მათხოვარი (14 თავი)
მეთოთხმეტე თავი ასეთი დღის შემდეგ ბედნიერი საკუთარ ოთახში ვტრიალებ და მოწყეტილი ლოგინზე ვვარდები. გონებაში თითოეულ წამს ვაანალიზებ, ფიქრებში სანდროს სახელს ვიმეორებ და გული სიხარულით მითრთის. ალბათ ალკოჰოლის ბრალია, აშკარად საღად განსჯის უნარი დავკარგე, საკუთარ გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებ. როგორც პეპელა სანთლისკენ, მისკენ ისე მივილტვი. - რას ვიტყოდი ქალზე, რომელიც მამაკაცს ღამით მასთან ასვლას სთხოვს, კი არ სთხოვს თითქმის ეხვეწება?! სოლ ცოტა, დაუფიქრებლად, ყველაზე კორექტულად, ალბათ ცანცარას მაინც ხომ ვუწოდებდი. ახლა?! ახლა მე ვიყავი ცანცარაც, ამჩატებულიც და შეყვარებულიც, უკვე სახელიც კი დამირქმევია საკუთარი გრძნობისთვის... - სიყვარულსა მალვა უნდა!... - ჩამჩიჩინებს ჩემი ქვეცნობიერი. იქნებ მართალიცაა, მაგრამ რომ არ გამომდის?! ამ ადამიანმა დამავიწყა საკუთარი თავიც, ემოციებიც, ტკივილიც კი, რატომ აქვს ჩემზე ამხელა გავლენა?!... მთელი ჩემი არსება სულელური ღიმილით გაბადრული, უსიტყვოდ გაჰკივის და მხოლოდ მის სახელს იმეორებს. წესით ამ გრძნობით უნდა ვტკბებოდე, მაგრამ რატომღაც შიში მიპყრობს. ნეტა, სანდრო რას ფიქრობს? იზიარებს ჩემს ემოციებს, თუ სულულ გოგოდ მთვლის? იქნებ, ელოდება აღტაცება როდის გადამივლის? ერთ დღესაც ეს ყველაფერი, რომ დასრულდეს? რომ გაქრეს? ქვეცნობიერი სიფრთხილისკენ მომიწოდებს და ამის გამო ორმაგად მძულს. ყოვლად გაურკვეველი, აბდა-უბდა აზრების გამო თავი მეცოდება, ემბრიონის პოზაში ვიკუნტები, თბილად ვეხვევი პლედში, გაორებულს, საკუთარ ფიქრებში არეულს ჩამთვლიმა და... არ ვიცი სად ვარ, აშკარად გზააბნეული დავბორიალობ, გარშემო მხოლოდ ტყეა, ასეთი მცენარეები აქამდე არ მინახავს, უკიდეგანოდ აწოწილი, ჯარისკაცებივით სიმეტრიულად ერთ რიგში ჩამწკრივებული, რა უცნაურია, ასეთი სიმაღლის ხეებს პირველად ვხედავ. ხის წვერები ერთმანეთს ეხებიან, ტოტებს შორის ალაგ-ალაგ მოიკვლევენ გზას მზის სხივები, მაგრამ მათი სითბო ჩემამდე ვერ აღწევს. მობუზული, აკანკალებული მივიწევ წინ. ტყიდან გასასვლელს, გზას ვეძებ, ის კი არ ჩანს. სხვა და სხვა მიმართულებით გაკლაკნილ ბილიკებს ვაკვირდები და ვცდილობ ალღოს, ინტუიციას მოვუხმო, როგორმე თვითგადარჩენის ინსტიქტი ავამუშავო და ამ ჯურღმულიდან გავიდე. როგორც იქნა ამდენი ბილიკიდან ერთ-ერთს ვირჩევ, მივდივარ, ხეები უფრო და უფრო ხშირდება, სიმეტრია ირღვევა და გზაც იკარგება. ისეთი შეგრძენა მაქვს, თითქოს ვიღაც მიმზერს, თვალებს ვაცეცებ, მაგრამ არაფერი ჩანს, გარდა ხეებისა, რომელთაც საკუთარ ტყვედ მაქციეს. წინ გადახლართულ ტოტებს ხელით ვწევ, მინდა წავიდე, გავიქცე, მაგრამ უშედეგოდ. ხის ლერწმებს ელასტიურობა დაუკარგავთ, ნელ-ნელა ფერსაც იცვლიან და რკინის რიკულებად ქცეულნი გარს მერტყმიან, თითქოს თავისუფალი სივრცეც ვიწროვდება, აშკარად ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება, მინდა ვიკივლო, დასახმარებლად მოვუხმო, მაგრამ ხმას ვერ ვუშვებ, ყელიდან საბრალო ხავილი მხდება. შეშინებული ვიღვიძებ, გული გამალებით მიცემს, ოფლში ვცურავ. - მხოლოდ სიზმარია, მხოლოდ!... - საკუთარ თავს უკვე მერამდენედ ვუმეორებ. აკანკალებული წყლის დასალევად ვდგები, რომც მინდოდეს ალბათ, ვეღარც დავიძინებ, ამ ემოციის ხელახლა განცდის მეშინია. პიჟამით ფანჯარასთან ვდგავარ და ღამის თბილისს გავცქერი. ჩემს ყურადღებას რესტორნის წინ, ხესთან ატუზული მამაკაცის სილუეტი იპყრობს, აშკარად ლამპიონებს ერიდება, თითქოს ვიღაცას ელის, მოუთმენლად ბორგავს, სიგარეტს - სიგარეტზე ეწევა, მაგრამ მისი მოლოდინის ობიექტი არ ჩანს. მობილურზე ვიღაცას ესაუბრება, რამოდენიმე წამით ჩერდება, არ მეჩვენება, ნამდვილად სასტუმროს მიმართულებით, ჩემი ფანჯრებისკენ იყურება, თვალი ისე უშტერდება, მგონია ჟალუზს იქით ქურდივით ატუზულს მხედავს, იქნებ ხვდება, რომ ვუთვალთვალებ?!.. შეშინებული ფანჯარას ვშორდები, საკუთარ საქციელზე მეცინება. - ვინაა?.. რა უნდა?... - ისევ ფანჯარასთან ვბრუნდები, თუმცა მამაკაცი იქ აღარ დგას - სრული იდილიისთვის ესღა მაკლდა, პარანოია მჭირს, უკვე მოლანდებებიც დამეწყო! - უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და გაბრაზებული ვუღრენ საკუთარ წარმოსახვას. იმ ღამით ძილი აღარ მეკარება. ხან უცნობ მამაკაცზე ვფიქრობ, ხან - სანდროზე, ხან - მეგობრებზე, ხან ისევ წარსულ ცხოვრებას ვიხსენებ. ასე გაწამებული, თვალებდაჭყეტილი, კედელზე მოწიკწიკე საათის განათებულ ციფერბლატს ვუმზერ და გათენებამდე მოთმინებით ვითვლი წუთებს. თითქოს ჯიბრით, დრო ნელ-ნელა მიიზლაზნება. უნიჭოდ ვცვლი პოეტის სიტყვებს: - „ცხოვრებაში არ ყოფილა ღამე ასე გრძელი!“. ყველა სიკეთესთან ერთად, გარედან წყლის წვეთების ხმაც მესმის, წვიმს. უსიამოვნოდ მცრის ტანში, ბავშვობიდან მოყოლებული წვიმა სისველესა და სიცივესთან ასოცირდება. წელმოწყვეტილი, დილით ისე ვდგები, თითქოს მთელი ღამის ნაბახუსევი ვარ, არადა, აშკარად ერთ ჭიქაზე მეტი არ დამილევია. თავი მისკდება. ზანტად ვივლებ შხაპს, უხალისოდ ვემზადები ლექციებზე წასასვლელად. სასტუმროს ნომრის კარებს ხმაურით ვხურავ და მოულოდნელობისგან ადგილზე ვშეშდები. კიბეებზე მისი ჩვეული ლაღი ნაბიჯით ფუნთუშებითა და სხვადასხვა სახის ტკბილეულით ხელდამშვენებული სანდრო მოაბიჯებს. - ძილისგუდავ, უკვე გაიღვიძე?! - ისე მეკითხება, თითქოს ჩემს ამოღამებულ თვალებს ვერ ამჩნევს. თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მშვიდი ღამე არც მას ჰქონდა. - აქ რას აკეთებ?! - გაოცებას ვერ ვმალავ. - რა ვიცი, ერთმა ცელქმა გოგომ წუხელ ჩაიზე და ყავაზე დამპატიჟა!.. თუ წინადადება ისევ ძალაშია... - ფუნთუშებს მიფრიალებს წინ. - ის, ცელქი გოგო ლექციებზე რომ აგვიანებს?! - მეტიჩარა ხმით ვეკითხები. - გპირდები, მეორე ლექციაზე მიგიყვან, დავიჯერო ჩემთან ერთად ყავის დალევა ერთ ლექციად არ გიღირს?!... - გვერდულად მიღიმის ის. - ვინმეს უთქვამს, რომ ზედმეტად მაცდური ღიმილი გაქვს?! - უნებურად საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა წარმოვთქვამ. - კი, უთქვამთ, ოღონდ არ ვიცოდი, ეს ღიმილი ძუძუმწოვრებზეც თუ სჭრიდა! - ჩემი სიწითლით ორმაგად გახალისებული, მხიარულად ხარხარებს. დანებების ნიშნად ხელებს მაღლა ვწევ. საგულდაგულოდ დაკეტილი ოთახის კარებს ვხსნი და ორივენი ნომერში შევდივართ. ვიდრე ჩაიდანს ავავსებ, ის ბარის დახლთან ფუსფუსებს. - ვერ მოვასწარი მეკითხა, როგორ მიდის სტუდენტური ცხოვრება?!... -იმეზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა, მამაშენის უზომოდ მადლიერი ვარ... - გულწრფელად აღვნიშნავ მე. - მართლა?!.. გაუხარდება ბატონ ვაჟას... ჯგუფში რამდენი ხართ? ჩემს პატარა გოგოს ვინმე ხომ არ აბრაზებს?! - ათი, ექვსი ბიჭი და ოთხი გოგო! - ვცდილობ არ შევიმჩნიო, როგორ მაღიზიანებს მისი ირონიული „პატარა გოგო“. - შემთხვევით თაყვანისმცემლებიც ხომ არ გყავს?! - ინტერესით მაკვირდება. - პატარა ბავშვივით რატომ მელაპარაკები?! - გაანჩხლებული მოზრდილი ჭიქით ვუდგამ ხსნად ყავას და გვერდით ვუსკუპდები. - ბავშვი ხარ, აბა ვინ ხარ?! - მიამიტი სახით მიმზერს. ვერ ვხვდები რა უნდა, ჩემს გაღიზიანებას ცდილობს და უნდა ვაღიარო, კარგადაც გამოსდის. - მამაშენი იმაზე კარგი უფროსი გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდი, ჩემი სტუდენტური ცხოვრება მშვენივრად მიდის, ახალი მეგობრებიც გავიჩინე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ბავშვად ნამდვილად არ მთვლიან!... აქ ამის საკითხავად მოხვედი?!. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და ყავას სვამს: - გემრიელია, უგემრიელესი, მგონი ხშირად მომიწევს შენთან სიარული... - ვითომ?! შემდეგ მოსვლაზე მარილს ჩაგიყრი!... - თვალებში ჯიუტად მივჩერებივარ და საკუთარ ყავას ნერვების მომშლელად, ხვრეპა-ხვრეპით მივირთმევ. - ასე სმა უზრდელობაა! ცუდი მასპინძელი ხარ, ავი.. - ისევ დამცინის ის. - რას ვიზამ? აღმზრდელი არ მივარგოდა! - ცინიზმში არც მე ჩამოვრჩები. ხმას არც ერთი აღარ ვიღებთ, არ ვიცი რატომ ვეკინკლავები, რა მახელებს. იმის ნაცვლად მასთან ყოფნით ვტკბებოდე, უაზროდ სიტყვებზე ვეკიდები. უცებ სიცილს იწყებს, იმდენად გადამდები სიცილი აქვს, რომ თავს ვერც მე ვიკავებ, ვზივართ ასე სულელებივით და ჩაბჟირებამდე, ცრემლის დენამდე ვიცინივართ. - არასერიოზული ადამიანი ხარ! - სითბო ეპარება ხმაში. - შეიძლება... - მეორე ლექციაზე მისვლას თუ აპირებ, წასვლის დროა! - საათზე მანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე წასვლის განწყობა სულაც აღარ მაქვს, არ ვიმჩნევ და უხალისოდ მივყვები კარებში გასულს. - მომისმინე, გვანცა, რამდენიმე თვეა საკუთარი მეგობრები არ მინახავს, ამ საღამოს ვხვდები, თუ გეცლება... - დიდი სიამოვნებით, მაგრამ საღამოს ვმუშაობ, ბატონო სანდრო. - ანუ, არა?! - თითქოს ნაწყენი მეკითხება. - ანუ, ვერა... მკაცრი უფროსი მყავს, არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო! - უფროსი ახალკაცის გაბრაზებული სახის გახსენებაზე უსიამოვნოდ მცრის. ეზოში გვერდი-გვერდ მივაბიჯებთ, იქვე გაჩერებულ ნაცრისფერ, სპორტულ BMW-სთან ვჩერდებით, მართალია ავტომობილებში ვერ ვერკვევი, მაგრამ იმდენს კი ვხვდები, რომ განსაკუთრებული მოდელია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცოცხალი არსებაა, მის გლუვ, პრიალა ზედაპის ხელს ფრთხილად ვუსვამ. - არ ვიცოდი, ავტომობილი თუ გყავდა... - აღტაცებას ვერ ვმალავ. - ავტომობილი არცაა... - მკაცრი ხმით მისწორებს - ჩემი დიდი სიყვარულია, ზიკო... - ზიკო?!... - ჰო, BMW Z4, ჩემებურად ზიკო… - კმაყოფილს თვალები უციმციმებს, მისთვის ჩვეული სხარტი მოზრაობით თავსდება საჭესთან და კერებს შიგნიდანვე მიხსნის. - ჰმ, ზიკო... შემდეგ მე მიწოდებს პატარა ბავშვს! - სიცილს ვეღარ ვიკავებ. ავტომობილი ველური ნადირივით ღმუის და სწრაფადვე წყდება ადგილიდან. გამვლელთა ყურადღებას მაშინვე ვიპყრობთ. თუმცა, მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვუმზერ, გზის გადაღმა ისევ ის უცნობი მამაკაცი დგას. ლექციებიდან დაღლილი პირდაპირ რესტორანში მივდივარ, ზურას შორიდანვე ვესალმები და მუშაობას ვიწყებ. ვერ ვიგებ, მეჩვენება თუ, მართლა უჩვეულოდ ბევრი ჭურჭელია დასარეცხი. დრო იმაზე სწრაფად გადის ვიდრე წარმომედგინა, უკვე ფეხის გულებიც კი მეწვის, დაქანცული ვიხსნი წინსაფარს, როგორც იქნა დასვენება მეღირსა. - უკვე მიდიხარ?! - მეკითხება სამზარეულოში შემოსული ზურა. პასუხის გაცემის თავი აღარ მაქვს, მხოლოდ თავს ვუქნევ. - შენთან საუბარი მინდოდა... - გისმენთ, ბატონო ზურაბ! - იქნებ არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ.. - აშკარად სიტყვებს მირჩევს ზურა - ფრთხილად იყავი! - რამე მოხდა?! - არაფერი, მაგრამ სანდროს ბავშვობიდან ვიცნობ, ვხედავ მისთვის შემთხვევითი ადამიანი არ ხარ, შენზე სასურველზე მეტადაც კი ზრუნავს, მუშაობა დაგაწყებინა, ვაჟასგან ჩუმად, სწავლის ფულსაც ის გიხდის, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, სახიფათო ზღვარზე დგახართ, ყველაფერი კარგად აწონ - დაწონე, შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეს!... - თქვენ ხომ მითხარით, შენ სწავლას ვაჟა აფინანსებსო?! - გული გამალებით მიცემს. - სანდრომ მთხოვა, არ უნდოდა თავი კიდევ უფრო დავალებულად გეგრძნო, მაგრამ... - რა, მაგრამ?! - ხმა მებზარება მე. - ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შენიშნო... - ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ! - თითქოს ვცდილობ თავი ვიმართლო, მაგრამ საკუთარი სიტყვების მეც კი არ მჯერა. - არ ვიცი, სწორად გამიგე, გთხოვ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ... ზედმეტად განსხვავებულები ხართ, არ მინდა გეტკინოს, შემდეგ ბევრად რთული იქნება, ვაჟა ის კაცი არაა, მის შვილს ასეთი ურთიერთობის უფლება მისცეს! ვიცოდი, ვხვდებოდი, რომ ზურა მართალი იყო, მაგრამ ხმამაღლა ამ სიტყების მოსმენა იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. - გასაგებია!... - ხმა მებზარება, მაგრამ ცრემლების შეკავებას მაინც ვახერხებ. წელმოწყვეტილი გამოვედი სამზარეულოდან. თითქოს ჯიბრით, რესტორნის ეზოში სანდროს ავტომობილიც დავინახე. მასთან მორიგი შეხვედრის შიშით ავტომობილს გვერდი სწრაფად ავუარე და სასტუმროში შევვარდი. რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი, ზურა მართალი იყო, მისთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ ამას მხოლოდ გონება ფიქრობს, გული?! ჩვეულებისამებრ ჟალუზებს ვუშვებ და რაფაზე მჯდომი უბრალოდ ველოდები როდის გამოვა სანდრო. არ ვიცი რამდენ ხანს ვზივარ, იქნებ საათი, საათნახევარიც. ვხედავ, როგორ იხსნება რესტორნის კარები, ორი ერთმანეთის მსგავსი, აშკარად ტყუპი ვაჟის თანხლებით, ოდნავ ნაბიჯ არეული, მოაბიჯებს სანდრო. - აი იქ, აი, იმ ოთახში ერთი, ძალიან ჯიუტი, პატარა გოგო ცხოვრობს! - ხელით ანიშნებს ბიჭებს - მაგრამ, ზედმეტად მთვრალი ვარ, ახლა ვერ გაგაცნობთ!... - მართალი ხარ, ეხლა ვერ გაგვაცნობ! - სიცილით ეთანხმებიან ბიჭებიც. - და, საერთოდაც არ გაგაცნობთ, არ ხართ ღირსი, გააბრაზებთ! - თითს უქნევს სანდრო. - შენ თუ არ აბრაზებ, როგორმე ჩვენც აგვიტანს!... - ვინ გითხრათ, რომ არ ვაბრაზებ? ვაბრაზებ, ოღონდ სულ, სულ ოდნავ! - აქედანაც კი ვგრძნობ მის ირონიულ ღიმილს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ვზივარ და ვტირი. - მაგარი ნერვები ჰქონია მაგ გოგოს, შენ თუ გიტანს! - ეხუმრება მეგობარი. - ეე, თქვენ არც კი იცით... არც კი იცით... - სანდრო შენით წახვალ, თუ ჩვენ „წაგიღოთ“? - ჩემით, ჩემით! - ხმამაღლა ხარხარებს ის. ბიჭები იქვე მდგომ ტაქსში სხდებიან და მიდიან, სანდრო კი, წასვლის ნაცვლად ვხედავ სასტუმროსკენ როგორ მობარბაცებს. რამოდენიმე წუთში კარებზე აკაკუნებს, გული გამალებით მიცემს. - არ გახსნა, არ შემოუშვა! - თითქმის მიბრძანებს ჩემი ქვეცნობიერი. ყურებზე ხელს ვიფარებ, მაგრამ კაკუნი არა და არ წყდება. - რაც იქნება, იქნება! - ამის ატანა აღარ შემიძლია, ფრთხილად ვუახლოვდები კარებს და ვაღებ. კედელზე ცალი ხელით მიყრდნობილი, ოდნავ გვერდულად მიყურებს უმცროსი ახალკაცი. - ეეეე, ბავშვი, ტიროდი?! - წამიერად ფხიზლდება ის. - ბავშვი არ ვარ! - უკმაყოფილოდ ვიღრინები - აქ რას აკეთებ?! - დასმულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ამჯერად მე ვეკითხები. - არ გამაგდო, გთხოვ! - მუდარით მიმზერს და ვგრძნობ, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ის მცირედი სურვილიც კი მიქრება. გვერდულად ვიწევი და ოთახში შემოსვლის საშუალებას ვაძლევ - ბავშვი, ყავას დამალევინებ?! - მოწყვეტით ეხეთქება სკამზე. - მარილიანს?! - ხუმრობას ვცდილობ. - ჯანდაბას, იყოს მარილიანი, შენი ხელით მომზადებული მარილიანიც მომეწონება! - არ გინდა, სანდრო, გთხოვ! - ვცდილობ, როგორმე მღელვარება დავმალო. - ეჰ, ბავშვი, შენ არაფერი არ გესმის!... - ოხრავს ის. - როგორ ძლიერადაც არ უნდა გინდოდეს, ჩემზე სულ რაღაც, ხუთი წლით ხარ დიდი!... - სიცილს ვერ ვიკავებ. - მერე რა?! მაინც ბავშვი ხარ! - ჯიუტად მიმეორებს - სხვა გაგებით ხარ ბავშვი, საკუთარ გრძნობებში დაკარგული, შეგრძნებებში არეული, მე კი... - თავი ხელებში აქვს ჩარგული და ისე მელაპარაკება. - რა, შენ კი?! - წინ მჯდომს ინტერესით ვუმზერ. - არაკაცი ვიქნები ამ მდგომარეობით რომ ვისარგებლო. არადა, ვეღარ ვჩერდები, მიჭირს... გუშინ ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი, ასე უნდა ყოფილიყო. არც ახლა უნდა ვიჯდე აქ, მაგრამ... განგებ არ დამიგეგმევს, უბრალოდ სახლში წასვლის ნაცვლად ფეხებმა მისით წამომიყვანეს შენთან... ალბათ, სულელად ჩამთვლი, მაგრამ უნდა გითხრა, აუცილებლად უნდა გითხრა, ამ გრძნობას ვეღარ ვიტევ, მჭამს, მაწამებს. სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა ეჭვი, მეშინოდა, რომ შენსა და გიორგის შორის რაღაც იქნებოდა, რომ მას შეეძლო შენს სიყვარულში შემცილებოდა... არ გინდა გთხოვ, - ხელით მანიშნა გავჩუმებულიყავი - ვიცი რასაც მეტყვი, უშენოდაც ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი სისულელეა, ალბათ, არც ეჭვიანობის უფლება მაქვს, მაგრამ... ვიცოდი, მისი თავისუფლებით ბედნიერი იქნებოდი და დავეხმარე. თუ გინდა შემიძულე, ვაღიარებ, გუშინ ცეკვის დროსაც ვეჭვიანობდი... ისეთი ლაღი იყავი, ისეთი ლამაზი, ნებისმიერ იმ მამაკაცზე ვეჭვიანობდი, დარბაზში რომ ისხდნენ, ვინ მისცა შენი ცქერით ტკბობის უფლება?! ეს ნორმალურია?!.... - ტკივილით სავსე მზერით ამომხედა მან. ალბათ, უნდა გავბრაზდე, მისი უნდობლობა უნდა მეტკინოს, მე კი ვუსმენ და ბედნიერი ვარ, უბედნიერესი. - სან... - სიტყვა მიწყდება, მოსაფერებლად მისკენ გაშვერილ ხელს საბედნიეროდ ჰაერში დროულად ვაჩერებ და უხერხულად ვიშმუშნები. - არაფერს მეტყვი?! - ვერ ვიგებ, რის თქმას მთხოვ?!.. - საბოლოოდ ვირევი. - ვიჯექი და ვფიქრობდი, ხშირად მადლიერება და სიყვარული ერთმანეთში ერევათ... არ მინდა შენც ეს დაგემართოს, არ მინდა თავი დავალებულად იგრძნო და... - მადლიერება?! - მისი სიტყვები მაღიზიანებს - იქნებ შენ აურიე სიბრალული და სიყვარული?! - ირონიულად ვეკითხები მე. - იქნებ?!... - ისეთი თვალებით მიყურებს, რომ თავს უხერხულად ვგრძენობ და მზერას ვარიდებ - ბავშვი, არ გამაგდო, რა!... ამაღამ დავრჩები, გპირდები არ შეგაწუხებ, მისაღებში დავწვები, უბრალოდ დავრჩები!.. სასაცილოდ მეჩვენებოდა მისი თხოვნა, რამდენჯერ მძინებია მისი თანდასწრებით დაცვის ჯიხურში, რა შეიცვალა ახლა?! მინდოდა, მეთხოვა წასულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, წინ ვეჯექი და ვუმზერდი დღეს უკვე მეორედ როგორ სვამდა სანდრო ახალკაცი ჩემს ოთახში ყავას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.