ძველი პიანინო - 38
38. - რაზეა ეს წიგნი? მოხუცმა არაფერი უპასუხა. უხმოდ აწყობდა ყდა გაქექილ წიგნებს.. ბავშვი ინტერესით შეჰყურებდა „ნეტა რაში სჭირდება ეს ნახევრად დაფლეთილი წიგნები?“... - სიყვარულზეა თუ ცხოვრებაზე? მოხუცს ჩაეღიმა, ცხადი იყო ეს ბავშვი არ მოასვენებდა სანამ პასუხს არ მიიღებდა - სიყვარულზეა... სიყვარულზე.... - სიყვარულზე?.. ოოო - ბიჭმა ცხვირი აიბზუკა - მაშინ საინტერესო არც იქნება. მოხუცს გაეცინა, პატარა აბეზარა ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა, თმები ნაზად მოუჩეჩა... - სიყვარულია ცხოვრება... - სიყვარული? - მე რომ შეყვარებული არ მყავს რა არ ვცხოვრობ? არ ნებდებოდა ბავშვი. - სიყვარულია სიცოცხლეც, ცხოვრებაც.. მოხუცმა უფილტრო სიგარეტს მოუკიდა. ბავშვი მის ნიკოტინისგან გაყვითლებულ კოტიტა და სვირინგიან თითებს გაკვირვებული ათვალიერებდა. - დაიმახსოვრე ბავშვო! თუ არ გიყვარს, ესე იგი არ ცხოვრობ... და არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულის საგანს! ბავშვმა ვერაფერი გაიგო... ქვედა სართულზე ნახევრად სარდაფში ერთი დიდი ნესტიანი ოთახი უწყალობეს. მისი ბარგი ოთხკუთხა, ძველმოდური მოცვეთილ კუთხეებიანი ჩემოდანი იყო სადაც თითო ოროლა ტანსაცმელთან ერთად წიგნები რამოდენიმე საქაღალდე და ცოტაც სხვადასხვა პირადი ნივთებით ჰქონდა ამოვსებული. ბავშვი ახალ ბინადარს არ შორდებოდა, მთელი ინტერესით აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს, უხაროდა კიდეც ახალი ვინმეს გამოჩენა... თავის თანატოლებთან კარგად ვერ კონტაქტობდა და ადვილად იწყენდა. წლების მანძილზე, ყოველდღე სულ ერთი და იგივე ხალხთან ურთიერთობა იმდენად დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, რომ ამ მოხუცის გამოჩენამ მხიარულებაც კი შემატა მის ცხოვრებას. მოხუცი დიდი მოთმინებით იტანდა ბავშვის გამაბრუებელ ქაქანს და დაუსრულებელ შეკითხვებს, რომლებზედაც ან მოკლე პასუხს გასცემდა ან საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. მისთვის იქაურობა სამოთხე იყო, მრავალწლიანი ციხის საკნის შემდეგ ეს ნესტიანი ბნელი ოთახი სასახლედ ეჩვენებოდა. უფრო ბევრად ახალგაზრდა რომ ყოფილიყო კიდევ დიდხანს მოუწევდა ყურყუტი ციხეში, მაგრამ ახლა გამოუშვეს, ასაკის გამო უფრო გამოაძევეს ვიდრე, შეწყალების გულისთვის... თავიდან არც უნდა იქაურობის დატოვება, უკვე ისე იყო მიჩვეული, მაგრამ აბა ძალით ვინ გააჩერებდა. დარაჯის სამუშაოც და ღამის გასათევიც იოლად უშოვნეს და ასე მოიშორეს თავიდან. ახლა აქ კიდევ ერთი პატარა აბეზარი ბიჭი აეკიდა და მოსვენებას არ აძლევდა. მოხუცს სხვა რა გზა ჰქონდა შეითვისა ბავშვი, და იმდენად შეეჩვია, რომ ერთი სული ჰქონდა სანამ ბავშვი სკოლიდან მოვიდოდა. შორიდან მომავალს, როგორც კი დაინახავდა ძველი, პატარა დასაკეცი დანით ვაშლის გათლას იწყებდა, ზოგჯერ კი თავისივე ხელნაკეთ სათამაშოსაც ახვედრებდა. ბავშვი ბედნიერი იყო ამ უცხო კაცის მზრუნველობით და თავს დავალებულად სთვლიდა, როდესმე თვითონაც იზრუნებდა მასზე. მოხუცმა მოსვლისთანავე თავისი ბარგი ოთახში განალაგა, მხოლოდ ერთი ფუთა დაიტოვა, რომელიც ჩემოდნიანად საწოლის ქვეშ შეაცურა. ბიჭი ინტერესით კვდებოდა, ძალიან უნდოდა გაეგო რას ინახავდა მოხუცი იმ ფუთაში, მაგრამ შეკითხვასაც ვერ ბედავდა... - არასდროს დაჩაგრო შენზე სუსტი. დაიმახსოვრე, მოვა დრო და ის იმდენად გაიზრდება და გაძლიერდება, რომ როცა არ ელოდები, აი სწორედ მაშინ გამოგითხრის ძირს. - ის თუ გაიზრდება, მაშინ მეც ხომ გავიზრდები და როგორ მომერევა? არ ცხრებოდა ბავშვი. მოხუცს გაეცინა: - დაიმახსოვრე ბავშვო! შურისმაძიებელი ძლიერი და შეუდრეკელია... მაგრამ სიბოროტით სავსე... მისი დამარცხება არც ისე ადვილია... მთელი ცხოვრებაა საჭირო მის გასანადგურებლად... - და როგორ უნდა დავამარცხო? - იქნებ შენ თვითონ ხარ ბოროტი და დასამარცხებელი? ამაზეც უნდა დაფიქრდე ხანდახან, უკვე არც თუ იმდენად პატარა ბიჭი ხარ. - მეე? ბიჭს ფერი წაუვიდა - ხომ შენ! ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხე რამდენად კარგი ადამიანი ხარ და მერე სხვის ბოროტებაზე უნდა ისაუბრო... ეჰ.. ადამიანი ცხოველია... ყველაზე გარყვნილი და საშინელი ცხოველი. - ცხოველი? - ჰო... მხოლოდ მეტყველი ცხოველი... უბრალოდ მეტყველება შეუძლია. - და აზროვნებაც. დაუმატა ბიჭმა. მოხუცმა თავი გააქნია. - რა განა ცხოველს არ შეუძლია აზროვნება?... ცხოველს უფრო მეტი და დიდი გული აქვს ვიდრე ადამიანს... არც ერთი ცხოველი არ ტოვებს თავის ნაშობს, ადამიანი კი საკუთარი შვილის მკვლელობაში იხდის ფულს და ეს თუ ვერ მოახერხა ისე მოიგლეჯს გულიდან... მოხუცი გაჩუმდა. ეს უკანასკნელი სიტყვები საშინლად გამოუვიდა... უნებლიეთ ბავშვს პატარა გული დაუსერა... დაუსერა კი არა ჭრილობაზე მარილიც მოაყარა... არადა უნდოდა ბავშვისთვის ეთანაგრძნო... ბევრი რამ აეხსნა, ბევრი რამ ესწავლებინა, სანამ ცოცხალი იყო მოესწრო თუნდაც ეს ერთი პატარა ადამიანი მაინც დაეყენებინა გზაზე, მაგრამ ბიჭი პატარა იყო და ბევრს ვერაფერს ხვდებოდა... - ცხოველს დიდი სითბო და სიყვარულის ჩუქება შეუძლია და ყოველთვის მადლიერია ადამიანისგან განსხვავებით... ადამიანის უმადურობას კი საზღვარი არა აქვს, ზოგჯერ იმავე ჯამში აფურთხებს საიდანაც ჭამს და ვერ გრძნობს საკვებს თავისავე ფურთხს რომ აყოლებს... ბავშვი გაკვირვებული შეჰყურებდა, იცოდა მოხუცი ცუდს არაფერს ეტყოდა, სწამდა მისი და სჯეროდა, მის ყოველ ნათქვამს იმახსოვრებდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ხვდებოდა თუ არა იმ მომენტში რამეს... - კარგი რა იყო, რა ფერი წაგივიდა, შენ კი არაფერს გაბრალებ. მიუალერსა მოხუცმა. ბიჭი ერთ ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე მოხუცს მოუბრუნდა და ჰკითხა: - როგორ უნდა გავიგო ბოროტი ვარ თუ არა? მოხუცმა ამოიხვნეშა, თუმცა პასუხი აღარ დააყოვნა: - სიბოროტეს ვერ დაინახავ და ვერც ხელით შეეხები, სიბოროტე თავისით არ ჩნდება, ის ადამიანისგან მოდის... ადამიანი თავად შობს მას და მერე შვილივით ზრდის... მასთან ერთად სძინავს... უნანავებს, თავისი სუფრიდან აჭმევს, საკუთარ ლუკმას უყოფს და კარგად რომ გამოზრდის მხოლოდ მაშინ უშვებს გარეთ... სჯობს ლეკვი გაზარდო... გიერთგულებს, ვიდრე აფთარი ზარდო გულში... *** ...პიპა ხელში ატრიალებდა მოძველებულ პატარა დასაკეც დანას. ეს ერთადერთი ნივთი იყო, რომლის დაკარგვასაც ვერასოდეს შეეგუებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა მასთან განშორება, რადგან თავის დროზე ის მისი ცხოვრების ნაწილი იყო და ერთადერთი სახსოვარი იყო იმ მოხუცი ადამიანისგან, ვისგანაც პირველად იგრძნო უანგარო სითბო... LEX·2016 წლის 12 აგვისტო, პარასკევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.