შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ორღობეში"" (ნაწილი 4)


11-02-2017, 19:24
ნანახია 1 583

მშვენიერი ბაღჩა-ბაღის გვერდით კოხტა სახლი მოჩანდა. წინ მწვანედ აბიბინებული ეზო ჰქონდა. კაკლის ქვეშ სანდროს თათარით სავსე დიდი თეფში ედგა და თავდახრილი შეექცეოდა. იქვე პატარა, სკამზე, მამიდამისი ჩამომჯდარიყო.
-არა, შვილი, არ შეიძლება, რა გაქვთ გასაყოფი შენ და ზალიკოს? წეღან ჩემთან იყო და ყველაფერი მიამბო. რატომ გარიცხე შენი რგოლიდან, რა დაგიშავა?
ზალიკო მისი მაზლიშვილი იყო და მამიდას სწყინდა ბიჭების დამდურება. ძმისწული ძალიან უყვარდა, უნდოდა, ყველას თვალში კარგი ყოფილიყო სანდრო. ისე დღე არ გავიდოდა, მისთვის ტკბილეულით ყელი არ ჩაეტკბარუნებინა, შინ წასვლისას ორპირად გავლებულ ჩურჩხელას ჩაუდებდა ხელში და ეტყოდა:
-თუ კარგად ისწავლი, ორ მაგდენს მიიღებ.
ახლაც მამიდა არიგებდა და ეგონა, რომ თავჩაღუნული ძმისწული, რომელიც კოვზს მარჯვედ ატრიალებდა, გულმოდგინედ უსმენდა, მაგრამ სანდროს მთელი ყურადღება თეფშზე ჰქონდა გადატანილი.
,,ქადაგება,, დამთავრდა. სანდრომ თეფში გვერდზე გადადგა, მცირე ხნის შემდეგ დაემშვიდობა მამიდას და ორღობეში გაძვრა.
ნელა მიუყვებოდა ორღობეს სტვენა-სტვენით. ჯერ კარგად არც კი იყო მიახლოებული ჯახუნაანთ კარს, რომ ეზოში გააფთრებული ყეფა და შეშინებული კივილი გაისმა. ბიჭმა თვალი მოჰკრა, როგორ გაიფრიალ შავმა წინსაფარმა და ღობეს აეკრა. სანდრო უმალვე მიხვდა ვითარებას და იქით გაექანა. გადასწვდა ღობეს, მარგილად ჩასმული ჭიგოს მოგლეჯა მოასწრო და ზედ მოვარდნილ ძაღლს ისეთი სწყვიტა, რომ კინაღამ იქვე ჩაიკეცა. მაინც არ მოერიდა მყეფარი, ახლა ზედ შეებღოტა, მაგრამ სანდრომ იმარჯვა და ფეხისკვრით გულაღმა დასცა ქოფაკი. მალევე წამოვარდა ზეზე ძაღლი, მაგრამ განზე გამხტარმა ბიჭმა ჭიგო მთელი სიგრძით გააზმანა. მაშინ კი იკადრა უკან დახევა თავდასხმელმა და წკმუტუნით გაეცალა. ახლა თვითონ სანდრო გადავიდა შეტევაზე. მისცხო და მისცხო ჭიგო(დიდი სარი) და სულ წკნავილ-წკნავილით შეაგდო ეზოში. მობრუნდა გამარჯვებულის იერით და ღობეში მიკუნჭული მშვენიერი გოგონა დაინახა. შეშინებული გოგო ღობეს აჰკვროდა. მომუშტული ხელები მკერდზე მიეკრა და თვალებში ვეება შიში ჩასდგომოდა.
სანდრომ იცნო გროზნას შვილიშვილი. არ ესიამოვნა მისი დანახვა, მაგრამ რაკი მოაგონდა, რომ მის პაპას მიუზღო, მიუახლოვდა:
გოგომ თანაგრძნობითა და მზრუნველობით შეათვალიერა ბიჭი.
-ხომ არ გიკბინა?
სანდრო მოიღუშა და ჩაიბურტყუნა:
-ზოგიერთი უფროსკლასელი უფრო მაგრად იკბინება, ვიდრე ეგ ძაღლი, მერე მივიდა და ეკლებში გაბმული კაბის გამოხსნაში მიეშველა.
