შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (13)


28-02-2017, 22:28
ავტორი MariamG
ნანახია 2 377

***

ქეთის დამშვიდებულს გამოეღვიძა. წინა ღამის დარდი თითქოს გამქრალიყო. გონსმოსული და გამოფხიზლებული ჩანდა. ადგა, შხაპი მიიღო და იქიდან გამოსული, კვლავ საწოლზე ჩამოჯდა. მართალია მისი ოთახი მაქსიმესას არ ჰგავდა, თუმცა სიმყუდროვით არ ჩამოუვარდებოდა. ბოლოს და ბოლოს, აქ მაინც იცოდა, რომ ყველაფერი მას ეკუთვნოდა. ქეთის მერაბი გაახსენდა. ჯიბიდან მისი მოცემული ბარათი ამოაძვრინა, ერთ ხანს უყურა. ასე დარეკვა არ ივარგებდა. მიზეზი უნდა ჰქონოდა. ეს საქმეც მოიცდიდა. ქეთიმ თმა შეიმშრალა, ერთ კუდად შეიკრა და ოთახიდან გავიდა. დედამისი უკვე ფუსფუსებდა, სამზარეულოში მაგიდა ორისთვის გაემზადებინა, ქეთის გაეღიმა, დედამისს უკნიდან მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-დილამშვიდობისა, დე.
-როგორ ხარ ქეთი? -ღიმილით შემობრუნდა ქალი და თეფშებზე შემწვარი კვერცხი გაანაწილა. ქეთიმ დახედა, არ უნდოდა დედის განაწყენება, მაგრამ საერთოდ ვერ გრძნობდა შიმშილს. ქალმა შეამჩნია, გვერდით მიუჯდა და ხელზე ხელი დაადო.
-კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ... მოდი ვისაუზმოთ. -ვეღარ აწყენინა და მოჩვენებითი მოუსვენრობით აათამაშა ხელები. არ იმსახურებდა დედამისი ქეთისგან ამას და ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ გამოსწორება შესძლებოდა. უსიტყვოდ ისაუზმეს, ქეთი ყავის გასაკეთებლად წამოდგა, მონატრებოდა საკუთარ სამზარეულოში ფუსფუსი და ერთი შეხედვით, გახარებული ტრიალებდა, მეორეს მხრივ, მაქსიმეს სახლი გაახსენდა, ნათელი სამზარეულო, მარმარილოს მაგიდა, ადგილი, სადაც არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დიასახლისად ეგრძნო თავი. საკუთარი ფიქრების შერცხვა, ყავა ორ ფინჯანში გაანაწილა და დედის წინ დადგა.
-აბა, გუშინ ღამით რომ ბრაზობდი, ახლაც იგივეს გრძნობ? -გაეღიმა ქალს. ქეთი მოიღუშა. რა თქმა უნდა, უკეთესად კი არა, უარესად გრძნობდა ყველაფერს, უფრო მძაფრად, თუმცა აღიარების ეშინოდა. ყველაფრის შემდეგ, ეშინოდა რომ კიდევ შეძლებდა დედასთან დაშორებას. თავი ძლივს მოუყარა გამბედაობის პაწაწინა ნაწილებს, ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და თავი გააქნია.
-ქეთი, ხომ არ გაწყენინეს?
-არა, რატომ გგონია?
-შეცვლილი ხარ. -ქეთის აღარაფერი უთქვამს. კოვზი რამდენჯერმე დაატრიალა ფინჯანში და გვერდზე გადადო, უხმოდ მოსვა, ერთ წერტილს მიშტერებული იჯდა. გრძნობდა დედის დაჟინებულ მზერას, მაგრამ არც მისი გადარწმუნება შეეძლო და დასათანხმებლად, გამბედაობა არ ჰყოფნიდა. განა მაქსიმე არ ამბობდა, ადამიანები არ იცვლებიანო? იქნებ, ქეთი კი არ შეიცვალა, ის გამოჩნდა მასში, რაც აქამდე არ ჩანდა, რაც იმალებოდა და კარგად ინიღბებოდა. ჯერ კიდევ მაქსიმეს გარშემო ტრიალებდა. ჯერ კიდევ ცხადად ახსოვდა სურნელი, მისი გამოხედვა და ხმა, რომელიც ყოველ წამს, ყოველ დღე ნამდვილივით ჩაესმოდა.
-ქეთი. -ხელი ძლიერად ჩაჰკიდა ქალმა. გამოფხიზლდა, მზერა გადაიტანა დედაზე და გაღიმება სცადა. მაგრამ დედის ნაცვლად მაქსიმეს ხედავდა, მისი ხმის ნაცვლად მაქსიმეს ხმა ესმოდა. თვალებზე ცრემლის სქელი ფენა გადაეფინა, ტუჩები მოკუმა, ქვედა ყბა აუკანკალდა. ამდენი ხნის მოთმინება ღალატობდა. მაგრად მოხვია ხელი ცხელ ფინჯანს, კანზე წვას ვერ გრძნობდა, შიგნიდან იწვოდა, გაქვავებული იჯდა. სიმწარემ და დედის ყვირილმა გამოაფხიზლა.
-ქეთი! ფრთხილად! ღმერთო, რა დაგემართა? -ქალი ნაჭრით წმენდდა დაღვრილ სითხეს, ქეთის ხელისგულებიდან სისხლი სდიოდა, ნამსხვრევები ხელის გულებში ჩარჩენოდა და აუტანელ ფეთქვას გრძნობდა. მოშორდა ფინჯანს, წამოდგა, ხელები ონკანს შეუშვირა. სისხლი ჩამოერეცხა, დაუდევრად ამოიძრო ნამსხვრევები. ერთიანად გააკანკალა ტკივილისგან, სახე მოეღრიცა და ამრეზით დახედა სისხლიან ხელებს. დედამისი პირველადი დახმარების ყუთს მოარბენინებდა. ქეთიმ ონკანი იდაყვით გადაკეტა.
-დამშვიდდი დედა, არაფერია. -ერთიანად აფორიაქებულმა დედის დამშვიდება დაიწყო და გამოწვდილი სპირტით ბამბა დაასველა, დასერილ ხელებზე მოისვა, სიმწრისგან ამოიკვნესა, თითები უკანკალებდა, ხელები გაშალა, თავი უკან გადააგდო. დამწვარი კანი გაუწითდა. ქალმა ხელების დამუშავება დაიწყო. ფრთხილად უსვამდა მწვავე სითხეს, სულს უბერავდა და თან ნაზად ეფერებოდა. ხელები გადაუხვია, დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო შეუზილა. ქეთის მაქსიმე გაახსენდა. ყურზე, ჭრილობას რომ უმუშავებდა და საწოლში ნაზად ჩააწვინა. მიუხედავად იმისა, რომ წინ მაქსიმეზე ძვირფასი ადამიანი ეჯდა, მაინც იმას ნატრობდა, დამწვარი, დასერილი ხელები ახალგაზრდა კაცს დაემუშავებინა.
-რა გემართება ქეთი?! გამაგებინე! რაზე ფიქრობ? -სავარძელზე ჩამოსვა ქალმა და ქეთის სახე მოაბრუნებინა. ლოყებზე ხელებს უსვამდა, თან თმაზე ეფერებოდა, ნაღვლიანი მზერა ჰქონდა. ქეთის შერცხვა. ყველაფერს აფუჭებდა, ყველაფერს ანგრევდა გარშემო. ერთ შემთხვევას სხვა ყველაფერი აღარ უნდა გაეფუჭებინა, სხვა კედლები არ უნდა ჩამოენგრია. უნდა ესწავლა სხვანაირად ცხოვრება, უნდა შეგუებოდა, რომ ყველა დასაწყისს თავისი დასასრული აქვს და ყველა დასასრულს, - დასაწყისი. ქვედა ტუჩს ძლიერად დააჭირა კბილები, თვალები დახუჭა, დედას მოეხვია და ატირდა.
-აღარ შემიძლია. ვერ ვიტან! მძულს.

***
ორი კვირის განმავლობაში, ქეთი სახლიდან არ გასულა. ლეპტოპთან იჯდა, სხვადასხვა რაღაცებს ეძებდა. ისიც გაარკვია, მაქსიმეს სახლი სად იდგა, რა ერქვა იმ ადგილს. როგორც გაიგო, ის სახლიც, მიმდებარე გარემოც და კიდევ რამდენიმე მიწა, მაქსიმეს ეკუთვნოდა. მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმეს ლეგალურ ბიზნესზე წერდნენ, არსად ჩანდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაქსიმე კანონებს არღვევდა, ადამიანებს კლავდა, ფულზე ცვლიდა ქალებს. არადა, აშკარა იყო, პატიოსანი შრომით მოპოვებულს არაფერი ჰგავდა, მაქსიმე მკვლელი იყო და მეგიც იყიდა. ეს ყველაფერი იმდენად თავბრუდამხვევი და გულისამრევი იყო, ქეთი მთლიანად ჩაითრია. საათობით იჯდა, ერთ აბზაციან ინფორმაციას თვალს არ სწყვეტდა და ყოველი სიტყვის გააზრებას ცდილობდა. მოსყიდული ჰყავდა პოლიციაც, ალბათ უფრო გავლენიანი პირებიც. ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ ეწერა მაქსიმეზე, ერთი პატივსაცემი მამაკაცი იყო. ქეთი ფიქრობდა, არ ჭამდა, არ გადიოდა სახლიდან, ოთახსაც იშვიათად ტოვებდა. ჩაძირული იყო საქმეში, ბოლომდე ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, თუმცა ემოციურ სისუსტეს გრძნობდა. ხელებზე ულამაზოდ შემორჩენოდა შრამები და პატარ-ოატარა ამომწვარი ადგილები, ისინიც მორჩებოდნენ, ყველა იარა ხორცდება, ერთის გარდა, რომელიც გულშია. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეხორცდა, გაიარა, გაქრა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს დეტალი, რომელიც ყველაფერს უკან დააბრუნებს, კადრივით გადაახვევს, მოსვენებას დაგიკარგავს. ქეთი რაღაცას გრძნობდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. თითქოს აქამდე ძლივს დაშორებული, ისევ უახლოვდებოდა მეგის, ოღონდ სხვანაირად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად მასსავით დასუსტდა. ლეპტოპს რომ იქით მიაგდებდა, მეგის დღიურებს იღებდა, თარიღებს იზეპირებდა, ყოველ აბზაცს ზედმიწევნით სწავლობდა. არაფერი იყო. მაქსიმეს იდეალური პიროვნების აღწერის გარდა, იქ არაფერი იყო. ქეთიმ ხელები თმაში შეიცურა, უკან გადაიქაჩა, გაგიჟებულმა ფეხი ჰკრა სკამს და კედელს მიახეთქა. საწოლზე ჩამოჯდა, გახშირებულად სუნთქავდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. თვალი კომოდისკენ გააპარა. უჯრაში მერაბის ნომერი იდო. ყოყმანობდა, ერთ ხანს უყურა, მერე გამოსწია და ბარათი ამოაძვრინა. ხელში ტელეფონი მოიმარჯვა, რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რომ დარეკავდა რა უნდა ეთქვა, რით გაემართლებინა თავი, რა შეეძლო მოეფიქრებინა, რომ მერაბი ენახა და სულ ცოტა, მცირედი ინფორმაცია მიეღო. გადაიფიქრა, ტელეფონი და ბარათი ერთად მიაგდო საწოლზე და ზურგზე დაწვა. კარი ჭრიალით გაიღო, ქეთიმ თავი გადააბრუნა. დედამისს ლანგარზე შემოწყობილი საუზმე მოჰქონდა. სრულიად უბრალოდ, მაქსიმეს ოთახი გაახსენდა. თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრად დაძაბული სიტუაცია იყო, იქ მოტანილი საუზმე უფრო სასიამოვნო და ტკბილი იყო. წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო და ფორთხოლის წვენი უხალისოდ აათვალიერა.
-დღეს უარს აღარ მივიღებ. უნდა იკვებო, თორემ დასუსტდები.
-დედა, მორჩი რა.
-რა ხდება, გაარკვიე რაც გინდოდა? -ქეთიმ თავი გააქნია. საკუთარი სისუსტე არცხვენდა. მაგრამ ერთიც კი იყო, აუცილებლად უნდა დანებებულიყო. დედამისი თითქოს მის აზრებს კითხულობდა, საუზმე იქით გადადო და თვალით კედელს მინარცხებულ სკამზე ანიშნა. ქეთიმ დაიმორცხვა, თავი დახარა.
-სიმართლე მითხარი, იქ წასვლის უფლება რომ მოგცე, დაბრუნდები? -ქეთი დაიბნა. ყველაფერს ელოდა, ყველანაირ ჭკუის დარიგებას, ოღონდ იმ კითხვას არა, რომელზე პასუხიც არ იცოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო პასუხი. მხრები აიჩეჩა. ჩაფიქრდა.
-იცი, რომ ფიქრებს დიდი ძალა აქვს? -ქეთიმ თავი ასწია. არასერიოზული გამომეტყველება გადაჰკვროდა სახეზე. -სერიოზულად, ქეთი. ფიქრს ძალიან ბევრი შეუძლია. არ გიგრძვნია, რომ როცა ძალიან გეშინია და შენთვის საიმედო ადამიანზე ფიქრობ, მშვიდდები და საკუთარ თავში ძალას პოულობ. -ქეთიმ თავი დაუქნია. სულელ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც მსგავსი რამ პირველად ესმოდა და სამყაროს აღმოჩენად თვლიდა.
-ფიქრობ?
-ვფიქრობ.
-მაქსიმეზე?
-ყველაფერზე.
-მაქსიმეზე.
-სხვანაირად არ შემიძლია. როგორ მივუგდო ყველაფერი ბედს, როცა კარგად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ღირდა.
-ამად ღირდა? შენს უბედურებად?
-უბედური არ ვარ. დედა, კარგი რა. -ქეთიმ თავი გადააქნია. წამოდგა, აქეთ-იქით დაიწყო სიარული. -დაბნეული ვარ. გაივლის. -ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ქეთი ფანჯარასთან იდგა, გარედან უყურებდა ქუჩას და წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ფიქრობდა. მინაში არეკლილ არარსებულ დარბაზს ხედავდა, ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს. უნდოდა თვალების დახუჭვა, ფიქრების შორს გაგდება, მაგრამ არც ეგ გამოსდიოდა. საერთოდ, ბოლო დროს საკუთარი ფიქრების მონა იყო, არაფერი შეეძლო და არაფერს აკეთებდა.
-ვალდებული ვარ, შენზე ვიზრუნო. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია რაც გამოიარე, თავიდან დაუბრუნდე, შეგიძლია ახლავე დაბრუნდე იმ სახლში, მაგრამ იცოდე, რომ ამჯერად უფრო მწარე იქნება. დანებება სირცხვილი არაა. საკუთარი თავის დაკარგვა უფრო მეტად გატკენს, ვიდრე იმ ადამიანის, რომელმაც მიზეზი არ მოგცა.
-და რით ვიმშვიდო თავი, ვეღარ ვიპოვე-თქო? ასე ვთქვა? -აყვირდა ქეთი. ყელში გაჩხერილი მძიმე ბურთი უკან გადააგორა. - საწყენი ისაა, რომ სხვები ვერ ამჩნევენ, როგორი მძაფრი და მტკივნეული გამოხატულებაა მოთმინება! აი, ამაზე ვბრაზობ. გულნატკენი კი არა, გაბრაზებული ადამიანი ვარ. კი არ ვნებდები, უბრალოდ ბოლომდე ვაფუჭებ. -სკამი გაასწორა, უყურა და მერე ისევ გადააგდო. ეზიზღებოდა ყველაფერი, საკუთარი თავის ჩათვლით, რადგან ყველაზე მტკივნეული ის მიტოვებაა, როცა საკუთარი თავი გტოვებს. ქალი ადგა, ოთახის კარი გაიხურა. ქეთი იდგა. ცრემლებმომდგარი უყურებდა საკუთარი ოთახის კარს. ყველაზე უფრო მეტად იმას ვერ იტანდა, რომ ასე ძლიერად გრძნობდა კავშირებს ყველაფრის მიმართ.

***
დარჩენილი დღეები, ქეთიმ ისევ სახლში გაატარა. ამჯერად, აღარც მაქსიმეზე უძებნია სიახლეები და არც მეგის დღიურები გადაუშლია. საქმეს აკეთებდა, ახალ სამსახურს ეძებდა და წიგნებს კითხულობდა. წამით თუ ჩაფიქრდებოდა, ისევ მტკივნეულად ულიდა გულში რაღაც, მაგრამ მიჩვევა იცის ყველაფერმა, განსაკუთრებით, ტკივილმა. ენატრებოდა ძველი, საშინელი დღეები და მაინც, არაფრის გაკეთება შეეძლო. ჯიბიდან ფული ამოაძვრინა, სახლის კარი გადაკეტა და მაღაზიაში ჩავიდა. დამთბარიყო. მისი საყვარელი ამინდები დგებოდა. მზიანი, თბილი, სულ ოდნავ ქროდა თბილი ქარი და სასიამოვნოდ ეხებოდა სახეზე. ქუჩა, როგორც ყოველთვის, არ იყო ხალხმრავალი. ქეთი თავდახრილი მიდიოდა, ხელები თხელი მოსაცმელის ჯიბეებში ჩაეწყო და ფიქრობდა. თავი იდნავ ასწია, შორიდან მომავალ მამაკაცის ფიგურას ხედავდა. შავი ფეხსაცმლისა და გრძელი პალტოს დანახვაზე უსიამოვნოდ გასწიწკნა მოგონებებმა, მაქსიმეზე უფრო პირველად, გელა გაახსენდა. ზიზღის გრძნობა დაუგროვდა. სანამ ახედვას მოასწრებდა, მამაკაცი დაეჯახა, მეორე მხრიდან ვიღაცამ ხელი შეაშველა, ქეთი წინ გადაიწია, მხოლოდ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგო, ორივე მამაკაცი თვალს მიეფარა. ქეთი გასწორდა. უაზროდ ატრიალებდა თავს და მათ მოძებნას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ქვაფენილზე დაიხედა, პატარა, რეზინის მსგავს ქოთანში ყვავილები ჩაერგოთ, სულ პაწაწინა იყო, ფერადი, ნაზი, ლამაზი. ქეთი დაიხარა, თხელ ფურცლებს ხელით შეეხო, ქოთანი აიტაცა. აქეთ-იქით მიმოიხედა. ნუთუ ორი მამაკაცი მხოლოდ იმისთვის დაეჯახა, რომ ქოთანი შეუმჩნევლად დაეგდოთ? ქოთნის ერთ მხარეს, პაწაწინა ფურცელი ჩაედოთ. ქეთის წარმოდგენა არ ჰქონდა შეიძლებოდა თუ არა მისი ამოღება და ნახვა. კიდევ ცოტა ხანს ათვალიერებდა ქუჩას, ელოდა, რომ რომელიმე დაბრუნდებოდა, თუმცა მთელი დღით აქ ვერ იდგებოდა, ქოთანში ჩადებული ფურცელი ამოაძვრინა, გაშალა. თვალები გაუფართოვდა, სუნთქვაშეკრული უყურებდა ნაცნობ ხელწერას. ჯერ კიდევ არ იცოდა რა ეწერა, თუმცა ისიც საკმარისი იყო, რომ მაქსიმეს ხელწერა ამოიცნო. ქოთანი მაგრად დაიჭირა, ეშინოდა, არ გავარდნოდა. ფურცელი უკეთესად დაიჭირა. თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაჰკვროდა.
„ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა ანიუტა. მან შეიყვარა მშვენიერი ბიჭი, მაგრამ სამწუხაროდ, გულცივი ადამიანი. ბიჭმა გულუბრყვილოდ მიმნდობ გოგონას გული ძალიან ატკინა, გაუტეხა. გოგონა გარდაიცვალა სევდისა და დარდისგან, არშემდგარი სიყვარულის გამო.
ანიუტას საფლავზე იები ამოვიდა. იებს უჩვეულო შეფერილობა ჰქონდა - სამნაირი შეფერილობის იყო. თითოეული მათგანი განასახიერებდა სამ გრძნობას - იმედს, რომ მისი სიყვარული არ დარჩებოდა უპასუხოდ, გაოცებას - არასამართლიანი წყენისთვის და სევდას -გაუზიარეებელი სიყვარულის გამო.“
ქეთიმ რამდენჯერმე გადაიკითხა, თვალებს არ უჯერებდა. დავიწყებული, იქვე გამოეცხადა. ქეთიმ პაწაწინა ყვავილებს დახედა, გაეღიმა, რა თქმა უნდა, ვიოლები! პატარა, ნაზი, სიყვარულის ვიოლები, რომლებიც ანიუტას საფლავზე ამოვიდა. ზედმეტი სიტყვების გარეშე, ქეთი სახლის გზას გაუყვა, სწრაფად მიიწევდა წინ. მარილიანი სითხე უსველებდა სახეს, წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. სახლში შესულმა, ქოთანი მაგიდაზე დადო, უყურებდა, თან წერილს კითხულობდა, ყოველ წამს აპარებდა მზერას ვიოლებისკენ. ყველაფერს წარმოიდგენდა, იმის გარდა, რომ დაბრუნდებოდა. უფრო სწორად, რაღაც მსგავს იზამდა. რატომ დასჭირდა მაქსიმეს ანიუტას ლეგენდის გახსენება? აშკარა იყო, უბრალოდ წერილს კი არ სწერდა, რაღაცას ეუბნებოდა. პირველ რიგში, იმას, რომ კარგად იყო. ყველაზე მეტად ის ფიქრი ამშვიდებდა, რომ მიწურული თვის შემდეგაც, ცოცხალი იყო, წერაც კი შეეძლო და ვიოლების გამოგზავნა. აქამდე განცდილი ყველა ემოცია, ყველაფრის მიზეზი ახლაღა იგრძნო. დამძიმებულ გულზე თითქოს რაღაც მოეშვა. ერთს კი ვერაფერი მოუხერხა, წარმოუდგენელი მიზეზით წამოსულ ცრემლებს ვერ აჩერებდა. და მაინც, რა იყო ეს? რა ერქვა ამ გრძნობას? გულწრფელი მოლოდინი გარდაუვალი სიახლისა, თუ უბრალოდ ის, რასაც არ აღიარებდა, ახლა მაინც არა, ამდენად ვერ გატეხავდა, სულს ვერ გაუშიშვლებდა უნაკლო ვიოლები. გულწრფელად დაბნეული მისჩერებოდა ყვავილებს. ბედნიერების ის ნაპერწკლები ჩნდებოდა, რომელიც ქეთის ყოველთვის გააჩნდა, ყოველთვის იცოდა, რომ მაქსიმე ნიღაბს ატარებდა, რომ შეეძლო სამი გრძნობიდან ერთი მაინც ჰქონოდა. და რა მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი იქნებოდა ეს? იჯდა, უყურებდა, მერე ერთი სასიამოვნო ფიქრი აეკვიატა. წერილი დაკეცა, ქოთანში ჩააბრუნა. ოთახში შეიტანა, თაროზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა. რაღაცნაირი დღე იყო. თბილი, მზიანი, იმედიანი, თავისი წილი იმედგაცრუებით, არასამართლიანი წყენისთვის და სევდიანი, გაუზიარებელი სიყვარულისთვის. და მერე, ისე ჩუმად პატიობ, რომ არც კი ეუბნები, არც ეტყვი.

ქეთიმ კომოდის უჯრა გამოაღო, იქიდან ბარათი ამოაძვრინა. ერთ ხანს უყურა, ნომერი აკრიფა და დაელოდა. რამდენიმე წამის შემდეგ, მცირედი ტკაცუნის შემდეგ, ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა.
-გისმენ, ქეთი. -მომლოდინესავით დაიწყო მერაბმა. ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა.
-უნდა შევხვდეთ, ახლავე.
-კარგი, ჩამოდი. -ქეთის გაუკვირდა. რა უნდოდა მერაბს ქეთის სახლთან? მაგრამ მაინც არაფერი უკითხავს, უპასუხოდ გაუთიშა. სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ გახარებული იყო, შეცდომა არ უნდა დაეშვა. სახლის კარი გარედან გადაკეტა. სწრაფად ჩაირბინა კიბეზე. სადარბაზოსთან გაჩერებული ჯიპის დანახვამ დააფრთხო, კარი მაინც გამოაღო, უკან ჩაჯდა. მერაბმა ღიმილით გადმოხედა.
-აქ რატომ ხართ? -მერაბმა კითხვა დააიგნორა. ეტყობოდა, ქეთის სათვალთვალოდ ნამდვილად არ იყო.
-ქეთი, სადღაც უნდა წავიდეთ. -დუმილის შემდეგ აღმოხდა მერაბს. ქეთი გაკვირვებული მიაჩერდა.
-სად?
-მაგრამ ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა იცოდე. არ ვიცი, მე მაქვს თუ არა თქმის უფლება.
-მაქსიმეს ეხება? მერაბ! -ქეთიმ ხმა ვეღარ გააკონტროლა, დამფრთხალმა წამოიყვირა. ყელში მყესები დაეჭიმა, ხელისგულები გაუოფლიანდა.
-ვიოლები მიიღე, არა?
-მივიღე.
-მაქსიმეს საყვარელი ყვავილებია.
-მერაბ -ქეთი ხმით ევედრებოდა, ოღონდ კი მერაბს დაძაბული სახე მოშვებოდა და გაეღიმა, ძველებურად იმედიანი და მომღიმარი კაცი ყოფილიყო.
-იმაზე მეტი იცი, ვიდრე ლაპარაკობ, არა?
-მერაბ, სად არის მაქსიმე?
-უნდა წავიდეთ. უნდა წახვიდე. -თავი გააქნია და მანქანა დაქოქა. ქეთი პანიკამ შეიპყრო, კარის საკეტი გადასწია, თუმცა უშედეგოდ, ჩაკეტილი დახვდა.
-ღმერთს გეფიცები, თუ მაქსიმეს რაიმე დაუშავდა!
-იმედი ვიქონიოთ, რომ არა. -მანქანა ადგილს ელვის სისწრაფით მოსწყდა. ქეთიმ ცრემლები შეიმშრალა, ქვედა ტუჩს კბილები ისე ძლიერად დააჭირა, სისხლმა გამოჟონა და უსიამოვნო გემო დაუტოვა. და მაინც, ყველაფერზე უფრო წამიერი და მტკივნეული, სწორედ ბედნიერებაა. ის აუცილებლად ქრება.



№1  offline წევრი მეამბოხე ^^

ვაიიი,შეიძლებოდა ასეთ ადგილას დასრულება? ;დ rage smile heart_eyes
მიხარიხაარ heart_eyes ველი,ველი ახალ თავს kissing_heart

 


№2  offline წევრი შამხათი

აუ, რა მიქენი ახლა, ისეთი დაინტრიგებული დამტოვე, რა მოითმენს შემდეგ თავამდე. იმედი მაქვს, დიდხანს არ დააგვიანებ. მშრალი თავიო და საერთოდ არ მომეჩვენა ასე, როგორც ყოველთვის, საინტერესო და ამომწურავი იყო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან კარგი თავი იყო. საუკეთესოც კი.მომეწონა ლეგენდის ამბავი, წერილიც, ყვავილებიც.
მაქსიმე კარგად იქნება!
ქეთიც.
ოღონდ ხელის ერთი მოსმით ნუ გააქრობ უფსკრულს მათ შორის.
ნელ-ნელა დაახლოვე.

 


№4  offline მოდერი chica sol

უუფ, ახლა უკვე სუნთქვა შეიძლება. ლეგენდა ძალიან კარგი იყო, თითქოს ამ ისტორიისთვის დაიწერა, თუ ამისთვის დაიწერა?
მომწონს მაქსიმე, თავისი დადებითით და უარყოფითით. ქეთიც მომწონს თავისი შეუცნობელი სიყვარულის უნარით, ემოციებით... ვიოლები-მიყვარს...
ძალიან კარგი იყო, ძალიან❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

მშრალი მოგეჩვენებათ ეს თავიო...
არა, საერთოდ არ მომჩვენებია გამომდინარე წინა თავიდან. ეს ხომ ერთი ისტორიაა, უბრალოდ თავებადაა დაყოფილი. ყველა მონაკვეთი ერთიანად "სავსე" ვერ იქნება...
ამ სიუჟეტს მოუხდა კიდეც ოდნავი სისწრაფე...
აბსოლუტურად ყველაფერი მომეწონა - ქეთის დამოკიდებულება დედასთან (ასეც უნდა იყოს), წერილი, ყვავილები და მათით გამოწვეული ემოცია...
კმაყოფილი ვარ ^_^
პ.ს.ვიცი, რომ შენ არაფერი შეგეშლება, მაგრამ მაინც, თათას რჩევა გაითვალისწინე ;)

 


№6 სტუმარი Guest baby girl

აუუუ ალბათ მალე გავგიჟდები არა რა ჩემი ნარკოტიკია ეს ისტორია . joy joy smile მალე დადე ახალი თავი თორე ლომკაში ჩავვარდი joy heart_eyes ძაან მაგარი(ინტრიგანიც :D)ხარinnocent

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ არ დაგვტოვე დაინტრიგებულები.რა დროს შეწყვეტა იყო.მალე დადე რა.იმედია მაქსიმეს არაფერი მოუვა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent