გარდასახვა (VI თავი)
ნიტას სახეზე ჩვეული გაოცება გამოესახა, თუმცა მალევე ჩამოირეცხა ეს ამოცია და გვერდით გაიწია, რათა ბიჭი სახლში შემოეშვა. ისიც უდარდელი ნაბიჯით შემოვიდა და დივანზე ჩამოჯდა. ცალი ფეხი გვერდულად გადაიდო მეორეზე და გოგონას მომლოდინე სახით მიაჩერდა. ნიტამაც არ დააყოვნა და მის წინ მოღუშული სახით დაიკავა ადგილი. -მე მეგონა ვეღარ გნახავდი. -ნუთუ ასე ძალიან მოგენატრე? შეგეშინდა რომ ვეღარ მნახავდი პატარა? -შენი უაზრო ირონიის თავი არ მაქვს. რა გინდა? -ოო, მე ბევრი რამე მინდა, მაგრამ ისაა საინტერესო შენ რისი შემოთავაზება შეგიძლია? გოგონამ მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვა. -მოკლედ. კიდევ უნდა წამომყვე სოფოს სახელითა და ჩემი შეყვარებულის როლით. -რაა?! -გოგონას სახეზე აღშფოთება და გაიცება ერთად გამოესახა. - შენ რა გგონია ასეთ სისულელეს კიდევ ერთხელ ჩავიდენ? ის არ მეყო ერთხელ შენი ოჯახის წევრების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩამაყენე და ასე უსირცხვილოდ მაიძულე მეცრუა, მერე ვიღაც შენი გოგო მომვარდა და ერთი ამბავი ამიტეხა. თურმე სოფო ვეგონე. ან საერთოდ ვინ არის ეს სოფო არ იტყვი? ხომ უნდა ვიცოდე ვის როლს ვასრულებ, რომ უფრო დავხვეწო ჩემი სამსახიობო მანერები?! - წარბებაწეულმა მიუგო და სავარძლის ზურგზე მოხერხებულად გადაწვა. ლუკამ კარგა ხანს არაფერი არ უპასუხა. თავი ქვემოთ დაეხარა და გოგონას შავ, ნახევრად გაქუცულ კეტებს ყურადღებით დასჩერებოდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშებული იჯდა. ნიტას თავად რომ არ დაენახა თუ როგორ მოვიდა აქამდე, იფიქრებდა უთუოდ ქანდაკებააო. დუმილი უსაშველოდ იწელებოდა და გოგონას მოთმინების ფიალაც თანდათან ივსებოდა. ის ის იყო რაღაც მწარე რეპლიკა უნდა ესროლა ლუკას მიმართულებით, რომ მოულოდნელად ბიჭმა თავი ასწია და სრულიად სხვა, ნიტასათვის აქამდე უცნობი, სევდიანი, თბილი, მზრუნველი, მეამბოხე, ამაყი და რაც კი შეიძლება ბიჭის სახეზე გამომჟღვნებულიყო, ყველანაირი მზერითა და ემოციით აღსავსემ გაუსწორა თვალი. ნიტა მისმა სახემ გააოგნა. რამოდენიმე წამი თვალი არ მოუშორებია და მონუსხული მისჩერებოდა. თავადაც ვერ გაარკვია რა დაემართა იმ მომენტში. -აქამდე არაფერი მითხოვია შენთვის. ყოველთვის უხეშად გექცეოდი, გაიძულებდი იმის გაკეთებას რაც არ გინდოდა. მაგრამ თხოვნით არასდროს მომიმართავს. ახლა კი ერთადერთხელ გთხოვ, კიდევ ერთხელ იყავი ჩემს გვერდით, ჩემი მეგობრების საზოგადოებაში სოფის სახელით. ძალიან მჭირდება შენი დახმარება. გოგონა დაიბნა, წამით თვალი მოაშორა და დაბნეულმა აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო. -მე.. მე თანახმა ვარ. - თავადაც არ იცოდა როგორ მოსწყდა ეს სიტყვები მის ბაგეებს. -მართლა?! - ბიჭის თვალებში სიხარულისა და მადლიერების ნაპერწკალმა გაიელვა. -დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ნიტა. -არაფრის - ამოიჩურჩულა და თავი ჩახარა. -ხვალ საღამოს გამოგივლი და ერთად წავალთ. -და სად მივდივართ? .. მაინც შესაბამისად რომ ჩავიცვა. -ჩემი მეგობრები ბარში იკრიბებიან. -კარგი, მაშინ ხვალამდე. -ნერვიულად მოიფშვნიტა ხელები. -ხვალამდე. - კმაყოფილი სახით გაუღიმა ბიჭმა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. ნიტას კი კვლავ მისი ღიმილი უტრიალებდა თვალწინ. „არა, რა დაემართა?! აქამდე როგორ საშინლად ექცეოდა და ვერ იტანდა. ახლა კი უბრალო დათბობა და ერთი ორი გაღიმება იყო საკმარისი მისი სიმტკიცე რომ ჩამოშლილიყო და ყველა თხოვნაზე დასთანხმებოდა.“ საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. საღამოს შესაფერისად ჩაცმული მოუთმენლად ელოდებოდა რვა საათის გახდომას, რომ ლუკას მოეკითხა. წამდაუწუმ გააპარებდა ხოლმე ოთახის კედელზე მყოფი მოტიკტიკე საათისკენ იქნებ მალე გასულიყო დროო. როგორც კი კარზე ზარის ხმა გაისმა, გახარებული წამოფრინდა ფეხზე და გასაღებად მივარდა. ზღურბლთან კი რა თქმა უნდა ლუკა შეეჩეხა. როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა. აქამდე მის გარეგნობას რატომ არ აქცევდა ყურადღებას? ალბათ იმიტომ რომ ხასიათი ყველა სიკეთეს მალავდა. ბიჭმა ერთი აათვალიერა. -მზად ხარ არა ? შესანიშნავად გამოიყურები. -გმადლობ. - სახეაწითლებულმა უპასუხა ნიტამ, შემოსასვლელში დაადებულ ჩანთას ხელი დაავლო და მხარზე გადაიკიდა, შემდეგ კი კარიც გამოკეტა. მისდა გასაოცრად ლუკა ძალიან უცნაურად, მისთვის არადამახასიათებლად იქცეოდა. მანქანის კარიც თავად გაუღო და ღვედიც თავად გაუკეთა. ბართან მისულს კი მანქანიდან გადმოსვლაშიც დაეხმარა. -გმადლობ - უპასუხა გოგონამ და მანტო შეისწორა. -შეგნით გველდებიან. -ხელით ანიშნა ლუკამ და ისიც კარისკენ გაემართა. ბარში ჩახუთული ჰაერი ტრიალებდა, მუსიკაც ხმამაღლა იყო აწეული, თუმცა ხალხი ნამდვილად არ იყო ბევრი. კანტი კუნტად თუ მოკრავდი თვალს ზოგს ბარის დახლთან, ზოგს განაპირა მაგიდასთან. ცოტა მოფარებულ, ყველაზე კომფორტულ ადგილას კი სამიოდე ბიჭი და ორი გოგონა ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ლუკაც მათკენ გაემართა. -გამარჯობა. - გაიჟღერა მისმა სასიამოვნო ხმამ. „ნეტავ როდის შევამჩნიე სასიამოვნო ხმა რომ ჰქონდა?!“ გაიფიქრა გოგონამ და გვერდით ამოუდგა. ლუკამაც არ დააყოვნა და წელზე ხელი მოხვია. მის უეცარ ქმედებაზე გოგონა საოცრად დაიძაბა და ერთ ადგილას გაშეშდა. - გაიცანით, ეს სოფოა. აი ადრე რომ გიყვებოდით. -სასიამოვნოაა. - ყველამ ერთად შესძახა და გოგონას გულიანად გაუღიმა. ნიტასაც დაძაბულობა მოშორდა და მშვიდად დაიკავა მათ გვერდით ადგილი. სასიამოვნო აღმოჩნდა ლუკას მეგობრების გარემოცვაში გატარებული საღამო. ბევრი იცინეს, ბევრი იცეკვეს და ცოტა დალიეს რადგან თითქმის ყველა საჭესთან იჯდა ლუკას ჩათვლით. უკვე პირველი იყო დაწყებული, როდესაც საოცარი დაქანცულობა იგრძნო. თვალები ებლიტებოდა და რამოდენიმეჯერ შეუმჩნევლად დაამთქნარა. -დაიღალე? - მოულოდნელად ჰკითხა ლუკამ. -ცოტათი. -კარგი, მალე წავალთ. ცოტა ხანში ყველამ გამოთქვა აზრი სახლში წასვლის შესახებ. ათიოდე წუთში ნიტა და ლუკა მანქანაში ისხდნენ და გზას მიუყვებოდნენ შინისკენ. -გახსოვს გუშინ რა მითხარი? -რა? -რომ ვიღაც მოგივარდა და ჩხუბი დაგიწყო ჩემთვის თავი დაგენებებინა. -ხო, ვიღაც გოგო იყო. თან სოფო დამიძახა. -როგორ გამოიყურებოდა? გოგონამ მხრები აიჩეჩა. - მაღალი იყო, ლამაზი. გრძელი წაბლისფერი თმით. თეთრი მანქანა ჰყავდა, ახალთახალი. -გასაგებია. - გაღიზიანებულმა და ოდნავ ძარღვებდაჭიმულმა უპასუხა ლუკამ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. -ვინ იყო? -ერთი ჩემი ნაცნობი. მნიშვნელოვანი არავინ. ნიტა მიხვდა, რომ ლუკას ამ თემაზე საუბარი არ სურდა, ამიტომ ზედმეტი კითხვებით აღარ შეუწუხებია. თავი მობილურში ჩარგო და მთელი გზის განმავლობაში სურათებს ათვალიერებდა სოციალურ ქსელში. მანქანის მოულოდნელმა დამუხრუჭებამ გონზე მოიყვანა. ლუკა ჯერ თავად გადავიდა მანქანიდან და შემდეგ გოგონას გაუღო კარები. ისიც შეწითლებული ლოყებითა და კმაყოფილი გულით გადავიდა და სადარბაზოსკენ გაემართა. ეგონა ლუკა აღარ გამოჰყვებოდა, თუმცა შეცდა. კითხვის ნიშნით სავსე მზერა მიმართა ბიჭისკენ. -კარამდე მიგაცილებ. -არ არის საჭირო.. -საჭიროა! - უპასუხა ბიჭმა და თავად გაუძღვა გოგონას წინ. სახლის კართან მისული შედგა. ნიტამ ჩანთაში გასაღები მოძებნა და საკეტს მოარგო. -კიდევ ერთხელ გმადლობ. დღეს ძალიან დამეხმარე. ისეთი სახითა და გამომეტყველებით უთხრა ბიჭმა ნიტა ღიმილით დაიღვარა. -არაფრის. ძალიან კარგი მეგობრები გყავს. სასიამოვნოდ გავატარე მეც დრო. -მაშინ მიხარია და დროებით. -დროებით. მოულოდნელად ლუკა დაიხარა და მხურვალე ტუჩები ლუყაზე მიაკრო. ნიტა კი ერთ ადგილას გახევდა. სასიამოვნო გრძნობამ მთელს ტანში დაუარა. ღიმილით უყურებდა ლუკას ზურგს, რომელიც კიბეებზე ქვემოთ ეშვებოდა. სახლის კარი მიხურა და ღრმად ამოისუნთქა. მთელი ღამის განმავლობაში არ შორდებოდა ფიქრები. დღევანდელი დღით გაოგნებული თან ბრაზობდა თავის თავზე, თან საოცრად სიამოვნებდა ლუკას ასეთი ცვლილება. ვერ გაერკვია თუ რა ემოციებს იწვევდა ეს ბიჭი მასში. აქამდე ვერ შეემჩნია მისი მომნუსხველი ბუნება, დღეს კი ეს ყველაფერი წამლეკავი ძალით დაეტაკა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბიჭი მის მიმართ მკვეთრად დათბა. მთელი დღე უღიმოდა, ნიტასთვის კი ეს ძალიან უჩვეულო იყო. ნუთუ ასეთი ცვალებადი ბუნება აქვს? ალბათ მერყევი და არამდგრადია. ძალიან ხშირად იცვლის დამოკიდებულებას და გადაწყვეტილებებს ადამიანების მიმართ. ნიტა კი ამის შესანიშნავი მაგალითია. არასდროს დაავიწყდება ის ზიზღნარევი მზერა, რომელიც ბევრჯერ შეუნიშნავს მისკენ მიმართული. ახლა კი ამ საოცრად ლამაზ თვალებში ჩაბუდებული სითბო.. გოგონა ფიქრებს ვერ იშორებდა თავიდან და თან უკვირდა თუ როგორ მოხდა მისი გარდასახვა ერთ დღეში ასე ერთბაშად. რატომ ვეღარ გრძნობს შიშსა და სიძულვილს ამ ბიჭის მიმართ. რატომ აღარ გაურბის. რატომ სიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. რას უნდა ელოდოს მომავალში.. პასუხგაუცემელი კითხვების კორიანტელში ღრმად ჩაეძინა. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გარბოდა. ნოემბრის სუსხი კიდევ უფრო აჭერდა... დეკემბრის პირველ დღეს კი ფიფქებმა შეახსენეს ქალაქის მაცხოვრებლებს ზამთრის მოსვლა. დილით, ჯერ კიდევ რიჟრაჟზე, გაყონულ ასფალტსა და მიწაზე, თხელ ფენად დაფენილიყო ფიფქები. თოვას თანდათან კიდევ უფრო უმატებდა. თბილ კაპიუშონიან დუტის ქურთუკში, კაშნესა და ხელთათმანებში ჩაფუთნული გოგონა სადარბაზოდან გამოვიდა და ბედნიერი ღიმილით აღსავსემ ახედა ცას. ცოტა ხანს სახე ციდან მომავალ ფანტელების კორიანტელს მიუშვირა. სასიამოვნოდ ეფინებოდა გაყინული ფიფქები მის სახეს, და მეორე წამს უკვე წყლად ქცეულნი ნელა მოსრიალებდნენ სახეზე. გოგონამ თავი დახარა, ჩანთა უფრო მოხერხებულად გადაიკიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას უნივერსიტეტისკენ. ასეთ „მშვენიერ“ ამინდში ვერაფრით ვერ აიძულებდა თავს ავტობუსში შეჭეჭყილიყო და ამ ცით მოვლენილ სასწაულს მოკლებოდა. უკვე საკმაო დრო გასულიყო და პირველ ლექციაზეც დააგვიანდა. აუდიტორიის კარი ფრთხილად შეაღო. ლექტორი იმდენად იყო გართული საღაც საკითხის განხილვით დაფაზე, რომ არც კი მიუქცევია ყურადღება „შემოპარული“ სტუდენტისათვის, რომელმაც უმალვე დაიკავა თავისი ადგილი და ბავშვების თვალიერება დაიწყო აუდიტორიაში. დღეს ნინა არ იქნებოდა. გაცივდა და სახლში დარჩენა ამჯობინა. დათა კი სოფელში იყო წასული. ასე რომ სრულიად მარტოს მოუწევდა მომავალი ორიოდე დღის გადაგორება. ისე იყო გართული აუდიტორიის თვალიერებით, რომ ვერც კი შენიშნა თუ როგორ გაიღო კარები, როგორ შემოვიდა დაგვიანებული სტუდენტი საკმაოდ ხმურიანად და შესაბამისად ლექტორის საყვედურიც მიიღო. შემდეგ კი ნიტას გვერდით დაიკავა ადგილი. გოგონამ თავი მოაბრუნა და გაოგნებული ერთ ადგილას გაშეშდა. მის ნახვას ნამდვილად არ მოელოდა. თან თავის გვერდით მოხერხებულად მოკალათებულს. ახლაღა გაახსენდა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ლექციათაგანი იყო, სადაც ლუკა მას ემთხვეოდა. მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ ბიჭმა სწორედ გოგონას გვერდით დაიკავა ადგილი და არა ჩვეული ბოლო მერხი. -გამარჯობა, - გადაუჩურჩულა ბიჭმა და ნიტა მიხვდა, თუ რა აკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს ლუკა იყო, რომელიც იმ სასიამოვნო საღამოს შემდეგ, რომელიც მეგობრებთან ერთად გაატარეს არ გამოჩენილა. -გამარჯობა. - ასევე გადაუჩურჩულა გოგონამ და თავი ლექტორისკენ მიაბრუნა, თითქოს დიდი ყურადღებით უსმენდა. ლუკამაც აღარ შეუშალა ხელი და ერთი საათის გასვლას დაელოდა. როგორც იქნა ლექტორმა დავალება და სასწავლი მასალა ბოლომდე შეაჯამა და ბავშვებს დაემშვიდობა. აუდიტორია კი ჩვეული კაკუნით დატოვა. ახლა კი ღმილით გაცისკროვნებული სახით მიუბრუნდა ნიტა ლუკას და ჰკითხა. -აბა, სად იყავი მთელი ეს დრო? საერთოდ არ გამოჩენილხარ, მათ შორის არც უნივერისტეტში. -საქმეები მქონდა, სამაგიეროდ ახლა მოვიცალე და გპირდები აღარ გავაცდენ, ალბათ უფრო ხშირადაც გნახავ. -ძალიან კარგი, მაგრამ მე ნუ დამპირდები, შენს თავს დაჰპირდი, რადგან საკუთარი ცოდნა შენვე გჭირდება. -ასე მგონია დედაჩემი ხარ და მტუქსავ... -გეჩვენება, - გაემღიმა გოგონას.- უბრალოდ რჩევას გაძლევ. -მაშინ ძალიან კარგი, აუცილებლად გავითვალისწინებ. ახლა კი მითხარი რამე საგანი გაქვს? -არაა, ერთი საათი შესვენება მაქვს. -მშვენიერია. მაშინ ჩემთან ერთად წამოხვალ. -სად? - გაკვირვებულმა იკითხა. -სადმე. კაფეში. ძალიან ცივა და ცხელი ჩაი ახლა მისწრება იქნებოდა. ლუკამ დაუკითხავად დაავლო გოგონას ჩანთას ხელი და კარისკენ გაემართა. მისი თავხედობისგან აღშფოთთებული გოგონაც ფეხდაფეხ მიჰყვა. ბევრი უარისა და საყვედურის შემდეგ მაინც დაიკავა მის გვერდით ადგილი და მათთვის უკვე ნაცნობ კაფესთან მივიდნენ. ნიტას ის მზიანი დღე გაახსენდა, როდესაც თავზე მოულოდნელად წამომდგარმა ლუკამ მისდა გასაკვირად ვინმე სოფოს როლის მორგება მოსთხოვა. ეს მოგონება არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა გასახსენებლად. და აი ახლა ლუკა მის გვერდით ზის, წინ ფინჯანი ჩაი და ერთი ნაჭერი ნამცხვარი უდევს. ხმას ვერ იღებენ და ერთმანეთს შესცქერიან. -შენთვის რატომ არ შეუკვეთე? -არ მინდოდა. -არადა შენ თქვი მგონი ასეთ ამინდში ცხელი ჩაი სწორედ მისწრება იქნებოდაო. -ეს მე ვთქვი? _ ღიმილშეპარული გაკვირვებით გახედა ბიჭმა და გოგონას წინ დადებული ფინჯანი ააცალა, გემრიელად მოსვა და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. -ეე.. ეს რა წესია. ცალკე შეუკვეთე შენთვის. - წარბები შეკრა ნიტამ. -ეს უფრო გემრიელია. - მომნუსხველად გაუღიმა და ნიტას მღელვარებაც უცებ დაცხრა. უხმოდ ჩამოჭრა ჩანგლით ნამცხვრის მორიგი ნაჭერი და მინის მასიური კედლისკენ გაიხედა, რომლიდანაც ულამაზესი დათოვლილი ქუჩა მოჩანდა. -გიყვარს თოვლი? -კი. ძალიან. ახლაც მახსოვს ბავშვობაში როგორი სიხარულით ველოდი ხოლმე. ყოველ სისხამ დილას ადრევე წამოვფრინდებოდი და ფანჯარაში გავიხედებოდი, იქნებ ახლა მაინც გამიღიმა ბედმა და ციდან თეთრი ანგელოზები მოვიდნენ მეთქი.. თუმცა ასეთი იღბლიანი დღეები იშვიათად იყო, ისე როგორც ახლა. - ცოტა ხანში კი ისევ გოგონამ განაგრძო საუბარი. -შენ? გიყვარს თოვლი? -არა. - წარბები შეკრა ბიჭმა. -რატომ? დავიჯერო არც ბავშვობაში გიყვარდა? -არც ბავშვობაში... -უცნაური ხარ.. - ცოტა ხანშ ისევ გოგონამ დაარღვია დუმილი. -საინტერესოა და რაში გამოიხატება ჩემი უცნაურობა? -სხვებს არ ჰგავხარ.. არავის არ ჰგავხარ. -მერე ეს კარგია თუ ცუდია? -არ ვიცი.. ალბათ კარგი. - უპასუხა გოგონამ და უხერხულობისაგან თავი ჩახარა. ბიჭს მის პასუხსა და ქმედებაზე უნებურად ჩაეღიმა. შემდეგ კი იქვე ახლოს მყოფი ოფიციანტი იხმო და ანგარიშის მოტანა სთხოვა. -მივდივართ? -კი. ხომ მითხარი რომ ერთ საათში ლექცია გქონდა? ხოდა მეც შევეცდები ხელი არ შეგიშალო და ჩემი მიზეზით არ დააგვიანო. ამ დროს კი მიმტანმა ანგარიში მოიტანა და გოგონას პასუხის გაცემა არ დასცალდა. უხმოდ ოდნავ ნაწყენმა. ისე რომ თავადაც არ იცოდა რაზე, აიღო ჩანთა და კაფე ლუკასთან ერთად. დატოვა. ათიოდე წუთში კი უნივერსიტეტის კიბეებთან იდგა და ლუკას ემშვიდობებოდა. -დიდი მადლობა ჩაისთვის და ერთ საათიანი კომპანიონობისთვის. -მგონი რაღაც ვერ გავიგე ხო? - ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა. - აქამდე მადლობა კი არა დასანახავადაც ვერ მიტანდი, გამირბოდი. ათას სისაძაგლეს მეძახდი და ასე უცებ რა ბზიკმა გიკბინა?- წარბები ეშმაკურად აზიდა. -მგონი მარტო ჩემთვის არ უკვებია ბზიკს. - ნიშნის მოგებით უთხრა გოგონამ. შებრუნდა და საფეხურები უკანმოუხედავად აირბინა. უკვე შუადღეს გადაცილებული იყო როდესაც ყველა სემინარი თუ ლექცია მოითავა ამ ერთობ გადატვირთულ დღეს და დაღლილი, განაწამები სახით გაუყვა სახლისკე მიმავალ გზას. მთელი დღის გადაუღებელ თოვას თავისი ხელი დაეტყო ქალაქზე. კოჭებამდე თოვლი იდო. გზებს წმენდნენ და მარილს აყრიდნენ. ქუჩაში ხალხიც ნაკლებად ირეოდა. ყველანი კომფორტულ, თბილ სახლებში იყვნენ შეყუჟულნი. გოგონამ ლასლასით აიარა სახლის კიბეები და შინ შესულმა მაშინვე ჩაის მომზადება დაიწყო. შემდეგ კი ფანჯრის რაფასთან კომფორტულად მოკალათებული, კრუასანით ხელში სასიამოვნო ატმოსფეროში შეჰყურებდა ბუნების ქათქათა სასწაულს და ფიქრობდა... ფიქრობდა ბევრს: ლუკაზე, სახლზე, თავის ოჯახზე, მეგობრებზე, უნივერსიტეტზე და კვლავ ლუკაზე... *_*_*_*_*_*_*_*_* მომდევნო თავიც ადგილზეა )) იმედია კომენტარებს არ დაიშურებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.