ბრალდებულო! თავი 14.
ეჭვი მღრღნის. ისე მიჭამს მთელ ორგანიზმს, მინდა ამოვძვრე და სხვაგან გადავსახლდე, სხვას შევეკედლო. მეც აღარ ვიცი რისი მოლოდინი უნდა მქონდეს. არც მიკვირს, უბრალოდ მეშინია. მეშინია იმის, რომ ისევ გამიცრუვდება იმედი. ყველა არაა ისეთი, როგორიც გვგონია...ჰო, მართალი იყო იოანე...იყო? იქნებ არის, ახლაც არის...არ ვიცი. თავგზა ამებნა. ვერც დასაწყისს ვიგებ, ვერც დასასრულს ვვარაუდობ. თუ ცოცხალია..."თუ"...მაშინ რატომ დამტოვა? საყვარელი დაიკო, რომელსაც ყოველთვის უჭერდა მხარს, მუდამ ეხმარებოდა და არ ტოვებდა მარტო, ასე ადვილად დაივიწყა და წავიდა? არ მჯერა...ან უბრალოდ არ მინდა მჯეროდეს...არ მინდა ვიფიქრო, რომ იოანემ უბრალოდ მიმატოვა. მეშინია...მეშინია, რომ სიმართლე აღმოჩნდება... უნდა გავიგო თუ არა ეს წერილი, როგორც მინიშნება? მაგრამ, ასეც რომ იყოს, უკვე 11 წელი გავიდა. რატომ არ მოვიდა თვითონ? იქნებ იფიქრა, რომ ვნახე და უბრალოდ დავაიგნორე? მაგრამ, თვითმფრინავი ჩამოვარდა და ზუსტად ვიცი, რომ იოანესი იყო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. როგორ გადარჩებოდა? ამის ძალიან მცირე შანსია და ისიც აუცილებლად გავიგებდით რომ "გარდაიცვალა" ან "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სიკვდილს ებრძვის". სხეული ვერ გაქრებოდა. როგორ? გამოძიება დავიწყო? თუ მე თვითონ წავიდე? ჰო, იაპონიაში, აი ახლავე, ავიკრავ გუდა-ნაბადს და თვითმფრინავში ჩავჯდები. უბრალოდ, არ ვიცი რა ვქნა. ამდენი ხნის მერე, ალბათ ძალიან შეიცვლებოდა. როგორ მოვიქცე? ფიქრისგან თავი ამტკივდა. ვეღარ ვიტან...ვერაფერს ვიტან... ლოგინიდან წამოვდექი და უაზროდ დავიწყე ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში სიარული. რაზე ვიფიქრო? იოანე...ჩემი და...კომპანია...დედა...მამა... ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა და ჩემ გაბმულ და არეულ ფიქრთა ჯაჭვი გაწყვიტა ისე, თითქოს არც არსებობდა, თითქოს არ გაებრუებინა ჩემთვის ისედაც გადაღლილი თავი...მაჯის საათს შევხედე. უკვე თორმეტი ხდებოდა. გაკვირვებული გავემართე სტუმრის შესახვედრად...ხელში ანა შემრჩა. -შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?-გამიღიმა. -კი, როგორ არა. ჰო მშვიდობაა? -კი, უბრალოდ მომენატრე. თითქმის არ გველაპარაკები და ვიფიქრე დავადგები-მეთქი. -ნინი და ეკა?-ვკითხე, როცა სახლში შემოვიდა. -ნინი მამიდასთან გავიდა და ეკას დეიდაშვილი "შეატენეს".-გაიცინა. -ნატალია?-მაშინვე გამახსენდა უსაყვარლესი, მაგრამ უზომოდ ცელქი ბავშვი. -ჰო, და გიჟს ჰგავს. -საწყალი.-ჩამეცინა. ანა სასტუმრო ოთახისკენ წავიდა და სავარძელში მოკალათდა. -კარგად ხარ?-მკითხა, როცა გვერდით მივუჯექი. -კი, რატომ მეკითხები?-გამიკვირდა. -უბრალოდ, მთელი დღე ცუდ ხასიათზე რომ იყავი, ვიფიქრე რამე ჰო არ მოხდა-მეთქი. -ა, არა, ისეთი არაფერი. მამაჩემის კომპანიას რაღაც პრობლემები აქვს და იმაზე ვფიქრობდი.-"გამოვძვერი" სიტუაციიდან. -გასაგებია.-მძიმედ ამოისუნთქა. -შენ რა გჭირს?-შევუბრუნე კითხვა. -მმ...აუ, რომ გითხრა, არ ჩამეძიები ზედმეტად?-ჩაიცინა. -პირობა დავდო?-მეც ავყევი. -დიახ, დიახ. -ჰო, კარგი, არ ჩაგეძიები ზედმეტად.-გავუღიმე. -მაშინ...ერთი ბიჭი მომწონს.-თავი დარცხვენილმა ჩახარა. -როგორ გამაკვირვე.-გულით გამეცინა. ზოგადად, ანა ცნობილი იყო იმით, რომ ყოველთვის ვიღაც მოსწონდა. სამივე დაქალის ბიჭები რომ შევკრიბოთ, ანასას ძლივს გავუტოლდებით. -ვიცი, ვიცი. უბრალოდ, მგონია რომ ეს სერიოზულია. -ეტყობა, კარგი ბიჭია. -აუ, იცი რა საყვარელია? თან რაღაც საოცრად თბილი და მზრუნველი. "თბილი", "მზრუნველი". ჩემთვის დანიელი გამახსენდა და ტკივილნარევმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე. -მერე იმოქმედე.-გავუღიმე. -რა მარტივად ამბობ.-გაეცინა. -შენ უნდა "იჩალიჩო". -ის ისეთია, "ჩალიჩს" ვერ ვაკადრებ.-მორცხვად გაეღიმა. -აუ, უკვე ვკვდები, ისე მაინტერესებს ვინაა.-ანთებული თვალებით შევხედე. -ჩაძიებების გარეშე.-გამიცინა. -დაქალი გქვია.-მეც ავყევი. მისმა ვიზიტმა დამამშვიდა. თითქოს დროებით გამთიშა ყველა პრობლემისგან, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებდა. ანას მუდამ უდარდელი ტონი, საყვარელი ღიმილი, მხიარული ბუნება, სასიამოვნო საუბარი...ახლა ნამდვილად წამალივით მჭირდებოდა ეს ყველაფერი. დაღლილობა, ნერვიულობა, აღელვება, შიში, ტკივილი. დროებით ყველანაირმა ცუდმა გრძნობამ გამიარა. როდის დავიძინეთ, არ ვიცი, მაგრამ ჩემს სახლში ამდენი ხნის მერე, ისევ გაისმა ხმამაღალი მუსიკა, ისევ გამოცოცხლდა გარემო...ისევ კომფორტული გახდა სახლი...მე კი, უკვე არსებად ქცეული, ნახევრად გამოვცოცხლდი... დილით ერთად წავედით სამსახურში. რატომღაც ველოდებოდი, რომ დანიელი ძველებურად შემომიძვრებოდა მანქანაში, მაგრამ ეს იმედები მალევე გავიქრე, რადგან მივხვდი, მაინც არ გამართლდებოდა. როცა მივედით, დანიელი უკვე იქ დამხვდა. -აგვიანებთ.-სიცილით გვითხრა ნინიმ. -მეძინება.-შეუღრინა ანამ. -რა უქენი?-ეკას გაეღიმა. -ჩემი ბრალი არაა.-ჩავიცინე. -რა?-ანამ გაკვირვებული სახით შემომხედა.-ვინ უსმენდა ღამის ოთხამდე მუსიკებს? -ვინ თქვა, კარგია ასე დროის გატარებაო?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. ტუჩის კუთხე უკმაყოფილომ ამიწია, მერე კი ჩაეცინა და თავისი მაგიდისკენ წავიდა. -ან, დღეს რამე ჰო არ გაქვს დაგეგმილი?-ჰკითხა უცებ დანიელმა. -არა, რა იყო?-გაუკვირდა ანას. -არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე გავისეირნებდით.-გაუღიმა. -ვნახოთ, თუ დრო მექნება.-ღიმილითვე უპასუხა და ქაღალდებში ჩარგო თავი. გულში საშინელმა ტკივილმა გამირბინა. არც მომესალმა, არც შემომხედა და ახლა კიდევ...დარწმუნებული ვარ ჩემი გამწარება უნდა, თან რა გზით? ჩემი დაქალის დაკერვით. რა საზიზღარია. აუტანელი. გავმწარდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ჩემი კაბინეტისკენ ძალიან მშვიდად წავედი. მაგიდასთან დავჯექი და ფარდაგაუფარებელი მინის კედლიდან გულდაწყვეტილი ვუყურებდი დანიელის მხიარულ, სიცოცხლით სავსე სახეს, რომელიც ჩემთან რატომღაც კვდებოდა... თავი ჩავხარე და მუშაობას შევუდექი. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. არ მინდოდა მისთვის შემეხედა, მაგრამ ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდებოდა, ვერც ვამჩნევდი. თვალები თავისით ეძებდნენ დანიელს. გული თავის ნებაზე ატრიალებდა მათ... შუადღისკენ ირაკლიმ დამირეკა. გულზე მომეშვა. -გამოხვალ? შენს სამსახურთან ვარ.-მისმა უდარდელმა ტონმა გამომაცოცხლა. -აქ რატომ მოხვედი, კაფეში გამოგივლიდი. -არ მინდოდა მეწვალებინე.-ჩაეცინა. -როგორ გაკლია.-მძიმედ ამოვისუნთქე და კაბინეტიდან გავედი. დანიელს ერთხელაც არ შემოუხედავს...ისევ... -გოგოებო, ირაკლი უნდა ვნახო და სადღაც ერთ საათში დავბრუნდები.-გავიღიმე და დანიელისკენ ჩუმად გავაპარე მზერა. ოდნავ შეირხა, მაგრამ ისიც, უბრალოდ გასწორდა. საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ისევ უემოციო სახით ათვალიერებდა რაღაც საბუთებს. ღრმად ამოვისუნთქე და გამწარება ფილტვებიდან გამოსულ ჰაერს ამოვაყოლე, რომ წონასწორობა არ დამეკარგა. კიბეები ჩქარა ჩავიარე. გუშინდელისგან დაშინებული ირაკლის მაშინვე ჩავეხუტე. -რატომ მანერვიულებ?-გავუბრაზდი. -როდის განერვიულე?-გაუკვირდა. -როდის და გუშინ.-შევუღრინე. -მართლა გაკლია რა.-გაეცინა.-კაფეში დავსხდეთ. -აუ, გავიაროთ რა. მთელი დღეა ვზივარ ისედაც.-მუდარით ავხედე. -როგორ გითხრა უარი.-ჩაეღიმა. ალბათ მომეჩვენა, მაგრამ ეს ჩაღიმება ძალიან სუსტი იყო, თითქოს მტკივნეული. -კაფეს გახსნას აღარ აპირებ?-გავუნაწყენდი. -მოგენატრა?-ჩაიცინა. -კი. ჰო იცი, ჩემი საყვარელი ადგილია. -მიუხედავად წარსულისა? -ძალიან გთხოვ, რაც წასულია, იმას ნუ უტრიალებ. -კარგი, კარგი, ოღონდ არ გამიბრაზდე.-გამიღიმა. -არ გიბრაზდები. წამიერად იკა ოდნავ მოიკეცა, მაგრამ მალევე გასწორდა. სახე ოდნავ შეუწუხდა. -კარგად ხარ?-ვკითხე ანერვიულებულმა. -კი, კი, ფეხი გადამიბრუნდა უბრალოდ. -ფრთხილად იარე. ძალიან გტკივა?-ფეხს დავხედე. -არა, დამშვიდდი.-გაიცინა.-როდიდან გახდი ასეთი მზრუნველი? -ყოველთვის ვიყავი.-ჩავიბურტყუნე. -შენ? და რა ვქნა, ცივი სოფო რომ მახსოვს?-თვალებში ჩამხედა. უბრალოდ დავებღვირე. -რა საყვარელი ხარ.-თავზე გადამისვა ხელი. -როდის აქედან გახდი ასეთი თბილი?-კითხვით სავსე მომღიმარი სახე მივანათე. -ყოველთვის თბილი ვიყავი.-გაიკვირვა. -უნივერსიტეტში რაღაც არ გეტყობოდა. -ეგ სხვებისთვის, თორემ ვინც მიყვარს, იმასთან ქვა ვერ ვიქნები. ისევ ეს სიტყვა...რატომ ვერ ვიხსენებ? ცოტა ხანი ჩუმად მივსეირნობდით. ძალიან მინდოდა მეკითხა გუშინდელზე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა და ირაკლი გამეღიზიანებინა. -რა გჭირს?-მკითხა უცებ. დავიბენი და ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა. უბრალოდ შევხედე. -ასე მგონია, თავს აძალებ, რომ იცოცხლო.-ამიხსნა. -შეიძლება ეგრეც ითქვას.-ჩამეღიმა. -რამე მოხდა? -ისეთი არაფერი. უბრალოდ, ჰო იცი, ჩემი და ოჯახის დამოკიდებულება... -სადაც აქამდე იტანდი, ახლაც გაუძელი. -ჰო, ვუძლებ, უბრალოდ რაღაცები მოხდა და ვერ ვეგუები. -უნდა გკითხო თუ? -ჯერ მეც გასარკვევი მაქვს ბოლომდე, ამიტომ... -გასაგებია. ყოველთვის ასეა. მე და ირაკლის ნახევარი ფრაზებითაც კი გვესმის ერთმანეთის. ახლაც, სულ თითო-თითო სიტყვა რომ ვუთხრათ, მაინც გავუგებთ, მაინც ავაწყობთ დიალოგს, მაინც ვისაუბრებთ ისე, რომ სხვები ვერ მიხვდებიან, სამაგიეროდ ჩვენთვის ყველაფერი ნათელი იქნება. უცებ ისევ გადაურბინა სახეზე მკრთალმა შეწუხებამ...ვეღარ მოვითმინე. -რა გჭირს?-ვკითხე სერიოზული ტონით. -არაფერი.-მითხრა მშვიდად, თან ისე, რომ ნაბიჯი არ შეუნელებია. -ირაკლი!-ხელით გავაჩერე და მკაცრად მივმართე. -დამშვიდდი. უბრალოდ გადაბრუნებული ფეხი მტკივა ცოტა.-გამიღიმა და ჩემი ხელი ნაზად მოიშორა.-არაა სანერვიულო. -არ მატყუებ?-ვკითხე უკვე დაეჭვებულმა. -როდის მომიტყუებიხარ.-საყვარლად ჩაეცინა. უკმაყოფილომ ამოვისუნთქე. ჰო, ტყუილით არასდროს მატყუებდა, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც არ მასვენებს... სეირნობისას დრო ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. როცა საათს შევხედე, მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა. -გავიქეცი, თორემ საქმეები მაქვს.-ირაკლის გავუღიმე. -უკვე?-სევდიანი თვალები შემომანათა. -ჰო, რას ვიზამთ, სამსახურია.-გამეცინა. -მესმის. წამოდი, მიგაცილებ. -არ იწვალო. ისევ აქეთ მოგიწევს მერე მობრუნება... -არ მომიწევს, დღესაც დათასთან ავდივარ. -რა იყო, ჩაუსახლდი?-გამეცინა. -დაახლოებით.-ამყვა. -ჩემთან გადმოდი, ნუ აწვალებ. ისედაც დილიდან დილამდე საავადმყოფოშია და მძიმე სამუშაო დღის მერე შენნაირ სიფათს რომ წააწყდება, ცოდოა.-გამეცინა. -ენა გესლიანი.-ჩაილაპარაკა უკმაყოფილომ. სამსახურის შენობას მივუახლოვდით. -კაფე გახსენი რა.-წავიწუწუნე. -ვნახოთ.-გამიღიმა.-კარგად, სოფ.-ხელი დამიქნია. -ნახვამდის. -ჰო იცი, რომ მიყვარხარ-ჩაეცინა. -მეც მიყვარხარ, ოღონდ წადი უკვე.-მეც გადამირბინა სახეზე ღიმილმა, გულში კი ისევ უცნაურმა გრძნობამ. შენობისკენ შევბრუნდი. -სოფო!-დამიძახა მოულოდნელად. -რა იყო?-გაკვირვებული შევუბრუნდი. -არაფერი.-უბრალოდ გამიღიმა და გზა თავჩახრილმა განაგრძო. ცოტა ხანი ვუყურებდი მის ზურგს და რაღაც არ მასვენებდა. მერე, შევბრუნდი და კიბეები ჩქარა ავირბინე. ყველა ისევ კარგ ხასიათზე დამხვდა. განსაკუთრებით კი დანიელი, რომელიც ახლა მხიარული საზოგადოების გული იყო. -საქმეები არ გაქვთ?-ეს ფრაზა უფრო დანიელს მიემართებოდა, ვიდრე გოგოებს. -გაცინებაც არ შეიძლება?-საუბარში ლეკვის ცივი და ირონიული ტონი ჩაერთო. -შეიძლება, მაგრამ როცა მუშაობას მორჩები.-ახლა პირდაპირ მას მივმართე. -საერთოდ დაგიობდათ სული, ქალბატონო სოფო.-ცალყბად ჩაეცინა და ქაღალდებს მიუბრუნდა. სული დამიობდა? შეიძლება. ისე გამიქვავდა ყველაფერი ამ ბოლო დროს, ოდნავ ანთებულმა ცეცხლმა ძლივს გააცოცხლა... კაბინეტში შევედი და ფარდა გავაფარე. არაფრის დანახვა მინდოდა. არაფრის გაგება მსურდა. მხოლოდ მარტოობა... საღამომდე არც გამოვსულვარ, არც მათ შევუწუხებივარ. სახლში წამოსვლისას დანიელი არ გამომყოლია, მე კი რატომღაც გულის ნაწილი მასთან დავტოვე და უცნაურად ამომიტივტივდა გონებაში ანას და დანიელის სეირნობის სურათი. მძიმედ ამოვისუნთქე, თან რაღაც ტკივილი და იმედგაცრუება ამოვაყოლე ჰაერის ნაკადს, მერე კი თვალები დავხუჭე, წამიერად გავითიშე, ისევ მოვედი აზრზე და საჭესთან დავჯექი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, ვის დაველაპარაკო, ან როგორ დაველაპარაკო. მინდა ირაკლისთან საუბარი, მაგრამ თან ვერ ვბედავ. არა, შევცდი, როცა ვამბობდი, რომ ძლიერი ვარ. ჯერ ბევრი მაკლია. ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ სულიერი სიძლიერე ფიზიკური გამოხატულება არაა. შეიძლება ადამიანმა არც შეიმჩნიოს, რომ აქვს გამძლეობა, მაგრამ რეალურად უძლიერესი პიროვნება იყოს. ამას შინაგანი გამოძახილი და ნებისყოფა სჭირდება, რომელიც გულიდან მოდის. ხან რიტმულად მფეთქავიდან, ხან კი დისონანსში გაპარული ბიძგებით აჟღერებულიდან. გული...გული მიცემს ყოველ წუთს, ყოველ წამს და მახსენებს, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვარსებობ. თითქოს ყველაფერი მაქვს, მაგრამ ვუყურებ ჩემს ცხოვრებას და ხელში სიცარიელე მრჩება. არა, ეს არაა ძალა. არც იმას ჩავთვლი ჩემს გამძლეობად, რომ არ ვტირი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცრემლები საჭიროა. როცა ადამიანი ტირის, მაშინ გრძნობს. ტკივა, უხარია და ცრემლები კი სახეს ასველებენ. ვიღაცა ამას ზედმეტ ემოციურობას უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ძალაა. ვუყურებ გრძელ და თითქოს დაუსრულებელ გზას. ჰო, ამ ყველაფერს თითქოს უსასრულობისკენ მივყავარ, მაგრამ რეალურად, ახლა მივალ სახლში, უბრალოდ ჩავრთავ მუსიკას და ალკოჰოლური სასმელით გავიბრუებ თავს. როგორც ყოველთვის. ასე მგონია, მამაჩემს ვემსგავსები ჩემი ინდიფერენტულობით, რაც არ მახარებს. ვხვდები, რომ ემოციები საჭირო და სასარგებლოა. არ მინდა ჩემთვის არსებობდეს ისეთი ცნება, როგორიცაა "გაყინული გული", გაქვავებული და უმოქმედო, უემოციო და აუმღვრეველი. არასწორია...უბრალოდ არასწორია. სახლში მივედი და როგორც დავგეგმე, ზუსტად ისე მოვიქეცი. მშვიდი მუსიკა, მშრალი თეთრი ღვინო და დიდი ფანჯარა ულამაზესი ხედით. ვფიქრობდი...ვფიქრობდი გაუჩერებლად ჩემს ცხოვრებაზე, თითოეულ მტკივნეულ თუ ბედნიერ მოგონებაზე და მივხვდი, რომ ახლა ცრემლები გამომშრალი მქონდა. თვალები არც კი ამემღვრა, არც დამისველდა... ასე გავუფერულდი?...ნაცრისფერი გადამეკრა მთელ სხეულზე. ახლა ეს ჩემი ფერი გახდა. ახლა ასე ვარ და ეს ცუდია. ღვინო მოვსვი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ცალი ხელით მივეხუტე ჩემს თავს და ფანჯარას მივეყრდენი. რატომღაც მინდა, რომ ახლა დანიელი მათბობდეს. არა, არ მცივა, უბრალოდ ეს გრძნობა მიჩნდება. ტელეფონი აწკრიალდა და ამოტივტივებული ფიქრები წამში გააქრო. ალექსანდრე იყო, ამიტომ სასწრაფოდ ვუპასუხე. -რამე გაარკვიე?-არც მივსალმებივარ, პირადპირ ჩემთვის მნიშვნელოვანზე გადავედი. -მადლობა, მეც კარგად ვარ.-ჩაიცინა. ის-ისაა უნდა მომეკითხა და ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ მაცადა და საუბარი განაგრძო. -შენი და არ იყო და მის კაბინეტში არც შემიშვეს. -ეგ რას ნიშნავს?-წამში ავიჭერი და ნერვები მომენტალურად მომეშალა. -იმას, რომ რაღაცას მალავენ.-თქვა მშვიდი და სერიოზული ტონით. -უბრალოდ, არ მესმის, რა უფლება აქვთ, რომ აუდიტის სამსახურის თანამშრომელს უარი უთხრან.-ძლივს დავწყნარდი და ალექსანდრეს ტონს შევეწყვე. -მეც გავმწარდი. აშკარად სხვანაირად უნდა ვიმოქმედო. ჩემს მეგობარს ვთხოვ დახმარებას, ზუსტად საფინანსო პოლიციის თანამშრომელია და დამეხმარება. -ბოდიში, ალბათ ძალიან გაწვალებ.-თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -არანაირად. მაგაზე არც იფიქრო, პირიქით, მიხარია თუ რამით შემიძლია დაგეხმარო. -უღრმესი მადლობა.-ჩამეღიმა. -არაა საჭირო. ჩემი სამსახურია, ბოლობოლო.-გაეცინა. -ეგეც მართალია.-მეც ავყევი და ცოტა განვიტვირთე. -მაშინ, ხვალამდე, ბრალდებულო.-ეს სიტყვა რატომღაც გულზე მომხვდა, მაგრამ მალევე გამიარა. -ხვალამდე.-ვუთხარი მშვიდად და ყურმილი დავუკიდე. მძიმედ ამოვისუნთქე და ღვინის ჭიქა მაგიდაზე დავდგი. რომ ვუკვირდები, ბავშვობა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უდარდელი მქონდა. ფანჯარაში ჩემი თაფლისფერი თვალების ანარეკლი დავინახე და ისევ დედაჩემზე ფიქრმა გამიელვა გონებაში. მაინც მაგონებს, რა ვქნა. ცუდის მიუხედავად, მაინც მახსენდება. მისი ერთადერთი ჩემთვის ნაჩუქარი ღიმილი კი ისე მაქვს ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, ვერაფერი გააქრობს. არ შემიძლია სიძულვილი, არ შემიძლია მარტივად დავიწყება. ასეთი ადამიანი ვარ. ისევ იოანე ამომიტივტივდა გონებაში. მინდა, რომ ცოცხალი იყოს. გავუბრაზდები, მეწყინება, შეიძლება დიდხანს არ დაველაპარაკო, მაგრამ სამაგიეროდ, მეცოდინება, რომ ჯანმრთელია და მისი გული ფეთქავს, თუნდ სადღაც შორს, ჩემგან ძალიან შორს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენად გულსატკენ მოგონებაზე ვფიქრობდი, მაინც ვერ ვიტირე. მგონი ადამიანურ სახეს ძალიან მალე დავკარგავ. ღვინის ჭიქა ჩავცალე და დასაძინებლად გავემართე, მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ 11 იყო დაწყებული. მუსიკები, რომლებსაც სპეციალურად ავუწიე ხმა ბოლომდე, გავთიშე. დანიელი არ შემოსულა, ამიტომ, ვიდრე ჩემი ხელითვე დაზიანებულ გრძნობებს ჩავაკვლევინო ჩემი გული, მირჩევნია უბრალოდ დავიძინო და ცოტა ხნით მაინც, დავივიწყო ყველაფერი. გაყინულ ლოგინში შევწექი. მარტოობის იმედად დავრჩი, რომელიც ოდნავ მათბობდა, მაგრამ მაინც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ზამთრის გაყინულ დღეს გამონათებულ, თითქოს ცხელ, მაგრამ ამავდროულად საოცრად ცივ მზეს ჰგავდა, რომელიც პატარ-პატარა, მკრთალი სხივებით გვათბობს ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვცივა. თვალები დავხუჭე. "-თავს უშველე.-მეუბნება ვიღაც, მე კი დაბნეული ვაცეცებ თვალებს აქეთ-იქით. ხმას არ ვიღებ და უბრალოდ ვუსმენ ვიღაცის გულისცემას, აჩქარებულს, მაგრამ თან დამამშვიდებელს. რაღაც სითბო მოდის, მაგრამ მე გავრბივარ და არ ვიკარებ. -თავს უშველე.-ახლა ეს ხმა უფრო ახლოს მოდის ჩემთან, მაგრამ მთქმელს ისევ ვერსად ვხედავ. მხსნელია? ვფიქრობ ჩემთვის და არ ვიცი, ვის მივაწერო ეს ხმა. ისევ უაზროდ ვაცეცებ თვალებს და ვგრძნობ სითბოს. როგორც წინაზე, ახლაც ვცდილობ გაქცევას, მაგრამ აღარ მიშვებს. ვიღაც მაგრად მიჭერს და აზრზე მოვყავარ." გამომეღვიძა. ასე მეგონა, ჰაერი საერთოდ არ იყო ამ ოთახში. მეგონა დავიხრჩობოდი. სუნთქვა გამიხშირდა, გული ამიჩქარდა და გავოფლიანდი. საერთოდ ვერაფერს მივხვრი. ძლივს მოვედი აზრზე და შემეშინდა. მინდოდა ვიღაც მყოლოდა გვერდით, რომ ხელი ჩამეჭიდა და არ გამეშვა, რომ არ მეგრძნო მარტოობის ტკივილი. მეც არ ვიცი რატომ, როგორ, რანაირად, მაგრამ ძალიან მალე, დანიელის კარებთან ვიდექი. არც ვიცოდი, რომელი საათი იყო. ზარი დავრეკე. ცოტა ხანი გაშეშებული ვიდექი და ველოდებოდი, როდის გამიღებდა კარებს. როგორც იქნა, ახლადგაღვიძებული დანიელიც გამოჩნდა, რომელიც უაზროდ "იფხანდა" თავს და ცალი თვალით იყურებოდა. ჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე კი გაშტერებულმა შემომანათა ნაცრისფერი თვალები. -რა გჭირს?-გაშეშებული იდგა, თან თვალებით მამოწმებდა, ჰო ცოცხალი ვიყავი. -შეიძლება შენთან დავრჩე?-ვკითხე მორიდებული ტონით. -რამე მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა, თან გვერდზე გაიწია, რომ შევსულიყავი. -უბრალოდ...-შემრცხვა სიტყვა "მეშინია"-ს თქმა, ამიტომ გავჩუმდი. -კარგი, არაა საჭირო ახსენები.-გამიღიმა, ძველებური თბილი ღიმილით და თმები ამიჩეჩა. მხოლოდ სასტუმრო ოთახში შესულმა გავიაზრე, რომ დანიელის სახლში ვიყავი. სისუფთავე...მგონი ამ ბიჭისთვის ეს ტერმინი უცხოა. ჩემთვის ჩამეცინა. როგორც ჩანს, არც დანიელია უნაკლო. -ბოდიში, დასალაგებლად არ მეცალა.-უხერხულად შეიშმუშნა. -არაუშავს.-გავუღიმე. -გამიკვირდა, რომ დაგინახე. -მეც გამიკვირდა, შენ რომ მოგადექი. ალბათ, ყველაზე ახლოს იყავი და მაგიტომ.-თავი გავიმართლე მაშინ, როცა რეალურად სულ სხვა მიზეზი მქონდა. -გასაგებია.-ცალყბად გამიღიმა.-გეძინება თუ ყავას დალევ? -არც ერთი, არც მეორე. -მაშინ?-მომიახლოვდა. გული ამიჩქარდა და თავი გავაბრუნე. რატომღაც უცნაური და არასასურველი აზრები ამომიტივტივდა თავში. -ნუ ფიქრობ ეგეთებზე, თითსაც არ დაგაკარებ.-ჩაიცინა. -უკვე ამიჩეჩე თმა.-ისე შევხედე, თითქოს სერიოზული კამათი მოვიგე. -ეგ არ ითვლება. მეგობრული ჟესტი იყო.-თავი გაიმართლა. -შენ, ჩემ მიმართ და მეგობრული ჟესტი?-გულიანად გამეცინა. -ტყუილა გიკვირს.-ცალყბად გამიღიმა.-ჩემი სიტყვები არ დაგავიწყდეს. -ახლა არ ვთამაშობ. -ვიცი, მე სხვა რაღაც ვიგულისხმე. -გასაგებია.-გავუღიმე. -ჰო არ გცივა?-სიჩქარეში უკუღმა ჩაცმული ჟაკეტი გაიხადა და სასწრაფოდ მომახურა. -მადლობა.-ვუთხარი თავდახრილმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა მისი სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი. ახლა თავი, მართლა გამოუცდელი პატარა გოგო მგონია, რომელსაც მუდამ დარცხვენილი სახე და მორიდებული ღიმილი აქვს. არასდროს საუბრობს ზედმეტს, მაგრამ თან არც უნდა გაჩუმება. სავარძლისკენ წავედი და კომფორტულად მოვკალათდი. -როგორც ვხედავ, მარტივად შეეგუე უცხო გარემოს.-დანიელს გაეცინა. -ზოგადად, ადაპტაციასთან პრობლემები არ მაქვს.-მეც გამეღიმა. -ვხედავ.-გვერდით მდგომ სავარძელში ჩაჯდა და უაზროდ მომაშტერდა. -თვალებით ნუ მჭამ.-ვუთხარი შენიშვნასავით. -ვცდილობ, მაგრამ რატომღაც არ გამომდის. -შენი სიტყვები გაგახსენო?-ჩამეცინა. -არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ შენ თვითონ მოხვედი ჩემთან? -არა.-თვალებში ჩავაშტერდი და რატომღაც ვიფიქრე, რომ ზედმეტად არამტკიცე გამოხედვა მქონდა. -უკვე მერყეობ.-არ შევმცდარვარ. დანიელი ყოველთვის ყველაფერს ამჩნევს. -შენც ისეთივე ხედი გქონია.-გამეღიმა. -ჰო, მეც ვტკბები ხოლმე მარტო ყოფნისას ამ ლამაზი სურათით. -მარტო ყოფნისას? ხშირად არ ხარ მარტო?-ეჭვიანობის ძაფი შემერხა. -ელოდები, რომ გეტყვი, მარტო ძმაკაცები ამომყავს-მეთქი?-ჩაეცინა. -არ მოველოდი.-ხმაში გაკვირვება შემეტყო. დანიელს სიცილი აუტყდა. -არ ინერვიულო, იმდენად მიყვარხარ, რომ ვერ გიღალატებ. -ეგ რა შუაშია?-გავბრაზდი. -ყველაფერი სახეზე გაწერია.-ჩაეცინა. -საერთოდ არაფერი მაწერია.-ვუთხარი ნერვებმოშლილმა. -კარგი, კარგი, როგორც გინდა, ოღონდ აქ მაინც ნუ ხარ, უბრალოდ თანამშრომელი. -მეტს ელოდები?-ცბიერად გავხედე. -რამდენის გაცემასაც შეძლებ, მხოლოდ იმას.-ასევე შემომიბრუნა ეშმაკური მზერა, ორაზროვან პასუხთან ერთად. უბრალოდ გამეღიმა და ისევ ხედს მივაშტერდი. დავმშვიდდი, ყველანაირად. -ცოტა დაღლილი ვარ.-ჩავილაპარაკე ჩემთვის და დიდი იმედი მქონდა, რომ დანიელი ამ სიტყვებს პირდაპირ არ გაიგებდა. -ხანდახან საჭიროა თქმა, რომ მოგეშვას.-მიპასუხა მიხვედრილმა. -შეიძლება მართალი ხარ.-ჩამეღიმა. -თუ გინდა, შეგიძლია დამელაპარაკო.-მაშინვე მომევლინა "მხსნელად". -და ყველაფერს მოისმენ?-გამეცინა. -არც ერთ სიტყვას არ გამოვტოვებ. -რომ გეძინებოდა? -შენი დანახვისას ყველაფერი მავიწყდება. -ასეთი ტემპებით შენს სიტყვებს თვითონვე გადააბიჯებ. -უკვე აღარ მეშინია. -რატომ? -ნაბიჯი გადმოდგი ჩემკენ და იმიტომ.-გამიღიმა. არაფერი ვუთხარი. თავი წამიერად "შინ" ვიგრძენი და ამ აზრმა გამაბედნიერა. თითქოს დანიელი ჩემს სახლად, თავშესაფრად იქცა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. -დიდი ისტორიაა და მართლა არ გეზარება მოსმენა?-ჩამეცინა. -არანაირად, უბრალოდ აქ გავიყინებით. -ლოგინს უმიზნებ?-გადავიხარხარე. -არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.-მასაც გაეცინა. ოთახში შევედით. -თუ გინდა იატაკზე დავწვები.-ისეთი ხმით მითხრა, რომ დავთანხმებულიყავი, ყველაზე უნამუსო ადამიანად ვიგრძნობდი თავს. -უბრალოდ დაწექი.-ვუთხარი "უკმაყოფილომ" და თბილ ლოგინში შევძვერი. დანიელიც მომიწვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს შორის დისტანცია არსად გამქრალა. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და რაც მთავარია, აღარ ვიყავი მარტო. არ ვიცი, რამდენი ხანი ვილაპარაკე, მაგრამ ჩემი ისტორიის დასასრული და ცის განათება ამომავალი მზის პირველი სხივებით ერთი იყო. დანიელი მართლაც მისმენდა, ისე რომ, ვგრძნობდი, წამითაც არ მოდუნებულა. ჩემს ყოველ სიტყვას იჭერდა და გონებაში იბეჭდავდა, ისე, თითქოს ცხოვრებისეული გაკვეთილი ყოფილიყო, რომელიც აუცილებლად უნდა დაემახსოვრებინა, რათა შეცდომა არ დაეშვა. უცნაურია, მაგრამ არც მიკითხავს, შეხვდა თუ არა ანას საღამოს, თუმცა ამას ახლა აღარ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. ჩვენს შორის დისტანცია შემცირდა. არა მარტო ფიზიკურად, ყველანაირად. ჩვენ უბრალოდ დავახლოვდით. -იცი რა მახარებს?-მითხრა ჩურჩულით, თან თავის ხელში მოქცეული ჩემი თითები აათამაშა. -რა?-ვუპასუხე ასეთივე წყნარი და ჩუმი ხმით. -ის, რომ გაღვიძებულს გვერდით დამხვდები.-გაეღიმა. მისი გრილი სუნთქვა ყურთან ვიგრძენი და გრძნობის სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. უბრალოდ ნაზად მომეხუტა, ხელი არც გაუშვია და ნიკაპი თავზე ჩამომადო. -ვგიჟდები შენს სურნელზე.-თქვა ჩუმად, ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და გაითიშა. ცოტა ხანი ხმამაღლა აჟღერებული გულის დაწყნარებას მოვუნდი, მერე მეც ჩამეძინა...ჩამეძინა იმ ადამიანის მკლავებში, რომელიც იოანეს მერე ჩემს სახლად იქცა. დილით ასევე ტკბილად გაგვეღვიძა, მართალია 9-ის ნახევარზე. გაგიჟებული წამოვხტი და დანიელიც ავიყოლიე. -რა იდიოტი ვარ, როგორ ჩამეძინა.-ვეჩხუბებოდი ჩემს თავს. -დამშვიდდი.-დანიელს გაეცინა. -როგორ დავმშვიდდე.-ოთახის კარებისკენ წავედი. -ერთი დღე თუ დავაგვიანებთ, არაფერი მოხდება.-ისევ იცინოდა. -როგორც ჩანს, მიჩვეული ხარ.-გავუბრაზდი. -პირველივე დღიდან.-გამიღიმა და გამახსენა დღე, როცა ჩემ გამო დააგვიანა. -კარგი, კარგი, არ აქვს მნიშვნელობა.-ჩავილაპარაკე სხვათაშორის. -წავალ, ყავას და ტოსტს გავაკეთებ, შენ თუ გინდა, იქამდე სახლში გადი და გამოიცვალე.-გამიღიმა. ასეც მოვიქეცი. გიჟივით გავვარდი დანიელის ბინიდან და ჩემი კარები ძლივს გავაღე განერვიულებულმა. სასწრაფოდ გამოვიცვალე და მოვწესრიგდი, როგორ მეც არ ვიცი. უკვე სახლიდან გასვლას ვაპირებდი, როცა უეცრად სახლის ტელეფონმა დარეკა. ძალიან გამიკვირდა, რადგან ამ ნომერზე საერთოდ არავინ მიკავშირდებოდა. ტელეფონისკენ წავედი და ყურმილი ავიღე. -გისმენთ?-ვკითხე სასწრაფოდ. ხმა არავინ ამოიღო. -გისმენთ?-გავიმეორე შეკითხვა, უკვე ცოტა გაღიზიანებულმა. როცა ხელმეორე კითხვაზეც არ მივიღე პასუხი, ყურმილი მოვიშორე და უკვე დაკიდებას ვაპირებდი, მაგრამ შორიდან მხოლოდ ერთი სიტყვა მომესმა. -სოფო...-ზედმეტად ნაცნობი ხმა იყო. სასწრაფოდ მივიდე ყურმილი, მაგრამ მოსაუბრეს ვეღარ მოვუსწარი. მხოლოდ ჩქარ-ჩქარა წყვეტილად ჟღერდა ზუმერი. ხმა...ზედმეტად ნაცნობი, მაგრამ თან უცნობი...იოანე? წინა დადებული წაიშალა ხარვეზების გამო, ამიტომ თავიდან დავდე:დ მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.