შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშობაო ზღაპარი (მამიკო)


23-12-2016, 21:37
ავტორი sopiko
ნანახია 2 120

ყოველთვის გიჟდებოდა იმ მომენტზე, როცა პატარა, ნაწნავებიან გოგონას მის გულზე ეძინებოდა, მისი მშვიდი ფშვინვა კი მკერდზე ეფინებოდა. გაუნძრევლად იწვა და მიუხედავად იმისა, რომ ზურგი ტკიოდა და კისერიც მოღრეცილი ჰქონდა, გასწორებას არ ჩქარობდა. შვილის ყელიდან წამოსულ საბავშვო შამპუნის სურნელს გრძნობდა და მის ფაფუკ წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები. აი, სრული ნეტარება და იმის განცდა, რომ ბედნიერი ხარ!
ზღაპრების წიგნს ფრთხილად გადადებდა გვერდით და თვალებს დახუჭავდა. მაშინვე მოფრინდებოდნენ ხოლმე მოგონებები. ყელზე მარწუხებივით შემოეხვეოდნენ არსაიდან მოსული ძლიერი მკლავები და ბავშვის თმებშიც ბრილიანტივით ბრჭყვიალებდა დედის ცრემლები.
-დედა, მამიკო როდის მოვა?
-მალე, საყვარელო.
მალე ამ სიტყვებმა ცვლილებები განიცადეს. გადიოდა დრო და ისიც სულ სხვანაირ, უფრო საეჭვო და უაზრო პასუხებს სცემდა შვილს...
-დედა, მამიკო როდის მოვა?
-როცა დიდი გაიზრდები, ძვირფასო...
ლიზიკო გაიზარდა დიდი. ყოველ შემთხვევაში იმხელა მაინც, რომ მიხვდა, დედამაც არ იცოდა, მამიკო როდის მოვიდოდა... ანდაც საერთოდ მოვვიდოდა თუ არა.
-დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები, გესმის? არასოდეს დაივიწყო, რომ მიყვარხარ! ჩვენი პატარაც სიგიჟემდე მიყვარს! უთხარი, კარგი?
-შენ უთხარი...-ამოიტირა ქალმა.
-მე მერე ვეტყვი, როცა მოვალ...
ეს ''როცა'' კი არა და აღარ მოვიდა. მარია ტირილში აღამებდა და ათენებდა. უკვე იმასაც ვეღარ იაზრებდა, რომ ეს მის პატარას ავნებდა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ დაიბადა ლიზიკო და მერე... თითქოს ყველაფერი ცუდი უკან დარჩა! თითქოს ბევრი ირბინა და ბოლოს ფინიშთან მივიდა... პრიზად კი ლიზიკო მიიღო! გოგონა, რომლს გრეშეც არაფერი და არავინ სურდა...
და ერთხელაც, ლიზიკომ რომ ჰკითხა, მამიკო როდის მოვაო, მარია დადუმდა... იცოდა, რომ თუ ხმას ამოიღებდა, ამოიღრიალებდ და აქვითინდებოდა, ასე კი თავს გასცემდა. ამის შემდეგ უფრო და უფრო მატულობდა კითხვები მამასთნ დაკავშირებით. დღითიდღე იზრდებოდა მოთხოვნა მამიკოზე და საყვედურები, ბავშვის წუხილი იმაზე, რომ სხვებს მამა ჰყავდათ, მას კი არა.
-დედა, ბოლოს და ბოლოს მოვა თუ არა მამიკო?
-მოვა... ახალ წელს მოვა!
ვერც კი გაიაზრა, ისე წამოცდა. აღარ იცოდა, რა ეთქვა და რაც ენაზე მოადგა, იმით დააიმედა შვილი. ინანა. იმ წუთას ინანა. უნდოდა დაეჯერებინა, რომ ახალ წელს მართლა ხდებოდა ოცნებები და რომ კახა მართლა მოვიდოდა, გულში ჩაიკრავდა მასა და ლიზიკოს, მაგრამ არ შეეძლო. იმ დღის შემდეგ ყოველ წამს ახსენებდა შვილი, რომ მამა ახალ წელს მოვიდოდა. დაქალებთანაც სულ ამას იმეორებდა და სრულიად არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს არ მოხდებოდა.
-ნეტავ, ახალი წელი როდის მოვა, რა... მამიკო მინდა!
ამის გაგონებაზე კი ვერაფრით იმშვიდებდა თავს... რაღაცას იმიზეზებდა, სააბაზანოში შერბოდა და იქიდან გამოსული ტირილისგან დაოსებულ თვალებს დარცხვენილი არიდებდა შვილს.

-და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად! კიდევ გღვიძავს, საყვარელო?
-დედა, დიდხანს და ბედნიერად რა არის?
-დიდხანს და ბედნიერად ახალი წელია, დედა...
-ახალი წელი რატომ?
-ახალი წელი ყოველ წელს მოდის და ყოველთვის გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება!
-და მამიკო?
-რა მამიკო?
-მამიკოა დიდხანს და ბედნიერად!
-რისი დიდხანს და ბედნიერად?
-ჩვენი ზღაპრის...-ამოიზმუილა გოგონამ და ძილმა თვალები დაახუჭინა.

მარიას არასდროს უყვარდა ზღაპრები, რადგან ისინი აგრძნობინებდნენ, რომ უბედური იყო. მისი ცხოვრება სრულყოფილებას ოდნავადაც კი ვერ უახლოვდებოდა. ისე ეშინოდა ლიზიკოს ასეთი დამოკიდებულების ზღაპრებისადმი, რომ ერთხელ მისი საყვარელი წიგნი გადამალა. ბევრი იტირა გოგონამ... იმაზე ბევრიც კი, მამიკოზე რომ ტიროდა ხოლმე. მაშინ მიხვდა მარია, რომ ეს შველოდა პატარა ლიზიკოს. რწმენა, რომ ოცნებები ხდება. ამ ზღაპრებში ცხოვრობდა გოგონას აზრით მამა და სწორედ ზღაპრებისგან ელოდა მშობლის დაბრუნებას მეოცნებე ქალბატონი.
რომ შეძლებოდა, წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა...
რომ შეძლებოდა, ყველაფრის ფასად იშოვიდა დროის უკან დასაბრუნებლად საჭირო წამალს და ლიზიკოს სულ არ ეტყოდა იმ სისულელეს, მამიკო ახალ წელს მოვაო, მაგრამ...
საშინელება იყო, რომ სწორედ ასეთ დღეს, სასწაულების დღეს ლიზიკო მიხვდებოდა, ზღაპრები რომ სისულლეეა, რომ ის ვერ გახდებოდა ვერც კონკია, ვერც ავრორა და ვერც ბელი, რომელსაც ურჩხული შეუყვარდება და მერე იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად მამასთან, ქმართან და შვილებთან ერთად....

-დედა, კარი ღია დატოვე! ნანამ პიტერის ჩრდილი დაიჭირა და ის აუცილებლად დაბრუნდება თავისი საკუთრების დასაბრუნებლად...

ლიზიკომ იცოდა, რომ მისი სუპერ მამიკო აუცილებლად დაბრუნდებოდა თავის საკუთრებებთან... იმას, რაც ძვირფასია, ვერ ტოვებენ, ლიზი კი დარწმუნებული იყო, რომ მისი მამიკოსთვის ოჯახი უძვირფასესი იყო... ამას დედიკოს არასდროს ეუბნებოდა, რადგან დედიკო ასე არ ფიქრობდა. მას არ სჯეროდა ზღაპრების, მაგრამ საბედნიეროდ ისიც ელოდა საახალწლოდ მამიკოს.
იქნებოდნენ ის, დედიკო და მამიკო...
მერე კი...
დიდხანს და ბედნიერად!
ისე, როგორც ვარდისფერ, პრინცესებიან ზღაპრების წიგნში...

-დედა, ნახე, ეს შენი საჩუქარია... ხომ ლამაზია?
-რა ლამაზად შეგიფუთავს, დე...
-ეს ჩემია...
-მოიცა, შენს თავს შენვე ჩუქნი საჩუქარს?
-ხოო...
-და ეს?
-ეს? მამიკო.
-რა მამიკო?
-ეს მამიკოს საჩუქარია, დე.

ლიზიკო ვერ იტანდა, როცა დედას მამის ხსენებაზე თვალები ემღვრეოდა და ხმა უკანაკალებდა, მაგრამ უბრალოდ ვერ ისუნთქებდა, დღეში ერთხელ ეს ექვსასოიანი სიტყვა რომ არ ეთქვვა. ავსებდა ''მამიკო'' და იმის იმედს უღვიძებდა, რომ ის აუცილებლად მოვიდოდა. რა დიდი საცოდაობაა, როცა გგონია, რომ რაღაც აუცილელად მოხდება და ბოლოს...

-მამიკო! მამიკო! მამიკო! როგორ არ მოგბეზრდა, ლიზიკო?
-მამიკო ახალი წელია, დე... ახალი წლის სუნი აქვს, ახალი წლის გემო და არომატი... მამა სადაც არ უნდა წავიდეს, ყოველთვის მოვა და ყოველთვის გვექნება იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება!

აი, მაშინ დარწმუნდა მარია, რომ მორჩა...
რომ ლიზიკოს ზღაპრებს ვეღარ შევცლიდა და ახლა უკვე თითქმის დაიჯერა, რომ კახაც მოვიდოდა ახალ წელთან ერთად და რომ ვინც უყვართ, იმას არ ტოვებენ!

-ხვალ ახალი წელი მოვა, ლიზიკო!
-ხვალ მამიკო მოვა, დე! წითელი წვიმით, გაყინული ხელებით და სანტას ხურჯინით... იცი? მე მგონია, რომ მას ძალიან, ძალიან ტკბილი სურნელი იქნება... ისეთი, როგორიც შენ გაქვს, დე!

''ხვალ მამიკო მოვა! მამიკო, გესმის? მე არ მინდა თოვლის პაპა, არ მინდა ფიფქია, არ მინდა ახალი წელი! მამიკო მოვიდეს და ის იქნება ერთიც, მეორეც და მესამეც...''
აჩხა-ბაჩხა ასოებით ეწერა უჯრებიან ფურცელზე. მარია მოწყვეტით დაჯდა სკამზე. უნდა მოსულიყო. ახალი წლის გარეშე ახალი წელი ის არის, რაც ზღაპრები, სადაც ბედნიერ დასასრულს ვერ ნახავ.

-სამი თეფში, დე!
-სამი?
-ხო, სამი... მამიკო.
-რა მამიკო?
-ჩემი მამიკო, დე!

სამი თეფში, სამი პლედი ბუხართან და სამი შუშხუნა ლიმონათით სავსე ჭიქა. შემოსასვლელში დაწყობილი ჩუსტები მოწყენით იყურებიან. ლიზიკო საათს თვალს არ აშორებს. ეძინება... ეძინება, მაგრამ მოლოდინი ხომ ის დაუმარცხებელი რაინდია, რომელიც უკანასკნელ მოთამაშესაც დაამარცხებს და ისევ გაიმართება წელში.
ელის ლიზიკო.
ელის მარიაც.
ორივეს ეშინია.
სიგიჟემდე ეშინიათ, რომ არ მოვა და თორმეტი ზუსტად ისე გახდება, როგორც გუშინ ან გუშინწინ. ფიფქებიც იფარფატებენ, ფეიერვერკებიც იგუგუნებენ, შეყვარებული წყვილებიც ისეირნებენ, მაგრამ ახალი წელი აღარ მოვა.
აღარ... რა საშინელი სიტყვაა! როცა იცი, რომ აღარასდროს... სულ, სულ აღარასდროს... აღარასდროს იქნება დღე, როცა ოცნებები ხდება!
და უცებ...
კარზე აკაკუნებენ!

-გამარჯობა, საყვარელო! გადავწყვიტე ახალ წელს შენთან შევხვედროდი!

-თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ, რა...

-კონცერტზე მივდივართ და ხომ არ წამოხვიდოდით?

ხო, ეს სხვა ბინებში... ეს სხვები აღებენ კარებს... სხვებთან მიდიან სტუმრები... სხვების მანქანა აყენია ცუდად... სხვებს სთავაზობენ კონცერტზე წამოსვლას...
ლიზიკოსთან და მარიასთან კი...
ზღურბლზე თავჩაღუნული მამაკაცი დგას, ხელში რაღაც უჭირავს, მხრებში მოხრილა და არაფერს ამბობს. ლიზიკო მასთან მიდის და ხელზე ხელს კიდებს. ცივია. გაყინული. მერე სუნავს და უკან დედასთან გამორის, მის ზურგს ეფარება.
-რა იყო, დედა?
-დე, მას... მას... ის... ტკბილი სუნი აქვს, დე!
მარია სუნთქვას წყვეტს. ცდილობს ამოიცნოს ნესტოებით შესუნთქული ჰაერის სურნელი და უცებ, იცით? ხვდება, რომ დიდხანს და ბედნიერად არსებობს! თუნდაც მხოლოდ ერთხელ! თუნდაც მხოლოდ ახალ წელს და თუნდაც შუაღამისას!
მერე?
მერე არიან ლიზიკო, დედიკო და მამიკო.
ისე, როგორც ყველა ვარდისფერ ზღაპარში!
უთქვამთ, ვიღაც ყოველთვის მიდისო, მაგრამ ახალი წელი ყველაზე ერთგული დღესასწაულია! მიდის, მაგრამ იცი, რომ აუცილებლად დაბრუნდება! თუნდაც მხოლოდ თორმეტ საათზე!



№1 სტუმარი Ana

თემა საშობაო ზღაპარია. მგონი თემას გადაუხვიე. ზოგადად რეალურ ამბავს გავს,ასეთი ბავშვი ბევრია მამის მოსვლას რომ ნატრობს,მაგრამ დასაწყისში იმდენად დავითრგუნე ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა მამა მივიდოდა თუ არა. ბევრი ტკივილი და იმედგაცრუებაა თემაში,ეს ზღაპარს არ გავს

 


№2  offline მოდერი sopiko

Ana
თემა საშობაო ზღაპარია. მგონი თემას გადაუხვიე. ზოგადად რეალურ ამბავს გავს,ასეთი ბავშვი ბევრია მამის მოსვლას რომ ნატრობს,მაგრამ დასაწყისში იმდენად დავითრგუნე ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა მამა მივიდოდა თუ არა. ბევრი ტკივილი და იმედგაცრუებაა თემაში,ეს ზღაპარს არ გავს

პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ არ გეთანხმები. ყოველი ზღაპარის თავში ბევრი უბედურებაა, რომელიც ბოლოს ბედნიერებით გვირგვინდება. სწორედაც რომ შობას აუხდა ოცნებები ლიზიკოს და მე აქ თემიდან გდახვევას ვერ ვხედავ. მადლობა შეფასებისთვის.

 


№3  offline წევრი სალი-სალი

შენმა ტკბილმა ზღაპარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე <3 ყველაზე კარგი სიურპრიზი ახალ წელს მართლაც რომ "თბილი" მამიკოა რომლის ბედნიერებაც ზოგ ბავშვებს არ გაგვაჩნია.. წამიერად თვალები ცრემლებით ამევსო და თავი ლიზიკოს ადგილას წარმოვიდგინე როცა მამიკოს ტკბილი სუნი ამოიცნო ^_^ <3 თავში მოხსენიებული დიდი ტკივილის მიუხედავათ ბოლო მომენტმა მთლიანად გამათბო და ცუდი ემოცია ჯანდაბაშიმოისროლა <3 მომეწონა ძალიან <3

 


№4  offline მოდერი sopiko

სალი-სალი
შენმა ტკბილმა ზღაპარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე <3 ყველაზე კარგი სიურპრიზი ახალ წელს მართლაც რომ "თბილი" მამიკოა რომლის ბედნიერებაც ზოგ ბავშვებს არ გაგვაჩნია.. წამიერად თვალები ცრემლებით ამევსო და თავი ლიზიკოს ადგილას წარმოვიდგინე როცა მამიკოს ტკბილი სუნი ამოიცნო ^_^ <3 თავში მოხსენიებული დიდი ტკივილის მიუხედავათ ბოლო მომენტმა მთლიანად გამათბო და ცუდი ემოცია ჯანდაბაშიმოისროლა <3 მომეწონა ძალიან <3

დიდი მადლობა heart_eyes
''მამიკო'' უძვირფასესი ცნებაა და მისი სურნელი ერთხელ მაინც ყველამ უნდა იგრძნოს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent