შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი დღე ქალაქში


3-04-2017, 00:43
ავტორი Zhana
ნანახია 1 660

გაჩერებაზე ვდგავართ მე და ჩემი მეგობარი. მე ავტობუსს ველოდები, ჩემი მეგობარი კი მე მაცილებს. გვერდით ხანში შესული ქალი გვიდგას საკმაოდ მძიმე ტვირთით, ჩვენ ერთი და იმავე ნომერს ვუცდით. როგორც ჩანს, მას ჩემზე მეტად ეჩქარება და ლოდინს უჩივის. როგორც იქნა გამოჩნდა ავტობუსიც, მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ვემშვიდობებით, მე ავტობუსში ავდივარ, ის თავის გზაზე მიდის, ტვირთიანი ქალბატონი კი გაჭირვებით ამოდის კიბეზე და ჩემს გვერდით დგება. მომწონს ეს ქალი, კეთილი თვალები აქვს და მეგობრულად გვესაუბრებოდა. ახლაც ისე შემომხედავს ხოლმე თითქოს კარგი მეგობრები ვიყოთ.
თავიდანვე უცნაურად დაიწყო დღე.
ჩემს წინ ვიღაც ქალი დგას. ისიც ხანშიშესული. ისიც მიყურებს. მაგრამ რაღაც მოუსვენრობა ჩანს მის თვალებსა და ქცევაში. ნეტავ რა გნებავთ ქალბატონო?! ბილეთი გნებავთ? არააა... ბილეთი გქონიათ უკვე.
აააჰ, ისეეევ?! იქნებ გაწუხებთ? იქნებ გაწვებით ან გეჯახებით?! არააა...? მაშინ რაშია საქმე?! რა გნებავთ, ბატონო, რაა?!
შეიძლება ვინმეს მამსგავსებს, მაგრამ აშკარად ცუდი თვალით მიყურებს.
ჩვენს წინ ადგილი თავისუფლდება და ისიც მტოვებს. ახლა მაინც მოვისვენებთ, თქვენც და მეც.
კარგი რაა... სერიოზულად?
ეს ქალბატონი სახით ჩემკენ დამჯდარა და ისევ მიყურებს. ან იქნებ მე ვცდები და მე კი არა ჩემს უკან ათვალიერებს ვინმეს. კარგი ყურადღებას არ მივაქცევ!
მოდი და ნუ მიაქცევ ყურადღებას! ახლა მე მიყურებს და მგონი რაღაცას მეუბნება. რაო?! ჩემთან მოდიო?! ჰააა-ჰაა... რა სულელი ვარ, ამდენ ხანს როგორ ვერ მივხვდი. აშკარად ჩემს უკან მისი ნაცნობი დგას, ალბათ ერთად ამოვიდნენ და იმას ეუბნება. მანამდეც მას უყურებდა. უუუჰ, ძვლივს არ მოვისვენეეე...
პატარა სივრცე გამოჩნდა. გადავიწევი, სუნთქვას მაინც შევძლებ თავისუფლად. ამ ქალის გვერდით კი აღმოვჩნდი, მაგრამ არაუშავს. ყველა მხრიდან მაინც არ გადამთელავენ. უი, ის ტვირთიანი ქალიც აქ ყოფილა. გვერდი-გვერდ დამსხდარან. რაღაცაზე საუბრობენ. მათ წინ კი მოხუცი ქალი ზის. როგორი საყვარელია. რაო? ააა, გასაგებია რაზეც საუბრობენ. მოხუცმა რაღაც ქუჩა იკითხა და ესენი გზას ასწავლიან. ვიღაც პატარა გოგო კი ეუბნება მეც მაქეთ მივდივარ და ერთად ჩავიდეთო. გამითბა გული... რაო? ოპერაცია გავიკეთე და რამდენი დამიჯდაო? უუუჰ... ახლა ისევ ნაცნობ თემას განიხილავენ. რა დღეშია ჩვენი ქვეყანა, საით მივექანებით...
მოხუცი დგება, იძულებული ვარ დავჯდე ყველამ რომ მოისვენოს და გაიმართოს. ახლა ჩემი ქალბატონების წინ ვზივარ. ისინი ისევ რაღაცაზე საუბრობენ, მე კი უკან ვიხედები, მაინტერესებს მოხუცი თუ სწორად ჩადის გაჩერებაზე. ჩავიდა. ვბრუნდები, ვსწორდები. მოუსვენარი ქალი ისევ მე მიყურებს და რაღაცას მეუბნება. რაღაც კაციო, უკან ამოვიდაო... ვერაფერი ვერ გავიგე, თუმცა აშკარად უკმაყოფილო და აღშფოთებულია. მეც ხომ რაღაც უნდა ვუპასუხო? სახეს ვმანჭავ და ვცდილობ გამოვხატო - მართლა? რას ამბობთ?! - მგონი რაღაც გამომივიდა. - აბა, აბაო! - მგონი კონტროლიორებმა გააბრაზეს ორივე და ახლა მათ ზრდილობა-ნამუსს განიხილავენ.
თავზე მოხუცი კაცი მადგება. მე ვდგები და ადგილს ვუთმობ, ის უარს ამბობს, მაგრამ მე მკვირცხლად ვდგები და ახლა ამაყი და გახარებული ვებღაუჭები სკამის საზურგეს. ჩემი ჩანთა უხერხულად ჩამოშვებულა მხრიდან, ხან ერთ მხარეს გადაიხრება და ხან მეორე მხარეს. მოუსვენარი ქალბატონი მთავაზობს ჩანთას დაგიჭერო. კარგი თვალით მიყურებენ, მეც მომწონს ეს და აღარ ვუარობ. არ ვიცი უფრო ჩემთვის თუ მათი სიამოვნებისთვის ჩანთას ვაძლევ, ის კი კალთაში იდებს.
მალე ჩემი ჩასვლის დროა. ჩანთა უნდა გამოვართვა. აღარ მიყურებს. უცებ ხომ არ გამოვგლეჯ ხელიდან. არადა მალე ჩემი ჩასვლის დროა. აჰაა, მივმართე, კი ბატონოო და მეც ჩანთას ვართმევ, გაჩერებაზე ჩავდივარ და სახლისკენ მივდივარ.
უცნაური გრძნობა მაქვს. ალბათ იმ ქალის განწყობა გადმომედო.
***
აჰაა, აღმართიც ავიარე, კიბეც ავათავე, კართან ვდგავარ და ახლა გასაღებს ამოვიღებ. ჩანთა ღიაა, არაფერი უცნაური. ხშირად ვტოვებ ასე. ხელს ვყოფ და სადაა საფულე? ჩანთაში მხოლოდ წიგნები და უჩვეულო სიცარიელე მხვდება. დავიღუპე. არა, არა, არ შეიძლება სადმე დამრჩენოდა! კარგად მოვძებნი. ჩემი საფულე კარადასავით დიდი და ტევადია, შეუძლებელია სადმე მიგემალოს და ვერ იპოვო, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ მინდა, ისევ ჯიუტად ვაფათურებ ხელს ჩანთაში, იქ კი არაფერია ახალი, მხოლოდ და მხოლოდ ფურცლების გროვა და წიგნები. დავიღუპე, ნამდვილად დავიღუპე! ფული, ბარათები, გასაღები... და ყველაზე საშინელი და გამაგიჟებელი ფაქტი, საფულე დავკარგე. დავკარგეეე? საფულე როგორ დავკარგე? სახეზე სისხლი მაწვება და აღარ ვიცი ვიზე ან რაზე უნდა გავბრაზდე.
საკეტი შიგნიდან იღება. გიჟივით ვვარდები სახლში და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ჩემს მეგობარს ვურეკავ, იქნებ, შემთხვევით მას გაჰყვა. იქნებ, ვთხოვე დაეჭირა და მან ინსტიქტურად თავის ჩანთაში ჩადო. იქნებ რამე ახსოვს, რაც მე არ მახსენდება. ააჰ, არააა? ის ჩემს კითხვებზე კითხვებს მაყრის და მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო. ბოლოს აპარატთან მეჭირა, ფული ჩავრიცხე, მის მერე აღარ გამომიყენებია. ჩავდე თუ არაა? ალბათ ჩავდე. აბა სად უნდა წამეღო?! ხომ არ გადავაგდებდი საფულეს?! ჰო კარგი, კარგი... ვინმემ ხომ არ მომპარა? სიტუაცია ხომ არ იყო ეგეთი? ნეტავ თუ იყო? ვფიქრობ, ვფიქრობ და რა უნდა გამახსენდეს... რამდენიმე წუთის წინ ჩემი ჩანთა მოუსვენარ ქალბატონს ეჭირა ხელში, მისი მზერა მახსენდება, სისხლი თავში მივარდება და მაინც ვპასუხობ - არააა. არ იყო ეგეთი სიტუაცია. კაი ხოო, კაი... თუ ვიპოვე გეტყვი. ოღონდ ვიპოვო და...
არაფერია იმაზე უფრო უაზრო ეძებო საფულე გადმოპირქვავებულ, ცარიელ ჩანთაში, მითუმეტეს ჩემი უშველებელი საფულე. რაღა ვიფიქრო არ ვიცი. მახსენდება ჩემი ჩანთა იმ ქალის კალთაში. მახსენდება იმ ქალის მოუსვენრობა, მისი თვალები... აუუუჰ, ჩემთან მოდიო? რაო? უფრო და უფრო მეტად ვღელავ და საფულეზე მგონი სულ აღარ ვდარდობ, ახლა ის აზრი მაწუხებს მართლა იმ ქალმა თუ... არააა... არააა... არ არა ამის გაფიქრებაც კი არ მინდა. შეუძლებელია. არააა... კარგი რააა... არ მჯერა. არ მინდა მჯეროდეს!
ვიღაც მირეკავს. ჩემი მეგობარი. თუ ვიპოვე? ვერა, ვერ ვიპოვე. ვერც ვერაფერი გავიხსენე. ახლა მიყვება სხვადასხვა შემთხვევებზე, თუ როგორ ხშირად ხდება ქურდობა. მისი სიტყვები მართლაც რომ ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. ახლა მგონი მეც ვიფეთქებ და ცეცხლივით ავენთები. ჰო, კარგი, კარგი... მობილურს ვთიშავ და ვფიქრობ, რომ არავის ვეტყვი იმ ქალის შესახებ და არც გონებაში გავივლი მსგავს აზრს. სადაც უნდა იქ იყოს ის წყეული საფულე, ოღონდ კი ის ქალი არ იყოს არაფერ შუაში... და საერთოდ რა შუაშია.
***
გადის წამები, წუთები, საათები, დღე გადის. მე კი ისევ არ მასვენებენ ფიქრები. არ მასვენებს იმ ქალის მზერა, მისი ქცევა და სიტყვები. არ მასვენებს ჩემი ჩანთა იმ ქალის კალთაში. არ მასვენებს... დავიტანჯე, ვეწამე და ბოლოს ერთ აზრამდე მივედი, რაც არ უნდა მომხდარიყო მირჩევნია ისევ სულელი გამოვიდე, გულუბრყვილო, უყურადღებო, ჩერჩეტი, ვიდრე ვიყო ეჭვიანი, ვიდრე არ ვენდო ადამიანებს და ხელი დავადო უდანაშაულო ადამიანს. ეს დღეს ჩაივლის და ეს ამბავიც დამავიწყდება.
არ ვიცი რა შეიცვალა ამ აზრების შემდეგ, მაგრამ არ გასულა დიდი დრო, რომ ისევ ცოცხლდებიან სცენები ჩემს გონებაში. ისევ იმ ქალის მოუსვენრობა, მისი თვალები, ტუჩების მოძრაობა - მოდი ჩემთან... ჩემი ჩანთა მის მუხლებში... მაგრამ ამ სცენებს სხვაც ემატება, ქალი მე მიბრუნდება... ვიღაც კაციო... უკან ამოვიდაო... და უცებ თითქოს ჩაქუჩი ჩამარტყეს თავში. ახლა უკვე მესმის მისი სიტყვების აზრი. მივხვდი რაც მითხრა. ის ერთ კაცზე საუბრობდა - უკან ამოვიდა და ყველა დაჩხრიკაო. ის ჯიბის ქურდზე საუბრობდა ჩვენთან ერთად რომ მგზავრობდა ავტობუსით. მე ვერ ვიხსენებ თუ როგორი იყო ის კაცი, მაგრამ ის კი მახსენდება ერთი ადამიანი რომ აქეთ-იქით ტრიალებდა ჩემს ახლო-მახლოს. ბევრი ხალხი იყო და არ იყო მსგავსი ქცევა უცხო გადაჭედილ ავტობუსში, სადაც არ იცი სად წაიღო თავი, ხელი, ფეხი. თანაც თავი ხომ უნდა შეიმაგრო, თორემ ვერტიკალურ მდგომარეობაში ვეღარ დარჩები. მაგრამ მაინც მიიპყრო ჩემი ყურადღება ამ კაცმა, იგი ხშირ-ხშირად ბრუნავდა და ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე რით ვეღარ დადგა და გასწორდა-მეთქი.
ახლა დალაგდა ჩემში აზრები და საბოლოოდ გავთავისუფლდი ეჭვებით. ახლა წარმოსახვით ჩემს საფულეს ვხედავ იმ კაცის ხელში.
***
ვერაა კარგი შემთხვევა. კარგად კი გავმწარდი და კიდევ კარგა ხანს ვერ მოვინელებ ამ ამბავს. მაგრამ საოცარი ისაა, რომ ამის შემდეგ გულზე მომეშვა, სიბრაზე მადლიერების გრძნობამ შეცვალა, იმ ქალის თვალებმა, მოუსვენარმა ქცევამ და სიტყვებმა - ჩემთან მოდი. სხვა საკითხია რამდენად სწორად მოიქცა ის ქალი, რომ არ გაახმაურა ქურდის ამბავი, თუმცა ვინ იცის რისგან გვიხსნა მან ან რისგან უნდოდა რომ ვეხსენით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent