღენძილი ტიპი ჩანდა, მივხვდი, მასთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავდი. კატეგორიულად ვერ ვიტან ასეთ ნაგლ სნობებს. მთელი გზა ტრაბახობდა, მამაჩემმა ეს გააკეთა, ის გააკეთა, ამდენი ფული იშოვა, ამასთან მეგობრობს, იმას იცნობსო და ა.შ. ვერ მოვითმინე და ვკითხე, შენ რას აკეთებ, ის მოგვიყევი, მამაშენი რაში გვაინტერესებს-მეთქი. კობამ მუჯლუგუნი გამკრა, ასე უხეშად ნუ ეპყრობი ადამიანსო. თვითონ კი დაუძმაკაცდა უცებ. ეხერხებოდა ეგეთი რამეები, რახან ფულიანი იყო, აწყობდა მასთან მეგობრობა. დათოს არ ესიამოვნა ჩემი შენიშვნა, ერთი მტრულად გამომხედა და პირში წყალი ჩაიგუბა. ლელა გამოპრანჭული იყო. მე ჩვეულებრივად, სპორტულად მეცვა, ჯინსის შარვალი, მაისური და ბოტასი. არც ვიცოდი, რისი ჩაცმა უფრო იყო მიღებული ოლიგარქთან ქალაქგარეთ, აგარაკზე სტუმრობისას, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, რაშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ის ჩავიცვი. სულაც არ ვაპირებდი ვიღაცასთან თავის მოწონებას. ბოლოს და ბოლოს, სვეტური საღამო ხომ არ იყო. კიდევ კარგი, ასე ჩავიცვი, არ იცით, როგორ გამომადგა ბოლოს.

კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ მანქანამ ვიწრო, უასფალტო გზაზე გადაუხვია, ოღრო-ჩოღროებზე გვიწევდა სიარული. მე და კობა ვხტუნავდით უკანა სავარძელზე, თანაც ძალიან ჩქარა მიდიოდა, «პაკაზუხობდა» თავის ჭკუაში. უკვე ღამდებოდა. კიდევ ერთი მოსახვევი და… საშინელი ჭახანის ხმა გაისმა. აშკარა იყო, რაღაცას დაეჯახა. დათომ მკვეთრად დაამუხრუჭა. შიშისგან შევკივლე. გადმოვცვივდით მანქანიდან. საქმრომ ფარები ანთებული დატოვა და მანქანას წინიდან მოუარა.

_ რა არის? _ ძრწოლვით იკითხა ლელამ, ალბათ შეეშინდა, კაცი ხომ არ გაიტანაო.

ამასობაში მეც მივედი. იმან, რაც იქ ვნახე, შოკში ჩამაგდო. პატარა, თეთრი ციკანი ეგდო მანქანის ბორბლებქვეშ და მძიმედ სუნთქავდა, ქარვასავით ყვითელი თვალებით საცოდავად გვიყურებდა, თითქოს შველას გვთხოვდა.

_ ჯობია, ყელი გამოვჭრათ, თორემ მოკვდება, _ თქვა დათომ, _ მწვადებს მაინც შევწვავთ.

_ არა, არა, სისხლს შეამჩნევენ, ემანდ ვინმე არ წამოგვადგეს. ასევე წავიყვანოთ და ადგილზე დავკლათ, _ გამოთქვა აზრი კობამ.

ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, ადგილზე გავანადგურე.

_ გაგიჟდით? რას ჰქვია, ყელი გამოჭრათ. ცოცხალია, ვერ ხედავთ? ასე როგორ შეიძლება? _ ვიყვირე სიმწრით.

_ სულერთია, ხვალამდე მაინც ვერ გაატანს, ფეხი აქვს მოტეხილი, _ დაასკვნა გაბღენძილმა სასიძომ, _ ისედაც, ტურები შეჭამენ, აქ რომ დავტოვოთ. სამაგიეროდ, კარგი მწვადი აშიშხინდება.

ნერვულმა კანკალმა ამიტანა. ამისთანა უგულოები როგორ არიან ეს კაცები? ციკანს მივუახლოვდი და თავზე ხელი გადავუსვი. როგორ შემეცოდა, არ იცით. რა უნდოდა საწყალს ამ გზაზე? ალბათ პატრონს გამოექცა და გზა აებნა.

_ მე რა ვქნა, ჩემი ბრალია? პირდაპირ ბორბლებქვეშ შემომიხტა, თავის თავს დააბრალოს, _ თავი იმართლა დათომ, _ გავიყოლოთ, გავიყოლოთ, წითელი ღვინო მოვასხათ და ისე დავბრაწოთ. გიზელა, შენ გაგისინჯავს ასე მომზადებული მწვადი? _ როხროხით მომიტრიალდა სასიძო.

ხმა არ გავეცი. ლელას პატივსცემით, თორემ, ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა. ერთს გემრიელად გამოვლანძღავდი, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი.

_ მოდი, დროზე ჩავაგდოთ საბარგულში, სანამ პატრონი თავს დაგვდომია, _ საქმიანი დაიჭირა კობამ, _ დათო, ჯერ მანქანა გადავაყენოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. ლელა, შენ ჩაჯექი და დაქოქე.

კაცები «ლექსუსს» დაეჯაჯგურნენ, ლელა საჭეს მიუჯდა. ამით დრო ვიხელთე, ციკანი ხელში ავიყვანე, მკერდზე მივიკარი და ნელ-ნელა გავერიდე იქაურობას. როცა თვალთახედვის არეს მოვწყდი, ტყისკენ მივტრიალდი და სირბილით შევერიე სიბნელეს.

კარგა ხანს მესმოდა მათი ძახილი, დაბრუნებას მთხოვდნენ, მე კი გავრბოდი და გავრბოდი. არ ვიცი, რამდენი მეტრი გავირბინე… დავიღალე და შევდექი, რომ შემესვენა, მერე კი ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო, ჭრიჭინების ხმა არღვევდა მხოლოდ მყუდროებას. ჩემდა გასაკვირად, თავდაპირველად არ შემშინებია, წინ მივიწევდი, მაგრამ თავადაც არ ვიცოდი, სად მივდიოდი, ან სად გამიყვანდა ტყე. ჩემთვის ადგილი სრულიად უცნობი იყო. ცოტა ხანში ძახილის ხმები მიწყდა. როგორც ჩანს, კარგა შორს ვიყავი წასული. იმწუთას არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ციკანი მინდოდა გადამერჩინა, ეს სურვილიღა მამოძრავებდა. რა მომელის? ვაითუ, სისხლის სუნზე მართლა გამოცვივდნენ ტურები და ციკნიანად შემსანსლონ. ხომ ვიქნები ღირსი? შიგადაშიგ სმენას ვამახვილებდი, იქნებ საიდანმე მანქანის ან ადამიანის ხმა გამეგონა, იქნებ ახლომახლო გზა ყოფილიყო. თქვენც არ მომიკვდეთ, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ხელები დამეღალა. წიწვის სუნი მეცა, როგორც ჩანს, ნაძვნარი დაიწყო. ამან უფრო გამიადვილა სიარული, უფრო მეჩხერი ტყე იყო, ბალახიც დაბალი ხარობდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარე. მოულოდნელად წინ, შორს, სუსტი სინათლე დავლანდე. სიხარულისგან ცას ვეწიე. როგორც იქნა, რაღაც გამოჩნდა-მეთქი. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და იქითკენ გავეშურე. რომ მივუახლოვდი, პატარა ქოხი დავინახე, საიდანაც შუქი გამოდიოდა. ნეტავ ვინ ააგო ამ ტყე-ღრეში ქოხი, ვის რაში სჭირდებოდა? ალბათ მონადირეები თუ არიან-მეთქი, გავიფიქრე. მოულოდნელად იქვე, ახლოს, ძაღლი აყეფდა. ყეფის ხმაზე ქოხის კარი გაიღო და პარმაღზე შავი სილუეტი გამოჩნდა ფანრით ხელში. მერე ბუნდოვნად მახსოვს, რა მოხდა. როგორც ჩანს, ადამიანი რომ შევნიშნე, იმედი მომეცა და მოვეშვი, ძალა გამომეცალა. იქვე ჩავიკეცე.

_ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, _ ჩამესმა ყურში მამაკაცის ხმა.

მერე ვიღაცის ძლიერმა ხელმა ამიყვანა და გონიც დავკარგე.

თვალი რომ გავახილე, ქოხში ვიწექი. სანთლის შუქზე იქაურობა მოვათვალიერე. მასპინძელს რომ შევხედე, კინაღამ მეორედ დავკარგე გონი. ასე მეგონა, ყაჩაღების ბუნაგში მოვხვდი, წვერიანი, თმაგაბურძგნილი, ცალთვალახვეული მამაკაცი დამჩერებოდა ღიმილით. ზღვის მეკობრეს ჰგავდა, ქამარში გარჭობილი ხანჯალი აკლდა მხოლოდ. ჩემი პატარა თეთრი ციკანი კუთხეში მიყუჟულიყო.

_ მანქანა დაეჯახა, _ აკანკალებულმა ძლივს ამოვთქვი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში წვეროსანი ეჭვის თვალით მიყურებდა, მერე ხმაურიანად ამოიხვნეშა და მაგიდისკენ მიტრიალდა. მესმოდა, რაღაც სითხეს როგორ ასხამდა ჭიქაში, ბოლოს ისევ ჩემკენ მოტრიალდა და ყურიანი ფინჯანი მომაწოდა.

_ დალიე, წითელი ღვინოა, ცოტას მოგამაგრებს, _ თბილი ხმით მითხრა.

წითელი ღვინის ხსენებაზე უარესად ამაკანკალა. წარმოვიდგინე, როგორ ასხამდნენ გატყავებულ ციკანს ღვინოს, შამფურზე აცმის წინ. უსიტყვოდ ჩამოვართვი ფინჯანი უცნობს და დავლიე, თან ისე, წვეთი არ დამიტოვებია. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა, მახსოვს, რაღაცას ვლაპარაკობდი, ვბოდავდი, ვყვიროდი მგონი… მერე გავითიშე.

გონს რომ მოვედი, უკვე გათენებული იყო, მზე აცხუნებდა.

_ გიზელა, გაიღვიძე? _ ღიმილით მომიახლოვდა ჩემი მასპინძელი.

გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემი სახელი საიდან იცის? როდის ვუთხარი? ვერაფრით გავიხსენე, რა მოხდა წუხელ, ერთი კადრიც კი ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში. ტანზე დავიხედე, რაღაც ცხოველის ტყავი მეფარა. მონადირე ყოფილა, გავივლე გუნებაში.

_ ისევ გტკივა თავი? _ კვლავ მკითხა მამაკაცმა.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ყველაფერი მტკიოდა თავის გარდა.

_ არა, _ ჩავილუღლუღე და წამოდგომა დავაპირე.

_ ჩაიდანი უკვე შემოვდგი, წყალი ადუღდება, ვისაუზმოთ და წაგიყვან, _ თქვა ცალთვალამ.

_ სად? _ შიშისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში.

_ როგორ თუ სად? შენ რა, არაფერი გახსოვს? _ გაუკვირდა მამაკაცს და დაეჭვებით შემომხედა.

_ არ მინდა ჭამა, ჯობია, დროზე წავიდეთ, _ შეშინებული ხმით ვთქვი.

ახლა არ მომეჩვენა ისეთი საშინელი, როგორც წუხელ. არადა, პირველად რომ დავინახე, ტანში დამბურძგლა. მხრები ავიჩეჩე.

_ გასაგებია, _ ღიმილით ჩაილაპარაკა უცნობმა და თითი ქოხის სიღრმისკენ გაიშვირა, _ ხელსაბანი იქაა, ხოლო საჭიროების სხვა ადგილები, უკაცრავად, მაგრამ გარეთ, ეზოში. მე აქ ველურივით ვცხოვრობ, კომფორტი არა მაქვს. წავალ, ბეკეკოს ბალახს მოვუტან, მოშივდებოდა უკვე, _ თქვა და გავიდა.

როგორ მინდოდა სარკეში ჩამეხედა, მაგრამ ამ სიამოვნებას ვინ მაღირსებდა. ჩემი ჩანთა, თავისი კოსმეტიკური აღჭურვილობით და საბუთებით, დათოს მანქანაში დარჩა. მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი. ალბათ მეც ველურს დავემსგავსე. ლოყაზე წვას ვგრძნობდი, გამახსენდა, გზაში ეკალბარდს რომ გამოვედე, ღაწვიც მაშინ გამეკაწრა. თმაზე გადავისვი ხელი, ვარცხნილობა ხომ არ გამიფუჭდა-მეთქი. გამეცინა, რა დროს ვარცხნილობა იყო, შუაგულ ტყეში ვიმყოფებოდი ვიღაც «მეკობრესთან» ერთად. ქოხს თვალი მოვავლე. უცნაური იყო იქაურობა. ხის მაგიდა და ასეთივე ხისგან გამოჩორკნილი რამდენიმე ტაბურეტი, ფეჩი და ნაჭრის დასაკეცი საწოლი, «ლეჟანკას» რომ ვეძახით. თაროებზე სქელტანიანი წიგნები იყო შემოლაგებული, ერთზე ფრანგული წარწერაც კი დავინახე. ყველაზე საოცარი კი ნოუთბუკი იყო, მაგიდაზე რომ იდო. ეს სად ვარ, ვისთან მოვხვდი? მონადირეა თუ მეცნიერი? ნადირობს თუ კვლევებს აწარმოებს? მთლად დავიბენი. იქნებ მეტყევეა? თუ ასეა, ძალიან უცნაური მეტყევე ჩანს.

უცებ კუთხეში რაღაც შეირხა და ციკანი ბაკუნით გამოვიდა, თან კოჭლობდა. გამიხარდა მისი დანახვა. ჩემს დაძახებაზე ყურადღებაც არ მომაქცია და პირდაპირ კარს მიადგა, გარეთ უნდოდა გასვლა. სწორედ ამ დროს კარიც გაიღო და ცალთვალა გამოჩნდა. კარგად დავაკვირდი. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ოცდაათი-ოცდაცამეტი წლის. ქერა, დაკუნთული.

_ ახლავე მოგხედავ, _ მონადირემ თუ მეტყევემ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ციკანს გზა დაუთმო და თვითონაც უკან მიჰყვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმა მომესმა. ჩემი მასპინძელი შემოვიდა, ნოუთბუკს ხელი დაავლო და ისევ გარეთ გავიდა. მეც გავედი. ეზოში შავი «ჯიპი» იდგა.

_ წავედით, _ თქვა უცნობმა და მანქანის კარი გამიღო.

ციკანი და ძაღლი უკანა სავარძელზე მოკალათებულიყვნენ ერთმანეთის გვერდით, კარგი მეგობრებივით.

_ თქვენც დაკვლას უპირებთ? _ მივუბრუნდი «მეკობრე მეტყევეს».

გაოცებულმა შემომხედა და სიცილი აუტყდა.

_ ვხედავ, რომ მეორე ჭიქა არ უნდა დაგელია, _ სიცილი არ შეუწყვეტია უცნობს, _ ეს ციკანი ჩემია. ისეთი ოხერია, არ ვიცი, როგორ გამექცა. ხეტიალი უყვარს. იქაც გადამირია მეზობლები, სახლში. ხანდახან მომყავს აქ, ტყეში, როცა მე მოვდივარ. აქ სხვანაირი ბალახია, მადა ემატება. ნუ გეშინია, მის დაკვლას არ ვაპირებ. ერთმა ლოთმა მომყიდა. ალბათ სადმე მოიპარა. იმედია, ის მაინც გახსოვს, რომ გოგა მქვია, თუ ესეც არ გახსოვს?

ბუტია ბავშვივით გავჩუმდი.

_ ნუ ხარ ასე მოღუშული. ნუ გეშინია, მართლა არ ვაპირებ მის დაკვლას, არც წითელი ღვინის მოსხმას, გასაგებია? _ თავი გადააქნია.

თბილისში ჩამოვედით თუ არა, პირდაპირ ჩემი ბინისკენ აიღო გეზი. გაოცებული ვიყავი. როგორც ჩანს, წუხელ მისამართიც კი ვუთხარი. სადარბაზოსთან შეაჩერა. მივხვდი, უკვე დამშვიდობების დრო იყო. მადლობისმაგვარი რაღაც წავიჩურჩულე და «ჯიპიდან» გადმოვედი.

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ასე მეგონა, რაღაც მავიწყდებოდა მანქანაში, იმ უცნობი კაცისკენ მეწეოდა უჩინარი ძალა… ის იყო, კარს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე, რომ მკლავზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. თავი მოვაბრუნე და გოგა დავინახე. მას სიტყვა არ უთქვამს, ისე შემომყვა სახლში… და არც არაფრის თქმა იყო საჭირო…

ბევრი რაღა გავაგრძელო და, იმ დღიდან ერთად ვცხოვრობთ. გოგა იურისტია, საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი. პარალელურად, თავისი ბიზნესი აქვს, მცირე, მაგრამ შემოსავლიანი. გამიმართლა. მერე რა, რომ ცალთვალაა, სამაგიეროდ უნიკალური ადამიანია, უაღრესად კარგი პიროვნება და არაჩვეულებრივი ქმარი. აი, ასე.

გიზელამ თხრობა დაამთავრა, მე თვალები ცრემლით ამვსებოდა.

_ ციკანი? _ ხმააკანკალებულმა ვიკითხე.

_ ციკანი იმხელა თხა გაიზარდა, შენი მოწონებული, ამაყი და ამპარტავანი. იმდენ ხანს გვყავდა, სანამ არ დაბერდა.

_ ხომ ლამაზი ისტორიაა? _ მკითხა ნათიამ და თავი მხარზე დამადო.

_ ძალიან, _ დავეთანხმე, _ კობა როგორ შეხვდა თქვენს ამბავს?

_ უჰ, კობასთვის ვის ეცალა. არც დავინტერესებულვარ. ჩვენს ურთიერთობას არც ერქვა სიყვარული, სიმართლე გითხრა. გოგა სხვა იყო. არ ვიცი, რა მეტაკა ამისთანა. დილით, როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ მის გარდა არავინ მინდოდა. მერე დამცინოდა, იმ ღამესვე რომ ჩამიგორდი ლოგინში და მეორე დღეს არაფერი გახსოვდა, როგორ იყოო.

_ მართლა? _ თვალები გამინათდა.

_ არა, რას ამბობ, მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ რადგან არ მახსოვდა, რაღაცებს მიგონებდა ხოლმე წლების განმავლობაში. მოდი, ახლა დავლიოთ, გაშრა ყელი.

ყველას გაგვეცინა. კიდევ დავლიეთ, ახლა უკვე სიყვარულის სადღეგრძელო.

_ ასე რომ, ჩემო სოფიო, ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ბექასაც ერთი ნახვით შეუყვარდი. ამიტომაც ასე ადვილად არ დაგთმობს. ალბათ უნდა, რომ ცოტათი გაგანერვიულოს. კაცები ასეთები არიან, დამიჯერე.

ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნამდვილად არავის ველოდი, მაგრამ ვიცოდი, სანდრო რომ იქნებოდა. ასეთ დროს სხვა არავინ მოვიდოდა. უხერხულად გადავხედე გოგოებს და კარის გასაღებად გავედი.

არ შევმცდარვარ, ის იყო, ნასვამი, თვალებჩაწითლებული.

_ რა თქმა უნდა, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა, არა? _ მითხრა და ჩარჩოს მიეყრდნო.

_ დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ვიღებ, _ უკმეხად ვუთხარი.

_ როგორ ხარ? _ ბანზე ამიგდო სიტყვა.

_ სტუმრები მყავს და არ ატეხო ახლა ერთი ამბავი, _ შემეშინდა, კოცნა არ დამიპიროს-მეთქი.

_ სტუმრები? აბა, ვინ არიან, ნახვა შეიძლება?

_ ძალიან გთხოვ, წადი, აქ შენი ადგილი არ არის.

_ ვნახავ, ვინ გყავს სახლში და წავალ, პირობას გაძლევ, ცუდად არ მოვიქცევი.

სანამ რამე ვეტყოდი, გვერდი ამიარა და სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. ნათიას და გიზელას დანახვაზე თვალები დააჭყიტა.

_ კამპანიას გაუმარჯოს, _ არ დაიბნა და ორივეს გადაეხვია, _ რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?

_ ჩვენ კი არა, შენ რა ქარმა გადმოგაგდო, ის გვითხარი. რაშია საქმე, სახლში არ გიშვებენ? _ ირონიით მიმართა გიზელამ.

_ არ მიშვებენ, ხომ ხედავ… უკვე აღარავის ვჭირდები, _ ხელი გაიქნია სანდრომ, _ ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ვიფიქრე, ერთი ამ გოგოს გავუვლი და ვკითხავ, რატომ მიატოვა მუშაობა-მეთქი და თქვენც აქ დამხვდით. ალბათ იგივე უნდა გეკითხათ, არა? რას სვამთ? საჩემო არის რამე?

_ კონიაკი გვაქვს, დალევ? დაჯექი, _ ნათიამ სკამი გამოსწია.

_ დავლევ, აბა რას ვიზამ.

გიზელას გვერდით დავჯექი და სანდროს მივაშტერდი. ნერვებს მიშლიდა ეს კაცი.

_ ნიტას ველაპარაკე ამას წინათ, _ დავიწყე, რომ გოგოებს რამის ეჭვი არ გასჩენოდათ.

_ რაო, მერე? _ სანდრომ დამცინავი იერი მიიღო.

_ ძალიან გაფუჭდა ბოლო ხანებში, სმას მოუხშირაო.

_ სოფიო, ნიტას საიდან იცნობ? _ დაინტერესდა გიზელა.

_ ჩემი ბავშვობის მეგობარია, ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით, სანამ გათხოვდებოდა, _ ნაძალადევად გავიღიმე.

_ მართლა? არ ვიცოდი. რა კარგი გოგოა, მერე, გადასარევი… შე ოხერო, ამისთანა ცოლის პატრონი ასე გარე-გარე უნდა დარბოდე? _ უსაყვედურა გიზელამ, _ რას დასდევ სხვის ცოლებს, საკუთარს მიხედე.

_ არავის ცოლებს არ დავდევ მე, _ იწყინა სანდრომ.

_ ცოლებს არა, მაგრამ სხვა ქალებს ხომ დასდევ, _ არ დაუთმო კოლეგამ.

_ დლია რაზნააბრაზია რა უჭირს, ხანდახან ესეც საჭიროა, _ გაიცინა სანდრომ და ჭიქა ასწია, _ თქვენ გაგიმარჯოთ, ქალებო, უთქვენოდ ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ჩვენი შთაგონების წყარო თქვენ ხართ.

_ აბა რა, მამაკაცებს სხვა ალტერნატივა არა გაქვთ, _ გაიცინა ნათიამ.

_ აი, გიყურებთ ახლა და მსიამოვნებს, რა ლამაზები ხართ ყველანი. იცოცხლეთ, _ თქვა სანდრომ და გადაჰკრა.

_ ასეა, ასე, ქალი რომ ოცდაათს გადასცდება, საუკეთესო ფორმაში მაშინ დგება, სამაგიეროდ, კაცებს გაქვთ დარხეული. ოცდაათ წელს რომ გადაცდებით, უკვე ძალიან ბებრები ხართ, ამას რომ მიხვდეთ.

_ რას, ქალის ასაკობრივ სიდიადეს? _ დამცინავად იკითხა მამაკაცმა.

_ ჰო, ჰო, ასაკობრივ სიდიადეს. ამის ნიჭი თქვენ არ გაგაჩნიათ, _ არც გიზელა დარჩა ვალში მამაკაცს.

_ მაგით რა გინდა თქვა, რომ ქალები უფრო ნიჭიერები ხართ?

_ ეჭვი არ შეგეპაროს. ოდესმე გინახავს ქალი, რომელმაც შეიძლება ჭკუა დაკარგოს კაცის გამო იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ლამაზი და გრძელი ფეხები აქვს? კაცებს კი შეგიძლიათ, იმიტომ, რომ უტვინოები ხართ.

_ სამაგიეროდ, ქალები ხართ საშინლად ცნობისმოყვარეები, _ არ თმობდა სანდრო.

_ თითქმის როგორც მამაკაცები, _ გადაიკისკისა გიზელამ და თვალი ჩამიკრა.

_ აუჰ, თქვენს ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, წავედი მე, წავედი, თორემ მალე გადამდგამთ, ისეთ დღეში ჩამაგდებთ, _ სანდრო წამოდგა, ერთი ჭიქა უკითხავად ჩამოისხა, ოჯახის დიასახლისის სადღეგრძელო უნდა დავლიოო, დამლოცა და ისევ გადაჰკრა.

კარამდე მივაცილე. მოტრიალდა და თვალებში ჩამხედა.

_ არ წახვიდე სამსახურიდან, გთხოვ. მე მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი. თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა, თავს არ შეგაწყენ, გეფიცები, ოღონდ დარჩი. სიახლოვეს არ გაგეკარები, ხმასაც არ გაგცემ, თუ დისკომფორტს გიქმნი. დავიცადოთ ცოტა, თუ მოგიბრუნდა გული, ხომ კარგი, თუ არადა, შენ შენი გზით წახვალ, მე კი…

_ შენ ოჯახს დაუბრუნდები, _ დავამთავრე მისი აზრი.

_ ამას მომავალი გვიჩვენებს. მაპატიე, თუ რამე გაწყენინე, არ მინდოდა, შვილებს გეფიცები.

პასუხი არ გამიცია. იმას, რაც ჩვენ შორის იმ ღამეს მოხდა, ვერასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ახლა ამის თქმის არც დრო იყო და არც სიტუაცია, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა.

ოთახში რომ შემოვბრუნდი, გიზელა ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე.

_ მეც ძალიან მომენატრეთ, ანიკო დეიდა, აუცილებლად გინახულებთ ამ დღეებში, აუცილებლად, _ თან ხელის და ტუჩების მოძრაობით მანიშნა, ბექას დედააო.

ადგილზე გავქვავდი. მუხლები მომეკვეთა ნერვიულობისგან.

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჯერ ახალგაზრდაა, ხომ იცით, გაუვლის… გამოუცდელობით მოსდის, აბა რა…. ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე, აქამდე რომ არავინ ჰყვარებია, ჰგონია, რომ ყველაფერი ეპატიება… ახლავე მოგცემთ, ახლავე, სახლის ნომერსაც და მობილურსაც, _ თქვა გიზელამ და ჩემი ტელეფონის ნომრების კარნახი დაიწყო.

თვალები გამიფართოვდა.

_ ნახვამდის, ქალბატონო ანიკო, კარგად ბრძანდებოდეთ… მეც, მეც, ძალიან მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ, კარგად, _ ღიმილით დააყოლა და გათიშა.

_ რა ხდება? _ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნათიამ.

_ სოფიოს ნახვა მინდა და ტელეფონის ნომერი მომეციო. მეც მივეცი, რა მექნა, _ ეშმაკურად გამიღიმა გიზელამ, _ დაგირეკავს ახლა, აი ნახავ.

ამის თქმა და ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა.
* * *

სუნთქვაშეკრულმა ავიღე ყურმილი.

_ გისმენთ.

_ სოფი, შენ ხარ, გენაცვალე? _ ანიკოს შეწუხებული ხმა ჰქონდა.

_ დიახ, მე ვარ, ქალბატონო ანიკო. როგორ ბრძანდებით?

_ ეჰ, ბრძანებამდე ბევრი მიკლია, საყვარელო. შენ როგორ ხარ?

_ რა ვიცი, გმადლობთ…

_ ნახვა მინდოდა შენი, სალაპარაკო მაქვს.

_ …

_ როდის გეცლება?

_ როცა მეტყვით, ქალბატონო ანიკო.

_ როგორც გავიგე, არ მუშაობ, იქნებ ხვალ გამომიარო?

რაღაც მენიშნა.

_ ვინ გითხრათ, რომ არ ვმუშაობ?

_ ვინ მეტყოდა, ვაჟბატონმა გამომიცხადა გუშინ. ნასვამი იყო და წამოცდა, თორემ სხვა დროს კრინტს არ დაძრავდა.

_ ნასვამი?

_ ნასვამი, ნასვამი და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ბოლო ხანებში სმას მოუხშირა, მთლად გადარია იმ გოგომ.

გულის არეში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს თვალთ დამიბნელდა.

_ რა მოხდა ამისთანა, რატომ იჩხუბეთ, გენაცვალე, რა ვერ გაიყავით შენ და ბექამ?

_ არ გვიჩხუბია, ქალბატონო ანიკო, უბრალოდ… _ შევყოყმანდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.

_ იმანაც ეს მითხრა და არ დავიჯერე. აბა რა დაგემართათ? ტალეფონით რა გელაპარაკო… მოკლედ, ხვალ გელოდები, თორმეტისთვის მოახერხებ მოსვლას?

_ რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვალ.

_ კარგად იყავი, შვილო, კარგად, _ ამოიოხრა ანიკომ და ტელეფონი გათიშა.

_ რაო, რა მინდაო? _ ცნობისმოყვარე თვალებით ამომხედა გიზელამ.

_ ბექაზე უნდა გელაპარაკოო, _ მხრები ავიჩეჩე.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ბიჭი მთლად ამოვარდა კალაპოტიდან. ასე არ შეიძლება. ახლა მას შენ გარდა ვერავინ უშველის, სოფიო, როგორმე უნდა მოაბრუნო აქეთკენ.

_ მე უძლური ვარ, გოგოებო, არაფრის შეცვლა არ შემიძლია, _ თვალები ცრემლით ამევსო.

_ მოიცა, რა, სისულელეებს ნუ იძახი. შენ მოინდომე და რა შეგიძლია, მაგას ვნახავთ, _ წამოიძახა ნათიამ, _ შენნაირი ქალისთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ვერ ხედავ, როგორ ფეხქვეშ გეგებიან მამაკაცები?

_ რაღაც ვერ ვხედავ, ვისზე გაქვს ეჭვი? _ აცრემლებულს გამეღიმა.

_ ყველაზე. გელაა და სულ შენზე ლაპარაკობს, ვაჟამ ხომ ყურები გამომიჭედა შენი ქებით, აღფრთოვანებულია, მაგრამ მე არ ვეჭვიანობ, ნუ გეშინია. სანდროს რაც ემართება, ჩემზე უკეთ ხედავ და ბექაზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. მეტი რა გინდა? ეს ზღვაში წვეთია, მხოლოდ ისინი, ვისთანაც მე მიწევს შეხება და წარმომიდგენია, გარეთ რა ხდება… _ თითების მოკაკვით ჩამოთვალა ნათიამ «სავარაუდო კანდიდატები».

_ ასე რომ, თავი მაღლა ასწიე და მიხედე საქმეს, _ გიზელა წამოდგა, _ წავალთ ახლა ჩვენ, დაგასვენებთ. ხვალ მძიმე რაუნდი გელის.

ღიმილი ვერ შევიკავე. მადლობა გადავუხადე გოგოებს სტუმრობისთვის და მანქანამდე მივაცილე.

8 8 8

დილით საგანგებოდ გამოპრანჭული მივადექი ბექას დედას. შაბათი კი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ბექა შინ არ დამიხვდებოდა, თორემ ანიკო ამ დროს არ დამიბარებდა. მართალი გამოვდექი, მორიგე ყოფილა.

ანიკო თბილად გადამეხვია, მზრუნველად გადამისვა თმაზე ხელი. ლამაზი თვალები სევდით ავსებოდა, სახეც მობერებოდა თითქოს.

_ რა კარგი ხარ, შენ შემოგევლე, რა საყვარელი, _ თითქოს სინანული იგრძნობოდა ქალის ხმაში.

_ რაღაც ვერ გამოიყურებით ძველებურად, ხომ ჯანმრთელად ხართ? _ მოკრძალებით ვკითხე.

_ ე-ეჰ, ჩემი შვილის ხელში კიდევ კარგად ვარ. ისე მამწარებს ბოლო ხანებში, არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, _ ამოიოხრა ანიკომ და შალმოხვეული დივანზე დაჯდა, ჩემ გვერდით.

მე ხმას არ ვიღებდი, უხერხულობისგან ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. ვაჭიანურებდი ლაპარაკის დაწყებას, ან რაზე უნდა მელაპარაკა? შეფიქრიანებულმა კარგა ხანს მიყურა და მერე თვითონ წამოიწყო საუბარი.

_ მაინტერესებს, რა ხდება. რა ბზიკმა გიკბინათ ან ერთს, ან მეორეს? რატომ გადაეკიდა ჩემი ბიჭი მაგ ტვინნაღრძობ ქალს, ამის მიზეზი ვერ გამიგია. იქნებ ამიხსნა, სოფი?

დავიძაბე. როგორ ვუთხრა, რაც მოხდა, ამას ხომ ვერასდროს ვერავის ვეტყვი, რა მოვიგონო?

_ ისეთი არაფერი, ქალბატონო ანიკო, ალბათ არ ვიყავი ბოლომდე ჩემს თავში დარწმუნებული, ამიტომაც დროებით უარი ვუთხარი შეხვედრებზე.

_ დარწმუნებული არ იყავი? მე რომ საწინააღმდეგოს მიმტკიცებდი? _ ეჭვის თვალით შემომხედა ქალმა, _ იმის მერე განა რამე შეიცვალა? როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა, სოფი, თორემ…

_ არა, არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, დამიჯერეთ, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ… _ თავის დაძვრენა ვცადე.

_ ბექას უყვარხარ, შვილო. ეს ისე ვიცი, როგორც ორი და ორი ოთხია. გულის გადასაყოლებლად დადის იმ ქალთან, უნდა, რომ ამით რაღაც დაგიმტკიცოს, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება, რა შეცდომას უშვებს. მთლად აირია ბიჭი. არ იცი, რა დღეშია. ნანკას საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ იმ ქალს არ უყვარს, მის თვალებში მხოლოდ ანგარებას ვხედავ და სხვას არაფერს. ეს არ მინდა, გესმის? დარდისგან აღარ ვარ. ისედაც მოწამლული მაქვს ცხოვრება, ვერ გავიხარე, შვილის გარდა არაფერში გამიმართლა. ახალგაზრდობა ხომ გამიმწარდა, უსიყვარულოდ გავთხოვდი, სიყვარული მეწვია და ვერ შევიშნოე, შიშმა მძლია, ოჯახის დანგრევის შიშმა და მაინც ვერ შევინარჩუნე ქმარი. ამ სიბერეში თითქოს ცოტა უკეთესი სიტუაცია შეიქმნა, ვიფიქრე, ბიჭი შეყვარებულია, კარგი გოგოა, ცხოვრებას აიწყობს და სიბერე მაინც მექნება ტკბილი-მეთქი, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მეყოფა, რაც სიმწარე ვნახე, აღარ მინდა კიდევ ერთი ტკივილის გადატანა. დაგვღუპავს ის გოგო. რა ვქნათ, რით ვუშველოთ ამ საქმეს?

თავი ავწიე და ანიკოს თვალებში შევხედე.

_ ბექა პატარა ბიჭი აღარ არის, ქალბატონო ანიკო, მან იცის, რასაც აკეთებს. იქნებ მისთვის ასე უმჯობესია? იქნებ ამ ეტაპზე საჭიროც კია, ნანკასთან ურთიერთობა მისთვის? მოვა დრო და გადაუვლის, მერე ვინმე ნორმალურს შეხვდება და…

_ ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ, არა? ნუ, სოფი, ნუ. შენ არ იცი, რა ხდება. არაფერიც არ გადაუვლის. იცი, წუხელ რატომ დაგირეკე? მთვრალი მოვიდა, გალეშილი. დამსვა და მელაპარაკა. ჯერ შენზე მითხრა, სამსახურიდან მიდისო, მერე ნანკა ორსულად არისო, გესმის? ახლა შენ მირჩიე, როგორ მოვიქცე _ აბორტი გავაკეთებინო, თუ ცოლად მოვიყვანოო, გაიგე? ეს არის, რომ მკლავს. ის გოგო ყველაფერს აკეთებს, ბექას რომ თავგზა აუბნიოს. შვილი მეღუპება და ვერაფერს ვშველი, აი, ეს არის უბედურება.

ამის გაგონებაზე თითქოს ურო ჩამარტყეს თავში. ჩემდა უნებურად კვნესა აღმომხდა.

_ ამიტომ დაგიბარე, ჩემო კარგო, ამიტომაც მინდოდა შენი ნახვა. რას მირჩევ, რა გავაკეთო? შენ რომ ჩემს ადგილას იყო, როგორ მოიქცეოდი? იმ ქალს ასი კაცი ჰყავს გამოცვლილი, ეს დანამდვილებით ვიცი. რაღა მაინცდამაინც ჩემს შვილს დაადგა თვალი? ერთი წესიერი გოგო გაწყდა ჩემი ბექასთვის?

_ უმწიკვლო და ქალწული არც მე ვარ, ქალბატონო ანიკო, _ დავიწყე კარტების გახსნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, _ მეც მყოლია მამაკაცი წარსულში.

_ ეგ სხვა ამბავია, გენაცვალე. მაგას არ ვგულისხმობ. გააჩნია, როგორ გყოლია. გაუთხოვარ ქალს საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს, სხვა რამეა. სიყვარულის გამო ქალი მსხვერპლზე ყოველთვის მიდის. მე გათხოვილს მყავდა საყვარელი მამაკაცი, მერე რა? ამას არ ჰქვია ბა. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. სულით არ უნდა იყო , სულით. იმ ქალის თვალებში ისეთ რამეს ვკითხულობ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რომ მიუღებელია. ის ვერასდროს იქნება კარგი ცოლი, ყოველთვის უღალატებს ჩემს შვილს და არა მარტო ცოლქმრობაში, ყველაფერში. მას ბექა შირმად სჭირდება მხოლოდ. ეს მაღელვებს და მანადგურებს, ჩემო სიხარულო. შენ სხვა ხარ, შენგან უდიდესი სითბო მოდის, საოცრად დადებითი მუხტი. ვიცი, როგორიც ხარ და ამიტომაც მომწონხარ.

თავდახრილი ვუსმენდი ანიკოს აღსარებას.

_ გარდა ამისა, ერთი რაღაცის ეჭვიც გამიჩნდა. ეს ჩვენ შორის დარჩეს, იცოდე, _ ხმა გაუმკაცრდა ანიკოს, მივხვდი, დიდ საიდუმლოს მანდობდა, _ არ მგონია, ნანკა ორსულად იყოს. ორი წლის წინ, როცა ბექა ჯერ კიდევ არ იყო, ასე ვთქვათ, «დადუღებული» და წარამარა ქალებში დარბოდა, ცუდად გახდა. როგორც ჩანს, სქესობრივი კავშირის დროს ვიღაცამ გასვარა, ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები შეექმნა. იმკურნალა და მალევე გაუარა, მაგრამ ანალიზები რომ გაიკეთა, უთხრეს, სხვა სახის მკურნალობაც გჭირდება, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე საქმეს, თორემ შეიძლება შვილი ვერ გაგიჩინოს ცოლმაო. ორმოცდღიანი კურსი დაუნიშნეს, თუმცა არც მიუქცევია ყურედღება, არ ჩაუტარებია მკურნალობა. მას შემდეგ შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო? თუ ორი წლის წინ არ შეეძლო ქალს მისგან დაორსულება, უკეთესობისკენ რა უნდა შეცვლილიყო? ამ ხნის მანძილზე ხომ უფრო გაუუარესდებოდა მდგომარეობა? არ იცი, როგორ მაინტერესებს. მგონია, რომ ის გოგო იტყუება, ამის გამოჭერა უნდა. იცის, ბექა როგორი მგრძნობიარეა და ამით სარგებლობს.

_ ღმერთო ჩემო, ასეთი ტყუილის თქმა როგორ შეიძლება? _ აღმომხდა, _ როგორ გაბედავდა ამას, ქალბატონო ანიკო?

_ ო-ო-ო! შენ არ იცნობ, როგორია. ბოროტი ნაპერწკალი უელავს თვალებში. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამიკვირდება, ასე რომ იყოს, მაგრამ როგორ გადავამოწმო? რაც უნდა ვუჩიჩინო ბექას, მიდი ექიმთან და გაესინჯე-მეთქი, არ დამიჯერებს, ჩემს სიტყვაზე არ გაივლის, ისეთი თავისნათქვამაა. იუკადრისებს და თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის. რა მოვიფიქრო, რა…

_ იქნებ ის მაინც გაარკვიოთ, რომელ პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში დადის? ვინ არის მისი გინეკოლოგი?

_ მაგას ვინ გამაგებინებს, გენაცვალე, გგონია, პირს მოაღებს და რამეს იტყვის? მით უმეტეს, თუ მართლა ტყუის?

_ და თუ არ ტყუის?

_ მით უარესი მაშინ. ყველაფერს იღონებს, რომ ბექას შინ დაუჯდეს. თუ ტყუილს ამბობს, მაშინაც არ გაუჭირდება თავისი ნათქვამის დამტკიცება. ეყოლება ნაცნობი გინეკოლოგი და ცნობის გაკეთებას რა უნდა დღევანდელ პირობებში? გადაუხდის ფულს და მორჩა, რა პრობლემაა? ნებისმიერს შეუძლია ეგრე უმტკიცოს ვიღაცას, რომ ორსულადაა. ასე არ არის?

_ ჰო, რა თქმა უნდა…

_ რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ასეთი გაუგონარი, ასეთი თავნება? ფუფუნებაში მე არ გამიზრდია, არც მამამისს მოუკლავს თავი მისი განებივრებით. რატომ არ ესმის ჩემი? ასე მგონია, ბოლო ხანებში უფრო და უფრო დავშორდით ერთმანეთს. სანამ პატარა იყო, კაბის კალთაზე მყავდა გამობმული, თვალებში შემომყურებდა, ჩემი ყველა სიტყვა კანონი იყო მისთვის. გაიზარდა და… ეჰ, ასეა, ასე. შვილი მანამ არის შენი, სანამ შენზეა დამოკიდებული. ახლა უკვე გვიან არის. მე კი მის გამო გავიუბედურე ცხოვრება, მის გამო დავსაჯე საკუთარი თავი და ხელი ვკარი ბედნიერებას. ამას გამიგებს ბექა? არა, რა თქმა უნდა.

_ მე ის ვნახე, ქალბატონო ანიკო, _ ვერ მოვითმინე და წამომცდა.

_ ვინ? _ გაკვირვებით შემომხედა ანიკომ, _ ნანკა?

_ არა, არა… ბიძინა… _ ვთქვი და სიმწრის ოფლმა დამასხა.

ქალს სახე გაუფითრდა. ტუჩები აუკანკალდა მოულოდნელად.

_ ბიძინა?.. ვინ ბიძინა? _ ჩურჩულით თქვა და ნახევარი ტანით ჩემკენ შემოტრიალდა.

_ მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით… ის ჩემი ნათლიაა, მამაჩემის მეგობარი. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ… ვმეგობრობთ კიდეც… ყველაფერი მომიყვა თქვენზე…

_ მამაშენის მეგობარი? ვინ არის მამაშენი?

_ თქვენ არ გეცოდინებათ, ის მოსკოვშია.

_ ვეჭვობ, ჩვენ ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვლაპარაკობდეთ. ალბათ რაღაც გეშლება, სოფი, _ მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ მისი ცხოვრების მამაკაცს ვიცნობდი.

_ არ მეშლება… ის ავად არის, მარტო ცხოვრობს, სულ მარტო… მიმხედავი არავინ ჰყავს, როგორც თქვენ მითხარით. ხანდახან და და დისშვილები აკითხავენ ხოლმე. მეც დავდივარ. ეს მან მომაწყო სამსახურში. ახლახან ფეხი იღრძო, წევს. გუშინ ვინახულე და სრულიად შემთხვევით მელაპარაკა თქვენზე, არც იცოდა, მე თუ გიცნობდით. არ ვცდები, იმიტომ, რომ ყველაფერი ემთხვევა… მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ უკვე ყველაფერი ვიცი.

ანიკოს ნიკაპი აუკანკალდა, ხელებიც აუცახცახდა. კარგა ხანს იჯდა ხმის გაუღებლად, უაზროდ მისჩერებოდა კედელზე ერთ წერტილს, თითქოს გაქვავებულიყო. მერე, დიდი ხნის მერე, შეირხა და უმეტყველო მზერა ჩემზე გადმოიტანა.

_ ისევ იქ ცხოვრობს?

_ დიახ.

_ ძალიან ცუდად არის?

_ არა, ძალიან ცუდად არ არის, მაგრამ… თავისი ბაღი აქვს, ყვავილებს უვლის. იმაზე წუხს, რომ რამდენიმე დღე ვერ შეძლებს ფეხზე ადგომას, ძალიან აქვს კოჭი გასივებული.

_ ყვავილებს… _ თითქოს ოცნებას გაუპასუხა ანიკო, თვალები მაღლა აღაპყრო, _ მუქი წითელი ვარდებით ექნება ეზო მოფენილი.

_ ჰო, ეგეთები ძალიან ბევრია… _ გამეღიმა.

_ რაო, რა თქვა ჩემზე?

_ რა ვიცი… თქვენი სიყვარულის ისტორია მომითხრო. მას ახლაც უყვარხართ, ქალბატონო ანიკო, თქვენს მერე სხვა ქალზე არც უფიქრია, ამიტომაც დღემდე უცოლოა.

_ იმედია, დღესაც მე არ მელოდება, _ გაღიმება სცადა ქალმა.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, გელოდებათ. მითხრა, ასე მგონია, ერთ მშვენიერ დღესაც, კარი გაიღება და ანა შემოვა ოთახშიო.

_ ასე თქვა?

_ ზუსტად ასე, _ ვთქვი და ვიგრძენი, როგორ დავმშვიდდი.

მან უკვე ყველაფერი იცოდა. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მას უნდა სცოდნოდა სიმართლე.

_ სოფი, მამტყუნებ? _ მკითხა უცებ.

_ რაში?

_ მასთან მტყუანი ვარ? შენი აზრით, სწორად მოვიქეცი?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით… არ მიფიქრია ამაზე, _ დავიბენი.

_ მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. სხვა გზა არ დამიტოვეს _ არც მან და არც ჩემმა ქმარმა. რჩევის მომცემიც არავინ მყავდა, სასოწარკვეთილი ვიყავი, თანაც უაზროდ ამაყი. ვერ გადავახტი ჩემს სიამაყეს. მერე კი ვინანე, მაგრამ გვიან იყო უკვე.

_ გვიან არასდროს არის ქალბატონო ანიკო, არასდროს, _ მტკიცედ ვთქვი.

_ შენ ამბობ ამას? შე-ენ? თუ ასეა, მოაბრუნე ჩემი შვილი, სანამ გზიდან გადაჩეხილა, _ თითქოს გამოცოცხლდა.

_ არა, არ შემიძლია. მე არ ვიმსახურებ მის სიყვარულს, მე…

_ მას შენ უყვარხარ, გოგონი, დაიმახსოვრე ეს.

_ ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც არ შემიძლია. მე დამნაშავე ვარ მის წინაშე და ამ დანაშაულს ვერანაირად ვერ გამოვისყიდი.

_ რატომ გგონია, რატომ? განა რა მოხდა ისეთი, რატომ არ მეუბნები?

ღრმად ამოვიოხრე, თავი დავხარე, ხელები ერთმანეთში ნერვულად გადავხლართე და ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი.

_ არის ერთი, რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა. ის მოსვენებას არ მაძლევს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბექას დამაშოროს…

_ და ბექამაც იეჭვიანა?

_ არა… არ ვიცი… უფრო ჩემი პრობლემაა, ვიდრე ბექასი. მე თვითონ ვერ ვბედავ, თავს ბექას სიყვარულის უფლება მივცე. არ ვიმსახურებ ამას.

_ გიყვარს?

_ ვინ, ის? _ თავი ავწიე და საყვედურით სავსე მზერა მივაპყარი.

_ ან ის, ან ბექა.

_ ის არ მიყვარს, დიდი ხანია, ის ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდა. ბექაზე კი… ბექაზე დღედაღამ ვფიქრობ, _ ალმურმა გადამიარა სახეზე.

_ მაშინ მოუგვარებელი არაფერია. ერთი კაცის გზიდან ჩამოშორება ძნელი არ არის. როცა დარწმუნდება, რომ არაფერი გამოუვა, თავისით წავა. ვიცნობ კაცებს, არც ამ შემთხვევაში შევცდები, _ ხელზე ხელი დამადო ანიკომ, _ შენ შენი სცადე, მეც დაგეხმარები, რაც შემიძლია. ვიყოთ ერთად და ყველაფერი გამოგვივა, მერწმუნე.

_ არ ვიცი, არ ვიცი, ქალბატონო ანიკო…

_ სამაგიეროდ, მე ვიცი. ხომ გაგიგონია გამოთქმა, «სუსტმა მამაკაცმა არ იცის, როგორ შეიტყუოს ქალი ლოგინში, ძლიერმა კი ის არ იცის, როგორ გამოაგდოს ქალი იქიდანო». ბექასაც ეს სჭირს, არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ნანკას. შენ უნდა დაეხმარო ამაში. გთხოვ, ძალიან გთხოვ, გააკეთე ეს, ჩემი ხათრით გააკეთე.

_ როგორ უნდა გავაკეთო, ქალბატონო ანიკო, ის საერთოდ აღარ იხედება ჩემკენ, არ მირეკავს, არ მელაპარაკება… ხმას არ მცემს, გესმით?

_ მერე რა, სამაგიეროდ, შენ გაეცი, შენ დაურეკე, შენ დაელაპარაკე… როგორც შეგიძლია, ისე აუხსენი შენი სიტუაცია. ის მიხვდება, ბრიყვი ნამდვილად არ არის, ასეთად არ გამიზრდია.

_ ვიცი…

_ ჰოდა, დაურეკე. ახლავე დაურეკე, ამწუთას… _ და ანიკო წამოდგა, მაგიდაზე შემოდებულ ტელეფონის აპარატს ხელი დაავლო, შავი კაბელი მოქაჩა და ყურმილი ხელში მომაჩეჩა.

ავილეწე, სულმა ფორიაქი დამიწყო. ვერც უარს ვეუბნებოდი ქალს, ვერც დარეკვას ვბედავდი.

_ გაბედე, _ თითქმის მიბრძანა ბექას დედამ.

უძლური ვიყავი მის წინაშე.

_ სად დავრეკო?

_ საავადმყოფოში. მობილურზე რომ დაურეკო, მიხვდება, საიდანაც იქნება ზარი.

აცახცაცებულმა ძლივს ავკრიფე საორდინატოროს ნომერი. კარგა ხანს არავინ მპასუხობდა. მერე რომელიღაც ექთანმა აიღო ყურმილი და ახლავე დავუძახებო, მითხრა… ჯერ ნაბიჯების ხმა გავიგონე ტელეფონში, მერე ბექას სუნთქვა და…

_ გისმენთ, _ მისი ხმის გაგონებამ წამით გამაბრუა, ამაკანკალა.

_ მე ვარ… _ უცნაურად ჟღერდა ჩემი ხმა.

_ ვინ შენ? _ აგდებით მიპასუხა. დავიჯერო, ვერ მიცნო? უსიამოვნოდ გამცრა ტანში.

_ სოფიო… _ უფრო მკაფიოდ ვთქვი.

_ ასეთს არ ვიცნობ, ნომერი შეგეშალათ, _ უხეშად წარმოთქვა და გამითიშა.

ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. ირგვლივ ყველაფერი ატრიალდა, გავშრი, გონება დამებინდა. გაურკვეველი გუგუნის ხმა ჩამესოდა ყურებში, საკუთარი გულის ბაგაბუგს ყელსა და საფეთქლებზეც კი ვგრძნობდი.

_ სოფი, სოფი, რა დაგემართა? _ ანიკოს ყვირილმა გამომაფხიზლა, ლოყაზე გამიტყაპუნა გაშლილი ხელისგული.

_ კარგად ხარ? როგორ შემაშინე, რომ იცოდე, _ ბექას დედასაც არ ედო ფერი სახეზე. _ კი მაგრამ, რა გითხრა ამისთანა? _ ქალი სულს ძლივს ითქვამდა.

_ ნომერი შეგეშალათო… _ პირგამშრალმა ძლივძლივობით წარმოვთქვი.

ანიკო გავიდა და ჭიქით წყალი შემომიტანა. ოდნავ მოვსვი. სუნთქვა გამიხშირდა, პულსის ძლიერ დარტყმებს ვგრძნობდი.

_ იქნებ ვერ გიცნო, შვილო?

_ არა, მიცნო… ასეთს არ ვიცნობო, ასე თქვა…

_ ასეთს არ ვიცნობო? მართლა ასე გითხრა? მე მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა შენთან ასე ლაპარაკი, _ გაწიწმატდა ანიკო და ტელეფონს მივარდა, მაგრამ მაჯაზე ჩავავლე ხელი.

_ არ გინდათ, არ ღირს… _ ღონემიხდილმა შევაჩერე.

_ რას ჰქვია, არ ღირს. როგორ გაგიბედა ეს, როგორ მოუტრიალდა ენა მაგ საზიზღარს! _ ქალი ანერვიულდა, ისე ცუდად გახდა, გულზე წაივლო ხელი. ახლა ის გახდა მოსაბრუნებელი.

_ იქ, უჯრაში… წვეთებია გულის… _ თითით მანიშნა კომოდისკენ.

8 8 8

რამდენიმე წუთში ორივე დავწყნარდით, ადამიანური ფერი დაგვიბრუნდა.

_ ხომ კარგად ხართ, ქალბატონო ანიკო? _ მზრუნველად ვკითხე.

_ შენ როგორ ხარ, ჩემო სოფი, თორემ მე რა მიჭირს, ამისთანები გადამიტანია? ხედავ, რას უშვრება ის გოგო? ბიჭი ჭკუაზე არ არის. არა, ნამდვილად რაღაც აქვს გაკეთებული. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება? ასე უცებ რამ შეცვალა ამგვარად? _ ვიშვიშებდა ბექას დედა.

_ მე წავალ, თუ არ გეწყინებათ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, ცოტა ხნით დავწვები… _ ვლუღლუღებდი ჩემთვის რაღაცას.

_ წადი, შვილო, წადი, მაგრამ არ მოეშვა იცოდე, არ მოდუნდე, უკან არ დაიხიო, გენაცვალე. მაგას მე დაველაპარაკები ხვალ დილით, როგორც კი მოვა. თუ ჰგონია, რომ ჩემთან მსგავსი რამეები გაუვა, ძალიან შემცდარა.

ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე აფორიაქებულ ქალს და წამოვედი.

არ მახსოვს, როგორ გამოვიარე მთელი გზა, ისეთი სისწრაფით მოვქროდი. ეს რა ვქენი, რა ჩავიდინე… როგორ დავრეკე, როგორ შევრცხვი… რას იფიქრებს ბექა… ჩათვლის, რომ ვეტენები, ვეხვეწები… არა, არ უნდა დამეჯერებინა ანიკოსთვის… კიდევ ერთი შეცდომა, კიდევ ერთი სამარცხვინო შეცდომა… როდის უნდა ვისწავლო ჭკუა? ახლავე დავუმესიჯებ და მივწერ, რომ დედამისმა მთხოვა მასთან დარეკვა, რომ სულაც არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ამით რა? ის ქალიც უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენო, მან რა დააშავა? ანიკოს მხოლოდ კარგის გაკეთება უნდოდა, მეტი არაფერი. ის რაღა შუაშია? რაც არის, არის, როგორც უნდა, ისე იფიქროს, ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

ძლივს მოვარგე გასაღები კარს. ოთახში შევაღწიე თუ არა, საწოლზე მივესვენე გამწარებული და მთელი ხმით ავღრიალდი.

8 8 8

მეორე დღეს, დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა. ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, არ ავმდგარვარ. ტირილისგან თვალები მქონდა შესიებული. წუხელ ტანსაცმელიც არ გამიხდია, როგორც მივესვენე საწოლზე, ისევე დავრჩი, პლედი გადავიფარე მხოლოდ გამთენიისას, ძალიან რომ შემცივდა. თანდათან ჩავთბი და მერეღა ჩამეძინა… ყურმილს დავწვდი.

_ ალო! _ ნამძინარევი ხმით ჩავძახე.

_ რატომ შემოდიხარ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დაუკაკუნებლად, რა გინდა? _ ბექას ხმა ვიცანი.

შევკრთი, ასეთ სიტყვებს არ ველოდი. ხმა არ გამიღია.

_ შენ გელაპარაკები, არ გესმის?

_ რა გინდა, ბექა…

_ მე რა მინდა? კიდევ მე რა მინდა? ეგ შენ უნდა გკითხო, შენ რა გინდა? რისთვის დამირეკე? შენ და დედაჩემმა პირი შეკარით, არა? არ დამანებებთ თავს?

_ მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, ეს შეცდომა იყო, _ წართმეული ხმით ვთქვი.

_ შეცდომა… ახლა მეუბნები, რომ შეცდომა იყო? იქნებ მითხრა მაინც, რა გინდოდა? ისე ხომ არ დარეკავდი, ესე იგი, რაღაც გინდოდა. თქვი, ბოლოს და ბოლოს, რა გაქვს სათქმელი! _ მთელი ხმით ყვიროდა.

_ არაფერი… შევცდი, რომ დავრეკე. მსგავსი რამ არასდროს განმეორდება, გეფიცები.

_ მართლა? მართლა? რატომ მახსენებ თავს, რა გინდა? ხომ მითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, რაღა გინდა ჩემგან? _ მომეჩვენა, რომ მისი ზარი მხოლოდ საბაბი იყო ჩემთან დალაპარაკებისა, ის რაღაცას ელოდა ჩემგან.

მოთმინებიდან გამოვედი. ყვირილი ასე არ უნდა-მეთქი და…

_ რას მიყვირი, რომ მიყვირი! შენი ბავშვი ვარ? რა დავაშავე ასეთი? ჰო, დაგირეკე, რა მოხდა მერე? არ შეიძლება შენთან დარეკვა, თუ რა? ბოდიში ბატონო, თუ არ შეიძლება, არ ვიცოდი! _ ერთიანად ვკანკალებდი.

როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ რეაქციას. მის პასუხს დაველოდე, მაგრამ კარგა ხმა არ გაუღია, ალბათ ფიქრობდა, რა ეთქვა. მე კი ამით ვიხელთე და გავაგრძელე.

_ ან როდის გითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, გითხარი? მიპასუხე, გითხარი? რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდი, რატომ ვთქვი უარი შეხვედრაზე, რა მიზეზი მქონდა, იქნება და რა ხდებოდა? კიდევ აქეთ მდებ შარს? უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, ათასი ბოდიში, მომავალში მეცოდინება და აღარ შეგაწუხებთ, იმედია, თქვენც ასევე მოიქცევით! _ გავკიოდი ტელეფონში, _ მეტჯერ აღარ დარეკო ჩემთან, აღარ გაბედო! _ დავამთავრე «ტირადა» და ყურმილი დავახეთქე.

საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ისე ვიყავი განრისხებული, თავადვე მიკვირდა, ასეთი რამ თუ შემეძლო. თუმცა კმაყოფილი დავრჩი. ხომ დავტოვე გაოგნებული, ასე მოუხდება. იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, ასე ადვილად თავს არავის დავაჩაგვრინებ. მნახა რა, დაბალი ღობე!

ადგილს ვერ ვპოულობდი. წინ და უკან დავდიოდი ოთახში. ალბათ ანიკოს შვილთან მწვავე კამათი ჰქონდა ჩემ გამო. ისიც გაბრაზდა და სამაგიეროს გადახდა მოინდომა. ნეტავ ანიკო სად იყო ამ დროს? დავიჯერო, ესმოდა ეს ყველაფერი? დავიჯერო, ასე გაანერვიულებდა დედას?

ორი საათიც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა. არ ავიღე, მეგონა, ისევ ბექა იყო. კარგა ხანს ისმოდა ზარის ხმა. მერე მობილური ამღერდა. ნომერს დავხედე, გიზელა მირეკავდა. მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე.

_ სოფიო, სად ხარ? _ გიზელა აღელვებული ჩანდა.

_ სახლში, რა მოხდა, რა ხმა გაქვს?

_ ცუდი ამბავი მოხდა ძალიან…. ცუდი ამბავი.

_ რა იყო, არ იტყვი? _ ძრწოლამ ამიტანა და მექანიკურად სავარძლიდან წამოვდექი.

_ ანიკო გარდაიცვალა…

_ რა? _ განწირული ხმით ვიკივლე, _ ვინ ანიკო, როდის, სად?! _ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, სიზმარში მეგონა თავი.

_ უზნაძის ქუჩაზე იპოვეს ნახევარი საათის წინ გარდაცვლილი, _ სლუკუნი აუტყდა გიზელას, _ ყველანი აქ ვართ, საავადმყოფოში, შენც გამოდი, რა, გელოდებით…

უზნაძის ქუჩაზე? ღმერთო ჩემო, იქ რა უნდოდა? ღონემიხდილი იატაკზე დავეშვი…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent