ძველი პიანინო - 18
18. ბავშვები არ ივიწყებენ უსამართლოდ გატანილ სიმწარეს და არც პატიობენ. წლების მანძილზე გულში ჩაბუდებულმა, მიძინებულმა ტკივილმა ერთ დღესაც გამოიღვიძა და ისე ძლიერად ამოხეთქა, რომ გაყუჩებას აღარ აპირებდა... და აღარც უკან დასახევი გზა ჰქონდა... ან სად უნდა დაეხია?.. ვისთან? ვისთვის? ან რის გულისთვის?.. ცხოვრებამ მკვლელად აქცია... არა ცხოვრებამ არა... მხოლოდ იმ ადამიანებმა ვინც... „ვენდეტა შემაყვარეს.... არა არ შემაყვარეს,.. მაიძულეს!.. მაიძულეს!..“ შეშლილივით წამოვარდა, მთელი საწოლი ძირს გადმოყარა... „გამაგიჟეს... ვენდეტაზე გამაგიჟეს... მაიძულეს!..“ ძირს გადმოყრილ საბანს ზედ დაემხო... სასოწარკვეთილი ღმუოდა, ბალიშში თავჩარგული ახშობდა ხმას. აბობოქრებულ ტალღასავით ამოხეთქა ტკივილმა... მოგვიანებით თავი ასწია, გულაღმა დაწოლილი ჭერს დაუწყო თვალიერება... ცოტა დამშვიდდა, იყო წყნარი და მდუმარე... და ისე, როგორც დიდი შტორმის მერე, წყალში არეკლილი ლაჟვარდის ფერებიც ასევე აკიაფდა ჭერზე მოხატული ღრუბლებში მონავარდე, მოოქროვილი პატარა ანგელოზების ნახატის კონტურები... ისევ გადასწვდა ფიქრებს... „ვისაც გავწვდები ყველას ვაზღვევინებ... სადამდეც მეყოფა სიცოცხლე, იქამდე მაინც ვაზღვევინებ...“ მაინც რა ბედი აქვს ასეთი?.. რატომ მოევლინა ამ ქვეყნად? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, დაბადებიდან ტანჯვა იწვნიოს? და რატომ?.. რისთვის?... „კმარა ტანჯვა-გოდება... უკვე დროა ყველამ პასუხი აგოს... სადამდეც მეყოფა სიცოცხლე, არ გავჩერდები...“ ფიფოს ბევრჯერ გადაეყარა... არა კი არ გადაეყარა... კინაღამ გადაეყარა. ფიფოსთვის მხოლოდ დამნაშავის ლანდი იყო. რამდენჯერმე კინაღამ კლანჭებში ჩაუვარდა... თითქმის წაასწრო დანაშაულზე, მაგრამ იყოჩაღა და რაღაც ბედისწერამაც შეუწყო ხელი... ან იქნებ იმიტომ გადაურჩა, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა... იქნებ ჯერ არ იყო მისი დრო?.. და მართლაც რაღაც განგება განაგებდა და მისი ხელით განაჩენის აღსრულებას ცდილობდა... და მაგიტომ რაღაც შეუცნობელი მფარველობდა და ახალ-ახალ გზებს უხსნიდა გასაქცევად. „ამ ქვეყანას სამართალი გაასწორებსო?.. რა იდიოტური დოქტრინაა... სამართალმა პური ჭამაო.... ჰმ, დიდი კოვზით აჭამეს სამართალსა და უფრო დიდი ჩამჩით მის მძებნელს... ჰო... მართლაც უჭამია...“ *** მკვლელმა თვალებში ჩახედა მუხლებზე ძლივს მდგარ მოხუცს. -ისედაც იცი რომ მოკვდები. ჯერ აღიარე, რომ დამნაშავე ხარ. ადამიანების გაუბედურებისთვის! მკვლელობისთვის! -მე... მე არავინ არ მომიკლავს... არავინ მომიკლავს... -საკუთარ შვილს აიძულე... შენ გამოუტანე სასიკვდილო განაჩენი... ნუთუ ასე მალე მიივიწყე?.. შვილი დამარხე და შენ ცხოვრება განაგრძე არა... შენ სვამდი-ჭამდი შენი ერთადერთი შვილი კი მიწას ჭამდა... მოხუცი ხმას არ იღებდა, ჩასისხლიანებული, გაბოროტებული თვალებით ამოხედა ქვემოდან: -და შენ ხარ სამართალი? და შენ გგონია ახლა, ამ შენი საქციელით გამოასწორებ რამეს? -მე არაფერიც არ მგონია, და ამ ქვეყანას არც არაფერი ეშველება, მე მხოლოდ შენ, პირადად შენ გიხდი სამაგიეროს... საკუთარი შვილის მკვლელობისთვის! ხელზე ქამრის ერთ ბოლოს იხვევდა, ნელ-ნელა ეჭირებოდა მსხვერპლის ყელს. მოხუცის მოკვლას არ ჩქარობდა, პირიქით დროს წელავდა. უფრო მეტ სიამოვნებას გვრიდა სიკვდილმისჯილის წამება, თუმცა მსხვერპლი მაინც მედგრად იდგა მუხლებზე. დიდი ხანია ჩასაფრებული იყო, ყველაფერი კარგად ჰქონდა შესწავლილი, მოხუცი ფაქტიურად მარტო ცხოვრობდა, ასეთ დროს კი არც არავინ მოიკითხავდა. წინ მთელი ღამე იყო, დრო საკმარისად ჰქონდა, კარგად რომ გაეწამებინა, აღსარებამდე მიეყვანა, ბოდიშიც მოეხდევინებინა, თუმცა რად უნდოდა მისი ბოდიში, მაინც სასიკვდილოდ ჰყავდა გამზადებული. მოხუცი კი ამ დროს სულაც არ აპირებდა უკან დახევას, მზად იყო სიკვდილის შესახვედრად და არც ნანობდა წარსულში ჩადენილ ცოდვებს, პირიქით დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ამან მკვლელი უფრო გააღიზიანა. მოხუცსაც ეს უნდოდა, რაც უფრო გაამწარებდა, მით უფრო დროზე მოეღებოდა ბოლო მის ტანჯვას. მკვლელი მოთმინებას კარგავდა. თანდათან წყობიდან გამოდიოდა, მაგრამ მაინც ერეოდა თავს. ასე უცებ ერთი ხელის მოსმით არ უნდოდა საქმის დასრულება, დიდ ხანს უნდოდა გაემწარებინა, ეს მაინც ვერ აანაზღაურებდა იმ ტანჯვას, ვერ დაფარავდა იმ ტკივილის, რაც ამ კაცის გამო ცხოვრების სიმწარე ნახა... „ყველას განანებთ! ყველას! სათითაოდ ჩამოგივლით...“ უცებ მოხუცმა ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით ღრიალი მორთო - „მიშველეთ მიშველეთო!“.. მკვლელი საშინლად გაბრაზდა, მზად იყო ახლავე მიეხრჩო, მაგრამ ბოლომდე უნდოდა გაეგებინებინა ვინ იყო სინამდვილეში. -საკუთარი შვილი სახრჩობელაზე აიყვანე, ერთადერთ შვილს უარი უთხარი სიცოცხლეზე, ბედნიერებაზე, სიხარულზე და ახლა უნამუსოდ შველას ითხოვ? ყურში ჩასჩხაოდა კუშტად მოღუშულ მოხუცს, ვერაფრით მოდრიკა, შეუვალი იყო. -მკვლელო! კბილებში გამოსცრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა: -შვილის მკვლელო! მკვლელო!... -შე მართლა მკვლელო, ვის უბედავ მაგის თქმას?! შენნაირი გველის წიწილისთვის დაბადებიდანვე უნდა გამესრისა თავი... მაგრამ... მოხუცს სიტყვის თქმა არ დასცალდა, კარზე ვიღაც მოადგა. მიშველეთო, რომ იღრიალა მოხუცმა მეზობელს გაუგონია... რაშია საქმეო, ხომ კარგად ბრძანდებითო?... ჯერ ზარის რეკვა ატეხა, მერე კარზე ბრახუნს მოჰყვა. მაგრამ მოხუცმა ხმა არ გასცა. არც იმის მერე ამოიღო ხმა, როცა მკვლელმა უჩურჩულა უპასუხე კარგად ვარო. მოხუცი ჯიუტად დუმდა და ცინიკურად შეჰყურებდა გაბოროტებულ დაუპატიჟებელ სტუმარს. -აღიარე, რომ მკვლელი ხარ! - ჩასისინებდა ყურში და რაც უფრო მეტად უჭერდა ქამარს, მოხუცს მით უფრო უჭარხლდებოდა სახე, და მაინც უარზე იდგა, თავს იმართლებდა და დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. უკვე დრო აღარ ითმენდა. მეზობელს შესაძლოა იყო პოლიციაც გამოეძახებინა, თუ უკვე გამოძახებული არ ჰყავდა და მართლაც არც შემცდარა... რამდენიმე წუთში ფიფო თავის ამალით კარს მოადგა... თვის ბოლო შაბათი თენდებოდა... LEX·2016 წლის 8 ივნისი, ოთხშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.