ბინა #13 (პირველი ნაწილი)
დღე 1 როგორც იქნა, გადმოვედი. როგორც იქნა ავისრულე ოცნება და ჩემს საკუთარ ბინაში დავაბიჯებ. დიდი თეთრი კორპუსია, სკვერში, აივნებით და ვერანდით. ჩემი ბინა მეხუთე სართულზეა, შავი რკინის კარით მარჯვენა მხარეს. ბინა ნომერი 14. ბარგიც უკვე ამოვიტანე, უფრო სწორად, ამომატანინეს. ახლა ძირს ვზივარ, იატაკზე. გარშემო უთვალავი ყუთია. ავეჯზე თეთრი ნაჭრები გადაუფარებიათ. ფანჯრიდან მზის სხივი იჭყიტება. ვზივარ და ასე მგონია ჩემი პატარა სამფლობელოს დედოფალი ვარ. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. თუმცა მაინც არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ აქ, ამ სახლში, ვიღაც წინა მაცხოვრებლის აურა მაინც დარჩენილა. გარშემო თვალს ვავლებ და ვხვდები, რომ ამ ყველაფერს ის დიდი და უსახური თეთრი ნაჭრები იწვევს, რაც არა ჩემს მიერ, არამედ ვიღაც სხვების მიერაა შემოტანილი და გადაფარებული. სწრაფად ვდგები, ყველა მათგანს ხელს ვავლებ და მიუხედავად დიდი მტვრის ბუღისა, შემოსასვლელში გროვად ვყრი. მერე ხველებ-ხველებით მოვდივარ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. მალე ავდგები და დალაგებას დავიწყებ. ერთი სული მაქვს ეს მზისფერკედლებიანი და თავადაც მზიანი სახლი მოვათვინიერო და საბოლოოდ დავარქვა ჩემი. დროებით. დღე 3 მთელი ორი დღეა ვალაგებ, ვალაგებ... მგონი საბოლოოდ მივუჩინე ყველაფერს ადგილი. პრინციპში, იმდენიც არაფერი მქონდა, რომ ვერ მომეხერხებინა. ჩემი საძინებელი ცისფერია. დიდი თეთრი კარადა მაქვს, დიდი სარკე და ფუმფულა საწოლი. კედელზე ერთი თარო მაქვს. იქ ჩემი საყვარელი წიგნები ჩამოვაწიკწიკე. ვინ იცის, თეთრ ღამეებში რომლის გადაშლა მომინდება, ახლოს მექნება. ხვალ ჩემი მეგობრები მოვლენ და მნახავენ. ზეგ ჩემი პატარა შვებულებაც დამთავრდება და კვლავ მოვიცვამ თეთრ ხალათს. ახლა საღამოა. მთელი დღის აქეთ-იქეთ სირბილით დავიქანცე. ყავას ვსვამ. ცხელს და შავს. იმედია კოფეინი ცოტა ენერგიას დამიბრუნებს. გვერდით გადაშლილი წიგნი მიდევს, რომელსაც დაღლილი და კმაყოფილი სიამოვნებით ჩავუჯდები. ბედნიერება მეტი რა არის? დღე 4 დღეს ბევრი რამ მოხდა. დაბნეული ვარ. იმედია ფურცელზე წერისას ყველაფერი დალაგდება. როგორც ჩანს, მშვიდად ცხოვრება და მე ერთმანეთს ვერ ვეგუებით. მოყოლას თავიდან დავიწყებ. გუშინ შუაღამისას გამეღვიძა. წიგნის კითხვისას ჩამძინებია. ჯერ გამიკვირდა, კიდევ ვერ შევეჩვიე უცხო გარემოს, შემდეგ წამოვჯექი. შუქი ანთებული დამრჩენოდა, წიგნი გადაშლილი. წამოვიზლაზნე და საპირფარეშოში შევედი. ხელებს ვიმშრალებდი, როდესაც კედლის იქედან ყრუ ბრაგვანი მომესმა. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ხმაური გაძლიერდა და ამას მსხვრევის ხმაც დაემატა. ცოტათი შემეშინდა, გავირინდე. ვიღაც დადიოდა. ისევ მსხვრევა. ალბათ ფანჯარა ან სარკე იყო. და ბოლოს ბავშვის განწირული ტირილის ხმა გავიგონე. თმა ყალყზე დამიდგა. არასდროსაა სასიამოვნო ბავშვის ტირილის მოსმენა, მითუმეტეს შუაღამით, ახალ ბინაში.. ბევრმა საშინელმა კადრმა გამირბინა გონებაში, მაგრამ დაძაბულმა თავი გავიქნიე და მსგავსი ფიქრები ტვინის ერთ კუთხეში მივჭმუჭნე. ბევრ დეტექტივს და საშინელებას ვკითხულობ. ეტყობა, რაღაც დაუვარდათ და პატარამ გაიღვიძა. ვიმშვიდებდი თავს. ვამშვიდებდი ჩემს სინდისს, რომელიც მომიწოდებდა, გარეთ გამეხედა და მენახა, იქნებ ვის რა უჭირდა. ადამიანი ყოველთვის მარტივ გამოსავალს ეძებს. რომ არა ჩვენი ფანტაზია, წარმოსახვა და თავის დამშვიდების უნარი, ალბათ ბევრ პრობლემას უფრო რეალურად შევაფასებდით და თავიდან ავიცილებდით. ტირილის ხმა მიწყნარდა. ისევ მდუმარებამ დაისადგურა. ახალ სახლში ბნელოდა. შუქი მხოლოდ ჩემს ოთახში დატოვებული პატარა სანათიდან ბჟუტავდა. შუა ოთახში გავშეშდი. მთელი ტანით დავძაბულიყავი. ღამე ყველაფერს ამძაფრებს. შეგრძნებებსაც, ემოციებსაც, აღქმასაც. წამები წამებს მიჰყვებოდა. ნელ-ნელა მოვეშვი, გავბრუვდი და მივხვდი, რომ მოძრაობა შემეძლო. შუქის ჩამრთველისკენ გავიწიე და გავანათე. საათი ოთხს უჩვენებდა. სინდისის დასამშვიდებლად გადავწყვიტე გარეთ გამეხედა. იასამნისფერი ხალათი მოვიცვი და საგულდაგულოდ დაკეტილი კარი ჩხაკუნით გავაღე. სიწყნარეში ეს ხმები ტყვიის გასროლასავით ისმოდა და მეგონა მთელი კორპუსი გავაღვიძე. ურდული ჩამოვწიე და ფრთხილად გამოვაღე. სადარბაზოში მაშინვე აინთო შუქი. გვერდით ბინას შევხედე და წარბები შუბლზე ამივიდა. კარს გარედან ორი ბოქლომი ედო, რომლებიც საგულდაგულოდ ჩაეკეტათ. შეუღებავი, ნაცრისფერი რკინის კარი იყო. ზედ ვერცხლისფერი ციფრებით 13 ეწერა. გასაჭვრეტი არ ჰქონდა. სახლში აშკარად არავინ იყო. შემოდგომის სუსხმა დაუბერა და მივხვდი, რომ გარეთ ასე დგომას აზრი არ ჰქონდა. სახლში დავბრუნდი. კარი ისევ საიმედოდ ჩავრაზე და საპირფარეშოში დავბრუნდი. საიდან მომესმა ხმა? უკვე ვეჭვობდი, რომ გვერდითა სახლიდან. ეტყობა, ზემოდან ან ქვემოდან. ყოველ შემთხვევაში, ახლა სიჩუმე იყო და როგორც ჩანს, არაფერი ისეთიც არ ხდებოდა. უკვე დამშვიდებული ჩემს საწოლში შევგორდი და შუადღემდე ვინებივრე. საღამოსთვის რაღაცეები მოვამზადე. მეგობრებიც ამოვიდნენ. ჩემი ახალი სახლი ყველას ძალიან მოეწონა. ცოტა შავი ღვინოც დავლიეთ. გვიან ყველა წავიდა. მე მაღაზიაში ჩავედი და მეორე დილისთვის ყავა ვიყიდე. გადავწყვიტე ლიფტით ავსულიყავი, რომლისთვისაც აქამდე რატომღაც ყურადღება არ მიმიქცევია. სიბნელეში ღილაკი ვიპოვე და შიგნით შევედი. ხუთიანს ხელი დავაჭირე და ვიგრძენი, როგორ ავიწიე მაღლა. უწონობის და კიდევ რაღაც შეგრძნება, ლიფტით მგზავრობას რომ ახლავს თვალს, არასდროს მომწონდა. ორიოდე წამში შუქი ჩაქრა. კაბინა კი გაჩერდა. საოცრად შემეშინდა. გული უკვე ყურებშიც მიცემდა. ხელის გულები გამიოფლიანდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ სავარაუდოდ ამას ვერავინ გაიგონებდა. ღრმად ჩავისუნთქე. პანიკა მეწყებოდა. ჯიბიდან აკანკალებული ხელით მობილური ამოვიღე და ფანარი ჩავრთე. შუქის დანახვაზე ცოტა აზრზე მოვედი. კედლები შევათვალიერე და პატარა განცხადებების დაფა დავინახე. ბინის გაქირავება, ყიდვა და ასე შემდეგ. საინტერესო არაფერი. თუმცა, არა, კუთხეში, წვრილი ციფრებით ნომერი წერია. ქვემოთ სახელიცაა მითითებული-ალექსი. სხვა არანაირი ინფორმაცია. სხვა გზა არ მქონდა. მეზობლებს არ ვიცნობდი და გადავწყვიტე დამერეკა. შესაძლოა, ლიფტიორიც ყოფილიყო. ზარი გავიდა. ცოტახნის ლოდინის შემდეგ მამაკაცის ხმა მომესმა: -გისმენთ -გამარჯობა, თქვენი ნომერი ლიფტში იყო მითითებული. ბატონი.. ალექსი ბრძანდებით?-ხმაში აშკარად მეტყობოდა პანიკა. სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე. -დიახ მე ვარ. რატომ რეკავთ? -თქვენ.. ლიფტიორი ხართ? -ლიფტიორი?-აშკარად გაუკვირდა. ახალგაზრდა მამაკაცის ხმა მომესმა. ოდნავ ბოხი და სასიამოვნო -არა, კორპუსის მეპატრონე ვარ-ჩაიცინა -იცით, მე ახალი გადმოსული ვარ აქ, და ლიფტში გავიჭედე-ხმის კანკალით მოვახსენე ჩემი გასაჭირი-ხომ არ იცით როგორ უნდა გამოვიდე? -უკაცრავად, მაგრამ თქვენთვის არავის უთქვამს, რომ მაგ ლიფტით სარგებლობა არ შეიძლება?-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს. -ვაიმე, არა, არავის-უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი-გამომიყვანეთ რა, მეშინია დახურული ადგილების. გავგიჟდები იცოდეთ-ვევედრებოდი უცნობს და უკვე ტირილს ვიწყებდი. -დაახლოებით თხუთმეტ წუთში მოვალ-თქვა და მობილური გამითიშა. ჩავჯექი. შიშით მოვათვალიერე გარემო. მეგონა საუკუნე გავიდა და ლიფტში დავობდი, როდესაც ქვემოდან რაღაცამ დაიბრახუნა, მერე შევჯაყჯაყდი, ორ წამში შუქიც აინთო და დაბლა დავეშვი. სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედე. სახეზე ნაცრისფერი მედო. კარი გაიღო და ლიფტიდან დამდუღრულივით გამოვვარდი. -იმედია გაკვეთილს ისწავლი და ლიფტით აღარ ისარგებლებ-ურცხვად შეთვალიერების შემდეგ ყინულივით ცივი ხმით დამელაპარაკა უცნობი, რომელიც კიბესთან დამდგარიყო და ბნელში კარგად არ ჩანდა-მაგრამ შენნაირებისგან, რომლებსაც თავისხელა გაფრთხილების შემჩნევა უჭირთ, გასაკვირი არ იქნება იგივე შეცდომა-გესლი გამოაყოლა ბოლო სიტყვებს მან. მიუხედავად დიდი სტრესისა, სიტყვების მნიშვნელობის გაანალიზების შემდეგ თავი საოცრად შეურაცხყოფილად ვიგრძენი და მივხვდი, რომ უცნობ ადამიანს ამდენის უფლება არ ჰქონდა. წამებში ლიფტის კარზე წითელი აბრაც შევნიშნე და იმის მიუხედავად, რომ ამ სიტყვების ღირსი ნამდვილად ვიყავი, ოღონდ ჩემი თავისგან, ბატონ ალექსის შევუტიე -როგორ ბედავთ ასეთ ლაპარაკს? -აღშფოთებული გამოვთქვამდი პროტესტს-მართალია, საერთოდ არ მსიამოვნებს თქვენნაირი ადამიანისგან დახმარების მიღება, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, მეტჯერ არ შეგაწუხებთ. მადლობა, რომ ესეთი მზრუნველობა გამოიჩინეთ. სულ დამავიწყდა ზრდილობა, შიში და სხვა ყველაფერი, რასაც ამ სიტყვების თქმისგან უნდა შევეკავებინე. უცნობმა ჩაიცინა და შუქში გამოიწია. მაღალი, 26-27 წლის მამაკაცი იყო. მოგრძო შავი მანტო, შავი მოღეღილი პერანგი და მუქი შარვალი ეცვა. გრძელი თვალის ჭრილი და ყინულივით სუსხიანი გამოხედვა ჰქონდა. მუქი გრძელი, გადაყრილი თმა და ღია, შუქის გამო გაურკვეველი ფერის თვალები უცხო კონტრასტს ქმნიდა. ჩემი სიტყვები თითქოს არ გაეგონა, უემოციოდ მკითხა: -როდის გადმოხვედი და სად ცხოვრობ? -დაახლოებით ოთხი დღის უკან, წინა მაცხოვრებელმა გაყიდა სახლი-რატომღაც მეორე კითხვაზე პასუხისგან თავი შევიკავე. -აქ სახლს ჩემს გარეშე არც არავინ ყიდის და ვერც ვერავინ ყიდულობს-თვალებით ერთ ადგილას მიმაყინა. -რა? სრულიად კანონიერად ვიყიდე, ყველანაირად გაფორმებულია-აღვშფოთდი მე -ამას მალე გავარკვევთ. გიმეორებ, სად ცხოვრობ?-რაღაც ჰქონდა ალექსის. რაღაც ისეთი, რაც უსიტყვოდ, გამოხედვით გაიძულებდა დამორჩილებოდი. ამას მდიდარი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონდე ადამიანების სინდრომს ვუწოდებდი. -მეხუთე სართულზე, მეთოთხმეტე სახლში-დამალვას აზრი არ ჰქონდა. -სად?-უცბად გამოიწია ჩემკენ მამაკაცმა და კედელს ამალურსმა. ისედაც შეშინებულს ადრენალინი უფრო მომაწვა და გავიბრძოლე, თუმცა აზრი არ ჰქონდა. რკინასავით ხელებს ვერანაირად ვერ დავუძვრებოდი. -გამიშვით-ხელები მოვიქნიე და რომ ვერაფერს გავხდი ხმამაღლა ვიყვირე. მაშინვე პირზე ხელი ამაფარა და კბილებში გამოცრა -ნუ ყვირი და მითხარი, საიდან მოხვდი მანდ? ზემოდან კარის გაღების ხმა მომესმა. ხელები იმწამსვე მომშორდა და ალექსი სადარბაზოდან გავარდა. -რა ხდება აქ? -მომესმა შეშფოთებული ქალის ხმა, რომელიც კიბესთან გამოვიდა. ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ქვემოთ ჩამოირბინა. -გოგონა? რა გჭირს? სასწრაფოს ხომ არ დავუძახო? -არა ქალბატონო, არაფერია, ლიფტში გავიჭედე უბრალოდ.. -შვილო, არ იცოდი რომ მანდ არ შეიძლებოდა შესვლა? -თავი უღონოდ გავაქნიე-ღმერთო, როგორი შეშინებული ხარ, წამოდი, ჩაის დაგალევინებ, სად მიდიხარ?-ქოთქოდებდა ჩასუქებული, ჭაღარაშეპარებული ქალი. -არსად, ახლა გადმოვედი აქ და არავის არ გავუფრთხილებივარ.. -როგორ გამოხვედი? ან მოდი ჯერ, გათბი, როგორი გაყინული ხარ-შემიძღვა ქალი პატარა მყუდრო ბინაში. სახლი ძველებური ავეჯით გაეწყოთ. იატაკზე ფუმფულა ხალიჩა ეგო, რომელზეც ჟღალი კატა თვლემდა. -სავარძელზე დაჯექი-მიმითითა უცნობმა ქალმა-მე ცხელ ჩაის მოგიმზადებ. ლიმონით ალბათ? -ნუ შეწუხდებით რა-მეუხერხულებოდა უცნობი ადამინისგან ამხელა ყურადღება -აბა ეხლა-გამიწყრა ქალბატონი-მე ვიცი როგორიც მოგიხდება. მაგარი შავი ჩაი, არომატული, ყველაფერს შველის. დაახლოებით ათ წუთში მე და უცნობი ქალი ძველი ნაცნობებივით ვსაუბრობდით და მის მორთმეულ უგემრიელეს, არომატულ ჩაის შევექცეოდით. ამ ყველაფერმა ნამდვილად იმოქმედა და ვიგრძენი, როგორ ამოძრავდა სისხლი ძარღვებში. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ ჯერ კიდევ შემორჩნენ ასეთი თბილი ადამიანები.ქალს ლალი ერქვა. 65 წლის იყო. მომიყვა, რომ მეუღლე ახალგაზრდობაში გარდაეცვალა. საბედნიეროდ, ერთი ბიჭი ყავდა, რომელიც ყურადღებას არ აკლებდა. შვილიშვილების ფოტოებიც მაჩვენა. ბოლოს, როცა მიხვდა რომ დავწყნარდი, ფრთხილად მკითხა ჩემი ამბავიც. მე მამაკაცთან ინციდენტის გარდა ყველაფერი მოვუყევი. ვლაპარაკობდი, მაგრამ ფიქრები სხვაგან მიქროდა. -მართალია, თითქმის ახალი აშენებული კორპუსია, მაგრამ ხომ ხედავ, რაც ხდება-გააქნია ლალიმ თავი. -თუ იცით, ჩემს სართულზე ან იქ ახლოს, ვინმე ბავშვიანი ხომ არ ცხოვრობს?-წინა ღამის შემთხვევა გავიხსენე მე. -ბავშვიანი? არა, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე არც არავის უცხოვრია. შენ გადმოდი ამ ბოლო დროს. არა, ამდენი შეუსაბამობის და არეულობის ატანა აღარ შემეძლო. -გამყიდველმა მითხრა რომ აქ ცხოვრობდა.. -დამიჯერე, ეგ სართულები მკვდარი სართულებია-თქვა ლალიმ და ჩაი მოსვა-შენ ხომ არავინ გაწუხებს? -არა, უბრალოდ ვიკითხე-გავუღიმე ლალის და წასასვლელად მიზეზიც მოვიფიქრე. -კარგი აბა ელენე, თავს გაუფრთხილდი იცოდე, თუ რამე, ნომერი იცი, მაშინვე შენთან დავრჩები. -დიდი მადლობა ლალი დეიდა, მართლა არვიცი თქვენ რომ არ ყოფილიყავით, რა მეშველებოდა-როგორც კი კარი გამოვიხურე, გიჟივით ამოვვარდი სახლში, კარი ჩავრაზე, პატარა კარადაც მივაყუდე. ახლა ჩემს ოთახში საწოლზე ვზივარ. თავს აღარც ისე უსაფრთხოდ ვგრძნობ, როგორც ადრე. მეშინია. რაღაცას ველი. თან ინტერესი მკლავს. საკუთარ სახლში ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. ვინმეს დავურეკავდი, მაგრამ არ მინდა უმიზეზოდ შევაწუხო. დროებით. ________________________________________________________________ გამარჯობა :)) დიდიხანია მინდა რამის დაწერა და გამოქვეყნება და როგორც იქნა აზრები რაღაცნაირად დავალაგე. ახლა ძალიან, ძალიან ვნერვიულობ. გთხოვთ არ დაიზაროთ და გამაგებინეთ, რას ფიქრობთ, რას მირჩევთ, რა მაქვს გამოსასწორებელი და ასე შემდეგ.. წინასწარ დიდი მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.