გარდასახვა (IX თავი)
ნიტა გვერდით გაიწია და სახლის ზღურბლზე ატუზული ნინა და დათა შემოატარა. კარი ნელა მიხურა და მეგობრებს უკან გაჰყვა. -აბა, რა გჭირს? რას გამოგვაქცუნე ასე სასწრაფოდ? - ჰკითხა ნინამ. წარბები უკმაყოფილოდ შეეკრა და წელზე დოინჯი შემოერტყა. -ჯერ დაჯექით რაა. ჩაი ან ყავა არ გინდათ? -რა დროს ჩაი და ყავაა.. რას გავხარ საერთოდ? რატომ გაქვს ასე ჩაწითლებული თვალები? როგორც ჩანს ბევრი იტირე და მიზეზიც ვიცი ვის გამოც. -უთხრა დათამ, რომელსაც სახეზე ერთიანად აღბეჭვდოდა ბრაზი და უკმაყოფილება. -მოიცა.. -თვალები დააჭყიტა ნინამ. - იმ ნაძირალას გამო ტირი არა? რამე დაგიშავა? მითხარი ნიტა! ჩუმaდ ნუ ხარ. თავ-ყბას გავუერთიანებ მაგ იდიოტს! - იმუქრებოდა ნინა და თან ლაპარაკისას ემოციურად იქნევდა ხელებს, თითქოს ლუკა მის წინ იდგა ის კი მუშტებს უღერებსო. -შენც დაწყნარდი რაა... -უკმაყოფილოდ შეუღრინა დათამ ნინას. -რას ჰქვია დავწყნარდე?! - განცვიფრებისგან წარბები აწკიპა გოგონამ. - ის ნაძრალა ნიტას გულს ტკენს. ღმერთმა იცის იქნებ ჩვენს გოგოს რამე დაუშავა კიდეც და მე ასე მშვიდად ვიყო?! -მშვიდად ყოფნას არავინ არ გთხოვს, მაგრამ ეს ოთახში სირბილი, უაზრო მუქარის კორიანტელი და ხელების აქეთ-იქეთ ქნევა სრულიად უადგილოა. -იქნებ ორივე გაჩუმდეთ?! - მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა ნიტამ მისი სათქმელი. - აქ იმისთვის არ მომიყვანიხართ, რომ თქვენს უაზრო კინკლაობას ვუყურო. თუ ასე გაგრძელებას აპირებთ, შეგიძლიათ წახვიდეთ. - მეგობრებს ზურგი აქცია და სამზარეულოსკენ გაემართა. ნინა და დათაც უხმოდ მიჰყვნენ უკან. -ყავა მოგვიდუღე და დაიწყე ყველაფრის მოყოლა. - უთხრა ნინამ, რომლის ხმაშიც აშკარა თანაგრძნობა იხატებოდა მეგობრის უცნობი განსაცდელის მიმართ. ნიტამაც ჩაიდანი გაზქურაზე შადგა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. დათამ და ნინამაც მას მიბაძეს. -მოკლედ... თავიდან თითქოს ყველაფერი იდეალური იყო. მშვენივრად ვატარებდით დროს. ისე ბედნიერი ვიყავი რომ ვერც კი ვამჩნევდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ილუზია იყო. ლამაზი ილუზია, რომელსაც მე თვითონ ვქმნიდი. აბლაბუდასავით ვხლართავდი და მასში თავადვე ვებმებოდი. ვიჯერებდი არარსებულ რამეებს. თავი ოცნებებით მქონდა გამოტენილი, რომელსაც ასრულება არ ეწერა. - მორჩი წიგნების ენით ლაპარაკს.. - მობეზრებულმა ამოთქვა ნინამ - და გვითხარი რა მოხდა. -ლუკამ მიმატოვა. მითხრა რომ ამიერიდან აღარ შემხვდებოდა. რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო... მეც მივხვდი, რომ მართალია, რომ მე თავად ვქმნიდი ილუზიებს და ოცნებებში ვცხოვრობდი... მეგონა რომ სერიოზული გრძნობები ჰქონდა ჩემს მიმართ... თურმე ვცდებოდი... უბრალოდ მოვბეზრდი. - უემოციოდ ჩაილაპარაკა გოგონამ და აკივლებული ჩაიდანი გამორთო. - ყავას დალევთ თუ ჩაის? -მერე ასე უემოციოდ როგორ ხარ?! - ამოილუღლუღა ნინამ. -უემოციოდ?! - ჩაეცინა გოგონას. სადღაც ნახევარი საათის წინ რომ გენახე მაგ სიტყვებს ნამდვილად ვერ იტყოდი. უბრალოდ ყველაფრისგან დავიცალე და დავიღალე... -ჰოო... მართალია, ჩაწითლებულ თვალებზე გეტყობა. -ეგ იდიოტი... ეგ დეგენერატი... მახინჯი, არამზადა, ნაძრალა! – ბობოქრობდა ნინა და სალანძღავი სიტყვების კორიანტელს აყენებდა... -მე მივხედავ მაგ ნაბიჭვარს! პასუხს მოვთხოვ ყველაფრისთვის! - ფეხზე წამოხტა თვალებანთებული დათა, როდესაც ნიტამ ხელი ჩაავლო მაჯაში და უკან დააბრუნა სკამზე. -სად წახვალ? ლუკასთან?! მერე ალბათ ეჩხუბები და პასუხს მოსთხოვ, მაგრამ რისთვის? რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს და ჩემთან ერთად ყოფნა არ უნდა?! ამისთვის მოსთხოვ პასუხს?! აქ მე ვარ მხოლოდ დამნაშავე და მე უნდა ვაგო პასუხი ჩადენილ სისულელეზე. -რა სისულელეზე... იმის გარდა რომ მაგ.. მაგას ხვდებოდი- ზიზღით ჩაილაპარაკა ნინამ - კიდევ რამე ჩაიდინე?! ნიტას უცებ ფერი წაერთვა. ერთა ადგილას გაშეშდა. შეეცადა ხმისთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალური სიმტკიცე და დამაჯერებლობა შეეძინა და ისე გაეცა პასუხი: -არა.. სხვა რაღა უნდა ჩამედინა. - სახეზე ალმურმა აჰკრა და თავი ჩახარა. მეგობრებს კი მისი სახის ცვლილებაზე დიდად ყურადღება არ გაუმახვილებიათ. -რას აპირებ?! -ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ჰკითხა ნინამ და მეგობარს ზურგზე გამხნევების ნიშნად ხელი დაუსვა. -არ ვიცი... როგორმე უნდა შევეგუო უმისობას. – თავი დახარა ნიტამ და ცრემლები გადმოსცვივდა. -კარგი დაწყნარდი რაა... შენ როგორ გყვარებია ეგ არაკაცი.. - საწყალი ხმით უთხრა ნინამ და მეგობარს ძლიერ მოეხვია. ამასობაში კი დათა წარბშეკრული და მთლიანად ბრაზით მოცული იჯდა და წინ გადაშლილ სცენას თვალს არ აცილებდა. ცოტა ხანში ნინა უკვა მოშირდა დამშვიდებულ მეგობარს და ამოოხვრით უთხრა: -გააკეთე ეს ყავა თორემ გაცივდა წყალი. - და სკამის საზურგეს უკმაყოფილოდ მიეყრდნო. ის დღე მოგობრების გვერდით დგომისა და თანაგრძნობით გადაიტანა.. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე, როდესაც დეპრესიის პირას მისული სახლიდან გასვლაზე უარს ამბობდა, სწორედ დათასა და ნიტას გამხნევებითა და დაძალებით შეძლო ნელ-ნელა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. თუმცა შინაგანად კი ტკივილი მთელი ძალით ღრღნიდა ძვლებს. სუნთქვას უკრავდა და ხანდახან ამ სამყაროსგან გაქცევის სურვილს უღვივებდა. ენატრებოდა... ყოველი უჯრედით ყოველი ამოსუნთქვით, ყოველი წამიერი გაფიქრებით. გრძნობდა ლუკას სიყვარულს მთელი გულით, მთელი სხეულით. გრძნობდა მის შეხებას, მის კოცნას, მოფერებას, მის გვერდით გატარებულ ყოველ წამს. მხოლოდ ლუკა სჭირდებოდა, რომ ესუნთქა, ეცოცხლა, ეარსება. იაზრებდა მისი გონება თუ რამდენად ეგოისტი იყო, როგორ არ ფიქრობდა ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე. რომ ყველაფრისდამიუხედავად მაინც ლუკას მისტიროდა. მისტიროდა მას, ვისაც საერთოდ არ ანაღვლებდა ნიტა. ეს კი უსამართლობა იყო იმ ადამინაენის მიმართ, ვისაც ნამდვილად უყვარდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეხვდა... ისიც შემთხვევით. ლექციაზე კვლავ მათ უკან იჯდა. ნიტა დაძაბული მილურსმულიყო ადგილს და განძრევას ვერ ბედავდა. იცოდა, რომ თავს ვერ შეიკავებდა და უკან შებრუნდებოდა. ან უარესი... გაიქცეოდა და კისერზე ჩამოეკიდებოდა. ასეთი სისუსტის გამოჩენა კი მას ნამდვილად არ აწყობდა. რას იფიქრებდა ლუკა? რომ სუსტია... რომ მის გარეშე ვერ ძლებს... რომ სულელ ნიტას ის მთელი გრძნობით უყვარს. არა! ამის სიამოვნებას არ მიანიჭებდა. რაც არ უნდა იყოს მასაც გააჩნია თავმოყვარეობა. ალბათ როგორ დასცინოდა გულში როდესაც ნიტა მათი ერთად ყოფნის პერიოდში მუდმივად გამოხატავდა სითბოსა და სიყვარულს. ყველაფერს გასცემდა და სანაცვლოდ არაფერს იღებდა. ის კი უგულო, ნაძირალა... იმასაც კი არ კადრულობდა გოგონასთვის რამითაც კი ენიშნებინა, რომ არ აინტერესებდა. თუმცა ამას რატომ გააკეთებდა, როდესაც მისით კარგად ერთობოდა. „მე სულელიც როგორ უცებ ჩავადენი ხელებში“ -უფრო მეტად საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. დროდადრო ნინას გადახედავდა, რომელიც თავს უკან მიატრიალებდა ხოლმე და ურეაქციოდ მჯდომ ბიჭს უღრენდა. ბოლოს ნიტას მეთოთხმეტე თუ მეთხუთმეტე მწარე ჩქმეტის შემდეგ დაოკდა და უკან აღარ მიუტრიალებია თავი. სამაგიეროდ მთელი ლექცია მოჟამული სახით იჯდა. ლექციის დასრულების შემდეგ ნიტა ისევ იმ ადგილას იჯდა და საერთოდ არ იძვროდა. არ უნდოდა შემთხვევით თვალი მაინც მოეკრა ბიჭისთვის. უხმოდ დაელოდა, თუ როგორ მშვიდად და აუჩქარებელი ნაბიჯით ჩაუვლიდა გვერდს და ასევე აუღელვებლად დატოვებდა აუდიტორიას. იმ დღეს მთელი საღამო ტიროდა.. ჩუმად, თავისთვის სახლში. მეორე დღეს კი ჩაწითლებული თვალებით გამოეცხადა მეგობრებს. მათაც უბრალოდ თავი გადააქნიეს იმედგაცრუების ნიშნად. ისე კი გოგონასთვის სიტყვაც არ უთქვამს. ნიტა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა მათ წინაშე. საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ ლუკას გამო აღარ იტირებდა. ასეც მოიქცა და პირობა შეასრულა. -როგორ ხარ? - შეეგება აუდიტორიაში შესულ ნიტას მეგობრები და გვერდიგვერდ მიუსხდნენ გოგონას. -კარგად. -გეტყობა როგორ კარგადაც. - ჩაილაპარაკა ნინამ. -გეყოფა - უჩურჩულა დათამ მეგობარს და მუჯლუგუნი წაჰკრა, რომ გაჩუმებულიყო. -დღეს მეგის დაბადების დღეა და მთელი ჯგუფი დაგვპატიჟა. წამოხვალ? -არ ვიცი, არა მგონია. -რას ნიშნავს არა მგონია. -ყველა მოდის და შენც წამოხვალ. თან დღეს სახლში არაფერი არ გაქვს საქმე. როდემდე უნდა იყო მგლოვიარე? თითქმის ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოჩნდა? გიკითხა? შენი მდგომარეობით დაინტერესდა? და ისეთ იდიოტზე რატომ ფიქრობ როგორიც ლუკაა? -არ ვფიქრობ. -ამოიბუზღუნა ნიტამ და ნაწყენი სახით თავი ჩახარა. -კარგად გეტყობა როგორც არ ფიქრობ. -გეყოფათ ლექტორი მოვიდა. _ გამოაფხიზლა ლაპარაკში გართული გოგონები დათამ და შეტრიალდა. -ამ თემაზე მერე დაგელაპარაკები. - გადაუჩურჩულა ნინამ და ისიც ლექტორისკენ შეტრიალდა. საღმოს კი ნინას დაჟინებული თხოვნითა თუ მოთხოვნით. მუხლამდე სიგრძნის, საკმაოდ მოხდენილ მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილი ნინა კიბეებს ჩაუყვა და იქვე გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა, სადაც მეგობრები მოუთმენლად ელოდნენ. -შესანიშნავად გამოიყურები. -ცერა თითით შეუფასა დათამ მეგობარს ორ საათიანი შრომა და სარკესთან ტრიალი. -მადლობა. -წავედიით. -ამოილაპარაკა ნინამ და მძღოლმაც ძრავა ხმაურიანად ააგუგუნა. -სად იხდის დაბადების დღეს? -რესტორანში. -როგორ მეზარებააა. - ამოიტირა ნიტამ. -შენი წუწუნი არ გავიგო. დარჩენილი გზა მეგობრებს ხმა არ ამოუღიათ. მხოლოდ მძღოლს არ გაუჩერებია ენა და თავისი ახალგაზრდობის ამბების მოყოლითა და ორი გამოუყენებელი დიპლომის შესახებ ლექციების თხრობით ისე შეაწყინა თავი მგზავრებს, რომ ერთი სული ჰქონდათ ამ მანქანიდან როდის გადახტებოდნენ. -გაფიცებ ყველაფერს ეს ტაქსი სად იშოვე? - ჩუმად გადაულაპარაკა დათამ ნინას. -რა ვიცი, პირველად ამან ჩამოიარა ჩემს სახლთან და მეც გავაჩერე. არა უშავს როგორმე ავიტანთ კიდევ ოციოდე წუთი. -სათქმელად ადვილია. -ჩაიბუზღუნა ბიჭმა. -რა თქვი შვილო? -ყურები დაცქვიტა მძღოლმა. -არაფერი ბაბუ. -ხოდა იმას ვამბობდი რომ... - და კვლავ განახლდა მძღოლის შეწყვეტილი ლექციები. წვეულებაზე რომ მივიდნენ სტუმრების უმეტესობა უკვე მოსულიყო, ადგილიც დაეკავებინათ და დროს საკმაოდ მხიარულად ატარებდნენ. ახლადმისულებმა ჯერ იუბილარს მიულოცეს დაბადების დღე და საჩუქარი გადასცეს, შემდეგ კი ადგილიც დაიკავეს საერთო მაგიდაზე. თვიდან ნინას ეწყინა ის ამბავი, რომ გიგას ვერსად მოჰკრა თვალი, არადა იმდენი ხანი იპრანჭებოდა სარკის წინ იმის იმედით, რომ ბიჭს თავს მოაწონებდა. როგორც ჩანდა გიგის ამ წვეულებაზე მოსვლა გადაეფიქრებინა და მხოლოდ მეხუთე ზარზე უპასუხა ნინას და ბოდიშებით აავსო. გაბრაზებულმა გოგონამ კი არც მოუსმინა ისე დაუკიდა ტელეფონი, დათასა და ნიტას შუაში ჩაუჯდა და ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენლის ლანძღვა დაიწყო. -ეე, ხომ არ გავიწყდება, რომ მეც ბიჭი ვარ?- წარბაწევით ჰკითხა დათამ და მომდევნო სადღეგრძელოზე ავსებული ჭიქა ღვინო ერთიანად ჩაცალა. -შენ არც მიგულისხმიხარ, მათ რიცხვში. - უკმაყოფილო მზერით გადახედა ნინამ. -აბა ყველა კაციო და მე ქალი ვარ? -ოო, შემეშვი რაა! - ხელი აიქნია გოგონამ. -დღეს კარგად უნდა გავერთო და დავლიო. -მიდი აბა შენ იცი. -ზუსტადაც! - ჯიუტი ბავშვივით ამოთქვა და ახლად დაწყებული სიმღერისთანავე ხელი დაავლო დათას და მთელი ძალით გამოქაჩა, ისე რომ ბიჭს ხელში დაჭერილი ჭიქა კინაღამ გაუვარდა და მისი პერანგიც ძლივს გადაურჩა წითელი ღვინის გადასხმას. -ცოტა ნელა, რა ველურივით იქცევი. -უსაყვედურა მეგობარს და ბუზღუნით გაჰყვა საცეკვაო მოედანზე. დათა და ნინა საკმაოდ კარგად გაერთნენ. ნიტა კი მთელი ეს დრო ცხვირჩამოშვებული იჯდა და ყველას ვინც საცეკვაოდ გაიწვევდა უარით ისტუმრებდა. მხოლოდ ორჯერ შეძლო დათამ მისი სკამიდან აგდება და მოედანზე გაყვანა. ისიც უხალისოდ. უკვე პირველი იყო დაწყებული, როდესაც დაშლა დაიწყეს მეგობრებამა. დათამ ტაქსი გამოიძახა. მთვრალ ნინას კი ერთ მხარეს დათა ამოუდგა, მოერე მხარეს ნიტას და ძლივს მიიტანეს ტაქსამდე. პირველად ნიტას სახლთან მივიდნენ. მე წავალ. იმედია ამის მარტო ატანა არ გაგიჭირდება მოეთხე სართულზე. -მარტო? მეტი საქმე არ მაქვს.. დედამისს დავურეკავ. -გაგიჟდი? წარმოდგენაც არ მინდა თამილა რა ამბავს დაგვაწევს ამას ასეთ დღეში რომ ნახავს. -რა მნიშვნელობა აქვს, მაინც გაიგებს და - მხრები აიჩეჩა დათამ. -კარგი შენი საქმისა შენ იცი, მე კი სახლში ვრჩები და როგორმე გადავურჩები თამილას რისხვას, იმედია აქ არ მომივარდება, რა უქენით ეს ჩემს შვილსო. -ჩვენი რა ბრალია.. თვითონ გაილეშა. ამხელა გოგოს ჭიდაობას ხომ არ დავუწყებდით, არიქა ჭიქა გავაგდერბინოთ ხელიდანო. ის ის იყო ნიტა ტაქსიდან გადასვლას აპიურებდა, რომ მოულოდნელად გამოფხიზლებულმა ნინამ ხელი ძლიერად მოიქნია და მთელი ძალით დაჰკრა მის წინ მჯდომ ტაქსისტს მხარზე ყვირილით: -აი შენ გენაცვალე ჯიგაროო! - რომ არ დაგენახათ, რომ გოგო იყო, მაშინვე იფიქრებდით სტაჟიანი მსმელი კაცის სიტყვები გავიგონეო. ნინას ქმედებისგან შეწუხებულმა ახალგაზრდა ტაქსისტმა მხარი მტკივნეულად აიწურა და შეშინებული სახით გოგონას ხელის მოშორება სცადა. სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ ამ შემთხვევაზე ისეთი სიცილი აუვარდებოდათ, ვერავინ ვერ გააჩერებდათ დათას და ნიტას, მაგრამ ახლა დიდი ძალისხმევით მოაშორეს ტაქსისტს გალეშილი ნინა დაუკანა სავარძელზე გააკავეს. -დარწმუნებული ხარ რომ მარტო გაუმკლავდები? - შეწუხებული სახითა და ეჭვნარევი ხმით ჰკითხა ნიტამ. -შევეცდები. -საწყალი სახით უთხრა დათამ. -წარმატებებს გისურვებ. -მიაძახა გოგონამ და ტაქსიდან გადავიდა. ბიჭს და ნახევრად უგონოდ მყოფ ნინას ხელი დაუქნია და სადარბაზოსკენ წავიდა. მისდა გასაკვირად შუქი არ აინთო. ალბათ ისევ გადაიწვაო გაიფიქრა და ის ის იყო კიბის პირველ საფეხურზე ადგა ფეხი, რომ მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიბორძოკა და ძირს დაეცა. -ჯანდაბაა! - ხმამაღლა წამოიყვირა და ნელა წამოდგა. ძალიან დაწყდა გული სულ ახალთახალ ფეხსაცმელზე, რომელსაც უკვე ქუსლი მოსტეხოდა. ცალი ხელით კიბის მოაჯირს დაეყრდნო. ჯერ ერთი ფეხსაცმელი გაიხადა და ბოლოს მეორე ქუსლმოტეხილი მოიცილა ფეხიდან. ქუსლი შუაში იყო გადამტყდარი და ვერანაირად ვერ გამთელდებოდა. ამ ფაქტმა ძალზედ მოუშალა ნერვები და საკუთარი თავის ლანძღვით აუყვა კიბეებს. სახლის კართან მიღწეულმა პატარა კლატჩში დაუწყო გასაღებს ძებნა, თუმცა ამაოდ. ტელეფონის შუქით ცდილობდა გაენათებინა ჩანთაში არსებული ქაოსი. ბოლოს როგორც იქნა იპოვა და გახარებულმა ამოაძვრინა, რომ ხელიდან გაუვარდა და იატაკზე დაეცა. ერთი შეიკურთხა, ჩაიმუხლა და ახლა იქ განაგრძო გასაღების ძებნა. ბოლოს ხელში აიღო, საკეტს მოარგო და გადაატრიალა. -დღეს არ არის ჩემი დღე - თავისთვის ამოილაპარაკა. -დღეს ნამდვილად არ არის შენი დღე. - გამოეხმაურა უკნიდან მამაკაცის მისთვის უცნობი ხმა და უეცრად, ისე რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, კეფის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო. თითქოს მთელი სხეული მოუდუნდა და გაეთიშა. ბოლოს მხოლოდ ის გაიგო, თუ როგორ დაენარცხა მთელი სიმძიმით ქვის იატაკზე. შემდეგ კი იყო სიბნელე... სრული სიბნელე. *_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_* იმედი მაქვს მოგეწონებათ. არ ვაპირებ გავწელო და უაზრო რამეებით დავტვირთო ეს ისტორია. ვფიქრობ ასე უფრო მოსაწყენი გახდება ამიტომ ალბათ სამიოდე თავში დავამთავრებ... შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.