შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 1.


30-12-2016, 02:30
ავტორი Supreme
ნანახია 2 395

ქარს ველაპარაკები, უფრო სწორედ კი-ვეჩურჩულები...ჩემი ყოველი დილა, შუადღე, საღამო, ღამე...ყოველთვის ასეა. რაღაც ხალისი წამერთვა, სევდა კი მომემატა. ალბათ ვიღაც სუსტად ჩამთვლის ასეთი ფიქრების გამო, მაგრამ არა! მე სისუსტის ყველაზე მეტად მეშინია, ამიტომ ვიბრძვი, ვიბრძვი ჩემი მომავლისთვის. ამ ბოლო დროს ცოტა კარიერისტი გავხდი, მაგრამ ალბათ ასეა საჭირო, ვფიქრობ, უკეთესიც კია.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს სოფოს დაბადების დღეა...-სიმღერ-სიმღერით შემოაბიჯეს ჩემს კაბინეტში თანამშრომლებმა და ამავდროულად უახლოესმა დაქალებმა.-გილოცავთ, საყვარელო.-გამიღიმეს და მეც სიხარულით ამევსო თვალები.
-რატომ შეწუხდით?-ჩამეცინა, თან აღტაცებას ვერ ვმალავდი.
-ოქროს დაბადების დღე ყოველ წელს კი არ გაქვს.-გაეცინა ნინის და ანთებული "29" ცხვირთან მომიტანა.
-მალე...სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე.-მოუთმენლად შეხედა გემრიელ ტორტს ოდნავ პუტკუნა ანამ.
-ახლავე, ახლავე.-გავუღიმე გოგოებს.
თვალები დავხუჭე და პატარა ბავშვივით დავიწყე ოცნება, თუმცა ბოლოს ისევ წარსულის ნაცრისფერი კადრი ამომიტივტივდა და სახე მომეშხამა.
-გაქრი...-მხოლოდ ეს ვთქვი ჩურჩულით და სანთლები ჩავაქრე.
ეკამ მაგიდიდან ჩემი დოკუმენტები აიღო და ტორტისთვის გაათავისუფლა ადგილი.
-შესვენება?-მუდარით შემომხედა ნინიმ.
-კარგით, ჰო, დაიმსახურეთ.-გავიცინე და კარადიდან პატარა ლამბაქები, ყავის ჭიქები და კოვზები ამოვიღე.
-მმ...როგორ მიყვარხარ.-ჩაილაპარაკა ანამ.
ის-ისაა უნდა მეთქვა მეც-მეთქი, მაგრამ გავხედე და მივხვდი რომ სიყვარულის ახსნა ტორტის ნაჭერს მიემართებოდა. გული არ დავიწყვიტე და "სუფრას" მივუჯექი.
-სოფ, სულ შემთხვევით ღვინო ხო არ გიგდია?-ეკამ გაიცინა და კარადაში დაიწყო ხელის ფათური.
-სასაჩუქრე ყუთში ბეილისი უნდა იდოს, დღეს დილით მომაჩეჩეს, სახლიდან რომ გამოვდიოდი.
-და აქ რატომ წამოიღე?
-სახლში ტყუილა იდებოდა, აქ ჩვენ მაინც დავლევთ.-სკამიდან წამოვდექი, ბეილისის ბოთლი გავხსენი და გოგონებს ჩამოვუსხი.
-მოგილოცა?-ნინიმ კითხვა "შემომაპარა".
-რაღა ესაქმება ჩემთან.-გამეცინა.
-ვიფიქრე, წარსული მაინც...
-არანაირი წარსული. საერთოდ არ მინდა გახსენება.
-მაგრამ...
-ყველაფერი იდეალურადაა.-ნინის გავუღიმე და ნელა მოვწრუპე სასმელი.
ნახევარსაათიანი შესვენება ძალიან მოგვიხდა, თუმცა მალე მოგვიწია დაშლა. კაბინეტი მივალაგე და ისევ ჩემს საქმეს შევუდექი. მკვლელი, ქურდი, მანიაკი...უდანაშაულო...ყველას საქმე გამირჩევია, ყველასთვის ვყოფილვარ ადვოკატი, მათი ცხოვრება დამილაგებია, ჩემთვის კი არაფერი გამიკეთებია იმ შემთხვევის შემდეგ. კი, ძლიერი ვარ, მაგრამ რაღაც მაწუხებს, არ მასვენებს, მაშინებს. წარსულის აჩრდილი. ერთი და აუტანელი.
-სოფ, ხვალ ახალი თანამშრომელი მოდის, იცი?-ანამ ჩემთან შემოიხედა.
-ბიჭი, ჰო?
-დანიელი.
-იმედია ვიღაც დაბდურა დებილი არ იქნება.-ჩამეცინა და საბუთები გვერდზე გადავდე.
ანას მხოლოდ გაეცინა და კაბინეტიდან გავიდა. ჩავფიქრდი და გარეთ გავიხედე.
-დეკემბრის მხოლოდ სიცივეა...
წამოვდექი და დაორთქლილ მინაზე ფიფქების ხატვა დავიწყე.
-ასე მაინც თოვდეს...-ჩამეცინა.
უკვე ბნელოდა, როცა მანტო მოვიცვი, ჩანთა ავიღე და კაბინეტის კარები ჩავკეტე.
-წავედი გოგოებო, ხვალამდე.-ჩემები გადავკოცნე და ფარეღში ჩავედი.
მანქანაში ჩავჯექი, გამათბობელი ჩავრთე და სახლისკენ წავედი.
ბინა ჩემს გემოზე მქონდა მოწყობილი. დუპლექსი, მშვენივრად გარემონტებული...მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი სასტუმრო ოთახი მიყვარს. დიდი ფართი, ბუხარი, მუქი ნაცრისფერი ბეწვის ხალიჩა, ორი სავარძელი, პუფები, დაბალი ჟურნალის მაგიდა, როიალი და ჩემი უსაყვარლესი ნაწილი, ერთ-ერთი კედელი მთლიანად ფანჯარა. ჩემი ბინა ბოლო, მე-14 სართულზე იყო, ამიტომ თითქმის მთელი ქალაქი ჩანდა. ეს სანახაობა ერთდროულად მამშვიდებდა და მაგიჟებდა, მთიშავდა და აღმაგზნებდა, მიყვარდა და მძულდა...ყველაფერს იტევდა ეს ხედი...წარსულით ტკბობას, ტკივილსა და სიცარიელეს. ჩემი მომავალიც იყო...
მუსიკები ჩავრთე, სასმლის კოლექციიდან უგემრიელესი ვისკი ავარჩიე, ცოტა დავისხი და ხედით ტკბობა დავიწყე.
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. არასდროს იცი წინ რა გელოდება. რაღაც მომენტში გგონია, რომ მთელი სამყარო შენ გეკუთვნის, მაგრამ უცებ...ყველაფერი იცვლება. არც სამყაროა შენი, არც შენ ხარ სამყაროსი. მხოლოდ სულელი თუ იტყვის, ცხოვრება მარტივიაო. არა, არანაირად. უზომოდ რთული გზაა. 29 წელი, თითქოს არაფერია, მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ უკვე ბევრი მასწავლა. მივხვდი, რომ ბრმად ნდობა დიდი შეცდომაა, გავიგე, რომ არავინ უნდა შემიყვარდეს ჩემს თავზე მეტად, იგივეს მაინც არ მივიღებ, მივხვდი, რომ ხანდახან უანგარობა დამღუპველია. ჰო, ასეა. ზოგ რაღაცას საფასური სჭირდება. კიდევ რას მივხვდი? იმას, რომ არასდროს უნდა შეგიყვარდეს ის, ვინც ამას არ იმსახურებს. აღარ მინდა შეყვარება. არა იმიტომ, რომ წარსულში არ გამიმართლა და მეშინია, უბრალოდ აღარ მაქვს სურვილი ვიღაცის გამო გული ამიჩქარდეს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიტან, თუ ტაქიკარდია მექნება.
სასმელი მოვწრუპე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე, თან მეც ავყევი. ასე მგონია ყველას ესმის, მაგრამ არავინ იმჩნევს. ასე უკეთესიცაა. არ მაწუხებენ. ღამის 4 საათზე გართობა დასრულდა, მუსიკაც გაჩუმდა და დავიძინე.
მაღვიძარამ დარეკა თუ არა, თავი წამოვყავი. 7 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. ყველაზე მეტად თმების დასწორება მეზარება ხოლმე. კარედ მაქვს შეჭრილი, თუმცა მაინც დიდხანს ვუნდები ზედმეტად ურჩი სქელი, მუქი წაბლისფერი თმების დასწორებას. შემდეგ მოდის მაკიაჟი. ჩემი თაფლისფერი თვალები ყოველთვის დედაჩემს მახსენებს და მასთან ერთად გატარებულ ბავშვობას, უდარდელსა და წმინდას, აუმღვრეველსა და ბედნიერს. ტუში, თვალის ფანქრით მსუბუქი მონახაზი, ტუჩის კონტური და მზად ვარ. ახლა ჩაცმის დროა. ყოველთვის კლასიკურ სტილში მაცვია. ახლაც სწორი, წელში გამოყვანილი შავი ქვედაბოლო ამოვიცვი. კრემისფერი ჯემპრი ისე ჩავიცვი, რომ მხოლოდ წელამდე გამოჩენილიყო. ფრანგული სუნამო, შავი მაღალქუსლიანები წვრილი ქუსლით, შავი პიჯაკი, მანტო, ჩანთა, კაშნე და მორჩა.
სამსახურში მივედი თუ არა, გამახსენდა რომ დღეს ახალი თანამშრომელი მოდიოდა. გოგოებს დავხედე, მივესალმე და ჩემს კაბინეტში შევედი. "დანიელი" სახელი კარგი აქვს, იმედია თვითონაც ვარგა.
უკვე 10-ის ნახევარია, ახალი თანამშრომელი კი არ ჩანს. მოთმინების ფიალამ ნელ-ნელა ავსება დაიწყო. პირველივე დღეს დაგვიანება უკვე ცუდად ახასიათებს მას. 10-ზე ჩემი კაბინეტის კარები გაიღო, იქ კი აშოლტილი აქოშინებული ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა.
-უკაცრავად, საცობში მოვყევი.
-ერთი საათი?-მკაცრად შევხედე.
-ჩამეძინა.
-უკვე მომწონს.-გამომცდელად გავუღიმე.
-ჩემი ბრალი არაა, ვიღაც გადარეული მეზობელი მყავს, მთელი ღამე ბოლო ხმაზე უსმენს მუსიკებს.-ძლივს მოითქვა სული და ღია ნაცრისფერი თვალებით შეწუხებულმა შემომხედა.
-ეგ მე არ მეხება. ჩემთვის უმთავრესი პუნქტუალურობაა.-ვუთხარი ძალიან მკაცრად, გულში კი გამეცინა, ვიფიქრე, ვიღაც ჩემნაირი შერეკილი მეზობელი შეხვდა-მეთქი.
-დიდი ბოდიში. დანიელი.-მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
ხელს დავხედე, მერე ახალგაზრდას შევხედე და ხელი ჩამოვართვი.
-სოფო.
-სასიამოვნოა, ქალბატონო სოფო.
-ასევე, დანიელ. საქმეს შეუდექით და აღარ დააგვიანოთ, თორემ ამ ადგილს დაკარგავთ.
-გასაგებია.-მკრთალად გამიღიმა და კაბინეტიდან გავიდა.
გარედან გოგოების სიცილი მომესმა ფრაზაზე: "მგონი გადავრჩი" და მეც ჩამეცინა. ახალბედებს რკინის ხელი და მოთოკვა სჭირდებათ.


და სუპრემე ისევ დაბრუნდა ახალი მოთხრობით :3 სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ იმედია რაღაც მაინც იქნება, აი ისეთი, ბოლოსდაბოლოს გასართობად მაიმც რომ წაიკითხოს კაცმა:დ ხოოდა, დიდად არ მეჩხუბოთ, თუ ხშირად ვერ დავდე და აბაა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent