Sweater Weather(1)
ბედისწერის გჯერათ? შემთხვევითობის? თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნონსენსია? მე არ ვიცი. მინდა მჯეროდეს. ზოგჯერ მჯერა კიდეც, ალბათ. იმ დღეს მჯეროდა და შენ? რას უწოდებ ჩვენს შეხვედრას? შემთხვევითობას? ბედისწერას? ახალი წლის წინა დღე იყო. მე და ემილი ვსეირნობდით. სალის სანახავად კაფეში უნდა მივსულიყავით, მაგრამ ემილიმ დაიჟინა გავისეირნოთ და სადმე სხვაგან შევხვდეთ სალისო. უცნაურად დაიჟინა. მე ძალიან მეზარებოდა. ციოდა ძალიან. ძალიან ციოდა. თბილ კაფეში დაჯდომა მერჩივნა სიცივეში ბოდიალს, მაგრამ იმდენად გაჯიუტდა, რომ იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი მის სურვილს. იმ გზით წავედით, რომლითაც თითქმის არასდროს დავდივართ. და რა დავარქვა ამას? ბედისწერა თუ შემთხვევითობა? შენი სილუეტი მაშინვე ვიცანი. შორიდან. ძალიან შორიდან. დავიჭირე შენი მზერა. მთელს სხეულში გამცრა. ამაკანკალა. დავიკარგე. რომელიღაც შორეულ მოგონებას ვებღაუჭებოდი. იმ წუთებში მექანიკურად ვმოქმედებდი. მე არ ვიყავი, რადგან მე ჩვენი წარსულის, რომელიღაც მონაკვეთში გაჭედილი ვიხსენებდი წითელი მაისური გეცვა იმ რომელიღაც დღეს თუ შავი. ჩაგეხუტე. ჩემი ორივე ხელი მოგხვიე. მოგეხვიე. ვიცოდი საკმარისზე მეტ ხანს გეხუტებოდი და უნდა გამეშვა ხელი, მაგრამ ისევ ჯიუტად ვცდილობდი დამედგინა იმ დღეს როგორი ფერის მაისური გეცვა. არ მახსოვს არც ერთი სიტყვა. ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიხსენებ რა მითხარი. არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ. იმიტომ, რომ როცა მეუბნებოდი არც მაშინ გამიგია. შენს წინ არ ვიდექი. არა თეორიულად შენთან ვიყავი, მაგრამ მენტალურად ისევ იმ რომელიღაც დღეს ჩავკირკიტებდი. და რომ ამბობენ სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ისე გადამირბინა ჩვენმა მომენტებმა თვალწინ შენი დანახვისას და მე მაინც იმ კონკრეტულ დღეს ვებღაუჭებოდი. როგორი ფერის მაისური გეცვა? წითელი თუ შავი? -ხომ კარგად ხარ?- შენს ხმაში შეშფოთება, ცოტაოდენი სიამოვნება და დარდი ერთდროულად დავიჭირე. ოდნავ დაგიქნიე თავი. თვალს ვერ გაშორებდი. ხმას ვერ ვიღებდი. სუნთქვაშეკრული და ბაგეგაპობილი ვიდექი. გიყურებდი და არ მინდოდა დაჯერება, რომ ყველაფერი შეიძლება თავიდან დაწყებულიყო.ამაზე ფიქრი მაშინებდა. მერე ის წუთი დადგა, რომ უნდა დაემშვიდობო ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ადამიანს,იმიტომ რომ შენი უდიდესი სურვილის მიუხედავად, სამუდამოდ ასე ვერ იდგებით. წასვლისას ისევ ჩაგეხუტე. უცნაური იყო. დაიბენი? არ ვიცი, ვერ ვიხსენებ. ჩაგჩურჩულე „ მომენატრე“ მეთქი და გამიხარდა, რომ ვერ გაიგე. ემილისთან ერთად გზა გავაგრძელე. არ ვიცი იმ საღამოს სად ვიყავით. არ მახსოვს სალის შევხვდით თუ არა. თუ შევხვდით რაზე ვლაპარაკობდით. მე სადღაც წარსულის ერთ, რომელიღაც დღეში შენთან ერთად ვიყავი გაყინული და გამახსენდა იმ დღეს წითელი მაისური გეცვა. შენზე ორი ზომით დიდი. გიხდებოდა. იმ დღეს დილით ძალიან ადრე ავდექით. შენ პირველს გაგეღვიძა. მე მეორეს. იცი რა ვიფიქრე მაშინ? აი, ასეთია სამოთხეში გაღვიძება მეთქი. ასეთია სამოთხე. დილით ადრე, ორი ზომით დიდ წითელ მაისურში გამოწყობილია სამოთხე. იდუმალი ღიმილით მიყურებს და მეკითხება: -ხომ არ ნანობ? თავს უარის ნიშნათ ვაქნევ და ვეხუტები. წითელი მაისური. ორი ზომით დიდი. რა კარგი სუნი აქვს სამოთხეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.