გოგომ დიდი მადლობა გადაუხადა.
-შენც იქით მოდიხარ?
-ჰო, მოკლედ უპასუხა ბიჭმა.
სანდროს არ ეპრიანება ,,ბაფთიანებთან,, სიარული, რა დალევს გზას მებაღის სახლამდე? ამ გოგომ წელს დაიწყო სწავლა მათ სკოლაში, ოთხი კლასი თბილისში დაამთავრა. არა, მართალი უნდა ითქვას, ბიჭს ცუდი არაფერი გაუგია მისი, რაც აქ სწავლობს: ან ენა ჰქონდეს გრძელი, როგორც ყველა გაიგოს, ან დასცინოდეს ვინმეს, ან იპრანჭებოდეს, პირიქით, ჯახუნაშვილი ძალიან ემადლიერება ზოგჯერ არითმეტიკაში მამეცადინებსო, ყველას უყვარს ეს გოგო სანდრომ არ იცის, ნამდვილი პასუხი გასცეს კითხვებზე თუ თავისებური, უკუღმართი.
-ლილი შინ არ დამხვდა. არც იმათები იყვნენ და, ალბათ, ძაღლი იმიტომ აუშვეს. შენ რომ არ ყოფილიყავი, უეჭველად მიკბენდა.
სანდრო ჩუმად მიაბიჯებდა.
გოგო ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა თანამგზავრს.
-ჩვენს ეზოში თითქმის ყველა ბიჭი მოდის სათამაშოდ, შენ კი ერთხელაც არ დამინახავხარ.
,,არც საჭიროაო"" უნდოდა ეთქვა ბიჭს, მაგრამ სხვა უთხრა:
-არა მცალია, არითმეტიკასა და რუსულში ცოტა მიჭირს და ვმეცადინეობ.
-არითმეტიკასა და რუსულში? გოგო დაფიქრდა, იცი რა, მე შემიძლია დაგეხმარო.
ბიჭს გაუხარდა.
-პაპაშენი იცნობს არითმეტიკის მასწავლებელს? შეუძლია, კარგი ნიშანი დააწერინოს? და უმალვე იუარა, რადგანაც ქარწვიმიანი ღამე გაახსენდა, არა, გმადლობთ, არც ისე საჭიროა.
-არა, სანდრო, შენ არ გეგონოს, თიღქოს მე ნიშნის აწევაზე გავიფიქრე, არა, მე თვითონ შემიძლია, პაპა რად მინდა? აი, მოდი ჩვენსა გაკვეთილების შემდეგ დაა...
სანდრო შეცბუნდა.
-რა, თქვენსა მოვიდე? მერე, პაპაშენი? მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა: მერე რა, რომ ეჭვი აქვს? იქნებ ამან სულ არაფერი არ იცის? და დაუმატა: არა, გმადლობთ, პაპაშენს ხელს შევუშლით და იქნებ ორივე გარეთ გვიპინტრიშოს.
გოგოს ეწყინა.
-აბა, რას ამბობ. პაპა ისეთი კეთილია, რომ... თუმცა, თუ გინდა, მე მოვალ თქვენსა.
ეს კი იუცხოვა ბიჭმა, ეგღა აკლია, გოგოები ატაროს!
-არა, არა, ჩვენსა ცოტა უხერხულია... ბებია მყავს ავად და...
-როგორც გინდოდეს, სანდრო. თუ როდესმე გსურდეს დახმარება, მითხარი.
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ, მერე გოგომ ჰკითხა:
-რგოლის შეკრება გქონიათ, სანდრო, რატომ არ გამაგებინეთ, მე ხომ თქვენს რგოლში ვარ?
ბიჭი სახტად დარჩა და ანგარიშმიუცემლად წამოიძახა:
-ვინ გითხრა?
-ზალიკომ, აი, ლამაზი და მსხვილკბილებიანი ბიჭი რომ არის.
რგოლიდან გაგირიცხავს, როგორ შეიძლება ეს სანდრო?
ბიჭი შედგა, გოგოს ალმაცერად ახედა: ,,ოჰო,,! დამცველი გამოუჩნდა! კიდევ დავუბეზღებივართ,,.
-ერთი სადმე ჩამივარდეს ხელში და მე გავალამაზებ იმას.
-როგორ, სანდრო, მართლა გარიცხე?
-მართლა. მე ტყუილად არავის ვრიცხავ.
-მერე, სად გაგიგია გარიცხვა? ეტყოდი პიონერხელმძღვანელს და, თუ არ გინდოდა, სხვა რგოლში გადაიყვანდა. გარიცხვა ვის გაუგია? დანარჩენმა წევრებმა რა თქვეს?
ბიჭს ეწყინა.
,,რას ჩამაცივდა?,,
-დანარჩენმა წევრებმაც ისა თქვეს, რაც მე.
-რატომ მე არ დამასწარი შეკრებას? მე თბილისში პიონერთა სასახლეში დავდიოდი, შარშან რგოლის ხელმძღვანელიც ვიყავი. რატომ არ გამაგებინეთ, ასე ჩუმად როგორ შეიძლება?
სანდრო გაბრაზდა.
-თუ გინდოდა დასწრება, იქ იყავი და დაესწრებოდი.
-რატომ არ მითხარით?
-მაშ, ეგღა მაკლია, თქვენ დაგიწყოთ დევნა!
სანდრომ ქამარი მოიხსნა, ბალთა და ბოლო მარჯვენაში დაიჭირა, მონაკეცში ქვა ჩადო, თავის ირგვლივ დაატრიალა და გაისროლა. ქვა ბლის გამხმარ ტოტს მოხვდა, მერე ღობეზე მოადინა ჩხაკანი. ტოტიდან აფრენილი და შურდულს გადარჩენილი მიმინო რიყისკენ დაეშვა.
ბიჭმა ბრაზით გააფურთხა.
-კიდევ ავაცდინე! ამ ბოლო დროს თითქოს ხელი გამიფუჭდა.
გოგომ ქამარს დახედა, როცა პატრონი წელზე ირტყამდა, და სანდროს გვარისა და სახელის პირველი ასოები შეამჩნია გრძლად ამომწვარი. მცირეხანს უცქირა, მერე შერიგების კილოთი უთხრა:
-გაგიფუჭებია მშვენიერი ქამარი.
-შენ მაგაზე ნუ წუხხარ, ქამარი ძალიან კარგია და, თუ დამეკარგა, ადვილად ვიპოვი.
გოგო უფრო მორბილდა.
-რატომ ბრაზობ, სანდრო? ხომ შეიძლება ჩვენც კარგი ამხანაგები ვიყოთ? აი, რაშიაც შენ გინდა, დაგეხმარები, შენ კი იყალთოს ამბები და ზღაპრები მიამბე. ამბობენ, ბევრს კითხულობს და კარგი მოყოლაც იცისო. მოდი ჩვენსა, პაპა უფრო აკადემიას უვლის, ვიდრე თავის ბაღს, შინ კი მე და დეიდა ვართ ხოლმე, წიგნებიც კარგი მაქვს.
სანდრომ თანამგზავრი ერთხელ შეათვალიერა.
არა, რას ამბობს ეს ქალაქელი? ესღა აკლია, გოგოებთან იამხანაგოს. სანდროს საკმარისი ამხანაგები ჰყავს მეტი არც ესაჭიროება. ისინი ჭირშიაც მასთან არიან და ლხინშიაც. გოგოები კი ენას ვერ აკავებენ პირში, შორს რად გვინდა წასვლა? აი, მაგალითად, თავისი და ემა... მაგრამ საინტერესო კია ეს გოგო, ამას ბევრი წიგნი ექნება... მაგრამ, არა, ძმაო, სანდროს ქარისა არც მოტანილი უნდა და არც გატანილი.
გოგო თავიანთი ეზოს შესასვლელთან შეჩერდა.
-დიდი მადლობელი ვარ, სანდრო, შენ რომ არა ყოფილიყავი, უეჭველად დამკბენდა ძაღლი... როცა გინდოდეს, მოდი... რგოლის შეკრება კი გამაგებინე ხოლმე.
,,იგრე მემადლიერება ეს გოგო, თითქოს დიდი რამე გამეკეთებინოს ცუდი ლი არ უნდა ჩანდეს... მაგრამ არა, ეგღა მაკლია, ამ ზიზილპიპილებიანს ავყვე... ჩემმა მზემ, არა ღირს,, დაასკვნა ბოლოს ბიჭმა და ღიღინით ჩავიდა რიყეში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent