ის წავიდა ზამთარში (სრულად)
ზამთარი წლის ყველაზე ჯადოსნური დროა, რადგან სწორედ ზამთარში ელის ყველა სასწაულს. ზამთარში დედამიწაზე ჩამოდის ყინულის დედოფალი და გარშემო ყველაფერი ზღაპარს ემსგავსება. ზამთარში ყველაფერი ლამაზია, გამონაკლისის გარეშე. ყველაზე საშინელი ყინვაც კი გელამაზება, რადგან ასეთ დროს აფასებ სახლის სითბოს და სიმყუდროვეს. ზამთრის გასართობები ეს კიდევ სხვა თემაა... ციგა, ციგურები, თხილამურები, ან თუნდაც გუნდაობა... ყველაზე ლამაზი კი თოვლის ანგელოზის გაკეთებაა, რომელსაც შეგიძლია სურვილი ჩაუთქვა. ზამთარში არ გჭირდება დიდხანს ფიქრი იმაზე, თუ რით გაერთო. შეგიძლია ისეირნო თოვლით დაფარულ ქუჩებში და უყურო ფანტელების ცეკვას, გააკეთო თოვლის ბაბუა მეგობრებთან ერთად, ან იგუნდაო. ეს სულაც არ არის მხოლოდ საბავშვო გასართობი, ზამთარი დაგავიწყებს ყველა პრობლემას და დაგაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში. ზამთარში არ არის ადგილი მოწყენილობისათვის. ეს დრო სავსეა მხიარულებით და სიცილით. ზამთარია, როდესაც ქუჩაში მიდიხარ და თოვლის ფანტელები ნაზად გეამბორებიან სახეზე. ზამთარი ეს დღესასწაულების სეზონია. ყველა მოუთმენლად ელის ახალ წელს, რათა მიიღოს საჩუქარი, ან გაახაროს ახლობელი ადამიანი ამ საჩუქრით. ახალ წელს ყოველთვის ნახულობ მონატრებულ მეგობარს თუ ნათესავს. ბუნებას აქვს თავისი მელოდია, ზამთარში კი ის განსაკუთრებულია. ზამთარი იდეალური დროა, რათა გაათბო შენი მეორე ნახევარი... ლილეს უყვარდა ზამთარი თავისი პლიუსებით და მინუსებით... უყვარდა იმიტომ, რომ სწორედ ზამთარში გაიცნო მან ის, ვინც მის ნაცრისფერ ცხოვრებას ფერები შეჰმატა. ის, ვინც ზამთრის მელოდია მოასმენინა. ახლა კი... ახლა მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა. მოგონება და გამოცდილება. ასევე ზამთრის სიყვარული და სიძულვილი ერთდროულად. ხალხისადმი სიყვარული და მათგან მაინც თავის შორს დაჭერა. იჯდა და იხსენებდა მათ დიალოგს, რომელმაც თავის დროს გამოაფხიზლა და სხვა თვალით დაანახა სამყარო და ხალხი, ვისთანაც ჰქონდა ყოველდღიურად ურთიერთობა: -სულ ვიღაცაზე ხარ ჩაციკლული, მარტო ვერ ძლებ და სულ ცდილობ ვინმე მაინც გყავდეს გვერდით. ეცადე დატკბე მარტოობით,- უმტკიცებდა მარტოობის სილამაზეს ლილე. -ეს შენ ხარ მარტოობაზე გაგიჟებული და ვერც კი ხვდები, რომ მარტოობამ შეიძლება მოგკლას,- არ ნებდებოდა ის. -შენი აზრით ეს ვინმეს აინტერესებს?- გაოგნდა გოგონა. -ადამიანებს არ შეუძლიათ ურთიერთობების გარეშე ყოფნა,- არ ნებდებოდა ის. -როდესაც დაკავებული ხარ სამსახურში, როგორ უნდა მოიცალო ურთიერთობებისათვის? -ტელეფონი,- აჩვენა მან თავისი ძველი, საკმაოდ შელახული ტელეფონი. -შენი ტელეფონი სამუზეუმო ექსპონატი უფროა, რა ურთიერთობებზე მელაპარაკები?- ჩაეცინა ლილეს. -სამაგიეროდ მე ყოველთვის მყავს გვერდით ადამიანები, ვინც ამ ტელეფონის ზარს უპასუხებს,- უთხრა სიამაყით მან. ის წავიდა ზამთარში და დატოვა კვლავ მარტო ლილე... გოგონამ კარგად იცოდა, რომ ადამიანი საერთოდ მარტოსულია. აცნობიერებდა, რომ ცხოვრება იყო ისე მოწყობილი, რომ მისი გზა ხშირად იკვეთებოდა უცხო ადამიანების გზებთან და ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ამ გზების გადაკვეთა არ იწვევდა მათი სულების ურთიერთშეხებას. ეს კი უფრო მძაფრად აგრძნობიებდა იმ მარტოობას, რაც ასე ტანჯავდა მას. მარტოობას არ გააჩნია წამალი და ვერც მკურნალობით უშველი. ლილემ საკუთარი დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მარტოობა არსებობს ორი სახის - გარეგნული და შინაგანი. პირველი გარემოებების ბრალია, მეორე კი ადამიანის არჩევანი. ის შინაგანად მარტოსული შეიძლება იყოს მაშინაც კი, როდესაც გარს უამრავი ადამიანი ახვევია, მაგრამ არ ჰყავს არავინ ახლობელი, არავის უშვებს თავის გულთან. ასეთი მარტოობა თითქმის აუტანელია, რადგან ადამიანს არ გააჩნია არანაირი მომავლის იმედი ასეთ დროს. სწორედ მარტოობისასაა შესაძლებელი გაიგო საკუთარი აზრების ყვირილი და ეს აშინებდა ლილეს. სანამ მას გაიცნობდა, ის მშვიდად ცხოვრობდა. იყო მარტოსული და ამით ტკბებოდა, მაგრამ მან... მან შეცვალა, შეაღწია მის სულში და იქ ფესვები გაიდგა, მერე კი... მერე წავიდა... წავიდა და დატოვა ლილე მარტო. შეაყვარა ზამთარი, თავისი ჯადუსნური მომხიბვლელობით და ზამთარშივე მიატოვა. არა, ლილემ იცოდა, რომ ის წავიდოდა. იცოდა, რომ დიდი დრო არ ჰქონდათ, მაგრამ არა ზამთარში... ჯერ კიდევ ადრე იყო. წლების წინ ონკოლოგიურ კაბინეტში შევიდა შუა ხნის ქალი, რომელსაც ტუჩები უკანკალებდა და ექიმს გაუწოდა დანიშნულება. -პაციენტი სად არის?- იკითხა ექიმმა. ქალბატონმა ნაბიჯი გადადგა გვერდით და ექიმს კალამი გაუვარდა ხელიდან. მის წინ იდგა ნამდვილი ყინულის დედოფალი. ის მაღალი იყო თავისი ასაკისთვის, ჰქონდა გრძელი, აბსოლუტურად თეთრი თმა და თოვლივით თეთრი კანი. მოკლე თეთრი პალტოს ქვემოდან კარგად სჩანდა ღია ლურჯი გრძელი კაბა. -გამარჯობა,- თავი დაუკრა ზამთრის ზმანებამ,- მე სესილი ვარ. სესილიმ და ლილემ ერთმანეთი მისაღებში გაიცნეს და მას მერე ლილე მისი პალატის ხშირი სტუმარი იყო. ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდათ საერთო. სესილი, მიუხედავად თავისი ავადმყოფობისა, მუდამ ხალისიანი იყო. ლილე კი საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, არ ჰყავდა მეგობრები და უჭირდა ხალხთან ურთიერთობის დამყარება. მიუხედავად ამ სხვაობისა, ისინი დამეგობრდნენ. სესილიმ ასწავლა ლილეს მეგობრობა, გულის გახსნა, ღიმილი და ზამთრის სიყვარული. ლილე კი მისი სულიერი ექიმი იყო, რადგან მხოლოდ მასთან შეეძლო პატარა გოგონას თავისი ტკივილის გამჟღავნება და ტირილი. მხოლოდ ერთხელ არ იტირა, მხოლოდ ერთხელ დაუმალა ლილეს, რომ სტკიოდა. მეორე დილას კი... მეორე დილას წავიდა. ის წავიდა ზამთარში და დატოვა ლილეს გულში დიდი იარა. მაგრამ საფლავზე მისული მიხვდა, რომ კიდევ უფრო დიდი იარა დაუტოვა ახლობლებს. სესილის საფლავის ქვის უკან პატარა ბიჭი იმალებოდა, რომელმაც ათამდე დაითვალა და გამოვიდა. მერე ყვირილი დაიწყო: -სესილი, სად ხარ? გამოდი. ხოლო როდესაც პატარამ პასუხი ვერ მიიღო, მივიდა დედასთან, ფეხზე მოეხვია და უთხრა: -დედი, ძალიან მენატრება სესილი, მოდი ერთად ვიტიროთ. სწორედ მაშინ ერთს მიხვდა ლილე, კარგია როდესაც ადამიანები გიყვარს, მათ თანაუგრძნობ, მაგრამ არასოდეს უნდა დაუმეგობრდე პაციენტს, რომელიც უკურნებელი სენით არის დაავადებული. საფლავთან ახლოს არ მისულა, ისე დაბრუნდა უკან, საავადმყოფოში და სცადა დაევიწყებინა პატარა ფერია, რომელიც მიუხედავად თავისი პატარა ასაკისა, ცხოვრებას ასწავლიდა. დაივიწყა კიდეც, ტკივილიც გაუყუჩდა და ნამდვილი პროფესიონალი გახდა, რომელსაც ემოციები ხელს არ უშლიდნენ დიაგნოზის დასმაში. იყო პროფესიონალი, სანამ 25 წლის მერე, ზამთარში, არ მიუყვანეს პაციენტი. -გამაროჯობა ლილე ექიმო, მე სოსო ვარ, თქვენ წლების წინ ჩემს დას, სესილის მკურნალობდით. ახლა თქვენი პაციენტი ჩემი ქალიშვილია, მასაც სესილი ჰქვია,- გაიწია და ექიმს დაანახა ხუთიოდე წლის გოგონა, რომელსაც აბსოლუტურად თეთრი თმები და ქათქათა სახე ჰქონდა. -გამარჯობა ლილე,- გაუღიმა პატარამ. "მართალი იყო სესილი, სულს რეინკარნაცია შეუძლია",- გაიფიქრა ექიმმა. -დავიწყოთ?- ჰკთხა პატარას ღიმილით. გოგონამ თავი დაუქნია,- ამჯერად ჩვენ აღარ დავმარცხდებით. ეს ბრძოლა ჩვენია. ისტორია ეძღვნება ახალგაზრდა ექიმს, რომელსაც გარდაეცვალა პირველი პაციენტი და ამის გამო აპირებს უარი თქვას თავის პროფესიაზე... კუს, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება. მესმის, ის შენი პირველი პაციენტი იყო, მაგრამ უნდა გაძლიერდე. სხვებს სჭირდებათ შენი დახმარება. ვიცი, რომ ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში შენი მიზანსწრაფულობით. არ დანებდე... ოღონდ არა ახლა! არ დაივიწყო ვის გამო აირჩიე ეს პროფესია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.