შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (III თავი)


17-08-2017, 21:04
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 913

დილა უჩვეულოდ დაიწყო ორივესთვის, რაღაც ახალის მოლოდინით აღსავსე, იმედებით შემოსილი.
ექვს საათზე გაეღვიძა. ნერვიულობდა. ეს მის ძილის რეჟიმზეც აისახა, რადგან აქამდე ვერაფრით ვერ წამოაგდებდით ლოგინში მონებივრეს ათ საათზე ადრე გაღვიძებოდა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონოდა. ახლა კი ენერგიით დახუნძლული მაშინვე მოწესრიგდა. ტანსაცმელებიდან საუკეთესო და სიტუაციის შესაფერისი შეარჩია, ისიც კარადაში ხანგრძლივი და დამღლელი ქექვის შემდეგ. ეს ტანისამოსი აშკარად მოუხერხებელი იყო მუდამ თავისუფალ სტილს მიჩვეული გოგონასთვის. კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ. აკვირდებოდა მის უჩვეულოდ შეცვლილ გარეგნობას და თვალს ვერ სწყვეტდა უცხო ადამიანს რომელიც სარკიდან უმზერდა. ცოტათი ეხამუშებოდა კიდეც. ბოლოს იფიქრა რაც არის ეს არისო, ჩანთას დაავლო ხელი და სახლის კარი გაიხურა.
ოფისთან ნახევარი საათით ადრე მივიდა და საკუუთარ თავზე ნერვები მოეშალა. დაცვაც კი ახალი მოსული იყო და კარს აღებდა.
-ძალიან მომწონს შენი შემართება, მაგრამ გონი ზედმეტად პუნქტუალური ხარ. - მოესმა უკნიდან საკმაოდ ნაცნობი ხმა, რომლის გაგონებაზეც თავიდან უშნოდ დამანჭა სახე, შემდეგ კი ნაკვთები დაალაგა და ღიმილაკრული შებრუნდა მის წინ მდგარი თორნიკესკენ.
-როგორც ვხედავ მომავალი უფროსიც ზედმეტად პუნქტუალური უნდა იყოს.
-არც ასეა საქმე. წამოდი -ხელით ანიშნა ლინდას და გზა დაუთმო. გოგონამაც ღიმილით უპასუხა და პირველმა შეაბიჯა შენობაში.
ოფისი როგორც ჩვეულებრივ, ტრადიციულად მინიმალისტურად იყო მოწყობილი და საკმაოდ ფართო ფოიე ჰქონდა თავისი მოსაცდელი სკამებით.
-ჩვენ ბოლო სართულზე უნდა ავიდეთ.
-როგორც ჩანს სიმაღლე გყვარებია.
-ნამდვილად. ის სართული მთლიანად, პირადად ჩემი ოფისია. სხვა თანამშრომლები ქვემო სართულებზე არიან.
მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, შემდეგ კი ლინდასთან ერთად ორი წუთი უცდიდა, თუ როდის ჩამოაღწევდა ქვემოთ.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ. - ხელით ანიშნა გოგონას.
-ღმერთო რა თავაზიანი ხართ. - გაინაზა ლინდა, შემდეგ კი ლიფტში შესულებს ხმამაღალი სიცილი აუტყდათ. რომ გეკითხათ რა აცინებდათ ალბათ ვერც ერთი ვერ გიპასუხებდათ, უბრალოდ საოცრად კარგ ხასიათზე იიყვნენ.
ლიფტი საკმაოდ ჩქარა ავიდა ბოლო სართულზე. იქიდან გამოსულმა ლინდამ გარემო დიდი დაკვირვებით მოათვალიერა.
-ესე იგი ეს არის შენი სამუშაო არეალი.
-აბა? როგორ მოგწონს?
-მშვენიერია. - ტუჩები დაბრიცა გოგონამ მოწონების ნიშნად. - კარგი გემოვნება გაქვს.
-კი, ნამდვილად კარგი გემოვნება მაქვს, ორაზროვნად გაუღიმა მამაკაცმა და გოგონა თავის კაბინეტში შეატარა.
-ჩემი მდივანი ჯერ არ მოსულა, ამიტომ ჯერ აქ იყავი, ჩემს კაბინეტში. თავიდან მე აგიხსნი ყველაფერს, შემდეგ კი როცა ნათია მოვა, ყველფერში ის გაგარკვევს.
-ძალიან დიდი მადლობა. - გაუღიმა გოგონამ.
ისაუბრეს მხოლოდ საქმეზე. არც ერთ მათგანს არ უხსენებია გუშინდელი საღამო და მისი მოულოდნელი და უცნაური დასასრული. თხუთმეტიოდე წუთში თორნიკეს მდივანიც მოვიდა და ლინდას თავიც მას გადაებარა. ქალმა საკმაოდ დაწვრილებით აუხსნა ყველა მისი მოვალეობა და თბილადაც ესაუბრა. გოგონასაც ძალიან მოეწონა ოფისში არსებული ატმოსფერო. თოთქოს თავი უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნო. ერთადერთი მისი ახალი უფროსის, დავითის გაცნობაღა რჩებოდა, რომელიც რატომღაც იგვიანებდა.
უკვე თერთმეტი იყო დაწყებული, როდესაც კარი მაღალმა, ოდნავ ჭაღარაშერეულმა, ასე ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცმა შემოაღო კარები და ლინდას დანახვაზე სახეზე გაკვირვებული გამომეტყველება აეკრო.
-გამარჯობა? - კითხივის ნიშანი იგრძნობოდა მის ხმაში.
-გამარჯობა. - დაბნეული წამოდგა ფეხზე გოგონა. - თქვენ ალბათ ბატონი დავითი ბრძანდებით.
-დიახ, და თქვენ ვინ ხართ შეგიძლიათ მითხრათ?
-მე ლინდა მქვია. თქვენი ახალი მდივანი ვიქნები. - ხელი გაუწოდა გოგონამ.
-აჰა.. გასაგებია. - ეჭვით აღსავსე ხმით ჩამოართვა ხელი მამაკაცმა.
-და ამ თანამდებობაზე ვინ დაგნიშნა?
-ბატონმა თორნიკემ.
მამაკაცს სახეზე გაკვირვება და უსიამოვნო გრძნობა აესახა. ერთი შეავლო თვალი გოგონას, შემდეგ უთხრა, რომ თავისი საქმე გაეგრძელებინა, თვითონ კი მალე დაბრუნდებოდა, კარები გაიხურა და წავიდა.
გოგონამ გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და საქმიანობა განაგრძო.
თორნიკეს კაბინეტის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი ნათი.
-ნათი არ ვარ.
-უი დათო მოხვედი?
-კიი მოვედი და შენთან სალაპარაკო მაქვს.
-ხოო, ალბათ ლინდასთან დაკავშირებით. დამავიწყდა გამეფრთხილებინე.
-დაგავიწყდა? მდივანი დამინიშნე ისე, რომ მე არც კი მკითხე.
-კი მაგრამ შენ ხომ გჭირდებოდა მდივანი? ხოდა პრობლემა მოგვარებულია.
-და საერთოდ ვინ არის ეს ლინდა? საიდან მოიყვანე?
-ჩემი ძველი ნაცნობია. შეიძლება ითქვას მეგობარიც.
-რამე გამოცდილება აქვს?
-ოფისში არანაირი.
-კი მაგრამ..
-სწორედ ამიტომ მინდა, რომ ასწავლოთ შენ და ნათიამ ყვლაფრის კეთება.
-ამ ლინდასთან რამე ისეთი ურთიერთობა ხომ არ გაქვს? უფრო ახლო..
-არა. - გაეცინა თორნიკეს. - ხომ გითხარი ბავშვობის მეგობარია.
-კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე. - მე ეს ამბავი არ მომწონს.
-ოხ დავით შენ და შენი ეჭვები. - თავი გააქნია მამაკაცმა.
-ჩემი ეჭვები საბოლოოდ ყოველთვის მართლდება ხოლმე. - უცნაური ღიმილით უთხრა დავითმაც და კაბინეტი დატოვა. დიდი ხანი იჯდა თორნიკე გაშეშებული, კედელზე ერთი წერტილი ამოერჩია და თვალს არ აშორებდა. თან ფიქრობდა ერთდროულად ყველაფერზე თან არაფერზე. მის თავში სრული აურზაური და ეჭვების, აზრების კორიანტელი ტრიალებდა. რაღაცას მოელოდა მთელი არსებით, მაგრამ მისი წინათგრძნობა იმას ვერ საზღვრავდა ეს რაღაცა კარგი იქნებოდა თუ ცუდი... რას მოუტანდა მომავალში. იქნებ ისე დაესახიჩრებინა მისი ცხოვრება, რომ ეს ტრამვა დიდ დაღად დასმულიყო მის ცხოვრებაზე და თავიდან ვეღარ მოეშორებინა. იქნებ ბედნიერების მომტანი ყოფილიყო და ყველაფერი იმაზე უკეთესი გაეხადა ვიდრე ახლა იყო. არაფერი არ იცოდა, ვერაფერში ერკვეოდა. ერთადერთი რისიც სჯეროდა ის იყო რომ წინათგრძნობა, რომელიც ასე თრგუნავდა და ამავდროულად ინტერესს აღძრავდა მასში ლინდას უკავშირდებოდა.
ფიქრი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. საქმეები უხმობდა.

-როგორ ჩაიარა შენმა პირველმა დღემ სამსახურში? - წარბების აწევითა და მომლოდინე ღიმილით ჰკითხა თიკომ.
-ნორმალურად. -დაიჭყანა ლინდა.
-დავიჯერო იმ რესტორანში მიმტანობას აღარ სჯობია?
-რა თქმა უნდა ეს უკეთესია, უკეთესი ანაზღაურებით, მაგრამ ცოტა მოსაწყენია.
-კარგი რაა, ნუ ახურებ. ესეც გინდა და ისიც. ყველაფერი ასე მარტივად არაა. ყველაფერს ვერ მიიღებ რაც გინდა. მშვენიერი სამსახური გაქვს და გირჩევ მადლობელი იყო თორნიკესი.
-ვარ კიდეც.
-როგორ მიდის თქვენი ურთიერთობის საქმე?
-გუშინ მაკოცა.
-მოიცა რაა? ეს რატომ არ მითხარი?
ლინდამ მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი გაკვირვების ნიშნად გამობრიცა.
-რა ვიცი აბა. შემთხვევა არ ჩამვარდნია რომ მომეყოლა.
-ხოდა ძალიან კარგი. ახლა დაწვრილებით მომიყვები ყველაფერს.
-მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. უბრაოდ ბარში კარგად შეთვრა, შემდეგ სახლამდე მომაცილა და წასვლის წინ მაკოცა. - სრულიად უემოციოდ ჩაილაპარაკა გოგონამ.
-მერე ასე ყვები? როგორი კოცნა იცის?
-ჩვეულებრივი. დიდი არაფერი. ისეთივე უღიმღამო, უნიჭო და ერთფეროვანი როგორც თვითონ არის. -ზიზღით დამანჭა სახე გოგონამ.
-კარგი რაა. - ამოიფრუტუნა თიკომ. -ახლა უღიმღამო და უნიჭო შენ ხარ ასე რომ ყვები ამ ამბავს. დავიჯერო სულ ცოტათი მაინც არ მოგეწონა?
-არაა. და საერთოდ მოვრჩეთ თორნიკეს კოცნაზე საუბარს. მით უმეტეს მეორე დღეს ამ თემაზე სიტყვაც კი არ დასცდენია. მგონი საერთოდ არ ახსოვდა.
-რაღაც მეეჭვება. - თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-მოკლედ, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. შემდეგში ვნახოთ.
გოგონამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა, ფეხები სავარძელზე აკეცა და თვალი გარედან შემომავალ სინათლეს გაუსწორა.
ზაფხულის ჩამავალი მზე დამრეცად ეცემოდა ოთახის იატაკს. ჰაერში უცნაური, ნაცნობი სურნელი ტრიალებდა. დეჟა-ვუს შეგრძნება არ ტოვებდა. წარსულის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოგონება ამოუტივტივდა გონებაში. უნებურად წარბები შეკრა, მოიღუშა, მოიკუნტა და დაპატარავდა. სადღაც სულის სიღრმიდან ამოძახილის სახით შეეხმიანა დანაშაული გრძნობა. დანაშაული იმისა, რომ არ დააფასა, მასზე სათანადოდ არ იზრუნა და სიცოცხლის ბოლო საათებში მარტო დატოვა. მზერა ერთ ადგილზე გაჰყინვოდა. დროდადრო შუბლს უფრო მეტად ჭმუხნიდა, თითებს კი ნერვიულად ათამაშებდა სავარძლის სახელურზე. ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა ოთახში მოსიარულე თიკას, რომლიც ზურასთან ტელეფონზე საუბრით ისე იყო გართული, რომ საერთოდ ვერ ამჩნევდა მეგობრის უეცარ ცვლილებას.
ლინდა კარგა ხანს გაჰყურებდა ჩამავალი მზის სხივების ლიცლიცს ცაზე, მტკივნეული მოგონებები ნელ-ნელა მინავლდა. ყველა გრძნობამ თავისი ჩვეული ადგილი დაიკავა და მზის უკანასკნელი სხივებიც ჩაესვენა ჰორიზონტს მიღმა.

დრო სწრაფად გარბოდა. ლინდაც თითქოს ეჩვეოდა ყველაფერს. სამუშაოს შესრულებაც აღარ ეჩვენებოდა ისე ერთფეროვნად და მომაბეზრებლად. უფროსიც ნორმალური ჰყავდა და ძალიან არ ტვირთავდა. ერთადერთი ის აწუხებდა, რომ მისმა და თორნიკეს ურთიერთობამ გაანვითარება ვერ ჰპოვა. თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. პირიქით, დეგრადაციაც კი განიცადა იმ ღამის შემდეგ. დრო აღარ იყო. უნდა ემოქმედა, თორემ შეიძლება თორნიკე ვინმეს, მასზე უფრო მოწადინებლს აეწაპნა და პირში ჩალაგამოვლებული დაეტოვებინა.
თანამშრომლების ერთობლივი ექსკურსია სწირედ მისწრება იყო. ეძლეოდა შანსი მამაკაცს არაფორმალურ, უფრო ახლო და დელიკატურ ვითარებაში შეხვედროდა. რა თქმა უნდა ეს დაახლოებაში შეუწყობდა ხელს, და უფრო მეტიც. შესაძლოა თორნიკეს მის მიმართ რაიმე სერიოზული გრძნობა გასჩენოდა. აი ეს უკვე ჯეკ-პოტის მოგებასავით იყო. პარასკევს საღამოს უკვე ბარგი ჩალაგებული ჰქონდა, შაბათს დილით კი ოფისის წინ, თანამშრომლებთან ერთად დიდი მოთმინებით ელოდა ავტობუსის მოსვლას, რომელსაც ყველა ერთად უნდა წაეყვანა. გოგონა იდგა და დიდი ყურადღებით ათვალიერებდა თანამშრომმლებს და მათ რიგებს, რომლებიც ნელ-ნელა ივსებოდნენ. თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და თორნიკეს ეძებდა, თუმცა ამაოდ. მამაკაცი არ გამოჩენილა. ის იყო ავტობუსში ჩაჯდა, რომ მაშინვე ნათიას, თორნიკეს მდივანს კითხა მამაკაცის შესახებ და მანაც უპასუხა, რომ ბატონი თორნიკე საკუთარი მანქანით წავიდოდა და თანამშრომლებს უკვე იქ დახვდებოდა.
-რა თქმა უნდა - ჩაიბუზღუნა ლინდამ თავისთვის. - აბა როგორ ეკადრება უბრალო თანამშრომელბთან ერთად ავტობუსით წამოსვლა.
ხუთიოდე წუთში ავტობუსი უკვე სავსე იყო და მძღოლმაც დაძრა, რათა დანიშნულების ადგილზე მალე აღმოჩენილიყვნენ. გზა უჩვეულოდ დაიწელა. ლინდა მგზავრობას მიჩვეული არ იყო და მთელი გზა ერთ ტანჯვაში გაატარა, ხან სად ეგონა რომ თავს ვერ შეიკავებდა და დილით მირთმეულ ყავასა და კრუასანს უკან ამოიღებდა, ხან სად. ბოლოს მისდა საბედნიეროდ მარცხს გადაურჩა და იოლად გამოძვრა.
გარემო თანდათან იცვლებოდა. უფრო მეტ სიმწვანესა და სიხალასეს იძენდა. ბოლოს ავტობუსმა გზიდან სადღაც მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გადაინაცვლა და ხუთ წუთიანი ჯაყჯაყის შემდეგ, როგორც იქნა მათ წინ საზაფხულო, სააგარაკო სახლი წამოიმართა, რომლიც ულამაზესი ტბის პირას აღმართულიყო.
-აი ეს მესმიის. - დაუსტვინა ერთმა თანამშრომელბდა და აღტაცებით მოავლო ყველაფერს თვალი.
-ბატონ თორნიკეს როგორც წესი არაჩვეულებრივი ადგილი ამოურჩევია.
-როგორც წესი? ანუ ხშირად დადიხართ ასეთ ადგილებში?
-მას შემდეგ რაც ჩვენი უფროსი გახდა.
გოგონამ ერთი მოავლო არემარეს თვალი, შემდეგ ფეხებთან დადებულ პატარა სამგზავრო ჩანთას დაავლო ხელი, რომელშიც სულ რაღაც ორი დღის სამყოფი ტანისამოსი და ნივთები ჰქონდა წამოღებული და სახლისკენ მიმავალ თანამშრომლებს მიჰყვა უკან.
ერთ საათში უკვე ყველა იყო გადანაწილებული ოთახებში და ყველა საჭირო ნივთიც მილაგებული ჰქონდათ.
ლინდა სიცილით მიჰყვებოდა თანამშრომელთან ერთად ქვემოთ კიბეებს, როდესაც თორნიკე შეამჩნია და გამომეტყველება შეეცვალა, სახეზე უცნაური ღიმილი გაუკრთა, თუმცა სახე ისევ უკან შეაბრუნა და თანამშრომელთან საუბარი ისე განაგრძო ვითომც არაფერიო და სულ არ შეუმჩნევია, ისე ჩაუარა გვერდი გაშეშებულ მამაკაცს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონას თვალს არ აცილებდა.
ლინდა სამზარეულოსკენ გაემართა. ამასობაში რამდენიმე თანამშრომელ ქალს უკვე დაეწყო წამოღებული საჭმელების ამოლაგება და ზოგიერთი მათგანის გათბობა. თავადაც ღიმილით შეუერთდა მათ და დახმარება შესთავაზა.
სხვა თანამშრომლებმა, ძირითადად კაცებმა გარეთ გრილზე მწვადები და თევზი შეწვეს. სულ რაღაც ნახევარ საათში კი ტბის პირას, ულამაზეს ბუნებაში მშვენიერი სუფრა იყო გაშლილი. ყველა მათგანი მხიარულად შემოსხდომოდა და მშვენიერ დროს ატარებდა სასიამოვნო კამპანიაში. სუფრაზე არსებულ საერთო მხიარულებასთან მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნიდა უცნაურ კონტრასტს. ჩვეულებრივი, ოდნავ მოღუშული სახით იჯდა და ლინდას არ აშორებდა თვალს. ალბათ ყველა მიხვდებოდა, რომ ეს ადამინი თორნიკე იყო. რამდენჯერმე სთხოვეს თანამშრომლებმა გაეღიმა მაინც და ყველა პრობლემა დაევიწყებინა, რომელიც ასეთ განწყობაზე აყენებდა მამაკაცს, თუმცა ამაოდ. მამაკაცი კვლავ წარბშეკრული განაგრძობდა ჯდომას. უკვე საღამო იყო მოახლოებული, როდესაც სუფრამ ნელ-ნელა დაშლა დაიწყო. რამოდენიმე ადამიანი მიიფანტა და ბოლოს დარჩენილებმაც მისი ალაგება დაიწყეს. ლინდა სამზარეულოში იყო და ჭურჭელს რეცხავდა, როდესაც უკნიდან ნაცნობი, სიბრაზეშეპარული ხმა მოესმა:
-ლინდა, უნდა გელაპარაკო.
გოგონამ თეფში, რომელიც ხელში ეჭირა და ჩვარი, ნიჭარაში ჩადო და მამაკაცისკენ შემობრუნდა.
-გისმენთ ბატონო თორნიკე.
თორნიკემ სამზარეულოში მოფუსფუსე რამოდენიმე თანამშრომელს გადახედა, რომლებიც დროდადრო თვალს მათკენ აპარებდნენ.
-აქ არა! პირისპირ მინდა საუბარი.
-როგორც გენებოთ. -მხრები აიჩეჩა გოგონამ და მამაკაცს უკან მიჰყვა.
თორნიკემ სახლის კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა, შემდეგ შემობრუნდა და მის წინ კიბეზე მდგარ ლინდას მიმართა:
-მოდი ტბის პირას გავისეირნოთ.
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და საკმაოდ დიდი ნაბიჯით მიმავალ მამაკაცს გვერდით აედევნა.
ტბის ნაპირის უმეტესი ნაწილი პირდაპირ ტყეზე გადიოდა. ნესტშეპარული სანაპიროს მიწა საკმაოდ დარბილებულიყო და ყოველ ნაბიჯზე ფეხი საკმაოდ ღრმად ეფლობოდა ტალახში. მთელ ამ ტერიტორიაზე მზის შუქი ძლივს აღწევდა მაღალი ხეების ხშირ ფოთლებს შორის, სამაგიეროდ მრავლად შეინიშნებოდა ტბის ზედაპირზე არსებული სხივები, რომელსაც გამჭვირველე წყალი ირეკლავდა და ზედ ათასი ფერით ლიცლიცებდა.
-დაიწყე... რისი თქმაც გინდოდა.
-მე კი მგონია შენ გაქვს სათქმელი. - უპასუხა თორნიკემ.
-მე?! - გაკვირვება აესახე გოგონას გამომეტყველებაზე. - მგონი ეს შენ დამადექი თავზე და გასეირნება მომთხოვე იმ მიზეზით რომ უნდა გველაპარაკა და ახლა გელოდები: რა გაქვს სათქმელი?
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ? - გულწრფელი გაკვირვება აესახა გოგონას.
-რატომ მაიგნორებ? თავს მარიდებ. არ მიმჩნევ. კიდევ რაღა ვთქვა არ ვიცი. რამე დაგიშავე? ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-მეგონა პირიქით იყო. ეს შენ არ მიმჩნევდი და გამირბოდი ბოლო პერიოდი. გახსოვს ის ღამე ბარში რომ შევხვდით და ორივე საკმაოდ შევთვერით. მაშინ სამსახური შემომთავაზე, მერე სახლამდე მიმაცილე და წასვლის წინ მაკოცე. მეორე დღეს კი სრულიად ჩვეულებრივად, თითქის არაფერი მომხდარა, ისე მიმიღე ოფისში და მას შემდეგ როგორც რიგით თანამშრომელს, ისე მექცევი. მეგონა ყველაფერი გარკვეული იყო და თავიდანვე განსაზღვრე თუ როგორი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის. დისტანციური და არაფერი თანამშრომლობის გარდა. წესით ასეც უნდა იყოს. შენ ჩემი უფროსი ხარ, მე კი დაქირავებული და ჩვეულებრივ ვიქცევი, როგორც სხვა თანამშრომლები.
-მაგრამ იცი რომ ჩემთვის რიგირთი თანამშრომელი არ ხარ.
-ცდები! ეს არ ვიცი! ეს არავის უთქვემს ჩემთვის! არც უგრძნობინებია. - თვალებდაკვესებულმა უპასუხა გოგონამ.
-მართალი ხარ.ალბათ შევცდი. -გოგონას თვალი მოარიდა და ტბის ზედაპირს გახედა. - თავიდანვე უნდა მეფიქრა ამაზე. რომ ვერ გამიგებდი და ვერ მიხვდებოდი იმ კოცნით რისი თქმა მინდოდა.
-მე კი მგონია ეს უბრალოდ სისუსტის გამოვლინება იყო და რა თქმა უნდა სასმელმაც იმოქმედა. ორივე რაღაც წამიერ ვნებას ავყევით მეტი არაფერი. - შედარებით ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი ჩაღუნა. თავის ფეხსაცმელებს ყურადღებით დააკვირდა, რომლებიც დიდი ხნის სიარულის შემდეგ საკმაოდ შელახული და ტალახში ამოსვრილი იყო. რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო იღუშებოდა. თოთქოს რაღაც ნაცნობსა და საერთოს ხედავდა მათსა და საკუთარ თავს შორის. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, ქარისგან აწეწილი ქერა თმა ცალი ხელით უკან გადაიწია და ტბას გახედა.
-ჩემთვის ეს არ იყო სისუსტის გამოვლინება და საერთოდ არ ვნანობ მაშინ რაც გავაკეთე. რომ შემძლებოდა, კიდევ ბევრჯერ გავიმეორებდი იგივეს.
-მე არი მესმის შენი და არც მინდა რომ გავიგო. - დაბნეულად გააქნია თავი ლნდამ და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, რომელსაც ასევე რამოდენიმე ნაბიჯით მიჰყვა თორნიკეც.
-რა არის აქ გაუგებარი? ის რომ მომწონხარ? თუ ის რომ შენთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარება მინდა? მინდა, რომ უკეთ გაგიცნო. უფრო ახლოს. - ძალიან მიუახლოვდა და ხელი ნაზად ჩამოუსვა სახეზე.
-თორნიკე არ ვიცი. მე... - თავი შეაბრუნა გოგონამ.
-არ მითხრა რომ მაშინ არაფერი იგრძენი, რადგან ჩემთვის ეს კოცნაზე ბევრად მეტი იყო. არ შემიძლია ასე უბრალოდ ვიდგე და არაფერი ვაკეთო. არ მინდა რომ უბრალოდ მოგშორდე და თავი დაგანებო, იმიტომ რომ ამის ძალა არ მაქვს.
-ხომ მაგრამ ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ ნება მომეცი შენთან უფრო ახლოს ვიყო. შევეცადო რომ მეტად დაგიახლოვდე და გაგიცნო. მე არაფერს გაძალებ. მხოლოდ გთხოვ.
-კარგი. -ამოილუღლუღა გოგონამ.
-ეგ რას ნიშნავს? ანუ თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ ერთმანეთს შევხვდეთ ხოლმე, სამომავლო ურთიერთობის აწყობის პერსპექტივით-გაუღიმა ლინდამ.
-მადლობა! მადლობა! ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე. - მაშინვე მივარდა და ხელში აიტაცა გოგონა. მთელი ძალით მიიკრა სხეულზე და რამოდენიმეჯერ დაატრიალა ჰაერში. გაბადრული რაღაცას ჩურჩულებდა და მთელ სახეს უკოცნიდა გაოგნებულ გოგონას.
-კარგიი! გეყოფა უკვე! - თავის დაძვრენა სცადა. - მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა.
-მაპატიე! - უპასუხა თორნიკემ, თან სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. - უბრალოდ ემოციები ვერ შევიკავე.
-არა უშავს. წამოდი სახლში დავბრუნდეთ.
-არ გინდა ცოტა გავისეირნოთ? ბოლომდე ჩავუყვეთ ტბას.
გოგონამ მხრები აიჩეჩა, შემდეგ თავი დაუქნია, ხელკავი გამოსდო და თორნიკესთან ერთად ნელი ნაბიჯით დაუყვა სანაპიროს. მთელი ეს დრო კი საუბრობდნენ. ძირითადად ერთმანეთზე. უკვე საკმაოდ მოსაღამოვებული იყო, როდესაც სახლამდე მიაღწიეს. თანამშრომელთა უმეტესობა გარეთ იყო გამოფენილი. ზოგიერთი მათგანი კოცონთან შეკრებილიყო. ზოგიერთი კი განმარტოებით არჩევდა ყოფნას ან ჰამაკში, ან ტბის პირას.
როდესაც კოტეჯს საკმაოდ მიუახლოვდნენ, ლინდა უცებ გამოფხიზლდა, მამაკაცს საკმაო მაძილით მოშორდა და გადაუჩურჩულა:
-არ მინდა ჩვენზე ჭორები აგორდეს. - შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა კოცონისკენ. თორნიკე კი შეჰყურებდა ღიმილიანი, გაბადრული სახით და თანდათან რწმუნდებოდა რომ ეს გოგო ბევრად მეტი იყო მისთვის, ვიდრე უბრალოდ გატაცება.რამოდენიმე წამი შორიდან აკვირდებოდა, შემდეგ კი თავადაც გაეშურა კოცონთან შეკრებილი თანამშრომლებისკენ.
მეორე დღე შედარებით ნაყოფიერი და დატვირთული აღმოჩნდა ყველა მათგანისთვის. ერთად მოიარეს მთელი მიდამო. ტბაშიც ითევზავეს და ნავითაც გაისეირნეს. ბოლოს კი მათ მიერვე დაჭერილი თევზიც შებრაწეს გრილზე და გემრიელად მიირთვეს.
საღამოსპირი იყო. ლინდა კოტეჯის უკან. მაღალ ფართოფოთლიან ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში კომფორტულად მოთავსებულიყო და ტელეფონს ჩასჩერებოდა და მთელი გულისყურით სწერდა თიკას.
მოულოდნელად ზურგიდან მოხვევა იგრძნო და შემდეგ მხურვალე კოცნაც ყბის ძვალზე. მოულოდნელად შეკრთა და თავი უხერხულად მოაბრუნა.
-რას აკეთებ?! - დაიჩურჩულა მკაცრად. - დაგვინახავენ.
-მაპატიე, ისე საყვარლად იყავი თავი ვერ შევიკავე. ან თუნდაც დაგვინახონ, რა არის აქ დასამალი? ჩვენ ხომ ისედაც ვაპირებთ ურთიერთობის დაწყებას და ეს ჩვენი თანამშრომელბისთვის არა მგონია შეუმჩნეველი დარჩეს.
-უბრალოდ არ მინდა ყველამ ჩემზე იჭორაოს და ათასი სისაძაგლე მოიგონოს, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში.
-სხვების აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, მთავარია შენს თავთან იყო მართალი.
-მართალი ხარ გაუღიმა გოგონამაც. - მაგრამ ამ ეტაპზე ასე აჯობებს.
-როგორც შენ გინდა. მე წინ გავალ მაშინ სხვებთან ერთად და მერე შენც შემოგვიერთდი და კიდევ, არ დაგავიწყდეს ნივთების მოგროვება. ხვალ დილიდან ადრიანად ვბრუნდებით.
-არ დამავიწყდება. ახლა კი დროებით.
მამაკაცი ნელი ნაბიჯით დაუყვე ბილიკს, სახლს შემოუარა და წინ მიიმალა.
როგორც კი თორნიკე წასული დაიგულა, მაშინვე აკრიფა თიკას ნოემრი და მეგობარს დაურეკა.
-თიიკ, რას შვები? - მხიარულად ჩასძახა.
-რავი დღეს ზურას ვხვდები, კინოში დამოატიჟა. საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მიიღო. - კარგი რაა! ვიცი, რომ არ გევასება ეს ზურა, მაგრამ ჩემი ხათრით არ შეგიძლია მოითმინო? ჩენს გამო.
სწორედ შენს გამო ვითმენ, მაგრამ ახლა ამაზე სასაუბროდ არ გირეკავ.
-აბა რა ხდება? - გაკვირვებულმა ჰკითხა.
-თორნიკეზე ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.
-მშვენიერია. მოუთმენლად ველოდები. აბა დაიწყე...
მეგობართან საუბარი საკმაო ხანს გაუგრძელდა. ბოლოს კი როგორც იქნა ნახევარ საათიანი გაუთავებელი საუბრის შემდეგ ტელეფონი გათიშა.
უკვე კარგა გვარიანად შებინდებულიყო, ალბათ თანამშრომლებმაც მოიკითხეს, გნსაკუთებით კი თორნიკემ. ძალიან ეზარებოდა ჰამაკიდან წამოდგომა, იმდენად კომფორტული იყო, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ნელა წამოიზლაზნა. იქვე ხის ტოტზე გადაგდებულ ჟაკეტს დასწვდა, მხრებზე კომფორტულად მოიგდო და ნელი ნაბიჯით გაემართა სახლის წინა მხრისაკენ, საიდანაც მხიარული შეძახილები მოისმოდა.

-არ გინდა მე წაგიყვანო? - ჰკითხა მანქანაზე მიყუდებულმა თორნიკემ.
ლინდამ დაბნეულმა გააცეცა თვალები. ადრიანი, ოდნავ სუსხიანი დილა იყო. ბარგი უკვე ყველას ჩალაგებული ჰქონდა და ეზოში უცდიდნენ ავტობუსის მოსვლას.
-მგონი უხერხული იქნება. ავტობუსით მოვედი და ჩემი უფროსის მანქანით ვბრუნდები უკან. თანამშრომლები რას იტყვიან?
-და რა უნდა თქვან? რა მათი საქმეა რას გავაკეთებთ და როგორ წავალთ უკან! მინდა შენს გვერდით რაც შეიძლება მეტი დო გავატარო. - შედარებით დამთბარი ხმით გააგრძელა მამაკაცმა და ლინდას სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით მიაჩერდა.
გოგონამ მორცხვად დახარა თავი, თითები ერთმანეთში ახლართა შემდეგ კი თავი ასწია და გაბადრულმა უპასუხა.
-კარგი, როგორც გინდა.
-მშვენიერია. - წამოიძახა გახარებულმა მამაკაცმა. - მოდი შენი ბარგი ჩავდოთ მაშინ.
ხელი დასტაცა გოგონას პატარა საბარგო ჩანთას, რომელიც იქვე გვერდით მიწაზე იდგა და მანქანის საბარგულისკენ გააქანა.
მთელი ეს პერიოდი რამდენიმე თანამშრომელი შორიდან დაკვირვებით ათვალიერებდა წყვლს და ერთმანეთს ჩუმად ეჩუერჩულებოდა რაღაცას. ორიოდე წუთში კი ავტობუსიც მოვიდა და ყველა ნელა დაიძრა ადგილების დასაკავებლად. თორნიკემ გასაღები და ყველაფერი კოტეჯის პატრონს ჩააბარა, შემდეგ კი მანქანასთან მდგარი ლინდასკენ გაემართა და ღიმილით გაუღო კარი.
-გთხოვთ.
-გმადლობთ ბატონო თორნიკე, რა ჯენტლმენი ბრძანდებით. - ჩაილაპარაკა გოგონამ შემდეგ კი ხმამაღლა გადაიკისკისა, რასაც ავტობუსიდან კოლექტიური გაკვირვებული მზერა მოჰყვა.
თორნიკემ ადგილი დაიკავა რულთან, მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა.
-ჩვენ ყველაზე ადრე ჩავალთ.
-კარგია ასეთი პრივილეგიებით სარგებლობა. განსაკუთრებით, როცა ბოსის მანქანით მგზავრობ. - თვალი ჩაუკრა გოგონამ. შემდეგ კი შეამჩნია რომ თორნიკე გზაზე მატად მასზე იყო მიჩერებული და შეუბღვირა.
-რას აკეთებ? გინდა დავიმტვრეთ?!
-უბრალოდ ისეთი ლამაზი ხარ თვალს ვერ გწყვეტ. - უპასუხა მონუსხულმა მამაკაცმა.
-შეგიძლია თვალი არ მომაცილო, ოღონდ, როცა საჭესთან აქ იქნები.
-ისედაც რთულია თავის შეკავება.
-კარგი რაა! სულ გამაწითლე. - საწყლად ამოიბუზღუნა გოგონამ. შემდეგ კი მამაკაცის სახე ხელებში მოიქცია და სახე გზისკენ შეაბრუნებინა.
-აი ასე უკეთსია.
-ლინდა, ხვალ საღამოს რას აკეთებ?
-ძალიან ბანალური დასაწყისია. - გადაიკისკისა გოგონამ. - არაფერს.
-ხოდა ძალიან კარგი. რვა საათისთვის მოემზადე და გამოგივლი.
-და სად მივდივართ?
-სიურპრიზია.
-მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ თან ნერვებს მიშლის ლოდინი რომ მიწევს და იმაზე ვფიქრობ რა იქნება ეს სიურპრიზი.
-მოთმენა მოგიწევს.
-კარგი. მოდი რამე ჩართე რაა. მოვიწყინე.
-არცერთი დისკი არ მაქვს წამოღებული. რადიოდან შეარჩიე რამე.
ბევრი ძებნისა და ჯახირის შემდეგ, ლინდამ არჩევანი ერთ სიმღერაზე გააეთა.
-აი ეს მგონი კარგია. - სალონში Lana Del Rey - ს Without you გაჟღერდა. გოგონა კი სავარძლის საზურგეზე მოხერხებულად გადაწვა და მთელი დარჩენილი გზა გვერდითა ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია.
შუადღე იქნებოდა უკვე, როდესაც ქალაქში ჩააღწიეს.
-ლინდაა! - ფრთხილად შეანჯღრია გვერდზე მყოფი გოგონა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. - გამოფხიზლდი, მოვედით.
გოგონამ ერთი დაიზმუვლა და თვალები ზანტად გაახილა. შემდეგ კი მამაკაცს გაუღიმა და სარკეში საკუთარ თავს შეავლო თვალი. არეული თმები მიუწესრიგა და მანქანიდან გადავიდა თორნიკესთან ერთად. მამაკაცმა საბარგულიდან ჩანთა ამოიღო და გოგონასთან ერთად კიბეებს აუყვა.
-მოვედით.
-დროებით.
-მოიცადე დაეწია მამაკაცის ხმა, რომელმაც გოგონა თავისკენ მოიზიდა და ნაზად ეამბორა ტუჩებზე. - ახლა შეგიძლია წახვიდე.
საპასუხოდ გოგონასგან მხოლოდ მსუბუქი ღიმილი მიიღო და მისი სახეც კარს უკან გაუჩინარდა.



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

არ მესმის ფოტო რატომ შემიცვალეს, როდესაც იგივე იყო რაც წინაზე და გუშინ საღამოს ატვირთული ისტორია დღეს შუადღით დადეს საიტზე. unamused

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent