შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატა (სრულად)


3-01-2017, 00:19
ავტორი ნასტია
ნანახია 7 089

* * *
ნატა 17 წლის ახალგაზრდა გოგონა იყო. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ხვეული შავი თმით, პატარა ცხვირით, მწვანე თვალებითა და მუდამ მოცინარი სახით.
სულ იცინოდა, თითქოს თეთრი მარგალიტებივით ჩამწკრივებული კბილების დემონსტრირებას ახდენსო. ცხოვრება მუდამ უღიმოდა და ისიც გულწრფელი კისკისით პასუხობდა მას. სიცილისას ლოყებზე უცნაური პატარა ნაჩვრეტები უჩნდებოდა, ხოლო თვალების უპეებს გარშემო – პაწაწინა ხაზები. თვალებიდან ბედნიერების ნაპერწკლებს ყრიდა და მისი კისკისით ყველას ღიმილის მოგვრას ცდილობდა.
შეუძლებელი იყო ამგვარი ნატას დანახვისას ცუდ ხასიათზე დამდგარიყავი.
ოცნებობდა გამხდარიყო პოლიციელი. მუდმივად თავს იწონებდა სპეციალურად მისთვის შეკერილი პოლიციის ფორმით. როდესაც გაიზარდა უკვე მამამისის მეგობრის, პოლიციელის, დათას ფორმით იმოსებოდა ხოლმე.
დათა მისი კერპი იყო. როდესაც 6 წლის ნატას ჰკითხეს, ვინ უნდოდა გამოსულიყო, მან თავმომწონედ მიუგო: - მე მინდა გამოვიდე დათა.
წლები გავიდა. დამოკიდებულებაში კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უკვე მამისტოლა პოლიციელი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრე გახდა.

- საჩუქარი როდის ვუყიდოთ? - დათას დაბადების დღეს ოთახში შეაკითხა მამამ.
- სწრაფად ჩავიცვამ და გამოვალ, დამიცადე!.. - თვალების ფშვნეტით საწოლიდან წამოხტა და აბაზანაში შევარდა.
ბაჩოს გაეცინა და თვითონაც დატოვა ოთახი.
მამამისთან ბავშვობიდან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
იგივეს ვერ ვიტყვით დედამისთან დაკავშირებით.
ნანა ყოველთვის თვლიდა, რომ მისი ქალიშვილი ნამდვილად ვერ იყო მთლად დალაგებული. თავის წარმოსახვაში ხედავდა, თუ როგორ დაფრინავდა უამრავი სხვადასხვა ჯიშის ფრინველი ნატას თავში და აიძულებდა უამრავი სისულელის ჩადენას.
- ყველაფერში მამამისს დაემსგავსაო - დანანებით აღნიშნავდა ქალბატონი.
არადა 17 წლის წინ, როდესაც სამშობიაროში მკერდზე დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილი დაუწვინეს, მტკიცედ სწამდა, რომ წლების შემდეგ ეს პაწაწინა არსება დედის თანამოაზრე და ყველაზე დიდი მეგობარი იქნებოდა. სწამდა, რომ ნატა აუცილებლად მის მსგავსად შეისწავლიდა მედიცინას და გახდებოდა მთელს საქართველოში ცნიბილი და წარმატებული ექიმი.
ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა დედას. ძალიან ჰგავდა, თუმცა მხოლოდ გარეგნულად.იგი რბილი ხასიათით მამას ჰგავდა, ამიტომ დედა-შვილის აზრები არასოდეს მოდიოდა ერთმანეთთან უნისონში, რაც მუდმივად კამათის მიზეზი ხდებოდა.
- ძალიან დავიღალე, წამოსვლას ვერ მოვახერხებ. - თავი იმართლა ნანამ და ქმარ-შვილი სახლიდან გააცილა.
ნატა დათას ნაჩუქარ ზურმუხტისფერ კაბაში საოცრად გამოიყურებოდა. შევიდა თუ არა რესტორანში ყველას მზერა მისკენ იყო მოპყრობილი.
მამას საჩუქრის ყუთი გამოართვა და სირბილით გაექანა მოხუცი მეგობრისაკენ. მხოლოდ მილოცვის შემდეგ მიაქცია ყურადღება იქ შეკრებილ საზოგადოებას და ყველას მიესალმა.
- მინდა ერთი ვინმე გაგაცნოთ... - ფეხზე წამოდგა დათა. - მისი არსებობის შესახებ თქვენ შორის არავინ იცოდა, მხოლოდ ეჭვები გააჩნდა ჩემს საუკეთესო მეგობარ ბაჩოს და მინდა გაცნობოთ რომ ეს ეჭვები სიმართლეს ექვემდებარება..
ჭიქაში წვენი ჩამოისხა, ცოტა მოსვა და განაგრძო.
- ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე. მყავს შვილი ყოფილი ცოლისაგან, რომელიც ჩვენი დაშორების შემდეგ აღარ გამოჩენილა და არაფერი უთქვამს ბავშვის შესახებ. მალე შემოგვიერთდება და მოხარული ვიქნები თუ ისე მიიღებთ როგორც მეგობარს. - ჩაილაპარაკა და ისევ სკამზე დაჯდა.
არავის დაუშურებია ოვაციები, გარდა ნატასი.
ყველა მოდიოდა დათასთან და ულოცავდა მოგვიანებით შვილის ყოლას.
მხოლოდ ნატა იჯდა სკამზე გაშეშებული.
წარმოუდგენლად ეჩვენა დათას შვილის არსებობა.
მისი ცოლის შესახებაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ქალი დაშორების შემდეგ გაუჩინარდა.
დათა ფეხზე წამოდგა და ნატას მიუჯდა გვერდით.
- მოხდა რამე პატარა ქალბატონო?.. - მხიარულად ჰკითხა.
- გამიხარდა.. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა.
- სიხარულის არაფერი გეტყობა. - მოჩვენებით შეკრა წარბები.
- უბრალოდ არ ველოდი, მართლა ძალიან გამიხარდა. - შეძლებისდაგვარად გაუღიმა და გადაეხვია.
დარბაზში მისი საყვარელი მელოდია გაისმა.
ფეხზე წამოდგა და დათასთან ერთად დაიძრა საცეკვაოდ.
ბევრი იმხიარულეს, იცინეს, დათვრნენ...
მხოლოდ ნატა იყო ფხიზლად და მთვრალი მამის ბუტბუტს უსმენდა.
- ჩემი შვილი მოვიდა! - სიამაყით შესძახა დათამ და კარებისაკენ წავიდა.
გახარებული გადაეხვია შვილს და შემდეგ ყველა სტუმარი სათითაოდ გააცნო.
ნატა თითქოსდა გაქვავებული იჯდა ერთ ადგილას, ხელები მუხლებზე დაეწყო და მამაკაცს ათვალიერებდა.
მალევე აღმოაჩინა მსგავსება მამა-შვილს შორის.
თვალები..
შავი, უძირო თვალები...
- ნატა გაიცანი, ჩემი შვილი გიორგი. - მის წინაშეც წარადგინა.
- სასიამოვნოა. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და სუსტად გაიღიმა.
- ასევე. - ბოხი და ხრინწიანი ხმით მიუგო ბიჭმა და სხვების გასაცნობად გაემართა.
თვითონაც ვერ აცნობიერებდა, მასზე ასეთი ზეგავლენა ამ მოულოდნელმა ამბავმა მოახდინა თუ უბრალოდ მისი დანახვით მოიხიბლა.
ალბათ ორივემ ერთად...
ქეიფის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა საცეკვაო დარბაზისაკენ გადაინაცვლეს.
ნატა ბართან იჯდა და წველს წრუპავდა.
- რატომ არ ცეკვავ? - მოულოდნელად მიუახლოვდა გიორგი.
- მე მეკითხები? - დაბნეულად დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება.
- ხედავ აქ ახლოს სხვა ვინმეს? - წელში გაიმართა გიო და ნატას თვალი გაუსწორა. - აბა რას იტყვი?
- დავიღალე და იმიტომ. - სწრაფად უპასუხა და მზერა მოარიდა.
- ჩემთან ცეკვაზეც უარს იტყვი?.. - წარბები აათამაშა მამაკაცმა.
- კი.. - თავმომწონედ გაიღიმა ნატამ და იქაურობას გაეცალა.
წამიერი სიმორცხვე და დაბნეულობა ნატას მალევე გაუქრა. ისევ იმ მხიარულ და ამაყ ახალგაზრდა ქალად გადაიქცა, სახეზე ჩვეულმა ღიმილმა გადაურბინა და დაძაბულობაც მოეხსნა.
- მამა, ძალიან დავიღალე და წავალ. - ჩანთა და ქურთუკი აიღო და ბაჩოს ლოყაზე აკოცა.
- მეც წამოვალ! - ფეხზე წამოდგომა დააპირა მან.
- დარჩი! მარტო მინდა სეირნობა. - ნაზად გაუღიმა და რესტორანი დატოვა.
სიცივისდა მიუხედავად მაინც ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა სუსტად განათებულ ქუჩას.
გიორგიზე ეფიქრებოდა.
მისი ნაკვთები ისეთი ნაცნობი იყო. ეს ნუშისებური ჭრილის შავი თვალები და გამჭოლი მზერა..
ჩაფიქრებულმა მალევე იგრძნო ვიღაცის მოახლოება და მისი დაჟინებული მზერა.
- ძლივს დაგეწიე.. - მხარზე ხელი შეახო აქოშინებულმა და ანიშნა გაჩერდიო.
- ხდება რამე? - აფორიაქდა ისედაც შეშინებული ნატა.
- არაფერი. - გაეღიმა ბიჭს. - უბრალოდ ისე მოულოდნელად წამოხვედი დამშვიდობებაც ვერ მავასწარი.
- მაშინ დაგემშვიდობები და სახლში წავალ.
- გაგაცილებ.
- არ არის საჭირო!
- საჭიროა. - გადაჭრით ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას.
- უთქვამთ, რომ ძალიან ლამაზი ხარ? - პირველი კომპლიმენტი არ დააყოვნა გიორგიმ და გოგონას გამოჰხედა.
მამაკაცის დაჟინებულ მზერასთან ერთად წარმოთქმულმა სიტყვებმა ნატას თითქოს ძალა გამოაცალა. თუმცა რა თქმა უნდა, სულაც არ აპირებდა ახლად გაცნობილი მამაკაცის წინაშე მსგავსი სისუსტე სააშკარაოზე გამოეტანა.
- წარმოიდგინე და კი, - თავმომწონედ მიუგო და თავი ასწია.
- შეუძლებელია გამიკვირდეს. - მიუგო მან და მზერა მოარიდა.
უხმოდ მიადგნენ სახლს და მხოლოდ დამშვიდობებისას გადახედეს ერთმანეთს.
- იმედია კიდევ შევხვდებით. - მიუახლოვდა მამაკაცი და ლოყაზე საოცარი სინაზით აკოცა.
- ნახვამდის. - სუსტად გაიღიმა და აწითლებული ლოყების დასამალად კარებისაკენ შეტრიალდა.

* * *
- ნატა, სკოლაში გაგვიანდება. - ხმაურით შეაღო ნანამ შვილის ოთახის კარები და საბანი გადაჰხადა.
- გთხოვ დღეს დავრჩები რა?.. - ამოიკრუსულა და თავზე ბალიში დაიდო.
- არავითარ შემთხვევაში. - გაბრაზდა და ბალიშიც ააცალა.
ახალგაღვიძებული ბარბაცით გაემართა სააბაზანოსაკენ და თავი მოიწესრიგა.
- გუშინ რატომ მოხვედი მამაშენზე გვიან? - ვითომ უინტერესოდ ჰკითხა დედამ.
- ფეხით წამოვედი და იმიტომ. - კატლეტი პირში ჩაიდო, ჩანთა აიკიდა და სკოლაში გაემართა.

სკოლა.
ეს ნატასთვის რთული თემა იყო, არის და სავარაუდოდ სამომავლოდაც იქნება.
ვერ იტანს დილით ადრე ადგომას, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებს არ ჩავთვლით.
ნერვები ეშლება, როდესაც მის გარშემო ხდება უსამართლობა. ეს კი სკოლაში ჩვეულებრივი ამბავია.
ამის გამო არაერთხელ გამოუგდიათ კლასიდან და სკოლიდანაც კი.
მამამისი მის ხასიათს ეგუებოდა, ხოლო დედამისს არაერთხელ დაუსჯია „ურჩობისათვის“.

სკოლიდან დაღლილ-დაქანცული სახლში დაბრუნდა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც მას შეეძლო ოჯახის წევრებთან ერთად გაეტარებინა საღამო.
ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ თუ რატომ. უბრალოდ აბიტურიენტია და მეტი არაფერი.
ტელევიზორს უყურებდნენ, როდესაც ტელეფონზე ესემესი მოუვიდა უცნობი ნომრიდან.
* გცალია?
* არა.
* იცი ვინ ვარ?
* რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა რომ არ მცალია.
ტელეფონი გვერდით გადადო და დედამისის დაჟინებული მზერა დააიგნორა.
მალევე აწკრიალდა.
* სამწუხაროა - იყო პასუხი.
აღარაფერი მიუწერია, ადგა და თავისი ოთახისაკენ გაემართა დასაძინებლად.

* * *
ინგლისურიდან ღამის ცხრა საათზე გამოვიდა.
ტაქსის გაჩერებაზე არც უფიქრია, ფეხით გაუყვა სახლის გზას.
კორპუსის ეზოში ნაცნობი პიროვნება დალანდა.
თანდათან ლამპიონის შუქით უკეთესად გამოჩნდა შავი ბეემვეს მარკის მანქანა და მასზე მიყუდებული შავებში გამოწყობილი გიორგი.
თავიდან გაიფიქრა ალბათ კორპუსში ვინმესთან საქმე აქვს და უბრალოდ მივესალმებიო, თუმცა როდესაც მამაკაცი მისკენ წამოვიდა, აზრი შეცვალა.
- როგორ ხარ ნატა? - მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა მანაც.
- ძალიან კარგად ვიქნები, თუ ახლა მაინც წამოხვალ სადმე ჩემთან ერთად. - დაჟინებით დააკვირდა გოგონას სახეს.
- ძალიან დაღლილი ვარ, სხვა დროს იყოს..
- გუშინაც არ გეცალა, დღესაც არ გცალია... - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. - მოკლედ, წავედი ეხლა მე და დროებით.
- დროებით.. - დაბნეულმა უთხრა და კიბეებზე სწრაფად აირბინა.
თან თავში უტრიალებდა სიტყვები - გუშინაც არ გეცალა.. - მაშასადამე გუშინ უცნობი, რომელიც საღამოს სწერდა, სწორედ ეს იყო.
გვიან ღამემდე მეცადიონეობდა და სანამ ძალიან არ გადაიქანცა არ დაწოლილა დასაძინებლად.
შუქი ჩააქრო თუ არა ტელეფონი აწკრიალდა.
გიორგი სწერდა:
* გღვიძავს?
თავიდან აპირებდა არაფერი მიეწერა, თუმცა...
* ჰო.
* მერე დაიძინე! გვიანია.
გაეცინა, ტელეფონი გამორთო და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

* * *
კაფეში იჯდა და ყავას სვამდა მეგობართან ერთად.
- გავალ და ხუთ წუთში აქ ვიქნები. - ფეხზე წამოდგა ლიკა.
- კარგი. - უთხრა და ჭიქას ჩააშტერდა.
მოულოდნელად მის წინ ვიღაც ჩამოჯდა.
თუმცა რაღა ვიღაც – გიორგი.
- არ გეცალა ჰო? - მოჩვენებითი წყენით ჰკითხა მან.
- ჰო.. -დაბნეულმა ესღა უთხრა და ყავა მოსვა.
- დათამ როცა მოიცლის გამომიაროსო..
- გამოვუვლი!
- შეხვედრამდე. - ფეხზე წამოდგა და კაფე დატოვა.

* * *
- დაივიწყე შენი მოხუცი მეგობარი? - თავის ქნებით შეიპატიჟა დათამ ნატა სახლში.
- მარტო ხარ?
- გიორგია სახლში.
რაღაცნაირად გაუხარდა.
ბიჭი სამზარეულოში იყო და რაღაც გემრიელობას ამზადებდა. ამის დადგენა იქიდან გამოსული სურნელითაც შეიძლებოდა.
- გამარჯობა! - მიმართა ოთახში შესვლისას და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
გიორგიც მიესალმა და მის წინ დაჯდა.
- არ ყოფილა ძალიან რთული შენი შეხვედრაზე მოყვანა. - ეშმაკურად ჩაიცინა მან.
- რას გულისხმობ?.. - დაიბნა ნატა.
- დათას არაფერი დაუბარებია, მოგატყუე. - ახარხარდა ბიჭი და ყავის მომზადება დაიწყო.
- წავედი მე და არ მოიწყინოთ! - თავი შემოყო დათამ და ბავშვებს ხელი დაუქნია.
თავიდან გაბუსხული იჯდა მაგიდასთან, მერე კი თვითონაც აკისკისდა.
- რამეში დაგეხმარები! - ჩანთა იქვე დადო და ფეხზე წამოდგა.
- ჰო? გეხერხება?
- სამწუხაროდ არა, მაგრამ ვისწავლი. - ამაყად მიუგო ნატამ.
- შენ მანდ ხახვი, ნიორი და მწვანილები დამიჭერი... ოღონდ ფრთხილად, თითი არ გაიჭრა! - საჭრელი დაფა მიაწოდა და თან ეჭვის თვალით შეხედა.
შიგადაში თვალს აპარებდა სამზარეულოში მოტრიალე, მოღიღინე გიორგისაკენ და ეღიმებოდა.
მისი ოცნების პრინცის კრიტერიუმებში ნამდვილად არ ეწერა „ჰობი - მზარეული“, თუმცა ეს მოულოდნელი სიურპრიზი კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა.
უცნაურად იგროძნო თავი: რამდენიმე დღის გაცნობილ მამაკაცთან სახლში იყო, ის მწვანილს ჭრიდა, გიორგი ტაფას დაჰყურებდა და თან გულდასმით გატარებულ ხორცს ხან ერთ მხარეზე ატრიალებდა, ხან მეორეზე.
„ნეტავ ასე ხშირად ხდება ხოლმე? ყველაფერი აი ასე, უბრალოდ“ - გაიფიქრა თავისთვის.

* * *
ნატას სტუმრობამ დათასთან, შეიძლება ითქვას უფრო გიორგისთან, სისტემატიური სახე მიიღო.
მოუცლელობისდა მიუხედავად თითქმის ყოველ საღამოს მათთან ერთად ატარებდა ხოლმე.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უკვე მრავალი წელი ცხოვრობდა ამ სახლში.
გიორგის წყალობით უკვე კარგად დაეუფლა სამზარეულოს ხელოვნებას და მარტოც ამზადებდა მარტივ კერძებს.

* * *
გიორგისთან ერთად სამზარეულოში ტრიალისას ნატას აღარც მუხლები უკანკალებდა, აღარც ხელები, აღარც პეპლები დაფრინავდნენ მუცელში და აღარც ჩიტები მის თავში. ძალიან მალე ყველაფერი გამარტივდა.
- მიყვარხარ! - გაზქურასთან მდგომ გიორგის უეცრად უკნიდან მიეხუტა ნატა,ხელები წელზე შემოხვია და ზურგზე ლოყა მიადო.
- რა თქვი?
- მე შენ მიყვარხარ! - თქვა და მოციმციმე თვალებით შეაცქერდა.
- მე რომ რომანტიკული არ ვარ, მაინც გიყვარვარ? - შემოტრიალდა გიორგი და ნატას სახე თავის ხელებში მოიქცია.
- შეიძლება იყოს რამე იმაზე რომანტიკული, როცა მამაკაცი შენთვის სადილს ამზადებს?
გიორგის სიამოვნებისაგან სახე შეეცვალა.
არაფერი უპასუხია, მაგრამ ნატამ იმ წამს მის თვალებში სიტყვებზე ბევრად მეტი დაინახა.
არც უნდოდა იგივეს მოსმენა. ესეც ხომ ბანალურია... გიორგის ხომ არ უყვარდა ბანალურობა. არც მას.
- ოღონდ იცოდე, დღეიდან სამზარეულოში მე ვიქნები უფროსი, შევთანხმდით? - უთხრა მამაკაცმა.
- ძალიან კარგი, ასე უკეთესია.
დაბნელებამდე დრო ერთად გაატარეს. გიორგი სიამაყით გაუმასპინძლდა თავისი მომზადებული კერძით. გახარებული შეჰყურებდა, როგორ გემრიელად მიირთმევდა პატარა ნატა მის ქმნილებას.
საღამოს სახლამდე მიაცილა და კიდევ ერთი დღეც მიილია.
- ხვალამდე მომენატრები. - უთხრა გიორგიმ როდესაც მიუახლოვდნენ ნატას სახლს.
- მეც...
- გვიანია... ძილი ნებისა პატარა ქალბატონო. - ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა.
ნატამ სახლის გასაღები საკეტს მოარგო. ჩუმად შეიპარა შიგნით ისე, რომ არავის გაეგო მისი მოსვლა, ჩუმად აირბინა კიბეები და თავის ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა, სასწრაფოდ ფარდები გადახსნა, ფანჯარაში გაიხედა და გიორგის სილუეტს დაუწყო ყურება მთვარის შუქზე, სანამ სიბლენეში მისი ლანდი არ გაუჩინარდა.
ფეხზე გაიხადა და პირდაპირ ლოგინზე დაეცა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა: არ იცოდა როგორი, რადგან მსგავსი რამ არასოდეს განუცდია.

* * *
ნატა მოწყენილი იჯდა სკოლის ეზოში.
ეს რამდენიმე დღე ისე უსაშველოდ გაიწელა გიორგის მოლოდინში...
ისე ძალიან ენატრებოდა, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა. ოცნებობდა მალე ჩამოვა, ვნახავ და მერე ყველაფერი თავის ძველ კალაპოტს დაუბრუნდებაო. სანამ არ ნახავდა, უძნელდებოდა კონცენტრაციის მოხდენა სხვა რაიმე საქმეზე... თავის სამომავლო გეგმებზე ფიქრიც მოსვენებას უკარგავდა. ეს ყოველი ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგიზე შთაბეჭდილების მოხდენის გამო სჭირდებოდა და მერე თავისი სურვილის ასასრულებლად.
ფიქრებში წასულს ვიღაც უკნიდან მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა.
- შუა დღე მშვიდობისა, ჩემო პატარა ქალბატონო. - ყურში ჩასჩურჩულა ნაცნობმა ხმამ.
- გიორგი... - აღმოხდა ნატას, წამოფრინდა და კისერზე ჩამოეკიდა. - რომ იცოდე როგორ მომენატრე, როგორ უსაშველოდ მომენატრე... - თქვა და თვალები სიხარულისგან აუწყლიანდა.
- მაპატიე, რამდენიმე დღე დამატებით დარჩენა მომიხდა, - მიუგო გიორგიმ. ძლიერად ჩაეხუტა და სახე მის თმებში ჩამალა. - ნუთუ მელოდი? - ღიმილითა და ეჭვის თვალით შეხედა უეცრად.
- დამცინი? - განაწყენებული თვალები მიაპყრო მამაკაცს.
- შენ მე მელოდი... ჩემი პატარა და მშვენიერი ქალბატონი მე მელოდა. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიხარულო?... - ხელში აიტაცა ნატა.

* * *
- პირველ რიგში ჩვენ უარს ვამბობთ რომანტიკაზე! გათვლილი რომანტიკა ყველაზე არარომანტიკული სისულელეა დედამიწის ზურგზე. დაე ყოველდღიურობამ მართოს ჩვენი ცხოვრება! ასე არასდროს მოგვბეზრდება ერთმანეთი.
- რის თქმას ცდილობ, რომ უკვე მოგბეზრდი? - გაიცინა ნატამ და ვითომ განაწყენებული თვალებით შეხედა.
- არა სულელო, - გაეცინა მასაც და განაგრძო - წარმოიდგინე, თუ თავიდან გაგანებივრებ რომანტიკული ქმედებებით, ისე მიეჩვევი, წლების შემდეგ გამიჭირდება რაიმე ახლის მოფიქრება...

* * *
- შემოდი ნატა, - ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ოთახში შეიპატიჟა. - კარგ დროს მოხვედი.. მე და გიორგი მის გამგზავრებას აღვნიშნავთ.
- გიორგი შენ აქ ხარ? მე მეგონა რომ...
- შემოდი! რას დაყუდებულხარ? ჩვენთან ერთად აღნიშნე გიორგის გამგზავრება... - ჩაიღიმა დათამ და ნატას ქურთუკი გამოართვა.
- ახალი მოწვევაა? გილოცავ.
- ჰო, ჩემო ლამაზო.. მაგრამ ამჯერად გიორგი ლონდონში გადადის საცხოვრებლად. - კვლავ დათა ჩაერთო საუბარში.
ნატამ გაოცებული თვალებით შეხედა.
- საცხოვრებლად გადადიხარ?
გიორგის ხმა არ ამოუღია. ვისკით სავსე ჭიქა მოიყუდა და მთლიანად ჩაცალა.
გოგონას თითქოს რაღაც ჩასწყდა... ისედაც გაშეშებული ერთ ადგილას გაქვავდა და თვალები გაუშტერდა.
იფიქრა მომესმა ან მეხუმრებიანო. თავი შეიმაგრა, იქვე ახლოს მდგომ სავარძელზე გიორგის გვერდით ჩამოჯდა, ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
- რა მაგარი ამბავია, უთუოდ უნდა ავღნიშნოთ - ნაძალადევად გაიღიმა და ვისკის ბოთლს გადასწვდა.. - დათა ჭიქა მომიტანე რა!..
- როდის აპირებდი თქმას? - ჰკითხა, როდესაც მისაღებში მარტონი დარჩნენ.
- მოულოდნელად მივიღე მოწვევა, ვერ მოვასწარი თქმა...
- იმდენად მოულოდნელად, რომ ასე უბრალოდ, ასე მარტივად შეგიძლია ადგე და წახვიე, არა?
- სიმართლე რომ გითხრა, ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი ლონდონში მუშაობაზე... თანაც აქ არაფერი დამრჩენია ისეთი, რაც დამაკავებს...
გიორგის სიტყვები ელდასავით ეცა, ყელში თითქოს უზარმაზარი ბურთი მოაწვა, რომელიც სადაცაა დაახრჩობდა.. თვალები ცრემლებით აევსო, თავი ძლივს შეიკავა, რომ იქვე მწარე ტირილი არ მოერთო.
- მართალი ხარ, აქ ისეთი არაფერი დაგრჩენია. - ამაყად ასწია თავი და გიორგის გაუღიმა.
- ჭიქა მოვიტანე. - ოთახში შემოვიდა დათა.
- აბა მეგობრებო, რას გაუმარჯოს?.. - ცოტა ხანს ვითომ დაფიქრდა და განაგრძო. - ამ ჭიქით მხოლოდ გიორგის გაუმარჯოს, მას ხომ ლონდონი ელოდება... მოკლედ გაგიმარჯოს.. - თქვა და ვისკით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა.
გიორგის ხმა არ ამოუღია... ოდნავ წამოზრდილ წვერს ნერვიულად, თითებით აწვალებდა და გაკვირვებული თვალებით შეჰყურებდა ნატას ცინიზმით სავსე თვალებს...
- უჰ, ბედნიერი კაცი ხარ შენ, ანდრეი, რამდენი ქალია ლონდლონში, ოღონდ ასე ჩუმად არ იჯდე მათთან, თორემ მხოლოდ გარეგნობით ვერც ერთს ვერ შეაბამ, - გადაიხარხარა უცებ.
ნატას თვალებში ერთდროულად იკითხებოდა სიყვარული, იმედგაცრუება, მოულოდნელი ტკივილი, შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის დამალვა.
თავის თავს სწყევლიდა, ასე ბუნებრივად და მარტივად რომ ჩაეწერა გიორგისაგან მიტოვებული ქალების მრავალრიცხვოვან სიაში.
დატოვა თუ არა ნატამ სახლი, დათა შვილს მოუტრიალდა.
- ეჰ გიორგი, გიორგი.. დეტალებში არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით: ამ წუთებში ყველაზე მაგარი გოგო დაკარგე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილი იდიოტი ხარ.
გიორგის კვლავ არ ამოუღია ხმა. სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან და კარებში გავარდა.

* * *
საშინელი შეგრძნებაა იმედგაცრუება... როცა გიყვარს ვიღაც, ის მომენტალურად ყველაფერი ხდება შენთვის. მისი წასვლის შემდეგ კი ეს ყველაფერი არაფრად გადაიქცევა და შენც წამში რაღაც აუტანელ სიცარიელეს იგრძნობ...
მერე უკვე აღარც სიტყვებს, აღარც წარსულს და აღარც მოგონებებს აღარ აქვს მნიშვნელობა.
ნატამ იმ დღეს დაიფიცა, რომ ეს უკანასკნელი ცრემლი იყო მის ცხოვრებაში.
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ჩვეულებისამებრ მხიარულად დაიწყო ცხოვრება.
მოკლე ხანში ახალი მეგობრებიც გაუჩნდა. ბებერი მეგობარი დათას სახლის გზა სამუდამოდ დაივიწყდა. ყველაფერთან გაწყვიტა ურთიერთობა, რასაც შეიძლებოდა გიორგის თავი გაეხსენებინა.
ამ ამბავს სამუდამოდ დაადო ტაბუ – ისე, თითქოს არც არასდროს არაფერი ყოფილა.
ერთი თვის განმავლობაში მთლიანი ენერგია სწავლაზე მომართა. წარსულზე ფიქრისთვის დრო აღარც ჰქონდა. ვალდებული იყო სხვებისთვის და, პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფრის მიუხედავად შეეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება...
სწავლაში თეთრად გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო, – გამოცდიდან ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული გამოვიდა. სულ მოკლე ხანში კი გაირკვა, რომ სამართლის კურსის სტუდენტი გახდა, საკმაოდ მაღალი ქულებით.

* * *
პირველი სასწავლო დღის დაწყებისას ცოტა ხნით უნივერსიტეტის კიბეზე ჩამოჯდა.
სრულ სიჩუმეში ნაბიჯების ხმა გაიგონა, ვიღაც მიუახლოვდა, თავდაპირველად მხოლოდ შავი ტყავის ფეხსაცმელი შეამჩნია...
ქვევიდან თვალები მაღლა ააყოლა და ახალგაზრდა, მომღიმარი ბიჭი დაინახა.
- ლუკა ამირეჯიბი... სასიამოვნოა - გაუღიმა ბიჭმა.
- ნატა გასვიანი...
- სავარაუდოდ აქ სწავლობ, არა?
- დიახ, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ... დამაკმაყოფილებელი პასუხია? - წარბები შეკრა ნატამ.
- დღეიდან მთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთმანეთის ყურება მოგვიწევს, ამიტომ ჩვენთვის ჯობია, თუ თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება... - გვერდით მიუჯდა.
- კარგი, ამას მე თვითონ განვსაზღვრავ მომავალში... - შეუღრინა და ფეხზე წამოდგომა დააპირა.
- უიჰ, მძიმე ხასიათი გაქვს?
- იცი რა? - წყობიდან გამოვიდა ნატა. - კარგად ბრძანდებოდეთ - ფეხზე წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო და კიბეებზე დაეშვა.
- კარგად იტავი... მაგრამ დღევანდელი ლექციის გაცდენა კარგს არაფერს მოგიტანს. - მიაძახა ბოლოს და თავისი გზით წავიდა.
- იდიოტი - გაიფიქრა ნატამ და უნივერსიტეტის ეზო დატოვა.

* * *
სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული გამოვიდა და მიუხედავად ამისა მაინც ფეხით გაუყვა ჩაბნელებულ ქუჩას.
სუსტად თოვდა, გზები მოყინული იყო.
ძლივს დადიოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მაგრამ ტაქსი მაინც არ გაუჩერებია.
ფიქრებში გართულმა ძლივს შეამჩნია, დანიშნულების ადგილს რომ მიუახლოვდა.
ნელა აიარა კიბეები, რამდენიმე წუთის განმავლობაში დათას სახლის კართან იდგა და დაკაკუნებას ვერ ბედავდა.
აღელვებული იყო, ერთდროულად ეშინოდა და რცხვენოდა. ასე უბრალოდ ეთქვა, რომ კვლავ დაბრუნება სურდა? ეს ხომ ყოველგვარი უსინდისობის ფარგლებს სცდებოდა. რისთვის დაებრალებინა უპასუხისმგებლო გაქცევა?
ბოლოს, როგორც იქნა, კარებზე დააკაკუნა. სულგანაბული დაელოდა დათას გამოჩენას.
- ნატა? ნუთუ შენ ხარ? - გაკვირვებული სახით შეხედა მის კართან მორცხვად მდგარ პატარა მეგობარს.
- ძალიან მომენატრე... - თვალები აუწყლიანდა და მამობილს კისერზე მოეხვია.
დათამ ნატასაგან თავი გაითავისუფლა, სახლში შემოუშვა, თუმცა თვითონ ხმა არ ამოუღია.
- დათა, მაპატიე.
მას ისევ არ ამოუღია ხმა. ისევ უყურებდა, როგორც იცოდა ხოლმე ჩვეულებრივ მაშინ, როცა განაწყენებული ებუტებოდა. ძალიან უნდოდა მკაცრი სახე ჰქონოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ხშირ შემთხვევაში ეღიმებოდა კიდეც.
მართალია ნატამ ყველაზე მეტად გაუცრუა იმედები, მაგრამ იმდენად კარგად იცნობდა, ყველაფერს ხვდებოდა, ყველაფრის გაგება შეეძლო და სულაც აღარ სურდა დაბრუნებული საყვარელი არსებისთვის გაბრაზებულს პასუხი მოეთხოვა.
- რა სახე გაქვს? როდის იყო შენ ბებერი დათასი გეშინოდა? - ჩაეღიმა მას.
- ვგიჟდები შენზე. - ფეხზე წამოხტა, კვლავ ძველებურად მოეხვია და ლოყაზე აკოცა.

* * *
უკვე 5 წლის შემდეგ, ისევ იმ დროსა და იმ ადგილას დათას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ახლაც, როგორც მაშინ, ნატა ყველას ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი გარეგნობით.
ყველას მასთან სურდა ცეკვა და ყველა მას ამკობდა კომპლიმენტებით.
გვერდს უმშვენებდა ზემოთ ხსენებული თანაკურსელი, ლუკა ამირეჯიბი.
ნატას თუ მის მიმართ რაიმე გრძნობა გააჩნდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა.
შემიძლია დანამდვილებით ვთქვა რომ არც ლუკას უყვარდა ნატა.
უბრალოდ უნივერსიტეტში და არა მარტო უნივერსიტეტში სილამაზით განთქმული გოგონა, რომ მის გვერდით იყო, სიამოვნებდა.
დათა და მამამისი კარგად ხვდებოდნენ მათი ურთიერთობის არსს. ხოლო ნანა გახარებული შესცქეროდა შვილს და მის განათლებულ, მდიდარი მამის შვილ შეყვარებულს.
ყველასათვის მოულოდნელად რესტორნის კარები გიორგიმ შემოაღო.
მისი ჩამოსვლის შესახებ დათამაც არაფერი იცოდა.
გახარებული გადაეხვია შვილს და მისი მოკითხვის შემდეგ უცნაური მზერით გადმოხედა ნატას, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
- ეს კაცი ვინ არის? - გადაჩურჩულა ლუკამ ნატოს.
- დათას შვილია. - ძლივს ამოიხავლა მან.
- ცუდად ხომ არ ხარ?
- არა. - მიუგო და მასთან მოახლოვებულ გიორგის მხოლოდ თავი დაუკრა.
- ნატა, როგორ ხარ? - მის გვერდით მყოფ ლუკასათვის ყურადღება არ მიუქცევია გიორგის და ნატა გადაკოცნა.
- კარგად. - ძლივსგასაგონად მიმართა მან.
- ჰო მეც, როგორ შეცვლილხარ!.. - მოურიდებლად აათვალიერა და ჩაათვალიერა სირცხვილით გაწითლებული გოგონა.
- გამარჯობა! - ყურადღების მისაქცევად ხმამაღლა ჩაახველა ლუკამ.
- გაგიმარჯოს, მე გიორგი ვარ. - ხელი გაუწოდა.
- ლუკა, სასიამოვნოა!
- ვისთვის როგორ! - ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა და ლუკას მოჩვენებით გაუღიმა.
მოკითხივს შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა.
ნატა სკამიდან არ დაძრულა, იჯდა და შეუმჩნევლად ათვალიერებდა უფრო გასიმპატიურებულ და დავაჟკაცებულ გიორგის.
რამდენჯერმე მამაკაცმაც გამოჰხედა, თუმცა სულ ცოტა ხნით.
ბოლოს უკვე ვეღარ გაძლო მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა, წვეულების სასწრაფოდ დატოვება განიზრახა და გასასვლელისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ? - უკან გაჰყვა ლუკა.
ხმა არ გაუცია, ცრემლიანი სახის დამალვას ცდილობდა.
- რა გჭირს? ნატა ტირი? - არ ეშვებოდა მამაკაცი.
- სერიოზული არაფერია... - აკანკალებული ხმით ნაწყვეტებად მიუგო.
- არაფრის ახსნას არ აპირებ? - უკვე წარბები შეკრა მან.
- ხელი გამიშვი! - გაბრაზდა ისიც.
- რა დაგემართა?
- არ მიყვარხარ ლუკა და არც არასდროს მქონია შენს მიმართ რაიმე გრძნობა. მაპატიე... - მისი ხელი მოიცილა და რესტორანი დატოვა.
გარეთ ციოდა.
კვლავ თოვდა.
თეთრ სახეზე თოვლის ფანტელები შეუჩერებლად ეცემოდა, სახეს უყინავდა და კიდევ უფრო ფერმკრთალს ხდიდა.
არ იცოდა სად წასულიყო.
სრულიად მარტო იდგა ცარიელ ქუჩაზე და თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა მის გულში.
- ნატა... - ფიქრებში წასული ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა.
თავისი სახელის გაგონებისას შემოტრიალდა და თოვლის ფანტელებში გიორგის სილუეტი დაინახა.
- რატომ დატოვე წვეულება? უკან დაბრუნდი! - მიმართა ახლოს მოსულს.
- ისედაც დიდი ხნით დაგტოვე და დავუშვი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა. მე შენ მიყვარხარ ნატა და ამას ვიტყვი ყველგან, ყველას გასაგონად და ყოველთვის!
გიორგის თვალები აღარ აძლევდა უფლებას, მის გულწრფელობაში ეჭვი შეეტანა.
გარინდებული უყურებდა საყვარელ მამაკაცს სიბნელეში უფრო გაშავებულ თვალებში და სამყაროს ხედავდა...

* * *
მას შემდეგ აღარასოდეს დაშორებულან..
გიორგი კვლავ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჯვარი პატარა ეკლესიაში დაიწერეს, მოკრძალებულად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.
მათ ცხოვრებაში მალე მწვანეთვალება, პატარა გოგონა გამოჩნდა, რომელსაც თამუნა დაარქვეს.
მრავალი წელი ერთად... წარმატებული თუ წარუმატებელი წლები ერთგულებით, სიყვარულითა და მეგობრობით გაიარეს...

ვერ მოვითმინე და მაინც ავტვირთე ეს ისტორია smiley ველი შეფასებას! heart_eyes



№1 სტუმარი TaTa

Sasiamovno istoria iyo <3 Like

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au dzalian kargi istoria iyo yochag kargi iyo velodebi shens axal istoriasss
--------------------
M.D

 


№3  offline მოდერი zia-maria

ძალიან მომეწონა,სასიამოვნო წასაკითხი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent