შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 13


17-11-2016, 19:24
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 818

-ლეო -ძლივსძლივობით ამოვთქვი დაბნეულმა და კარის სახელურს მაგრად ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი. არაფერი უპასუხია, გვერდი უმეტყველო მზერით ამიქცია და შიგნით დაუკითხავად შევიდა. ერთხანს ზღურბლთან თავჩახრილი ვიდექი და იატაკს დავშტერებოდი, მაშინებდა მოსალოდნელი საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გადავწყვიტე ჩემი თავისთვის მეიძულებინა უკან შევბრუნებულიყავი და მისთვის თვალებში ჩამეხედა. ასეც მოვიქეცი.
ახვლედიანი უკვე სავარძელში ჩამჯდარიყო და ცივ მზერას არ მაშორებდა. ამან უფრო მეტად შემაშინა, თუმცა ვცადე ეს გარეგნულად არ შემემჩნია და მის პირდაპირ უხმოდ მოვკალათდი. ერთხანს ასე ვიჯექით, მომეჩვენა რომ ხმის ამოღებას არც აპირებდა, მაგრამ როგორც კი მზერა მოპირდაპირე კედელს მოსწყვიტა და კვლავ თვალებში ჩამხედა მოსასმენად მოვემზადე. გული მიგრძნობდა, რომ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი.
-აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ახსნა-განმარტება მოვისმინო -მითხრა და მოულოდნელად მრისხანე მზერა მიიღო -უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ მინდა შენთან ყველაფერი საბოლოოდ დავასრულო.
ელდა მეცა ამის გაგონებაზე. რაღაც ამდაგვარს ისედაც ველოდი, მაგრამ მოსმენა ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოდგენა. ერთიანად დავიძაბე და მთელი სხეული ამტკივდა. ვგრძნობდი, რომ რაიმე უნდა მეთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს ტვინში ვიღაც ხელს ურევდა და აზრების დალაგების საშუალებას არ მაძლევდა.
-გახსოვს ბაბი როცა იდეალური ადამიანების არსებობა-არარსებობაზე ვკამათობდით? -ჩაეღიმა
-ჰო მახსოვს -ძლივს ამოვიკნავლე და თვალებზე ცრემლები მომაწვა
-შენ ამბობდი, რომ ისინი არ არსებობენ, მე კი საწინააღმდეგოს ვამტკიცებდი. მინდა გითხრა, რომ გაიმარჯვე. მაგრამ ერთი რამეც უნდა აღვნიშნო-ადამიანი, რომლის როლსაც შენ თამაშობდი მართლაც რომ იდეალური იყო -სახეზე უდიდესი ტკივილი აღებეჭდა
-ლეო მეგონა ელენე შენს გამო დავკარგე. ამ ყველაფერს ამიტომ ვაკეთებდი, მაგრამ ახლა, როცა სიმართლე გავიგე შენს მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა. გთხოვ შეეცადე მაინც, რომ მაპატიო -სასჯელის მომლოდინე დამნაშავესავით შევქცეროდი ჩემს პირდაპირ მჯდარ ახვლედიანს
-ელენე -წარმოთქვა ლეომ მისი სახელი და ჩაეღიმა -ცოცხალი, რომ ყოფილიყო შენს ამ საქციელს იგი ამაზრზენს უწოდებდა . . . იცი ბაბი? სასაცილოა, რომ რაც ჩვენს შორის ხდებოდა ყველაზე სუფთა და ნამდვილი მეგონა -თავი უკმაყოფილოდ გადააქნია -სინამდვილეში ეს ტყუილზე და ღალატზე აგებული ფარსი ყოფილა და მეტი არაფერი
-ლეო გთხოვ . . . -ტკივილისგან ლამის იყო გული გამგლეჯვოდა
-გტკივა არა? მეც მტკივა და იმის გაცნობიერებაც კი მზარავს, რომ ყოველი ჩემი შეხება შენში უსიამოვნო ემოციებს იწვევდა, მაშინ როცა მე გრძნობების მთელ ფეიერვერკს განვიცდიდი
-მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მეც შევიცვალე . . .
-ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს -თქვა და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. მეც მას მივბაძე და მივუახლოვდი. რამხელა სევდა იკითხებოდა ჩემთვის საყვარელი ადამიანის თვალებში. რამხელა დარდი და მწუხარება.
-ლეო -ჩურჩულით წარმოვთქვი მისი სახელი და შუბლზე შუბლი მივადე. ახვლედიანმა თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა
-ამას ნუ აკეთებ ბაბი
-რას ვაკეთებ? -ვერ მივუხვდი
-ჭკუიდან გადაგყავარ
-მართლა გინდა, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდეს? -ვკითხე და პასუხის მოლოდინში საშინლად დავიძაბე
-ჰო მინდა -ამ სიტყვებით თავისი თბილი სუნთქვა, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე სახეზე მეცემოდა თან წაიყოლა და უკანმოუხედავად გაემართა გასასვლელისკენ. მალე კარის გაჯახუნების ხმაც გავიგე და იქვე, კედელთან უღონოდ ჩავიკეცე.
არ მახსოვს რამდეხანს ვიყავი ასე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამიერიდან აღარაფერი იქნებოდა კარგად და ამავდროულად ჩემს თავზეც ვბრაზობდი, რომ ასე მარტივად დავყარე ფარ-ხმალი . . .
ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივები კედლის სწორედ იმ ნაწილს ანათებდა, სადაც მე ვიჯექი, მაგრამ ამწუთას ვერც მის სიმხურვალეს ვგრძნობდი და ვერც "გავარვარებული ბურთის" შემაწუხებელ სინათლეს. უბრალოდ ვიჯექი ცივ იატაკზე, ერთ წერტილს უაზროდ მივშტერებოდი და იმ ფაქტებს ვაანალიზებდი, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადამხდა თავს.
დამღალა ამდენმა ემოციებმა, პრობლემებმა და ცრემლებმა. საშინელ მოთენთილობას გავიცდიდი და თითქმის აღარაფრის ძალა აღარ მქონდა. კედელზე ზურგით მიყრდნობილი, უკვე ძილბურანისკენ მიმავალ გზას ვადექი, რომ იქედან კარზე გაბმული ზარის ხმამ მომაბრუნა. მაშინვე გამოვფხიზლდი და ფეხზე იმ იმედით წამოვხტი, რომ მოულოდნელი სტუმარი კვლავ ლეო იქნებოდა . . .
სამწუხაროდ მწარედ მოვტყუვდი . . . ზღურბლთან არც ახვლედიანი იდგა და არც ჩემთვის ნაცნობი პიროვნება. ამ ადამიანს დღეს პირველად ვხედავდი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მის ფეხებთან დადებული წითელი ჩემოდანი მაკვირვებდა, რომელსაც გარედან წითელ-ყვითელი ვარსკვლავები ეხატა.
-არ შემომიშვებ? -გაურკვევლობიდან გოგონას ირონიულმა ტონმა გამომიყვანა და მაშინვე მოვეგე გონს
-დასაწყისისთვის იქნებ ჯობდეს მითხრა ვინ ხარ?
-კართან დგომას არ ვაპირებ -ამ სიტყვებით თავის ბარგს ხელი დაავლო და ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ზღურბლს ყველანაირი შესავლის გარეშე გადმოაბიჯა
არაფერი მითქვამს. რამდენიმე წამი ერთ ადგილას, გაოგნებული ვიდექი და თავში კვლავ ის კითხვა მიტრიალებდა-თუ ვინ იყო ეს ადამიანი და რატომ დამადგა თავს ასე მოულოდნელად. თანაც რას ნიშნავდა ეს ჩემოდანი? მართლა არაფერი მესმოდა, ამიტომ ჩემს კითხვებზე პასუხის მისაღებად გადავწყვიტე თავად მას გამოვლაპარაკებოდი. კარები უხმოდ მივხურე და მისაღებში გავედი. მოსულს ბარგი იატაკზე დაედო და სახლს დაკვირვებით ათვალიერებდა.
-პასუხს ველოდები -როცა შევამჩნიე, რომ ყურადღებას არ მაქცევდა წინ დავუდექი და გამომწვევად შევხედე. ამჯერად ინება და მზერა ჩემკენ მომართა. შევატყვე, რომ ჩემთვის რამის ახსნა ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-მოკლედ გეტყვი, მიკიბ-მოკიბვა არ მჩვევია -თქვა და ქერა კულულები მარჯვენა მხარეს გადმოიყარა -მამაშენს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა სხვა ქალისგან, ეს შვილი კი მე ვარ
ამის თქმა და ჩემი შოკირებული გამოხედვა ერთი იყო. კარგი ფილმებში მსგავსი სცენები ალბათ მილიონჯერ მაინც მქონდა ნანახი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში? არა, ეს რაღაც ბრაზილიური სერიალის სიუჟეტს ემსგავსებოდა და რომ არა გოგონას სერიოზული გამომეტყველება, ალბათ სიცილიც კი ამიტყდებოდა.
-მოიცა რა თქვი? -რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი
-რა ვერ გაიგე? შენი და ვარ გენიოსო -საფეთქელზე თითი ოდნავ დამარტყა და სახლის თვალიერება უდარდელად განაგრძო -ლამაზი ბინაა. ალბათ ჩემი ჩემოდნის დანახვისას იმასაც მიხვდი, რომ გარკვეული დრო აქ ვაპირებ დარჩენას
-ერთი წუთით, ერთი წუთით. უკან გადაახვიე. დარჩენას აპირებ? და საიდან მოიტანე, რომ რაც თქვი ის ყველაფერი დავიჯერე?
-დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს -თქვა და ჩანთაში დაიწყო ქექვა. გარკვეული დროის შემდეგ იქიდან რაღაც პატარა კონვერტი ამოაძვრინა და დამაჯერებელი სახით გამომიწოდა.
გამოწვდილი უხმოდ ჩამოვართვი და სასწრაფოდ გავხსენი. გული გამალებით მიცემდა და სუნთქვა საგრძნობლად გამხშირებოდა. კონვერტში რამდენიმე ფოტოსურათი იდო. პირველივე მათგანზე ვიცანი მამაჩემი, რომელსაც ვიღაც პატარა ქერა გოგონა ეჭირა ხელში და ლოყაზე კოცნიდა. რა საოცრად ჰგავდა ფოტოზე გამოსახული ბავშვი ჩემს წინ მდგარ ადამიანს. ხელის კანკალით გადავათვალიერე შემდეგი სურათები, თან მის გამარჯვებულის მზერასაც ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუყურებდი. ყოველი ახალი კადრის ნახვისას მასზე აღბეჭდილი ბავშვი სხვადასხვა ასაკში იყო და ყოველ მათგანში მამა ედგა გვერდით. ერთ-ერთი მისი ჩვიდმეტი წლის იუბილის ფოტო იყო, რასაც სადღესასწაულო ტკბილეულში ჩარჭობილი ციფრებით მივხვდი. ამ ფირზე მამა მის გვერდით იდგა და იუბილარს, რომელიც ტორტზე სანთლების ჩასაქრობად იყო დახრილი, გაცისკროვნებული მზერით უყურებდა.
მორჩა მეტი აღარ შემეძლო, ფოტოები იქვე დივანზე მივყარე და მეც მასზე ჩამოვჯექი. რამდენიმე წამში ისიც გვერდით მომიჯდა და საზურგეს ოხვრით მიეყრდნო.
-შოკში ხარ არა? -მკითხა და თმა კვლავ გვერძე გადაიყარა
-რა გქვია? -მხოლოდ ამის კითხვაღა შევძელი მომხდარით გაოგნებულმა, თან ძლივს მოვახერხე მისთვის გამეხედა
-ლუნა -ამჯერად გამიღიმა
-არ გინდა ყველაფერი მომიყვე? მამამ შენზე რატომ არაფერი თქვა? ეს რატომ დაგვიმალა?
-მისმინე ძვირფასო დაიკო, მამა მკვდარია და მოდი მის განსჯას თავი დაანებე. ეს იმიტომ გააკეთა, რომ თქვენი დაკარგვა არ უნდოდა. ჰო მან დედაშენს უღალატა, არც დედაჩემმა იცოდა, რომ იგი ცოლიანი იყო... -წამით შეყოვნდა, შემდეგ კი ისევ განაგრძო -როცა ჩემზე დაორსულდა, მამას ყველაფერი უთხრა, ის კი შეჰპირდა, რომ ყველანაირად უზრუნველმყოფდა და მნახავდა ხოლმე, მაგრამ თქვენ-შენ, შენს დას და დედაშენს ჩემ შესახებ არაფერი არ უნდა სცოდნოდათ. ასეთი იყო მისი პირობა
-არც კი მჯერა -მოსმენილმა უარეს შოკში ჩამაგდო-მეგონა მამაჩემზე ერთგული კაცი ქვეყნად არ დაიარებოდა
-ასეც იყო. მას დედაშენი ძალიან უყვარდა, ეს ხშირად მიგრძვნია
-თუ ასეა რატომ . . . სიტყვის დამთავრება არ მაცალა კვლავ თვითონ ალაპარაკდა
-ზოგიერთ კაცს აქვს სისუსტის მომენტი, როცა ლამაზ ქალს ხედავს, თან თუ ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზაც ერთვება საქმეში ეს გაცილებით უფრო შესაძლებელია. მამასაც ასე დაემართა, მაგრამ მეორე დღეს სინანული უკვე ძალიან გვიანი იყო
-გამოდის, რომ შენ ჩემი და ხარ? -იმდენად უცნაურად მეჩვენა ჩემი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვები, რომ თვალები დავხუჭე და თავი რამდენჯერმე გადავაქნიე
-ეს არ არის მთავარი თემა. ჯერ ის მითხარი რომელი იქნება ჩემი ოთახი. ცოტაოდენი დასვენება არ მაწყენდა
-შენ რა სახლი არ გაქვს? -გაკვირვებულმა გავხედე და ცოტა გამაღიზიანა მისმა თავხედობამ
-კი მაქვს. ეს არის ჩემი სახლი. წამოდი ოთახი მაჩვენე და თან ბარგი წამომიღე საშინლად დავიღალე
-ჯერ ერთი -ფეხზე წამოვდექი და ცხვირწინ ავესვეტე -შენი ორტონიანი ჩემოდნის თრევას არ ვაპირებ და მეორეც, სანამ აქ შენთვის ოთახის მზადებას დაიწყებდე, დარჩენის ნებართვა ჩემგან უნდა აიღო
-კარგი მოდი ერთი რამე დავაზუსტოთ. ის სახლი რომელიც გაყიდე წესით ჩემიც იყო, რადგან საერთო მამა გვყავს და ამას ვერსად გაექცევი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი ატანა მოგიწევს. მეორე ვარიანტიც არსებობს -იქედან თუ რაიმე თანხა გადაგრჩა ჩემს ანგარიშზე გადმორიცხე და დღესვე გავქრები აქედანაც და შენი ცხოვრებიდანაც. ვატყობ, რომ ჩემი დანახვა მაინდამაინც არ გაგიხარდა
-ფული არ მაქვს. თავი ტყუილად შეგიწუხებია -უფრო მეტად გამაღიზიანა იმის გაცნობიერებამ, რომ აქ მხოლოდ "თავის წილის" მისაღებად იყო მოსული -რაც შეეხება შენს აქ დარჩენას-არ ვაპირებ ამის უფლება მოგცე -ბოლომდე ვერც მე მივხვდი ეს რატომ ვუთხარი. ალბათ იმიტომ, რომ მისი თავხედობა საშინლად მაღიზიანებდა და იხტიბარს არ ვიტეხდი. ჩემდა გასაკვირად სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია, კვლავ იმ ირონიული მზერით მიყურებდა და ამას უკვე ჭკუიდან გადავყავდი.
-შენგან ნებართვის აღებას არც ვაპირებ დაიკო. ის ქონება, რომელიც დაუფიქრებლად გაყიდე მეც მეკუთვნოდა. არ გირჩევ რომ დამიპირისპირდე, ეს კარგ შედეგამდე არ მიგიყვანს
-და რას იზამ? -ხმას ავუწიე უკვე მოთმინებიდან გამოსულმა
-ამას იმ შემთხვევაში მიხვდები თუ ამ სიჯიუტეს კიდევ დიდხანს გააგრძელებ
-მისმინე, ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს. აიღე შენი ნივთები და სამ თვლაში აქაურობას მოშორდი
-თორემ რა? -უფრო მეტად მომიახლოვდა და თვალი თვალში გამიყარა
-მართლა არ ვარ იმის გუნებაზე, რომ გეკამათო. პრობლემები ისედაც არ მაკლია და არ მინდა მათ კიდევ ერთი დაემატოს შენი სახით
-ეტყობა ვიღაც ძალიან გაბრაზებულია. ნეტავ ელენეც შენნაირი აუტანელი იყო?
-მის შესახებაც იცი?
-მე ბევრი რამ ვიცი. ისე შენ ახლა ჩემი ერთადერთი ოჯახის წევრი ხარ ვინც კი შემომრჩა. ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ არაუშავს. ნელ-ნელა შეეგუები იმ ფაქტს, რომ აქ ვიცხოვრებ -ეს, რომ თქვა თავის გორგოლაჭებიან ჩემოდანს დასწვდა და იმ ოთახისკენ წავიდა სადაც ადრე სანდროს ეძინა.
ვერაფერი ვუთხარი. მხოლოდ გაშტერებული ვუყურებდი და ჯერაც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ მეგონა, რომ ამქვეყნად არავინ მყავდა, ახლა კი მოულოდნელად ეს გოგო გამოჩნდა, რომელიც მოდის და მეუბნება, რომ დები ვართ. არა ეს ჩემთვისაც კი მეტისმეტია. მართალია ჩემი ცხოვრება უკვე დიდი ხანია აღარ იყო ჩვეულებრივი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად, რასაც ახლა ველოდი სწორედ ის სიტუაცია იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა. იქვე, დივანზე მოწყვეტით დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. ვფიქრობდი იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ელენეს ცოცხალი, რომ ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდა დედა? ან რა პასუხს გასცემდა თითოეულ ჩვენგანს ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი, მამა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო გაურკვეველი ხდებოდა ყველაფერი. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდოდა-ცოტა ხნით მაინც დამესვენა და რეალობას სრულიად გამოვთიშვოდი. ასეც მოვიქეცი. ფეხზე წამოვდექი, ჩემს ოთახში შევედი და ამდენი ემოციისგან გადაღლილი პირდაპირ საწოლზე დავეხეთქე. ალბათ აქედან ოცი წამიც არ იყო გასული, რომ უკვე მკვდარივით მეძინა და საღამომდე საერთოდ არაფერი გამიგია.
დაახლოებით ხუთის ნახევარი იყო, როდესაც მისაღებიდან გამომავალმა ძალიან ხმამაღალმა მუსიკამ გამომაღვიძა. "ეს რაღა ჯანდაბაა?" -გავიფიქრე გულში და ბალიშიდან თავი ძლივსძლივობით წამოვწიე. ცოტა აზრზე რომ მოვედი მივხვდი, რომ კედლის მიღმა მძიმე როკის ჰანგები იფრქვეოდა და ოთახიდან მაშინვე გავედი. მინდოდა გამერკვია, თუ რა ხდებოდა ჩემს სახლში. ზუსტად ის იყო რასაც ველოდი. ჩემი ახლადშეძენილი დაიკო დივანზე არხეინად მოკალათებულიყო, მუხლებზე ლეპტოპი დაედო და ამ საშინელი მუსიკის ფონზე სოციალურ ქსელში დახეტიალობდა. იმდენად ამატკივა თავი ამ საშინელმა ხმაურმა, რომ მაშინვე დინამიკებისკენ გავწიე და გათიშვის ღილაკს ხელი გაბრაზებულმა დავაჭირე. ლუნა მაშინვე შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე ირონიულად ჩაეღიმა.
-რა მოხდა ძილი ხომ არ დაგიფრთხე?
-შენ წარმოიდგინე კი -მის გვერდით ჩამოვჯექი და დივანე ფეხები ავიკეცე
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? სადმე არ წავიდეთ? -ინტერესით გამომხედა
-სად უნდა წავიდეთ? -აშკარად გამაოცა მისმა სიტყვებმა
-რამდენი წლის ხარ ნინი? -მკითხა უეცრად
-ბაბი დამიძახე. ოცდაერთის ვარ და რა?
-ის, რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, შენ კი მოხუცი ადამიანივით ცხოვრობ. გეტყობა რომ კლუბები, ბარები და ამგვარი გართობები შენთვის უცხო თემაა
-და შენთვის ნაცნობია?
-რა თქმა უნდა. აბა რას იტყვი წამოხვალ?
-რა უჩვეულოა ეს სიტუაცია -თავი გადავაქნიე -ისე მალაპარაკები თითქოს უკვე დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ, არადა ერთმანეთი დღეს პირველად ვნახეთ
-ეს როგორც უარი ისე გავიგო?
-დაახლოებით -ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. რატომღაც მასთან ყოფნას ახლა ყველაფერი მერჩივნა, ამიტომ გადავწყვიტე საავადმყოფოში წავსულიყავი ანდროს მოსანახულებლად. თან იმ ყველაფერსაც მოვუყვებოდი რაც დღეს გადამხდა თავს და ცოტა გულზეც მომეშვებოდა.
მისთვის აღარაფერი მითქვამს. კვლავ ჩემს ოთახში შევედი, ტანზე გამოვიცვალე, სახლიდან სწრაფად გავედი და უკვე ლიფტთან ვიდექი როდესაც ანდროსთან დარეკვა გადავწყვიტე. ხომ შეიძლებოდა მიღების საათები დამთავრებული ყოფილიყო და იქ ტყუილად მივსულიყავი? დაახლოებით ათი წამის შემდეგ მიპასუხა. ხმა როგორც ყოველთვის მხიარული ჰქონდა.
-გისმენ თოჯინა
-როგორ ხარ?
-არ ვიცი, ეს ექთნების ჟურნალები მაინდამაინც არ მამხიარულებს, ტელევიზორში კი სულელური სერიალების მეტს არაფერს აჩვენებენ
-თუ მიღების საათები დამთავრებული არაა შემიძლია მოვიდე. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ უკვე გზაში ვარ
-არა შეგიძლია მოხვიდე -შევატყვე გაუხარდა ამის მოსმენა
-კარგი. თან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. ვერ წარმოიდგენ რა მოხდა დღეს ჩემს თავს
-მაინც?
-ტელეფონით სასაუბრო არაა. როცა მოვალ მერე ვილაპარაკოთ. რამე ხომ არ წამოგიღო?
-არა არაფერი მინდა. მოუთმენლად გელოდები -ეს თქვა და ყურმილი დამიკიდა
საავადმყოფომდე ავტობუსით მივედი. მართალია ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მეჯავრებოდა, მაგრამ ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ტაქსიში ჩაჯდომა საშინლად არ მინდოდა. თითქმის თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი.
როგორც კი ანდროს პალატის კარი შევაღე, თვალში მაშინვე ახალგაზრდა ექთანი მომხვდა, რომელიც ჩემს მეგობარს ღიმილით ეკიხთებოდა სჭირდებოდა თუ არა რამე. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივი პაციენტისადმი მიმართვას და ამ გარემოებამ სახეზე ღიმილი მომგვარა.
-აი მეც აქ ვარ -მივუახლოვდი მის საწოლს და მობილური ტუმბოს თავზე შემოვდე. ექთანმა ანდროს წვეთოვანი გაუსწორა, კიდევ ერთხელ გაუღიმა და პალატა მოხდენილი ნაბიჯებით დატოვა.
-მალე მოხვედი
-ჰო, შენ კი როგორც ვხედავ აქ უკვე ყველას გული დაიპყარი -წარბები ეშმაკურად ავათამაშე
-ხომ იცი, რომ ექიმები არ მიზიდავენ? მათი ბავშვობიდან მეშინია -გაეცინა
-კარგი, კარგი ხმას არ ვიღებ
-ჰო მართლა -ინტერესით გამომხედა -ტელეფონში მითხარი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა. რა მოხდა?
-არ დაიჯერებ რასაც ახლა გეტყვი -მის საწოლზე ჩამოვჯექი -მოკლედ დღეს დილით გავიგე, რომ მამაჩემს კიდევ ერთი შვილი ჰყავს
-მოიცა რა? -აშკარად გაოცდა
-მეც ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა, როცა ის გოგო დღეს დილით კარზე მომადგა და ეს ამბავი მახარა
-საიდან გიპოვა?
-წარმოდგენა არ მაქვს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს
-აი ეს მესმის -გაეღიმა ანდროს -როგორი ადამიანია? მოგეწონა?
-საშინლად აუტანელი. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მომდევნო დღეებში პირადადაც შეიძლება გაიცნო
-ჰო ოღონდ ჯერ ამ საშინელი ადგილიდან გავალ -აშკარად ეტყობოდა, რომ იქ ყოფნას ყველაფერი ერჩივნა
-რა უცნაურია არა ეს ცხოვრება ანდრო? -საწოლზე გვერდით მივუწექი და მხარზე თავი ჩამოვადე
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ ერთ დროს ძალიან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა, შემდეგ კი ყველაფერი აირია
-მაგრამ მგონი ვითარება ნელ-ნელა ლაგდება არა?
-ჰო, სხვანაირად უკვე აღარ შემიძლია. მენატრება შენთან მოსვლა და ჩემს სულელურ პრობლემებზე საუბარი -გამეღიმა -ის გამამხნევებელი სიტყვებიც, რომლებიც ამ დროს მესმოდა და მაიძულებდა ყველაფრისთვის სხვა თვალით შემეხედა
-ვამჩნევ რომ ახლაც გინდა რაღაცის თქმა
სიტყვაც ვერ დავძარი. უბრალოდ ვდუმდი და თავი კვლავ მის მხარზე მედო.
-ვიცი რაც გჭირს -როცა მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი კვლავ თვითონ განაგრძო -ლეომ ყველაფერი გაიგო არა?
-ჰო გაიგო -თვალები მაგრად დავხუჭე და მთელი ძალით ვცადე არ მეტირა
-არ გაბედო და ფარ-ხმალი არ დაყარო. ამით პირველ რიგში საკუთარ თავს გაიუბედურებ
-არ მაქვს იმედი, რომ ოდესმე მაპატიებს
-შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მართლა უყვარხარ მოახერხებს ყველაფრის დავიწყებას -ანდრომ ხელზე ხელი მომკიდა და თავზე მაკოცა -უბრალოდ მომთმენი იყავი, აცალე დამშვიდდეს და აზრზე მოვიდეს კარგი?
-კარგი -მეტი აღარაფერი მითქვამს. მთელი დარჩენილი დრო სიჩუმეში გავატარეთ. მერე ანდროს მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გავიგონე, მივხვდი, რომ ეძინა და პალატა ფეხაკრებით დავტოვე.



№1 სტუმარი gvanca

rogor male wavikitxe es tavi ar mindoda ro damtavrebuliyo. imedia male dadeb madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent