შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 7)


18-03-2017, 15:07
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 400

მივუყვები ნამტირალევ ქუჩებს... თავჩაქინდრული სიარული მახასიათებს, მიყვარს ჩემს ფეხსაცმელებზე ყურება, როდესაც დავდივარ. ამით, ადამიანების მზერას თვალს ვარიდებ და მათი განწყობაც ვეღარ მეწებება. მივდივარ და უცნობის სიტყვებზე ვფიქრობ: „დაფიქრდი“, „პასუხი შენშია“, “S”. რას ნიშნავს S? ტანში უცნაურად გამსერა, სიცივემ ხანჯლად გაიარა ჩემში და მთელს სხეულზე მომედო, თუმცა დამწვრობა მიხურდა, ფეთქავდა და მეწვოდა, მწვავდა მთელს სხეულს და ვგრძნობდი, S სიგნალივით ეწოდებოდა მთელს შიგნეულობას.
ჩემი ავტობუსიც მოვიდა, თავით შევვარდი და კართან დავდექი, რომ ზედმეტად ვინმე არ შევაწუხო. ვფიქრობ ისევ უცნობზე, ისევ მის ნათქვამ სიტყვებზე და ისევ იმ წყეულ ლათინურ ასოზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს და ეს გაურკვევლობა მაფრთხობს.
რა არის ჩემში? რას ხედავს ის ჩემში? ვინ ვარ მე? უცნაურია, მაგრამ წუხანდელი სიტყვების შემდეგ, უფრო მეტად მაინტერესებს ვინ ვარ მე, ვიდრე ის?! რა სისულელეებს ვბოდავ, ეს უცნობი არსება უბრალოდ კარგად ერთობა ჩემით. უკვე ისიც კი არ ვიცი, ვკითხო თუ არა რაიმე მასზე ჟანეტს. ის ამას ვერ გაიგებს, მე მას ამ ყველაფერს ვერ მოვუყვები და ნახევრად რაიმეს თქმას, ჯობს არაფერი ვუთხა.
უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე ჩერდება ავტობუსი, კარი იღება და ჩავრბივარ. ვხედავ ასობით ახალგაზრდას, კონსპექტებით ხელში. როგორც ყოველთვის, ისე გავიარე მათში, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შემამჩნია. ერთს შემთხვევით ბეჭიც კი გავკარი, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს. „ჰო, ახალი არ არის, რომ უჩინარი ვარ.“ ჩავწიე ისევ თავი და შენობაში შევედი.
ჩემს წინ დიდ, მწვანე დაფას ვხედავ, სადაც ცხრილებია მიკრული. ფრთხილად მივუახლოვდი და საჩვენებელი თითით ჩამოვყევი ცხრილს: „ლიტერატურის ისტორია (კაჭარავა ელენე) აუდ.014“.
0 სართულზე ჩასასვლელად ლიფტთან მივედი და მოზრდილ წითელ ღილაკს დავაჭირე. უკან მოსიყვარულე წყვილი ამომიდგა კისკისით. „ოღონდ ეს არა.“ გავიფიქრე, მაგრამ უკან გაბრუნება აშკარა სინაგლე იქნებოდა, ეს კი მე არ მახასიათებს. მორჩილად ჩავღუნე თავი და ველოდები. ლიფტის კარი იღება, შევდივარ და სულ ბოლოში ვდგები. წყვილი შემოდის, ბიჭმა ლამისაა შეჭამოს ისე მჭიდროდ ეხვევა, მგონი ვერც კი მამჩნევენ. არა არა, ნამდვილად ვერ მამჩნევენ. მინდა ჩემი თითი როგორმე 0 სართულის ღილაკს მოვახვედრო, მაგრამ რომეო მასწრებს. როგორც ჩანს ესენიც 0 სართულზე მოდიან.
-გუშინ ვერ მოვახერხე გამოცდისთვის მომზადება, შენს გამო. -საყვედურნარევად და თან პრანჭვით ეუბნება გოგო.
-ხოო? - ბიჭი ცდილობს ძალიან სექსუალური იყოს და თან კისერში ნაზ კოცნას ჩუქნის. გოგო კი ამაზე ლამისაა ჩამოდნეს. ჩუმად მეღიმება, მაგრამ მკერდთან ისეთი წვა ვიგრძენი, სახე მაშინვე გავასწორე.
ლიფტის კარი გაიღო და გამოვედით. დავიძარი 014 აუდიტორიისკენ, სემინარის დაწყებამდე 3 წუთი რჩება. შევედი და მაშინვე შევამჩნიე გოთივით ჩაცმული გოგონა, პირსინგებით გადატენილი სახით. თვალები ჩაშავებული აქვს, შავი ტუჩსაცხი ჰორიზონტალურ ხაზად აზის მის ძალიან თხელ და განიერ პირს. იმდენი რკინა აქვს ასხმული, მისთვისვე აჯობებს, ჭექა-ქუხილში არ მოხვდეს.
ზის მარტო და დღიურში რაღაცას ხატავს. შევედი თუ არა, უცნაურად შემომხედა, შემათვალიერა და ისევ გააგრძელა ხატვა. ტრადიციულად, სულ ბოლო მერხზე დავჯექი და ვნატრობ, რომ ჩემს წინ სკამები სულ შეივსოს, რომ კარგად დამივალო.
შემოდის ლექტორი, მოკრძალებულად და კომფორტულად აცვია. მისი მწვანე ჟაკეტი ძალიან მამშვიდებს. მიყვარს ლიტერატურის ლექტორები, ყველა მათგანისგან საოცარი სიმშვიდე მოდის და მეც ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს მათი მოსმენა.
-გამარჯობა, ბავშვებო. - ლამის ჩურჩულით ამბობს. -დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ დანტეზე არა? „ღვთაებრივი კომედია.“ აბა, ვინ წაიკითხა და ვის უნდა მესაუბროს დანტეს ჯოჯოხეთზე? როგორია ის და რამდენად ჰგავს თქვენს მიერ წარმოდგენილ ჯოჯოხეთს? - ბოლო კითხვაზე ოდნავ ეღიმება ქალბატონ ელენეს. დაკვირვებით ავლებს დარბაზს თვალს და ელოდება საუბრის მსურველებს.
აუდიტორიის კართან მჯდომი მოგრძო სახის მქონე, შავგრემანი, ძალიან გამხდარი ბიჭი იწყებს საუბარს:
-მე მგონია, რომ...
-ბოდიში, თქვენი სახელი? -აწყვეტინებს ქალბატონი ელენე.
-თორნიკე. თორნიკე გვალია.
-მადლობთ. აბა, თორნიკე გისმენთ.
-მე მგონია, რომ დანტეს მიერ წარმოდგენილი ჯოჯოხეთი ძალიან ლოგიკური სიუჟეტით ვითარდება. ვგულისხმობ, ბიბლიური თვალსაზრისით, პირდაპირ მიბმულია მასზე. ის, რაც დანტემ ნახა იყო მისი წარმოსახვა, რომელიც გამოწვეულია ბიბლიური სწავლებით.
-ანუ, თქვენ უარყოფთ რომ ეს ყველაფერი ხილვა იყო?
-იცით, არ მჯერა რომ ხილვა იყო. შეიძლება სიზმარი იყო და ძალიან ჰგავდა ხილვას. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქმევთ, მთავარია რომ მის მიერ წარმოდგენილი ჯოჯოხეთი, მისი წარმოსახვაა და არა სინამდვილე.
-მართალია, შეუძლებელია ყველას ჯოჯოხეთი ერთნაირი იყოს. -საუბარში ერთვება ფანჯარასთან მჯდომი დიდტუჩება ქერა ლამაზმანი. იმდენად ლამაზია, რომ სისულელეც რომ თქვას, სრულიად გააბათილებს მისი სილამაზე.
-თქვენი სახელი? -ეკითხება ქალბატონი ელენე, თან სათვალეს ირგებს და სიაში იყურება.
-მარიამ ლეჟავა.
-ლ.ლ.ლ აი ლეჟავა. გისმენთ აბა, მარიამ. რას გულისხმობთ იმაში, რომ ყველას ჯოჯოხეთი ერთნაირი ვერ იქნება?
-ვგულისხმობ ადამიანის ბუნებას, ჩვენ განსხვავებულები ვართ. ის რაც მე მაყენებს ტკივილს, შეიძლება სხვას სიამოვნებდეს კიდეც და პირიქით. არ არსებობს სტანდარტი ამ მხრივ, ჩვენ, ადამიანები განვსხვავდებით იმდენად, რამდენადაც ყველას განსხვავებული გემოვნება და სურვილები გვაქვს.
-იმის თქმა გინდა, რომ -50 გრადუსი არ შეიძლება ყველა ადამიანს ყინავდეს? -ირონიული სიცილით ეკითხება ჩემს წინ მჯდომი სიმპათიური ყმაწვილი. აშკარად უნდა, მისი ყურადღება მიიპყროს. ირონია კი მსგავსი ლამაზმანების ყურადღებას ნამდვილად იქცევს.
-თუკი სხეული არ გაქვს, როგორ გაიყინები? -ცოტათი ანერვიულდა ლამაზმანი.
-მე კი, საერთოდ არ მჯერა სამოთხის და ჯოჯოხეთის. -სრულიად მოულოდნელად ამბობს ჟღალთმიანი, რომელიც პირდაპირ ქალბატონი ელენეს წინ ზის.
-თქვენი სახელი?
-გიორგი ნადირაძე.
-სკეპტიკოსი ბრძანდებით, გიორგი? -ეღიმება ქ. ელენეს.
-უფრო რეალისტს ვიტყოდი. საინტერესოა, რატომ აქვთ ადამიანებს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა?!
-ოჰ, რას გულისხმობთ, გიორგი? - სათვალეს ცხვირზე აჩოჩებს ჩვენი მშვიდი ლექტორი და ოდნავ მომღიმარი შეჰყურებს სტუდენტს.
-ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება. ადამიანი კვდება, იქცევა მიწად. იმ ადგილზე ამოდის ყვავილები, ხეები, სხვადასხვა მცენარეები, რომელიც ჟანგბადის წარმოქმნას უწყობს ხელს. ყველაფერი, რასაც ვხედავთ: ადამიანი, მცენარე, ცხოველი, მწერი, ქვეწარმავალი... ამ კანონზომიერებას ბრუნვაში ეხმარება. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ სამყარო იარსებებს. ჩვენ არაფრით ვჯობივართ მწერებს, ცხოველებს თუ მცენარეებს. ჩვენ ვქმნით პეიზაჟს და ვეხმარებით პლანეტას, იყოს სიცოცხლისუნარიანი. მეტი არაფერი...
-პეიზაჟს ყოველთვის სჭირდება მხატვარი. -მოჭრილად პასუხობს ჩემს წინ მჯდომი სიმპათიური ახალგაზრდა. არ გაგიკვირდეთ, რომ ვამბობ სიმპათიური მეთქი. ჩემსკენ ზურგით ზის, მაგრამ ჯერ კიდევ დერეფანში, სანამ აუდიტორიაში შემოვიდოდი - შევამჩნიე.
-არის რაღაცეები, რაც თავისთავად არსებობს. -პასუხობს ჟღალთმიანი და უკან არც იხედება.
-თავისთავად არაფერი არსებობს. -ისევ პასუხი ჩემს წინ მჯდომისგან. პირველი მერხიდან კი ჩემდაგასაკვირად, პასუხი აღარ წამოსულა.
უცბად, გოთურად ჩაცმულ გოგოს გავხედე, საინტერესოა რა აზრისაა ამ ყველაფერზე, თუმცა ისევ რაღაცის ხატვით არის დაკავებული და ეჭვი მაქვს, საერთოდ არ აინტერესებს დანარჩებენის აზრი ამ თემაზე.
ქალბატონი ელენე, ჩემს წინ მჯდომ სიმპათიურ ყმაწვილს მიუბრუნდა და მომღიმარი ეკითხება:
-იქნებ, თქვენი აზრიც გაგვიმხილოთ?
-კი ბატონო. გოგა ონიანი. -კითხვას არ დაელოდა. -ჯოჯოხეთი, როგორც მარიამმა აღნიშნა, მორგებული უნდა იყოს ადამიანის სურვილებზე.
-ანუ, მარიამს ეთანხმებით? -ჩაეკითხა ქ.ელენე.
-მხოლოდ იმაში, რომ ყველას ერთი რამ ვერ დატანჯავს.
-მაშ?
-აი, მაგალითად მე ვარ ნარკომანი, მარიამი კი მრუში. -უცბად, აუდიტორიაში ხმამაღალი ჩურჩული გაისმა. მარიამმა კი მკვლელი მზერა ესროლა გოგას და სანამ რამეს იტყოდა, ონიანმა დაასწრო თავის გამართლება.
-სინამდვილეში, არც მე ვარ ნარკომანი და არც მარიამია მრუში, სიტყვაზე ვამბობ.
-მესმის, განაგრძეთ. -ძალიან დაინტერესებული ჩანს ქ. ელენე.
-ნარკომანს და მრუშს, სხეული ეხმარებათ, რომ სურვილები დაიკმაყოფილონ. როდესაც გარდაიცვლები, არ გაქვს სხეული, მაგრამ სურვილები რჩება. ე.წ. „ლომკა“ იმდენად ძლიერია, რომ იტანჯები. შენი სურვილები გტანჯავს. რაში ჭირდება ადამიანს მარხვა? გგონიათ ღმერთს დიდად ანაღვლებს ხორცს შევჭამთ თუ კიტრს? ეს მას არ სჭირდება. მას უნდა, რომ ჩვენი სურვილების მართვა ვისწავლოთ, რადგან არ არსებობს ცალკე სამოთხე და ცალკე ჯოჯოხეთი. ორივე ადამიანშია. ამ ცხოვრებაში ჩვენ ვქმნით სახლს, სადაც სიკვდილის შემდეგ ვიცხოვრებთ.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა აუდიტორიაში. არავის სურს საუბარში ჩართვა. ქალბატონი ელენეც კი დუმს. დაძაბული აურაა აუდიტორიაში, ქ. ელენეს მშვიდი ხმა ახლა ყველანაირ დაძაბულობას მოხსნიდა, ისიც არ აყოვნებს:
-კარგი, ბავშვებო. ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს საგანში არ გექნებათ შუალედური გამოცდა. თითოეული თქვენთაგანი წარმომიდგენს პრეზენტაციას. ისაუბრებთ, როგორია თქვენი ჯოჯოხეთი , ან როგორია თქვენი სამოთხე. ბოლოს კი შეაჯამებთ, რამდენად ახლოსაა დანტესა და თქვენი შეხედულებები ერთმანეთთან. პრეზენტაცია შედგება მომდევნო 2 სემინარის განმავლობაში და შეფასდება მაქსიმალური 20 ქულით.
***
დავტოვე აუდიტორია და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო, იქნებ ჩემს ცხობრებაზე ვთქვა ორი სიტყვა? ამაზე დიდი ჯოჯოხეთი რა უნდა იყოს?! თუმცა, საფიქრელად წინ ორი კვირა მაქვს...
ისევ საშინლად გამსერა სხეულში და დამწვრობა მეტკინა. წვიმიან ქუჩებს მივუყვები და თავში მხოლოდ ერთი ასო მიტრიალებს - S. რას უნდა ნიშნავდეს? ან ვინ არის ეს უცნობი, რომელიც იმას მიკეთებს, რაც მოესურვება და თან მეუბნება რომ აკეთებს იმას, რაც მე მსურს?! შეიძლება მითვალთვალებს კიდეც, უცებ თვალი მოვავლე ირგვლივ ადამიანებს. ყველას ერთნაირად მოღუშული სახე აქვს, მე კი ვერავინ მამჩნევს. უცებ, ქალბატონი ელენეს მიერ დასმულ შეკითხვაზე დავფიქრდი, რა პასუხს გავცემდი მე მას? მაინც, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ალბათ, არც არაფერი... ჩემთვის არაფერი შეიცვლება, დღეს თუ ჩემი სამყოფელი ჩემი პატარა სახლის კედლებია, სიკვდილის შემდეგ ოთხი ფიცარი იქნება და იქაც ვიქნები მარტო. ნეტავ, ფიქრი მაინც შემეძლოს?! მე ხომ რეალობას ვერც კი აღვიქვამ?! მე მხოლოდ ფიქრებით და წარმოსახვით ვცხოვრობ, ჩამასვენებენ ყუთში და იქ გავაგრძელებ ფიქრს... ჩემთვის არაფერი შეიცვლება სიკვდილით. ცხვირი ამეწვა და მარილიანი წყალი თვალებს მოაწვა - მებრძვის, გადმოსვლა უნდა. კაპიშონში შევიმალე და თვალებს სპეციალურად არ ვახამხამებ, რომ არ ვიტირო. მინდა ჩემს სამყაროში გადავეშვა, მაგრამ წინ უცნობის ბოროტი თვალები მეღობება, რომელსაც უნდა ჩემი ცხოვრება მთლიანად მოიცვას. სწორედ ახლა გავაცნობიერე, რაოდენ მჭირდება მარტოობა და როგორი ბედნიერი ვიყავი როცა მარტოობა შემეძლო.
ამ ფიქრებში, ისე მივუახლოვდი სახლს რომ თავადაც ვერ გავიაზრე. ფრთხილად გავაღე კარი და ჩემს სამფლობელოში შევედი. ჩემი შავი, ბუმბერაზი დუტი შევიხსენი და კართან დავკიდე. მისაღებში შევდივარ და ვშეშდები.
სარკე შიშველია, პლედი სადღაც გაქრა... სავარაუდოდ ეს იმ უცნობის ნამოქმედარია, ბოროტი თვალებით. სარკეს კი ჟანეტის წითელი პომადით აწერია ლათინური ასო - A.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
თავით ფეხებამდე ეხები ჩემ ფილოსოფიას. უკვე ეჭვი მეპარება მე ჰომ არ ვწერ ამას-მეთქი. ვენებში მიჩქეფს თიტოეული შენ მიერ დაწერილი ასო ამ ისტორიაში.

მიხარიხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent