შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,წვიმიან ღამეს"" (ნაწილი 1)


30-01-2017, 00:20
ნანახია 3 260

ხეების ჭრიალსა და ქარის ქროლას ქუხილი აყრუებდა. ცას პირი მოეხსნა და ღვარად მოდიოდა წვიმა.აქოთქოთებული ნიაღვრები თავქვე ეშვებოდნენ და იყალთოს პირქაფიან ხევს უერთდებოდნენ. სულიერი არ ჭაჭანებდა გარეთ, ძაღლებიც კი აივნებქვეშ მობუნძღულიყვნენ და ცხვირები ფუმფულა კუდებში ჩაეყოთ.მხოლოდ სოფლის განაპირას, ტყესთან ახლოს ალანდულ მიტოვებულსა და ძველ საბძელში ელვის თვალისმომჭრელ შუქზე ხანდახან ჩნდებოდა ორი ბავშვის სახე, რომელთაც აინუნშიაც არ მოსდიოდათ ხევის ბდღვინვა და ცის მრისახანება.
-ე, როგორი ღამე დადგა, წაილაპარაკა ერთმა და ნამჯაზე წამოჯდა.
-კარგ დროს კი შემოვასწარით, ერთი წინწკალიც არ დაგვცემია თავზე.
-ხა-ხა-ხა-ხა! ახლა ჩვენებს მე თქვენსა ვგონივარ და თქვენებს შენ ჩვენსა.
-ჩუმად, გოგი, ეგრე ნუ იცინი!
-არაფერია, სანდრო, მაინც ვერავინ გაიგებს ამ გუგუნ-გრიალში.
კარგი პატრონი ძაღლს არ გააგდებს ახლა გარეთ, მაგრამ მაინც ჩუმად ყოფნა ჯობია.
-ეს ღამე მართლაც ზედგამოჭრილია, თორემ სხვა დროს გროზნას ძაღლს ჩიტიც ვერ მიეპარება იმ ვაშლზე. თუმცა ერთი კი მაკვირვებს: რაღა მაინცდამაინც მაგ კაცსა ვპარავთ, მელანასაც ხომ უდგას ასეთი ვაშლი? გოგიამ ბნელში მოათვალიერა მეგობრის სახე და მცირე ხნის შემდეგ დაუმატა: კარგა ხანი კია, რაც აღარაფერი მოგვიპარავს.
-მოგვიპარავსო? გაიკვირვა სანდრომ, განა კიდევ ბალღები ვართ, მოვიპაროთ! მეხუთე კლასში ვართ, შე წყეულო!
-მაგრამ მელანასაც ხომ ჯერ არ დაუკრეფია თურაშაული? სანდრო მხარ-თეძოზე წამოწვა.
-მელანა მარტოხელა ქალია, ერთადერთი შვილიშვილი ომში დაეღუპა. იმას მოპარვა კი არა დახმარება უნდა... განა გროზნას კი ვპარავთ? არა, გოგი, ეს ვაშლი მაგ კაცის საყვარელი ვაშლია, ძალიან უფრთხილდება და სწორედ ამიტომ მინდა დავუკრიფოთ.
-თუ არა ვპარავთ, მაშინ ვინა გვცემს კეტს, გინდათ თუ არა, დაუკრიფეთო?
-შენ ხომ გახსოვს, მე და ჩვენი ბიჭები როგორ ვეხვეწებოდით, საყდრის ქვეშ რომ გვირაბია, იქ ჩავეშვით, მაგრამ იმან არამცთუ გასაღები მოგვცა, ჯოხით დაგვიფრინა იქიდან.
-მერე, ვაშლი რა შუაშია?
-როგორ თუ რა შუაშია? განა ჩვენ მაშინ გულდაწყვეტილები არ წამოვედით იქიდან?
-წამოვედით.
-ჰოდა, ახლა იმას დავუკრიფოთ ეგ ვაშლი, რომ გაიგოს გულისდაწყვეტა როგორია.
-მერე სად უნდა წავიღოთ ვაშლი?
-აქვე, ნამჯაში დავმალავთ.
-და ზამთარში შევჭამთ, არა?
-შენ სულ მუცლის ამოყორვაზე ნუ გიჭირავს თვალი! გაწყრა სანდრო, ცოტა ხანს არ გამოვუჩენთ, ცოტა ხანს ვაწრუწუნებთ და მერე ერთბაშად ვეტყვით: ,,დიმიტრი პაპავ, თუ გვირაბში ჩაგვიშვებ, დაკარგულ ვაშლს გიპოვით და სულ უკლებლივ ჩაგაბარებთ, მიხვდი?
-მივხვდი, მაგრამ რატომ სხვა ბიჭებიც არ წამოვიყვანეთ? ხომ არც ისინი ჩაუშვა გროზნამ? მოგვეხმარებოდნენ.
-რა საჭიროა მთელი ხროვა? ვაშლის ხე პატარაა, მე და შენც კარგად აუვალთ.
-ლუკას ბიჭი მაინც წამოგვეყვანა.
-ლუკას ბიჭი ჩვენს რგოლში არ არის.
-მერე რა? თვითონ ბიჭი ყოჩაღია და რგოლი რა შუაშია? ერთ კლასში ხომ ვართ! გოგია ჩაფიქრდა. იცი რა, სანდრო, მოდი, ჩვენს რგოლში მივიღოთ.
შენ ხომ არ გასულელდი, ეფრემას ბიჭო, იქ არ იყავი, რომ ნიკომ მაგის გულისთვის კინაღამ არ წამოგვარტყა? უფროსმა პიონერხელმძღვანელმაც ნება არ დაგვრთო რგოლში სულ ბიჭები ხომ არ იქნებით, ეგ ორი გოგო მაინც შეიფერეთო.
გოგია ჩაფიქრდა და მცირე ხნის შემდეგ ელვის შუქზე სანდრომ მისი დაკრეჭილი კბილები დაინახა.
-რაზე იცინი?
-იცი რა, სანდრო, მოდი, ნუ გავაგებინებთ ნურავის, ისე მივიღოთ ჩუმად.
-როგორ თუ ჩუმად?
-მარტო ჩვენმა რგოლმა და იმან იცოდეს.
სანდრო ერთხანს წყნარად იყო, მერე ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და მეგობარს მხარზე ხელი ალერსით დაჰკრა.
-ყოჩაღ, ბიჭო! მაშინ სხვებიც შეგვიძლია მივიღოთ.
-ვინ სხვები?
-ზოგიერთები, ვინც ყოჩაღია, ენუქიშვილები ხომ მივიღეთ.
-ეგრე ვუყოთ, სანდრო, მაშინ ყველაფერს უფრო ადვილად გავაკეთებთ და ფეხბურთის გუნდიც საკუთარი გვეყოლება. გოგია სიხარულისაგან შეხტა, წარმოგიდგენია, სანდრო? ფეხბურთის გუნდი ერთი კლასიდან. არა, არა! ერთი კლასიდან კი არა, ერთი რგოლიდან! მთელ რგოლში ფეხბურთელები იქნებიან. ბუჩუკურთელის რგოლი! ფეხბურთელთა გუნდი! ხედავ, სანდრო, რა იქნება?
სანდრო ისევ წამოჯდა ნამკაზე და სიამოვნებისაგან შეიშმუშნა.
-ჭკუის კოლოფი ხარ, წყეულო, საიდან მოიგონე? კაპიტანი მე ვიქნები.
-მე კი შენი მოადგილე.
-მოადგილე არა, ტოროლა! კაპიტანს სადა ჰყავს მოადგილე შენ თუ გინდა, მეკარედ დაგნიშნავ.
-არა, სანდრო, მეკარედ ხახაბო დავაყენოთ, ერთ ბურთს არ გაუშვებს კკარში, ერთი ძელიდან რომ გადაწვეს, თავს მეორე ძელთან დადებს. არა, მე მეკარედ არ ვივარგებ. ისევ სჯობია, თავდასხმაში ვითამაშო, შუამარბი ვიქნები.
-არ შეიძლება, შუამარბი მე უნდა ვიყო.
-არა, ძმაო, მე მეკარედ არ ვივარგებ, თუ გინდა, ბერძენაანთ ვანო იყოს, ხახაბო კი ზედგამოჭრილია.
-არ ივარგებს, ვანო დამცველად გამოდგება, ღონიერია და ბურთს კარგად არტყამს. აი, თუჯიშვილიც რომ ჩვენს რგოლში იყოს, ისიც კარგი დამცველი იქნებოდა.
-იქნებოდა და, მივიღოთ.
-უნდა მივიღოთ, კარგი აზრია, ნუგზარი კი ფიცხია და გარემარბად კარგი იქნება.
-ლეოც ფიცხია, ზალიკო კი ცოტა ზანტია, მაგრამ ღონიერია. დამცველად კარგი იქნება.
-ზალიკო არ გამახსენო.
-რატომ? ეგ ხომ ჩვენს რგოლშია.
-იმიტომ, რომ მაბეზღარა და შურიანია.
-მაშ რა გამოდის? რგოლში ითვლება, თამაშით კი არ ითამაშებს?
-ზუსტადაც არ ითამაშებს. აი რას ვიზამ: გავრიცხავ და მაგის ხარჯზე სხვას მივიღებ ვეხვეწე და ,,ზღაპრების წიგნი"" არ მათხოვა. შურიანია სხვას ჩემზე მეტი არა ჰქონდეს წაკითხულიო.
-მერე, დანარჩენი ბიჩები მხარს დაგიჭერენ? პიონერხელმძღვანელს ეტყვის.
-ეტყვის და ნახავ როგორ მივბეგვავ. ბიჭები კი როგორმე უნდა დავითანხმოთ.
-კარგი, ყველა სათითაოდ ვნახოთ და მოველაპარაკოთ. ცემით კი, მოეშვი, ღონიერია და...
-სანდრომ სიტყვა გააწყვეტინა, ფეხზე წამოვარდა და წაიღრინა, გაწყვიტე ხმა, თორემ იქნება შენც მიგაყოლო იმას.
გოგია დაუტკბა და უთხრა: კარგი, ჰო დაჯექი, ნამდვილი ყარამანი ხარ! ჰო, მართლა, აბა ყარამანს როგორი მუშტი ჰქონდა?
-მე რა ვიცი, როგორი მუშტი ჰქონდა?
-შენ არა სთქვი, დევს რომ დაარტყამდა, თავს მუცელში უძვრენდაო?
-მერე, რომ ვთქვი?
-ჰოდა,იმას რაღაც სხვანაიირი მუშტი ექნებოდა.
გოგია მცირეხან ჩაფიქრდა და მერე იკითხა: ნეტავ პაპიროსს თუ ეწეოდა ყარამანი?
-ჰო, პირში სულ ,,ყაზბეგი"" ჰქონდა გაჩრილი.
-იცი რა, სანდრო, ამ გახსენებაზე პაპიროსი მომინდა, და მოიტა რა, მოვწიოთ.
-ჩუმად იყავ, აქ მოწევა არ შეიძლება. აბა ნახე, რომელი საათია?
გოგიამ ჯიბიდან მაგიდის ვეებერთელა საათი ამოიღო
-ეგ რაღამ წამოგაღებინა?
-უმთვარო და უვარსკვლავო ღამეა, დრო როგორ უნდა გაგვეგო?
-ზედმეტი ბარგია, თქვენები გაიგებენ.
-რას გაიგებენ, მოვატყუე, გაჩერდა და ძია ლევანტან მიმაქვს გასაკეთებლად-მეთქი. ჩვენებმა იციან, რომ მამაშენმა საათების შეკეთება იცის.
-ზედმეტი ბარგია-მეთქი, უჰ! თორმეტს ათი წუთი აკლია, ჩააქრე ასანთი, არავინ დაინახოს შუქი, სწორედ დრო არის.
-კი მაგრამ საიდან გინდა გახვიდე რიყეში. საბჭოს წინ, ხიდთან, სინათლეები ანთია და სხვაგან მდინარე თავ-პირს იმტვრევს კლდეებზე, ახლა ყარამანიც ვერ გავა შიგნით.
-ნუ გეშინია, მაგისთვისაც ვიზრუნე, აი, შეხედე, მე თვითონ გავლესე.
-მერე ეგ ხერგი ჰაეროპლანი ხომ არ გგონია?
-წყაროს ბაღთან ჩვენი რიყე ყველაზე ვიწროა, სულ ოთხი-ხუთი ნაბიჯი იქნება. სწორედ იმ ადგილას დიდი ალვის ხე რომ დგას, ზედ კლდის პირას, ის უნდა წავაქციოთ.
-როგორ,შენ გინდა მოჭრა ის მშვენიერი ალვის ხე?
-მშვენიერი! შენც გესმის რამე სიმშვენიერისა. კაკალი ხომ არ არის, რომ დაგენანოს? გარდა ამისა, ნახევრად ქარისგან არის გადახლეწილი.
-კარგი, მაგრამ რად გინდა ის ალვის ხე?
-სულელო, ფერდობს, რომელზედაც შენი მშვენიერი ალვის ხე დგას, დაქანება ხევისკენ აქვს.ცოტა რომ მივაჭრათ, მერე თვითონვე წაიქცევა და წვერს მეორე ნაპირზე დადებს. ამაღამ მაგაზე უკეთეს ხიდს ვერ ვინატრებ.
ბიჭებმა ტანსაცმელი გაიხადეს. იქვე, საბძელში დამალეს და ტრუსების ამარა გამოვიდნენ გარეთ, კოკისპირულ წვიმასა და ქარში. სანდროს სადღაც ნაპოვნი ძველი და თავისივე ხელით დაჯღანული ხურჯინი გადაეკიდა მხარზე.
მალე ალვის ხე აჭრიალდა, დაიჭექა და ზღართანი მოადინა ხევის მეორეს ნაპირას. სანდრო გადააჯდა ხეს და ხოხვა-ხოხვით მივიდა ტოტებამდე, მერე ხელი ჩაავლო ტოტებს და ორიოდ წუთში მეორე ნაპირზე მოექცა.
გოგია შეზარა უცნაური ხიდის ქვეშ ახვივლებულმა წყალმა. წამით ჩაიხედა შიგ და ელვის შუქზე დაინახა, როგორ მოაგელვებდა ლაფიან ტალღებს ხევი. უკან დაიწია, მაგრამ ამ დროს გაისმა სანდროს შეძახილი და ბიჭს გამბედაობა მოემატა, ათიოდე წუთში უკვე ,,გროზნას"" ბაღში იყვნენ.
-წყალში ასეთ დროს არ უნდა ჩაიხედო. იქ გადმოსვლაზე შეშინდი, შენ როგორი ჯარისკაცი იქნები? სუვოროვს კი გულადები უყვარდა. აი, მე ერთ წიგნს მოგცემ წაიკითხე, ასეთ ღამეში და წვიმაში გაგიჟებულ ცხენს დააჭენებდა, თივაში იძინებდა, ცივ წყალში ბანაობდა და რას არ აკეთებდა, შენ კი მაგოდენა ხეზე გავლისა შეგეშინდა.
-უკრავ შენებურად! ერთიც ვნახოთ, შიგ ჩავვარდე და დამახრჩოს! მერე რომელ მილიციელთან უნდა ვუჩივლო მაგ წყალს?
-შენ თუ დაიხრჩვე, ყვავები დაითალხებიან. სუვოროვი ალპებზე გადავიდა.რაო? ალპები რა არიო? აკი გეუბნები გეოგრაფია არ იცი-მეთქი.
-დაიცა, მგონი, მოვედით, ეს ვაშლი არ არის?
-ჩუმად, ძაღლი არ გეცეს, ეტყობა, გროზნას აუშვია. ღრენა არ გესმის? მეორე მხრიდან მოვუაროთ. ქარი აქედან უბერავს.
ბიჭებს სახეში სცემდა წვიმა, გრიალებდა ცა, ისევ უკანვე იკეცებოდა შავ-შავი ღრუბლებიდან გამოვარდნილი ელვა. ხოლო ძირს, მოცხარის ბუჩქში შემძვრალი და მოკრუნჩხული ძაღლი ყრუდ ღრინავდა. გრძნობდა, რაღაც არასასიკეთო ხდებოდა მის თავზე მაგრამ კერძოდ რა, ამას ვერ მიმხვდარიყო.
ბიჭებმა გაავსეს ხურჯინი და გამოსცდნენ გაკრეფილ ვაშლს.
-ფუი! შენი ძაღლობა რა ვთქვა! ესეც ძაღლია რა, მაშ ღირსი არ არის, სანდრო, ქვები დავაყაროთ? აკი ძალიან ანჩხლიაო?
-შენ მართლა ხომ არ გასულელდი? გამოადგი ჩქარა ფეხი, თორემ სადაცაა გათენდება. ძაღლი კიი.. აბა, ქარის მხრიდან მისულიყავუ ვაშლთან, მაშინვე სუნს იკრავსა და ბარკალს აგახლეჩდა. ახლა წავიდეთ მალე, თორემ ლამის ყინულის ლოლად გადავიქცე.
გოგიამ რაკი, გაიგო, რომ სანდროსაც სციოდა, ყბების მოჭერას თავი გაანება და მისმა კბილებმაც კაწკაწი გააბა.
გათენებას სამიოდე საათი თუ აკლდა, ნადავლი რომ ნამჯის ქვეშ დამალეს ბიჭებმა. გაწურეს სველი ტრუსები, ჩაიცვეს მშრალი ტანსაცმელი დამაშინვე რბილ ნამჯაში ჩაწვნენ დასაძინებლად, რათა დილით სკოლაში არ დაჰგვიანებოდათ.
ის იყო გოგიამ მალულა თვალები, რომ მეგობარმა ხელი წაჰკრა და უთხრა, თავისი მაღვიძარა საათის ზარი რვა საათზე დაეყენებინა, რომ სკოლაში ცხრის ნახევარზე მაინც ყოფილიყვნენ.
გოგია გაკვირდა:
-ხომ არ გაგიჟდი, მთელი ღამის ნაწვალები ვართ, ათ საათამდე მაინც არ დავიძინოთ? გავაცდინოთ პირველი გაკვეთილი, მერე რა მოხდა?
-შენ რასაც გეუბნებიან, ის გაიგონე, არავითარი გაკვეთილის გაცდენა! მომართე და ზარი რვა საათზე დააყენე.
გოგია ბურტყუნით წამოჯდა, გაიკრა ასანთს ხელი. მერე დახედა საათს, სიბნბელეში ,,ვიღაცას'' თვალი ჩაუკრა, ეშმაკურად გაიღიმა და საათის ზარი ათის ნახევარზე დააყენა.
დილით გაღვიძებულმა სანდრომ გაიკვირვა, ზარის ხმა რომ ვერ გაიგონა და გაიფიქრა: ალბათ, მომართვა დაავიწყდაო.
ბიჭმა უდარდელად მხვრინავი მეგობარი შეაჯანჯღარა.
-ადე, ძილისგუდავ, ნახე, რომელი საათია?
გოგიამ გაიღვიძა, წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და მეგობარს ახედა.
-რა გეჩქარებოდა, ქორწილი მთას მიგირბის? ჯერ რვა საათია.
-ადე, ადე, სკოლაში დროით უნდა მივიდეთ.
გოგია წამოხტა, თვალები მოიფშვნიტა, საათი შარვლის უძირო ჯიბეში იკრა, ქაღალდში შეხვეული პური და ქათმის ხორცი იღლიაში ამოიჩარა და მეგობარს დაედევნა.



№1 სტუმარი Guest ნენე

ავტორი უნდა მუაწეროთ. ცუდია რომ ასე ციტა კითხულობს... არადა რა კარგი წიგნია... ერთ ერთი მათგანი რომელიც გამორჩეულად მიყვარს...

 


№2 სტუმარი გიორგი ბერელიძე

სანდროს სინამდვილეში რა ერქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent